ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან |

„ლევანის ოთახი” და „რა ფერია შავი ზღვა?” – ერთი წელი ლევან მინდიაშვილის გამოფენებს შორის

„ლევანის ოთახი” და „რა ფერია შავი ზღვა?” – ერთი წელი ლევან მინდიაშვილის გამოფენებს შორის

ფოტოზე: ლევან მინდიაშვილი “ლევანის ოთახში”. ია მერკვილაძის ფოტო

შარშან, მარტის დასაწყისში ნიუ იორკში მნიშვნელოვანი სახელოვნებო მოვლენა – “გაზაფხული/არდადეგები არტშოუ” (Spring/Break Art Show) კოვიდპანდემიამდე გამართული ერთ–ერთი ბოლო გამოფენა გახლდათ, რომელშიც მონაწილეობას ქართველი მხატვარი იღებდა. ჩემთვის ლევან მინდიაშვილის ინსტალაცია “ლევანის ოთახი” მსოფლიოს მოახლოებული კატასტროფის არაპირდაპირ მაცნესთან ასოცირდებოდა – იზოლაცია/კარანტინში საცხოვრისის ტერიტორიამ თითქოს დროულად მოირგო საკუთარი სახლის ანარეკლის საგამოფენო დარბაზად გადაქცევის სტატუსი.

“გაზაფხული/არდადეგები” თავისი სიჭრელითა და “ხორციელ–სულიერებით” ძალიან ჰგავდა ბრაზილიურ კარნავალს, რომელიც ტრადიციულად რიო-დე-ჟანეიროში ორმოცდღიანი მარხვის დაწყებამდე იმართება. თავისი თვალისმომჭრელი მრავალფეროვნებითა და დაუსრულებელი სამბა – ჟრიამულით იგი აპოკალიფსამდელ სახალხო კოსტიუმირებულ თუ ტიტლიკანა მსვლელობას ჰგავდა.

“გაზაფხული/არდადეგები” საერთაშორისოდ აღიარებული საგამოფენო ინიციატივაა, რომელიც ნიუ იორკში ეძებს არატიპიურ, ისტორიულ სივრცეებს და მას იმისთვის იყენებს, რომ ქალაქის ლანდშაფტისთვის კონტრკულტურული გამოწვევა გახდეს.

ორგანიზატორები კურატორებს სთავაზობენ ქალაქის ღირსშესანიშნაობათა ისეთ ტერიტორიებს, სადაც ადვილია წარსულის, აწმყოსა და მომავლის დაკავშირება, ასეთ ადგილებად კი დროებით უფუნქციო შენობები შეირჩევა. ბოლო სამი წელია ნიუ იორკის პარალელურად “გაზაფხული/ არდადეგები” უკვე ლოს ანჯელესშიც ტარდება. ეს კარნავალური არტშოუ, რომელიც უკვე ცხრა წლისაა, პირველად წმინდა პატრიკის სახელობის სკოლაში გაიმართა, მერე – აშშ–ის ფოსტის ყოფილ შენობაში, მერე – თაიმს სკვერის ცათამბჯენში Condé Nast, მერე – გაეროს შენობაში.

2020 წლის “გაზაფხული/არდადეგები” კი მანჰეტენის გულში, ცენტრალ პარკთან განლაგებულ 17-სართულიანი მინისა და მარმარილოს ელეგანტური შენობის მეცხრე და მეათე სართულზე – Ralph Lauren-ის ახალდაცლილ ოფისებში განლაგდა. უზარმაზარი სივრცეები დაყოფილი იყო პატარ–პატარა კვადრატულ ოთახებად, სადაც ექსპოზიციების/ინსტალაციების დათვალიერების გარდა ნამუშევრების ყიდვაც შეიძლებოდა, მხატვრის, კურატორის პირადად გაცნობაც და ათასგვარ თემაზე საუბარიც.

