ახალი ამბებიბლოგები

ქულბაქებიდან ქარვასლებამდე | სულხან სალაძის ბლოგი

16.07.2020 |
ქულბაქებიდან ქარვასლებამდე | სულხან სალაძის ბლოგი

ავტორი: სულხან სალაძე

ძველი დროიდან მოყოლებული, თბილისის ჭრელი მოედნები უამრავ ადამიანს იზიდავდა.

ეს მოედნები ყოველთვის იყო განსხვავებულ კულტურათა შეხვედრის ადგილი, სადაც სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანები იკრიბებოდნენ. მათი დიდი ნაწილი ვაჭარი იყო. აქ დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ რომელ ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნებოდა, ან კიდევ რომელი რელიგიის აღმსარებელი იყო. შეიძლება ითქვას, რომ თბილისის ძველ მოედნებს ისეთივე გრძელი და საინტერესო ისტორია აქვს, როგორც თავად თბილისს.

ეს ამბავი ცალკე თბილისის მოედნებს არ ეხება, თუმცა ქალაქის ერთ ისეთ ისტორიას მოგიყვებათ, რომელიც ბაზრებს, ქარვასლებს, ქულბაქებს და ფუნდუკებს აერთიანებდა და მათი ნახვა ყველაზე ხშირად ძველი თბილისის მოედნებზე იყო შესაძლებელი.

ძველ თბილისში ვაჭრობისთვის განკუთვნილ სახლებს და ადგილებს „საფარდულეს“ უწოდებდნენ, რომელიც X-XI საუკუნეებიდან სპარსულმა „ქულბაქმა“ ჩაანაცვლა. ქულბაქი  სავაჭრო ადგილს, დუქანს აღნიშნავდა. თავის მხრივ, ვაჭართა თავშეყრის და სავაჭროდ გამოყოფილ ადგილებს „მოედნის“ სახელით იცნობდნენ. საკუთარი სახელი ჰქონდა უცხოეთიდან მოსული ვაჭრების მოსასვენებელ და საქონლის შესანახ სახლებსაც. ასეთ ადგილებს ბერძნული „პონდოქიონით“ მოიხსენიებდნენ, ხოლო მოგვიანებით- „ფუნდუკის“ სახელით.  მოყოლებული XII საუკუნიდან კი, კიდევ ერთი სპარსული სიტყვა – „ქარვანსარაია“ გაჩნდა, რომელმაც თანდათანობით ჩაანაცვლა ფუნდუკი. „ქარვანსარაია“, ანუ „ქარვასრა“, სიტყვა სიტყვით – ქარავნის სასახლეს აღნიშნავდა.

“მეიდან ბაზარი” თბილისში. 1868 წლის ფრნაგული გამოცემა

ვაჭრობის გვერდით სწრაფად ვითარდებოდა ხელოსანთა საქმეც. სხვადასხვა დროს, ხელოსანთა გაერთიანებებს განსხვავებული სახელებით მოიხსენიებდნენ. ჯერ „ოფიკალი“ იყო, რომელიც მერე „თაბუნმა“ ჩაანაცვლა. თბილისში, დროთა განმავლობაში, არაბული სიტყვა – „ასნაფი“ შემოვიდა, რომელიც ერთი და იმავე ხელობის ადამიანთა ჯგუფის აღმნიშვნელი იყო. სულ ბოლოს კი, სპარსულიდან „ჰამქარი“ დამკვიდრდა.

ქარავნის სასახლების გაჩენა უცხოელი ვაჭრების მხრიდან თბილისით დაინტერესების ნათელი დადასტურებაა. ასე მაგალითად, XVII საუკუნის 60-იანი წლების თბილისის შესახებ მისიონერი სერაფინო მელიკოკანელი წერდა – „თბილისში განუწყვეტლივ ერთმანეთს ხვდებიან ყოველი მხარის ვაჭრები სპარსეთიდან, ალეპოდან, სმირნიდან, კონსტანტინეპოლიდან და მთელი საქართველოდან“…

მელიკოკანელს არც ძვირფასი ქვებით მოვაჭრე, ფრანგი ჟან შარდენი ჩამორჩა, რომელმაც 1673 წელს მოინახულა თბილისი. როგორც ის ამბობდა – „მსოფლიოს არცერთ კუთხეში არ მოიძებნება იმდენი სხვადასხვა ჯური უცხოელი, როგორც აქ. ისინი დიდ ვაჭრობას ეწევიან.“ 1673 წელი, ეს ის დრო იყო, როცა ქართლის მეფე, ვახტანგ V-ე  შარდენს არწმუნებდა, სპარსეთსა და ინდოეთში მიმავალი ევროპელი ვაჭრები თბილისზე უკეთეს გზას ვერსად იპოვიანო.

