ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან | |

ნაინოს წყალი, ძაფები, ილუზიები და კამბიუმის რგოლები

ნაინოს წყალი, ძაფები, ილუზიები და კამბიუმის რგოლები

სასიამოვნო შეგრძნებაა დაწერო მეგობრის შვიდი წლის შვილობილზე, რომელსაც ამდენივე ხანი გულშემატკივრობდი და რომლის წინამორბედებიც იმ დროს იქმნებოდა, როცა წერის სურვილი თავად დაკარგე. მუსიკალური ალბომი „ნაინო“ – დიდი ხნის ნაფიქრალ–ნალოლიავები, ასრულებული ოცნებაა, რომელიც მსმენელის წინაშე აპრილში წარსდგება, მანამდე კი მისი სინგლები ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ლამის ციფრული თანმიმდევრული ყოველ თვეს ამერიკულ სამუსიკო პლატფორმებზე გაჩნდა.

სექტემბერში იყო სადებიუტო კომპოზიცია „წყალი“, ოქტომბერში – „დინება“, რომელიც ძალიან ჰგავს ტრავმირებულ წელსა და გარემოს – თეთრ, სტერილურ ფონზე ორი სევდიანი, შავი ფიგურის მოძრაობა და ერთმანეთთან დაახლოების დასასრულს – ზურგშექცევით ქალი და კაცი ცალ-ცალკე, „სოციალურად დისტანცირებულად” მდგომნი, მაგრამ მაინც ერთ სივრცეში და ერთი უხილავი ჰორიზონტით მინის კუბოკრული კედლის მიღმა.

„არ ვიცი, რატომ ვგრძნობ, რომ ჩემი კანი იწვის, მაგრამ ჩემი ვენები გაყინულია… ჩემი ფიქრები გამოშრა და შხამად გადაიქცა” – ხმა კადრს მიღმა…

კადრი „დინებიდან“

ნინო ივაჩიძე ( „ნაინო” მისი მუსიკალური ფსევდონიმია) ამერიკაში სკოლის დამთავრების შემდეგ ჩამოვიდა და, როგორც თავად ამბობს, განათლებით მენეჯერია, ხოლო პროფესიით მუსიკის არტკრეატორი. „ნაინო“ მისი სადებიუტო ალბომია, რომელიც 11 სიმღერისგან შედგება.

რადგან ალბომი შვიდი წლის განმავლობაში იწერებოდა, მსმენელი ქრონოლოგიურად დაინახავს/მოისმენს როგორც ავტორის მუსიკალური ლექსიკის ცვლილებას, ასევე ამ ცვლილებებს შორის კავშირსაც.

„ნაინო“ მას საერთო მეგობარმა, მუსიკოსმა გირშელ ჯავახიშვილმა შეარქვა, მერე კი აღმოაჩინეს, რომ ეს სახელი ინდურად – „თვალს“, ხოლო არაბულად „მშვიდობიანს“ ნიშნავს. გირშელის გარდაცვალების შემდეგ ნინომ „ნაინო“ ფსევდონიმად აირჩია.

კომპოზიციების გამოსვლისთანავე ნაინოს სინგლებზე ამერიკულმა ინტერნეტგამოცემამ Broadway World –მა დაწერა, გამოცემების Billboard –ისა და Grammys– ის ავტორმა ჯეისონ სკოტმა კი მისგან ინტერვიუც აიღო. საუბარი შეეხო მუსიკოსის წარმომავლობას, ალტრუისტული შთაგონების წყაროსა და იმ წიგნებს, რომელზეც რესპონდენტი გაიზარდა. მათ შორის, შოთა რუსთაველს, მოყვასის სიყვარულსა და ერთგულებას. ამერიკელისთვის აღმოჩენა იყო “ვეფხისტყაოსანი”, მითუმეტეს როცა გაიგო, რომ იგი შექსპირამდე, რუმიმდე და ჰაფიზამდე არსებობდა.

