გია მარიამიძის ბლოგი | |

რუსული სამხედრო გემი

რუსული სამხედრო გემი

„2022 წლის 24 თებერვალს მსოფლიო ახალ რეალობაში აღმოჩნდა“, „არსებული მსოფლიო წესრიგი შეირყა“ – ამ უკვე ბანალურ ჭეშმარიტებად ქცეულ ფრაზებს ხშირად ვისმენთ და ვიმეორებთ. სიცხადისთვის, კიდევ ერთხელ გავიაროთ და გავერკვეთ, თუ რა მსოფლიო წესრიგი არსებობდა უკრაინაში ომის დაწყებამდე.

ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, ათვლის წერტილად პირველი მსოფლიო ომი ავიღოთ. დიდი ომის დამთავრების შემდეგ ევროპული იმპერიები ინგრევა და პოლიტიკურ რუკაზე მათ ადგილს ნაციონალური სახელმწიფოები იკავებენ. ოსმალეთის და ავსტრია-უნგრეთის იმპერიები ასპარეზიდან საბოლოოდ მიდიან. გერმანიასა და უკვე გასაბჭოებულ რუსეთში, ამ ქვეყნებისგან განსხვავებული პროცესები იწყება. რუსეთი ტერიტორიულ ექსპანსიას იწყებს, „დაკარგულ“ მიწებს იბრუნებს და იდეოკრატიულ იმპერიად ყალიბდება. ომში დამარცხებულ და „ვერსალის ზავის“ დამამცირებელი პირობებით განაწყენებულ გერმანიაში რევანშისტული მოძრაობა ფეხს იკიდებს და ხელისუფლებაში ნაციონალ-სოციალისტური პარტია მოდის. დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და სხვა ევროპული სახელმწიფოები ზღვებისა და ოკეანეების გადაღმა კოლონიებს ინარჩუნებენ.

იმდროინდელი მსოფლიო წესრიგი ნაირ-ნაირ გეოპოლიტიკურ ხედვებსა და თეორიებზე იყო დაფუძნებული. დიდი სახელმწიფოები დანარჩენ მსოფლიოს გავლენის სფეროებად იყოფდნენ და პატარა ქვეყნებს საკუთარი ბედის განკარგვის უფლება არ ჰქონდათ. 1918-21 წლებში არსებული ქართული სახელმწიფოც ამ უსამართლო წესრიგის მსხვერპლი გახდა.

საერთაშორისო ურთიერთობებში ახალი თამაშის წესების დადგენა, როგორც წესი, დიდი ომების შემდეგ დადებული ხელშეკრულებების მიხედვით ხდება. ვერსალის ხელშეკრულების შემდგომმა წესრიგმა მცირე ხანს იარსება და კაცობრიობა ახალ, მეორე მსოფლიო ომში ჩაება.

ომში გამარჯვებული ქვეყნები მალე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და მსოფლიო ორ, დემოკრატიული და ტოტალიტარული სისტემებით მართულ ბანაკებად დაიყო.

საქართველო, მისთვის უკითხავად, ტოტალიტარული  ბანაკის მცირე ნაწილი იყო. ორ სისტემას შორის გამართულ ე.წ. ცივ (და პერიოდულად ცხელ) ომში თავისუფალმა სამყარომ გაიმარჯვა. ამა წლის 24 თებერვლამდე სწორედ ამ ეპოქალური მოვლენების შედეგად ჩამოყალიბებულ მსოფლიო წესრიგში ვცხოვრობდით. ამ წესრიგს საფუძვლად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დადებული იალტა-პოტსდამის ხელშეკრულებები და ცივი ომის შემდგომ დამკვიდრებული თამაშის წესები დაედო. მსოფლიოს ამგვარ ახლებურ  მოწყობას ლიბერალურ-დემოკრატიული წესრიგი ეწოდა.

საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნებისთვის ეს პერიოდი უაღრესად ხელსაყრელი იყო. მცირერიცხოვან ერებს საკუთარი გზის არჩევის და პოლიტიკურ რუკაზე თავის დამკვიდრების საშუალება მიეცათ. დიდი ქვეყნების მხრიდან მცირე ქვეყნებზე გავლენა, რა თქმა უნდა, არსად გამქრალა, მაგრამ თვითნებურად საზღვრების შეცვლა, მეზობელი თუ შორეული სახელმწიფოების დაპყრობა და მათი მიწების მიტაცება დაუშვებელი გახდა.

თანამედროვე სამყაროში ძლიერი ქვეყნები ე.წ. რბილი ძალის – ეკონომიკის, ბიზნესის, ვაჭრობის, მიმზიდველი კულტურის გავრცელების გზით დომინირებენ. შედეგად, პატარა სახელმწიფოებს არსებობის და არჩევანის უფლება მიეცათ – მათი გადასაწყვეტი გახდა ვისთან იმეგობრონ და რომელ პოლიტიკურ თუ სამხედრო კავშირებს მიუერთდნენ. ამგვარ შესაძლებლობას სწორედ ბევრისთვის საძულველი ლიბერალურ-დემოკრატიული წესრიგი და გლობალიზაცია იძლეოდა.

ცივი ომის შემდგომ საერთაშორისო ურთიერთობებს და გლობალურ თამაშის წესებს ოპონენტები მრავლად ჰყავდა, როგორც პოლიტიკური მსოფლხედვების, ასევე ცალკეული სახელმწიფოების სახით. ერთ-ერთი ასეთი სახელმწიფო რუსეთი იყო.

არჩევანის საშუალება და ალტერნატივების გაჩენა თავისთავად კარგი რამაა, მაგრამ არა ამ შემთხვევაში. რუსეთი დანარჩენ სამყაროს არსებული წესრიგის ალტერნატივას და არა რაიმე ახალს და უკეთესს, არამედ ძველ მსოფლიოში და ველურ გეოპოლიტიკურ თეორიებში დაბრუნებას სთავაზობს, როცა დიდი ქვეყნები ჩვენგან დაუკითხავად ტერიტორიებს და გავლენის სფეროებს ინაწილებდნენ, ჩვენი ხმა და ნება კი უგულებელყოფილი იყო.

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ცივ ომში დამარცხებული რუსეთი ახალ მსოფლიო წესრიგში ადგილის მონახვას და დამკვიდრებას ცდილობდა. შესაბამისად, არსებული თამაშის წესების მიღება-დაცვაც უწევდა. ელცინის დროინდელ რუსეთს (პირობითად 1990-2000-იანი წლები) იმპერიული ვნებები ბოლომდე, რა თქმა უნდა, არ გაჰქრობია. ყოფილ კოლონიებში სეპარატიზმს აღვივებდა, მათ საშინაო საქმეებში უხეშად ერეოდა და ა.შ., მაგრამ იმდროინდელ რუსულ იმპერიალიზმსა და პუტინის რუსეთს შორის პრინციპული სხვაობა მაინც არის.

ელცინის დროინდელი რუსეთი მილევადი, მაგრამ ჯერ კიდევ შემორჩენილი გავლენების შენარჩუნებას ცდილობდა. ეს არ იყო პროაქტიული იმპერიალიზმი. დღევანდელი რუსეთი საზღვრების და გავლენების გაფართოებას ცდილობს. ეს უკვე სხვაგვარი-ექსპანსიონისტური იმპერიალიზმია.

რუსეთის მიერ უკრაინაზე ვერაგული თავდასხმა მხოლოდ ლოკალური მოვლენა არ არის. ამ ომით პუტინი არსებული მსოფლიო წესრიგის დანგრევას, თამაშის წესების შეცვლას, ისტორიის გადაწერას, განვითარების ლოგიკის უკან შებრუნებას და კაცობრიობის წინა საუკუნეში გადასროლას ცდილობს.

რუსეთში ნეოიმპერიალისტური პოლიტიკის აღორძინებას „ობიექტური“ მიზეზებიც აქვს.

