გია მარიამიძის ბლოგი |

დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ანუ, ჩვენი საქართველო სად არის

23.12.2020 | 350 | დამოუკიდებლობა და თავისუფლება.  ანუ, ჩვენი საქართველო სად არის

ამ თანმიმდევრობით ეს ორი სიტყვა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდი ხნის წინ დამკვირდრდა. ‘’დამოუკიდებლობა და თავისუფლება’’ ჯერ კიდევ ზურაბ ჟვანიას დროინდელი მწვანეთა პარტიის დევიზი იყო. მოგვიანებით ამ ლოზუნგის აქტუალიზება იმხანად ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტმა მარგველაშვილმა სცადა. ამისთვის დროც შესაფერისი იყო-საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს აღნიშნავდა. მეტი სიცხადისთვის მარგველაშვილმა ამ სინონიმურ სიტყვებს თავისებური განმარტებაც დაურთო : დამოუკიდებლობა ეხება სახელმწიფოს, თავისუფლება საზოგადოებას. წამყვანი სახელმწიფოების მხრიდან აღიარება, საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანება და სახელმწიფოებრიობის სხვა ატრიბუტები დიდი ხნის წინ მოვიპოვეთ. შესაბამისად, სახელმწიფო დამოუკიდებლობა შემდგარი ფაქტია. თავისუფალი საზოგადოების შექმნა კი ჯერაც მომავლის საქმეა. ამგვარი დიქოტომია – დამოუკიდებელი სახელმწიფო და არათავისუფალი ქვეყანა – დღემდე გადაუჭრელი პრობლემაა.

ამჯერად მარგველაშვილს დავეთანხმოთ და თანამედროვე ქართული სახელმწიფოს თითქმის 30-წლოვანი ისტორიიდან რამოდენიმე ეპიზოდი გავიხსენოთ. ის ეპიზოდები, როდესაც თავისუფალი საზოგადოების არქონა სახელმწიფო დამოუკიდებლობასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა და საფრთხეს უქმნიდა. ასეთი საბედისწერო ეპიზოდები სულ რამდენიმე იყო.

ბნელი 90-იანი წლები, მხედრიონის დრო, არეულობის წლები და ა.შ. – ამგვარად მარკირებული ხანგრძლივი პერიოდი. იმ წლებში სახელმწიფომ მისი ერთ-ერთი მთავარ ფუნქციაზე – ძალის გამოყენებაზე (ე.წ. ძალადობაზე) – მონოპოლია დაკარგა. ნაირნაირი არაფორმალური ძალის ცენტრები: შეიარაღებული ბანდები, პარამილიტარული დაჯგუფებები, ე.წ. კანონიერი ქურდები და სხვანი ქვეყანაში საკუთარ ‘’სამართალს’’ აწარმოებდნენ. სახელმწიფოს მათთან გამკლავების უნარი არ ქონდა. იმდროინდელ განუკითხაობას ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. შემდგომში ეს პრობლემა მოგვარდა. თუმცა დაიწყო სხვა – შევარდნაძის მმართველობის ბოლო წლებში გამეფებული ტოტალური კორუფციის ხანა. კრიმინალური ანარქიის მოსპობის შემდეგ სახელმწიფო მის ასევე უმთავრეს ფუნქციას – გადასახადების აკრეფას ვერ ახერხებდა. იმხანად ქვეყნის ბიუჯეტი, სულ რაღაც, 800-900 მილიონი ლარი იყო და კორუფციის გამო ხაზინაში ამ თანხის ნახევარიც ვერ შედიოდა. ადამიანები კუთვნილ პენსიას თვეობით ვერ იღებდნენ და სახელმწიფო აუცილებელი ხარჯების გაწევას ვერ ახერხებდა. “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ეს პრობლემაც მეტ-ნაკლებად მოგვადა.

სააკაშვილი მეორე საპრეზიდენტო ვადით ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ერთგვარი დილემის წინაშე დადგა – შეექმნა დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები, თუ გაეხანგრძლივებინა ხელისუფლებაში საკუთარი ყოფნა. დამოუკიდებელ ინსტიტუტებში იგულისხმება ორგანიზაციები, რომლებიც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების მიერ იქმნებიან და დაფინანსდებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ, მაგრამ მათ მიერ არ იმართებიან. ასეთებია: სასამართლო ხელისუფლება, იუსტიციის საბჭო, პროკურატურა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ცესკო, ეროვნული ბანკი, მარეგულირებელი კომისიები, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქსტატი, მონაცემთა დაცვის სამსახური, კონკურენციის სააგენტო, პატიმართა შეწყალების კომისია, სახალხო დამცველის სამსახური, ექსპერტიზის სამსახური. სააკაშვილმა ხელისუფლებაში დარჩენა ამჯობინა და დამოუკიდებელი ინსტიტუტები არ შექნა. თუმცა ძალაუფლება მაინც დაკარგა.

