2022 წლის შემოდგომაზე კალიფორნიის შტატის ქალაქ დევისში მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტის რობერტ მონდავის სახელობის ღვინის მეცნიერების ინსტიტუტში “ამერიკულ –ქართული ბიზნეს საბჭოსა” (აშშ) და “ღვინის ეროვნული საბჭოს” (საქართველო) ორგანიზებით რიგით მეხუთე “ქართული ღვინის ფორუმი” (ღvino ფორუმი) გაიმართება.
ეს უნივერსიტეტი მეღვინეობის დარგში მსოფლიოს ლიდერია როგორც განათლების, ისე – კვლევების მიხედვითაც. ბოლო წლებში ამგვარი ქართულ–ამერიკული ფორუმები აშშ–ში 2018 წლიდან იმართება. აშშ–ის სხვადასხვა ქალაქში ჩატარებულმა დეგუსტაციებმა და პრეზენტაციებმა ამერიკულ ბაზარზე ქართული ღვინის გაყიდვების სტაბილურ ზრდას ხელი აშკარად შეუწყო. 2021 წელს, პანდემიის პირობებშიც, საქართველოდან აშშ–ში ექსპორტირებულია მილიონ ბოთლზე მეტი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს ათი პროცენტით აღემატება. ეს 2016 წლიდან ამერიკაში ქართული ღვინის გაყიდვების 30-პროცენტიანი საშუალო ზრდაა.
ოთხი წლის წინათ აშშ–ში პირველ “ღvino ფორუმს” ვაშინგტონმა, საერთაშორისო სტრატეგიული კვლევების ცენტრმა; 2019 წელს – ბოსტონმა, ჰარვარდის უნივერსიტეტმა უმასპინძლა. 2020-ში ღონისძიება COVID-19-ის პანდემიის გამო ონლაინ-ფორმატში გაიმართა, 2021-ში კი ღვინის მოყვარულები და ექსპერტები ქალაქ ფილადელფიაში, პენსილვანიის უნივერსიტეტის „პენ მუზეუმში“ (1887) შეიკრიბნენ. საუბრებს ვაზის კულტურაზე, ქვევრის ისტორიაზე, ქართულ ღვინოზე და მის ამერიკულ პერსპექტივებზე აქ გამოფენილი თუ საცავებში შენახული მსოფლიოს მატერიალური საგანძურის მილიონზე მეტი არტეფაქტი ზედმიწევნით თემატურად ესადაგებოდა. ქართული ღვინის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე ისაუბრეს ამავე უნივერსიტეტისა და მუზეუმის თანამშრომელმა პატრიკ მაკგოვერნმა, ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორმა სტეფან ბატიუკმა, საქართველოს ეროვნული მუზეუმი დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, “ქართული ღვინის სახლის” პრეზიდენტმა ნოელ ბროკეტმა, ღვინის ინდუსტრიის ქართველმა და არაქართველმა წარმომადგენლებმა.
“ღvino ფორუმის” ორგანიზატორი “ამერიკულ–ქართული ბიზნეს საბჭოს” ხელმძღვანელი მამუკა წერეთელი ამბობს, რომ ეს ინიციატივა ქართული ღვინის 8-ათასწლიანი კულტურის, ქართული ვაზის უნიკალური სახეობების მრავალფეროვნების, ქართული მეღვინეობის მიღწევების წარმოჩენას ემსახურება.
მამუკა წერეთელს შეხვდებით აშშ–ში გამართული ქართული ღვინის ყველა პრეზენტაცია/დეგუსტაციაზე, სადაც იგი ქართული სასმლის წარდგინების გარდა არაქართველი სტუმრებისთვის ჩვენი ვაზის/ღვინის ისტორიის მოკლე კურსსაც კითხულობს.
1990-იანებში მამუკა წერეთელი ვაშინგტონში საელჩოს თანამშრომელი გახლდათ და ეკონომიკურ საკითხებს კურირებდა. შემდგომ კი „ამერიკულ–ქართული ბიზნეს საბჭოს“ დამფუძნებელ აღმასრულებელ დირექტორად მიიწვიეს (1998). 2002 წლიდან იგი ვაშინგტონში მდებარე რამდენიმე უნივერსიტეტში პედაგოგიურ და კვლევით საქმიანობას ეწევა ენერგო და სატრანსპორტო უსაფრთხოების, პოლიტიკური რისკების შეფასებისა და საერთაშორისო ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით.
