ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

“მეტი მზე და პური მსოფლიოს” – თეკლა მელაძის გამოფენები ნიუ იორკში

“მეტი მზე და პური მსოფლიოს” – თეკლა მელაძის გამოფენები ნიუ იორკში

ნიუ იორკში სამგან: გალერეაში – On the Fringe, არტსივრცეში – Kaufman Music Center და ქართული კულტურის ცენტრში – “მოცეკვავე წეროები” გაიმართა ქართველი მხატვრის, ნიუ იორკის არტექსპოსა და ვენეციის ბიენალეს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მონაწილის, თეკლა მელაძის პერსონალური გამოფენა სახელწოდებით „მეტი მზე და პური მსოფლიოს“.

თეკლა 13 წლის ასაკიდან ხატავს და სწორედ ამ ასაკში გახდა იგი “არტ ექსპო – ნიუ იორკის” (2014) ყველაზე მცირეწლოვანი მონაწილე, თანაც VIP სტუმარი, რომელიც მხატვრების ამ საერთაშორისო ფორუმზე ექსპოს დამფუძნებლის ლინდა მარიანოს სპეციალური მოწვევის საფუძველზე პერსონალური გამოფენით წარსდგა.

თეკლა მელაძის გამოფენა ქართული კულტურის ცენტრში – „მოცეკვავე წეროები“. ია მერკვილაძის ფოტო

ამავე წელს, საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ კონკურსზე „საქართველოს კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების შემოქმედებითმა კავშირმა” თეკლა მელაძეს პირველი ადგილი საუკეთესო ნამუშევრისთვის მიანიჭა.

2019 წელს იტალიის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ფინანსური ხელშეწყობით იგი თავისი 18 “ოქროსფერი” ბარელიეფური ნამუშევრით ვენეციის 58-ე ბიენალეზე გაემგზავრა. იმავე წელს თეკლა მელაძეს ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემია გადაეცა.

თეკლა ამჟამად ბრიტანეთში, ესექსის უნივერსიტეტში ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით სწავლობს, აქვს ბიზნესისა და მენეჯმენტის სფეროში 60 – ზე მეტი საერთაშორისო სერტიფიკატი.

თეკლას ორი პროფესია აქვს იგი მხატვარია და არტბიზნესის სპეციალისტიც. მცირე ბიზნესის წარმოების უნარ – ჩვევა კი მას მშობლებისგან გამოჰყვა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თეკლას ოჯახური გამომცემლობის “მინიატურა” (დამფუძნებელი – ქეთევან ლაზარაშვილი) უნიკალური პროდუქცია – ციცქნა წიგნების კოლექცია, ხელით შეკერილი, მოოქრულ–მოვერცხლილი, მინერალური ქვებით მორთული “ბიბლია”, “ვეფხისტყაოსანი”, ქართული ლიტერატურის სხვა შედევრები და ამერიკის კონსტიტუცია. თითოეული გამოცემა ლიმიტირებული და დანომრილია. თეკლა მელაძის თემატური ნამუშევრები ქართული ღვინის ეტიკეტებზე, თავშლებსა და ჩანთებზეცაა.

გამომცემლობა „მინიატურის“ წიგნების ნიმუშების წარდგინება ქართული კულტურის ცენტრში – “მოცეკვავე წეროები“. ია მერკვილაძის ფოტო

თეკლა მელაძის გამოფენა ქართული კულტურის ცენტრში – „მოცეკვავე წეროები“.. ია მერკვილაძის ფოტო

ერთ–ერთზე, თავშალზე “ბორდერიზაციაა” გამოხატული. აბრეშუმზე პირქუში ფერები, ნაცრისფერი, ალბათ, მოღუშული ცა, ომის, შფოთისა და სევდის განცდა …

“ადამიანის ცხოვრება, უცნაურია რამაა,” – მიყვება თეკლა მელაძე, „– როდესაც ბავშვი ხარ, ცხოვრებას მარტივად, ვარდისფერი სათვალით აღიქვამ. როცა მეკითხებიან ბავშვობას როგორ გაიხსენებო, ვერასოდეს ვამბობ, რომ იგი ბედნიერი და ფერადი იყო.

აღარაფერი მახსოვს, გარდა იმ ორი ფაქტისა, რამაც ჩემს გულსა და გონებაში სამუდამოდ დაიდო ბინა. ფაქტები, რომლებიც რთულია დაივიწყო, ძალიან ბევრი კარგი და ამავდროულად ბევრი – ცუდიც. ერთისგან მხოლოდ მოგონებებიღა დარჩა, იმიტომ რომ გაქრა და ეს იყო … ჩემი სახლი, რომელიც აღარაა და ამ თემაზე საუბრისგან ამჯერად თავს შევიკავებ.