ისიც უნდა ითქვას, რომ სააკაშვილის მმართველობის წლებში დამოუკიდებელი ინსტიტუტების შექმნის აუცილებლობა დღის წესრიგში მთავარ საკითხად არ იდგა. ვარდების რევოლუციის შედეგად მოსული ხელისუფლების ძირითადი პათოსი კორუფციასთან ბრძოლა და ეკონომიკური რეფორმების გატარება იყო. თავისუფალი სასამართლოს (და სხვა ინსტიტუტების) შექმნა ფართო საზოგადოებრივი მოთხოვნის საგანი არ იყო. დღეს ვითარება შეცვლილია. პოლიტიკური კლასი და საზოგადოების დიდი ნაწილი დამოუკიდებელი ინსტიტუტების შექმნის აუცილებლობას კარგად აცნობიერებს. ინსტიტუტების არქონა ქართულ სახელმწიფოს ამჯერადაც იგივე ხარისხის საფრთხეს უქმნის, როგორიც წინა წლებში კრიმინალური ანარქია და ტოტალური კორუფცია უქმნიდა. ივანიშვილი ხელისუფლებაში სწორედ ამ დაპირებით (გასაოცარი დემოკრატია) მოვიდა და მისი მთავარი ვალდებულება ამ ინსტიტუტების შექმნა უნდა ყოფილიყო. მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა.

საბჭოური, ფეოდალური, მაფიოზური, არაფორმალური – ივანიშვილის მმართველობას ამგვარი ტერმინებით ხშირად ახასიათებენ ხოლმე. ბოლო 8 წლის განმავლობაში საბჭოური ტრადიციების რესტავრაცია მართლაც რომ სახეზეა. საბჭოურობაში იგულისხმება სისტემა, სადაც ფინანსური, პოლიტიკური, ადმინისტრაციული, საინფორმაციიო და სხვა სახის რესურსები ერთი ადამიანის ხელშია კონცენტრირებული. შესაბამისად საზოგადოებრივი სიკეთეები სამართლიანი კონკურენციის მეშვეობით არ მოიპოვება. საზოგადოებრივ დოვლათს და სხვა სიკეთეებს ეს ერთი ადამიანი თვითნებურად ანაწილებს. აქედან გამომდინარე, დახშულია ყველანაირი ტიპის სოციალური ლიფტები. კარიერული და სხვა სახის წინსვლისთვის ადამიანს მოეთხოვება არა შრომისმოყვარეობა, კომპეტენცია, პროფესიონალიზმი, არამედ რესურსების მფლობელი მონოპოლისტის მიმართ ლოიალობა და ქვეშევმრდომლობა. შედეგად ვიღებთ საზოგადოებას, სადაც ყველაზე უარესი ადამიანური თვისებები-პირფერობა, მლიქვნელობა, მედროვეობა წახალისებული და მოწონებულია. ტყუილი, სიყალბე, თაღლითობა და ‘’გადაგდება’’ ნორმატიული ქცევის წესად იქცა. უარყოფითი გადარჩევა და ნეგატიური სელექცია ივანიშვილის საკადრო (და არამარტო) პილიტიკის მთავარი ნიშანი გახდა. საბჭოური ტიპის ფეოდალის სამსახურში ჩამდგარი ელიტური ჯგუფები ‘’ხალხთან, მაგრამ ზევით’’ ანუ კანონზე მაღლა დგანან და უსამართლო პრივილეგიებით სარგებლობენ. ხშირად კანონის დარღვევის პრივილეგიითაც. ამ ფენომენმა ქართული ენა სპეციფიური ნეოლოგიზმით- ‘’ნარუშილოვკა’’ გაამდიდრა კიდეც.

