ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან | | |

შოკში მაგდებდა, რომ ქართველი არტისტები აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვში მაინც ჩადიოდნენ – ინტერვიუ

შოკში მაგდებდა, რომ ქართველი არტისტები აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვში მაინც ჩადიოდნენ – ინტერვიუ

ინტერვიუ მუსიკალურ კრიტიკოსთან, საკონცერტო პრომოუტერთან და რადიოწამყვანთან, არტიომ ტროიცკისთან.

  • ბატონო არტიომ, ცხადია, საუბარი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის თემით უნდა დავიწყოთ.

უკრაინაში ომის მიმართ ჩემი დამოკიდებულება სხვადასხვა ფორმით ბევრჯერ გამოვხატე. ცხადია, მე ამ მუხანათური თავდასხმის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ და ვგმობ რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ აგრესიას. რუსეთი საბოლოდ გადაიქცა ფაშისტურ, მილიტარისტულ, ნაციონალისტურ სახელმწიფოდ. აქ ორი აზრი არც არსებობს… თუ არ ჩავთვლით რუსულ აგიტაციას აყოლილ ცალკე აღებულ ჩლუნგებს, ნორმალური ადამიანებისგან სხვაგვარი დამოკიდებულება არც შემხვედრია.

  • რუსეთუკრაინის ომში .. რუსული ინტელიგენციის საკმაოდ დიდი ნაწილი პუტინს მხარს უჭერს. ეს საბჭოთა კავშირის გადმონაშთია თუ ირაციონალური შიშებითაა განპირობებული?

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის ვთვლით ინტელიგენტად.

რუსულ „ლიტერატურნაია გაზეტაში“ პუტინის მხარდამჭერი ასზე მეტი მწერლისა და პოეტის ხელმოწერით წერილი გამოქვეყნდა. მათგან მხოლოდ ხუთ–ექვსს ვიცნობ. ამ სიაში ორის ყოფნა გამიკვირდა: სანქტ–პეტერბურგელი, არც თუ ურიგო პროზაიკოსი პაველ კრუსანოვის და ევგენი რეინის (იგი ოდესღაც ბროდსკის მეგობარი იყო). რეინი 15 –20 წელი არ მინახავს და ამბობენ, რომ დიდი ხანია მარაზმი სჭირს. კრუსანოვი ყოველთვის იყო იმპერიული აზროვნების ადამიანი, თუმცა ერთია თეორიულად იყო იმპერიულად მოაზროვნე და მეორე – რეალურად ხელი მოაწერო ამ უნამუსო აგრესიის გამამართლებელ, ამაზრზენ წერილს. პუტინს კი ისინი იმიტომ უჭერენ მხარს, რომ არიან სახელმწიფოსგან ნაკვები ჩვეულებრივი კონფორმისტები და კულტჩინოვნიკის ან კულტმოღვაწის კარიერას იკეთებენ. მათ თავიანთი სულები ფაშისტურ სახელმწიფოს მიჰყიდეს.

არსებობს ადამიანების გარკვეული რაოდენობა, ოდნავ ნაკლებად ცინიკოსების (მაგრამ ამის გამო არა უფრო მეტად სიმპათიურების), რომლებსაც მართლაც სჯერათ მილიტარისტული, იმპერიული სლოგანების. ისინი ძალიან ცოტანი არიან და, პრაქტიკულად, არც შემხვედრიან. ესენი ჩემთვის უსიამოვნო ხალხია.

აქვე შემიძლია დავაფიქსირო, რომ ფეისბუკზე ჩემი ხუთი ათასი გამომწერიდან არავინ შემხვედრია, ვინც რუსულ აგრესიას მხარს უჭერს. ამ თემაზე სპეციალური გამოკითხვაც კი ჩავატარე.