„2021-ის პანდემიურ წელს თუ არ ჩავთვლით, მარტის პირველი კვირა ნიუ იორკში თანამედროვე კულტურული ცხოვრებისთვის ტრადიციულად განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დღეებია, რადგან ამ დროს წლის პირველი დიდი არტ-ბაზრობა „არმორი“ და მისი სატელიტი ღონისძიებები: მათ შორის Independent და Spring / Break Art Show იხსნება“ – მიყვება ლევან მინდიაშვილი, „ – სახელწოდება „არმორის კვირა“ ზუსტად აქედან მოდის და ამ დროს მუზეუმებსა და გალერეებში ასევე მნიშვნელოვანი გამოფენები იხსნება.

2011-ში „გაზაფხული/არდადეგები“ ხელოვანმა წყვილმა, ენდრიუ გორმა და ამბერ კელიმ დააარსა. თავიდანვე მათ განსხვავებული ფორმატი აარჩიეს და თუკი ტრადიციულად არტ-ბაზრობებზე გალერეები და ინსტიტუციები მონაწილეობენ, აქ ყოველწლიურად სპეციალური თემა ცხადდება და აპლიკაციები უშუალოდ კურატორებისგან მიიღება. შერჩევის შემთხვევაში მონაწილეობა უფასოა და ბაზრობა პროცენტს მხოლოდ გაყიდვების შემდეგ იღებს.

ზოგადად, ეს ღონისძიება უფრო გამოფენების ფორმატით, კონცეპტუალურად თუ თემატურად აწყობილი პრეზენტაციებით გამოირჩევა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა ახალი იდეების, ხელოვანების, კურატორების აღმოსაჩენად და გასაცნობად“.

  • რა არის კონცეპტუალურილევანის ოთახში“?

“გაზაფხული/არდადეგებზე” ჩემი ინსტალაცია 2020-ში დაწყებული პროექტის, „ლევანის ოთახი” პირველი ნაწილი (“ლევანის ოთახი: სახლი”) იყო. „ლევანის ოთახი“ უფრო ტრანსდისციპლინარული პლატფორმაა, რომლითაც ტრადიციული სახელოვნებო სფეროს გაფართოება მსურს და იმ თემებთან გადაკვეთა, რომელიც თანამედროვე კულტურული პროდუქციის განუყოფელი ნაწილია და რიგ შემთხვევებში ყველაზე მძაფრად გამოხატავს აქტუალურ საკითხებს, მაგალითად, როგორიცაა ელექტრონული საცეკვაო მუსიკა თუ მოდა.

„ლევანის ოთახი“. ია მერკვილაძის ფოტო

„ლევანის ოთახი“ სიმბოლურად ჩემ პირად სივრცეს და გამოცდილებებსაც გულისხმობს და თითოეული პრეზენტაცია ერთი კონკრეტული თემის გარშემოა. დასაწყისისთვის ისევ სახლის იდეაზე შევჩერდი, ოღონდ ძველი პროექტებისგან განსხვავებით, სადაც იგივე საკითხებს ურბანიზმის და არქიტექტურის რაკურსში განვიხილავდი, ახლა მინდოდა სახლზე, როგორც ადამიანების და გარემოს ერთობლიობაზე მელაპარაკა, მაგრამ არა ერთ კონკრეტულ ფიზიკურ ადგილზე თუ ცნებაზე, არამედ იმ მრავალშრიან და კომპლექსურ ყოფნაზე, რაც თავს ჩემ სახლში მაგრძნობინებს.

ჩემთვის ეს პირველ რიგში ბრუკლინის ანდეგრაუნდ ქვიარ სცენაა – ის პატარა კლუბები, ბარები, თუ ერთი ღამით ნაქირავები ოჯახური რესტორნები, სადაც მიმღებლობა, მეგობრობა, ინტენსიური წამიერი თუ ღრმა კავშირები და თვითრეალიზაციის სიხარული ერთ საერთო სულისკვეთებად და აღტკინებად იქცევა ხოლმე. ამ დროს, როგორც წესი, სოციალური, კლასობრივი, კულტურული თუ ლინგვისტური ბარიერები მნიშვნელობას კარგავს და ჩვენ ახალ საკომუნიკაციო ფორმებს ვეძებთ.