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთი ტიპის ძალაუფლება ჩვენი ქვეყნისთვის ჩვეული და ნაცნობია. ბატონ ბიძინას ახალი არაფერი მოუფიქრებია. მან არსებული პოსტ-საბჭოური სისტემა მოირგო და გააუარესა. ამგვარი მახინჯი თამაშის წესები მხოლოდ ხელისუფლებასთან დაახლოვებულ ჯგუფებს და ბიუჯეტზე დამოკიდებული თანამოქალაქეების ერთ ნაწილს აკმაყოფილებს. ქვეყნის დანარჩენი ნაწილი ცვლილებების მისაღებად მზადაა. ქართულმა ოცნებამ ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლება ნაწილობრივად მაჟორიტარული სისტემის წყალობით შეინარჩუნა. საარჩევნო პროცესზე მანკიერი მანიპულაციებისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მიუხედავად, არჩევნებზე მისული ხმების უმრავლესობა მაინც ვერ მიიღო.

ბოლო რვა წლის განმავლობაში სახელისუფლებო პროპაგანდამ ქვეყნის მოსახლეობას ყალბი დილემის განცდა გაუჩინა. ადამიანებს აჯერებენ, რომ ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემთხვევაში ძალაუფლებას ხელში სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა ჩაიგდებს. სინამდვილეში ივანშვილის ალტერნატივა არა რომელიმე პოლიტიკოსი თუ პარტია, არამედ სწორი პოლიტიკური სისტემის შექმნა უნდა იყოს. მონოპოლისტური ძალაუფლება და პერსონალისტური მმართველობა კოლექტიური მმართველობით და ინტიტუტების გაძლიერებით უნდა შეიცვალოს. დამოუკიდებლობის მიღებიდან თითქმის 30 წლის გასვლის მიუხედავად პოსტ-საბჭოური ინერცია დღემდე გრძელდება. სპორტის, კულტურის, ბიზნესის და საზოგადობრივი საქმინობის სხვა სფეროები ხელისუფლების კლანური და მონოპოლისტური გავლენებისგან დღემდე ვერ განთავისუფლდა.

უამრავი სირთულეების მიუხედავად ამ აქვეყანამ სახელმწიფო დამოუკიდებლობა მოიპოვა. საბჭოური ტრადიციებისგან თავის დაღწევა და თავისუფალი საზოგადოების შექმნა კი დღემდე ვერ მოხერხდა. სიტყვა ‘’თავისუფლებაში’’ ამჯერად არავითარი აბსტრაქტულ-ფილოსოფიური შინაარსები არ იგულისხმება. თავისუფლების მოსაპოვებლად კონკრეტული და პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა საკმარისი იქნებოდა. სპორტული ფედერაციების ადმინისტრატორთა არჩევა ხელისუფლების ჩარევის გარეშე უნდა მოხდეს. ამის შემდეგ ხელისუფლება სპორტსმენებს ქუჩის ხულიგნებად და დამრტყმელ ძალად ვეღარ გადააქცევს. სახელმწიფო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში თვითმმართველობის შემოღების შემთხვევაში ხელისუფლება პედაგოგებს ელექტორალურ ყმებად ვეღარ გამოიყენებს. მსხვილ ბიზნეს-სექტორში თავისუფალი კონკურენციის გაჩენისთანავე ტენდერებისა და ‘’ატკატების’’კორუფციული ტრადიცია შეწყდება და ა.შ. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობის პირობებში ხელისუფლებაში მოსული ძალა ცდუნებას ვერ უძლებს და ძალაუფლების სრულ მონოპოლიზებას ახდენს. ამ თვალსაზრისით პოლიტიკური კლასის მიმართ ნდობა არ არსებობს. გამოსავალი მხოლოდ მრავალპარტიული და კოალიციური მთავრობის შექმნა შეიძლება იყოს. ამ შემთხვევაში ძალაუფლების დემონოპოლიზაციის და დეკონცენტრაციის აუცილებლობა თავისთავად გაჩნდება.

