ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

„ეს არაა ჩემი ხე“ – ნინა მდივანისა და თამარ კვესიტაძის ვიზუალური დიალოგები

„ეს არაა ჩემი ხე“ – ნინა მდივანისა და თამარ კვესიტაძის ვიზუალური დიალოგები

მარტის დასასრულს ბრუკლინში განლაგებულ საგამოფენო სივრცეში New York Art and Residency Studios (NARS) Foundation გაიმართა ექსპოზიცია სახელად „ეს არაა ჩემი ხე”, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართველი არტკურატორი ნინა მდივანი.

ეს გამოფენა მნახველებისთვის ჯერ კიდევ შარშან უნდა გახსნილიყო, მაგრამ კორონაპანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო.

გამოფენის კონცეფცია მიგრაციის თემას ეხმიანება, უფრო სწორედ, იგი მიგრაციის ვიზუალური ანალიზია და ამ პრობლემის „გასაშიფრად“ ცნება „ეკოსისტემას“ იყენებს. მიგრაცია ეკოლოგიური კონცეფციით სახლსა და რაიმეს/ვინმეს მიკუთვნებულობის ფენომენთან იგივდება.

ამ ექსპოზიციაში სხვადასხვა ქვეყნის 14 არტისტი მონაწილეობდა, მათ შორის, ქართველი თამარ კვესიტაძე თავისი აკვარელით – “ცა”.

გამოფენის მიზანი გახლდათ ადამიანისა და გარემოს ურთიერთობის არა დეჰუმანიზირება ბიოლოგიური ენის ან ჩარჩოს მეშვეობით, არამედ იმის ჩვენება, რომ მრავალფეროვნება სწორედაც რომ ახალი ეკოსისტემების ნაწილია, როგორც ადამიანთა ცნობიერებაში, ასევე – ბუნებაში.

მხატვრები მიგრაციის თემასთან თავის პირად გამოცდილებას, ფარულ გრძნობებს აკავშირებენ და ეს ხედვა ემიგრანტების ქვეყნისთვის – აშშ-სთვის ძალიან ორგანულია, განსაკუთრებით მსოფლიო კატასტროფის – პანდემიის საყოველთაოობის კონტექსტში.

თსუ–ის საერთაშორისო ურთიერთობების კურსდამთავრებულმა, მკვლევარმა და მწერალმა ნინა მდივანმა თავადაც კარგად იცის თუ რაა ემიგრაცია.

იგი საქართველოდან აშშ–ში 17 წლის წინ ჩამოვიდა და სწავლა პროფესიით გააგრძელა. ნინა სტიპენდიით მოხვდა მასაჩუსეტსის შტატში მდებარე მაუნტ ჰოლიოკ კოლეჯში, რომელიც ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქალთა სასწავლებელია.

ნინა მდივანი

სწავლის დასრულების შემდეგ იგი მუშაობდა გაეროში, კოლუმბიის უნივერსიტეტსა და რამდენიმე ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციაში, მაგალითად, Iris House-ში, სადაც სოციოლოგიური და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევით იყო დაკავებული.

ბოლო წლების განმავლობაში ნინა მდივანი კურირებდა გამოფენებს ლატვიაში, გერმანიაში, თბილისსა და ნიუ იორკში. იგი ასევე დასავლური არტმედიისთვის სტატიებს წერს და თანამშრომლობს ისეთ გამოცემებთან, როგორებიცაა: White Hot Magazine, Arte Fuse, Xibt Magazine, Arte & Lusso, Indigo Magazine.

ამა წლის პირველ მაისს, კვლავ ნიუ იორკში, Ivy Brown Gallery –ში კი ნინა მდივანის კურატორობით გაიხსნა კიდევ ერთი გამოფენა სახელწოდებით – “გამოწვევა ლოგიკას”, რომელმაც ამ ქალაქში მცხოვრები ოთხი მხატვრისა და მოქანდაკის ნამუშევრები წარადგინა და ახლებურად დანახული სიურეალიზმი და ქვეცნობიერი გააერთიანა.