  • მსოფლიოს ახსოვს ხელოვანთა, კერძოდ კი, მომღერალთა კონცერტიპროტესტები (ვიეტნამის ომი) ანდა საქველმოქმედო აქციები სხვადასხვა დაავადებების (შიდსი, ლეიკემია) მქონეთა დასახმარებლად

მუსიკალურ წინააღმდეგობას დიდი ხნის ისტორია აქვს. XX საუკუნეში იყვნენ მუსიკოსები, რომლებიც ჰიტლერის მიერ წამოწყებულ ომს ეწინააღმდეგებოდნენ, უპირველესად გერმანიაში, მაგრამ მათ ემიგრაციაში წასვლა მოუწიათ. მერე, 1950-იანებში, ამერიკაში გაჩნდნენ გოპნიკები (პიტ სიგერი, ბობ დილანი), რომლებიც ატომური ბომბისა და ცივი ომის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.

1970–იანებში დასავლეთში წინააღმდეგობის საპროტესტო პიკი იყო ვიეტნამის ომი. ბევრი არტისტი, ბარდი, როკერი და სოულ მომღერალი „პროტესტის სიმღერას“ ასრულებდა. გაჩნდნენ პაციფისტები, ჰიპები, რომლებიც ომს აპროტესტებდნენ. აშშ–ში ასე აგორდა ომის საწინააღმდეგო მოძრაობა.

ბრიტანეთში 1970-იანებში ომის საწინააღმდეგო მოძრობა იმ პერიოდისთვის პოპულარული „კამპანია ატომური განიარაღებისთვის“ სახით გაგრძელდა. სცენაზე გამოვიდნენ პანკ – როკერები, The Clash, Tom Robinson Band და ა.შ.

  • რუსეთში?

რაც შეეხება რუსულ მუსიკალურ საპროტესტო მოძრაობას, იგი გვიან დაიწყო. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ავღანეთში ომის წინააღმდეგ საპროტესტო მოძრაობა არ იყო და ამის მიზეზი, შეიძლება ითქვას, ავღანეთში ომის ძალიან ფარული მიმდინარეობა იყო.

ამ ომში დანაკარგები, ფაქტები არ საჯაროვდებოდა. ეს ომი თითქოს მიმდინარეობდა და თითქოს – არ. “გლასნოსტისა” და “პერესტროიკის” დაწყებამდე იგი არ იყო მასობრივი ცნობიერებისა და კულტურული ცხოვრების ფაქტი. იყო სიმღერები, მაგრამ ძალიან ცოტა. შეიძლება გავიხსენოთ ჯგუფის DDT და იური შევჩუკის პაციფისტური „არ ისროლო“. 1980 – იანებში სსრკ–ში ყველაზე პოპულარული, ომის საწინააღმდეგო, ხმამაღლა გაჟღერებული სიმღერა იყო ალექსანდრე ვერტინსკის ძველი Я не знаю зачем и кому это нужно, რომელსაც ჯგუფი “აკვარიუმი” და ბორის გრებენშიკოვი ასრულებდა.

ბორის გრებენშიკოვი

მერე აღარაფერი იყო. რეაქცია ორივე ჩეჩნეთის ომზე, ფაქტობრივად, არ არსებობდა იმიტომ, რომ დრო იყო ასეთი – 1990-იანების დასასრული და ნულოვანების დასაწყისი. მაშინ ცხოვრება რუსეთში დინამიკური გახდა. მუსიკოსები, ხელოვნების მუშაკები ფულს კარგად შოულობდნენ, ცენზურაც თითქმის არ იგრძნობოდა და კულტმოღვაწეებსა (მათ შორის, ღირსეულებს) და ხელისუფლებას შორის არგაცხადებული პაქტი არსებობდა –  ხელისუფლება მხატვრებს, კინემატოგრაფისტებს აძლევდა უფლებას ემხიარულათ ისე, როგორც მათ უნდოდათ. თავის მხრივ კი კულტმოღვაწეები არ მიძვრებოდნენ ხელისუფლების იმ ნაცრისფერ კუთხეებში, რომლის გამომზეურებაც ოფიციოზს არ აწყობდა.