„ემიგრაცია თავიდან რთული იყო, რადგანაც სულ მარტო ვიყავი, მაგრამ, როგორც ჩანს, არც ისე ცუდ დროს ჩამოვედი და ახალ გარემოსთან შეგუება არ გამიჭირდა“, – მიყვება ნინო, “დამეხმარა ისიც, რომ ბავშვობიდანვე ამერიკაში ცხოვრებაზე ვოცნებობდი. ახლა კი, როცა წარსულის ამბებს ვიხსენებ, ის დრო სხვა ცხოვრების ეპიზოდი მგონია. ფაქტობრივად, ნიუ იორკში გავიზარდე და ჩამოვყალიბდი. თუმცა ქართული ფესვები არ დამიკარგავს, რადგან უზომოდ მიყვარს ჩემი სამშობლო და, ასევე, ჩემი მშვილობელი ამერიკაც.

ევა კაპანაძის ფოტო

  • რა ხდებოდა ალბომამდე?

შვიდი წლის განმავლობაში ვიწერდი სიმღერებს. პირველი სინგლი ჩავწერე Ishlab Music Studio-ში, მიქსინგი Brickhaus Studio-ში, მასტერინგი – Sterling Sound-ში. მათ შორის არის სიმღერაც, რომელიც 2021 წლის 14 იანვარს გამოვიდა. მას დავარქვი „სასიცოცხლო ილუზიები“ (Vital Illusions), რომელიც ჩემი პირველი ინგლისურენოვანი, ოღონდ დიდი ხნის წინ დაწერილი სიმღერაა.

ეს სიმღერა ალბომში ჩემი P.R. ჯგუფის დაჟინებული მოთხოვნით მოხვდა იმის გამო, რომ მას კომერციულად გაყიდვადი ჟღერადობა აქვს.

აქაა ასევე დეკემბერში გამოსული ჩემი სინგლი „ძაფები“. ეს სიმღერა 2013 წელს დავწერე და იგი არის ჩემი დაკვირვებების ასახვა გარკვეულ ტიპის ადამიანებზე, ადამიანთა დამაკავშირებელ ძაფებზე და გონებრივ გათვლებზე.

  • მაინც ვინ არიან ეს გარკვეული ტიპების ადამიანები”?

სნობი და „სუპერიორი“, პრივილეგიურობის გრძნობით შეპყრობილები, რომლებსაც ერთგულება არ შეუძლიათ. მე ისინი ობობებს შევადარე, ერთგვარ სოციალურ ობობებს არაქნოლოგიიდან. ობობები კოსმოსის გარემოსაც ეგუებიან და ასიმილაციას მალევე განიცდიან. არადა პანდემიამ თვალნათლივ დაგვანახა, რომ ყველა თანასწორია ბუნების, დაავადებებისა და სიკვდილის წინაშე. სწორედ ამ დროში დავინახეთ რამდენად მნიშვნელოვანია გვყავდეს ერთგული მეგობრები, ახლობლები და ოჯახი გვერდით. „ძაფები“ არის ჩემი ერთგვარი მოწოდება გამოღვიძებისკენ.

ზოგადად კი ჩემი მუსიკის შთამაგონებელი ის იყო, რომ როცა თანამედროვე მუსიკოსებს ვუსმენდი, გული მწყდებოდა, რომ ამერიკაში განსხვავებული მუსიკა, ჯაზის გარდა, აღარ იწერებოდა. ველოდი ვიღაცას და ერთ დღესაც გავაცნობიერე, რომ ის ვიღაც სულაც შეიძლება მე ვიყავი. ამას ვამბობ ყოველგვარი პატივმოყვარეობის გარეშე.

  • ხშირად მუსიკის შთამაგონებელი ოვრებისეული ამბავი ხდება

ალბომის გამოცემის შემართება მომცა იმან, რომ რამოდენიმე წლის წინ ნიუ იორკში სიტყვიერი რასისტული დისკრიმინაციის სამიზნე გავხდი. ამ ფაქტმა დიდი ტკივილი მომაყენა. მაგრამ ასევე მომცა უდიდესი ძალა, რომ სწორედ ჩემი შემოქმედებით მეთქვა „არა!“