„საერთაშორისო გამოფენა – “ეს არაა ჩემი ხე” რამდენიმე კითხვას სვამს“ – მიყვება ნინა მდივანი, – „პირველი: როგორ ცვლიან ეკოსისტემას ორგანიზმების ახალი სახეობები და როგორ ხდება (ან არ ხდება) უკვე არსებულ ეკოლოგიურ პირობებთან მათი შეგუება.

მეორე: როგორ ასახავს ამ ცვლილებებს ჩვენი დროის ადამიანის მიგრაციის ისტორიები და როგორ შეიძლება მხატვრულმა ნამუშევრებმა აჩვენოს ეს რთული ბიოლოგიური და ადამიანური პროცესები.

და მესამე: რატომ და სად ვგრძნობთ თავს სახლში და რას წარმოადგენს ეკოსისტემა ჩვენი ყოველდღიურობის ფონზე.

წარმოდგენილი ხელოვანები არიან ისრაელიდან, საქართველოდან, საუდის არაბეთიდან, აშშ–დან და კოლუმბიიდან. მათი გამაერთიანებელია – დროებით ან მუდმივ ემიგრაციაში ყოფნის გამოცდილება და ეკოლოგიური კონცეფციების გამოყენებით ამ თემაზე საუბარი.

  • რატომ ასეთი სახელწოდება – “ეს არაა ჩემი ხე”?

სახელწოდება მოდის ისრაელში მცხოვრები ხელოვანის, იაელ აზუელის ნამუშევრიდან, რომელიც გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. სწორედ ამ ნამუშევარმა თავდაპირველად საფუძველი ჩაუყარა გამოფენის იდეას.

აზუელისთვის ძალიან ახლო და სამშობლოსთან ასოცირებული ხე იყო ევკალიპტი. როცა პანდემიამდე ამერიკაში ცხოვრობდა, აქაც ხვდებოდა მსგავსი ევკალიპტის ხე, რომელიც თუმცა ჰგავდა ბავშვობის ხეს, მაგრამ ბოლომდე “ის” მაინც არ იყო.

პირადად მეც მქონია მსგავსი გამოცდილება, მაგალითად, აქაურ მინდვრის ყვავილებთან. კი ხანდახან მსგავსი სახეობაა, მაგრამ მთლად ის არ არის, რაც საქართველოდან, ბაკურიანის მინდვრებიდან მახსოვს. ვფიქრობ, რომ ეს გამოცდილება ბევრი ემიგრანტისთვისაა ნაცნობი.

  • საქართველოში ბოლო წლების პოლიტიკურ კატაკლიზმებს “მოძრავი/მოცურავე” ხეების ვიზუალი”დაემთხვა”. მოულოდნელად სიმბოლური რატომ გახდა სრულიად რეალური?

სამწუხაროდ, საქართველოს ეკოლოგია ძალიან სავალალო მდგომარეობაშია, რადგან ნაკლებად იგრძნობა სახელმწიფოს მიერ შედგენილი რაიმე კონკრეტული სტრატეგიული გეგმა, რომელიც გაითვალისწინებდა არსებული პრობლემების გადაჭრას. საქართველოში ეკოსისტემების დარღვევა თითქმის ყოველ თვე მიმდინარეობს. ნამოხვანის ჰესის აშენების გეგმა კი კიდევ ერთი მორიგი ეკო და სოციალური კატასტროფაა.

  • თქვენ დიპლომატიიდან ხელოვნებაში “გადაუხვიეთ”…

ხელოვნება ყოველთვის მაინტერესებდა და ახლა სწორედ ამ კუთხით ვაგრძელებ მუშაობას.

საერთაშორისო ურთიერთობების განხრითაც როცა ვმუშაობდი, როგორც ფრილანსერი პერიოდულად ვწერდი ტექსტებს მხატვრებისთვის და გალერეებისთვის.

დროთა განმავლობაში დავინახე, რომ ხელოვნებას პოლიტიკოსებზე მეტად შეუძლია ადამიანების გაერთიანება და პოლიტიკური დიალოგისთვის ხელის შეწყობა.