ვაჭრების ქარავანი თბილისში. 1868 წლის ფრანგული გამოცემა

მიუხედავად იმისა, რომ თბილისი უფრო აქტიურად ისლამური სამყაროს ქვეყნებთან ვაჭრობდა და ყველაზე ხშირად თბილისს  თავრიზიდან, არზრუმიდან, განჯიდან, ერევნიდან, შამახიდან, კონსტანტინეპოლიდან და სმირნადან მოსული ქარავნები სტუმრობდა, ქალაქისთვის უცხო არც ევროპა იყო. კიდევ ერთი ფრანგი მოგზაური შარლ პეისონელი, რომელმაც თბილისი XVIII საუკუნის შუა პერიოდში მოინახულა, წერდა, რომ აბრეშუმნარევი ოქროსა და ვერცხლის ძაფი ქალაქში ნიდერლანდებიდან იყო შემოტანილი. ამავე საუკუნის მიწურულს თბილისში ამსტერდამიდან შემოჰქონდათ მაუდი და შაქარი, ხოლო ვენეციიდან – აბრეშუმის ქსოვილები.

ვაჭრობის ერთ მთავარ ადგილს თბილისში არსებული ბაზრები წარმოადგენდა, რომლებსაც ყველაზე ხშირად, მოედნებზე შეხვდებოდა კაცი. ცნობილი იყო – „ზემო ბაზარი“, „ქვემო ბაზარი“, „მეიდან ბაზარი“ ანუ „რასტაბაზარი“ (იგივე „თათრის მოედნის“ ბაზარი) და „ჩორსუბაზარი“. ქალაქს ასევე ჰქონდა ბაზრების მთელი წყება, რომელიც მოედნებს კი არ იკავებდა, არამედ ქუჩების გაყოლებაზე იყო. ამ მხრივ თბილისში იცნობდნენ „მექვაბეების ბაზარს“, „ხარაზხანის ბაზარს“, „ოქრომჭედლის ბაზარს“ და სხვა.

უცხოეთის ქვეყნებიდან მოსული ვაჭრების და ქარავნების თავშეყრის ადგილი თბილისში მხოლოდ ბაზრები და მოედნები არ ყოფილა. ცალკე აღნიშვნის ღირსია ქალაქის ქარვასლები. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, XVIII საუკუნის პირველი ნახევრის თბილისში ოთხი გამორჩეული ქარვასლა იყო – „თბილელის“, „მელიქის“, „ბეჟანის“ და „მეფის ფუნდუკი“.

XIX საუკუნიდან მოყოლებული, ქარვასლების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდა, იმატა ვაჭრობამ და ბაზრებმაც. ყველა ის მოგზაური, რომელიც XIX საუკუნის თბილისს სტუმრობდა, ჩანაწერებში განსაკუთრებულ ადგილს უთმობდნენ ქალაქის ბაზრებსა და ქარვასლებს.

ავსტრიული წარმოშობის ქალი მოგზაური, ფრედერიკა ფონ ფრეიგანგი, რომელიც თბილისს 1811 წელს სტუმრობდა, ქალაქის ქარვასლებში სპარსი, თურქი და სომეხი ვაჭრების სიმრავლეზე წერდა. ფრანგი ბოტანიკოსი შარლ-პაულუს ბელანჟე კი 1825 წელს სტუმრობდა თბილისს. ბოტანიკოსი საგანგებოდ უსვამს ხაზს სომეხი პატრიარქის, ნერსესის დიდ ქარვასლას და იქვე იმასაც ამბობს, რომ თბილისში მართლმადიდებლებს, კათოლიკეებს, მუსლიმებსა და სომხებს თავიანთი ეკლესიები, ტაძრები და მეჩეთები აქვთ.

ძველი თბილისის სავაჭრო ქუჩების შესახებ, ცალკე აღნიშვნის ღირსია ალექსანდრე დიუმას ცნობები. ფრანგი მწერლის თანხმად – „ყოველ ქუჩაზე ერთი დასახელების საგანი იყიდება. არ ვიცი, რას ეძახიან მათ თბილისში, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ამ ქუჩებს ოქრომჭდელთა, ჭონების, მეიარაღეთა, მეხილეთა, თოქმაჩების, თერძების, ხაზართა, მეფლოსტეთა და მექოშეთა სახელები უნდა ერქვას. თბილისის მრეწველობაში, რომელშიც თათრები, სპარსელები, სომხები და ქართველები მონაწილეობენ, წესადაა, რომ მეჩექმე არ ამზადებს სხვა ფეხსაცმელს, ხარაზი არ ამზადებს ფლოსტებს, მეფლოსტე კი მხოლოდ ფლოსტების დამზადებითაა დაკავებული.“  თბილისურ სავაჭრო ქუჩებზე საუბრის ბოლოს ამბობდა, რომ უცხოელს აქ სეირნობა არასდროს მოსწყინდებაო. თავადაც თითქმის ყოველდღე სტუმრობდა ქალაქის ბაზრებს.

ამ ყველაფრის მიუხედავად, დროსთან ერთად ძველი თბილისისთვის დამახასიათებელი ბევრი რამ მივიწყებას მიეცა და დარჩა მხოლოდ ამბები ქალაქზე – თბილისზე, რომელიც ქულბაქებით, მოედნებით, ფუნდუკებით, ქარვასლებით, ვაჭრებით, მთელი ამქრებით, ყველაზე ჭრელი, ფერადი და მრავალფეროვანი ადგილი იყო მთელ აღმოსავლეთში.