მახსოვს, 1991 წლის ნოემბრის მიწურულს სამედიცინო ინსტიტუტის რამდენიმე სტუდენტი საქართველოს პირველ პრეზიდენტთან, უზენაესი საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე მაშინდელ “პიონერთა სასახლეში” მივედით. შესვლა მოსაწვევებით იყო და “პრეზიდენტისა და საზოგადოების წარმომადგენლების შეხვედრად” იწოდებოდა.
იმ დღეს მეგობრებს – ეროვნული გვარდიის ნაწილის განდგომის, რუსეთის სპეცსამსახურებისა თუ არასპეცსამსახურების მცდელობის მიუხედავად, არ გვეგონა, რომ 1991 წლის 9 აპრილს, დამოუკიდებლობის აღდგენიდან ზუსტად ცხრა თვის შემდეგ დამოუკიდებლობა მოპოვებული ქართველები ერთმანეთს სამკვდრო – სასიცოცხლოდ გადაეკიდებოდნენ და ის შენობა, სადაც იმ საღამოს ვისხედით, ტყვიებით დაიცხრილებოდა, შესასვლელი კი მოკლულთა გვამებით ჩაიხერგებოდა.
იმ დღეს ჯერ კიდევ “ეს ყველაფერი წინ გვქონდა”…
მახსოვს, პრეზიდიუმში ზვიად გამსახურდია და ნემო ბურჭულაძე ისხდნენ. ამერიკული გაგებით არასრულწლოვანების გამო იმის განცდა არ მქონდა, რომ მე და ჩემი მეგობრები საქართველოს უახლოესი ისტორიის ერთ–ერთი უკანასკნელი “ოპტიმისტური ტრაგედიის” დღეების მოწმეები ვიყავით. არადა მაშინ ჯერ კიდევ გვქონდა შანსი, ოდნავ მბჟუტავი, მაგრამ მაინც როგორი ნანატრი და რეალური.
ეს ის პერიოდია, ფრედი მერკურის გარდაცვალებას მწარედ რომ ვგლოვობ და ნებისმიერ გარემოს, სივრცეს თუ ამინდს “ქუინის” რომელიმე სიმღერას ვუსადაგებ. არ მახსოვს, იმ საღამოს, სცენაზე მსხდომთა დანახვაზე ავტომატურად ფრედის რომელი მელოდია წამომიტივტივდა, ალბათ, “ეს ჩვენი ცხოვრების დღეებია?”
მოკლედ, ზვიად გამსახურდიამ აუდიტორიას მოგვმართა, რომ კითხვები მისთვის წერილობით გაგვეგზავნა. არც ვაციე და არც ვაცხელე, მივწერე: “ბატონო ზვიად, ფრედი მერკურის რომელი სინგლებია თქვენი საყვარელი და რატომ?” იმ იმედით, რომ პასუხს თუ არ გამცემდა, მის რომელიმე მელოდიას გაიფიქრებდა მაინც… სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რომ დისიდენტი და პრეზიდენტი ფრედი მერკურის ფანი უნდა ყოფილიყო…
ვინ წარმოიდგენდა, რომ 31 წლის შემდეგ, შვილებთან სტუმრად მყოფი ნემო ბურჭულაძე ნიუ იორკში საცხობთან, სახელწოდებით – “საქართველოს გემო” შემხვდებოდა, მეზობლები აღმოვჩნდებოდით და მეორე დღეს, სამშობლოში დაბრუნების დღეს, ერთი საათით მესტუმრებოდა, მე კი ჩემ ფრედიმერკურომანიაზე მოვუყვებოდი…
„ზვიადს ისეთი კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა, რომ აუცილებლად გიპასუხებდათ. უბრალოდ, ალბათ, ვერ მოასწრო“ – მითხრა ნემო ბურჭულაძემ.
- ნეტა ის მოსაწვევი შემენახა. მაშინ მიამიტურად იმედი გვქონდა, რომ სამშვიდობოს გავედით.
1991 წლის აგვისტოში რუმინეთმა, პირველმა, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გვაღიარა. როცა ზვიადს ეს ამბავი ვაცნობეთ, იკითხა: „ეს კარგი, მაგრამ, აი, ვაკემ თუ გვაღიარაო?”
როცა პარლამენტი დაკომპლექტდა, ზვიადმა გვითხრა – “მეგობრებო, დრეს-კოდი დასაცავია” და კოსტიუმების შეძენა “გვიბრძანა”.
