ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

კრემლიგარქები, სანქციები და რენე მაგრიტის “გულმკერდი”

კრემლიგარქები, სანქციები და რენე მაგრიტის “გულმკერდი”

24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრისთანავე, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ “პუტინის აგრესიის მასშტაბები და საფრთხე, რომელსაც იგი საერთაშორისო წესრიგს უქმნის, მკვეთრ პასუხს ითხოვს. ჩვენ გავაგრძელებთ მკაცრი სანქციების დაწესებას, თუ იგი კურსს არ შეიცვლის”.

ომის პირველსავე დღეს სანქციები დაუწესდა რუსეთის ყველაზე მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტს “სბერბანკსა” და მის 25 ფილიალს; რუსეთში სიდიდით მეორე ბანკს VTB-სა და მის 20 ფილიალს; ბანკებს “ოტკრიტიე”, “სოვკომბანკს” და მათ 34 ფილიალს. სანქციები შეეხო რუსეთის საბანკო სისტემის სხვა წარმომადგენლებსაც.

სანქციები, სახელწოდებით – “დამატებითი სანქციები რუსული ელიტებსა და მათი ოჯახის წევრებს” დაუწესდათ ფიზიკურ პირებს ოჯახის წევრების ჩათვლით: სერგეი ივანოვი (რუსეთის უშიშრობის საბჭოს წევრი) და მისი ვაჟი სერგეი; ნიკოლაი პატრუშევი (“ფეესბე” –ს დირექტორი) და მისი ვაჟი ანდრეი; იგორ სეჩინი (პუტინის “დე ფაქტო” მოადგილე) და მისი ვაჟი ივანი; ანდრეი პუჩკოვი, მისი მეუღლე გალინა ულუტინა და იური სოლოვიოვი (VTB ბანკის მფლობელები); ალექსანდრე ვედიახინი (“სბერბანკის” თანამფლობელი). “სანქცირებულთა სიაში არიან პირები, რომლებიც რუსული სახელმწიფოს ხარჯზე გამდიდრდნენ და თავისი ოჯახის წევრები ქვეყნის ყველაზე მაღალ პოსტებზე მიიყვანეს” – ნათქვამია აშშ–ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ასევე, სანქციები დაუწესდა 24 ბელარუს ფიზიკურ და იურიდიულ პირს, მათ შორის, ორ მსხვილ ბანკს, ცხრა თავდაცვით კომპანიასა და პოლიტიკური ელიტიდან რეჟიმთან დაკავშირებულ შვიდ პირს. თეთრმა სახლმა მოუწოდა ბელარუსს, უარი განაცხადოს უკრაინაში რუსეთის აგრესიის მხარდაჭერაზე.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ომის დაწყების თარიღიდან „წესდება ფართო შეზღუდვები რუსულ სამხედრო ძალებზე იმისთვის, რომ იერიში იქნას მიტანილი პუტინის სამხედრო და სტრატეგიულ ამბიციებზე“. რუსეთში შეწყდა თითქმის ყველა ამერიკული ტექნიკის თუ სხვა პროდუქტის ნაწილების ექსპორტი და, ასევე, სხვა ქვეყნებში წარმოებული ნაწილების ექსპორტი, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფით, ამერიკული ტექნოლოგიით იქმნებოდა. ეს კომპლექსური შეზღუდვები რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე ვრცელდება, მათ შორის, რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი”.

27 თებერვალს გაზეთმა New York Post-მა გამოაქვეყნა იმ რუსი ოლიგარქების, უფრო სწორედ, კრემლიგარქების სია, რომლებმაც სახლები ნიუ იორკის ცენტრში, ყველაზე ძვირადღირებულ უბანში, ცენტრალ–პარკთან (59-დან 81 ქუჩის მონაკვეთი) შეიძინეს. ესენი არიან რომან აბრამოვიჩი, ლევ ბლავატნიკი, ოლეგ დერიპასკა, დმიტრი რიბოლოვლევი, ალექსეი კუზმიჩევი, ევგენი შვიდლერი.