„ლევანის ოთახი“. ია მერკვილაძის ფოტო

ამ ინსტალაციაში ამ ორის გადაკვეთა მინდოდა მეჩვენებინა – გამჭვირვალე ნაჭერზე დაბეჭდილი, ბუშვიკში (ბრუკლინის ერთ–ერთი რაიონი) ჩემი ოთახი დაცლილი ოფისის ოთახს პირად სივრცედ გადააქცევს. ხოლო 16 თხევადი სარკით შესრულებული „ტრეკები“, რომლებზეც ზემოთ ნახსენები კლუბების, წვეულებების, „მეილინგ ლისტების“ თუ ონლაინ პლატფორმების ლოგოები თუ არქიტექტურული დეტალებია გამოსახული, ჩემი სახლის/ოთახის დეტალებში იყო შერეული.

  • გამოდის, რომ თქვენი ოთახი სიმბოლოების პანოპტიკუმად გადაიქცა?

ასეა. ეს თავისთავად ერთგვარი ანდერგრაუნდის სემიოტიკა გამოვიდა, სადაც ლოგოები აბსტრაქტულ ნიშნებად რჩება თუკი მისი ენა არ იცი ან ვერ ცნობ.

როგორც უმეტესი ჩემი ბოლო პროექტი, ეს გამოფენაც ჩემთვის ცოცხალი ორგანიზმი იყო და დღის განმავლობაში იცვლებოდა. საღამოობით თეთრი დღის განათებას ლურჯი ნეონით ვცვლიდი და მუსიკას ხმამაღლა ვრთავდი.

სამი ახალი მელოდია/სეტი ჩემმა მეგობარმა მუსიკოსებმა: Punshukunshu, ChadKid და Body Double ამ ინსტალაციისთვის შექმნეს და სამივეს ონლაინ გამოვცემ. დანარჩენი მუსიკა/ ხმა კი იმ წვეულებების გამოუქვეყნებელი სეტებია, რომლებიც ჩემთვის სხვადასხვა მიზეზის გამო გარდამტეხი აღმოჩნდა.

ფაქტობრივად, ჩემი ეს აუდიო კოლექცია ბოლო სამი წლის ნიუ იორკის საუნდტრეკად გადაიქცა. საოცარი განცდა იყო, როცა არცერთმა მუსიკოსმა უარი არ მითხრა მათი გამოუქვეყნებელი მასალა გამომეყენებინა. ჩემთვის ეს იყო სწორადაც იმ სახლის თუ ოჯახის არსებობის კიდე ერთი დასტური. არ შეიძლება არ აღვნიშნო, რომ ამ ყველაფერს ვერ შევძლებდი ჩემი კურატორის, მარისა ნიუმანის (Marisa Newman Projects) და თანაკურატორის – არტურ კოზლოვის გარეშე.

  • ოთახი ხომ მხოლოდ სტატიკური ფართობი არაა, არამედდინამიური

უფრო რომ განვაზოგადო, „ლევანის ოთახი“ თავდაპირველად გააზრებული მქონდა როგორც სოციალური სკულპტურა, რომელშიც ყოველდღიური სოციალური აქტივობები (ცეკვა, ვახშმები) კულტურულ პროდუქტად – ready-made-ად (გამზადებული, არაორიგინალური) გადაიქცეოდა. თუმცა მაშინ სოციალური დისტანცირება ახალ ნორმად მკვიდრდებოდა, გარემო ready-made-ებთან ერთად თითქმის არქაულ ფორმებად გადაიქცა და კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მეჩვენება ამ საკითხებზე ხმამაღლა ფიქრი და გადააზრება.