2017 წელს შემოთავაზება მივიღე ბერლინში ცნობილი Galerie Kornfeld-სგან წიგნი დამეწერა ქართველ ქალ ხელოვანებზე: თამარ კვესიტაძეზე, რუსუდან ხიზანიშვილზე და ნათელა გრიგალაშვილზე. წიგნი – “მეფე ქალია” (2018) ინგლისურად დავწერე. იგი თავდაპირველად ფრანკფურტის წიგნების ბაზრობაზე წარადგინეს. წიგნის გამოცემას დაემთხვა გერმანიაშივე 2018 წლის სექტემბერ-ნოემბერში გამოფენის – “მეფე ქალია 3+1” გამართვა, ამ სამი ხელოვანის შემოქმედების გარდა ნათელა იანქოშვილის ნამუშევრებიც იყო წარმოდგენილი.

  • რატომ სწორედ ეს სამი ხელოვანი? რა აერთიანებთ მათ?

ამ წიგნის სათაური პირდაპირ დაკავშირებულია თამარ მეფესთან, რომელიც ქალი იყო, მაგრამ XII საუკუნის საქართველოში მეფის წოდება მიიღო და ამით თავისი პოლიტიკური სტატუსი გააძლიერა. იგი იყო „მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი“ და შეიძლება ითქვას, რომ თამარი მისი ამ ტიტულით პროტო-ფემინისტი გახდა, მან “სუსტი სქესის” მიუხედავად შიდა და საგარეო პოლიტიკაში დიდ წარმატებებს მიაღწია.

წიგნი კი აგებულია ჩემ ერთწლიან საუბრებზე თამარ კვესიტაძესთან, რუსუდან ხიზანიშვილთან და ნათელა გრიგალაშვილთან. ამ სამმა ხელოვანმა თამარ მეფის მსგავსად გენდერული სტერეოტიპების დარღვევა მოახერხა არა მარტო საქართველოში, არამედ – მის გარეთაც და ამავე დროს ისინი ცნობადებიც გახდნენ.

ნათელა გრიგალაშვილის ფოტო სერიიდან “დედაჩემის წიგნი”. “მეფე ქალია”, 2018.

ეს გზა მათთვის მარტივი არ იყო, ბევრი წინააღმდეგობების გადალახვა მოუწიათ როგორც საკუთარ თავში, ისე სოციუმში და საერთაშორისო არტინდუსტრიაში. ამ სამი ძალიან ნიჭიერი ქალის მაგალითზე ვაჩვენე კიდევაც, რომ გენდერული მიკუთვნებულობა ხელს არაფერში შეგიშლის თუ გაქვს ჯანსაღი ამბიცია, შრომის კულტურა და თვითრეალიზების მოთხოვნა.

  • ეს წიგნიც სამშობლოსთან კავშირის ერთგვარი “ეკოსისტემაა”, არა?

სამშობლოსთან კავშირი არასდროს გამიწყვეტია და ყოველთვის ვცდილობ ჩემთვის საინტერესო თანამედროვე ქართველ ხელოვანებს ხელი შევუწყო.

საქართველოს აქვს ძალიან მდიდარი და ხელოვნების განსხვავებული ტრადიციები. მიხარია, რომ დასავლეთში მათი წარდგენა შემიძლია.

თავდაპირველად რომ ჩამოვედი ამერიკაში, რა თქმა უნდა, უცხოდ ვგრძნობდი თავს. მაგრამ ამ ბოლო 17 წლის მერე აქაურობასა და კერძოდ, ნიუ იორკულ ცხოვრებასთან უფრო ახლოს ვგრძნობ თავს. ხელოვნება და კულტურის სფერო უნივერსალურია, რადგან თემები და ფასეულობები, რომლებზეც და რისთვისაც ვმუშაობთ როგორც ხელოვანები, მწერლები, კურატორები, არ განისაზღვრება სივრცისა და დროის ბარიერებით. ეს კი დიდი ბედნიერებაა.