ამ მილიარდერებს ამერიკის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შედეგად აშშ–ში შეძენილ ქონებასთან დამშვიდობება მოუწევთ. გაზეთი ასევე დაწვრილებით წარადგენს პუტინის მეგობრების უძრავი ქონების სიას, წინა მფლობელების ვინაობას, განლაგების რუკას ზუსტი მისამართის მითითებით და ფასსაც, ცხადია, დოლარებში.

მაგალითად, 2018 წელს, ბლავატნიკმა რეკორდული თანხა – 90 მილიონი დოლარი გადაიხადა XX საუკუნის ყველაზე წარმატებული ფრანგი არტ დილერის დენიელ ვილდესტეინის საოჯახო არტგალერეაში, რომელიც ნიუ იორკში ცენტრალ პარკის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს; რიბოლოვლევმა კი თავის ქალიშვილს 88 მილიონიანი სახლი აჩუქა, ოღონდ ამავე პარკის დასავლეთით.

27 თებერვალსავე ნიუ იორკის გუბერნატორმა კეთი ჰოუკოლმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც ამ შტატში რუსეთის მონაწილეობით ნებისმიერი ინვესტიცია თუ სავაჭრო გარიგება იკრძალება.

„ეს ნიუ იორკის შტატია და ჩვენ ამერიკაში ყველაზე დიდი უკრაინული თემის სახლი ვართ. ისინი, ჩვენი ძმები და დები – ნიუ იორკის უმნიშვნელოვანესი ნაწილი არიან” – განაცხადა გუბერნატორმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ნიუ იორკი არის მსოფლიოში სიდიდით მეათე ეკონომიკა და უფრო ძლიერია, ვიდრე – რუსეთის. “ჩვენი გადასახადების გადამხდელების დოლარები პუტინის რეჟიმის მხარდასაჭერად არ დაიხარჯება. ჩვენ უკრაინელებს ჩვენ გულებს, სახლებსა და რესურსებს გავუღებთ და თუ თქვენ გჭირდებათ საცხოვრებელი ადგილი, ჩვენ ჩვენს საზოგადოებაში ინტეგრირებაში დაგეხმარებით”.

იმავე დღეს ლონგ აილენდის (ნიუ იორკის შტატი) საგრაფოს ნასაუ ადმინისტრაციის რესპუბლიკელმა ხელმძღვანელმა, წარმოშობით ოდესელმა ბრიუს ბლეიკმენმა და რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ლი ზელდინმა პრეზიდენტ ბაიდენს შემდეგი წინადადებით მიმართეს – ჩამოერთვას რუსეთს გაეროში რუსეთის წარმომადგენლობის მფლობელობაში არსებული მამული – ციხე/სასახლე “კილენვორთი” (Killenworth. ქალაქი გლენ კოუვი), რომელიც მანამდე ცნობილ ამერიკელ ფილანტროპსა და ეკოლოგს ჯორჯ პრატს ეკუთვნოდა. 1951 წელს საბჭოთა კავშირის მიერ ნაყიდი არქიტექტურის ეს შედევრი არაერთი წელია კონფლიქტებისა და სასამართლო დავების საგანია, რადგანაც ერთ მტკიცებულებაზე დაყრდნობით, იგი რუსული შპიონაჟისა და აშშ–ისთვის პერსონა ნონ გრატების თავშეყრის/თავშესაფრის ადგილადაა ქცეული. ყველაზე ცნობილთაგან ამ სახლს ნიკიტა ხრუშჩოვი (მას ადგილობრივებმა ხმაურიანი საპროტესტო აქცია მოუწყვეს) და ფიდელ კასტრო სტუმრობდნენ. გარდა ამისა, რუსული დელეგაცია უძრავი ქონების გადასახადს არ იხდის (ამ “შეღავათს” თავის დროზე აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მხარი დაუჭირა) და ამიტომ ეს საკითხი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ყოველწლიური პრობლემური ურთიერთობის მიზეზი ხდება.

