Netgazeti Blogs | თაფლი, მტრედები და ნიუ იორკის სევდა თაფლი, მტრედები და ნიუ იორკის სევდა – Netgazeti Blogs

თაფლი, მტრედები და ნიუ იორკის სევდა

„თაფლი“ ქართულ ენაზე რატომ არა გიწერიათ?” – ვკითხე იუნიონ სქვერის მწვანე ბაზრობაზე მდგომ თაფლის გამყიდველებს. ეს ჯერ კიდევ იმ დროს, როცა ყველა ნიუ იორკელს პირბადე არ ეკეთა და ამ “აქსესუარით” სიარული ექსტრაორდინალურობად ითვლებოდა, მით უმეტეს – ხელებზე ერთჯერადი ხელთათმანებით. ნიუ იორკს ნელ–ნელა დიდი და ძალიან სევდიანი, ნისლოვანი სიცარიელე არათაფლურად ბლანტ, ყოვლისმომცველ, უფერულ ნივთიერებასავით ედებოდა.

– დაგვიწერე, გეთაყვა (“ფლიზ”) და აბრაზე აუცილებლად დავამატებთ  – მითხრა კაცმა, სავარაუდოდ, ენდრიუმ. თაფლის მწარმოებელ კომპანიას ასეც ჰქვია – „ენდრიუს თაფლი” და ასე აწერია მისი თეთრი ფერის, შავზოლიანი, სიფრიფანაფრთებიანი მწერებით მოხატულ ფურგონსაც, რომელიც იქვე იდგა. “ჰაერში აფრენილი” ფუტკრები ქვაფენილზე გაშენებულ გაზაფხულის “ველობს” “დაჰფარფატებდნენ”. ენდრიუს ცოლმა (ან სულაც არ იყო ცოლი) მაშინვე ფურცელი და ფლომასტერი მომაწოდა. დავუწერე და ფოტოც გადავუღე. ენდრიუმ მითხრა, რომ იცნობს ერთ ქართველს, რომელიც მშენებლობაზე მუშაობს და იცის, რომ ქართველები ბეჯითი მუშაკები ანუ “ჰარდიოკერები” არიან.

– იმ ჩემ ნაცნობს ჯორჯი ჰქვია, გვარი არ მახსოვს. ჯორჯი ჩემს მოზუზუნე ფუტკრებივითაა– მითხრა ენდრიუმ.

– გამიხარდა, დასაზუსტებლად რაშა ანდა ჯორჯიის შტატი რომ არ თქვით – მივუგე.

– რატომ უნდა  მეთქვა?– მკითხა.

– რა ვიცი, ყველას ეს შეცდომა მოსდის.

„ენდრიუს თაფლი“ იუნიონ სქვერის მწვანე ბაზრობაზე. ია მერკვილაძის ფოტო

თაფლის გამყიდველის ფურგონი

ორივეს პირბადეები გვეკეთა, რაც სასაუბროდ დიდად არ განგვაწყობდა, ამიტომ ვერ დავინახე, გაეცინა თუ არა. თაფლი სახლში მქონდა, არცა ვარ ტკბილის მოყვარული, მაგრამ სულ პაწაწინა ქილა მაინც ვიყიდე. “გაამოთ” – ორივემ მისურვა. ენდრიუმ, რომელის ოჯახი 1800 წლიდან თაფლს აწარმოებს, მითხრა, რომ მისი ნატურალური თაფლის შეძენა ჯერ არავის უნანია. მე–14 ქუჩაზე დიდი ხანი არაა, რაც ვაჭრობს. რას არ მივცემდი ახლა, რომ ფუტკრების მხიარულ ოჯახს ჩემ თავზე ეზუზუნა. ზამთარში მინუს 15 – შიც კი ქუდის დახურვას არ ვკადრულობ, მაგრამ რახან თმებს დიდხანს შეუძლიათ კორონას მიმაგრება, თავზე ამჯერად მახურავს და თავი კოსმონავტის სკაფანდრში მგონია, ოღონდ არა იქ, ზევით, არამედ აქ და ამჟამად, სიმძიმის ძალის მოქმედებით… სიამოვნებით გადავყრიდი ახლა ამ კომუფლაჟს და ფუტკრებს გამოვაკიდებინებდი თავს…

ცხოვრების ადეკვატური, ფილოსოფიური კონტრაპუნქტის აღმნიშვნელად თაფლის  პირდაპირ ვაშლის ძმარი იყიდებოდა. East Hollow Cider – ასე ჰქვია ამ კომპანიას. ანუ ეს “ვაშლის წვენი” ნიუ იორკის შტატის ერთ–ერთი დასახელებიდან, ისტ ჰოლოუიდანაა. ისე, მშვენიერი სახელია ფილმისთვის “თაფლი და ძმარი”. ჯარმუშის “ყავა და სიგარეტის” მსგავსად.