  • საღამოს ნიუ იორკს ლევანის ოთახიდან ვიტრაჟის რაფაზე ქართული ტრადიციული მცირე ხემსი დაჰყურებდა. თავიდან მეგონა, რომ ესეც ინსტალაცია იყოთუმცა თქვენს ოთახში ნამდვილი საკვები ინსტალაციაპურის გატეხვაც იყო

რადგანაც „ახალსახლობისა“ და „წვეულების“ იდეის უფრო მეტად გამძაფრება გვინდოდა – თავად წლევანდელი Spring/Break-ის იდეაც ექსცესი, ბაროკო იყო, ამიტომ გახსნის დღეს „პურის გატეხვა“ – პერფორმატიული ვახშამიც ჩავრთეთ.

„პურის გატეხვა“ (Breadbreaking) ელენე დამენიას იდეით დაიბადა, როცა შარშან Creative Time-მა (აშშ–ში კულტურის სფეროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გრანტის გამცემი ორგანიზაცია) მათი სამიტის ფარგლებში „კრეატიული ვახშმის“ შექმნაზე კონკურსი გამოაცხადა.

ელენე, საოცარი ფოტოგრაფია, მისი ნამდვილი სიყვარული კულინარია და სოციალური თავყრილობების ორგანიზებაა, სადაც ვიზუალურ ასპექტს ისეთივე დროს და მონდომებას უთმობს, როგორც – თავად საკვებს. ეს პერფორმატიული ვახშამიც პურის გატეხვის ტრადიციიდან მოდის, როცა უცხო ადამიანები საკვებს იყოფენ და ეს საუბრის თუ დიალოგის საწყისი ხდება.

პირველი ვახშმისთვის შემდეგი რამ გავაკეთე – ნეონის გარშემო გამომცხვარი შოთის პური, რომელიც ვახშმის განმავლობაში სკდებოდა, იშლებოდა და ოთახს მეტ შუქს ფენდა. ამჯერად „გაზაფხული/არდადეგებისთვის” ხატია ესართიას ვთხოვეთ დაემზადებინა თიხის სანგრები, რომელიც მთლიანად საკვებით იყო დაფარული, ხოლო ნამუშევრის ნახვა მხოლოდ საჭმლის სრულად გათავების შემდეგ იყო შესაძლებელი.

„პურის გატეხვა“. ია მერკვილაძის ფოტო

  • ლევანის ოთახიდან ერთი წლის თავზე, ისევ მარტში, ისევ ძველი კურატორის მხარდაჭერით, მაგრამ ამჯერად მის პატარა გალერეაში ახალი, ასე ვთქვათ, ტრავმული თემა გაჩნდა – „რა ფერისაა შავი ზღვა. რატომ?

ჩემი ეს გამოფენა სამი საკითხის გადაკვეთაა: ერთი მხრივ, ტრავმული გამოცდილებების – მით უმეტეს ადრეულ ბავშვობაში განცდილის – მნიშვნელობა ადამიანის ცნობიერის და ქცევის ჩამოყალიბებაზე; მეორე – თუ როგორ ააშკარავებენ ეს ტრავმები ევრაზიულ (კავკასიურ) ცნობიერში ღრმად ფესვგადგმულ და მიმალულ პატრიარქალურ, რასისტულ და კოლონიალურ საფუძვლებს, ხოლო მესამე – თუ როგორ შეიძლება ეკოლოგიაზე დაკვირვებითა და სწავლით ამ ტრავმული მდგომარეობებიდან გამოსვლა და ახალი ქცევების (ცნობიერის) ჩამოყალიბება. აქვე აღვნიშნავ, რომ როცა ეკოლოგიას ვახსენებ, არ ვგულისხმობ მხოლოდ „ბუნებას“ – არამედ სამყაროში არსებულ ყველა სიცოცხლის ფორმას მიკროორგანიზმების ჩათვლით.