მაშინ თბილისის “ბაზაზე” რასაც მიიღებდნენ, მთელ საქართველოს ის ეცვა. ძვირიანებისა და გამორჩეულების ფული ვის ჰქონდა… ჰოდა, ერთხელაც ბიუროს სხდომაზე შევიკრიბეთ, 14 კაცი ვსხედვართ, ფურცლებში თავები გვაქვს ჩარგული, დაწყებას ველოდებით. ზვიადი შემოვიდა, დაჯდა, დაგვხედა და სიცილი აუტყდა – მეც მაქვს ასეთი კოსტიუმიო… გავხედეთ ერთმანეთს და ყველას ერთნაირი კოსტიუმი გვეცვა…
- რატომ არ მიიღო “ვაკის ინტელიგენციამ” ზვიად გამსახურდია? განსაკუთრებით იმ კრიტიკულ პერიოდში (დსთ–ს შექმნას ვგულისხმობ), ამ ადამიანის სიძულვილის გამო სსრკ –ში დაბრუნება რატომ “ამჯობინეს“?
ეს არ იყო “ვაკის ინტელეგენცია”. ეს იყო რუსული ინტელიგენცია, რომელმაც მერე თანამდებობები დაიკავა–გადაინაწილა. და ახლაც, ნახეთ, ვინ აირჩია ბიძინა ივანიშვილი? აგერ, ქართველმა რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ ყოველგვარი მორიდების გარეშე საჯაროდ განაცხადა – ბიძინას ტუჩებში ვაკოცე და მეწყინა, ჩემ ნაჩუქარ წიგნზე ივანიშვილმა რომ მითხრა, ჩემ ეკას მივცემ, წაიკითხავს, შინაარსს მომიყვებაო.
მაგ “ინტელიგენციას” მოსწონს ის კაცი, რომელიც მათ ნიცშეს წაუკითხავად ნიცშეზე წიგნის დაწერას დაჰპირდა.
- თქვენი სტუდენტობისას ნიცშეს წიგნები, ალბათ, ბიბლიოთეკის სპეცსაცავებში იყო და ყველასთვის მისაწვდომი არ უნდა ყოფილიყო. ნიცშე (და ვაგნერი) ჰიტლერის საყვარელი ავტორი იყო და მითუმეტეს ადვილად ხელმისაწვდომი არ იქნებოდა.
მე პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული – გზების, ხიდების გვირაბების მშენებელი ინჟინერი ვარ. ამავე დროს პოლიტექნიკურის თეატრშიც ვთანამშრომლობდი, ფოტოგამოფენები მქონდა…
1966 – ში ოცი წლის სტუდენტი ვიყავი… ერთხელაც ყველამ, საქართველოს დამოუკიდებლობაზე მოფიქრალებმა, გადავწყვიტეთ – რახან საქართველოს ისტორიაზე სრულყოფილი ცოდნა არ გვქონდა, ამიტომ ეს საგანი კარგად უნდა შეგვესწავლა და ერთმანეთისთვის ჩაგვებარებინა არა ზეპირსიტყვიერად, არამედ – წერილობით, დაკონსპექტებით. ვწერდით და საგანს ერთმანეთს ვაბარებდით. ვკრებდით იმ ავტორებს, ვისაც საქართველოზე ისტორიული ცნობები ეწერათ. ამგვარი თვითგანათლება კი ბერძნული ფილოსოფიის შესწავლით დავიწყეთ და მერე გერმანულზე გადავედით.
ბიძინა ივანიშვილმა თქვა, ნიცშეს არ ვეთანხმებიო და მასზე წიგნი მინდა დავწეროო. ჰოდა, როცა ჰკითხეს, ნიცშე წაკითხული თუ გაქვსო, მან ვერც კი იგრძნო, რომ ეს შეურაცხმყოფელი კითხვაა. არაო, უპასუხა, ნიცშეზე დაწერილი წიგნები მაქვს წაკითხულიო. წარმოუდგენელია, როგორ უნდა დაწერო ადამიანზე წიგნი, თუ მისი ნაშრომი წაკითხული არა გაქვს?
მახსოვს, სტუდენტობისას საჯარო ბიბლიოთეკაში წავედით და ნიცშეს ნაშრომები მოვითხოვეთ, ორჯერ არ მოგვცეს, არადა ჰქონდათ. მიზეზი – ტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტები ხართო და რად გინდათო. მერე ნიცშეზე დაწერილები გამოგვიტანეს, ბევრი იყო და, როგორც წესი, საბჭოელი “ფილოსოფოსების” ნაწერი.
მერე ბიბლიოთეკარებთან დავმეგობრდით და მათ ჩვენთვის ნიცშეს წიგნები გამოჰქონდათ. ახლა ნიცშეზე ამბობენ, რომ ჰუმანისტი იყოო. მაშინ ფაშისტად იწოდებოდა. წიგნების კითხვის მერე მოსასვენებელ ოთახში რომ გავდიოდით, მაგნიტოფონი თან გვქონდა და ნიცშეს ტექსტებს ვაგნერის მუსიკის მოსმენა ემატებოდა. განა, მოცარტს, მსუბუქსა და ღიას ვუსმენდით, არამედ ვაგნერს – მძიმესა და დამთრგუნველს. ეს იმისთვის, რომ ნიცშე კიდევ უფრო უკეთესად გაგვეგო.
