ბლოგები

მზიური ხარ შენ!

15.10.2024 |
მზიური ხარ შენ!

ავტორი: თამარ როდონაია

__________________

თუ მზიურის კაფეს სტუმარი აქამდე არ ყოფილხართ, სავარაუდოდ, მის შესახებ გსმენიათ და გეცოდინებათ, რომ წარმატებული სოციალური საწარმოს ერთ-ერთი სამაგალითო ნიმუშია. ამ სოციალურმა კაფემ, შეუძლებლის დაძლევით, ჯერ შინ გაითქვა სახელი და შემდეგ, საქართველოს საზღვრებსაც გასცდა; სოციალური მეწარმეობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ქვეყნებს მიაწვდინა ხმა და წარმატებული სოციალური კაფეების გვერდით დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი.

ასეთი შესავლის შემდეგ, მზიურის კაფეს საქმე, ალბათ, უღრუბლო და უდარდელი წარმოგიდგათ თვალწინ. ამიტომაც აქვე გეტყვით:

მზიურის კაფეს საფრთხე ელის.
მზიურის კაფეს დახურვას უპირებენ.

დიახ, სამწუხაროდ გვაქვს საქმე. იმ სასარგებლო მაგალითს, რომელსაც გვერდში დგომა, განვითარებაში ხელშეწყობა ან უბრალოდ ხელის არ შეშლა სჭირდება, გაჩერება ემუქრება.

აქვე, სანამ საქმეში ჩაუხედავი ადამიანების გავლენით შექმნილი აზრი იჩენს თავს, ვეცდები მოგიყვეთ, რას ნიშნავს წარმატებული სოციალური კაფე და რატომ არის მზიურის კაფეს ამბავი და გასაჭირი თითოეული ჩვენგანის ამბავიც და გასაჭირიც.

თუ სოციალური კაფეს სტატუსმა დაგაბნიათ, სიცხადისთვის შემოგთავაზებთ, წარმოიდგინოთ კაფე, სადაც შეგიძლიათ მყუდრო გარემოში დიდი დრო გაატაროთ, საინტერესო ღონისძიებებს დაესწროთ და მხოლოდ ერთი ფინჯანი ყავის ან ჩაის შეკვეთითაც კი სასარგებლო ამბების თანამონაწილე გახდეთ, რადგან კაფეში, სადაც თქვენ იმყოფებით მუდმივად ზრუნავენ მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად.

მეტი ინფორმაციისთვის კი შევეცდები თანმიმდევრულად მოგიყვეთ იმის შესახებ, რაც ჩემ თვალწინ დაიწყო, განვითარდა, რისი ეფექტი მეც გამოვცადე და მისი გავლენით სხვების ცვლილებაც ვნახე.

  • 2009 წელი – გაცნობა

ამ წელს პირველად გავიცანი ანა გოგუაძე, მზიურის ფესტივალის ავტორი, რომელიც გაპარტახებულ და მიტოვებულ მზიურში ახალ სიცოცხლეს წინსწრებით ხედავდა. ზუსტად იცოდა, სისრულეში როგორ უნდა მოეყვანა თავისი გეგმა. მე, იმ დროს, ერთ კერძო კომპანიას წარმოვადგენდი, რომელმაც ანას გეგმა უპირობოდ გაიზიარა და ასე შევუდექით სწავლას მუშაობაში. დიახ, კერძო კომპანიები ასეთ დროს ბევრს სწავლობენ, სტანდარტულის ახლებურად დანახვას, გარშემო არსებული პრობლემების აღმოჩენას და გააზრებას ცდილობენ. საბოლოოდ კი ერთობლივი საქმე მრავალ წელს გადასწვდება ხოლმე, თანამოაზრე პარტნიორების რიცხვიც იმატებს და ხელშესახები ცვლილებებიც აუცილებლად დგება.


ანა გოგუაძე

ასე ჩავერთეთ მზიურის „მზის ფესტივალის“ კეთების მრავალწლიან საქმეში, რომლის უმთავრესი მიზანი პარკში სიცოცხლის დაბრუნება და ამ სივრცის მთავარი ადრესატებისთვის – ბავშვებისთვის ინკლუზიური გარემოს შექმნა იყო. ფესტივალის საინტერესო და სახალისო აქტივობების უწყვეტი რეჟიმი კი მომავალში, განახლებული მზიურის ყოველდღიურობად უნდა ქცეულიყო.

ამ საქმის კეთებისას ჩემ თვალწინ იცვლებოდა ხალხი. იცვლებოდა დამოკიდებულება სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებისადმი. ცხადი გახდა, როგორია ინკლუზიური საზოგადოება, სადაც ყველას შეუძლია თავისი ადგილი იპოვოს და დაიმკვიდროს.

მზის ფესტივალში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ჩართულობა წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად იზრდებოდა და თუ დასაწყისში მათ რაოდენობას მარტივად ვითვლიდით, ფესტივალის ბოლო წლებში სათვალავი ყველას აგვერია და მაშინ მივხვდით, მიზნის მნიშვნელოვანი ნაწილი მიღწეულია – მზის ფესტივალმა ბავშვები მზიურში დააბრუნა. ბავშვები, მიუხედავად მათი ფიზიკური შესაძლებლობისა, სხვადასხვა ხელოვნური და ხელისშემშლელი სტატუსისა.

