სტატია მხარდაჭერილია ამერიკული კომპანია „ქართველის“ მიერ.
_____________________________
მის დანახვაზე მაშინვე ფეხზე წამოხტომა და მთელი ძალით მისი დამსახურებული მეტსახელის წამოყვირება მომინდა, კიდევ – რისი ღირსიცაა და Slava Ukraini, მაგრამ მყისვე გამახსენდა, რომ ბროდვეიზე, ბერიმორის თეატრის აუდიტორიის შუაგულში ვზივარ, სცენაზე კი მსოფლიოს ყველაზე საძულველი ადამიანის, უფრო სწორედ – არაადამიანის, პერსონიფიცირებული ბოროტების როლის შემსრულებელი, უბრალოდ, თავის როლს ძალიან კარგად თამაშობს. აკი, დაიმსახურა კიდეც ბრიტანელმა მსახიობმა უილ კინმა პიტერ მორგანის პიესაში „პატრიოტები“ (რეჟისორი რუპერტ გულდი) მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ყველაზე პრესტიჟული თეატრალური ჯილდო – ლოურენს ოლივიეს სახელობის პრემია.
მაგრამ ჩემთვის სცენაზე პუტინის როლი მეორეხარისხოვანი არ იყო. ამგვარად, ალბათ, მხოლოდ ქართველი და უკრაინელი იფიქრებდა ან ბალტიისპირელი, ან ლიტვინენკოს ქვრივი ან ანა პოლიტკოვსკაიას ჩეჩენი რესპონდენტი ან “აზოვსტალის” მეომარი ან დაბომბილი მარიუპოლელი შვილმკვდარი დედა… ძალიან ბევრნი არიან და ძალიან ბევრნი ვართ.
„ბრიტანეთის იმპერიის ღირსების ორდენის“ მფლობელი, ორჯერ ოსკაროსანი კინოსცენარისტი და დრამატურგი პიტერ მორგანი ბრიტანეთის კინოაკადემიის ჯილდოს – ხუთგზის, ხოლო “ოქროს გლობუსის” ოთხგზის მფლობელია და გარდა ამისა, მის კოლექციაში “ტონის”, “ოლივიესა” და “ემის” პრემიებიცაა.
სპექტაკლი “პატრიოტები” მაყურებლის წინაშე პირველად 2022 წელს, ლონდონში წარსდგა, ორი წლის შემდეგ კი ოდნავ შეცვლილი სამსახიობო გუნდით – ნიუ იორკში, ბროდვეიზე. უცვლელი იყო პუტინის როლის შემსრულებელი, ლამის მისი ტყუპისცალი და ორეული. გავიფიქრე, ალბათ, მსახიობმა ასჯერ მაინც ნახა პუტინის “საფირმო დეფილე” – მისი მოქანავე სიარული და მარცხენა ხელის ქნევა… სცენაზე თითქოს მეც ვხედავდი ინაუგურაციის ცნობილ კადრებს, როგორ მოდის, უკვე მეხუთედ, „ცარ“ დიქტატორი კრემლის იმპერიული ოქროთი, უკაცრავად, სისხლით მოპირკეთებულ–აპრიალებულ დარბაზებში; როგორ უღებენ საზარბაზნე ხორცები აბრჭყვიალებულ კარს და როგორ იფიცებს კონსტიტუციაზე, როგორც – სასაკლაოზე. ეს სცენა XXI საუკუნის ანტიუტოპია, დისტოპია, სისასტიკე და აბსურდია.
“პატრიოტები” არც ფედერიკო გარსია ლორკას “ბერნარდა ალბას სახლია” დესპოტ დედაზე და მის მსხვერპლ შვილებზე; არც ვაცლავ ჰაველის “მემორანდუმი” ბიუროკრატებზე და კონფორმისტებზე; არც არტურ მილერის “სეილემის პროცესი” კუდიანებზე ნადირობასა და ზღვრულად გაყოფილ საზოგადოებაზე და არც სტივენ უენერის მუსიკალური კომედია “რკინის ფარდა” საბჭოთა კავშირის გროტესკულობასა და პროპაგანდაზე.
“პატრიოტების” გმირები: ბერეზოვსკიც და ლიტვინენკოც ბრიტანეთის მოქალაქეები იყვნენ და ისიც ბრიტანელი იყო, ვინც “პოლონიუმის” კოლეგამ, “ნოვიჩოკმა” შეიწირა. ავტორის (რომელიც მანამდე ბრიტანულ მონარქიის თემაზე გადაღებულ ფილმის, “გვირგვინის” სცენარისტად მოგვევლინა), ჩანაფიქრი რუსეთის ისტორიის იმ მომენტის “დაჭერაა”, როცა ელცინის რუსეთში აღზევებული ოლიგარქი, პოლიტიკოსების ნათლიმამა ბორის ბერეზოვსკი (ამერიკელი მსახიობი მაიკლ სტულბარგი) პრეზიდენტის სავარძლისთვის და თავისი ბიზნესის გაფართოებისთვის/ “ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის” შესაბამის კანდიდატს ეძებს, როგორც თავად სპექტაკლში ამბობს, “ნაცრისფერ თაგვს”, “ადამიან–არაფერს”.