– როგორ მიდის ბიზნესი”? – ვკითხე  ვაშლის  ღვინის გამყიდველს.

– მთლად ძველებურად არა, მაგრამ ნელ-ნელა, მაინც – მიპასუხა მამაკაცმა. – ადამიანებს სჭირდებათ ეს პროდუქტი, ძალიან სასარგებლოა.

დახლთან მართკუთხედ, შავ დაფაზე ცარცით ეწერა, რომ ეს კომპანია თავისი შემოსავლის ნახევარს Covid-19-ის დაზარალებულთა ფონდში გადარიცხავს, რომ იგი იმ ოჯახებს, რომელებიც რისკის ქვეშ იმყოფებიან, დაეხმარება.

– იცოდეთ, რომ თქვენი დახარჯული ფულის 50 პროცენტი გადაიგზავნება ნიუ იორკის სამ ორგანიზაციაში, რომელიც ნიუ იორკელებს უფასო საკვებით   ამარაგებს – სხაპასხუპით მითხრა გამყიდველმა და რუტინით გადაღლილი ხმით წაიბუტბუტა – „დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ და “დარჩით სახლში“. ღმერთმა უწყის, მერამდენედ.

შავ დაფაზე  თეთრი ცარცით  დაწერილ 50 პროცენტს გავხედე და საფულე ამოვიღე. ვაშლის ძმარი სახლში მქონდა, მაგრამ ბოთლიდან ისეთი ციური სხეული იჭყიტებოდა, ისეთი ჟღალი, ოქროსფერი, ანცი და ისე მინდოდა, რომ კორონას არც დღის და არც ღამის სინათლე აღარასოდეს ენახა, რომ  საშუალო ზომის ორი ბოთლი მაშინვე ვიყიდე და ეს ქარვისფერი თხევადი მზეები ჩანთაში ჩავიდე.

ვაშლის ძმრის დახლი. ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო

არ მეგონა თუ ოდესმე ჩვეულებრივი თუ არაჩვეულებრივი ყვავილები, რომლებიც ზოგი ახლოდან გუაშით, ზოგიც სამშენებლო საღებავით შეფერილ ცოცხებს უფრო ჰგავდა, ვიდრე ნაზ არსებებს, მსოფლიოში ბუნების ყველაზე მაცოცხლებელ მონაქსოვად მომეჩვენებოდა. დიდად არა ვარ ყვავილების თაიგულების მოყვარული, მაგრამ ახლა ისე გამიხარდა, ლამის ცრემლების წამომცვივდა. სულაც არ მედარდებოდა მათი სურნელი. პირბადის გამო სუნს მაინც სრულად ვერ შევიგრძნობდი. დიდხანს გავჩერდი და ისე ვათვალიერებდი, როგორც მეტროპოლიტენ მუზეუმის შედევრებს. ყვავილები  მარტო ამ პანდემიის კონტექსტიდან კი არა, ბუნების კანონებიდან ამოვარდნილებს ჰგვანდნენ – ჯიუტები, გაკვირვებულები, მიამიტები და თვითკმარები …

ყვავილები იუნიონ სქვერის მწვანე ბაზრობაზე. ია მერკვილაძის ფოტო

გვერდით დახლზე კი კომპანიის Las Delicias [ესპანურიდან – სიამოვნებები”] სხვადასხვანაირი ნამცხვრის ნაჭრები იყიდებოდა. დედამიწაზე ჯერ არ გამომცხვარა ტორტი, ნამცხვარი, ზოგადად ტკბილეული, რომლის დანახვა სიხარულისგან თვალებს გამიფართოებს, მით უმეტეს – შესანსვლას მომანდომებს. მაგრამ ახლა ძალიან მიხარია, რადგანაც პირბადის მიღმა ვანილის, შაქარში ამოვლებული მოხალული თხილის, ყავისა და ოდნავ ციტრუსის სურნელს ვგრძნობ. ე.ი. კორონას ანტისიმპტომი – ყნოსვა მაქვს. სუნების ამ კომბინაციას სამოთხის არსებობის წამიერი შეგრძნება მოაქვს და ისე არ ესადაგება არსებულ რეალობას, რომ თუ ძალიან ჩაუღრმავდი, კოგნიტიური დისონანსის მორევში ჩათრევა გარანტირებული გაქვს.

Las Delicias-ის ნამცხვრების დახლი. ია მერკვილაძის ფოტო

ამ პროდუქტების დახლებს კი ის აერთიანებს, რომ ყველგან დიდი ასოებით აწერია – არ შევეხოთ, რომ მასპინძელი თავად მოგვემსახურება, თავად მოგვაწოდებს.