ჯო ბაიდენი

„პრეზიდენტო ბაიდენო, ეს რუსები საგრაფო ნასაუდან გააგდეთ. აქ ჩვენ ისინი არ გვჭირდებიან! გადაიხადონ უძრავი ქონების გადასახადი. ნასაუსა და გლენ კოვის მოსახლეობას სულაც არ სურს გადაუხადოს ფული ბანდიტებს, დიქტატორებსა და იმ ხალხს, ვინც უდანაშაულო ქვეყანას თავს ესხმის. ამის გამო ადგილობრივები წელიწადში 50 ათასს კარგავენ“ – განაცხადა ბლეიკმანმა აშშ–ში რუსი დიპლომატებისა და ჯაშუშების აგარაკის ჭიშკართან.

დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა ტომ მალინოვსკიმ და ჯონ კერტისმა კი სხვა ქვეყნების ლიდერებს მოუწოდეს, რომ მხარი დაუჭირონ ე.წ. “ნავალნი 35″–ის (35 – რუსი კორუმპირებული ჩინოვნიკების სია) კლეპტოკრატი წევრების დაუყოვნებლივ სანქცირებასა და მათთვის ფინანსური აქტივების ჩამორთმევას. სიის თავშია ისევ ის ოდიოზური რომან აბრამოვიჩი, რომელსაც პუტინის „პირად ბანკირს“ უწოდებენ.

16 მარტს აშშ–ის ფინანსთა სამინისტრომ გაავრცელა პრესრელიზი, რომელშიც აღნიშნა, რომ ფინანსთა მინისტრ ჯენეტ ეილენსა და გენერალურ პროკურორ მერიკ გარლანდს ვირტუალური შეხვედრა ავსტრალიის, კანადის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, იაპონიის, ბრიტანეთისა და ევროკომისიის წარმომადგენლებთან ჰქონდათ. მიზანი კი გახლდათ მრავალმხრივი სამუშაო ჯგუფის – “რუსული ელიტა, ნდობით აღჭურვილი პირები და ოლიგარქები” (Russian Elites, Proxies and Oligarchs – REPO) შექმნა, თუმცა ამ მიზნობრივი ჯგუფის მისიის შესახებ ჯერ კიდევ 26 თებერვალს გაცხადდა.

ამ ჯგუფში ყველა ქვეყნის ფინანსთა სამინისტრო [და შინაგან საქმეთა სამინისტროებიც], თავისი იურისდიქციის ფარგლებში, იღებს ინფორმაციის მოკრებისა და გაცვლის; ასევე სანქციების დადების, აქტივების გაყინვის, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების კონფისკაციისა და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების ვალდებულებას.

აშშ–ის მთავრობასა და უცხოელ პარტნიორებს შორის თანამშრომლობამ შედეგიც გამოიღო – სანქცირებულთა სიაში მყოფი ფიზიკური და იურიდიული პირების ასეულ მილიონობით დოლარის ღირებულების გემები დააპატიმრეს.

„ჩვენ ყველა ზომას მივიღებთ მათ წინააღმდეგ, ვისი დანაშაულებრივი ქმედებები რუსეთის ხელისუფლებას უკრაინის წინააღმდეგ უსამართლო ომის წარმოების საშუალებას აძლევს” – განაცხადა მერიკ გარლანდმა.

აშშ–ის იუსტიციის სამინისტროს მიერ 2 მარტს შექმნილი მიზნობრივი ჯგუფი სახელად KleptoCapture (კლეპტოდამჭერი), რომელიც REPO–ს საერთაშორისო ძალისხმევას მხარს უჭერს, ორგანიზაციას პროკურატურის რესურსებით სანქციების დამრღვევთა გამოსავლენად დაეხმარება. პასუხისგებაში ასევე მიეცემიან ისინი, ვინც გახდება დამხმარე თუ შუამავალი სანქციების ქვეშ მყოფთა აქტივებისა და სხვა უკანონო სახსრების გადაადგილებაში.

გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტრომ გამოაცხადა ჯილდო იმათთვის, ვინც წარადგენს ინფორმაციას, რასაც მოჰყვება პიროვნების ანდა აქტივების დაპატიმრება; ან იმ აქტივების კონფისკაცია, რომელიც უცხო კორუმპირებულ მთავრობებს, მათ შორის, რუსეთის ფედერაციას, უკავშირდება. ჯილდოს გაცემაზე პასუხისმგებელია ტერორიზმთან ბრძოლის სამმართველო და აშშ–ის ფინანსური დაზვერვა იუსტიციის, ადგილობრივ და ფედერალურ სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად. ნებისმიერს, ვისაც აქვს მსგავსი ინფორმაცია, შეუძლია მიმართოს სამიზნე ჯგუფს შემდეგ მისამართზე Kleptocracy_Rewards@Treasury.gov ანდა დარეკოს ნომერზე 1 202-622-2050.