- დამოუკიდებლობის აღდგენიდან რუსეთთან ურთიერთობის დამყარების პირველ ნაბიჯებს ხომ ვერ გაიხსენებთ?
1991 წელს ქართული დელეგაცია რუსეთში სანქტ-პეტერბურგში, მაშინდელ ლენინგრადში, ქალაქის მერთან ანატოლი სობჩაკთან ჩავედით. სობჩაკმა ორი სასახლე შემოგვთავაზა: ერთი საკონსულოდ და მეორე – სასტუმროდ. ქართული რესტორანიც გავხსნათო, დაამატა და მეორე დღისთვის “ლენსოვეტის” სხდომაზე მარიინსკის სასახლეში დაგვპატიჟა.
დარბაზი იყო ძალიან პომპეზური, ისეთივე, როგორიცაა იმპერიული ქალაქებს არქიტექტურა, ანუ დამთრგუნველი, ამპარტავანი. იქ მარტო ტრიბუნა იყო ლამის ერთი ოთახის ზომის. რუსეთის ეკლესიებიც ხომ ასეთია… მაცხოვრის ტაძარიც ასე ააშენეს. “ცარმა” კონკურენტებიდან ყველაზე უხეირო, მაგრამ ყველაზე დიდი აარჩია და მიაწერა, ორჯერ მეტი ზომისო. როცა რასტრელიმ “ერმიტაჟი” დაასრულა, ეკატერინემ ბრძანება გასცა, ქალაქში ამაზე მაღალი არაფერი აშენებულიყო.
მოკლედ, ვზივარ ამ დარბაზი… გავიხედავ მარჯვნივ, ზოგ რუს დეპუტატს ფეხები “ამერიკულად” მაგიდაზე აქვს შემოწყობილი; მარცხნივ გავიხედავ, შორტები აცვიათ. მაგრამ სად გინახავთ ამერიკელი კონგრესმენები სამსახურში ამგვარ ფორმაში? უნებლიედ ზვიადი გამახსენდა, უზენაესის შენობაში ვინმე მოკლემკლავიანით თუ გაივლიდა, იგი თავს ჩაღუნავდა, გენაცვალე, პლაჟზე კი არა ხართო – ჩაბურტყუნებდა.
კარგად მახსოვს, სამი ივლისი იყო. მეორე დღეს ამერიკა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდა. სხდომაზე დიდი გაწევ – გამოწევა და გინება დაიწყო… “მსჯელობდნენ” – ლენინგრადისთვის “პეტროგრადი” თუ “პეტერბურგი” დაერქმიათ. სხდომის წამყვანმა კი უცებ, იმისთვის, რომ ხალხი დაეშოშმინებინა, გამოაცხადა, რომ დარბაზში სტუმარია საქართველოდან და რომ მე სიტყვით უნდა გამოვსულიყავი. არადა, არ გავუფრთხილებივარ.
რა გაეწყობოდა, ავდექი და ტრიბუნისკენ გავემართე. გვერდით გრძელ დერეფანს მივყვები და წარმოსახვაში თვალწინ დამიდგა თუ როგორ გამოდის ილია ჭავჭავაძე სწორედ აქ, “სახელმწიფო საბჭოს” სხდომაზე… ცნობილია, რომ ილიამ საბჭოს რუსეთში სიკვდილით დასჯის გაუქმება შესთავაზა; ცნობილია ისიც, რომ საბჭომ ეს წინადადება არსად დააფიქსირა, რათა ხალხი ამ თემაზე არ დაფიქრებულიყო.
ვდგავარ ამ ტრიბუნაზე, წარმოვიდგინე, რომ აქ ილია იდგა და ნერვიულობისგან ცახცახი დამეწყო. ასრულდა ილიას ოცნება! ამ ტრიბუნაზე დამოუკიდებელი ქვეყნის, საქართველოს წარმომადგენელი იდგა, საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი.
თავიდან სიტყვებს თავს ძნელად ვუყრიდი, მერე – ავლაპარაკდი. ვისაუბრე ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობის აუცილებლობაზე, საქართველოს დამოუკიდებლობაზე, გავაკრიტიკე რუსეთის იმპერიული პოლიტიკა… ისიც ვთქვი, რომ ახლა მსოფლიოში ყველგან ქართველოლოგიის კათედრები იხსნება, ლენინგრადში კი არაა. და დავამატე – რაც შეეხება ქალაქის სახელს, ჩემ თავს უფლებას მივცემ გირჩიოთ: ჯობს წმინდა პეტრეს სახელი აღადგინოთ – სანქტ – პეტერბურგი; სახელი ძველია და ადეკვატური– მეთქი. თბილისში დაბრუნებიდან ზუსტად ერთ კვირაში კი ვიგებ, რომ მართლაც სანქტ-პეტერბურგი დაურქმევიათ. გამოდის, რომ მე უნებლიედ ამ ქალაქის “ნათლია” გავხდი.
