ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

„სირცხვილია იყო გულგრილი მიშას ამ მდგომარეობის გამო“ – აქცია ნიუ იორკში

„სირცხვილია იყო გულგრილი მიშას ამ მდგომარეობის გამო“ – აქცია ნიუ იორკში

4 იანვარს, დღის 12 საათზე  ნიუ  იორკსა და აშშ-ის სხვა შტატებში მცხოვრები ქართველები, ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა ქალაქებში, რუსი უფლებადამცველისა და ჟურნალისტის მარკ ფეიგინისა და უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, ოლექსეი არესტოვიჩის გლობალურ ინიციატივას –  #SaveMisha-ს („გადაარჩინე მიშა“) გამოეხმაურნენ და საქართველოს წარმომადგენლობებთან შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები ჯერ საქართველოს გენერალურ საკონსულოსთან მივიდნენ, მერე კი მსვლელობით – გაეროს შენობასთან არსებულ სკვერში.

აქცია ნიუ იორკში. ია მერკვილაძის ფოტო

აქცია ნიუ იორკში. ია მერკვილაძის ფოტო

აქციის მონაწილეები პოსტერებითა და პლაკატებით მოითხოვდნენ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას, მის ციხიდან გათავისუფლებასა და, ასევე, ნიკა გვარამიას მიმართ  დევნის შეწყვეტას.

ნადიმ ხმალაძე აფხაზეთში იბრძოდა, მისი ორი ვაჟი კი აგვისტოს ომის დროს რეზერვში იყო და, როგორც თავად ამბობს, მაშინ ომში რომ არ წაიყვანეს, იმ „დანაკლისს“  ახლა ინაზღაურებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსახურობს. ნადიმი შვილებს გორთან ექვსი დღე და ღამე ტყე–ღორღში ეძებდა. 2008–ში ისინი სიკვდილს გადარჩნენ, დღეს კი მათი მამა  ფიქრობს, რომ ახლა საქართველოს მომავალია გადასარჩენი.

აქცია ნიუ იორკში. ია მერკვილაძის ფოტო

„ჩემთვის დღეს ჩემი ქვეყნის ხვალინდელი დღის გადარჩენის აქცია ჩატარდა. ქვეყნის პრეზიდენტის დილეგში ისე ჩაგდება, როგორც ამას შაჰ-აბასი თავის მეტოქეებს უკეთებდა, არის ისტორიის შავი ლაქა, რომელიც ჩვენ უნდა ჩამოვირეცხოთ. ახლა საუბარი არაა ერთ ადამიანზე, რომელიც ციხეში პუტინის მითითებით მოხვდა. ისიც ხომ ვიცით, რომ მის მიმართ, ფაქტობრივად, ე.წ. სამართლებრივი დავა შეთითხნილია… ისიც ვიცით, რომ ყოფილ პრეზიდენტს რამდენიმე პიჯაკსა და კაჩინსკების გასვენებისთვის თაიგულის ყიდვას ედავებიან. ეს თანხაც საპრეზიდენტო ფონდიდან იყო დახარჯული.

საუბარია იმაზე, თუ როგორ ვეპყრობით ქვეყნის სიმბოლოს, პიროვნებას, რომელმაც საქართველო წუმპიდან ამოიყვანა და მსოფლიოს გააცნო. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ვართ ცივილიზებული ქვეყანა და ვართ ნამდვილი ევროპელები.

როცა უკრაინის ქალაქების ქუჩებში თუ სხვაგან უკრაინელები ჩემს ტანსაცმელზე ქართულ დროშას ხედავენ, პირველად რასაც მეუბნებიან, ესაა – მადლობა. რამდენჯერმე მუხლიც კი მოუდრეკავთ ჩემ წინაშე და მეც იგივე გამიკეთებია და მეორე, რასაც მეკითხებიან “როგორაა მიშა? კლავენ, ჰო?” ისინი დარწმუნებული არიან, რომ მიშა ახლა ზელენსკის გვერდით რომ იყოს, უკრაინის წინააღმდეგობა მეტად ძლიერი იქნებოდა და ქვეყანა ორჯერ მეტ იარაღს მიიღებდა. მიშა ასეთია – კარს თუ უხურავენ, ფანჯრიდან შემოვა თუ ფანჯარასაც, უკანა კარიდან შემოვა“ – გვითხრა ნადიმ ხმალაძემ.