ფინანსთა სამინისტრომ ასევე წარადგინა სანქცირებულთა 28-კაციანი ჯგუფი, რომელიც იწყება ბაბაკოვ–ბორტნიკოვ–დერიპასკათი და უსმანოვ–ვეკსლებერგ– ზოლოტოვით მთავრდება.

აშშ – ის სახელმწიფო უწყებები ამერიკულ კომპანიებისთვის ქმნიან ვებ და სხვა პლატფორმებს, ასევე რესურსცენტრებს, სადაც დაინტერესებულ პირებსა თუ კომპანიებს შეუძლიათ სანქცირებულთა სიები ნახონ და ამგვარად თავი დაიზღვიონ იურიდიული თუ ფინანსური პრობლემებისგან. ამგვარი რესურსი შექმნილია აშშ-ის კონგრესშიც (Congressional Research Service), სადაც სანქცირებულთა შორის არიან მაგნიცკის სიის აქტორებიცა და კიბერშეტევების ჩამდენნიც.

აშშ–ის სავაჭრო პალატამ გამოაქვეყნა პირდაპირი ტექსტით გაფრთხილება იმათთვის, ვინც სანქციებში მოყოლილ კომპანიებთან ბიზნესურთიერთობებს გააბამს. ფაქტობრივად, ამ სანქციათა უმეტესობა 2014 წელს, ყირიმის ანექსიის პასუხადაა მიღებული და ამა წლის 3 მარტსაა განახლებული.

„აშშ–ის კომპანიებმა უნდა იცოდნენ, რომ აშშ-ი აწესებს სანქციებს რუს ფიზიკურ პირებზე, ორგანიზაციებსა და ხომალდებზე პასუხად რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიაზე, უკრაინის აღმოსავლეთით შეჭრაზე, არჩევნებში ჩარევაზე, ბოროტი განზრახვის კიბერსაქმიანობაზე, ადამიანის უფლებების შელახვაზე, ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, იარაღის გავრცელებაზე, ჩრდილოეთ კორეასთან უკანონო ვაჭრობაზე, სირიისა და ვენესუელის მხარდაჭერაზე. დამატებითი სანქციები დაწესდა იმ რუსი ფიზიკური პირების, ორგანიზაციებისა და ხომალდების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ გაზსადენის – Nord Stream – 2 ის პროექტებში, თუმცა აშშ–მ შარშან მოუხსნა სანქციები როგორც გაზსადენ Nord Stream – 2 AG, კომპანიას, რომელიც Nord Stream-2-ის (გერმანია) უკან დგას და, ასევე, მის აღმასრულებელ დირექტორს.

დოკუმენტში ასევე ასახულია აშშ-ის მიერ დადგენილი ფაქტი: 2020 წლის აგვისტოში ალექსეი ნავალნიზე თავდასხმისას რუსეთმა ქიმიური იარაღი გამოიყენა, რის გამოც ამოქმედდა CBW Act-ი (ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის კონტროლისა და ელიმინაციის აქტი). ამის შედეგად პრეზიდენტს მოეთხოვა შეეწყვიტა რუსეთისთვის დახმარების დიდი ნაწილი, იარაღის მიყიდვა, კონტროლირებად პროდუქტებზე და მომსახურებაზე საექსპორტო ლიცენზიების გაცემა და ა.შ. სანქციების მეორე რაუნდი 2021 წლის აგვისტოში განახლდა.

რუსეთში მოქმედმა ათობით ამერიკულმა კომპანიამ: American Airlines, Delta Airlines, Alaska Airlines, Mcdonald’s, Coca-Cola, Pepsy-Cola, Stabucks, Disnay, Netflix, Papa John’s, Airbnb, Uber, eBay, Etsy, Electronic Arts და ა.შ. შეწყვიტეს თავიანთი საქმიანობა.