ამ ყვავილებისა და ნამცხვრების წინ კი საკურას ვარდისფერ ყვავილებში შავი ლითონის მაჰათმა განდი დგას. გამხდარი, მობუზული, უმწეო და თითქოს დარცხვენილი იმის გამო, რომ ძალადობას არაძალადობით უპასუხეთ, ამას გასწავლიდითო, მაგრამ ვირუსზე გამარჯვებას არაძალადობით ნამდვილად არ ვგულისხმობდიო. წლებია მაჰათმა განდისთან უცნაურად ჩაცმული ქალი დგას ხოლმე და მტრედებს პურის ნამცეცებს უყრის. არც ის ქალი იყო და არც მტრედები… უფრო სწორედ, სამი–ოთხი მტრედი უმისამართოდ დახეტიალობდა.

განდის ქანდაკება საკურას ხეებში. ია მერკვილაძის ფოტო

მაჰათმას ზურგს უკან, მოპირდაპირე ქუჩაზე კი გიგანტური, აგურის ფერის “დაფქვილ ციფრებიანი” საათი და მეტრონომია გადაჭიმული, რომელიც შუქდიოდური არაბული ნიშნებით დროს 24/7 ზედმიწევნით ზუსტად გიჩვენებს. დროის ეს ინსტალაცია ხანდახან მაშინებს. თითქოს ჩემი, სხვების, ამ ქალაქის, დედამიწის სიცოცხლის წამების სკრუპულოზურ თვლაშია და წლებია არ იღლება… თვალს ვარიდებ ხოლმე. ახლა მაინც ავხედე, მზე უსინდისოდ შემომეჭყიტა და მზის სათვალით, რომელიც პირბადის გამო სულ ორთქლება, თვალი კი გავუსწორე, მაგრამ ამ გიგანტური საათის წამებსა და წამის მეასედებს მაინც – ვერ…

ია მერკვილაძის ფოტო

იუნიონ სქვერის წინ პრეზიდენტ ჯორჯ ვაშინგტონის თითქმის ორი საუკუნის სკულპტურა გახევებული დგას. ეს ადგილი აკადემიური სფეროს ხალხის, სტუდენტების, შეყვარებულების, ლოთების, ნარკომანების, პლანაქეშების, კრიმინალების, უსახლკაროების, ხელოვანი ხალხისა და ფრიკების საყვარელი ადგილია… აქ კრიშნაიტებისთვის, ალბათ, ასჯერ მაინც მაქვს ფოტო გადაღებული ან ჭადრაკის მოყვარულებისთვის, რომლებიც ყინვა – პაპანაქებაში როდენის სკულპტურასავით ჩაფიქრებულები სხედან და ცხენებსა და პაიკებს აადგილებენ. რამდენჯერაც საღამო ხანს აქ აღმოვჩნდი (სუპერმარკეტი Tradar Joe’s ჩემი საყვარელი მაღაზიაა, სადაც ყველაფერი ნატურალურია და იაფი), იმდენჯერ ხან ულტრამემარცხენეებს აქვთ მიტინგი, ხან – ანტიტრამპისტებს, ხან – ფემინისტებს, ხან – ცხოველთა უფლებებისდამცველებს, ხან – სატელეფონო კომპანიის თანშრომლებს, ხან – მეორედ მოსვლის მქადაგებლებს (მათ კორონაპანდემია, ალბათ, უხარიათ კიდეც) და ხანაც პოეტი ზის პოსტერით – “ერთ დოლარად ლექსს დაგიწერთ. შევაჭრებაც მოსულა”.

ია მერკვილაძის ფოტო

ჩემი კომპი, ჰარდ დრაივი და ტელეფონი უინიონ სქვერის პოლიტიკური, სოციალური და სახელოვნებო ცხოვრების მოგონების გიგაბაიტებს ინახავს, მაგრამ ახლა აქ სრული სიცარიელეა თუ არ ჩავთვლით მწვანე ბაზარს… რატომღაც გამახსენდა წლების წინ უსახლკაროთა მუყაოს კარვების გამოფენა, რომელიც იუნიონ სქვერზე გაიმართა. ვიდექი და ზედ ფლომასტერით მიჯღაბნილ სიტყვებს ვკითხულობდი. წინადადებები ძირითადად საკვების თხოვნას შეიცავდა. ზოგი თხოვნა გასაოცრად “მოკრძალებული” იყო: Give Me the Food or/and 20/or More Dollars, Fuck You, You Agly, and Go to the Hell! აი, თხოვნაც ასეთი უნდა…