აქცია ნიუ იორკში. ია მერკვილაძის ფოტო

აქცია ნიუ იორკში. ია მერკვილაძის ფოტო

აქცია ნიუ იორკში. ია მერკვილაძის ფოტო

ირინა გ.: „მე უკრაინელი ვარ და ამ აქციაზე იმისთვის მოვედი, რომ მხარი დავუჭირო მიშა სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას. მიშა უკრაინაში იყო ძლიერი რეფორმატორი და მისი ღვაწლი, ცხადია, ყველას ახსოვს.

საქართველოს ციხეში მისი მდგომარეობა იმაზე მეტყველებს, რომ დღევანდელი საქართველოს მთავრობა შორსაა დემოკრატიული, პროევროპული არჩევანისგან. ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ მიშა სააკაშვილი არის საქართველოს მმართველი პარტიის პატიმარი. თავი რომ დავანებოთ პოლიტიკას, მისი ციხეში მოწამვლა და სიკვდილი ანტიჰუმანურობაა. ამიტომ მიშას გადარჩენა საქართველოს ინტერესებშია“.

გიორგი შენგელაია, ბიზნესმენი: „როგორც ხედავთ, ივანიშვილზე და მის მარიონეტულ ხელისუფლებაზე ზეწოლა უმძიმეს კლინიკურ მდგომარეობაში მყოფ, პუტინის პოლიტიკურ პატიმარ, პრეზიდენტ სააკაშვილის დასახსნელად მრავალი მიმართულებით მიმდინარეობს. ერთ-ერთი მათგანია დღევანდელი გლობალური აქცია, #SaveMisha.

მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო დღე იყო, საქართველოს რვა ქალაქში, ევროპისა და აშშ-ის 40 ქალაქში აქციაზე ხალხმრავლობა იყო. იმედია, საერთაშორისო მედია ამ აქციებს  სათანადოდ გააშუქებს და ჩვენი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს. პუტინისტებს საქართველოს პრეზიდენტის მკვლელობის უფლება არ უნდა მივცეთ“.

ნიკოლოზ ავალიანი: „მე, როგორც მიშა სააკაშვილის თანამებრძოლსა და რიგით ემიგრანტს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მაღელვებს.

დღეს ამ აქციაში მონაწილეობით ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ  ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართ. შეგახსენებთ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ყველაზე ცხელ წერტილში – ბახმუტში ჩავიდა, სამხედროები დააჯილდოვა, შემდგომ ვაშინგტონში გაემგზავრა და იქ ისტორიული სიტყვით გამოვიდა, თუმცა იგი მაინც პოულობს დროს, რომ  საქართველოს მთავრობას მიშას სამკურნალოდ გაშვებისკენ  მოუწოდოს.

სირცხვილია, იყო საქართველოს მოქალაქე და იყო სრულიად გულგრილი მიშას ამ მდგომარეობის გამო.

აქცია ნიუ იორკში. ია მერკვილაძის ფოტო

2022 წლის ადამიანად აღიარებული ზელენსკი მისი თანამებრძოლის მდგომარეობით შეწუხებულია. ზელენსკის ჩერჩილს ადარებენ, მისი ყოველი გამოსვლა ისტორიას დარჩება პუტინის მონების სიტყვებისგან განსხვავებით. ისინი ხომ ამ ბოროტების მანქანის ჩამოშლისთანავე გაქრებიან. უკვე დადასტურებულია, რომ საპატიმროში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოწამლეს, მის მდგომარეობაზე  პასუხისმგებლობას კი ვერავინ გაექცევა. გარდა ამისა, ესაა საქართველოს სირცხვილი. ფეიგინისა და არესტოვიჩის მოწოდებამ გაგვააქტიურა. თემა არ უნდა გაცივდეს, არ უნდა მოვდუნდეთ… მიშა უნდა გადარჩეს“.