უკრაინაში ომის დაწყებამ ერთი ხარკოველი მუსიკოსის საკონცერტო დრო, სცენა და რეპერტუარი დრამატულად შეცვალა. როცა საჰაერო განგაშის სიგნალები მიწყნარდებიან, უკრაინელ ვიოლონჩელისტს, დენის კარაჩევცევს თავისი მშობლიური ხარკოვის დანგრეული, დაბომბილი შენობების წინ სკამი მიაქვს და ბახის ნაწარმოებების შესრულებას იწყებს. ამბობს, რომ ამით იგი ქალაქს აცოცხლებს და აჩვენებს, რომ ცხოვრება, ყველაფრის მიუხედავად, მაინც გრძელდება.
პირველად, როცა გაშავებული ქვებისა და დანაწევრებული რკინაბეტონის გროვების წინ ვიოლონჩელით ადამიანის ფოტო დავინახე, მერე კი მუსიკასაც მოვუსმინე, უფრო „მოვკვდი“, ვიდრე – „გავცოცხლდი“. მარტივი არ იყო ოპტიმისტურ გზავნილად აღმექვა ომისა და ჩელოს სოლოს, სიკვდილისა და სიცოცხლის სიმბოლოების ზღვრული სიახლოვე. ეს ომი მაშინაც “გავიგონე”, როცა ლვოვში, სასტუმროში Urban Hotel-ში მყოფ დენისთან საუბრისას საჰაერო განგაშის სიგნალი გავიგონე, ვთხოვე საუბარი შეგვეწყვიტა და უსაფრთხო ადგილას გადასულიყო. მაგრამ, არა, არ მეშინიაო, მივეჩვიეო – მითხრა.
კიევში კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ დენის კარაჩევცევი ხარკოვში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო. ასწავლიდა სამუსიკო სკოლაში, ოპერის თეატრში, კონსერვატორიაში და თავის ცხოვრებას საყვარელ ხარკოვს უკავშირებდა. გასტროლებით მსოფლიოს 25 ქვეყანაში იმოგზაურა და ყოველთვის თავის ბავშვობის ქალაქს უბრუნდებოდა.
„როცა 24 თებერვალს ომი დაიწყო, ცხადია, პირველი განცდა რაც გამიჩნდა – სამშობლოს დახმარება იყო“ – მიყვება დენის კარაჩევცევი, „– მერე კი ისიც მოვიფიქრე, თუ როგორ უნდა დავხმარებოდი.
მინდოდა მეჩვენებინა, თუ რა ხდება ჩემ მშობლიურ ხარკოვში, როგორ ინგრევა ქალაქები, შენობები, უნივერსიტეტები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ამავე დროს ეს ჩემი გზავნილი იმაზეც იყო, რომ ჩვენ, ხარკოველებს, ხარკოვში ცხოვრების არ გვეშინია, რომ ჩვენ საქმეს მაინც ვაკეთებთ და გავაკეთებთ.
- როგორ შეარჩიეთ კომპოზიტორი და ნაწარმოები?
ავირჩიე ბახის ნაწარმოებები, მისი ციკლი ვიოლონჩელისთვის – სოლო და მეხუთე სიუიტა. ბახის მუსიკა სულიერი მუსიკაა, მასში ბევრი აზრი და განცდაა. ბახის მეხუთე სიუიტა კი ყველაზე დრამატულია. არსებობს თეორია, რომ ეს ნაწარმოები ქრისტეს ცხოვრებასთანაა გათანაბრებული. სიუიტაში ყველაზე დამთრგუნველი მომენტი ქრისტეს ჯვარცმაა.
- თქვენი დანახვისას სასოწარკვეთამ მომიცვა. მითუმეტეს, როცა ბახი მოვისმინე…
ჩემი აზრით, ამ მუსიკაში არა მარტო სასოწარკვეთა და ტრაგიზმია, არამედ – იმედიც და აღდგომის მოლოდინიც. ჩვენ მომავალში ყველაფერს აღვადგენთ.
- შენობებს როგორ არჩევდით?
ყველა ხარკოველმა იცის ეს შენობები. მათ გვერდით მე ვსწავლობდი ან ნამყოფი ვარ. ამ შენობებს ჩემი პირადი, კარგი მოგონებები უკავშირდება. პირველი ვიდეო, რომელიც გავრცელდა, გადაღებული იყო იმ საოპერო შენობასთან, სადაც მე ვმუშაობ. იქვეა მოედანი – ქალაქის სიმბოლო, მისი არქიტექტურული ნიშანი, ჰქვია “სარკისებრი ჭავლი”. იგი გამარჯვების სიმბოლოა.
