ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

ქართველი მხატვრები ნიუ იორკის „არტ ექსპო 2024-ზე“

ქართველი მხატვრები ნიუ იორკის „არტ ექსპო 2024-ზე“

გაზაფხული–ზაფხული ნიუ იორკში სახვითი ხელოვნების დიდი გამოფენა–ბაზრობების პერიოდია.

XVII საუკუნის დასაწყისში ისტ რივერზე აშენებული პორტი – Pier 36, წელსაც ტრადიციულად მასპინძლობდა მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ ორასზე მეტ გალერეასა და მხატვარს, სკულპტორს, ფოტოგრაფს, ლითოგრაფს, დიგიტალარტისტს. მათ შორის იყვნენ ქართველი ხელოვანებიც. წელს ისინი 40 000 – ზე მეტმა ნიუ იორკელმა და ქალაქის სტუმარმა, კურატორმა, კერძო თუ სამუზეუმო კოლექციონერმა, არტდილერმა, მედიამ გაიცნო; კოლეგებმა კი ერთმანეთში სამომავლო კომერციული/არაკომერციული თანამშრომლობის, კულტურული თუ საგანმანათლებლო იდეები გაცვალეს. არტისტებისთვის „არტექსპოს” დაგეგმილი სპეციალური ღონისძიებები ამის შესანიშნავი შანსია, განსაკუთრებით კი – დამწყები ხელოვანებისთვის.

***

თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინორეჟისურის ფაკულტეტის კურსდამთავრებულ კახა ესებუას თბილისში – ორი და პარიზში ერთი პერსონალური გამოფენა ჰქონდა.

„ – ხატვა ადრეული ბავშვობიდან, დაახლოებით 3 წლის ასაკიდან დავიწყე,“ – მიყვება კახა ესებუა, „– 8 წლის ასაკში ჩემი პირველი პედაგოგი ფერწერისა და გრაფიკის კლასში იყო რაფიელ მაყაშვილი. პირველად საბავშვო ნახატების ჯგუფურ გამოფენაში სწორედ მაშინ მივიღე მონაწილეობა, მოგვიანებით კი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში რამდენიმე წელი გრაფიკის კლასში ვსწავლობდი.

ჩემში, ალბათ, ქვეცნობიერად ჩადებული იყო ისეთი აზროვნების სტილი, რომელიც პოსტ-ავანგარდიზმისკენ მიდრეკილებას განაპირობებდა. სიურეალიზმი, როგორც მიმდინარეობა, ყველა სხვა პროგრესულ, თანამედროვე თუ პოსტ-ავანგარდისტულ მიმდინარეობებთან ერთად საბჭოთა კავშირის პერიოდში აკრძალული იყო და სპეცსამსახურების მიერ მკაცრად კონტროლდებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოთა კავშირის დაშლამდე დადაიზმისა და სიურეალიზმის შესახებ ბევრი არც არაფერი მქონდა ნანახი/ წაკითხული.

კახა ესებუა. ია მერკვილაძის ფოტო

ძალიან მომწონს ე.წ. „პატარა ჰოლანდიელები“ და მათი ნატურმორტები. ვფიქრობდი, რომ თუ მხატვარი გავხდებოდი, ნატურმორტი ჩემი მხატვრობის საუკეთესო ნაწილი იქნებოდა.

დაახლოებით 15 წლის ასაკში, ვაკეში, შემთხვევით, მე-9 საავადმყოფოსთან მიწისქვეშა გადასასვლელში ფოტოგრაფის ვიტრინაში ერთდროულად ორი დიდი მხატვრის ნამუშევარი ვნახე. ეს იყო ანსამბლ DEEP PURPLE – ის ფირფიტის გარეკანზე გამოსახული ჰიერონიმუს ბოსხის „ტკბობის ბაღის“ შავ-თეთრი ფრაგმენტი და ჯუზეპე არჩიმბოლდოს „გაზაფხული“. ალბათ, ამ ფოტოების ნახვით, ყველა იმ ფაქტორებისა თუ მონაცემების გათვალისწინებით, რაც ჩემს პიროვნებასთან არის დაკავშირებული, ადრე თუ გვიან გარდაუვალი იყო, რომ მე სიურეალისტი გავმხდარიყავი.