რომ წარმოვიდგინე, რომ ერთ დღეს ამ დისკრიმინაციის მსხვერპლი შეიძლება გახდეს რომელიმე ქართველი ბავშვი ან სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ახალგაზრდა… უბრალოდ, მინდოდა ჩემი მაგალითით მეჩვენებინა, რომ შეიძლება იყო ისეთი ქალაქიდან, რომლის შესახებ არავინ იცის; არ გყავდეს ოჯახი; იყო სულ მარტო, მხარდამჭერი ჯგუფის გარეშე; არ გქონდეს მუსიკაში მასტერის ან დოქტორის წოდება; იყო პირველი თუ არა, მეორე თაობის ემიგრანტი; ამავდროულად იყო განსხვავებული და არც თუ ურიგო მუსიკოსი, გამოუშვა ალბომი, ნიუ იორკის სახელოვნებო წრე გაიცნო, განახორციელო შენი პროექტები და მუსიკალურად იმოგზაურო იქ, სადაც შენ გულს მიუწევს.

ირმა მჭედლიშვილის ფოტო

  • საკუთარ მუსიკას რომელ ჟანრს მიაკუთვნებდი?

ზოგადად ამერიკულმა პრესამ (Audiofemme, Imperfect Fifth, Pancake and Wiskey) იგი აღნიშნა, როგორც Genre Defining (ჟანრის განმსაზღვრელი) ჟღერადობის მუსიკა. მე აღვწერდი, როგორც ატმოსფერული ფოლკი და ინდი – პოპ ფსიქოდელია, როკის ელემენტებით. თუმცა მაინც მიძნელდება იგი მხოლოდ ერთ რომელიმე ჟანრის ჩარჩოში მოვაქციო.

  • ვინმეს/რაიმეს მიუძღვენი?

მივუძღვენი ჩემს ძმისშვილებს, ქართველ ბავშვებს, ახალგაზრდებს, ახალგაზრდა ემიგრანტებს – ამერიკაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულებს და, ზოგადად, დედამიწაზე ჩვენს მომავალ თაობას.

ვფიქრობ, მუსიკოსი გლობალურად მოაზროვნე უნდა იყოს და ამავე დროს – თანასწორუფლებიანობის მხარდამჭერი.

ამა წლის ორ აპრილს გამოვა ჩემი ქავერ – სინგლი „კამბიუმის რგოლები“, რომელიც ჩემ მოტივაციას ხსნის. იგი თვითმფრინავში დავწერე, როდესაც საქართველოდან აშშ–ში ვბრუნდებოდი. ვფიქრობ, რომ ჩვენ, ადამიანები მუსიკალური ინსტრუმენტები ვართ, ხოლო სიმღერის წერის ფორმულა ადამიანის სამყაროსთან ჩართვა – გამორთვის პრინციპს ემყარება; ეს პროცესი კი ნაკადებად მიედინ – მოედინება. ემოციური არეულობის, მედიტაციის თუ შთაბეჭდილებებით გაჯერების დროს კი მუსიკა ჩამოიტვირთება.

იმ დროს ბევრს ვკითხულობდი სიხშირეებისა და ვიბრაციების ცვლილებებზე და მათ გავლენაზე, ასევე ხეების ბიოლოგიურ სტრუქტურაზე. თვითმფრინავში გონებრივად გადავხედე ამ ინფორმაციას და ამავდროულად ვფიქრობდი ჩემს ძმისშვილებზე და იმ უდიდეს სიყვარულზე, რომელიც მათ მიმართ მქონდა. ასევე იმ გაკვეთილებზე, რომელიც მათგან საქართველოში ყოფნის დროს ვისწავლე. ამ უდიდესი სიყვარულით აღსავსე ემოციურმა გადატვირთვამ ჩემში მუსიკა დაბადა.

თავდაპირველად, რადგან იქ ინსტრუმენტი არ მქონდა, უარვყოფდი ამ მუსიკის ჩამოტვირთვის მოთხოვნას, მაგრამ მალევე გავიაზრე, რომ ჰაერში, დედამიწიდან ათი თუ მეტი კილომეტრის დაშორებით ვიმყოფები. ეს კი შესანიშნავი შანსია იმისა, რომ ამ მაღალი სიხშირის ტალღებში სიმღერა დამეწერა. შევედი მუსიკის წერის “სთრიმინგში”, მუსიკამაც არ დააყოვნა, თავისუფლად ჩამოიტვირთა, მე კი ნოტები და ტექსტი ფურცელზე გადავიტანე.