- როგორი იყო უზენაეს საბჭოში თქვენი სამუშაო დღე?
და ღამეც… სამუშაო დღე ძალიან დატვირთული იყო. სახლში, ფაქტობრივად, კვირაში ერთხელ მივდიოდით და ისიც რამდენიმე საათით. ზვიადს რამდენჯერ დილის სამზე დაურეკავს ჩემთვის (მაშინ პირდაპირი ხაზების ტელეფონები იყო), თითქოს იცოდა, რომ მეც მასავით უზენაესის შენობაში ვიყავი და უთხოვია – რახან რუსეთი ყველა რეგიონში სიტუაციის არევას ცდილობს, ამიტომ, კონფლიქტის გადასაწყვეტად, პოლიციის გაგზავნის მაგივრად, მოლაპარაკებები ჯობს, ამიტომ ჯერ შენ წადიო.
მთავრობაში ყოფნა მხოლოდ მდივნისა და პერსონალური მძღოლის ყოლა ხომ არაა, არამედ დღე და ღამე ამ დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელიც ხალხის მიერ არჩეულს არ უნდა აძინებდეს.
ჩვენი მიზანი იყო შევხვედროდით ყველას, ვისაც ჩვენთან შეხვედრა და რაიმეს შემოთავაზება უნდოდა.
ერთხელ ახალი გათენებულია, ოფიციალურად სამუშაო საათები არცაა დაწყებული, ჩემ კაბინეტში ვარ. მწერალი, მსახიობი, სცენარისტი (ფილმი “დიდი მწვანე ველი”) მერაბ ელიოზიშვილი შემოდის. მეუბნება: “ბატონო ნემო, პიესა დავწერე, იქნება თქვენ და ზვიადმა წაიკითხოთო, რუსთაველის თეატრმა კი დადგასო”. ვუპასუხე: “მე ვინ მეკითხება რას დადგამს თეატრი? როცა დაიდგმება, მაყურებლის რანგში მოვალ, ვნახავ-მეთქი.”
ამგვარი შეთავაზება საბჭოთა გადმონაშთი იყო, როცა ხელოვანისთვის სპექტაკლის დადგმა ზევიდან უნდა დაევალებინათ, მერე კი პარტიული “პრასმოტრები” მოწყობილიყო და პროდუქტი ვინმე მაღალ ჩინოსანს შეეფასებინა. მერაბს ვეუბნები, პიესა დამიტოვეთ, წავიკითხავ – მეთქი. არაო, მაინც და მაინც მე უნდა წაგიკითხოთო. კარგით – მეთქი. ჰოდა, დაიწყო… თან პიესაში მოქმედი მეორე, მესამე და სხვა პერსონაჟის როლსაც თავად ახმოვანებს. იტყოდა ერთ რეპლიკას, ოთახის ბოლოსკენ გაიქცეოდა, მეორე გმირის მაგივრად პირველს უპასუხებდა და მერე ისევ “თავის” ადგილს უბრუნდებოდა. პიესაში ომის სცენაც ჰქონდა. “ომი” რომ დაიწყო, ყვირილი მორთო: დასჭექა – აბა, ბიჭო, მოკალი ახლავე! მერე უცებ გავარდა, მეორე მხრიდან ყვირის – დაარტყი, ჩაარტყი, მოკალი! ვარ ამ დღეში და უცებ… კარი ხმაურით, წიხლით იღება – ჩემი დაცვა შემოვარდა. ეგონათ, რომ მე მკლავდნენ.
ცხინვალელი იყო მერაბ ელიოზიშვილი და მთხოვა – სამაჩაბლოში პატარა მიწა მინდაო და საცხოვრებლად სოფელში გადავალო… “ღამე თუ სოფლის ქოხის ეზოში არ დავიძინე, თავი ძროხის ჯიქანზე, როგორც ბალიშზე ისე არ დავდე, იქიდან გამოწველილი რძისნაირ თეთრ რამეებს ვერ დავწერო”… აი, რამდენი ხანი გავიდა და დღემდე ეს მისი გამონათქვამი მახსოვს …
ერთხელ ჩემთან თბილისის პროკურატურიდან მოვიდნენ და მეუბნებიან – რუსეთში ეკლესიების მძარცველები დავიჭირეთ, ნაქურდალის ისრაელში გატანა უნდათ, თბილისში ჩამოუტანიათ, თბილისი– თელავივის რეისზე ყველა ბილეთი უყიდათ, აქედან იქ გადაფრენა უნდოდათ, ჩვენ კი მთელი თვითმფრინავი დავაკავეთ და ნაძარცვი აქ მოვიტანეთო. გამიკვირდა, აქ რატომ მოიტანეთ – მეთქი?… ავედი ზედა სართულზე, ვხედავ ძალიან გრძელ მაგიდაზე დაწყობილი იყო უამრავი ძვირფასეულობა, საეკლესიო ნივთები, ხატები. ვდგავარ, ვუყურებ.