ზედმეტი იქნება იმის ხაზგასმა, თუ ამ საკითხებმა პანდემიის დროს როგორი განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. თვითიზოლაციამ თავისთავად დამაბრუნა ჩემ ადრეულ ბავშვობაში, იმ პერიოდში, როცა ერთ დილას გაღვიძებულმა ქართულ არხზე (მაშინ მხოლოდ ორი: ერთი ქართული და ერთი რუსული არხი არსებობდა) უცბად BBC-ის კადრებს მოვკარი თვალი … ტანკები რუსთაველის მოედანზე. იმ წამს მივხვდი, რომ რაღაც სამუდამოდ შეიცვალა და ის სამყარო, რომელშიც აქამდე ვცხოვრობდით, დასრულდა. შემდეგ იყო კომენდანტის საათები, დამფრთხალი უფროსები, ტელევიზორის წინ უვადოდ გაწელილი დღეები, ქაოსი და იმის მოლოდინი, რომ ყველაფერი მალე დალაგდება.

მოგონებებით დავიწყე ფიქრი იმ ბავშვებზე, რომლებიც დღეს მსოფლიოს ყველა კუთხეში იგივე სიტუაციაში აღმოჩნდნენ. კითხვა, რომელიც დღემდე მომყვება არის ის, თუ რა გავლენა ექნება ამ უკვე გლობალურ ტრავმას თითოეულ ჩვენთაგანზე და, მით უმეტეს, ბავშვების ჯერ კიდევ ძალიან მგრძნობიარე, მოუმზადებელ და დაუცველ ცნობიერზე?

ამჯერად მხოლოდ ვარაუდები თუ შეგვიძლია გამოვთქვათ, თუმცა საკუთარი გამოცდილებები და მეცნიერული კვლევები ფსიქოლოგიაში, ნევროლოგიაში და მიკრობიოლოგიაში საკმარის მასალას გვაძლევს იმისთვის, რომ ამ მიმართულებით ფიქრი და მოქმედება დავიწყოთ.

„რა ფერისაა შავი ზღვა?“ ია მერკვილაძის ფოტო

  • 2020-ში აშშ–ის ქალაქებში სოციალური მოძრაობის აღზევების დროც იყო. იგი ერთის მხრივ, პოზიტიური მოვლენა იყო, მაგრამ, ამავე დროს – ნგრევის მუხტის მატარებელიც

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობამ და მოძრაობამ Black Lives Matter კიდევ უფრო გამოააშკარავა თუ რამდენადაა რასიზმი კაპიტალისტურ, იმპერიალისტურ და კოლონიალისტურ ცნობიერებასთან გადაჯაჭვული, ხოლო ეს ყველაფერი სათავეს პატრიარქალური ცნობიერებისგან იღებს. დღეს შეუძლებელია იმ მიამიტურ მდგომარეობაში ყოფნა, რომ რასიზმი და კლასობრივი უთანასწორობა მხოლოდ “დასავლეთის” პრობლემაა, რომელიც წარსულს ჩაბარდა. ეს პრობლემები – სხვადასხვა ფორმით და მასშტაბით – აბსოლუტურად ყველა საზოგადოებასა და ქვეყანაში არსებობს, სადაც პატრიარქალური ცნობიერება გაბატონებული მსოფლმხედველობაა და რომლებიც მათი ისტორიული განვითარების რომელიმე ეტაპზე წარმოადგენდნენ დომინანტ იმპერიას/კოლონიზატორს ან იყვნენ ამ იმპერიის თუ კოლონიის ნაწილი.