„კამბიუმის რგოლები“ დაწერილია ხეებსა და ადამიანებს შორის სიმბიოზურ კავშირზე, მათ შორის არსებულ მსგავსებებზე. ხის რგოლები კლიმატის ცვლილების, პლანეტის საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობის წინასწარმეტყველნი არიან. ჩვენ კი ამ ინფორმაციის გამოყენებით თანამედროვე პირობებში შეგვიძლია წარსული შევისწავლოთ და შესაბამისად მომავალი დავგეგმოთ.

ჩვენ, ადამიანებს, ხის მსგავსი სტრუქტურა გვაქვს, ოღონდ განსხვავებული გენეტიკური ფორმით. ადრეული ასაკიდან ვიდრე აღსასრულამდე გარე სამყარო და სხვა ადამიანებთან ურთიერთობა ჩვენზე გავლენას ახდენს. ეს აუცილებლად აღინიშნება და მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე, მათ შორის, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. კამბიუმის რგოლები უწყვეტი რგოლებია, საიდანაც ახალი ქსოვილები, ახალი ფოთლები იბადება. კამბიუმის რგოლების სიბრძნე გვასწავლის იმას, თუ როგორი სამყარო შეგვიძლია შევქმნათ, სადაც არ იარსებებს რასიზმი, დისკრიმინაცია, ქსენოფობია, უთანასწორობა, ხოლო სამყარო სიყვარულითა და თანაგრძნობით გაერთიანდება. ის გვასწავლის, თუ როგორ უნდა ვიზრუნოთ ჩვენ პლანეტაზე, როგორ უნდა შევცვალოთ ჩვენი მოძველებული სისტემები და შევიცვალოთ ისე, რომ აუცილებელი თანაფარდობა არ დაირღვეს.

ვფიქრობ, რომ მსმენელი სამომავლოდ ჩემ მუსაკალურ ენად სწორედ კამბიუმის რგოლების ჟანრს უნდა ელოდეს.

  • ქართულ ლიტერატურას ადამიანისა და ბუნების ერთობის კლასიკოსი ჰყავს. ეს ქართული გამოცდილების გამოვლენაც ხომ არაა?

რა თქმა უნდა, ჩემში ქართული ლიტერატურის გავლენა თავისთავადია, რადგან საქართველოში გავიზარდე, მაგრამ, ალბათ, ბუნებასთან კავშირი ბავშვობაში თუშეთში მოგზაურობებს უფრო უკავშირდება. შეუძლებელია ატარებდე საბავშვო არდადეგებს თუშეთში და არ გიყვარდეს, არ გრძნობდე ბუნებას.

  • ცხადია, გკითხავ მუსიკალურ გავლენებზეც

ჩემზე ყველაზე დიდი ზეგავლენა ნინა სიმონემ და ჯონი მიტჩელმა მოახდინეს. ასევე უნდა აღვნიშნო ლეონარდ კოენი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველას ვერ ჩამოვთვლი. მელოდიურობა კი ზოგადად ქართული ფოლკლორის დამსახურებაა.

თუმცა პირველ რიგში მშობლების და ბებიის დიდი გავლენის შესახებ უნდა ვთქვა.

ბებია ჩონგურზე უკრავდა და მღეროდა, დედა – გიტარაზე, მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით ბიოქიმიკოსი იყო. მამა ლექსებს წერდა, კარიკატურებს ხატავდა (მეც ვხატავ) და ყველა სარკასტულ – იუმორისტული ენის პატრონად იცნობდა (სარკაზმი ჩემი მუსიკის ტექსტებშიც არის), რომელსაც წიგნების კითხვა ძალიან უყვარდა. მსოფლიო ლიტერატურა მან გამაცნო. პროფესიით ინჟინერ-არქიტექტორი შინაგანად ხელოვანი ადამიანი იყო. 11 წლის ასაკში ბებიამ პიანინო მიყიდა და ორ კვირაში სიმღერების წერა დავიწყე. ამავდროულად მუსიკალურ სკოლაში ფორტეპიანოს ვსწავლობდი.

  • როგორ გამოიყენე პანდემიური კარჩაკეტილობა და ამ პერიოდში რა აღმოაჩინე შენში, მეგობრებში, სამყაროში?