მხატვარს განცდის ნიჭი თანდაყოლილი უნდა ჰქონდეს, რაც განაპირობებს მისი, როგორც შემოქმედის განუმეორებელ ინდივიდუალობას. „საჭიროა“ შედარებით მცირე დოზით ფსიქოანალიზი და გაცილებით გამოკვეთილი ფილოსოფიურ-პოეტური ერუდიცია და ინტელექტი. ხანდახან ადამიანს უჭირს დეტალის გახსენება, მაგრამ თუ ძიება უყვარს, საბოლოოდ მიაგნებს კიდეც…

ერთ გადადგმულ ნაბიჯს მაშინვე მეორეც მოჰყვება. მაგალითად, რძის დანახვის შემდეგ ადამიანი გადადის თეთრ ფერზე, თეთრი ფერიდან შემდეგი ნაბიჯი სუფთა ჰაერია, ჰაერიდან გადადის ნესტზე, შემდეგი აზრობრივი სვლა შემოდგომაა, რისი გახსენებაც ჩვენ, სავარაუდოდ, თავიდან ვერ შევძელით… სწორედ ანალოგიური ქვეცნობიერი ლოგიკური სვლებით იქმნება ჩემი ნამუშევრები.

ჩემთვის სიურეალიზმი ჩემი სისხლის ჯგუფია. მიუხედავად სიურეალიზმის შესახებ უამრავი ინფორმაციისა და ილუსტრაციებისა, სიურეალიზმის სწავლა და სიურეალისტად ჩამოყალიბება შეუძლებელია. თუ პიროვნებაში ბუნებამ გარდა ხატვის ნიჭისა, „სიურეალისტური კოდი“ არ ჩადო, უკეთეს შემთხვევაში, ეს იქნება „გამართული ფერწერით“ შესრულებული არაინტელექტუალური კიტჩი და ფსევდოხელოვნება.

დღევანდელ აბსურდულ და აგრესიულ სამყაროში, როგორც მოდელირებულ ცნობიერებაში, ჩვენ პირდაპირ ბრძოლის ველზე ვიბადებით. ჩემთვის ხელოვნება ნაწილობრივ სწორედ ის გამოქვაბულია, სადაც ხელოვნების მეშვეობით პარანოიდალური რეალობისგან თავი დაცვაა შესაძლებელი. თანამედროვე ხელოვნება ხომ ჩვენს სამყაროში მიმდინარე აბსურდულობის კვინტენსენციაა. შთაგონება დაკავშირებულია გრძნობის სიმძაფრესთან, პრობლემა კი ისაა, რომ არ არსებობს შთაგონების მარადიული წყარო. მე მუდმივად ვეძებ რაღაც ახალს, რამაც შეიძლება მოტივაცია შემიქმნას, რაც მხოლოდ გამუდმებული შრომის შედეგია.

ჩემთვის შთაგონების ინსპირატორი შეიძლება გახდეს: კონფლიქტური იდეების შინაგანი დაპირისპირება, რწმენა, ღირებულებები, მოგონებები, სიზმრები და სხვა ფაქტორები, რომელთა რაციონალური გამოყენებითაც ნამუშევრები იქმნება.

ჩემი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, არ მაქვს იმის ფუფუნება, რომ „მუზებს“ ველოდო. თითქმის ყოველთვის, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, ვხატავ. მთავარია ნახატი ჩემ წარმოსახვაში დავხატო, თორემ ტილოზე გადატანა მხოლოდ დროის ფაქტორია და მეტი არაფერი.

კახა ესებუას ნამუშევრები. ია მერკვილაძის ფოტო

 

თანამედროვე ხელოვნება ლაბირინთია, სადაც თუ შეგიტყუეს, იქიდან გამოსავალი არ არსებობს. რატომ? იმიტომ, რომ თვითონ დღევანდელი სამყაროა აბსურდი.

საქართველოში მარტო მხატვრობით ცხოვრება ძალიან რთულია, ამას მხოლოდ ერთეული მხატვრები თუ ახერხებენ. სამწუხაროდ, უნიჭიერეს მხატვართა დიდი ნაწილი ან საზღვარგარეთ გაემგზავრა და იქ მოღვაწეობს ან ადგილზე მხოლოდ საზღვარგარეთის ბაზრისთვის მუშაობს. საქართველოში თანამედროვე მხატვრების ცნობადობა ძალიან დაბალია. მათი შრომა – დაუფასებელი, შეფასება კი – ბუნდოვანი და პრიმიტიული.

მიუხედავად ქვეყანაში არსებული დიდი ინტელექტუალური პოტენციალისა, სამწუხაროდ, მას მერე, რაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა, ვერ ჩამოყალიბდა ის საჭირო ინსტიტუტები, რომელიც აღნიშნული სფეროს განვითარებისთვისაა აუცილებელი.

