ავტორი: თამარ როდონაია
__________________
მე მჯერა ერთი ადამიანის, ერთი იდეის, ერთი სოფლის, ერთი ქალაქის და კიდევ მრავალგვარი „ერთის“ მოტანილი სასარგებლო ცვლილების. ისიც ვიცი, რომ თუ მიზანი მკაფიო და მისკენ სვლა ჯიუტი გადაწყვეტილებაა, თანამოაზრე და მხარდამჭერი აუცილებლად გამოჩნდება.
ასეთი მიდგომების შედეგი არაერთხელ მინახავს, გამომიცდია და შემდეგ სხვებისთვის გამიზიარებია იმ იმედით, რომ იქნებ იმ ერთ რომელიმე მსმენელსაც ჰქონდეს ის ერთი დიდი ხნის ჩაფიქრებული იდეა, რომელსაც გამორჩეული სათქმელი და საქმე აქვს გასაკეთებელი.
სწორედ ამ გაზიარების სურვილით გადავწყვიტე, სასარგებლო საწარმოების ავტორებზე – სოციალურ მეწარმეებზე – გიამბოთ.
მათ შესახებ შეიძლება გსმენიათ კიდეც, თუმცა არ გეცოდინებათ, რამდენი სირთულის დაძლევა უწევთ და რას ცვლიან ჩვენი ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის სასარგებლოდ.
- საქვეყნო საქმე
სოციალური მეწარმეები და მათი საქმიანობა ბევრი წლის წინ, საქართველოს სოციალურ საწარმოთა ალიანსის დახმარებით აღმოვაჩინე და იმ დღიდან მოყოლებული მათი აქტიური გულშემატკივარი ვარ. სოციალური მეწარმეების გაცნობასთან ერთად, ნელ-ნელა, ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვან და რთულ რელიეფზე, ჩემთვის, ახალი და განსაკუთრებული გზა გაიკვალა, რომელზეც სასარგებლო საწარმოებს ჩემებურად მოვინიშნავ ხოლმე; იმ ღირსშესანიშნავ ადგილებს, რომლებიც მნიშვნელოვნად ცვლიან სხვების ცხოვრებას და მრავალი დაბრკოლების მიუხედავად, იმ საქმეს აკეთებენ, რომელსაც თამამად შეიძლება ვუწოდოთ საქვეყნო. აი ის, თითოეულ ჩვენგანს რომ ეხება, მაგრამ ცოტანი თუ ვახერხებთ არ მოვუყრუოთ, რაიმე შევმატოთ, ხელი არ შევუშალოთ მაინც.
სანამ ვფიქრობდი, ვინ იცის, იქნებ ერთ მშვენიერ დღეს, ეს ჩემი ხელით შეკოწიწებული რუკა ყველასთვის გამოსადეგ გზამკვლევადაც იქცეს-მეთქი, ამ საქმისთვის შექმნილმა რესურსმა და ტურისტულმა გზამკვლევმაც არ დააყოვნა, რომელსაც აქვე გაგიზიარებთ და საქართველოში მოქმედ სოციალურ საწარმოებთან მისასვლელი გზების და მიზეზების აღმოჩენას შემოგთავაზებთ.
- პარტნიორობის ძალა
ყველაფერი კი მეგობრების და პარტნიორების დახმარებით დაიწყო, გაგრძელდა და საიმედო ნიშნულსაც მიაღწია. ევროკავშირის და სხვა დასავლური პარტნიორების საქართველოს გვერდში დგომის სიკეთეებზე როდესაც ვსაუბრობთ, მათი სასარგებლო საქმეების ჩამოთვლისას, სოციალური მეწარმეობის განვითარებაში შეტანილი წვლილი არ უნდა გამოგვრჩეს.
სწორედ პარტნიორების დახმარებით და საქართველოს სოციალურ საწარმოთა ალიანსის თანმიმდევრული მუშაობის შედეგად, დღეს, ჩვენს ქვეყანაში, 100 -ზე მეტ სოციალურ საწარმოს შეხვდებით. თითოეულ მათგანს გამორჩეული სოციალური მისია აქვს და თავის საქმიანობას იმ პრობლემურ საკითხებს უკავშირებს, რომელთა მოსაგვარებლად ლაპარაკი გვესმის, ქმედითი ნაბიჯები კი ნაკლებად გვხვდება.