უინიონ სქვერი უსახლკაროთა და წლობით დაუბანელთა „ჰაიდ პარკია“. უკაცრავად, „ცენტრალ პარკი“. მარიხუანას, ოფლის, შარდის, იაფფასიანი თუ ძვირიანი სუნამოს სურნელი აქ ან შენს მარცხნივაა, ან მარჯვნივ ან სადღაც ახლომახლო… როცა 15 წლის წინათ იუნიონ სქვერზე პირველად მოვხვდი, მცირე შოკი მივიღე. ამდენი ქუჩის ბინადარი ძაღლებთან, კატებთან, თაგვებთან და ჩემთვის უცნობ ცხოველებთან ერთად არასდროს მინახავს… მოგვიანებით, ალბათ, შეიძლება მხოლოდ ჩელსიში ანდა მეხუთე ავენიუზე დღესასწაულებზე. აქ, როგორც წესი, სამანქანო ხაზთან ახლოს ორი–სამი აფროამერიკელი ზის და ერთ და ნაკლებ დოლარად შეფასებულ წიგნებს ყიდის. მიაგორებს ხოლმე ურიკას ჩაჩაჩულშარვლიანი წიგნების გამყიდველი, რომელსაც ძალიანაც რომ მოვინდომო, ვერ მივუახლოვდები, რადგან მარიხუანის და სიგარეტის სუნს სამი ბლოკის დაშორებით ვგრძნობ და მწვავე ალერგიული რეაქცია მაქვს.

ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო

იმ დღეს ის ადგილი, რომლის ერთ კვადრატულ მილიმეტრზე სამი თუ არა, ორი ადამიანი მაინც დგას, სრულიად უკაცრიელი იყო. მაგრამ მარიხუანის სუნი მაინც იგრძნობოდა. საიდან ნეტა? ალბათ, ზედა სართულების ფანჯრებიდან. პირბადე ორიენტაციაში ცოტა არ იყოს, ხელს მიშლის. მოპირდაპირე კუთხეში “ბენკ ოფ ამერიკას” შემინული შენობაა და ის განყოფილებაც, სადაც მხოლოდ საბანკო აპარატებია და მისი კარი საკრედიტო ბარათით შეგიძლია გააღო. იგი ახლა ცარიელია. არადა, როგორც წესი, “ჰოუმლესები” იქ ათენებენ ღამეს და სიცივეში თბებიან…

იუნიონ სკვერის პარკი, მოწყენილი და გაყუჩებული დამხვდა. აქ, როგორც წესი, ძალიან თვალშისაცემია პოლიციელების რაოდენობა, ახლა კი არსად დგანან… ცენტრში ამერიკის დროშა ფრიალებს. გვერდით ქუჩებზეც დროშები, ოღონდ – ნიუ იორკის უნივერსიტეტისა და ნიუ სქულის. როგორ მიყვარს ეს ადგილი, სწორედ ამ სტუდენტური სულისთვის, ატმოსფერულობისთვის, ყოფის აუტანელი სიმსუბუქისთვის. სწავლა ახლა ყველგან ონლიან რეჟიმზეა გადასული, ეს დროშები კი ონლაინზე არ გადავიდნენ. მიყვარს ქარში რომ ფრიალებენ… აჩქარებულ, არათანაბარ, ხმამაღალ სუნთქვას ვამსგავსებ. ამ ცარიელ ქუჩებზე მხოლოდ ამ დროშების პულსირების მოგუდული რიტმიკაა, რაღაცნაირი პოსტაპოკალიფსური დრაივით.

ია მერკვილაძის ფოტო

უინიონ სქვერის სამხრეთით ჩემი საყვარელი ადგილი, წიგნების მაღაზიაა, მწვანედ შეღებილ ჩარჩოზე Barnes and Nobel Bookseller –ის წარწერით, ყველაზე ღია სივრცე ახალი და ძველი წიგნების, საგანმანათლებლო ათასგვარი პროდუქტის საყიდლად, წასაკითხად, გადასაფურცლად; დასასვენებლად, შეყვარებულთან შესახვედრად, ცივილიზებულად დასაშორებლად; ლექტორის თუ მენტორის დარიგების მოსასმენად; ბიზნეს – ინტერვიუსთვის, საქმიანი საუბრისთვის, ჭორების გასავრცელებლად, სტერეოტიპების გასაკრიტიკებლად და გასამყარებლად, ჟურნალისტური ინტერვიუს ასაღებად (ყველაზე ხშირად რესპონდენტებს ამ მაღაზიის კაფეში ვიბარებ ან საჯარო ბიბლიოთეკაში); უფასო ინტერნეტის გამოსაყენებლად; ყავის დასალევად, ნამცხვრის მისართმევად, ჩიფსების საკნატუნოდ, წასახემსებლად. ეს კაფე მუდმივად ზუზუნებს, მაგრამ ისე არა, რომ საუბარში, იდეების მობილიზაციაში ანდა წერაში ხელი შეგიშალოს. კაფეს ზედა სართულზე კი ეწყობა ფასიანი და ხანაც უფასო ლექციები, შეხვედრები მწერლებთან, პოლიტიკოსებთან, არტისტებთან, ისტორიკოსებთან, სოციოლოგებთან… “ბარნესს” ამერიკის სახელოვნებო თუ პოლიტიკური ელიტა ხშირად სტუმრობს – ყოფილი სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინთონიდან, ვიდრე ბესტსელერი წიგნის ავტორამდე, პატრიკ ნესამდე.