როგორც ამბობენ, 2020 იყო სრულყოფილი მხედველობის წელი, რომელმაც გლობალურად თვალნათლივ დაგვანახა რამდენად ურთიერთკავშირშია ყველა და ყველაფერი ამქვეყნად. ეს იყო შებრუნება კოლექტიური ცნობიერებისკენ. დავინახეთ თუ რამდენად უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ისიც შევიგრძენით, რომ ყოველი დღე საჩუქარია;. რომ პატივისცემა, თანასწორობა და სიყვარული გადარჩენის ერთადერთი გზაა.

დავინახე, როგორ შეიცვალნენ ადამიანები და როგორ მიიღეს უეცარი გადაწყვეტილებები თუნდაც სიყვარულთან თუ კარიერასთან დაკავშირებით. როგორი გარდატეხა განიცადა პრიორიტეტებმა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ხელოვნებაში კი, ასე ვთქვათ, Reset–ი (გადატვირთვა) გაკეთდა და ონლაინ რეჟიმში გადასვლისას გამოჩნდა თუ რამდენად კრეატიულები და ნიჭიერები არიან ადამიანები და ამავე დროს – როგორი არაგანსაკუთრებულებიც.

პანდემიამ ჩემი ალბომის გამოშვება დააჩქარა და ოდნავ მიმართულებაც შეუცვალა. ჩემთვის კი „გაღვიძების წელი“ არ ყოფილა, რადგან მე დიდი ხნის წინ გავიღვიძე საყვარელი ადამიანების დაკარგვით, შიშით და სრულიად გააზრებული მაქვს რამდენად მსხვრევადები ვართ, “მერფის კანონის” გაცნობიერება ნამდვილად არ დამჭირვებია. თუმცა, ჩემში საინტერესო აღმოჩენაც გავაკეთე. მაგალითად, ის, თუ რამოდენა სიხარული შეუძლია მომგვაროს უანგარო სიკეთემ.

პანდემია ახალი დაწყებული იყო, ნიუ ორკში სრული პანიკა სუფევდა და პირბადეები არსად იშოვებოდა. ერთ კვირაში ყველაფერი გაიყიდა. მე ამ დროს მეგობარმა ჩინეთიდან უამრავი პირბადე გამომიგზავნა – უანგარო სიურპრიზი. მე ისინი მეგობრებს და ახლობლებს დავურიგე და იმ შენობაში, სადაც ვცხოვრობ, განცხადებაც კი გამოვაკარი: „ვისაც პირბადე არ გაქვთ, დამიკავშირდით, მომწერეთ ამა და ამ ნომერზე“. ყოველი დღის ბოლოს გავდიოდი და კარებთან პირბადეებს იმ მეზობლებს ვუდებდი, ვინც თავის ბინის ნომერს მითითებდა… ისე, რომ არ იცოდნენ ვინ ვიყავი და დღემდე არ იციან რომელ ბინაში ვცხოვრობ.

ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა მომწერა, რომ მისი ქმარი ადგილობრივ სახანძრო დეპარტამენტში მუშაობდა, რომ მათ არ ჰქონდათ პირბადეები. მათაც გადავეცი, რადგანაც ამ პანდემიის გამო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ზარებზე მეხანძრეებიც გადიოდნენ, რადგანაც ისინიც პირველი სამედიცინო დახმარებისთვის არიან გაწვრთნილნი. ამან დიდი კმაყოფილების და ბედნიერების გრძნობა მომგვარა – მე უმოქმედოდ არ ვიყავი და ხალხს ვეხმარებოდი.

  • ალბათ, თვლი, რომ მუსიკა დროის/ სივრცის ანარეკლი უნდა იყოს

ვთვლი, რომ მუსიკოსის ვალდებულებაა, რომ დროის ანარეკლი იყოს. „დინება“ იყო ჩემი მხარდაჭერა უმცირესობების მიმართ და ასევე მოცეკვავეებისა და „ბროდვეის“ მსახიობების მიმართ, რომლებიც პანდემიის გამო უმუშევრები დარჩნენ და საარსებო წყარო გაუქრათ. ამით მინდოდა გამომეხატა ის, თუ როგორ შეგვიძლია მუსიკოსებს ხელოვნების სხვა დარგებში მოღვაწე კოლეგების მხარდაჭერა. ასევე მინდოდა გამომეხატა ჩემი თანადგომა BLM, Stop Anti-Asian discimination and LGBTQA+ მიმდინარეობებისთვის. სწორედ ამიტომაც შევაჩერე ჩემი ყურადღება ამ მოცეკვავე წყვილზე.