ამ დროს ზვიადი გამოვიდა კაბინეტიდან და ღია კარში დაგვინახა. შემოვიდა, დაიწყო მაგიდაზე დალაგებულის ყურადღებით დათვალიერება. მაგიდას ერთი წრე რომ დაარტყა, დაიწყო დასახელება, თუ რომელი ქალაქის რომელ ეკლესიას ეკუთვნოდა ეს მხატვრობა, რომელი წელს დაიწერა ესა თუ ის ხატი, რომელი იყო ღირებული და რომელი – არ და ა.შ. ამ “ბარგს” ხელოვნების მუზეუმიდან ხელოვნებათმცოდნე ქალი ახლდა და მართლა გადაირია, ისე გაუკვირდა ამ საკითხებში ზვიადის პროფესიული ცოდნა.
- როგორი “ბოსი” იყო ზვიად გამსახურდია?
ზვიადი არასდროს იტყოდა “ეს მე გავაკეთე”. ეს ადამიანი სხვა, განსაკუთრებული მოვლენა იყო. მის კაბინეტში დღის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ მიწევდა შესვლა. ზვიადის მდივანმა ისიც მითხრა – სამი წუთი თქვენი რეკორდიაო. დროს არ ვკარგავდით ხანგრძლივ ბაასზე. ლაკონურად, მხოლოდ საქმეზე ვლაპარაკობდით. და ყოველ ჯერზე ზვიადის კაბინეტიდან რომ გავდიოდი, უკეთესი ვიყავი, ვიდრე მანამ, სანამ შევდიოდი. მას ჰქონდა ადამიანებისადმი, ურთიერთობებისადმი, საქმისადმი აბსოლუტურად განსხვავებული, განსაკუთრებული დამოკიდებულებები…
მეგობრები ზვიადის გარდაცვალების მერეც მის დაბადების დღეზე ყოველთვის ვიკრიბებით. მე ერთხელაც ვთქვი – ზვიად გამსახურდიამ პერსპექტივის განცდა დაანგრია-მეთქი. ანუ ცნობილია, რომ რაც უფრო შორსაა საგანი, უფრო პატარა ჩანს, მაგრამ ამ შემთხვევაში, რაც უფრო მეტი დრო გავა, ზვიადი უფრო და უფრო დიდი იქნება – მეთქი.
ეკა ხოფერიას თოქ–შოუში “საქართველოს დიდი ათეული” პირველ სამეულში ზვიადი მოხვდა. გამოკითხვის მონაწილეებმა ასე გადაწყვიტეს – ილია, დავითი და ზვიადი.
ზვიად გამსახურდია იყო ადამიანი, რომელსაც რუსები, მტრებიც კი პატივს სცემდნენ. ცნობილი ამბავია, როცა ზვიადი დევნილობიდან საქართველოში დაბრუნდა (სოხუმის დაცემიდან თვე-ნახევარია გასული, ოქტომბრის ბოლოა, ბალტინის ჯარი დგას), გალში, ერთ–ერთი სახლის ეზოში, სადაც ზვიადი იყო, რუსი გენერალი მივიდა. ეს არც გაგვკვირვებია, “კაგებემ” კარგად იცოდა ვინ, სად, როდის გადაადგილდებოდა. მივიდა და ზვიადს შესთავაზა – აფხაზეთი მთლიანად დათმეთ და როგორადაც შევარდნაძე დავსვით, ზუსტად ისე თქვენც უკან დაგაბრუნებთ, სოხუმს ქვევით – ჩვენ და სოხუმს ზევით– თქვენ, ასე გავიყოთო. ზვიადმა – არაო.
მეორე შეთავაზება კი ასეთი იყო – ერთობლივი, რუსულ– ქართული მმართველობა გავაკეთოთო, დაფიქრდით, დათანხმდითო. ზვიადმა უარი უთხრა.