დაცარიელებული წიგნის მაღაზია. ია მერკვილაძის ფოტო

საბავშვო წიგნის სართული დიდი, ხალისიანი და ფერადი დეკორაციებით მორთული სართულია, ნამდვილი ბავშვთა სამყარო. ლეგოებიდან აწყობილი ბეტმენი და მისთანანი ისევ ძველ ფორმაში არიან, ანუ სპორტულში, მაგრამ არავინ იღებს მათთან ფოტოებს და აქეთ–იქეთ მიმოხედვით, დედას გამოქცეული ბავშვი ერთი ცალი ლეგოს გამოღებას არ ცდილობს.

– ჰაი! ხვალ დიდი ხნით დავიკეტებით. თქვენ დღეს პირველი ხართ, ვინც შემოხვედით. ხვალ მთელს აშშ–ში “ბარნესის” 150 მაღაზია დაიკეტება” – მეუბნება გამყიდველი.

– ჰაი, კაფე როგორი ცარიელია – ვესალმები მეც.

– კაფე დღეს მუშაობს, ოღონდ – წაღებით. აქ მაგიდასთან ვერ დაჯდებით. თავს გაუფრთხილდით, ოკ?! – მეუბნება და თავის კომპიუტერს უბრუნდება.

„ბარნესის“ კაფე. ია მერკვილაძის ფოტო

ამ უზარმაზარ ტერიტორიაზეა რაც გინდა სულო და გულო: მეორე მსოფლიოს ომის დროს გამოყენებული თვითმფრინავების ისტორიიდან ვიდრე ჯენის ჯოპლინის ბიოგრაფიამდე. ყველანაირ წიგნსა და ჟურნალს ნახავთ რაც წარმოგიდგენიათ და რაც – ვერ და არ. აქაურობას გალერეასავით ვათვალიერებ ხოლმე. ლაღი, კეთილმოსურნე კუნძული, რომელიც მაკომპლექსებს თავისი სიდიდით, მოუცველობის უმწეო შეგრძნებითა და იმის განცდით, რომ ვერასდროს შევწვდები ამათ წაკითხვას, ვერც სოცოცლის ხანგრძლივობითა და ვერც – ფინანსურად. მსოფლიოს გაციფრულების გადამკიდე წიგნის მაღაზიები ისედაც ცუდ დღეშია და ახლა ამ კორონაეპიდემიის გამო როგორ გადარჩება წიგნების ეს მეგაკოლექცია? ამაზე პასუხი “ბარნესის” კაფეს კედლებიდან მოცქირალ არც ჰემინგუეის აქვს და არც გერტრუდ სტეინს. გაშეშებულები, სევდიანად დაჰყურებენ კაფეს, ალაგებულ მაგიდებს, სკამებსა და ქვის იატაკს.

„ბარნესის“ მაღაზია. ია მერკვილაძის ფოტო

„ბარნესის“ მაღაზია. ია მერკვილაძის ფოტო

ცარიელია გრინვიჩ ვილიჯის მთავარი თავშეყრის ადგილი – ვაშინგტონ სქვერიც, რომელიც იუნიონ სქვერიდან სულ 15 წუთის სავალზეა. ძალიან ხალხმრავალი, და, რომ იტყვიან, მულტისოციალური აქტივობების პარკია, თავისი პერფორმანსებით, სტუდენტური თავყრილობებით, სპორტული გაკვეთილებით, უცნაური ჩაცმულობის ხალხის დეფილეებით, უფასო კლასიკური და ჯაზ მუსიკის კონცერტებით თუ, როგორც ჩვენთან ამბობდნენ, თვითშემოქმედებითი კოლექტივებით. მაგალითად, გადაბრუნებულ დიდ პლასტმასის ვედროებზე რიტმული ბრახუნის ხელოვნებით თუ ხელობით. პრინციპში დასარტყამი ინსტრუმენტია, უბრალოდ ამ დოლ–დიპლიპიტოს ერთ წუთზე მეტს ვერ გაუძლებ. სამი საუკუნის წინ აქ, ამ ტერიტორიის რომელიღაც კუთხე საჯარო სიკვდილით დასჯის ადგილი იყო.