  • 2015 წელი – მიტოვებული შენობის ბოლო წელი

თუ მზიურის კაფე მისი განახლების შემდეგ გაიცანით, ალბათ არ გეცოდინებათ რა მდგომარეობაში მყოფი სივრცე ჩაიბარეს ანამ და მისმა გუნდის წევრებმა.

ეს ადგილი, მზის ფესტივალის კეთების დროს, ჩვენი, ორგანიზატორების მთავარ შტაბს წარმოადგენდა, რომლის სარგებლობისას დიდი სიფრთხილის გამოჩენა გვიწევდა, რადგან სანაგვედ ქცეული ეს სივრცე არაერთ საშიშროებას ქმნიდა.

ალბათ ცხოვრების თანმხლებ მთავარ კადრებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიოთაგანია ამ გაპარტახებულ სივრცეში მყოფი ანა გოგუაძე, რომელიც შენობას სიყვარულით აჰყურებს და სულ მცირე დეტალებად აღწერს, როგორ კაფედ აქცევს აქაურობას, რა მოხდება შიგნით, გარეთ, როგორ გააგრძელებს მზის ფესტივალი სიცოცხლეს აქ. ამ დროს ანა ზუსტად ხედავს, იცის. მის ირგვლივ კი ბევრი ურწმუნო მსმენელია. მათ რიგებში მეც, რომლის წარმოდგენაშიც ეს ადგილი კიდევ მრავალი წელი დარჩება მიტოვებულ შენობად, რადგან რასაც ანა ჰყვება, ჩვენთან ასე არ ხდება, ჩვენთან ასე შეუძლებელია.


მზიურის სოციალური კაფე


მზიურის სოციალური კაფე

  • 2016 წელი – შეუძლებელი საქმის შესრულება

მზიურის კაფე მაშინ დაიბადა, როდესაც ქალაქ თბილისის მერიამ მართლაც განსაკუთრებული ნაბიჯი გადადგა და საჯაროდ განაცხადა, რომ სოციალური კაფეს იდეა მისთვის მნიშვნელოვანია, სრულად იზიარებს მის გეგმებს და ამ თემის განვითარებისთვის, დროებითი სარგებლობის სტატუსით, შენობას ანა გოგუაძეს და მის გუნდს გადასცემს.

ამის შემდეგ, მზიურის კაფეს მხარდაჭერები საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი, მისი პარტნიორი ორგანიზაციები ხდებიან. მათ შორის, ევროკავშირის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მორიგი, საეტაპო სიახლის დაგეგმვისას, მზიურის კაფეს არაერთხელ გამოუჩინა მხარდაჭერა.

მეგობარ ორგანიზაციებს მალე დიდი და მცირე კომპანიებიც შეუერთდნენ და მზიურის სოციალურმა კაფემ ფეხი აიდგა.

მიზნებად ჩამოწერილმა საკითხებმა, წარმოუდგენელი სისწრაფით, ფურცლიდან ცხოვრებაში გადაინაცვლეს და მზიურის კაფე, როგორც სასარგებლო ცვლილებების ადგილი, მალევე დამკვიდრდა ქალაქის ცენტრში.

  • 2024 წელი – შესაძლებლობები იხურება?!

რამდენიმე თვის წინ, როდესაც ქალაქ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მზიურის კაფეს საფრთხე დაემუქრა, ცხელ გულზე, ჩემებური მოკვლევა ჩავატარე; ნაცნობ და უცნობ ადამიანებს ვკითხე, რა დროს ახსენდებათ მზიურის კაფე.

მათი მოკლე პასუხები ძალიან ბევრს გვიყვება:

მახსენდება, როცა ღონისძიების ჩატარებას ვგეგმავ და თანამოაზრე მჭირდება

მახსენდება, როცა საინტერესო აქტივობას ვეძებ ჩემი შვილისთვის

მახსენდება, როცა ადაპტირებული გარემო ჩემთვის აუცილებელია

მახსენდება, როცა ცხოველების მოვლის და დაცვის მაგალითი მჭირდება

მახსენდება, როცა პლასტმასის ბოთლები მაქვს ჩასაბარებელი

მახსენდება, როცა ტანსაცმელი მინდა გავაჩუქო

მახსენდება, როცა საინტერესო ფილმის ნახვა მომინდება

მახსენდება, როცა პოლ მაკარტნის ჩამოსვლას ახსენებენ

უბრალოდ, კარგი ქვეყნის სინონიმად მახსენდება…

ამ მოლოდინების გამართლებისთვის მზიურის კაფემ ბევრი იშრომა, ახლა კი დახურვა ემუქრება და ალბათ უკვე მიხვდით, მისი დახურვით რა შესაძლებლობები იხურება ყველასთვის.

მანამდე კი მისი მეგობრები, გულშემატკივრები, ერთიანდებიან და ცდილობენ სხვადასხვა ღონისძიებით ხელი შეუშალონ უსამართლო გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას.

სწორედ ასეთი მხარდამჭერი სანახაობა გელოდებათ 19 ოქტომბერს, 19:30 -დან, როდესაც მზიურის კაფეს მეგობარი – „ამბავი კრეატორსი“ მზიურის კაფეს მხარდასაჭერად აუდიო-ვიზუალურ შოუ წარმოადგენს, რომელიც მათი თვალით დანახულ მზიურის კაფეს, სირთულეების დაძლევის, ამბავს მოგიყვებათ და გეტყვით, რომ მზიური ხარ შენ!