და იპოვის კიდეც.
იგი აღმოჩნდება კაგებეს ბიოპლანქტონი, ქალაქის მერის მოადგილე… მალევე – ტირანი, ტერორისტი, “პატარა ცახესი” და შედეგიც არ დააყოვნებს – იწყება ტოტალური განუკითხაობა, ველური პროპაგანდა, ღალატი, მეგობრების დაკარგვა, დევნილობა, გაკოტრება და სიკვდილი. “პოლიტიკოსებმა ვერ გააბედნიერეს რუსეთი, ამიტომ ბიზნესმენები გააბედნიერებენ” – ამბობს მილიარდერი და მწარედ ცდება.
სპექტაკლში ელცინიცაა და ლიტვინენკოც, ლუგავოიც და ლიტვინენკოს ცოლიც, რომან აბრამოვიჩიც და პაგონიანი/უპაგონო აგენტებიც; არის ასევე ამ აყროლებული საბჭოური ჭაობისთვის სრულიად არაადეკვატური, გამოგონილი გმირი – პედაგოგი, რომელიც ერთგვარი წინასწარმეტყველის (ალბათ, სინდისის ხმა) როლს ასრულებს და სულ ტყუილადაც. ეს პერსონაჟი ისეთივე ხელოვნურია, როგორიც “მეგობრის” ღალატის ფაქტზე აჟღერებული ვლადიმირ ვისოცკის “სიმღერა მეგობარზე”. ოლიგარქებს არ ჰყავთ მეგობრები. ისევე როგორც, კაგებეშნიკებს.
2006 წელს ვლადიმირ ბუკოვსკის საშუალებით ალექსანდრე ლიტვინენკოს დავუკავშირდი და ვრცელი ინტერვიუ (გაზეთი “ახალი 7 დღე”) ჩავწერე. ჩემი ბლოკნოტი ახლაც ინახავს ლიტვინენკოსა და ბერეზოვსკის საკონტაქტო ინფორმაციას.
***
საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ რუსეთი დიდი ფულის, პრივატიზაციის ზვიგენების საკუთრება გახდა “სუვერენული დემოკრატიის” ღირებულებებითა და ნაკომუნისტარ–კრიმინალი პოლიტიკური აქტორებით, რომლებიც “კრიშას” ეძებდნენ. “პატრიოტებში” კი “კრიშა” “კრისას” თავად პოულობს და ფინალში ძალიან მსხვილი ანგარიშით წააგებს.
პიტერ მორგანის პიესაში რუსული “ვოდკა – ბალალაიკა” გაკვრითაა და ამიტომ არაა გადავსებული იმ სტერეოტიპებით, რომლითაც დასავლეთში რუსეთზე გადაღებული/დადგმული ფილმები/სპექტაკლები სცოდავს. სამაგიეროდ კრემლი, რუსეთის ტელევიზია, კაგებე და ოცდაათი ვერცხლი ბლომადაა.
დემოკრატიულ რუსეთსა და თავისუფალ მედიაზე “მეოცნებე” ბერეზოვსკი მალევე საცოდავი, მოწყვლადი ხდება. აღმოჩნდება, რომ დიდი ფულიც ვერ და არაა ჯადოქარი, ყოვლისშემძლეობის გარანტი და მას სცენიდან აგდებენ მანამ, სანამ პუტინის “გადაყენების” გეგმის განხორციელებას შეუდგება. ერთი მანიპულატორი მეორე მანიპულატორს ამარცხებს. ეს უკანასკნელი კი ამბობს:
„არც ქვეყანაა, არც თავისუფალი პრესა, არც დემოკრატია. მხოლოდ – პუტინი“. ამიტომ დიდი ხნით რჩება მისი არჩევანი – დღევანდელი მსოფლიოს მთავარი სისხლიანი კონფლიქტის მიზეზი. მარცხდება რაციონალური თუ ირაციონალური არგუმენტი “როგორც ავირჩიეთ, ისე გადავირჩევთ”… აკი იწყება კიდეც სპექტაკლი ზოგადი რუსის/ ბერეზოვსკის სიტყვებით: „დასავლეთო, თქვენ წარმოდგენა არა გაქვთ თუ რაა რუსეთი”.
ჰო, დასავლეთს, კოლექტიური მერკელის თამადობით, ჯერ კიდევ ვერ გაუგია რა მასშტაბისაა „რუსკი მირის“ იმპერიული, ბატონ–ყმური, პლუტოკრატიულ – კორუფციული გაქანება.
მთელი სპექტაკლის განმავლობაში მძიმე განცდა მეუფლებოდა, თითქოს ორ საათ-ნახევარიან ნეკროლოგს მიკითხავდნენ. ელცინის მიერ პუტინის გამოცხადება მემკვიდრედ, ლიტვინენკოს პრესკონფერენცია და ბერეზოვსკის მოკვლის დავალების გაცხადება, ლიტვინენკოს მოწამვლა, აბრამოვიჩის ბრუტუსობა, ჩეჩნეთის აწიოკება, ტერორისტული აქტები, დასმენები, ღალატი – ჩვენი ისტორიის ნაწილიცაა.