რაც შეეხება მეორე ამბავს – ეს აგვისტოს ომია, ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემა. ესაა დღეები, რომელიც დეტალურად მახსოვს. შვიდი წლის ვიყავი, როცა ზაფხულს სოფელში ბებოსთან და პაპასთან ერთად მშობლების გარეშე, პირველად ვატარებდი… ამჟამინდელი საოკუპაციო ზოლიდან ერთ კილომეტრში… ბედნიერად ვთამაშობდი, ვერთობოდი. დაღამდა, ბნელმა და უკუნითმა მოიცვა სოფელი, თითქოს რაღაც უჩვეულო სიჩუმე იდგა, ძაღლიც კი სხვანაირად იქცეოდა, თითქოს გაქცევა უნდოდა, ეშინოდა, მაგრამ სახლს ვერ ტოვებდა…

და უცებ განათდა, ცა ბევრჯერ განათდა… თითქოს ჭექა-ქუხილიაო, მაგრამ როდის იყო ჭექა-ქუხილის მეშინოდა? ეს რაღაც სხვა იყო, მაგრამ ჩემი გონებით ამას ვერ ვხვდებოდი. “რატომღაც” დედ-მამა თბილისიდან ამ “ჭექა-ქუხილს” ზედმეტად განიცდიდნენ…

დრო მოვიდა, სოფელი უნდა დაგვეტოვებინა და რაც შეიძლება სწრაფად. ჩავიცვი, მშვიდად ჩავჯექი მანქანაში, რომელიც ჩამქრალი შუქით ძალიან ნელა მოძრაობდა, ფარების ანთება საშიში იყო, დაგვბომბავდნენ. გარშემო სახლებს ცეცხლი ეკიდა, ყველაფერი შავ-წითელ-ნაცრისფრად ჩანდა და სწორედ მაგ დროს მივხვდი, რომ „ვარდისფერი სათვალე“ სადღაც დამრჩა; რომ რეალობა იმაზე ცუდი იყო, ვიდრე მეგონა…

მახსოვს ქალი და პატარა ბავშვი, ისინი გარბოდნენ. ჩვენ გაქცეულებს მანქანით წამოვეწიეთ. ამ ყველაფერში ერთადერთი ნათელი წერტილი სწორედ ისინი იყვნენ, მათ თვალებში გადარჩენის სურვილი იკითხებოდა და იმედი ჰქონდათ, რომ ვიღაც მათ დახმარების ხელს აუცილებლად გაუწვდიდა. მე ბედნიერი ვარ, რომ ეს ხელი ჩვენ გავუწოდეთ.

დღესაც მახსოვს ხმები იმ “ჭექა-ქუხილის”, რომელმაც ისედაც ნაწილებად დაშლილ საქართველოს კიდევ ერთი ნაწილი წაგლიჯა…“

თეკლა მელაძე. ია მერკვილაძის ფოტო

  • ხატვა არც იე ადრე, 13 წელი ააკი დაიწყეთ…

ჩემთვის ხელოვნება და მის ნაწილად ყოფნის სურვილი უპირველესად ოჯახიდან დაიწყო. ეს იყო კედლებზე განთავსებული ნახატები ანუ ის ხატება, რასაც ჩემი გონება და თვალი აღიქვამდა. შემდეგ სერიოზული განზრახვაც მოვიდა – მე უნდა მეხატა და ეს გადაწყვეტილება პარიზში სტუმრობამ, ჯემალ კუხალაშვილის ხატვის პროცესის ყურებამ და ზურაბ ნიჟარაძის სახელოსნომ მიმაღებინა.

პარიზს, ხელოვნების ამ განსაკუთრებულ ქალაქს პირველად 12 წლის ასაკში ვესტუმრე. ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო და ამავდროულად უცხო გამოცდილება იყო, რადგან ეს საქართველოს გარეთ ჩემი პირველი მოგზაურობა გახლდათ. ჩემი მშობლების მიერ იქ ორგანიზებული ქართული კულტურის დღეები რომ არა, ხატვის ვნება, ალბათ, შედარებით გვიან დამეწყებოდა. პარიზიდან შთაგონებით დაბრუნებულს ზურაბ ნიჟარაძის სახელოსნომ დიდი ჯადოქრობის მუხტი გადამდო და მაშინ მივხვდი, რომ ეს საქმე, რომლის შესახებაც, ფაქტობრივად, არაფერი ვიცოდი, ძალიან მომწონდა და, როგორც ამბობენ, ჩემი იყო…

ცხადია, რაც ჩვენ გარშემო ხდება, ადამიანზე დიდ ზეგავლენას ახდენს და მეც ეს დამემართა. დღეს რომ ვხატავ, ჩემი მაშინდელი შთაბეჭდილებების დამსახურებაა. მინდა მხატვრობაში ჩემეული კვალი დავტოვო.

  • საყოფაცხოვრებო ნივთების მოხატვა როგორ დაიწყეთ?

პანდემიის დროს, ტილოსა და ქაღალდის ყველა მარაგი რომ ამომეწურა, ხატვა მინდოდა და მივადექი სახლში არსებულ ახალ ჭურჭელს, შემდეგ იგივე ბოთლზეც გავაკეთე. რადგან ღვინის ყიდვა ყველგან შეიძლებოდა და ის სამთვიანი ვაკუუმი, როცა სახატავი მასალა არ მქონდა, ღვინის ეტიკეტების შექმნით შევივსე. ბევრს მოეწონა, კარგად გაიყიდა და ამიტომაც დაწყებული ენთუზიაზმით გავაგრძელე.