****

24 თებერვალს, როცა თაიმს სკვერზე ომის გასაპროტესტებლად უკრაინელები შეიკრიბნენ, ნაცნობ – უცნობებს მეორე დღის საღამოს, “კარნეგი ჰოლთან” (სადაც ვენის ფილარმონიის კონცერტისთვის ვალერი გერგიევს უნდა ედირიჟორა, ხოლო დენის მაცუევს ფორტეპიანოზე დაეკრა) გასამართ საპროტესტო აქციაზე “ვეპატიჟებოდი”, მბჟუტავი იმედი მქონდა, რომ ეს თითქმის 150 წლის “მუსიკალური ჰოლი” და ლინკოლნ – ცენტრიც პუტინისტი კულტმუშაკების კონცერტებს თავის დარბაზებში არ დაუშვებდა. და მართლაც, ომის დაწყებისთანავე “კარნეგი ჰოლის” ადმინისტრაციამ, როგორც იქნა, მიიღო გადაწყვეტილება და გერგიევი “დააქენსელა”.

ყირიმის ანექსიის შემდეგ (511 რუსმა ხელოვანმა ყირიმის ანექსიას მხარი ოფიციალური ხელმოწერებით დაუჭირა) ნიუ იორკში მცხოვრები უკრაინელების საინიციატივო ჯგუფი Signerbusters რუსეთის მოქალაქე პუტინისტ იმ არტისტებს, რომლებსაც ნიუ იორკი მასპინძლობდა, საპროტესტო პიკეტირებას ახვედრებდა. სულ ხუთი (მათ შორის, ერთი სამი თვის ბავშვი) ქართველი ვიყავით, ვინც რუსი სამხედროების მიერ უკრაინის თავზე მალაიზიური სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდების ტრაგედიიდან მეორე დღეს ლინკოლნ – ცენტრში რუსეთის სახელმწიფო “ბალშოი თეატრის” კონცერტს ვაპროტესტებდით.

საქართველოს, უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მიუხედავად, აშშ–ის ქალაქების საკონცერტო დარბაზები პუტინის ფავორიტ არტისტებს მაინც ეთმობოდა. არტისტებს ვინღა ჩიოდა, “აეროფლოტი” დაფრინავდა და რუსეთი დასავლეთისგან იარაღს ყიდულობდა.

ასეა თუ ისეა, ომის დაწყებიდან პირველსავე დღეს თეთრი სახლის “სტეიტმენტებმა” და საზოგადოების აღშფოთებამ შეცვალეს საკონცერტო მენეჯერების განწყობები. მეტროპოლიტენ ოპერამ პუტინის მხარდამჭერ არტისტთან, ანა ნეტრებკოსთან კონტაქტი შეაჩერა და იგი უკრაინელი სოპრანოთი, ლუდმილა მონასტირსკაიათი ჩაანაცვლა. მანამდე კი “მეტოპერამ” ნეტრებკოს მოსთხოვა პუტინის მხარდაჭერაზე უარი საჯაროდ ეთქვა. მან ეს დირექტივა არ დააკმაყოფილა და ამიტომ პუჩინის “ტურანდოტიდან” და ვერდის “დონ კარლოსიდან” მოიხსნა.

“ანა მეტროპოლიტენის ისტორიაში ერთ–ერთი უდიდესი მომღერალია, მაგრამ როცა პუტინი უდანაშაულო უკრაინელებს კლავს, სხვა გზა არ არსებობს” – განაცხადა “მეტოპერის” დირექტორმა პიტერ გელბმა.

ომის დაწყებიდან მეორე დღეს დანიაში მყოფებმა ანა ნეტრებკომ და მისმა მეუღლემ ტენორმა იუზიფ აივაზოვმა უსაფრთხოების გამო კონცერტის გადატანის შესახებ განაცხადეს და თან დააყოლეს, რომ “ახლა მუსიკის დრო არაა, არამედ დაფიქრებისა და ლოცვის”.

ნიუ იორკში კი არც ვენის ფილარმონია დარჩა უდირიჟოროდ და არც “კარნეგი ჰოლი” – მოგების გარეშე. გერგიევი წარმატებით ჩაანაცვლა კანადელმა დირიჟორმა იანეკ ნეზეკ – სიგუემმა, ხოლო მაცუევი – ჩინელმა სონ ჯინ–ჩომ.