რუსეთში საპროტესტო მუსიკის აღზევების პერიოდი დაემთხვა ამ საუკუნის ათიან წლებს. 2008-ში საქართველოში აგვისტოს ომზე რეაქცია მინიმალური იყო, 2014 – ში კი უკრაინის მოვლენების დროს ვეტერანმა და ახალგაზრდა რუსმა მუსიკოსებმა თითქოს გაიღვიძეს და გაჩნდა მოძრაობა, გაერთიანება „ანტიარმია“ – ვადიმ კურილოვის (DDT –ს ყოფილი გიტარისტი) ჯგუფი და სხვანი. მათ გამოუშვეს ომის საწინააღმდეგო ალბომები.

რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის წინააღმდეგ გამოდიოდნენ სუპერვარსკვლავები: ანდრეი მაკარევიჩი, იური შევჩუკი, ბორის გრებენშიკოვი, ვასილი შუმოვი, მიხაილ ბარზიკინი. როკერების გარდა უნდა აღინიშნონ რეპერებიც: ვანია ალექსეევი, “ოქსიმორონი”, ჯგუფი “კასტა”.

რუსეთში ჰიპ–ჰოპი ძალიან პოპულარულია. საინტერესო ისაა, რომ ისეთ არტისტებს, რომლებიც ადრე პოლიტიკაში არ მიძვრებოდნენ და თინეიჯერების სუპერვარსკვლავები (“ფეისი”, “მორგენშტერნი”) იყვნენ, უცებ პოლიტიკური დღის წესრიგი გაუჩნდათ. ჩემი საყვარელი მუსიკოსი კი „დელფინია“, რომლის ბოლო ალბომი „442“ მთლიანად რუსეთის ფაშისტური რეჟიმის კრიტიკას ეძღვნება. ასე რომ ახლა რუსეთში საპროტესტო მუსიკის რენესანსია.

  • ახლა სად არიან ეს ადამიანები?

უმეტესობა – რუსეთში. მათ პრობლემები შეექმნათ. ახლა, მით უფრო… უკვე მოღალატეებად და სამშობლოს გამყიდველებად გამოაცხადეს. ცხადია, საერთოდ აუკრძალეს სცენა, რადიო და სატელევიზიო ეთერები.

  • როგორ ფიქრობთ, რა იყო რუსი არტისტების მიერ რუსეთის საქართველოში შეჭრის აშკარა იგნორირების მიზეზი?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მიძნელდება. ამ კონტექსტში პარალელად ჩეჩნეთის ომის გახსენებაც შეიძლება. უპირველესად საქართველო ძალიან შორს იყო მოსკოვიდან, პეტერბურგიდან და როგორღაც რუსული კულტურული ელიტის არაპოლიტიზირებულმა ნაწილმა საქართველოზე თავდასხმა გულთან ახლოს არ მიიტანა. ეს ომი მათ უშუალო ინტერესებს არ ეხებოდა. საქართველო მთებს იქითაა, შორსაა.

მე კი შოკში მაგდებდა ის, რომ ცნობილი ქართველი არტისტები აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვში მაინც ჩადიოდნენ. თუ არ ჩავთვლით ვახტანგ კიკაბიძეს, რომელმაც მაშინვე თქვა, რომ რუსეთში არასდროს ჩავა, რადგანაც ეს ქვეყანა ოკუპანტია, საქართველოს მტერია. სხვები კი, მათ შორის, ნანი ბრეგვაძე მშვენივრად ჩადიოდნენ მოსკოვში და ფულს აკეთებდნენ. ანდა თამარა გვერდწითელი. კი, იგი რუსეთის მოქალაქეა, მაგრამ მას ხომ ქართული ფესვები აქვს და ამ ფესვებს ღალატი ძალიან აღმაშფოთებელი საქციელია. ანდა პაპსავიკი სოსო პავლიაშვილი, რომელიც ჩემი აზრით, არის “ჟოპალიზაშვილი“.