ამ დროს დასავლეთში ხელოვნების მხარდამჭერი სტრუქტურები არსებობს. ჩვენთან კი უშუალოდ ხელოვანს უწევს მხატვრის გარდა, სხვა როლებიც მოირგოს.

ცალკე თემაა გამოფენების მოწყობა. რა აზრი აქვს საქართველოში გამოფენის ორგანიზებას თუ მხატვრის ცხოვრებაში გამოფენის შემდეგ არაფერი იცვლება?

რაც შეეხება Artexpo New York-ს. ის ევროპის ანალოგიური გამოფენებისაგან საკმაოდ განსხვავებულია როგორც ღონისძიების მასშტაბებით, ასევე ამერიკელი პუბლიკის კეთილგანწყობითა და ხელოვნების მიმართ დიდი ინტერესით“.

კახა ესებუას ნამუშევარი. ია მერკვილაძის ფოტო

***

სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული, ეკონომისტი ნიკოლოზ მესხიშვილი ნიდერლანდებში სერვის-მენეჯმენტს, ხოლო ბრიტანეთში ვებდიზაინს სწავლობდა. მისი ნამუშევრები ადგილობრივ და საერთაშორისო ხელოვნების 30-ზე მეტ საგამოფენო სივრცეებში იყო წარმოდგენილი. First Wish Art Gallery-ის კონკურსზე მას პირველი პრემია, როგორც ყველაზე საინტერესო ხელოვანს ერგო. იტალიაში მას ასევე მიღებული აქვს ლეონარდო და ვინჩისა და ფენიქსის ხელოვნების საერთაშორისო პრიზები.

„ – ჩემთვის, როგორც მხატვრისთვის, ფასდაუდებელი და მასტიმულირებელია ჩვენი ქვეყნის ტრადიციული თუ თანამედროვე კულტურული ფასეულობები, თუმცა ჩემი ნამუშევრები, ძირითადად, მაინც ინოვაციებს, ახალ შემოქმედებით მიმდინარეობებს და ექსპერიმენტებს ეხმიანება“, – ამბობს ნიკოლოზ მესხიშვილი, ჩემი ნახატები საქართველოში, ჩემს სახელოსნოში იქმნება, რაც ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოგზაურობით მიღებულ გამოცდილებებს ასახავს.

პატარაობიდანვე მხატვრული გამოხატვის უსაზღვრო შესაძლებლობები ძალიან მხიბლავდა, მაგრამ ცხოვრება რადიკალურად სხვა პროფესიას დავუკავშირე, რამაც ხელოვნების სფეროს მრავალი წლით დამაშორა. გრაფიკა მხატვარ ირაკლი სოსელიას სტუდიაში გავიარე, ხოლო ფერწერა – მხატვარ დეა სოსელიასთან.

ნიკოლოზ მესხიშვილი. ია მერკვილაძის ფოტო

მოგეხსენებათ, ხელოვნების სამყაროში სამხატვრო სტუდიები ოდითგანვე მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ემსახურება როგორც ნამუშევრების შექმნას, ისე – სამხატვრო უნარების პროფესიულ განვითარებას, ექსპერიმენტებისა და მხატვრული ტრადიციების შენარჩუნებას. შესაბამისად, აღნიშნული კურსის გავლა ჩემთვის დიდი მოტივაცია იყო, რათა სწავლა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის სამაგისტრო პროგრამაზე გამეგრძელებინა.

თანამედროვე მხატვრობაში, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიო მასშტაბით დიდ გამოწვევას წარმოადგენს კრეატიულობასა და კომერციალიზაციას შორის ბალანსის დადგენა, ტექნოლოგიების ინტეგრირება ხელოვნებაში, გარემოსდაცვითი პრობლემებისა თუ საზოგადოებრივი საკითხების მხატვრული ფორმებით გააზრება.

მიუხედავად ამ გამოწვევებისა, მხატვრები ვაგრძელებთ საზღვრების გადალახვას და საკუთარი ხელოვნებით თანამედროვე სამყაროს სირთულეებთან გამკლავებას. პრობლემების დასაძლევად კი ვისურვებდი მეტ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ინიციატივას და ასევე, კრეატიულობის თანამედროვე ვიზუალური ფორმებით გამოხატვის სხვადასხვა შესაძლებლობების გაჩენას.

ჩემი ინტერესის სფეროა ექსპრესიონისტული სიურეალიზმის შესწავლა, თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩემი სტილი არ შემოიფარგლება მხოლოდ ტრადიციული სიურეალიზმით. ჩემს ნახატებში ხშირად გამოსახულია იდუმალი ფიგურები, ცნობიერსა და არაცნობიერს შორის არსებული საზღვრებით.