შესაბამისად, საქართველოც არაა გამონაკლისი. იგივე უახლეს ისტორიას რომ გადავხედოთ, დღემდე უცვლელად სახეზე გვაქვს: ყველა არსებული მთავრობის აბსოლუტური, ტოტალიტარული ძალაუფლება, სრული უგულებელყოფა რიგითი მოქალაქის უფლებების, სოციალური და ეკონომიკური დაუცველობა, დამსაქმებლების მიერ მათ დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების სრული ექსპლუატაცია, სრულიად უგულებელყოფილი ეთნიკური უმცირესობები, რომელთათვისაც არ არსებობს პირობები, რითაც შეძლებდნენ აქტიური საზოგადოების სრულუფლებიან წევრად ყოფნას.

აღარაფერს ვამბობ პოლიტიკური ელიტის განუყოფელი ნაწილის – მმართველ რელიგიურ ინსტიტუციაზე – რომლის სახელიც უკვე თავისთავად ამხელს მის როლს/მიზნებს და მეინსტრიმ მედიაზე, რომელიც ქვეყანაში უცოდინრობისა და არაპროფესიონალიზმის ყველაზე მედგარი პროპაგანდისტია.

  • რა იყო პანდემიის ყველაზე დიდი „შენაძენი“, როგორც გამოცდილების?

პანდემიამ ძალიან ნათლად დაგვანახა თუ როგორ ვართ ერთმანეთზე დამოკიდებული და ელემენტარული სასიცოცხლო პირობების შესანარჩუნებლად რამდენად უთანასწოროდაა რესურსები გადანაწილებული ჯერ ქვეყნებსა და შემდეგ, საზოგადოების ნაწილებს შორის.

ერთადერთი, რაზეც ახლა ფიქრი შემიძლია, არის ამ ძალოვანი, დომინანტი, ცნობიერი სტრუქტურების გამოაშკარავება – ანალიზი და მათი ჩასანაცვლებელი, ალტერნატიული ფორმების ძიება. შესაბამისად, ჩემი ამჟამინდელი ფოკუსი და ამ გამოფენის მიზანიც ჩვენი რეგიონის, იდენტობის, გეო-პოლიტიკური და კულტურული თავისებურებების საფუძვლიანი ანალიზია.

თვითონ კითხვის ფორმაც „რა ფერია შავი ზღვა?“ – ყველაზე შესაფერისი ფორმა მგონია ამ პრობლემებზე საუბრის დასაწყებად, ვინაიდან ჩემი, როგორც ავტორის „ავტორიტარულ“ როლს გამორიცხავს და გახსნილი დიალოგის დასაწყისს გულისხმობს. ეს გამოფენა რეალურად სვამს კითხვებს, რომლებზეც პასუხების პოვნას უკვე ერთობლივი ძალისხმევა სჭირდება.

„რა ფერისაა შავი ზღვა?“ ია მერკვილაძის ფოტო

  • თქვენთვის “შავი ზღვა” რასთან ასოცირდება?

ბებიაჩემი ხშირად მიყვებოდა საკუთარ მოგზაურობებზე მოსკოვში, სადაც ყველა კავკასიელს – ანუ ოდნავ მუქი კანის მქონე ადამიანს და, მით უმეტეს, ქართველს – „ჩორნოჟოპებს“ ეძახდნენ. ამ ფაქტის სისწორეში და მის აკადემიურ სიღრმეში ჩამახედა მადინა ტლოსტანოვას ტექსტმა “როგორ გახდნენ “კავკასიელები” შავები?” (How “Caucasians” Became Black?), სადაც კულტუროლოგი კავკასიურ ცნობიერებაზე რუსეთისა და თურქეთის „მეორადი“ იმპერიების გავლენას საფუძვლიანად იკვლევს.

ჩემი ყველაზე ადრეული მოგონებაც შავ ზღვას უკავშირდება, უფრო სწორედ, დედაჩემის მრავალჯერად მონათხრობს, რომლის მიხედვითაც ჩემი დაბადებისას თეთრი, „ქათქათა“ კანი სამი წლის ასაკში, შავ ზღვაზე პირველი გარუჯვისას „გამიშავდა“ და მას შემდეგ აღარც გათეთრებულა. ამ ისტორიით თავზარდაცემული თურმე ყოველთვის ტირილს ვიწყებდი და ვითხოვდი – „როგორც შავ ზღვაზე წამიყვანეთ და გამაშავეთ, ისე თეთრ ზღვაზე წამიყვანეთ და გამათეთრეთ“.