  • შარშანდელ გამოფენასაც “ჰოუმლენდური” კონცეფცია ჰქონდა…

2020 წელს ნიუ იორკში გამოფენა – “ნიუ იორკი ხვდება თბილისს: სიუცხოვის განსაზღვრება” ორ ნაწილად წარვადგინე.

პირველი ნაწილი (გალერეა Assembly Room) მოიცავდა თბილისელი მხატვრის რუსუდან ხიზანიშვილის ნახატებს და ნიუ იორკში მცხოვრები ბრაზილიელი მოქანდაკის ჯულიანა სეკეირა ლაიტეს ქანდაკებებს.

გამოფენის მეორე ნაწილში რვა ქართველი და ოთხი ამერიკელი ხელოვანი მონაწილეობდა და იგი წარმოდგენილი იყო Kunstraum-ის საგამოფენო სივრცეში. ექსპოზიციისთვის ხელოვანების: მარიამ ნატროშვილის, დეთუ ჯინჭარაძის, რიტა ხაჩატურიანის, ნინო ბინიაშვილის, თამარ კვესიტაძის, მიხეილ სულაკაურის, ანუკ ბელუგას, გიორგი როდიონოვის ნამუშევრები შევარჩიე. კრიტერიუმი იყო ის, თუ როგორ ხედავენ ისინი თანამედროვე სამყაროში სიუცხოვეს / გაუცხოვების ფენომენს.

გამოფენა “ნიუ იორკი ხვდება თბილისს: სიუცხოვის განსაზღვრება”, 2020

თანაგრძნობა, ეჭვი, გატაცება, უნდობლობა, რისხვა, გაბრაზება, ურთიერთობის დამყარების სურვილი ან მისი არქონა – ეს ყველაფერი არის იმ რეაქციების ბუნებრივი სპექტრი, როდესაც ვხვდებით ჩვენთვის უცხო მოვლენას, ადამიანს ან საზოგადოებას. რიტა ხაჩატურიანის პორტრეტების ციკლი „შიში“ მთლიანად ეძღვნება ადამიანებსა და მათ პირად შიშებს (მომავლის, ქვეწარმავლის ან წარუმატებლობის); მარიამ ნატროშვილის და დეთუ ჯინჭარაძის კონცეპტუალური ნამუშევარი “ვიზა” მიუთითებს იმ ქართველი ქალის ისტორიებზე, რომლებიც აქ საკუთარი ოჯახების დასახმარებლად ჩამოდიან და ხშირ შემთხვევაში 20-25 წელი რჩებიან. რუსუდან ხიზანიშვილის ნამუშევრები ასახავენ თანამედროვე იდენტობის ძიებას ისეთ პოსტკოლონიურ სივრცეში, როგორიც საქართველოა.

რუსუდან ხიზანიშვილი. “დღე ღამის დადგომამდე”. 2019

ამ გამოფენაში ამერიკელი ხელოვანებიც განიხილავდნენ სიუცხოვის თემას. დანა ლევის ვიდეო ნამუშევარი „ედემი ევას გარეშე“ ფლორიდის ჯუნგლებშია გადაღებული და ასახავს გარემოს, რომლის ნაწილიც ადამიანი ვერ გახდება. შირი მორდეხაის ნახატები მოგვითხრობენ გაორებულ ადამიანზე, რომელსაც უჭირს თავისი იდენტობის სხვადასხვა ელემენტებთან შეგუება. ამ ორი განსხვავებული ქვეყნის კულტურისა და ხელოვნების ერთ სივრცეში მოთავსება ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც საბოლოო ჯამში ვლინდება, რომ ეროვნული ბარიერების მიღმაც სიუცხოვეზე ჩვენი რეაქცია უნივერსალურია.

***

„ემიგრანტი არასდროს ვყოფილვარ, თუმცა ამერიკაში ექვსი წელი ვიცხოვრე, თითქოს დარჩენასაც ვაპირებდი, მაგრამ არ დავრჩი“, – მიყვება თამარ კვესიტაძე, „– საფრანგეთშიც ცხოვრების შანსი მქონდა, მაგრამ არ დავრჩი.