ივანიშვილის ჩრდილიან გამოსვლის დღიდან ამ ადამიანის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციაზე საუბრები არ წყდება. ტრიუკების ოსტატს გულში რა უდევს და ხელისუფლებაში მოსვლა რამ/ვინ გადააწყვეტინა, დღემდე ბინდითაა მოსილი. ბატონ ბიძინას პრორუსულობასა და რუსეთუმეობაში ხშირად ადანაშაულებენ ხოლმე. ძნელი წარმოსადგენია, რომ რუსეთში ცხოვრების დროს მას ტვინში ჯადოსნური ჩიპი ჩაუმონტაჟეს და პუტინი ამ მოწყობილობის მეშვეობით კრემლიდან ანტიქართულ ინსტუქციებს ჩურჩულით კარნახობს. მისი პრორუსულობა გაცილებით მყარ ფუნდამენტზე დგას. საქმე იმაშია, რომ ივანიშვილს და სრულიად რუსეთის მმართველ ჯგუფებს საქართველოს წარსულზე, აწყმოსა და მომავალზე ერთნაირი წარმოდგენა აქვთ. საქართველოს როლზე, ფუნქციაზე, ქართველი ხალხის ისტორიულ დანიშნულებაზე ივანიშვილის და საშუალო სტატისტიკური რუსის ხედვა ერთი ერთში ემთხვევა. ჩინიანი თუ უჩინო რუსი ადამიანის (მათ შორის ე.წ. მეორე რუსეთიდან) ქართველისადმი დამოკიდებულება ყველაზე უკეთ შაბლონების, კლიშეების, ტრუიზმების, ტავტოლოგიების, ბანალურობების და მსგავსი პრიმიტივიზმების მეშვეობით ვლინდება ხოლმე. საშუალო კალიბრის რუს ინტელექტუალთან საუბრის დროს ქართველმა ადამიანმა რა ბანალური და ათასჯერ ნათქვამი “ჭეშმარიტებაც” არ უნდა სთქვას, რუსი მაინც თავს დაუკრავს და მხარზე ხელს წამოუპარტყუნებს. უკეთეს შემთხვევაში ქართველმა შეიძლება კომპლიმენტიც კი მოინადიროს. ევროპელისგან ან ამერიკელისგან იგივე სიტყვების მოსმენის შემთხვევაში იგივე რუსი ტუჩს აიბზუებს და იტყვის : нуу, это банально. საქმე იმაშია, რომ ეს განზოგადებული რუსი ქართველისგან რაიმე ორიგინაურლური აზრის მოსმენას უბრალოდ არ ელის. მისთვის ქართველი ადამიანი ინტელექტუალური კონკურენტი არ არის. მისდამი შეღავათიანი დამოკიდებულების მიზეციც ამაში მდგომარეობს. ‘’უმცროსი ძმა’’ უნდა წაახალისოს, როგორც სკამზე დაყენებული ბავშვი, რომელმაც ლექსი ხმამაღლა გამოსთქვა. ამერიკელი ან ევროპელი სხვა საქმეა. ისინი კონკურენტები არიან. ივანიშვილი საქართველოს მომავალს სწორედ ასეთად ხედავს, ვინაიდან თვითონაც ასეთია. რუსეთში ქართველ ადამიანზე შექმნილი ანეკდოტური და კარიკატურული იერ-სახე მისთვის მშობლიური და გასაგებია. ბტონი ბიძინა აკვიატებული მეტაფორებით და ალეგორიებით ქვევრის თემას ხშირად უბრუნდება ხოლმე. ჭურში გაჭედილი პროვინციული ქვეყანა, სადაც დღე და ღამ გაზეპირებულ და ბანალურ სადღეგრძელოებს არახუნებენ-ინავიშვილის თვალსაწიერი მეტს ვერ წვდება.