ვაშინგტონ სქვერი. ია მერკვილაძის ფოტო

შარშან, სექტემბერში, მე და ჩემი მეგობარი ვაშინგტონ სქვერის შადრევანში ჩავძვერით, განა წყალში. შადრევნის გარშემო ქვის არშიაზე ზიხარ (თუ გაგიმართლა და თავისუფალ ადგილს იპოვი), შეგიძლია ხემსი წამოიღო, მაგრამ არა ალკოჰოლი, თუმცა ყავის ერთჯერად ჭიქებში ჩასხმული ღვინით კანონის მოტყუება აქ ჩვეულებრივი ამბავია. მზეს ეფიცხები, მუსიკას უსმენ, სიცხეში გრილდები, გარშემო წყლის შხეფები დახტიან, მაგრამ ძალიან არ გასველებენ.. ჰოდა, წინა ზაფხულის მიწურულს ასე ვზივართ და ვიღაცამ დამიძახა, შევბრუნდი და აღმოჩნდა ჩემი დიდი ხნის უნახავი თანამშრომელი საქართველოდან, ოჯახთან ერთად, რომელთანაც შეხვედრის ისეთი მინიმალური შანსი იყო, რომ აქ მეგობრულად მოსეირნე ობამასა და ტრამპს უფრო შევხვდებოდი, ვიდრე – მას…. მით უმეტეს, სხვა შტატიდან იყო ჩამოსული. ახლაც მახსოვს ის ერთი წუთით გაშეშება, როცა ვცდილობდი გამერკვია სად ვარ, ცხადში თუ სიზმარში… სასწაული ისაა, რომ მან მეორე დღეს, ისევ ოჯახთან ერთად ასევე მოულოდნელად დამიძახა, ოღონდ ეს უკვე ნიუ იორკის ერთ–ერთ მუსიკალურ კლუბში მოხდა. უნდა იცოდეთ, რომ როცა ეს ქალაქი ცოცხალია და ხასიათზეა, მოულოდნელ შეხვედრებზე უფრო ექსტრემალურ სიურპრიზებსაც გიწყობს და ცხოვრებისეულ ამ რეალობას უნდა შეეგუოთ.

ვაშინგტონ სქვერი ნიუ იორკის უნივერსიტეტის შენობებს შორისაა ჩადგმული, ხოლო მისი “კარიბჭე” მხედართმთავრისა და პრეზიდენტის საპატივცემულოდ აღმართული თეთრი მარმარილოს ტრიუმფალური “სამოთხის კარია”… წვიმას იწყებს, ვცდილობ ტელეფონში მუსიკა განწყობისთვის მოვძებნო, ფოტოები ისე გადავიღო და პირველი რაც მხვდება, კავატინაა ფილმიდან “ირმებზე მონადირე”.

სანამ წვიმა დასცხებს, მინდა აქაურობას დროზე გავეცალო.. სადღაც ბალახზე, მგონი, უსახლკარო წევს და სახურავად თუ საბნად ცელოფნების გროვა ადევს. შორიდან ვუღებ ფოტოს.

ია მერკვილაძის ფოტო

იქვე ამერიკის დროშა ფრიალებს. თაღის ქვეშ ორი მამაკაცი დგას, დიდზუმიანი ფოტოაპარატებით, მინდა, რომ გავიდნენ და უკაცრიელ თაღს გადავუღო, რომლის ცენტრში მანქანებით დაპარკინგებული ქუჩა და ოდნავ ამწვანებული ხეების ხაზები ჩანს. როგორც ჩანს, ის ორი წვიმას ემალება და ადგილის დატოვებს არ აპირებს… უცებ უკნიდან ბოხი, სიგარეტისგან გაბასებული ხმა თითქმის ყურთან მიყვირის: “Mam, Can You Help Me?!” მოულოდნელობისგან ისე შევხტი, რომ ტელეფონი ხელიდან გამივარდა. კიდევ კარგი ყურსასმენზე მქონდა შეერთებული, ჩამოკონწიალდა და ჰაერში დავიჭირე. “Sorry, Mam”– დააყოლა. სახეზე პირბადე არ ეკეთა, სამაგიეროდ ზურგზე, მგონი, გიტარა ჰქონდა მოკიდებული. არა, რა… ამ ქალაქში როცა გგონია, რომ სრულიად მარტო ხარ, აი, სწორედ მაშინ არა ხარ მარტო. ეს კაცი, ალბათ, ჯერ არ გაბრუებულა, თორემ ხომ ვიგრძნობდი მოსაწევის მოახლოვებულ “სურნელს”. გადარჩენილ ტელეფონს ვიმარჯვებ, ფოტოებს სწრაფად ვიღებ და აჩქარებული ნაბიჯით ამ ადგილს არკის ქვეშ გავლით ვეცლები. კადრში ეს ჩემი დამზაფვრელიც ხვდება.