ალბათ, იცით ამას რაც მოჰყვება, უთხრა ამ კაცმა ზვიადს. ჩაფიქრდა ზვიადი და უპასუხა – ვიციო, ჩემი სიკვდილიო. ადგა ის გენერალი, მხარზე ხელი დაადო და უთხრა – „მეცოდებით, ზვიად კონსტანტინოვიჩ”…
დევნილობისას მოსკოვში ხუთი დღით ჩავედით, მეგობარს ლენინის სახელობის ბიბლიოთეკაში რაღაც საქმე ჰქონდა, ჰოდა, მინდოდა თვალი პრესისთვის გადამევლო. ბიბლიოთეკის თანამშრომელმა ათასგვარი საბუთი მომთხოვა. ვუთხარი, დროის ამ მცირე მონაკვეთში ამდენს ვერ შევაგროვებ და თან მხოლოდ ეს საბუთი მაქვს – მეთქი და უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის საბუთი ვაჩვენე. ეს საბუთი ორ ენაზე იყო, ქართულად და რუსულად. ამ ქალმა გამომართვა, დახედა და გაკვირვებით შემომხედა – “ზვიად გამსახურდიას მოადგილე იყავითო?”. “დიახ, მეთქი”… ქალმა უცებ დასტაცა ამ ჩემ საბუთს ხელი და გავარდა. ავნერვიულდი, მეგონა ეს საბუთიც დავკარგე… უცებ კარი იღება და ასე ოცამდე თანამშრომელი ჩემკენ მოდის. წრეში ჩამაყენეს, მეკითხებოდნენ ზვიადზე, საქართველოს სიტუაციაზე, მეუბნებოდნენ, თუ როგორი უნიკალური იყო გამსახურდია; რომ მის ნაშრომებს კითხულობენ; როგორ კარგად იცნობდა რუსულ კულტურასო, უკვირდათ როგორ და რანაირადო… იმ დღეს, ცხადია, სხვა საბუთი იმისთვის, რომ პრესა წამეკითხა, არ დამჭირდა.
1993 წლის 14 აპრილს მოსკოვში გამომავალ “ლიტერატურნაია გაზეტაში” დაიბეჭდა ზვიად გამსახურდიას მიერ 1977—1978 წლებში, ლეფორტოვოს, იგივე “კაგებეს” ციხეში, ლევ ტოლსტოიზე დაწერილი სტატია „უდაბნოსა და უდაბნოს შორის“. როცა ზვიადი პატიმრობას იქ იხდიდა, წიგნს წერდა. გათავისუფლებისას ეს წიგნი თუ რვეული არ გამოატანეს. ჩანაწერები ან მართლა დაიკარგა, ანდა ისევ ლეფორტოვოში ინახება. ზვიადი ამბობდა, რომ იმ ტექსტებიდან რაღაც თეზისები ლევ ტოლსტოიზე დაწერილ სტატიაში გადმოიტანა.
- პუტჩის დროს დატრიალებულ ჯოჯოხეთში იმ საბედისწერო ავტობუსში ცოცხლად დარჩენის გარანტიამიცემული მგზავრების დახვრეტა, ალბათ, ყველაზე შემზარავი ვერაგობა იყო…
ვინ დაგვცხრილა, ამას ვერასდროს გავიგებდით, რომ არა ნაწყვეტი ჯაბა იოსელიანის წიგნიდან “სამი განზომილება”.
იმ ავტობუსში 16 ადამიანი დაიღუპა. ავტობუსში მარტო უზენაესი საბჭოს წევრები არ ისხდნენ, არამედ, მოხალისეებიც, ისინი, ვინც გვეხმარებოდნენ. მძღოლს, იური გაგუას 24 ტყვია მოხვდა. მე კი იმიტომ გადავრჩი, რომ ჩემ უკან 160 კილოგრამიანი გურამ აბსანძე იჯდა. მას 11 ტყვია მოხვდა. ექვსი ტყვია ახლაც სხეულში აქვს. მერე ამ ამბავზე ვხუმრობდით კიდეც, როცა წალენჯიხაში შევიკრიბეთ… ტრაგიკულიდან კომიკურამდე ხომ ერთი ნაბიჯია. გურამი მეუბნებოდა, უფალმა კი არა, მე გადაგარჩინეო – აბა, შენ რომ ვინმეს უკან მჯდარიყავი, ჯერ შენ დაიცხრილებოდი და შენ წინ კიდევ შვიდ კაცსაც გაიყოლებდიო.
- შევარდნაძისგან თანამშრომლობის შეთავაზება გქონდათ?
როგორც კი შევარდნაძე თბილისში ჩავიდა, შვილის, პაატას სიმამრი მომიგზავნა. პაატას ცოლის დედა გვარად ბურჭულაძეა, ჩემი ნათესავია. მოკლედ, მან შევარდნაძის გზავნილი გადმომცა – ვიცი, ნემო არ მოვა აქო და ვითომ შემთხვევითი შეხვედრა მოვაწყოთო… მე შევუთვალე, ცოტა ხანს თუ არ დამიჭერთ, კარგს იზამთ, ისე კი თქვენი არც კარგი და არც ცუდი მინდა – მეთქი…
- სააკაშვილისგან?