  • ნიუ იორკის არტექსპო მსოფლიოი ერთ– ერთი ყველაზე დიდი არტოუა. ხატვი დაწყებიდან რამდენიმე თვეი რამდენად კომფორტული იყო იქაური გარემო?

ნიუ იორკის არტექსპოზე 500-ზე მეტი გალერეა, თავისი მხატვრებითა და 150 მუზეუმია ხოლმე წარმოდგენილი. მათ შორის, აღმოვჩნდი მეც, ამ არტფესტივალის 40-წლიანი არსებობის მანძილზე ყველაზე უცნობი და ასაკით ყველაზე პატარა.

ალბათ, ასაკიდან გამომდინარე, ძალიან გამიჭირდა რეალობისთვის თვალის გასწორება და მიხვედრა, თუ რა ხდებოდა ჩემს თავს, მაგრამ დღეს იმ ყველაფრის გახსენება ემოციების გარეშე შეუძლებელია.

  • რატომ ოქროსფერი, როგორც მთავარი ფერი?

ოქროსფერი ძალიან მიყვარს, ამ ფერისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, მთელი სერიაც კი მივუძღვენი ამ ფერს.

მხატვრისთვის ფერის გამორჩევა რთულია, ყველა ფერი განსაკუთრებული და სათუთია. ჩემთვის ფერები თავის მნიშვნელობასა და სიმბოლიკასაც კი ატარებს. ნათელი ფერები მიყვარს, განსაკუთრებით, ფერები, რომელიც მზეს უკავშირდება. ოქროს გასაღების პოვნაში, ჩემში ფერისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება დამეხმარა, ასევე ის, რომ განსხვავებულის შექმნა მინდოდა.

ჩემი ოქროსფერი სერია პირველად თბილისში, სახვითი ხელოვნების მუზეუმში გამოიფინა, სადაც ძალიან ბევრი დამთვალიერებელი მოვიდა, მათ შორის, მხატვრები და ხელოვნებათმცოდნეები, რომელთაგანაც ბევრი დადებითი შეფასება მივიღე.

ვენეციაშიც ოქროს სერიით წარვდექი, სახელწოდებით – „საქართველო – ოქროს საწმისის ქვეყანა.“ უამრავი დამთვალიერებელი ესტუმრა ჩემს გამოფენას, მათ შორის, გალერისტი კუბიდან და მილანიდან. მათგან ბევრი საინტერესო შეფასება და შემოთავაზება მივიღე, მაგრამ, სამწუხაროდ, პანდემიის გამო ბევრი გეგმა და პროექტი ჩაიშალა.

მნიშვნელოვანი იყო დიპლომი, რომელიც მივიღე და კატალოგში დათმობილი ოთხი გვერდი, რომელსაც ჩემს შესახებ ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარიას შეფასებაც ახლდა:

„თეკლა მელაძეს თავისი ასაკისთვის ძალიან წინმსწრები ტექნიკა და საშემსრულებლო ოსტატობა აქვს. ძიებებისადმი მის მისწრაფებაზე მეტყველებს მისი ოქროს საღებავით შესრულებული ნახატები. მე ამ ძიებებს ვხედავ მის ახალ სერიაში, რომელიც შესრულებულია ოქროს ფერის საღებავით და აშკარად ჩანს ახალი სამყაროს ჩამოყალიბების პროცესი. პირველ რიგში ეს გამოიხატება ოქროს საღებავის მონოტონურ გამოყენებაში, რასაც მოაქვს სპეციფიკური განცდა, რომელიც სურათს რეალობისა და ირეალობის საზღვარზე აყენებს. შეგვიძლია ახალგაზრდა ხელოვანის ამ მიმართულებას, რომელსაც იგი ქმნის, ვუწოდოთ ახალი მიმდინარეობა – „მონოტონიზმი“.

თეკლა მელაძის ნამუშევარი

თეკლა მელაძის ნამუშევარი

  • ნიუ იორკში გამართული გამოფენებისთვის სახელწოდება “მეტი მზე და პური მსოფლიოს” რატომ შეირჩა?

დღეისათვისაც მთელი მსოფლიოს მთავარი გამოწვევებია სიღარიბე და შიმშილი. მზე კი არის სითბო და სინათლე, რომელიც აქვს ყველას, ვისაც აქვს სახლი. პური -მთავარი იარაღია შიმშილის წინააღმდეგ.

გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებში არის ბევრი მზე, პური, სხვა საკვები და ერთი ფერადკანიანი ბავშვი, რომელიც აფრიკიდანაა, სადაც შიმშილი ყველაზე მეტად მძვინვარებს.

უსახლკარობის და შიმშილის მთავარი მიზეზი კი არის ომი, რომელიც იწვევს ნგრევას და ყველაფერს ანადგურებს. ამ პრობლემის მოგვარება ჩემი ოცნებაა, რომელიც მჯერა, ამისრულდება. ჩემი ოცნებაა მშვიდობიანი მსოფლიო მეტი მზითა და პურით, მსოფლიო ომის, გაჭირვებისა და შიმშილის გარეშე.