„ღვინო ყოველთვის მიყვარდა და სახლშიც ვაყენებდით“, – ამბობს მამუკა წერეთელი, – “მამა ხანგრძლივი დროის გამავლობაში კახეთში მშენებლობებზე მუშაობდა და თბილისიდან კახეთში მოგზაურობისას კახური ჯიშები და ღვინოები გავიცანი. გვაქვს ოჯახური მარანი ქვევრებით 1882 წელს აშენებულ სახლში, იმერეთში, სოფელ გუნდაეთში.
ღვინის ამერიკაში შემოტანა კი მეგობრებთან ერთად 2005 წელს დავიწყე კომპანიით, რომელიც ვაშინგტონში “ქართული ღვინის სახლის“ სახელითაა ცნობილი. მოტივაცია თავიდან იყო ჩვენს მიერ ორგანიზებულ ქართულ ღონისძიებებზე კარგი ქართული ღვინის წარმოჩენა და ჩვენი ღვინის ისტორიით ტრაბახის „მატერიალურად“ განმტკიცება.
ღვინო საქართველოს ცნობადობის გაზრდის ერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა და ამიტომაც ბოლო წლებია ამ საქმეს უფრო მეტი ძალისხმევით, უფრო პროფესიულად ვაგრძელებთ.
- ქართულმა ღვინომ აშშ–ში როგორ „აიდგა ფეხი“? პირველად რა პრობლემების გადალახვა დაგჭირდათ? რა დასკვნები გამოიტანეთ?
აშშ-ში ქართული ღვინის კომერციულად შემოტანა 1990-იანი წლებიდან დაიწყო, მაგრამ მაშინ ძირითადი სამიზნე ე.წ. ეთნიკური ბაზრები იყო – ანუ მაღაზიები და რესტორნები, რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირიდან ჩამოსულ იმიგრანტებს ემსახურებოდა.
ჩვენ თავიდანვე სხვა ამოცანა გვქონდა: ქართული ღვინო რაც შეიძლება მეტი ამერიკელისთვის უნდა გაგვეცნო, ქართული ღვინის მეშვეობით კი – საქართველო. ეს ნამდვილად არ იყო მარტივი საქმე, განსაკუთრებით იმ პერიოდში.
ამერიკელებს გააცნო ღვინო უცნობი ქვეყნიდან, უცნობი ჯიშებისგან, უცნაური ტექნოლოგიით (ქვევრის ქარვისფერი ღვინოები) დამზადებული, საკმაოდ შრომატევადი პროცესი აღმოჩნდა. მაგრამ ჩვენმა პირველმა წარმატებებმა, მათ შორის, ვაშინგტონში და მის შემოგარენში Whole Foods Market-ის ქსელში და სხვა საინტერესო მაღაზიებში ღვინის გამოჩენამ კარგი სტიმულიც მოგვცა და პოტენციალიც დაგვანახა.
დღეს აშშ–ის 23 შტატში გვაქვს ქართული ღვინო (ზოგ შტატში ძალიან მცირე რაოდენობით, სხვაგან – უფრო მეტი) და უტყუარი ფაქტია – ღვინის მწარმოებელ სხვა ქვეყნებთან დიდი კონკურენციის მიუხედავად, ბოლო წლების განმავლობაში ქართულმა ღვინომ ყურადღება ნელ-ნელა მიიპყრო და ამერიკულ ბაზარზე არსებული ღვინის უზარმაზარ არჩევანში თავისი საპატიო ადგილის დაკავება დაიწყო.
“ღვინის ეროვნული სააგენტოს” სამარკეტინგო ძალისხმევა ამ საქმეს ძალიან უწყობს ხელს: სომელიეების და ღვინის მწერლების ვიზიტები საქართველოში, დეგუსტაციები და საგანმანათლებლო ღონისძიებები ამერიკაში, სამეცნიერო პროექტების მხარდაჭერა – ყველაფერი ეს საქართველოს განსაკუთრებული როლის წარმოჩენას უწყობს ხელს.