კრისტი მებდული „ბროდვეის” ვეტერანია, Twyla Tharp- ის ორივე საცეკვაო მიუზიკლში მონაწილეობდა. აბდიელ ჯეკობსინი Martha Graham–ის საცეკვაო კომპანიის ყოფილი სოლისტია. მათ ერთად შექმნეს ისტორია და გახდნენ ამერიკის პირველი პროფესიონალი წყვილი, რომელიც ასპარეზობს Dancesport-ის სამეჯლისო დარბაზში, როგორც გენდერულად ნეიტრალური წყვილი. ეს გამოიხატება ხუთივე ამერიკული რიტმის ცეკვებში წამყვანისა და მიმყოლის (Lead and Follow) როლის შეცვლით. ასე რომ, რომანტიული კლიპის ნაცვლად მიწიერი, დროის შესაბამისობის ამსახველი ვიდეო გამოვიდა. ვთვლი, რომ ეს ჩემი, როგორც ამერიკის მოქალაქის, თანასწორუფლებიანობის მხარდამჭერისა და ჩვეულებრივი ადამიანის მოვალეობა იყო.

  • პანდემიისას რა მუსიკას უსმენდი და რატომ?

ჯაზს მე მუდმივად ვუსმენ, მაგ მხრივ ცვლილებები არ ყოფილა. თუმცა რამდენადაც სასაცილო არ უნდა ჩანდეს, ჩემი ბავშვობისდროინდელ რვეულებსა და ჩანაწერებს გადავავლე თვალი და ქართული სიმღერების გაჟღერება გადავწყვიტე.

პოპის სტილში დაწერილი ჩემი ძველი ქართულენოვანი სიმღერების ახლანდელი ექსპერიმენტალურ-ფსიქოდელიური ემოციებით გაჟღენთვა, გასაოცარი რამ გამოდგა. მომეწონა მუსიკის თვალსაზრისით, მაგრამ ტექსტი იმდენად სასაცილო იყო, რომ გვარიანად გავერთე და ბევრიც ვიცინე. ისიც აღმოვაჩინე, რომ მუსიკაში ემოცია დროსთან მიმართებაში უცვლელია.

  • სამომავლო გეგმები?

ალბომის გამოცემის შემდგომ ისევ ორიგინალურ მიმართულებას დავუბრუნდები. ასევე ვაპირებ გავაკეთო ჩემი ე.წ. Sync Licensing-–ი (სინქრონული ლიცენზია) იმისთვის, რომ კინოფილმებში ჩემი მუსიკის განთავსების საშუალება მომეცეს. ეს გულისხმობს კონტაქტს იმ კომპანიასთან, რომელიც კინოინდუსტრიას კონკრეტული მუსიკოსის პროდუქტს სთავაზობს. მუსიკის წერის დროს ვიზუალური, კინომატოგრაფიული ხატები მიჩნდება და ვფიქრობ, რომ ჩემი მუსიკა კინომატოგრაფიულიცაა.

ასევე უკვე დავწერე ოცზე მეტი ახალი სიმღერა, ამჯერად მეორე და, ალბათ, მესამე ალბომისთვისაც კი. ზუსტად არ ვიცი რა ერქმევა ჩემ შემდგომ ალბომს, თუმცა, რომც ვიცოდე, ამის გაჟღერების უფლება არ მაქვს.

მაქვს შემოთავაზება ორი ჩამწერი სტუდიიდან, თუმცა ჯერ არ გადამიწყვეტია ალბომი თვითგამოცემით (Self-Released) გამოვუშვა თუ ლეიბლთან კონტრაქტი გავაფორმო. ზოგადად თვითგამომცემი მუსიკოსები მომრავლდნენ. ამ სიმამაცისთვის მათ პატივს ვცემ და, სხვათა შორის, მათ მიღწევებს უკვე „ჩამწერი აკადემიაც” (Recording Academy) აღიარებს.

____________

მთავარ ფოტოზე: ნინო ივაჩიძე. ზურა ქირიას ფოტო