არასდროს მინდოდა სხვაგან ცხოვრება, თუმცა ვთვლი, რომ მოძრაობა და განსხვავებულ კონტექსტში საკუთარი თავი აღქმა დადებითი მოვლენაა.

ამჟამინდელ მსოფლიოში მიგრაციის მოვლენაც სხვაგვარი თემაა, რადგანაც სამყარო ძალიან მატერიალისტური გახდა, ბევრი რამ შეიცვალა. ჩადიხარ იქ, სადაც არავინ არ გიცნობს, თან სნობური გარემო გხვდება, იწყებ დამკვიდრებას ისეთი ძალისხმევით, რომლის გამოყენებაც შენს სამშობლოში ნაკლებად მოგიწევდა. მე ამის გამო უკან არ დამიხევია, მაგრამ ცხადია, რომ უცხო თემში თვითდამკვიდრებისთვის გაცილებით მეტი მუშაობა გჭირდება.

თამარ კვესიტაძე

  • ალბათ, იყო თქვენთვის უსიამოვნო “ემიგრაციული გამოცდილებაც”…

ერთხელ ამერიკიდან მოვფრინავდი. თვითმფრინავი ამსტერდამში დაეშვა. უცებ მოვიდა დიდი თოვლი და ფრენა გადაიდო. იმდენ ხანს ვიყავით თვითმფრინავში, რომ რამდენიმე მგზავრებმა ერთმანეთი გავიცანით, დავმეგობრდით. მერე გვითხრეს, რომ სასტუმროში უნდა გადავეყვანეთ.

თვითმფრინავიდან როცა გამოვედით, ახლაგაცნობილებმა შემომთავაზეს თავიანთი მეგობრის სახლში ღამის გათევა. ვუპასუხე, რომ ვიზა არა მაქვს, იმათ კი გაიოცეს, ეს ვიზა რას ნიშნავსო. მახსოვს, ამის გამო თავი ცუდად ვიგრძენი, რადგანაც რაღაც საბუთის გამო ნაკლებად ღირებული აღმოვჩნდი. დამთრგუნველი მომენტია, როცა პოლიტიკური სიტუაციის გამო თავს მეორეხარისხოვნად გრძნობ.

ამჟამად სოფელში ვარ და ვმუშაობ. მიუხედავად იმისა, რომ ასე ვთქვათ, ამ ეტაპზე განდეგილად მირჩევნია ყოფნა, ადამიანი სამყაროს სრულად მაინც ვერ მოწყდები, ცდილობ მსოფლიო პულსზე თითი გეჭიროს; გრძობ, რომ დეფიციტი მართლაც დისკომფორტია, მითუმეტეს, ქართულ სოფელში. თუმცა ვთვლი, რომ თუ საინტერესოს გაკეთებას აპირებ, მთაშიც გააკეთებ, თუ ძლიერი შინაგანი “დრაივი” გაქვს, იდეა გამოძრავებს და გაქვს მიზანი მეტი ნახო, მეტი შეიმეცნო.

შენს სახლს გარეთ კი რეალობა ასეთია: როცა უცხოელებს გაიცნობ და ამბობ, რომ საქართველოდან ხარ, უცებ, ასე ვთქვათ, ცხადად მიგრძვნია “მნიშვნელობის თამასას” ჩამოწევა. თუმცა ეს ცხადია, ყველას არ ეხება და მერე, როცა კარგად გაგიცნობენ თუ ვინ ხარ, არასდროს გაგრძნობინებენ რომელი სამყაროდან ხარ, გიმეგობრდებიან, თამასა თავის ადგილზეა, მაგრამ მაინც… გახსოვს, რომ ეს განსხვავება არსებობს.