ამას წინათ გახლდით გრინვილში, სამხრეთ კაროლაინაში. მე ნამდვილად არ მოველოდი ისეთი ინტერესს, რომელიც იქ ქართული ღვინის მიმართ დამხვდა და თან ყოველგვარი ეთნიკური მაღაზიების გარეშე. ღვინის კულტურით ნაკლებად ცნობილ ადგილებში ქართული ღვინით დაინტერესება არსებული პოტენციალის გასააზრებლად მნიშვნელოვანი მაგალითია.
- ქართული ღვინის ფორუმებზე თუ პრეზენტაციებზე ვინ მოდის, ვინ ინტერესდება ქართული ღვინით?
ბოლო წლებში ქართული ღვინით ძალიან დაინტერესდნენ ამერიკელი ღვინის პროფესიონალები. თანდათან ეს ინტერესი ღვინის მოყვარულებზეც გადადის. ჩვენც ფორუმებში და პრეზენტაციებში აქტიურად ვმონაწილეობთ, იმიტომ, რომ ეს ღონისძიებები ისევ და ისევ საქართველოსა და ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას ემსახურება და შესაბამისად იგი ბაზარზე დამკვიდრების აუცილებელი კომპონენტია.
ჩვენი ამოცანა ყოველთვის იყო და ახლაც რჩება: წარმოვაჩინოთ საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო, საინტერესო კულტურის, ისტორიის, ჯიშების, კლიმატისა და ნიადაგების ერთობლიობის ადგილი, რომელიც ადამიანის საქმიანობის ამ საინტერესო სფეროში წარსულშიც ლიდერობდა და რომელიც გარკვეული მიმართულებებით დღესაც ლიდერია.
- ეს გარკვეული მიმართულებებია რომელია?
პირველი რიგში ყურძნის თეთრი ჯიშებისგან ქვევრებში, და ზოგჯერ უჟანგავ ჭურჭელში ქარვისფერი ღვინოების ბუნებრივი, ტრადიციული მეთოდით დაყენება.
საინტერესოა, რომ ვენახების წილით ზოგად სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში საქართველო მსოფლიო ლიდერია. საქართველოს ასევე მსოფლიო ლიდერია საერთო ექსპორტში ღვინის ექსპორტის წილით. ეს შეიძლება ჩვენი ეკონომიკის სიძლიერეზე არ მეტყველებს, მაგრამ კარგად მიუთითებს ღვინის დიდ როლსა და მნიშვნელობაზე.
- ამ გამოცდილებამ ამერიკული ბაზრის რა თავისებურებები აღმოგაჩენინათ?
ამერიკული ბაზრის მთავარი თავისებურება ისაა, რომ იგი სიახლეებისთვის ღიაა. ის, ვინც აქაური მომხმარებლის ინტერესებისა და გემოვნების თავისებურებებს გაითვალისწინებს, ამერიკულ ბაზარზე შესაბამისი ღვინოებით შემოვა და ამ პროცესს მოთმინებით, გრძელვადიანი ხედვით, სტრატეგიულად დაგეგმავს, წარმატებას აუცილებლად მიაღწევს.
სამწუხაროდ, გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება და მისი დანერგვა ხშირად არაა მიმზიდველი, რადგანაც ბრენდირებაზე, მარკეტინგზე წინასწარ დანახარჯებს მოითხოვს. უნდა ვიცოდეთ, რომ აქ ამის გარეშე დიდი წარმატების მიღწევა შეუძლებელია.
- აშშ–ში საშუალოდ ღვინის ბაზრის რა წილი მოდის ქართულ ღვინოზე და მეტი პოპულარიზაციისთვის რა რესურსის ამუშავებაა მნიშვნელოვანი?
ქართული ღვინის წილი ამერიკულ ბაზარზე ძალიან უმნიშვნელოა და მთელი ქართული ღვინის ექსპორტი ამერიკაში რომ წამოვიდეს, მაშინაც კი ეს წილი დიდი არ იქნება. კარგი იქნება ღვინის მსმელმა ყველა ამერიკელმა (ასეთი, ზოგიერთი შეფასებით, აშშ–ში დაახლოებით 60-70 მილიონი ადამიანია) წელიწადში ერთი ბოთლი ქართული ღვინო რომ შეიძინოს, ეს პრაქტიკულად ქართულ ღვინოზე მსოფლიო კონკურენციის გაზრდას, ფასების მომატებასა და საქართველოსთვის მეტ შემოსავალს უზრუნველყოფს. ეს ზრდა შესაძლებელია, მაგრამ ის უნდა მოხდეს ხარისხისა და სამარკეტინგო ძალისხმევის მუდმივი ზრდის ხარჯზე. ამ მხრივ სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს ყველას: მწარმოებლებს, იმპორტიორებს, სამარკეტინგო კომპანიებს, დისტრიბუტორებს, გადამზიდავებს და ა. შ.