  • ამგვარი გასტროლების გმირებიდა გამმართლებლები გაუთავებლად იმეორებენ, რომ პოლიტიკა და კულტურა, პოლიტიკა და სპორტი და .. უნდა გაიმიჯნოსარადა არტისტი ხომ ისეთივე საზოგადოების წევრია, როგორიც სხვა და, ცხადია, ხედავს ადამიანის უფლებების დარღვევას, მითუმეტეს, ისეთ მასშტაბურს, როგორიც ომია.

ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციაზე. ხელოვანს ვერ მოვთხოვთ, რომ აუცილებლად პოლიტიზირებული იყოს ანდა იყოს სოციალური, გენდერული თემებით შეწუხებული. ნებისმიერი შემოქმედისთვის მთავარია იყოს მართალი თავის თავსა და მუზის წინაშე.

არსებობენ ხელოვანები, რომლებიც ძალიან შორს არიან პოლიტიკისგან, ისინი წერენ მარადიულ პრობლემებზე, სიყვარულზე, სიკვდილზე, ამაოება ამაოებათა კი, როგორც შემოქმედების ობიექტი, დიდად არ აინტერესებთ. მაგრამ, როცა საბედისწერო მომენტი დგება (და ახლა სწორედ ასეთი მომენტია) ტურბულენტური ზონის მიღმა მყოფი პოეტებსა და მუსიკოსებს უნდა ჰქონდეთ რეაქცია.

ახლა ისეთი მდგომარეობაა, რომ ყოველმა სამართლიანმა, პატიოსანმა და პასუხისმგებლობიანმა  ხმა უნდა ამოიღოს. სულაც არაა აუცილებელი, რომ საპროტესტო სიმღერები იმღეროს, მან შეიძლება იმღეროს თავისი მშვენიერი ბალადები სიყვარულზე ანდა დეკადენტური შანსონები სიკვდილსა და მივიწყებაზე, მაგრამ კონცერტებზე გამოხატოს თავისი სამოქალაქო პოზიცია. მას არ უნდა შეეშინდეს.

  • თუმცა მარიო ვარგას ლიოსა სწორედაც რომ კარგად პოლიტიზირებულობის მაგალითია. როგორ შეუძლია ხელოვანს მცირედით მაინც შეცვალოს ისეთი სიტუაცია, როგორიც, მაგალითად, ამ დღეებში პუტინმა შექმნა?

ხელოვანი ვერაფერს შეცვლის. ჭკუიდან გადასულ მანიაკ პუტინთან საქმე უნდა ჰქონდეს სპეცრაზმს, რომელმაც ბინ ლადენი გააუვნებელყოფა. მხოლოდ ასე შეიძლება პუტინზე ზეწოლა.

მუსიკოსებს უკრაინელებისთვის მხოლოდ მორალური მხარდაჭერის გამოხატვა შეუძლიათ. თავისი პოზიცია გამოხატეს და უკრაინული დროშებით ფოტოები გადაიღეს პოლ მაკარტნიმ, მიკ ჯაგერმა, ელტონ ჯონმა, მადონამ, პიტერ გებრიელმა, როკ და პოპ მუსიკის სუპერვარსკვლავებმა.

მეორე რაც შეიძლება გაკეთდეს და, დარწმუნებული ვარ, გაკეთდება, ეს არის სოლიდარობის გამოხატვის სხვადასხვა ტიპის აქციები, მათ შორის, საქველმოქმედო კონცერტები, იმდაგვარი, როგორიც იყო 1980-იანებში Live Aid ანდა ნელსონ მანდელას მხარდამჭერი კონცერტები. ახლა ზუსტად ის დროა, ეს ტრადიციები აღორძინდეს. უკრაინა სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია. მთელ მსოფლიოში გამოხატული სოლიდარობის გარდა, უკრაინაშიც ფულიც საჭიროა. ამიტომ იმედი მაქვს, რომ არაერთი საქველმოქმედო აქცია და მუსიკალური ფესტივალი ჩატარდება.