გადავწყვიტე, სანამ თაიმს სქვერისენ გავწევ, ნიუ იორკში ყველაზე ცნობილი პიცერია Joe’s Pizza (1975) მოვინახულო. გზად დაკეტილი ეკლესიები, მაღაზიები, სალონები და ლურჯბორბლიანი სიტი ბაიკების სავსე ხაზები მხვდება. ვიტრინებიდან უტყვი მანეკენები კიდევ უფრო დამუნჯებულებად იცქირებიან. აქა–იქ, რასაკვირველია, უსახლკაროთა მუყაოს „სახლებიც“ მხვდება. ერთთან ჩავიარე და ამ უფანჯრებო “ერთოთახიანიდან” ერთი დოლარი მთხოვეს. მარიხუანას სუნი მცემს. კარგია, ე.ი. ყნოსვა ისევ ადგილზეა – გავიფიქრე. გამიკვირდა, ნუთუ ჩემი ფეხსაცმელები ასეთ ექოს გამოსცემს, რომ ამ “ბინაში” მყოფებმა გაიგონეს და თავშესაფრიდან გამოუსვლელად შემეხმიანენ?

ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო

ჰო, მართლა, კორონაპანდემიის მიუხედავად ნიუ იორკში მშენებლობები არ შეწყვეტილა და უხმაურო ქალაქში სასწრაფოებისა და პოლიციის სირენის გარდა საწარმოო ხმაურსა და მუშების გადაძახილებსაც გაიგონებთ. ერთგან ბროდვეიზე ასეთ მშენებლობასთან ქუჩის ორივე მხარეს ორი მორიგე იდგა ხელში საგზაო ნიშნებით, რომელსაც ეწერა “შეანელე”… ეტყობა ამ კომპანიის მენეჯმენტში დაავიწყდათ წერილობითი ბრძანება გაეცათ ანდა კი გასცეს, მაგრამ დაბალ რგოლამდე ჯერ არ მისულა… რომელი სიჩქარე უნდა შეანელო, როცა ქალაქში მანქანები ძალიან კანტიკუნტადაა და არაერთხელ შევნიშნე კიდეც, რომ, მაგალითად, ბრუკლინში, წითელზეც გაურბენიათ. აბა, ერთი კილომეტრის რადიუსში ავტომანქანა და ფეხით მოსიარულე თუ არ ჩანს, რატომ უნდა დაელოდო მწვანეს თუ მოცლილი ან კანონმორჩილი არ ხარ?

მშენებლობა ნიუ იორკში. ია მერკვილაძის ფოტო

დავუბრუნდეთ ჯოის პიცერიას. 2012-ის დასაწყისში სამსახურის გამო მზარეულობის დრო არ მქონდა, ჰოდა, პიცის ზედოზა მომივიდა, გარეგნობას დაეტყო და ამიტომაც გადავწყვიტე, რომ იგი ჩემი ცხოვრებიდან სამუდამოდ თუ არა, დიდი ხნით წაბრძანებულიყო. შვიდი წლის თმენის შემდეგ, მეგობარს სოლიდარობა გამოვუცხადე, ორი ნაჭერი მივირთვი და მაშინვე მივხვდი, რომ სანამ ამ სწრაფი კვების გემრიელობაზე დამოკიდებული კვლავ გავხდები, ჯობს დროზე თავი დავანებო. საქართველოდან სტუმრები აქ მომყავს ხოლმე, რადგანაც Joe’s Pizza (იგი Trader Joe’s გვერდითაა, მაგრამ ერთმანეთთან სავაჭრო კავშირი არა აქვთ) ერთგვარი კულინარიული გლამურია კედლებზე იმ ცნობილი ადამიანების ფოტოებით, რომლებსაც აქ წახემსება უყვართ. აქ გვერდით შეიძლება ლენი კრავიცი, ლეონარდო დი კაპრიო, ბილი მიურეი, ბრედლი კუპერი ცალ–ცალკე ანდა ოთხივე ერთად მოგიჯდეს. ამიტომ ხანდახან უნდა გაიხედ-გამოიხედო. მარტო შენს ცხელ, ოხშივარავარდნილ პიცის ნაჭერს კი არ უნდა დააშტერდე და ჩაკბეჩის დროს სიამოვნებისგან თვალები დახუჭო. აქ მზერა მაქსიმალურად უნდა გააფაციცო, თორემ მთელს ჰოლივუდს და NBI –ის ვარკვლავებს გამოტოვებ, შედეგად მათთან ვერც სელფის გადაიღებ, ფოტოს სახლში, საწერ მაგიდაზე ჩარჩოში ვერ ჩასვამ და შვილიშვილისთვისაც არაფერი გექნება მოსაყოლი. ასეთი დემოკრატული, როგორც იტყვიან, საზკვების ობიექტი, მგონი, მსოფლიოში არსადაა. ამ პატარა სივრცეში აშშ–ის კლასობრივი ანტაგონიზმი არ არსებობს. პიცერიობენ მილიონერები, საშუალო კლასი, საშუალო კლასს მიახლოვებულები, საღარიბეს მიახლოვებულები, ღარიბები და მარგინალები, სტუდენტები და მუშები, წიგნიერები და უწიგნურები, მემარჯვენეები და მემარცხენეები, ორთოდოქსები და ათეისტები, ლეგალები და არალეგალები. თუ არ ვცდები, დიდი ვაშლის ქალაქში ხუთი ჯოის პიცერიაა. იუნიონ სქვერთან მდებარე ჯოის პიცერიასთან, როგორც წესი, ზამთარ–ზაფხულ გარეთ ორი მაგიდა დგას, წვიმას და თოვლში კი ორ დიდ ქოლგას ხსნიან.