აუქციონის სახლებმა, როგორიცაა ელიტარული Christie’s-ი, Sotheby’s-ი და Bonhams-ი, რომლებიც პუტინისტი ოლიგარქების ფულის გლამურულ სამრეცხაოდ გადაიქცნენ, განაცხადეს, რომ აღარ მოაწყობენ რუსული ხელოვნების ნიმუშებით ვაჭრობას და შესაბამისად რუსული ხელოვნების კვირეულების ხანა ამ ეტაპზე დასრულდა.

რუსი ოლიგარქები დღე და ღამე მხოლოდ ხომალდების, საფეხბურთო გუნდების ყიდვითა და პუტინთან მეგობრობით არ არიან დაკავებული. მაგალითად, რომან აბრამოვიჩმა 22 მილიონად ლუსიენ ფროიდის “ზედამხედველის ძილის სარგებელი” და 56 მილიონად – ფრენსის ბეკონის “ტრიპტიხი” 2008-ში, საქართველოზე თავდასხმის მზადებისა და ოკუპაციის წელს იყიდა.

2014 –ში, ყირიმის ოკუპაციისა, დონეცკსა და ლუგანსკში ომის დაწყების შემდეგ, ზუსტად მას მერე, რაც აშშ–მ სანქციები პუტინის ძმაკაცებს, რუს ოლიგარქებს: არკადი და ბორის როტენბერგებს დაუწესა, ძმებმა ნიუ იორკში 18 მილიონი ფუფუნების საგნებზე დახარჯეს. ამ თანხიდან 14 მილიონით ათი შედევრი იყიდეს, მათ შორის, ჯორჯ ბრაკის “ნატურმორტი”, მარკ შაგალის “ქალი და ბავშვი” და რენე მაგრიტის “გულმკერდი”. მაგრიტის ეს ნახატი სხვადასხვა ფერის “წაქცეული” შენობების გროვაა და შორიდან დანგრეული სახლის აგურებს ჰგავს.

რენე მაგრიტი – „გულმკერდი“

2020-ში ამერიკის სენატმა გამოაქვეყნა 150 გვერდიანი ანგარიში, სადაც ამერიკული სახელოვნებო ბაზარი გამოცხადებულია “აშშ–ში ყველაზე არარეგულირებად ლეგალურ დარგად”.

ამ ანგარიშის ერთ–ერთი ავტორის, დემოკრატი სენატორის ტომ კარპერის განცხადებით: “შემაშფოთებელია და სრულიად მიუღებელია, რომ საღი აზრის წესები, რომელიც შემუშავებულია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დამფინანსებელთა წინააღმდეგ, არაა ქმედითი, როცა ვიღაც ხელოვნების მრავალმილიონიან ნაწარმოებს ყიდულობს.

შედეგად დამნაშავეებს, ტერორისტებსა და მდიდარ რუს ოლიგარქებს, როტენბერგების მსგავსად, აქვთ იმის საშუალება, რომ არარეგულირებადი არტ ინდუსტრია გამოიყენონ და გამოიყენონ, ასევე, უძრავი ქონება და სხვა ინვესტიციები თავისი აქტივების დასაფარად, ფულის გასათეთრებლად და სანქციებისგან თავის დასაღწევად. სამწუხაროდ, ჩვენი უუნარობა აშშ –ის სანქციებს, როგორც ნაციონალური უსაფრთხოების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, უფრო ნაკლებად ეფექტურს ხდის, ვიდრე შეიძლება ყოფილიყო”.

პუტინი და ძმები როტენბერგები

ნიუ იორკში არაერთმა ალკოჰოლური სასმელებით მოვაჭრე მაღაზიამ თუ რესტორანმა უარი თქვა რუსული “ვოდკის” გაყიდვაზე, ხოლო ამერიკაში ე.წ. რუსი ინტელიგენციის თავშეყრის ადგილმა, “კარნეგი ჰოლის” გვერდით არსებულმა რესტორანმა “რუსკი სამოვარ” (1986) პუტინის ბიუსტი დარბაზის დიზაინიდან მოაშორა და უკრაინული დროშა გამოკიდა. ახლა რესტორანი უკრაინელების დასახმარებლად ფულს აგროვებს და პარალელურად უკრაინელ–რუსი თანამშრომლის ახლობლების ხარკოვში დაღუპვას გლოვობს.