კი, როგორ არა, მაგრამ ბოლო არჩევნებზე მათ პირველ ნომრად ვახტანგ კიკაბიძე ჰყავდათ… იგი ზვიადს მისი საკვირაო სკოლის დაწვას აბრალებდა. არადა, მე ვარ იმის მოწმე, როცა კიკაბიძე ზვიადთან ავლაბრის არალეგალური სტამბის გვერდით საკვირაო სკოლის გახსნის იდეით მივიდა, ჩემ თვალწინ ფინანსთა მინისტრმა გურამ აბსანძემ მას ამ კარგი საქმისთვის ხუთი მილიონი რუბლი მისცა… და ამის მერე იგი როგორღა ამბობდა, რომ ზვიადმა სკოლა დაუწვა?
- როგორ ფიქრობთ, ჯეროვნად რატომ ვერ და არ შეფასდა სახელმწიფო გადატრიალება? თუ არ ჩავთვლით, იმ ძალიან იშვიათ გამონაკლისებს, ვინც ამა თუ იმ ფორმით მოინანია…
2000 წლის 20 აპრილს საქართველოს პარლამენტმა (შევარდნაძემ და ჟვანიამ) თავისი დადგენილებით პუტჩი დაგმო. მაგრამ ამგვარი რამ განა მონანიებით იყო განპირობებული, არამედ იმის შიშით, იგივე არ დამართოდათ.
ცხადია, მონანიება დასაფასებელია.
წლების მერე ნოდარ ნათაძემ მოინანია და ამბობდა, რომ სწორედ ზვიადის ტვინში დაიბადა და დაიგეგმა დამოუკიდებლობის გამოცხადებისთვის აუცილებელი რეფერენდუმი. იგი ამბობდა, რომ მხოლოდ ზვიადს შეეძლო ოპერატიულად გადაწყვეტილებების მიღება და მისი არც ერთი გადაწყვეტილება მცდარი არ იყოო.
მახსოვს, 2008 წლის 8 აგვისტოს მეგობრები ბუკიას ბაღთან შევიკრიბეთ, ცხინვალში რამდენიმე მანქანით მივდიოდით, გვინდოდა საომარი მოქმედებებიდან ქალები და ბავშვები გამოგვეყვანა. და უცებ ვხედავთ, რომ ოთხმოცი წლის იარაღასხმული ნოდარ ნათაძე მანქანაში ჩაჯდა და ისიც ცხინვალისკენ წავიდა. მერე თბილისში მას ზოგი დასცინოდა, რა უნდოდა, მეტი საქმე არა აქვსო? რას ჰქვია რა უნდოდა?! გულმა გაუწია!
- ქალებისა და ბავშვების გამოიყვანა შეძელით?
2008 წლის რვა აგვისტომდე სამაჩაბლოში ქორწილი და ქელეხი ისე არ ჩაივლიდა, ჩვენ რომ არ დავეპატიჟეთ და ჩვენც იქ ყოველთვის ჩავდიოდით. ოსებისგან კეთილგანწყობის გარდა არაფერი გვიგრძნია. ამ ჯერზე კი ქართულმა ჯარმა არ შეგვიშვა. ცხინვალი ჰაერიდან იბომბებოდა. მაგრამ განა დამიზნებით… ყველაფერს ბომბავდნენ. სოფელ ერედვიში ჩავედით, არ წამოგყვნენ ქალები და ბავშვები, არ დავტოვებთ საცხოვრებელსო. ჩამქრალი ფარებით გორში ჩავედით…
დაახლოებით, ალბათ, 2011 წელია, ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადება და ყოფილი პრეფექტი გოჩა ბიჭაშვილი (რომელთან ერთადაც 2008-ში ცხინვალისკენ წავედით), რაღაც ბიზნეს-თემასთან დაკავშირებით ბიძინას შეხვდა. ბიძინას უთქვამს ცხინვალში რომ იყავით, ვიციო და ნემოც იქ იყოო და ნეტა, იქ რა უნდოდაო? ვაჰ, რას ჰქვია რა მინდოდა?! აბა, ვის უნდოდა?!
- დღეს ყველაზე მეტად რა გედარდებათ?
ჩემთვის ახლა ყველაზე მთავარია რუსეთის დამარცხება. რუსეთს ახლა უკრაინა კი არა, ცივილიზებული სამყარო ამარცხებს. ჰიტლერზე გამარჯვებიდან თუ საბჭოთა კავშირის დაშლიდან მოყოლებული მთელი სამყარო რაზე კამათობს? იმაზე, რომ აღარ უნდა არსებობდეს “გავლენების გადანაწილების” პოლიტიკა. რუსეთი შუა საუკუნეების ეპოქაშია ჩარჩენილია, როცა გარიგებებით თუ ომებით ტერიტორიებს ინაწილებდნენ. არადა ახლა პარტნიორობის ეპოქაა. რუსეთს უნდა სამყარო ერთპოლუსიანი იყოს და არა – პარტნიორული.