ჩემი პალიტრა კი მოიცავს ცოცხალ, გაჯერებულ ფერებს და ღრმა ტონებამდე იცვლება, რაც ჩემი შეხედულებით, ემოციებისა და განწყობების ფართო სპექტრს ბადებს.

ვფიქრობ, ფერისა და ტექსტურის ასეთი ურთიერთკავშირი ნამუშევარს მეტ დინამიზმისა და ენერგიას მატებს. ზოგ შემთხვევაში ვცდილობ ფიგურების კომპოზიცია ფიზიკის კანონებს ეწინააღმდეგებოდეს, რაც მნახველის წინასწარ ჩამოყალიბებული რწმენასა და აღქმას ეჭვქვეშ აყენებს“.

ნიკოლოზ მესხიშვილის ნამუშევარი. ია მერკვილაძის ფოტო

ნიკოლოზ მესხიშვილის ნამუშევარი. ია მერკვილაძის ფოტო

***

ექიმმა რეპროდუქტოლოგმა/გინეკოლოგმა, თსუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა და რეპროდუქციული კლინიკის ხელმძღვანელმა არსენ გვენეტაძემ ხატვა 52 წლის ასაკში დაიწყო, სკულპტურების შექმნა კი – 58-ის.

არსენ გვენეტაძე. ია მერკვილაძის ფოტო

თავის არტს იგი „შემეცნებით ვიზუალურ ხელოვნებას“ უწოდებს. სოთბის ხელოვნების ინსტიტუტის კურსდამთავრებულისთვის ნიუ იორკის “არტექსპო” 34–ე გამოფენაა.

არსენ გვენეტაძის კრეატურა – ლითონის სკულპტურა „ბედნიერების გალაქტიკა“ – თბილისის გარდა ხუთივე კონტინენტის ქალაქებში დაიდგა. მათ შორის, ნიუ იორკშიც.

„- ნიუ იორკის არტექსპო პირველი დიდი არტ ბაზრობაა, რომელშიც მონაწილეობა მივიღე“, – მიყვება არსენ გვენეტაძე, „– ჩემ ნამუშევრებს დავარქვი “შეუძლებელი არაფერია“. დიდი სიამოვნება განვიცადე, ბევრი დადებითი ემოცია გავეცი და მივიღე, ბედნიერება დიდი ულუფით განვიცადე და გავაზიარე. გარდა ამისა, ნიუ იორკში კოლუმბიის უნივერსიტეტში სტუდენტებთან ბედნიერებაზე და ჩემს შემეცნებით არტზე სასაუბროდ მიმიწვიეს და დიდი სიამოვნებითაც დავთანხმდი.

თანამედროვე ხელოვნების მრავალფეროვან სპექტრში „შემეცნებითი ვიზუალური ხელოვნება“ ახალი რეალობის გამოწვევაა და მისი მიზანია ხელოვნებით ყოველდღიური ცხოვრების ხარისხის „გაფერადება“ და გაუმჯობესება. ეს არის ყველასათვის გასაგები და აღსაქმელ/დასამახსოვრებელი ხელოვნება, ცხოვრებისეული გამოწვევების შემეცნებისა და, გარკვეულ წილად, ამ გამოწვევათა წარმატებით გადაწყვეტის იმპულსის აღმძრავი, მოზარდი თაობისთვის ადვილად აღსაქმელი და ცხოვრებისეულად გამოყენებადი.

არსენ გვენეტაძე. ია მერკვილაძის ფოტო

არსენ გვენეტაძის ნამშევრები. ია მერკვილაძის ფოტო

ცნობილია მოსაზრება, რომ პიროვნების ბედნიერების 85% ადამიანურ ურთიერთობებშია (ამას ჰარვარდის 81 წლიანი კვლევაც აჩვენებს) და მხოლოდ 15%-ია პროფესიულ წარმატებაში (ფერწერული ტილო “ბედნიერება 85/15”); ანდა შვეიცარიული ყველის პრინციპით პრობლემათა ანუ გამოწვევათა გამარტივების გზა (ფერწერული ტილო „გამოწვევა“).

ჩემი სამომავლო გეგმები ჩემს რუტინას და ჩემს იკიგაის, ანუ დარჩენილი სიცოცხლის მთავარ მიზანს ემსახურება. მე, როგორც კიბო გადატანილ ადამიანს, ჩემთვის და ჩემს გარშემოც მინდა სამყარო უკეთესი გავხადო, სადამდისაც „ხელი მიმიწვდება“, სწორედ ჩემი პროფესიით, არტითა და ყოველდღიური ცხოვრებით“.