- ხარკოვი, ალბათ, მაგ დროს ცარიელი იყო…
როცა ვიღებდით, ადამიანები გარშემო არ იყვნენ, ცუდი დრო იყო, საშიში. ადამიანებს გარეთ გასვლის ეშინოდათ. ინსტრუმენტზე დაკვრის აზრი კი სწორედ ის იყო, რომ ადამიანებს შიში დაეძლიათ და მათ შიშის დაძლევაში დავხმარებოდი. ახლა მეტი ხალხია ქუჩაში, თუმცაღა, ცხადია, რეკომენდებულია, რომ ყველა უკრაინის ხელისუფლების მითითებებს უნდა დაემორჩილოს.
მე და ჩემი ოპერატორი და ფოტოგრაფი ალექსანდრე ოსიპოვი ცარიელ ქუჩებში დავდიოდით, ვიღებდით და პოსტებს სოცმედიაში განვათავსებდით.
ვირჩევდით იმ ადგილებს, სადაც ადრე ვუკრავდი და მოგონებები მაკავშირებს.
რამდენიმე წლის წინ ხარკოვის მართვის აკადემიაში კონცერტი მქონდა. ახლა კი იგი ნანგრევებადაა ქცეული.
გადაღებების დაწყებამდე ალექსანდრე ოსიპოვთან მიმოწერა მქონდა, ერთმანეთს ვატყობინებდით თუ ვის და სად სჭირდებოდა დახმარება, სად ისმის სროლის ხმა, ვის სჭირდება ფული და ა.შ. სწორედ ამ საუბრებისას დაიბადა ნანგრევების წინ ვიოლონჩელზე დაკვრის იდეა.
ჩემი კოლეგების, ახლობლების სახლები დაინგრა. ჩემი მეგობრების ნათესავები დაიღუპნენ… ეს მუსიკა შეიძლება დაეხმაროს მათ, ვინც ახლობლები დაკარგა. მუსიკა ხომ თანამგრძნობია, იგი ადამიანს ძალას მატებს. მუსიკა ნორმალური ცხოვრების ელემენტია და ჩვენ გვინდა, რომ ადამიანებს სწორედ ამ ნორმალურობის “გამოყენებით” დავეხმაროთ.
- ნორმალურობის განცდის დაბრუნება რთულია, როცა მიწისქვეშა თავშესაფრიდან გამოსული ამდენ უბედურებას ხედავ…
30 მარტს ხარკოვის მეტროში ჩვენმა კვინტეტმა (იგი უკრაინის მუსიკალური ფესტივალის დროს შეიქმნა) ცოცხალი მუსიკა დაუკრა. ისმოდა როგორც კლასიკა, ასევე – ფოლკლორი. კონცერტს ერქვა “კონცერტი აფეთქებებს შორის”. ჩვენი კვინტეტი ცდილობს მუსიკით გაამხნეოს უკრაინელები თუ საავადმყოფოებსა თუ თავშესაფრებში.
- თქვენი ქალაქი ჩემთვის ძვირფასია თუნდაც იმით, რომ ხარკოვის გენდერული სკოლა პოსტსაბჭოთა პერიოდში ყველაზე ძლიერი იყო, საინტერესო ჟურნალიც გამოდიოდა. 2002-ში კი ქალთა კონფერენციაზეც გახლდით. ხარკოვის ნანგრევების ყურება ჩემთვის ძალიან მტკივნეულია.
ჰო, ახლა ეს ცოცხალი ქალაქი ქალაქ–ნანგრევად გადაიქცა. რამდენჯერმე ჩემთან ახლოს საარტილერიო სროლა იყო, ჩვენკენ წამოსული რაკეტებიც დავინახე. საშინელი განცდა დამეუფლა. მიხარია, რომ უკრაინაში საჰაერო განგაშის სიგნალი მუშაობს და სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია…
ომი სამი თვეა მიმდინარეობს. ომის არეალი უფრო და უფრო ფართოვდება, ადამიანები გმირობის მაგალითებს აჩვენებენ.