რუსეთმა მართლმადიდებელი სიწმინდის მატარებელი ქვეყნის იმიჯიც მოირგო, არადა, იგი, დიდი ხანია, სწორედაც რომ მართლმადიდებლობას ებრძვის. ფაქტობრივად, მას საბჭოთა კავშირში ყველა “მართლმადიდებელ რესპუბლიკასთან” პრობლემა ჰქონდა: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ბელარუსი, რომელსაც ეომებოდა, უბრალოდ, მერე ბაწკა „თანამშრომლობაზე“ დაითანხმა.
საქართველო, არსებობიდან დღემდე (თუ არ ჩავთვლით ორ ასეულამდე წელს), სულ დამპყრობლების მმართველობის ქვეშ იყო. ქართველი სულ სხვის ჭკუაზე დადიოდა და ამან ლოგიკური შედეგი გამოიღო. ქართველი თავის ქვეყანაში თავს პატრონად არ და ვერ გრძნობს. სამშობლო ხომ იმდენად არა გონებრივი კატეგორიაა, არამედ განცდაა, გულია, წუხილია იმაზე, თუ როგორ გვჩაგრავდნენ, გვართმევდნენ, იტაცებდნენ, რა დავკარგეთ…
სამშობლო ჩემი ოჯახი, მეგობრები და ის ადგილია, სადაც ვცხოვრობ. სამშობლოს სიყვარულს წიგნით ვერ ისწავლი ანდა მიხაკო წერეთლის გამონათქვამებით. ის დაბადებიდან უნდა დაგყვეს. დედა არ უნდა გიყვარდეს მხოლოდ იმიტომ, რომ პირველი საკვები მოგცა. სამშობლო სამშობლოს ცუდად ყოფნაზე წუხილია. სამშობლო გიყვარს, როცა მისი პრობლემები გეხება. როგორ შეიძლება პოლიტიკა არ გეხებოდეს, როცა ყველაფერი გეხება პურის ფასიდან ვიდრე ტერიტორიის მთლიანობამდე?
ზვიად გამსახურდიას დამსახურება მხოლოდ რეფერენდუმის ჩატარება არ იყო, არამედ მთელი საქართველოს თავის მხარეს, საქართველოს დამოუკიდებლობის მხარეს “გადაბირება”.
ახალგაზრდა რომ ვიყავი, საბჭოური მედია თუ “ვაკე” ზვიადსა და მერაბს სულ აგინებდა. ბევრს ვეკამათებოდი… ამბობდნენ, კი, ეს ორნი განათლებული ბიჭები არიან, ოჯახსაც არ დაეწუნება, კი, კარგები არიან, მაგრამ გიჟები არიანო… გერმანიამ სსრკ-ს ვერაფერი უქნა, ამ ორ ბიჭს კი სსრკ-ს დანგრევა უნდათო. ჰოდა, აი, თუ არა!
მართალი იყო ის ორი კაცი .. სიმბოლურად, ორი. განა თანამოაზრეები არ ჰყავდათ? კი, როგორ არა. მაგრამ მათი მთავარი დამსახურება განა მხოლოდ დამოუკიდებლობის აქტზე ხელის მოწერა იყო, არამედ ის, რომ 35 წლის ტანჯვის, ბრძოლის, უბედურების მერე სახალხო პლებისციტზე 98 პროცენტმა დამოუკიდებლობას მისცა ხმა.
მიუხედავად იმისა, თუ რა მძიმე გზა გამოვიარე, დღეს არაფერს ვნანობ. ხე ხომ ნაყოფით შეიცნობა, ნაყოფი კი არის ის, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, გაჩნდა.
შევარდნაძის დროს ერთხელ თბილისის ქუჩაში ჟურნალისტი შემხვდა და მკითხა, რა განსხვავებაა გამსახურდიასა და შევარდნაძის მმართველობას შორისო. მე ვუთხარი, განსხვავება მარადიულ ღირებულებებშია-მეთქი და მომაძახა – რა, თქვენ მარადიული ხართო? – არა, მაგრამ ჩემი ხელმოწერა დამოუკიდებლობის აქტზე მარადიულია –მეთქი.
1991 წლის 9 აპრილს, როცა პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ ხალხს დამოუკიდებლობა მივულოცეთ, მე მათ ასე მივმართე – „თქვენ არა მარტო მოწმე ხართ ამ დიადი დღის, არამედ თითოეული თქვენგანი ამ დღის შემოქმედი ხართ“.
სიმბოლურად, ზვიადსა და მერაბს 1991-ის 9 აპრილამდე 35 წლით ადრეც შეეძლოთ დამოუკიდებლობა გამოეცხადებინათ… არა, მათ ჯერ ხალხი თავისუფლების გზაზე დააყენეს და დამოუკიდებლობა საქართველომ აირჩია…
რაც მერე მოხდა, ძალიან მარტივი ასახსნელი ამბავია – ჩვენ გვინდოდა თავისუფლება, მაგრამ ჩვენი თავისუფლება არ უნდოდა იმას, ვისგანაც გავთავისუფლდით.