2014 წლის შემდეგ პოსტ-საბჭოთა სირცეში ბევრი რამ შეიცვალა. რუსეთმა უკრაინასთან იომა და ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად ეს ომი ვერ მოიგო. უკრაინამ 14 ათასი ადამიანის სიცოცხლის ფასად რუსული ჯარი შეაჩერა. სანქციების პირობებში მიყოლებით 6 წელიწადი ამ ქვეყნის ეკონიმიკა არ იზრდება და რუსეთის მოქალაქეებს რეალური შემოსავლები შეუმციდათ. ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სახელით ცნობილი ახალი რუსული იმპერიის შექმნა დიდი ხნით შეფერხდა. ბოლო წლებში რუსულმა პროპაგანდისტულმა მედია საშუალებებმა ტერმინი “რუსკი მირ” ხმარებიდან ამოიღეს. იარაღის ძალით და იძულების სხვა ხერხებით იმპერიის აღდგენა არ გამოდის. შესაბამისად, ტაქტიკა შეიცვალა. ამ ეტაპზე რუსეთის მთავარი ინტერესი და მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო, უკრაინა, მოლდოვა წარუმატებელ და არშემდგარ ქვეყნებად გადაიქცნენ. ვერ შექმნან ეფექტური ეკონომიკა, ფუნქციონირებადი დემოკრატიული სისტემა და ზემოთ ნახსენები სახელმწიფო ინსტიტუტები. შესაბამისად, დასავლური სამყარფოს ორგანულ ნაწილი ვერ გახდნენ. თუმცა რუსეთის ხედვები უფრო შორსაც მიდის. ჩამორჩენილობა არა მხოლოდ ენოკომიკურ და პოლიტიკურ სისტემაზე, არამედ კულტურულ და ცივილიზაციურ სფეროებზეც უნდა აისახოს. თვითიზოლაციისკენ მიდრეკილი, ფობიებით შეპყრობილი და კონსპირაციის თეორიებით ტვინგამოტენილი-რუსეთი მეზობელ ქვეყნებში სწორედ ასეთ საზოგადოებებს ისურვებდა. ამ ქვეყნების აუდიტოიაზე რუსული პროპაგანდა სწორედ ასეთი “ფასეულობების” ტრანსლირებას ახდენს. ივანიშვილის და რუსეთის ინტერესები ამ შემთხვევაშიც 100% -ით ემთხვევა.

ბატონ ბიძინას ცნობილ ლიტერატურულ, კინო თუ ფლკლორულ პერსონაჟებს ხშირად ადარებენ ხოლმე. კონკურეტების თვალში ის ხან ბაყბაყ დევია, ხან პატარა ცახესი და ხანაც “მელიებზე მონადირე” მილიარდელი. დიდი ხნის წინ სააკაშვილმა ახლად გამომცხვარ პოლიტიკურ მეტოქეს ნაცარქექიაც კი უწოდა. რაც, რა თქმა უნდა, დიდი შეცდომაა. ქართული ზღაპრის ამ ცნობილ გმირთან ივანიშვილს საერთო არაფერი აქვს. ნაცარქექია მცირერიცხოვან და ტრადიციულ საზოგადოებაში დაბადებული ტრიქსტერი პერსონაჟის კარგი მაგალითია. საზოგადოებაში, სადაც ერთმანეთზე ყველამ ყველაფერი იცის. სადაც დრო ციკლურად მიედინება და ყველაფერი წინასწარ განსაზღვრულია. თავისუფლებას აუცილებლობა ჯაბნის და ყოველგვარი სიახლე საფრთხედ აღიქმება. ნაცარქექიას ამბავი ასეთ საზოგადოებაში ყველასთვის მოულოდნელად გამოვლენილი ფარული პოტენციალის ისტორიაა. ნაცარქექიასთან არა, მაგრამ სხვა არქეტიპულ პერსონაჟებთან ივანიშვილს ბევრი რამ აკავშირებს. ასეთი ანტაგონისტი პერსონაჟები ალბათ ყველა ხალხების ზღაპრებში მოიძებნება. არაფრით გამორჩეული ანტიგმირი, რომელიც შემთხვევითობის წყლობით ხელში ჯადოსნურ ნივთს ჩაიგდებს (ნატვრის თვალს, ჯაზოსნურ ჯოხს და ა.შ.). შემდეგ დაუმსახურებლად მოპოვებულ მაგიურ ძალას ბოროტად იყენებს და ირგვლივმყოფებს ატერორებს. ივანიშვილის ჯადოსნური ნივთი მისი საბანკო ანგარიში და ყბადაღებული 4, 8 მილიარდი დოლარია. ამ ქვეყნის მოსხლეობის დიდ ნაწილზე ეს უშველებელი თანხა მართლაც მომაჯადოებელ ეფექტს ახდენს. მათთვის ივანიშვილის ფულები მაგიური ძალის მქონე საგანია. 8 წლის წინ ბატონმა ბიძინამ მის ბიოგრაფიაში მთავარი ტრიუკი ჩაატარა. სრულიად საქართველოს მოსახლეობას ჰიპნოზის სეანსი მოუწყო და ხელისუფლებაში მოვიდა. ეს ისტორია დღემდე გრძელდება. თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ზღაპრებში ბიძინასებრი პერსონაჟების ბედი ტრაგიკულად ვითარდება და მთავრდება ხოლმე. რამეთუ, ზღაპრის ბოლო კეთილია.