ელცინის „წასვლამ“ დაასრულა პოსტსაბჭოთა პერიოდის პირველი ციკლი – ოკუპირებული აფხაზეთი, სამაჩაბლო, ჩეჩნეთის ორი ომი და დაიწყო მეორე ციკლი, ტრადიციულად სისხლიანი – ძველ ჭრილობებს კვლავ დამატებული საქართველო, მერე – უკრაინა და იმის გაცნობიერებაც, რომ თუ აქ არ დასამარდა ეს ექსპანსია, იქნება მესამეც… რომ არა ბერეზოვსკის არჩევანი, ვინ იცის ახლა როგორი იქნებოდა მსოფლიო და საქართველო.
მაგრამ ისტორიას არ უყვარს თურმეობითი კილო. თავად ბერეზოვსკის სიკვდილი დღემდე ბურუსითაა მოცული, თუმცა ოფიციალური ვერსია თვითმკვლელობაა. შეუზღუდავი ძალაუფლება ყველას კლავს, მათ შორის, ძალაუფლების მშობლებს.
…
„რას ნიშნავს, როცა ქვეყნის ლიდერი ისეთი ბიზნესმენია, როგორიც, მაგალითად, ბეზოსი და მასკი და რა მოხდება, თუ ისინი ისეთ დონეს მიაღწევენ, როგორიც ქვეყნის ლიდერობაა?” – ამბობს რეჟისორი რუპერტ გულდი. „– ეს არც ისე უცნაური იდეაა – ბიზნესმენი გახდეს ქვეყნის ლიდერი და არაა აუცილებელი, რომ იგი მაინც და მაინც პოპულისტი აღმოჩნდება. ჩემი აზრით, ბერეზოვსკი ფიქრობდა, რომ ლიბერტარიანელი იყო. პიესა კი საბოლოო ჯამში აჩვენებს, რომ ამგვარი ლიდერი დემოკრატიის გამოწვევაა. რაც ერთი ადამიანისთვის პატრიოტიზმია, მეორესთვის სამშობლოს ღალატია. პიესაში რეალურად ორი პერსონაჟია – ბერეზოვსკი, რომელიც რუსეთის თავისუფალ ბაზრად გადაქცევას გეგმავდა და პუტინი, რომელსაც რუსეთის, როგორც ძველი სუპერსახელმწიფოს დიდების დაბრუნება უნდოდა“.
როგორც ტრაგედიებში ხდება, მთავარი გმირი/გმირები კვდებიან. ჯერ–ჯერობით, პუტინი, რომელიც “პატრიოტების” მიზანსცენებში დიდ ტელეეკრანებზეა, ცოცხალია და ნადირობს კიდეც, მაგრამ მკვდარია რუსეთი და ამ ნეკროფილურ სცენარში სხვების ჩათრევაც უნდა.
„პატრიოტების“ ერთგვარი გზავნილიც ესაა – დაინახო და ამოიცნო მსოფლიო მაოხრებელი „მცირედში“ – ჩერნაკოზოვოს საფილტრაციო ბანაკში, ბესლანის ტრაგედიაში, აგვისტოს ომში, ყირიმის მიტაცებაში…
***
ალექსანდრე ლიტვინენკოს როლის შემსრულებელი ამერიკელი მსახიობი, ოსკაროსან უილიამ ჰართის შვილი, ალექს ჰართი ამბობს, რომ ამ როლზე მუშაობისას მისი მიზანი იყო ლიტვინენკოს ხსოვნის პატივისცემა და სამსახიობო ავთენტურობა იმ გმირის წარმოსაჩენად, რომელმაც გაბედა და ხელისუფლებას სიმართლე უთხრა.
„ – პატრიოტებამდე” არაფერი ვიცოდი ლიტვინენკოსა და მისი სიკვდილის შესახებ“ – მიყვება ალექს ჰართი, „– როცა როლზე დამამტკიცეს, მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყე ინფორმაციის მოძიება. ჩვენთან ერთხელ ლიტვინენკოს ახლო მეგობარი ალექსანდრე გოლდფარბი მოვიდა და გარკვეულწილად დაგვეხმარა იმის გაგებაში, თუ როგორი ადამიანი იყო საშა ლიტვინენკო.
პუტინის მიერ უკრაინაში წამოწყებულმა ომმა მსოფლიო შეძრა და ლეგიტიმური კითხვა გააჩინა. რა შეუძლია ერთ არტისტს? ვფიქრობ, რომ ადამიანს ყველაზე მეტად თეატრი შთააგონებს. პირადად ჩემთვის ხელოვნების ეს ის ჟანრია, რომელიც მოქმედებისკენ მიბიძგებს და ადამიანის ჰუმანური საწყისის გაღვიძებაც შეუძლია“.