ამის მიზეზი კი ისაა, რომ გალერისტების რიგებში და გალერეებში არებობს რეიტინგები, იერარქიები და სანამ ეს სამყარო გაგიცნობს, ასეთი კრიტერიუმებით ოპერირებს; გეძებს ამ იერარქიებში და თუ იქ ხარ, მაშინ მისთვის საინტერესო ხდები და სათანადო თამასასაც ინარჩუნებ.

ეს სამყარო ყოველთვის ასეთი იყო და ეს ტრაგიკული რეალობაა.

ცხადია, ვერაფერი ამ სამყაროში ვერ დაგიშლის იყო მხატვარი. თუმცა დღეს როცა გაიგებ თუ როგორ და რანაირად ხდება ეს პროცესები, შეიძლება მხატვრობას და ხელოვნებას თავი საერთოდ დაანებო. სამყარო ასეთია, ასე მოძრაობს, თავის იერარქრიაში გეძებს და თუ “იქ” ხარ, ურთიერთობს.

  • თუმცა ამდენი ბარიერის ჩამონათვალი „არსად გაქცევის“ სურვილსაც ბადებს.

კი, ძალიან ბევრი ბარიერი არსებობს… როცა აცნობიერებ, თუ რა შეიძლება გელოდეს საზღვარს მიღმა, “მიგრაცია” მართლაც საშიში სიტყვა ხდება.

მე ჩემი ქვეყნიდან დიდი ხნით წასული არასდროს ვყოფილვარ, ყოველთვის ჩემ ქვეყანაში ვბრუნდებოდი. მაგრამ რეალობა ისაა, რომ წასვლისას რაღაცების “მოჭრა”, ასე ვთქვა, ბორკილებისგან გათავისუფლება გიწევს.

ნიუ იორკში რომ ვიყავი, საქართველოში ორი შვილი მყავდა და განშორება მარტივი ნამდვილად არ იყო. მაგრამ თუ რაღაცას არ გაჭრი, ვერ გაფრინდები. თან მიფრინავ იქ, სადაც არავინ გხვდება გულღიად, სადაც ფული ბატონობს, ცხოვრება ძვირი ღირს და უკვე ბევრი თვითდამკვიდრებული და წარმატებული ხალხი გხვდება.

მე ძალიან მომწონს სოფელში ყოფნა, არსად მინდა წასვლა, ჩაკეტილობის პერიოდი მაქვს და თითქოს არც გინდა ვინმეს შენი ნამუშევრები აჩვენო. არადა სინამდვილეში ძალიანაც გინდა, რომ აჩვენო, მოეწონოთ და თან გწყინს, როცა არ მოსწონთ.

  • თქვენ აშშ–ში თოჯინებს აკეთებდით. თოჯინა ჰერმენევტიკულად ადამიანის პერსონასთანაა დაკავშირებული, ანუ იმასთან, რის უკანაც ნამდვილი მე იმალება. იყო ეს აშშ–ში თქვენთვის ფსიქოლოგიური პლასტის მატარებელი “ბიზნესი” თუ უბრალოდ – სარფიანი საქმე?

მე მგონია, რომ თოჯინების კეთება ამ გააზრების გარეშე დავიწყე. მერე ამ პროცესმა გამიტაცა, თუმცა მალევე თავი დამანება. ფაქტობრივად, წარმატებული ბიზნესი აღმოჩნდა, ნიუ იორკში ყველა თოჯინა გამეყიდა.

თოჯინების კეთების პერიოდი თბილისის 1990-იან წლებს დაემთხვა და მათ, ალბათ, იმიტომ ვაკეთებდი, რომ ასოციაციურად იგი ბავშვობას უკავშირდებოდა. და ასევე იმიტომ, რომ მოქანდაკეობა მინდოდა.

ხატვით კი ყოველთვის ვხატავდი, შეიძლება ისიც ითქვას, რომ თოჯინები ერთგვარი ქანდაკებებია, ოღონდ გამოძერწვის ტექნიკის გარეშე.