- თქვენი დაკვირვებით, შტატების გეოგრაფიის თუ მეგაპოლის/პროვინციის გათვალისწინებით რომელი ქართული ღვინოებია ყველაზე პოპულარული?
მე ამერიკულ ბაზარს შტატებად და ქალაქებად არ დავყოფდი, უფრო სეგმენტებად. ღვინის შედარებით ახალგაზრდა მსმელებს (აქ მათ ახალგაზრდა პროფესიონალებს ეძახიან), თითოეული ბოთლის უკან მდგარი ადამიანის, ოჯახის, ადგილის, ჯიშის ისტორია აინტერესებს და ამიტომაც ასეთ სეგმენტზე პატარა საოჯახო მეღვინეობებს აქვთ წარმატება. ამ ახალგაზრდებს მოსწონთ, რომ მათ მიერ ღვინოში გადახდილი თანხით საქართველოში ადამიანები საქმდებიან, თავის ოჯახურ ტრადიციულ საქმიანობას აგრძელებენ და უნიკალური ღვინოებით ბევრ დამწყებ მეღვინეს გზას უკაფავენ.
სხვა ინტერესები აქვთ ღვინის უფრო მასიურ მომხმარებლებს. მათთვის უფრო მიმზიდველია ქართული ღვინის გასტრონომიული ასპექტები.
ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ჩამოსული იმიგრანტები ასევე ცალკე სეგმენტია. მოკლედ, ბაზარი დიდი და მრავალფეროვანია, ისეთივე, როგორიც – ქართული ღვინო.
- ღვინის ფორუმი –2021: როგორ შეკრიბეთ მონაწილეები და რატომ მუზეუმში?
ღვინოს ფორუმი ჩვენი ინიციატივაა, რომელიც “ამერიკა – საქართველოს ბიზნესს საბჭოს” ეგიდით ხორციელდება და მისი ამოცანაა საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, ღვინის ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვან გეოგრაფიულ, კულტურულ სივრცედ და ამავე დროს, თანამედროვე მეღვინეობის ერთ-ერთ საინტერესო ადგილად წარმოჩენა.
უნივერსიტეტებში ასეთი კონფერენციების ჩატარების მიზანია საქართველოს ცნობადობის გაზრდა, ქართული მეცნიერების მიღწევების ჩვენება – გავრცელება. 2021 წლის კონფერენცია პენსილვანიის უნივერსიტეტის იმ მუზეუმში ჩატარდა, სადაც მოღვაწეობს პატრიკ მაკგოვერნი – მეცნიერი, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართული ღვინის რვა ათასი წლის ისტორიის მეცნიერულად დასაბუთებაში.
- რუსეთის ბაზრიდან ქართული ღვინის ამოვარდნა რა სიკეთეების მომტანი აღმოჩნდა?
ბაზრების დივერსიფიკაციას ეკონომიური უსაფრთხოების ქვაკუთხედია როგორც ქვეყნისთვის, ისე – კომპანიებისთვის, ამიტომ საქართველოს რუსეთის ღვინის ბაზარზე დამოკიდებულება გეოპოლიტიკური ქაოსის პირობებში, რომელშიც ჩვენ ყველა ვცხოვრობთ, ქართული მეღვინეობისთვის ნამდვილად არ არის კარგი.
2021 წელს ქართული ღვინის ექსპორტის ნახევარზე მეტი რუსეთის მიმართულებით წავიდა. ღვინის საშუალო ფასის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს საუკეთესო ხარისხის ღვინო არ უნდა იყოს. ბაზრების დივერსიფიცირება მთავარი ამოცანაა დღეს და ამ პრობლემის გადასაწყვეტად გრძელვადიან პერსპექტივაში სწორედ ამერიკის ბაზარს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. ამისთვის კი საჭიროა მუშაობა, მუშაობა და მუშაობა.