ევროკავშირის ქვეყნებში, უკვე მრავალი წელია, სოციალურ მეწარმეობას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. მათ უკვე გამოსცადეს, სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად ბიზნესის მიდგომების გამოყენების ეფექტურობა. სწორედ ამიტომ უჭერენ მხარს მის განვითარებას და დანერგვას მეგობარ ქვეყნებში. საქართველოში, მათი მხარდაჭერის შედეგად, წარმატებული მაგალითები მრავლად დაგვიგროვდა, რომელთა სულ მცირე შეყოვნებაც კი მნიშვნელოვან ზიანს მოუტანს მთელ ქვეყანას და განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებმაც ამგვარი საწარმოების სიკეთეები საკუთარ თავზე უკვე გამოსცადეს.
განვითარებისთვის კი პარტნიორებთან ერთად, სახელმწიფოს სათანადო ჩართულობა და მუშაობა გადამწყვეტია. მნიშვნელოვანია, რომ მოწესრიგდეს სათანადო საკანონმდებლო ბაზა, წახალისდეს კერძო ბიზნესის მონაწილეობა და ინტერესი, გაიზარდოს ცოდნა და ცნობიერება ამ მიმართულებით. ეს კი, საბოლოო ჯამში, მოგვცემს ხელშესახებ შედეგს და დაეხმარება არაერთი სოციალური ინოვაციის დანერგვას და განვითარებას მთელ ქვეყანაში.
- და მაინც, ვინ არიან სოციალური მეწარმეები
სოციალური მეწარმეობა ჯერ კიდევ ბუნდოვან ტერმინად რჩება და მცირე განმარტებისთვის, აქვე, მის უმთავრესს არსზე მოგახსენებთ.
სასარგებლო საქმისთვის შექმნილი ბიზნესი – ასე შეიძლება დავახასიათოთ ამ ტიპის მეწარმეობა, რომლისთვისაც უმთავრესია ბიზნესის სოციალურ მისიასთან თანხვედრა და ეკონომიკური საქმიანობით სოციალური შედეგის მიღწევა, მუდმივი ზრდა და გაუმჯობესება.
სწორედ ამიტომ, სოციალური საწარმოების სამუშაო არეალი ძალიან მრავალფეროვანია და მორგებულია მის გარშემო არსებულ სოციალურ პრობლემებზე, ადამიანის და გარემოს საჭიროებებზე.
განათლების ხელშეწყობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრირება, სიღარიბის დაძლევა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება, გარემოსდაცვითი საკითხები – ეს იმ ძირითადი მიმართულებების ჩამონათვალია, რომლებზეც სოციალური საწარმოები მუშაობენ. თუმცა საქართველოში არსებულ მიდგომებს თუ გადავავლებთ თვალს, ადვილად შევამჩნევთ, რომ შერჩეული სამუშაო თემები ლოკალურ პრობლემებს და საჭიროებებს პასუხობენ და გადაწყვეტის ეფექტიან გზებსაც შესაბამისად პოულობენ.
სწორედ ამიტომ, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, შეგხვდებათ სოციალური საწარმოები, რომლებიც დევნილი ქალების განვითარებასა და დასაქმებაზე ზრუნავენ, ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს წარმოებას იწყებენ, ამტკიცებენ, რომ სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებს ხარისხიანი და გამორჩეული ნაწარმის შექმნა შეუძლიათ, გვთავაზობენ ისეთ კაფეს, რომელიც მსოფლიოს გამორჩეული სოციალური სივრცეების ჩამონათვალში მალევე იმკვიდრებს ადგილს, აფუძნებენ ხელნაკეთი ნივთების საწარმოს და მათი პატარა სოფლის უნიკალურობას ტურისტულ შესაძლებლობად აქცევენ, ათასობით ადამიანს უზიარებენ, ეძებენ გზებს, რომ საყოველთაო გარემოსდაცვით პრობლემებს ჩვენი ქვეყნის სახელითაც უპასუხონ.
მოკლედ, ჩამონათვალი შთამბეჭდავია.
მათ ავტორებს კი, ჩემი დაკვირვებით, რამდენიმე განსაკუთრებული მახასიათებელი გამოარჩევს; სოციალურმა მეწარმემ ზუსტად იცის, რომ რთული მოცემულობის შეცვლა შეუძლია, დამკვიდრებული შეხედულებების საპირისპიროდ სიარულის არ ეშინია და მისი საქმე სხვებისთვის სასარგებლოდ გადამდებია.
_________________
ფოტოზე: თამარ როდონაია