მერე ისეთი განცდა გამიჩნდა, რომ ამ თოჯინებს იმიტომ ვაკეთებდი, რომ ძერწვა არ ვიცოდი. როგორც კი ძერწვა გამოვასწორე, თავისთავად გადავედი ქანდაკებებზე და თავი დავანებე თოჯინების კეთებას, რომელიც, ფაქტობრივად, ჩემთვის გარდამავალი ეტაპი იყო.

  • „ალი და ნინო” ბათუმში უცხოთა (კულტურას ვგულისხმობ) არაგაუცხოების “კონსტრუქტი” და “ჰეპი ენდია”? თუ სხვა რამ?

“ალი და ნინოს” იდეა იმდენად მრავალფეროვანია და ყველა მასში იმდენნაირ თავის ემოციას აქსოვს, რომ არ მინდა ჩემი მოსაზრება ვინმეს თავს მოვახვიო. ჩემთვის „ალი და ნინო“ შეხვედრა – განშორებაა. მძიმე მომენტია იმის გააზრება, რომ გაერთიანება მხოლოდ ცოტა ხნითაა შესაძლებელი, წუთით ან სულაც წამით, მაგრამ … “და დღე იყო უფრო გრძელი წუთისოფლისა”. ასე არაა?

შეხვედრა–განშორება ერთგვარი ციკლია იმის გააზრებით, რომ გაერთიანება არის დროებითი; მერე ისევ განშორება და შეხვედრა. მე ამ განცდის დროებითობის გადმოცემა მინდოდა. თუ სიყვარულად გადაიქცა, ეს განსაკუთრებული რამაა. ეს ის მომენტია, როცა ორის, გნებავთ, როგორც თქვენ ახსენეთ, კულტურის, ერთმანეთში შესვლით რაღაც მარცვალი რჩება ერთშიც, მეორეშიც, შენშიც, მასშიც, მაგრამ მერე გაივლის, თუმცაღა კვალს ტოვებს.

  • გამოფენაზე იყო წარდგენილი თქვენი აკვარელი „ცა“ სხვადასხვა ფერის ფრინველებით. როგორ უკავშირდება იგი “სახლის”, “გაუცხოების”, “ეკოსისტემების” თემას?

“ცა” ჩანახატების სერიიდანაა, ამ სერიიდან უფრო დიდი თემის გაკეთებას ვაპირებ.



“ცა”, თამარა კვესიტაძე. გამოფენა “ეს არაა ჩემი ხე”. 2021 წელი

ეკოსისტემებში ფრინველის, ფარშავანგის თუ სხვა რამის არსებობა იდენტიფიკაციის მომენტს უკავშირდება, უსახლკაროობას, სახლ–კარის უსარგებლობას. ფარშავანგს სახლ-კარის გარეშე შეუძლია არსებობა, სიმძიმის ძალის დაძლევა შეუძლია.

ეს იდეაც უტოპიურია, როგორც სამოთხის არსებობა, რეალობიდან გაქცევის უტოპიურ სურვილს ჰგავს. სინამდვილეში კი მძიმე რამაა, მძაფრია. კი, ფრინველი პოზიტიური თემაა, მაგრამ ამ პოზიტივშიც არის სიმძიმე, ალეგორიულობა და ღრმა, სევდიანი შინაარსი. ეს ერთგვარად სიმძიმეების ჯაჭვია.

  • სუპერკონსუმერულ სამყაროში რამდენადაა “ცა” და მისი ფერი აქტუალური?

ამ სამყაროს ვერ გაექცევი, ვერ გახდები სრულად განდეგილი, თან ისეთი, რომ სადმე ცაში აბსოლუტური პირდაპირი მნიშვნელობით ილივლივო. რამდენად შეგვიძლია ამის გაკეთება ანუ სრულიად წასვლა… მაგრამ იქნები კი მარტო? ვინმე იქნებ შეგხვდეს – შენს სიმაღლეს შესწვდეს და სულიერი მდგომარეობა გაიგოს… თავად მე არა ვარ რეალისტი და ასე ვთქვათ, მისტერიული გადახრები მაქვს. მისტიფიკაცია მიყვარს და ვცდილობ, ეს ჩემ ხელოვნებაში ავსახო.