  • უკრაინის მხარდამჭერი კონცერტი იყო თბილისში და ძალიან ბევრმა მისი ორგანიზატორები გააკრიტიკა, რა დროის სიმღერააო. აგვისტოს ომის დროს ნერვიულობისგან მკვდარს საკუთარი პულსი რომ მეგრძნო, წარმოვიდგენდი თუ როგორ დარბოდა რუსთაველზე ან სადმე საქართველოში ქართულბრიტანული დროშაშემოხვეული ფრედი მერკური შტატივით და Breakthru – მღეროდა

თუ კონცერტი მხოლოდ გასართობია, მაშინ ასეთი კონცერტი არ უნდა ჩატარდეს, რადგანაც ამორალურია. ომია, ადამიანები იღუპებიან, ამ დროს კი სადღაც ხალხი ერთობა. მე ვთვლი, რომ ეს მკრეხელობა და დაუშვებელია.

კონცერტი Live Aid

მაგრამ თუ კონცერტი უკრაინას ეძღვნება და ფული უკრაინელი დევნილებისთვის გროვდება, მაშინ გამართლებულია სიმღერაც, ცეკვაც, თუნდაც კომედიანტების გამოსვლა. ადამიანებმა შეიძლება გაიცინონ კიდეც, თუმცა ამავე დროს უნდა იცოდნენ, რომ ეს კონცერტი ძალიან მნიშვნელოვანი, კეთილშობილური მიზნისაა.

  • თავიდან ვერ ვიგდებ სცენას, როცა პუტინი მოსკოვში ნახევარი ჰოლივუდის (რომელიც პუტინს ტაშს უკრავს) წინაშე მღერის ამერიკულ პოპულარულ სიმღერას Bluberry Hill-, რომელსაც ოდესღაც ლუი არმსტრონგი ასრულებდა. მას მერე ამ სიმღერას ვერ ვუსმენ. ტაშის დამკვრელთა შორს არის შერონ სტოუნი, რომელიც მანამდე საქართველოში იყო და ახლა კი პუტინითაა აღფრთოვანებული. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ წრეებში უკრაინისადმი სოლიდარობა უბრალოდ ტრენდია და მეტი არაფერი?

თავიდანვე ყველა ვერ მიხვდა პუტინი რა დონის ნაძირალაა. მე, მაგალითად, როგორც კი მისი საზიზღარი სიფათი დავინახე, მაშინვე მივხვდი რა წილის კვერცხიცაა.

ჩემი ნაცნობები, მათ შორის, პოლიტიკურად გამოცდილები, პუტინს არც ისე ცუდად მოიხსენიებდნენ და მისგან პროგრესულ გადაწყვეტილებებს ელოდნენ. კი, მახსოვს შერონ სტოუნის და პუტინის ფოტო. მაგრამ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ეს ყველაფერი ფულის გამო კეთდება. მე არ ვიცი შერონ სტოუნს ზუსტად რამდენი გადაუხადეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ საუბარია, სავარაუდოდ არა მხოლოდ ექვსნიშნა, არამედ – შვიდნიშნა თანხაზე.

ეს მომსახურება ისევე ანაზღაურდება, როგორც გამოსვლები კორპორაციულ ნადიმებზე. „კოპრორატიულებზე“ ნებისმიერი გამოდის ელტონ ჯონიდან დაწყებული ემინემით დამთავრებული. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ასე ცხადი, რომ პუტინი ასეთი აშკარა ბოროტებაა.

გამიხარდებოდა იგი თავიდანვე გაეშიფრათ, მაგრამ ეს არ მოხდა. ახლა ყველა გამოფხიზლდა და აგერ პუტინ–კადიროვთან ჩახუტებულ–მოკოცნავე დეპარდიეც არ ემხრობა უკრაინაში რუსეთის ინტერვენციას. ცხადია, ეს კარგია.

და თუ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გაპროტესტება გახდება მოდა და ტრენდი, მე ამის წინააღმდეგი არ ვიქნები. იყოს მოდა და ტრენდი და ეს იქნება სწორი მოდა და ტრენდი.