რესტორან „რუსკი სამოვარის“ კარი ნიუ იორკში.

ამასობაში აქა–იქ აშშ–ში მაკარტიზმის აღორძინების ნიშნებზე ალაპარაკდნენ. Finencial Time-ისთვის მიცემულ ინტერვიუში წარმატებული საერთაშორისო კარიერის მქონე რუსმა პიანისტმა ალექსანდრე მელნიკოვმა მაკარტიზმზე ქარაგმით განაცხადა: „მე ვიცი, როგორაა მოწყობილი ჩემი ქვეყანა. როცა რუსებს კედელთან მიიმწყვდევენ, ისინი ხელმძღვანელობის გარშემო უფრო მჭიდროდ ერთიანდებიან”.

ნიუ იორკი, მეტადრე კი ბრუკლინი, სავსეა უკრაინული სიმბოლიკით. დროშები ეკლესიებზე, ფანჯრებზე, აივნებზე, მაისურებზე, მანქანების სალონებში და გარეთ, თაიმს სკვერზე და მაღაზიის ვიტრინებზე, პირბადეებზე და სარეკლამო ტაბლოებზე. ჩემი არაქართველი ნაცნობები მირეკავენ, მწერენ, მკითხულობენ და ჰგონიათ, რომ ჩემ სამშობლოშია ომი, რადგანაც ოდესღაც, ალბათ, მოვუყევი “ერთმორწმუნეს” ჩვენდამი სისხლიან “სიყვარულზე”. ისინი უკრაინასა და საქართველოს ვერ არჩევენ.

არც გადამირწმუნებია.

მეც ვადასტურებ, რომ კი, ფაქტობრივად, ჩვენთანაა ეს ომი; რომ ჩემები გადარჩნენ, უსაფრთხო ალაგს არიან, მაგრამ ამას გადარჩენა არ ჰქვია … დავიღალე იმის ახსნით და თან აზრსაც ვერ ვხედავ, რომ ნატოს წევრი რომ ვყოფილიყავით, ახლა მისასამძიმრებელი არაფერი იქნებოდა, არც სანქციებზე მოცდებოდა საქმიანი დასავლეთი; რომ არა დუმილით თუ “ბაბაიას” ძახილით წახალისების ჩვევა, “პანამის დოკუმენტების” (2016) ავტორებიც კმაყოფილები იქნებოდნენ და იქნებოდა სამართალს ერთხელ მაინც ეს სანატრელი პური ეჭამა. ამ სამართლის მაძიებელთა სიცოცხლეშივე. დანაშაულებრივი გზით გამდიდრებულთა ოფშორებისა და ფულის სამრეცხაოს პატრონების სახელ–გვარები ყველამ კი გაიგო, მაგრამ შედეგი?

და რახან ისტორიას არ უყვარს კავშირებითი კილო – რა და როგორ იქნებოდა, სხვაგვარად რომ ყოფილიყო; სხვაგვარად რომ რეაგირებდნენ ისინი, ვისაც რეაგირება ევალებოდა… ამიტომ დღეს, ისევე როგორც გუშინ, ამ წიაღსვლებს აზრი აღარ აქვს ანდა უიმედოდ დაგვიანებულია.

მეკითხებიან ჩემი ნაცნობები:

–  „რუსებმა სამშობიარო მართლა დაბომბეს?“ – კი – მეთქი, მართლა.

–  „თეატრი, რომელსაც ეწერა, რომ იქ ბავშვები არიან, მართლა დაბომბეს?“ – კი, მართლა.

–  „ცის ჩაკეტვა გადაგარჩენდათ?”  – კი, კი – ვეუბნები, გადაგვარჩენდა.

–  „მეტი იარაღი და ლოცვა ხომ გიშველით?” – კი, კი – ვეუბნები, გვიშველის.

–  „ბოროტი რომ დამარცხდება, ხომ იცი?” – ალბათ, კი – მეთქი, ვპასუხობ…