ამ ქვეყანამ ბოლო 30 წლის განმავლობაში ფასეული ვერაფერი შექმნა. მაღალ ტექნოლოგიებში და ზოგადად , მაღალი დამატებითი ღირებულების ეკონომიკურ სექტორში დასავლეთს 50 წლით ჩამორჩება და ამ დისტანციის შემოკლებას ვერ ახერხებს. შრომის ნაყოფიერების მაჩვენებლებით შეერთებულ შტატებს ორჯერ, ხოლო ეკონომიკის სიდიდით 14-ჯერ ჩამორჩება. თანამედროვე რუსეთი ვერანაირ მიმზიდველ-კულტურულ, ეკონომიკურ, სოციალურ და ა.შ. ნიმუშებს ვერ ქმნის, მაგრამ ამის მიუხედავად, ზესახელმწიფოდ ყოფნის პრეტენზია აქვს.

როდესაც დანარჩენ სამყაროს ვერაფერს სთავაზობ და კონკურენციაში მარცხდები, ცდილობ, თავი აგრესიული საგარეო პოლიტიკით დაიმკვიდრო. რუსეთი ამჟამინდელ  წარუმატებლობას იმპერიის და გავლენების სფეროების დაკარგვას აბრალებს და გამოსავალს, როგორც თვითონ უწოდებენ, „ამერიკაცენტრისტული“ მსოფლიო  წესრიგის დანგრევაში ხედავს. იმპერიის აღდგენას იარაღის ჟღარუნით და ნაირნაირი რაკეტების დემონსტრირებით ცდილობს, თუმცა, უკრაინის ომმა აჩვენა, რომ დიდად ვერც ამ საქმეში ივარგეს.

უკიდურესი მემარჯვენე პოლიტიკურ მიმდინარეობებში და ნეონაცისტურ ჯგუფებში არსებობს ე.წ. აქსელერაციონიზმის თეორია. ამ თეორიის მიმდევრები მიიჩნევენ, რომ არსებული წესრიგის ლეგალური პოლიტიკური ბრძოლის გზით შეცვლა შეუძლებელია. შესაბამისად, სისტემის დანგრევა ყოფაცხოვრების  კატასტროფიზაციით უნდა მოხდეს. იგულისხმება მასშტაბური ტერორისტული აქტები ატომურ ელექტროსადგურებზე, კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურება, ურბანული საცხოვრებელი პირობების გაუარესება და ბირთვული იარაღით ომიც კი.

ამ აპოკალიფსური სტრატეგიის მიზანი კულტურის გაველურება, სოციალური წესრიგის დეგრადირება, საზოგადოების ტრაიბალიზმში და არქაიკაში დაბრუნებაა. აქსელერაციონისტები მიიჩნევენ, რომ ადამიანი „ბუნებრივ“ მდგომარეობას უნდა დაუბრუნდეს, სადაც ყველა ყველას მტერია და ძლიერი სუსტს ჭამს, ადამიანებს მაღალ მატერიებზე ფიქრის დრო და ენერგია არ უნდა დარჩეთ და მათი არსებობა მხოლოდ ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებამდე უნდა დავიდეს. ნეონაცისტებს მათთვის საძულველი ლიბერალიზმის დამარცხება მხოლოდ ამ გზით ესახებათ. თუმცა, ეს თეორია უკიდურეს მემარჯვენეებშიც კი მარგინალურია.

შეიძლება ითქვას, რომ პუტინი აქსელერაციონისტია. უკრაინაში დაწყებული ომი სწორედ ზემოთ ჩამოთვლილ მიზნებს ისახავს. პუტინის მიზანი მსოფლიო წესრიგის გაველურება და არქაიზაციაა.

საილუსტრაციოდ მარტივი და ამავე დროს ტრაგიკული მაგალითი გამოდგება.

