ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

„მჯერა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს“ – ჰერმან პირჩნერი

„მჯერა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს“ – ჰერმან პირჩნერი

ვაშინგტონში ბაზირებული არასამთავრობო ორგანიზაციის, „ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს“ (American Foreign Policy Council (AFPC), 1982) დამფუძნებელი და პრეზიდენტი ჰერმან პირჩნერი ორგანიზაციის შექმნამდე ამერიკის სენატში ორი რესპუბლიკელი სენატორის კანონწარმოების პროგრამების ხელმძღვანელი/მრჩეველი იყო. მისი სფეროებია რუსეთი, უკრაინა, ჩინეთი, აშშ – ის საგარეო და უსაფრთხოების საკითხები.

  • თქვენს მონოგრაფიაში – „დიდი რუსეთის აღორძინება – რუსეთის საზღვრების და ბელარუსის, საქართველოს, ყაზახეთის, მოლდოვას მომავალი” (2005) თქვენ რუსეთის ტერიტორიული გაფართოება იწინასწარმეტყველეთ. ნატოს წევრი ქვეყნებისთვის რატომ იყო ეს სამწუხარო პერსპექტივა უჩინარი? ძველი გაკვეთილებიდან ვერ ისწავლეს თუ არასაკმარისად ადარდებდათ?

ეს, ძირითადად, იმ ქვეყნების უმრავლესობას ესმოდა, რომლებშიც საბჭოთა კავშირი/რუსეთი შეიჭრა და ამიტომ იძულებული იყვნენ მოსკოვის მმართველობის ქვეშ ეცხოვრათ. თუმცა სხვა ქვეყნების კოლექტიური ხელმძღვანელობისთვის იმ ილუზიის დაჯერების აუცილებლობა, რომ იმპერიალისტური ომები წარსულს ჩაბარდა, იმდენად დიდი იყო, რომ მათ გონებაში ფაქტებმა ვერ შეაღწია.

  • რა შეეძლო “ბუქარესტის სამიტს” (2008) შეეცვალა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ბედში? ნატოს სამიტმა (2024) წარსულის გაკვეთილები რამენაირად ასახა?

ყველაფერი, რაც წარსულში ითქვა, გარკვეულ წილად იმ ცვლილებას ექვემდებარება, რომელიც, თავის მხრივ, უკრაინასთან რუსეთის ომის შედეგს დაეფუძნება.

  • ნატომ 2008-ში განაცხადა, რომ საქართველოც და უკრაინაც ნატოს წევრები გახდებიან, მაგრამ არ მისცა სამოქმედო გეგმა. რას ფიქრობთ ამ ორი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე?

ნატოს შიდა პოლიტიკა ასეთია – ნებისმიერი ქვეყნისთვის ძალიან რთული იქნება ნატოში გაწევრიანება, სანამ მას ტერიტორიული დავა აქვს.

  • ივანიშვილის მთავრობის გამო ორ სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ–სა და საქართველოს შორის ურთიერთობა კარგ ფორმაში არაა. ამგვარ რეალობაში როგორ აფასებთ რეგიონისა და ზოგადად უსაფრთხოების მაჩვენებლებს და ისეთი გამოწვევების საშიშროებებს, როგორიცაა ტერორიზმი?

ეს ყველაფერი დამოკიდებულია რუსეთ-უკრაინის ომის შედეგზე და განსაკუთრებით, რუსეთის ომისშემდგომ მდგომარეობაზე.

  • უკრაინაში 2,5 წელი ომია. საერთაშორისო პოლიტიკურ დებატებში გაჩნდა ეჭვი, რომ უკრაინას ამ ომის მოგება შეუძლია, როგორია თქვენი პროგნოზი?

მე მჯერა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, რადგან უკრაინა უკრაინის მოსახლეობისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე – რუსული მოსახლეობისთვის. საბოლოო ჯამში, რუსეთი საჭირო მშვიდობის უზრუნველსაყოფად დაპყრობილ ტერიტორიას დათმობს.

  • ფიქრობთ, რომ რუსეთისთვის დაწესებული დასავლური სანქციები ეფექტურია? “მსოფლიო ბანკმა” (2023) რუსეთი მაღალი შემოსავლის ქვეყნების სიაი შეიყვანა.

სანქციები არ არის იდეალური მექანიზმი, მაგრამ მას მაინც აქვს თავისი გავლენა. რუსეთის ეკონომიკა ბევრად უფრო მეტად დაზარალდა, ვიდრე ზოგადად ფიქრობენ და ომის შემდეგ მის აღდგენას დიდი დრო დასჭირდება.

  • ამას წინათ რუსეთი გაეროში უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობდა. შეუძლია საერთაშორისო თანამეგობრობას ეს ფარისევლობა და აბსურდი ოდესმე შეცვალოს?

რუსეთი უშიშროების საბჭოს უბრალოდ იმიტომ ხელმძღვანელობდა, რომ მისი ჯერი იყო. უშიშროების საბჭოს წესების ან შემადგენლობის შესაცვლელად ნებისმიერი მცდელობები წარუმატებლობისთვისაა განწირული, რადგანაც რაიმე ალტერნატივაზე კონსენსუსი არ არსებობს. ეს მდგომარეობა დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ არა – პროგნოზირებად მომავალში.