ლვოვში, სადაც აღმოსავლეთ უკრაინიდან ბევრი დევნილია, იმისთვის ჩამოვედი, რომ უკრაინული ფილმის (ფილმი უკრაინელ აჯანყებულზე, ალექს დოკუშზეა) საუნდტრეკი ჩავწერო. ლვოვში შედარებით სიმშვიდეა, თუმცა საჰაერო განგაშის ხმები ხშირია. რახან აქ მეტრო არაა, განგაშის სიგნალების გაგონებისას ხალხი მიწისქვეშა სარდაფებსა და საკუჭნაოებში იმალება. ქუჩებში ბევრი მანქანაა და გადაადგილება ჭირს.
- ეს ომი პირადად თქვენზე როგორ აისახა?
პირველი ორი კვირა ძილის რეჟიმი სრულად დამერღვა, სიზმრებიც დაბომბვისა და ომის თემაზე მქონდა… აბა, სხვაგვარად როგორ ვიქნებოდი, როცა ბომბები თავზე გვაცვივა. ახლა დეპრესია არა მაქვს, რადგანაც თავიდანვე საქმით დავკავდი…
ძალიან რთულია, როცა ამ ომს დამკვირვებლის სტატუსით უყურებ, მაგრამ როცა რაიმეს აკეთებ, განწყობა გეცვლება. ჩემი მანქანით ადამიანები, ავადმყოფები გადამყავდა; მიმქონდა საკვები, წამლები იქ, სადაც სჭირდებოდათ. საქმის კეთება საკუთარი თავის შენარჩუნებაში გეხმარება.
- რუსი კოლეგები თუ შეგეხმიანნენ?
პირველ დღეებში მომიკითხეს, აინტერესებდათ თუ როგორ ვარ, მერე დაიკარგნენ. მათთვის უკრაინაში ომი არ გახდა აზროვნებისა და განცდების მთავარი თემა.
არიან ადამიანები, რომლებიც თავისი “ბაბლიდან” ვერ გამოდიან და ყოველგვარ გამართლებას მოუძებნიან ომს, წაყრუების პოზიციასაც… და ასე გაატარებენ მთელ ცხოვრებას.
ხანდახან ვფიქრობ, რომ გერგიევისა და ნეტრებკოს მსგავს არტისტებს ფსიქიკური პრობლემები მართლა აქვთ, ავად არიან. აბა, ნორმალური ფსიქიკის მქონე უდანაშაულო ადამიანების ხოცვას როგორ უნდა ემხრობოდეს?!
- კომპოზიტორი ან რეჟისორი რომ იყოთ, ახლა როგორ ნაწარმოებს შექმნიდით/ფილს გადაიღებდით?
მე ვარ კომპოზიტორი. უკვე გამოვუშვი ჩემი მუსიკალური ჩანახატების მინი – ალბომი სახელწოდებით – „ომის სიმღერები”. სწორედ იმ მუსიკით, რომელიც ომის დროს დავწერე. ხარკოვში საჰაერო განგაშის სიგნალებს შორის იმპროვიზაციებს ვქმნიდი. ალბომი სხვადასხვა ციფრულ პლატფორმებზეა გაგზავნილი და მისი მოსმენაც შესაძლებელია. ალბომი არის რეფლექსიები მიმდინარე მოვლენებზე, მუსიკალური ჩანახატები ომზე…
ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ რეალობა უფრო მეტადაა მხატვრული ფილმი, ვიდრე – ადამიანის ფანტაზიის მიერ შექმნილი სურათი. თუ ფილმს გადავიღებდი, ეს იქნებოდა ფილმი ჩემ ხარკოვზე და ხარკოველებზე. ერთხელ კიევიდან ხარკოვში მატარებლით ვბრუნდებოდი. ვაგონში სულ ორი ადამიანი ვიყავით და გამცილებელმა მკითხა, დაბომბილ ქალაქში რატომ ბრუნდებიო.
ხარკოვში თავისუფალი ადამიანები ცხოვრობენ. მათ არ ეშინიათ, მათ უყვართ თავიანთი ქალაქი. გადავიღებდი იმას, თუ როგორ იმოქმედა ხარკოველებზე ამ ომმა; რას გრძნობენ ახლა; როგორ წარმოუდგენიათ ჩვენი ქალაქის ნანგრევებიდან გაცოცხლება. როგორ მინდა მალე დამთავრდეს ეს ომი, როგორი იმედი მაქვს, რომ მალე უკრაინაში მშვიდი ცხოვრება დაისადგურებს.