კაცობრიობამ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებში ომის წარმოების უამრავი წესი, კანონი და კონვენცია შექმნა. უკრაინაში შეჭრის შემდეგ ომის წესები რუსეთის მხრიდან დემონსტრაციულად ირღვევა. ჩადენილ დანაშაულებში მხილებულ რუსეთს ყველა შემთხვევაზე სტანდარტული პასუხი აქვს – ეს ყველაფერი „ფეიკია“ და უკრაინას თავს არც კი დავსხმივართო. ევროპის კონტინენტზე აგრესიული ომის გაჩაღება, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ცინიკურად და თავხედურად მეზობელ ქვეყანაზე თავდასხმა, არსებული წესრიგის მოშლის მიზნით მოხდა. ასეთი ქცევით რუსეთი მსოფლიოს ეუბნება, რომ „ამ ქალაქში ყველაფერი მოსულა“.

უკვე აღარავინ იცის რუსეთის თავაშვებულობა სადამდე შეიძლება წავიდეს. დღევანდელი მსოფლიო შეგვიძლია 90-იანების დროინდელ საქართველოს შევადაროთ, როცა კანონები არ მოქმედებდა და ირგვლივ „ბეზპრედელი“ იყო.

თუმცა, ეს მძლავრი მოხუცი, ნეონაცისტებისგან განსხვავებით, ფანატიკოსი არ  არის. პუტინის ბიოგრაფია სწორედ ამაზე მეტყველებს. ადრეულ წლებში, ქალაქ დრეზდენში KGB-ს ხაზით არაფრის მაქნის თანამდებობაზე მუშაობდა. მისი „ბიოგრაფები“ კი იმდროინდელი პუტინისგან ჯეიმს ბონდს სახავენ. შემდეგ პეტერბურგის მერის თანაშემწე იყო და გერმანიიდან გამოგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებას იპარავდა. არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ნარკოტიკების მსხვილი პარტიის რუსეთში შეტანასაც არ თაკილობდა. მოგვიანებით, ელცინის ე.წ. ოჯახმა, პრეზიდენტის თანამდებობაზე შეარჩია. მოკლედ, ჰედონისტი და ცხოვრების მოყვრული კაცია. მისი ახალგაზრდობის დროინდელი მეგობრები პუტინის წყალობით დღეს მილიარდერები არიან. თავისი ყველა საყვარელი მულტიმილიონერი გახადა. ძნელად დასაჯერებელია, რომ ასეთმა ადამიანმა ბირთვული იარაღის ცეცხლში პლანეტის გადაწვა გაბედოს და ზედ თავისი თავიც მიაყოლოს.

სინამდვილეში, პუტინის იმპერიალისტური მანიაკალიზმის მთავარი მიზეზი ბანალურზე ბანალურია. ამ ადამიანის საშინაო თუ საგარეო ასპარეზზე გადადგმული ყველა ნაბიჯი ერთ მიზანს – ხელისუფლების შენარჩუნებას ემსახურებოდა.

პუტინის გაპრეზიდენტების პირველივე დღიდან რუსეთში დემოკრატიული ინსტიტუციები, ისედაც მწირი სამოქალაქო საზოგადოება, მასმედიის საშუალებები და ყველა სხვა ალტერნატიული გავლენის ცენტრები სახელმწიფოს მხრიდან ითრგუნებოდა. თავისუფლების ნგრევის პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ, ორი ათეული წელი გაგრძელდა.

საკუთარ მოსახლეობას მასმედიის პროპაგანდისტული საშუალებებით „ტვინი გამოურეცხეს“ და იმპერიული რესენტიმენტი გააღვივეს. ამ საქმეში დიდი დრო და ფული დაიხარჯა. რიგით რუს ადამიანს შთააგონეს, რომ იმპერიის დანგრევა რუსი ერისთვის ყველაზე დიდი დამცირება და „გეოპოლიტიკური კატასტროფა“ იყო.

თუმცა, იმპერიის აღდგენა პუტინისთვის საშუალებაა და არა თვითმიზანი. დემოკრატიული სტანდარტების უარყოფა და დასავლეთის დემონიზება, აგრესიული საგარეო პოლიტიკა, კონკურენტების მოწამვლა და ოპონენტების მკვლელობები – ეს ყველაფერი ხელისუფლების შენარჩუნების მთავარ მიზანს ემსახურება.

ოპონენტები შეიძლება ფიზიკურად გაანადგურო, განუსაზღვრელი ძალაუფლება მოიპოვო, ყველა გააჩუმო, მაგრამ ბუნების კანონზომიერებებს ვერსად გაექცევი. ბოტოქსის ინიექციები, სახის კანის გადაჭიმვა და თმების შეღებვა დროის დინებას ვერ შეაჩერებს. როგორც ყველა მოკვდავი, პუტინიც ბერდება. 2024 წელს (და მისი გათვლით 2030 წელსაც) ისევ არჩევნები, ჯინაზე ხელახლა აღმოცენებული ახალგაზრდა ოპონენტები, ჯერ კიდევ შემორჩენილი კრიტიკული მედიები, ნაკლებად კონტროლირებადი ინტერნეტი, დასავლეთის მხრიდან საყვედურები მოელოდა. უწინდელი ძალა და მხნეობა კი აღარ აქვს. პუტინმა ერთი ხელის დაკვრით არსებულ მსოფლიო წესრიგთან დამაკავშირებელი ყველა ძაფი გაწყვიტა და ბოლო 80 წლის განმავლობაში ევროპის კონტინენტზე ყველაზე დიდი ომი წამოიწყო. და რაც მთავარია, ამით ქვეყნის შიგნით ყოველგვარი თავისუფლება და განსხვავებული აზრი საბოლოოდ მოსპო.

სოციალური გამოკითხვები აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი უკრაინელი ხალხის თავგანწირულ ბრძოლას სათანადოდ აფასებს. ამ ომში არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს ბედიც წყდება.

რაც არ უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს, ეს საკითხი არა მხოლოდ ქართული სახელმწიფოს მომავალთან, არამედ ქართულ იდენტობასთანაც პირდაპირ კავშირშია. „ქართველობას გვართმევენ“ფანტომური შიშებით შეპყრობილი ადამიანები ქვეყანაში არც ისე ცოტა გვყავს.

მასონებით, რეპტილოიდებით, რეიკით, თბილისის ქუჩებში აღმოჩენილი კატის გამოსახულებებით და სხვა ზღაპრული არსებებით შეშინებულ ხალხს ამჯერად თავი დავანებოთ. შორს წასვლა საჭირო არ არის და იდენტობის დაკარგვის რეალური და ტრაგიკული მაგალითი მეზობელ ჩეჩნეთში შეგვიძლია აღმოვაჩინოთ.

კადიროვის საკუთრებად გადაქცეულ ჩეჩნეთს  ტრადიციონალიზმის და შემონახული რელიგიური ფასეულობების  ნაკრძალად ასაღებენ ხოლმე. სინამდვილეში, დღევანდელ ჩეჩნეთს ამ ქვეყნისთვის დამახასიათებელ ტრადიციულ ყოფასთან საერთო არაფერი აქვს. ჩეჩნეთი ისტორიულად სამხედრო დემოკრატიის ქვეყანა გახლდათ. ყველა შეიარაღებული მამაკაცი იყო თანასწორი თანასწორთა შორის.  ბატონ-ყმობა და ფეოდალური სისტემა არასოდეს ჰქონიათ, დღეს  კი კადიროვს ფადიშაჰად მოიხსენიებენ, ყველა ქუჩაზე მამა-შვილი კადიროვების და პუტინის უშველებელი პორტრეტები უკიდიათ და კერპთაყვანისმცემელ მლიქვნელებად გადაიქცნენ. რიგითი ადამიანები მმართველი კლანის მიმართ მონურ მორჩილებას იჩენენ და ნებისმიერ დამცირებას იტანენ. ერთი სიტყვით, რუსეთმა ჩეჩნებს ჩეჩნობა მართლაც წაართვა.

უკრაინელი ხალხი არა მხოლოდ უკრაინული მიწისთვის, არამედ საკუთარი და ჩვენი თავისუფლებისთვისაც იბრძვის. როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური-ეროვნული თავისუფლებისთვის. ეს ხშირად გამეორებული სიტყვები სადღეგრძელო და ყალბი პათეტიკა არ არის, მწარე და ტრაგიკული რეალობაა.

ძველ მსოფლიო წესრიგში დაბრუნების შემთხვევაში რუსეთი სამხრეთ კავკასიას, რა თქმა უნდა, თავის საკუთრებად გამოაცხადებს. როგორც პუტინი იტყვის ხოლმე – „საქართველო ისტორიული რუსეთის ტერიტორიაა“.  ქართველი კადიროვის მოძებნა კი არ გაუჭირდებათ. ახლახან აღმოცენებულ ალტ-ინფოსა თუ უკვე მოყირჭებულ პრორუსულ ძალებში აღმოსავლური დესპოტის როლის შემსრულებელ კლოუნებს იოლად იპოვიან. შემდეგ რა შეიძლება მოხდეს რთულად პროგნოზირებადი არ არის.

ყველა რუსული „სიკეთის“ ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მარტივად რომ ითქვას, გაჩნდება ახალი ფეოდალური კლასი. დაახლოებით 10 ოჯახი, რომელიც მთელ ქვეყანას ხელში ჩაიგდებს და მოპოვებულ პრივილეგიებსა და ეროვნულ დოვლათს საკუთარ შთამომავლობას – შვილებს,  შვილიშვილებს, შვილთაშვილებს და ა.შ. გადასცემს.

საქართველო სრულფასოვნად დემოკრატიული ქვეყანა ჯერ კიდევ არ არის. სამართლიანი და თანასწორობის იდეაზე დაფუძნებული სახელმწიფოს შექმნამდე გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ რუსულ სამყაროში თავის გაყოფის შემთხვევაში ეს გასავლელი გზა უბრალოდ ჩაიხერგება. ქართველობის დაკარგვა ამ შემთხვევაში მართლაც რეალობა გახდება.

რაც არ უნდა უცნაური იყოს, ზემოთ ნახსენები,  კადიროვის ჩეჩნეთი, ზოგიერთი ალტერნატიული უნარებით დაჯილდოებული ქართველი ადამიანისთვის ძალიან მოსაწონია. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ კადიროვი ჰომოსექსუალებს წარმატებით დევნის და გაიძახის, რომ „ჩეჩენი გეი, დონ, არ არსებობს, დონ“.  ამავე დროს  პუტინის მეხოტბე რუს ჰომოსექსუალ მომღერლებთან და არტისტებთან მშვენივრად მეგობრობს.

მოკლედ, შინნაზარდი რუსეთუმეებისთვის ქვეყნის ბედი, მომავალი თაობებისთვის დაკარგული პერსპექტივა, ნამდვილი ნაციონალური ინტერესები, ქართველი ერის კოლექტიური საავტორო უფლებების დაკარგვა და მიყრუებულ პროვინციად გადაქცევა – ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია. მთავარია, რომ „ქართველი გეი არ არსებობ(დე)ს“.

პროგრესის, როგორც განვითარების ისტორიული პროცესის არსებობა – არარსებობის თაობაზე კამათი უსასრულოდ შეიძლება. განმანათლებლობის ეპოქის ოპტიმიზმი ჩვენს დროში მეტწილად გაუფერულდა. ადამიანებს აღარ სჯერათ, რომ რაციონალიზმი ცრურწმენებს დაამარცხებს და ადამიანები გონების ძალაზე დამყარებული სოციალური წესრიგის შექმნას მოახერხებენ. ტექნიკური და ტექნოლოგიური პროგრესის არსებობა თავისთავად ცხადია და ეჭვს არ იწვევს, სოციალური პროგრესის შესაძლებლობა კი ეჭვქვეშ დადგა.

ანტიმოდერნულად განწყობილი ადამიანები ამტკიცებენ, რომ სამყაროში არაფერი იცვლება და დღევანდელი საზოგადოებრივი ნორმები იგივეა, რაც დასაბამიდან იყო. ასეთი ხედვა, რა თქმა უნდა, მცდარია. პროგრესის არსებობის გასაზომად საუკეთესო ინდიკატორი ადამიანების ძალადობასთან დამოკიდებულებაა.

არსებობს მეცნიერულად დასაბუთებული მონაცემები, რომ საუკუნიდან საუკუნემდე და წლიდან წლამდე ამ მოვლენის მიმართ დამოკიდებულება უკეთესობისკენ იცვლება,  კრიმინალური, ასაკობრივი თუ სქესობრივი ნიშნით, ოჯახური და ა.შ.  ძალადობრივი შემთხვევები მცირდება. ძალადობრივი მეთოდებით პრობლემების მოგვარება ადამიანებისთვის სულ უფრო მიუღებელი ხდება. უკრაინაში დაწყებული ომი ამ პროცესის ნიველირების მცდელობაც არის. ძველ სამყაროში დაბრუნება სახელმწიფოთა თუ ადამიანებს შორის ძალადობის ნორმალიზებასაც გულისხმობს.

სხვათა შორის,  საქართველოში არსებულმა პრორუსულმა ჯგუფებმა ამ თვალსაზრისით „ევოლუცია“ განიცადეს. წინამორბედი რუსეთუმეები ყოველგვარ ძალადობას გმობდნენ, მაგრამ მაინც ძალადობენ. ბოლო გამოშვების რუსეთუმეები ძალადობენ და ამ საქციელით საჯაროდ ბაქი-ბუქობენ.

მიმდინარე ომის „წყალობით“ უკრაინული ტოპონიმიკა – ქალაქებისა და სოფლების დასახელებები მთელმა მსოფლიომ გაიცნო. რუსეთის მთავარი მიზანი მხოლოდ ამ დასახლებული პუნქტების მიტაცება არ ყოფილა. აგრესიულ ომში იოლი გამარჯვებით რუსეთმა მიზნად უკრაინელი ერის დამცირება და მორალურად გატეხა დაისახა.

პოსტსაბჭოთა სივრცეში უკრაინა პოლიტიკური ნაციის შექმნის თითქმის ერთადერთი წარმატებული მაგალითია, როდესაც განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები უფრო დიდ ერთობად – პოლიტიკურ ერად ყალიბდებიან.

ებრაული წარმომავლობის უკრაინელი ზელენსკი ამის საუკეთესო მაგალითია.

ომის დაწყებამდე პუტინმა უკრაინის საკითხს არაერთი ფსევდოისტორიული ტიპის სტატია მიუძღვნა. ამ ტექსტებიდან ჩანდა, რომ პუტინი თვითკმარი უკრაინელი ერის არსებობას არ აღიარებს და მას დიდი რუსეთის შემადგენელ ეთნოსად განიხილავს. შესაბამისად, უკრაინელი ხალხი, მისი აზრით საკუთარი სახელმწიფოს ქონას არ იმსახურებს. ომის მთავარ მიზნად გამოცხადებული ე.წ. დენაციფიკაცია სწორედ ამას გულისხმობდა – უკრაინელებისთვის ეროვნული იდენტობის წართმევა, ომში დამარცხებით გამოწვეული ტრავმის რუსეთისთვის სასარგებლოდ კონვერტირება და უკრაინელი ერის ფოლკლორულ, ეთნოგრაფიულ ჯგუფამდე დაყვანა, მაგრამ ამ ერმა აჩვენა, რომ ბრძოლის ნება და უნარი საკმარისზე მეტი აქვს. კოლექტიური დასავლეთი (პირველ რიგში ბრიტანეთი, აშშ, ცენტრალური ევროპის ქვეყნები) კი უკრაინის და მაშასადამე, თავისუფლების იდეის გარშემო გაერთიანდა და გლობალური ლიბერალ-დემოკრატიული წესრიგი კიდევ უფრო განმტკიცდება.

ტერიტორიის ნაწილის დროებით დაკარგვის შემთხვევაშიც კი უკრაინა ისტორიულ პერსპექტივაში ომიდან გამარჯვებული გამოვა.

Все буде Україна.