  • ანუ ახლა შერონ სტოუნი ისევ საქართველოში შეიძლება ჩავიდეს? ან უკრაინაში?

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ ახლა ეს უკვე ტრენდი არაა. ეს არ ნიშნავს, რომ შერონ სტოუნს მართლა მოსწონს პუტინი ანდა ახლანდელი ქართული ბოზური მთავრობა. მას უბრალოდ კონკრეტულად ფულს უხდიან, თან ძალიან დიდ ფულს.

მე ვიცნობ რუსეთში ორ ადამიანს, რომლებიც ამით პროფესიულად არიან დაკავებულნი. ისინი კონცერტებსაც აწყობენ და დასავლელი ვარსკვლავები კორპორაციულ ნადიმებზე ჩამოჰყავთ, ცხადია, ეს ყველაფერი ბანკნოტების შრიალის ფონზე მიმდინარეობს. თან ძალიან სქელი ბანკნოტების დასტის.

  • არადა არსებობდა წარმოდგენა, რომ საბჭოთა კავშირი ამერიკულმა მუსიკამ, ჯინსებმა და კოკაკოლამ დაშალაო

საბჭოელებისთვის ამერიკული როკ, პოპ მუსიკა, “კოკა – კოლა”, სიგარეტი “მალბოროც” კი იყო ის პატარა არგუმენტები იმის სასარგებლოდ, რომ საბჭოეთი ჩამორჩენილია, არათავისუფალი ქვეყანაა და კარგი იქნებოდა რადიკალური ცვლილებები დაწყებულიყო. დიახ, ეს ჩამონათვალი იყო ემოციური მუხტი იმისთვის, რომ ცხოვრების წესი შეცვლილიყო. ამერიკულმა კულტურამ საბჭოთა იმპერიის კოლაფსში მართლაც მიიღო მონაწილეობა.

  • გარშემო საშინელი პესიმიზმია და რა შეიძლება იყოს ცოტაოდენ ოპტიმისტური?…

საქართველო მე ძალიან მიყვარს და საკმაოდ ხშირად ვსტუმრობ მას. შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოსა და უკრაინის სიტუაცია მსგავსია, მაგრამ დრამატიზმის მასშტაბებით უკრაინისას არაფერი შეედრება. სამწუხაროდ, უკრაინა გაცილებით სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია.

მე რუსი ვარ, ახლა ძალიან შორსა ვარ (ამჟამად, აფრიკაში) და თითქოს რა მორალური უფლება მაქვს ქართველებს რაიმე ვურჩიო?! მაგრამ მაინც ვიტყვი. მე ძალიან გამიხარდებოდა ქართული საზოგადოება; მაგარი, ტემპერამენტიანი და ვნებიანი ქართველი გოგოები და ბიჭები ერთ მუშტად შეიკრან და ეს ხელისუფლება ჩამოაგდონ. ხელისუფლება, რომელიც ლაჩრულია, მარიონეტულია, რომელიც ყველაფერში პუტინს ეთანხმება და რომელსაც კურირებს პუტინის აგენტი ივანიშვილი, მთელი ეს ხროვა სამთავრობო შენობებიდან უნდა ჯანდაბისკენ გააგდო და შეძლებისდაგვარად სასამართლოს მისცე. თუ მათ ქმედებაში დანაშაული გამოიკვეთება, მაშინ ციხეში უნდა ჩასხდნენ. ეს, ჩემი აზრით, ძალიან მაგარი იქნებოდა.

უკრაინელებს რაც შეეხება, ისინი გმირები არიან, ისინი ლომებივით იბრძვიან და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი მოტივაციით ადრე თუ გვიან გაიმარჯვებენ. რაც ადრე და ნაკლები სისხლი დაიღვრება, მით უკეთესი. მათ სიმამაცეს, სულის სიმტკიცეს და სამხედრო წარმატებას ვუსურვებ.