სწორედ ამ მოგზაურობისას გადაღებული ჩემი შავ-თეთრი ფოტო გახდა ამ გამოფენის ამოსავალი წერტილი და ინსტალაციის მთავარი ელემენტიც – ჩემივე კანისფერ ლატექსზე ორივე მხრიდან ამ ფოტოს „პოზიტივი“ და „ნეგატივია“ გამოსახული, როგორც ერთი მთლიანობის განუყოფელი ნაწილი.  „რა ფერია შავი ზღვა?” ჩემთვის ახალი ხედვის, ცოდნის სისტემის, ახლებური სამყაროს შექმნის პირველი ნაბიჯია.

„რა ფერისაა შავი ზღვა?“ ია მერკვილაძის ფოტო

  • „ზღვაც” გაგრძელებაა “ოთახის”, არა?

ჩემი ყველა ახალი გამოფენა წინა გამოფენის პირდაპირი ან იდეური გაგრძელება თუ პასუხია. 2020-ში, ზუსტად პანდემიამდე დავიწყე პროექტი „ლევანის ოთახი“, რომელიც ინსტალაციების სერია უნდა ყოფილიყო, სადაც ავტობიოგრაფიული ელემენტებით ვისაუბრებდი თანამედროვე ადამიანის მდგომარეობებზე და კულტურის, როგორც ცნობიერების ჩამოსაყალიბებელ მექანიზმზე. ამ სერიიდან ორი პროექტი განვახორციელე– ორივე ნიუ იორკში, ორივე მარტში.

მეორე ინსტალაცია ამ სერიიდან 2020 – ის სექტემბერში, EFA Project Space-ში „ლევანის ოთახი: ამერიკა” – იმიგრანტი არტისტების პირველ ბიენალეზე გამოიფინა. აქაც მთავარი ელემენტი გამჭვირვალე ფარდა იყო. ამჯერად შავ აბრეშუმზე ჯეიმს ბოლდვინის “ჯოვანის ოთახის” პირველი აბზაცი დავბეჭდე. წიგნი აკრძალული ქვიარ სასიყვარულო ისტორიაზე მოგვითხრობს და იგი ამერიკის კოლონიალისტური წარსულის ერთი ტრაგედიის ორი მხარეს გვიჩვენებს. ფარდის წინ, ჭერიდან იატაკამდე ჩამოშვებული გარე განათების გირლანდა “შავი შუქის” ნათურებით ამერიკელ-კუბელი არტისტის, ფელიქს გონზალეზ-ტორრესის გახსენებაც იყო და სისტემური რასიზმის ყველა მსხვერპლის პატივიც.

ამ გამოფენის დახურვისას ბრაზილიელი პოეტი, ლუკას დე ლიმა მოვიწვიე, რომელმაც შავი შუქის ფონზე თავისი ახალი ლექსების კრებულიდან „კოსმიური პასივი“ ამონარიდები წაიკითხა. ამით მინდოდა ერთგვარი წრე შემეკრა – ქვიარ სიყვარულის მაგალითები ამერიკულ კულტურაში – 1950 წლებიდან დღემდე. ეს ბოლო ინსტალაცია ჩემთვის ერთგვარი პატივის მიგება იყო ყველა იმ ხელოვანისთვის, ვინც წინაპრად მიმაჩნია და ვისგანაც ჩემი ხელოვანად ჩამოყალიბების სხვადასხვა ეტაპზე ბევრი რამ ვისწავლე. ამასთან ერთად, ეს იყო ევროცენტრული, დასავლური კულტურის ჰეგემონიასთან ჩემებური დამშვიდობებაც.