„ჯოის პიცა“. ია მერკვილაძის ფოტო

„ჯოის პიცა“ ღია იყო, მაგრამ მაგიდები და სკამები გამქრალი.

– ჰაი, როგორ ხართ? – ვკითხე გამყიდველს.

– ჰაი! არც ისე ცუდად, თავად? პიცის გატანისა და მიტანის სერვისით დატვირთულები.

იღბალი ვუსურვე.

რამდენიმე დღის შემდეგ კი „ჯოის პიცა“ სახლში მიტანით ტელეფონით შევუკვეთე. მომენატრა და თან ოთხ კედელში გამოკეტილს მომინდა არა მარტო საჭმელი, არამედ ახალი აურაც. ჰოდა, ამ პიცის ცნობადობა ისეთივე რუტინულია, როგორც ადგილზე პიცის დამგემოვნებლებისთვის – მაგიდაზე დალაგებული პარმაჟან ყველის, მარილის, შავი თუ წითელი წიწაკის დასვრეტილი დიდი კონტეინერები. ეს კი იმისთვის, რომ შენი სურვილითა და ჯიბით არჩეულ ნაჭერს დაამატო ის, რაც გგონია, რომ მას უფრო გემრიელს გახდის. არ ვიცი, შეიძლება „ჯოის პიცა“ მსოფლიოში ყველაზე გემრიელი პიცა სულაც არაა, მაგრამ სიმპათიური – კი. იგი პოპულარობისა და ჭკვიანური მარკეტინგის თვალსაჩინო პროდუქტია. მოკლედ, ტელეფონით შევუკვეთე, თან არ მინდოდა დიდი ზომის, მაგრამ ამ ეშმაკებს არც საშუალო და არც პატარა ზომის, ანუ უფრო იაფიანი არ ჰქონიათ, როგორც ეს სხვა პიცერიებშია. ამიტომ მიტანით შეკვეთისას იძულებული ხარ კალორიების ეს ბომბი შესანსლო. მეორე დღისთვის მაცივარში შენახული და მერე გაცხელებული პიცა კი, ჩემი აზრით, ვერ პიცობს.

მოკლედ, შევუკვეთე… ქვევიდან კარისკაცმა დამირეკა, ლიფტით პიცას ვუშვებ და კართან დახვდიო, სოციალური დისტანცირების ამბავში. ბინიდან, ცხადია, პირბადე და ხელთათმანასხმული გამოვედი იმ იმედით, რომ ვიწრო დერეფანში არავინ შემხვდება… შენობაში ორი ლიფტია. ვიდექი და ვფიქრობდი, რომელი გაიღებოდა. მარცხენა – ვიწინასწარმეტყველე და, აჰა, ლატარეის ბილეთის არ იყოს, არც ამაში გამიმართლა. მარჯვენა ლიფტის კარი გაიღო და იატაკზე დიდი, ცხელი მუყაოს ყუთი იდო, პიცის თავისებური სურნელით… იატაკიდან სევდიანი, რაღაცნაირად გულგატეხილი, გაბუტული კოლოფი მიყურებდა. აი, ისეთი, დალაპარაკებით, ანუ ჩაკბეჩით რომ გამოცოცხლდება და ასე მოეგესალმება – “ბონჯორნო, ბამბინო” ან ამერიკულად, ოღონდ იტალიური აქცენტით – “ჰაი, ბეიბი”…

პიცა ლიფტში. ია მერკვილაძის ფოტო

(გაგრძელება იქნება)

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი