ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

ისტორიული მაქსიმუმი, 95 მომხრე – გაეროში აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილებზე რეზოლუცია მიიღეს

ისტორიული მაქსიმუმი, 95 მომხრე – გაეროში აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილებზე რეზოლუცია მიიღეს

2022 წლის 8 ივნისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 76–ე სესიის ფარგლებში კვლავ განიხილა  „დევნილთა რეზოლუცია“ [აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“– A/76/L.62], რომელიც  61 ქვეყნის თანასპონსორობით წარიმართა.

კენჭისყრა, რომელიც ამ თემაზე გაეროს შენობაში მეთხუთმეტედ გაიმართა, ასეთი შედეგით დასრულდა:  95 – მომხრე, 12 – წინააღმდეგი, 56 – მა კი თავი შეიკავა. მოწინააღმდეგეთა სიაშია: რუსეთი, ბელარუსი, კუბა, ბურუნდი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა, ნიკარაგუა, ლაოსი, სუდანი, სირია, ვიეტნამი, ზიმბაბვე.

„95 მომხრე გაეროში „დევნილთა რეზოლუციის“ ისტორიულია მაქსიმუმია“ – განაცხადა ჩვენთან საუბარში გაეროში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა კახა იმნაძემ, – „ცხადია, უკრაინაში ომი საქართველოს გულშემატკივართა რაოდენობის გაზრდის მიზეზიცაა.

თუ 3-4 წლის წინათ მხარდამჭერთა რაოდენობა დაახლოებით 80–85 შორის მერყეობდა, წელს რაოდენობამ მოიმატა, მათ შორის, სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ხარჯზეც.

უკრაინაში მიმდინარე ომმა უფრო ნათლად და გამოკვეთილად გამოაჩინა საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიაც და მიმდინარე ოკუპაცია. ამან, ცხადია, წვლილი შეიტანა ჩვენი რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობის ზრდაშიც. ეს იმიტომ მოხდა, რომ წლების მანძილზე ამ ქვეყნებთან მიდიოდა შესაბამისი მუშაობა დიპლომატიურ სარბიელზე როგორც გაეროს ფორმატში, ისე – ადგილებზე. უკრაინის ომმა კი უფრო ადვილად გასაგები და აღქმადი გახადა მათთვის ის, რასაც ჩვენ წლების მანძილზე ვამბობდით“.

გაეროს სხდომაზე კახა იმნაძემ განაცხადა:

„რეზოლუციის პროექტი ეხება სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ასობით ათას დევნილსა და ლტოლვილს, რომლებიც საქართველოს რეგიონებიდან, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან ეთნიკური წმენდის მრავალი ტალღის შედეგად განდევნეს.

კახა იმნაძე

ეთნიკური წმენდა, რომელიც 1993 წელს დაიწყო, 2008-ში საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აგრესიით დასრულდა. როცა გაეროს წესდება და ის, რასაც ეს ორგანიზაცია იცავს – საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს და წევრი სახელმწიფოების სუვერენულ თანასწორობას, 2008– ში ჩემი ქვეყნის საქართველოს წინააღმდეგ უხეშად დაირღვა, მე ვიტყოდი, რომ ეს პრაქტიკულად შეუმჩნეველი დარჩა. ომი ხომ მხოლოდ ხუთი დღე მიმდინარეობდა.

2008 წელს ვერ გათვალისწინებულმა გაკვეთილებმა მიგვიყვანეს იქამდე, რომ იგივე სცენარები გამოიყენეს 2014-ში უკრაინის წინააღმდეგ ჯერ ყირიმისა და დონბასის დასაპყრობად,  ახლა კი უკვე ღია ომის მოწმეები ვართ.

ცხადია, ჩვენ მადლიერები ვართ ჩვენი პარტნიორების,  რომლებმაც სისხლისღვრის შესაჩერებლად 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებაში გვიშუამდგომლეს, თუმცა ომის შეჩერება ვერ მოხერხდა. მალევე იგი გადაიზარდა მომდევნო ფაზაში – ოკუპაციაში და ოკუპირებული ტერიტორიების მცოცავ ანექსიაში. ამაზე ნათლად მიუთითებს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს 2016 წლის 27 იანვრისა და  ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებები, რომელიც პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს, ქვეყანას, რომელიც ეფექტიანად აკონტროლებს რეგიონებს და შესაბამისად, პასუხისმგებელია დევნილებისა და ლტოლვილების სახლში დაბრუნებაზე.

გაეროში ჩვენ ბევრი რეზოლუცია გვაქვს, რომლებიც იმ ადამიანების ტანჯვას ეხება, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში დევნილები და ლტოლვილები გახდნენ, იქნება ეს ახლო აღმოსავლეთი თუ აფრიკა, აზია, ლათინური ამერიკა თუ ევროპა – ჩემი რეგიონი.

მე მტკიცედ მჯერა, რომ ყველასთვის დადგა ის დრო, როცა არა ვინმეს მხარე უნდა დავიჭიროთ, არამედ გამოვხატოთ პრინციპული პოზიცია იმ პრინციპების დასაცავად, რომელიც გაეროს წესდებაშია.

დადგა დრო გავიდეთ რეგიონული ჩარჩოებიდან და დავივიწყოთ ძველი პარადიგმები. რადგანაც სოლიდარობაში შეუძლებელია იყოს იერარქიები, რადგანაც ტანჯვაში იერარქიები არ არსებობს. ამიტომაც ჩვენი პროექტის მხარდაჭერას დაჟინებით გთხოვთ და ეს  გაეროს წესდებისა და პრინციპების მხარდაჭერაც იქნება“.

გაეროს სხდომაზე „დევნილთა რეზოლუციის“ მხარდამჭერი სიტყვით გამოვიდნენ აშშ–ის, ბრიტანეთის, კანადის, იტალიის, იაპონიის, უკრაინის და წმინდა საყდრის [ვატიკანი] წარმომადგენლები; გაეროში ლიეტუვის ელჩმა კი  ნორდიკ–ბალტიის რვა ქვეყნებისა და  ევროკავშირის  თერთმეტი ქვეყნის სახელით ისაუბრა.

სხდომაზე რუსეთმა და ვენესუელამ კენჭისყრის გარდა სიტყვითაც გაამყარეს თავიანთი ანტიქართული/ანტისამართლებრივი  პოზიცია.