ავტორი: თამარ როდონაია
_____________________
საბჭოთა კავშირიდან მომავალ ადამიანებს ბევრი პრობლემა მოგვყვება ტვირთად. ხანდახან გვაქვს განცდა, თითქოს ძველ მარწუხებს თავი დავაღწიეთ, უკან მოვიტოვეთ, თუმცა, მალევე, ახალი ძალით გვახსენებს თავს, ისევ გვიშლის ხელს.
ჩემთვის საბჭოთა ნარჩენებთან ბრძოლა ყოველდღიურობის ნაწილია. მძიმე, თუმცა აუცილებელი საქმე.
ერთ-ერთ ასეთ საქმეს კი ბევრი წლის წინ შევეჭიდე, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის ახალი მობილური სერვისის შექმნაში ჩავერთე და ის ადამიანები გავიცანი, რომლებსაც, მანამდე, არასდროს შევხვედრილვარ ახლოს. ჩვენი აცდენის მთავარ მიზეზს კი მათი ძალით გარიყვა და საზოგადოების დიდი ნაწილისგან გადამალვა წარმოადგენდა, რადგან საბჭოთა რეჟიმმა ასე გადაწყვიტა; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები იზოლირებულად უნდა არსებობდნენ, მათ „კეთილდღეობაზე“ კი საბჭოთა ხელისუფლება ცალკე „იზრუნებს“.
„ბაბალეში“ დამზადებული ნივთები
„ცალკე ზრუნვის“ მავნებლურ შედეგებს დღემდე ვიმკით და ახლა, დაგვიანებულები ვსწავლობთ იმ ადამიანების დანახვას და გათვალისწინებას, ვინც ხელოვნურად დაგვაშორეს, ვისაც ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა წაართვეს და ახლა, კუთვნილი ადგილის მოსაპოვებლად, არაერთი ბარიერის დაძლევა, ხშირად, მარტო უწევთ.
ბოლო წლებში, ამ საკითხისადმი, ცნობიერების ზრდის მიუხედავად, შშმ ადამიანების გარშემო არსებულ სტიგმას კვლავ მყარად აქვს ფესვები გადგმული. მის დასაძლევად კი მრავალმხრივი მუშაობა და უპირველეს ყოვლისა სახელმწიფოს დიდ ძალისხმევა, გადამწყვეტია.
შესაბამისი ცოდნის და ინფორმაციის გავრცელება, სოციალური სერვისების გამართვა, სპეციალისტების დონის ამაღლება, საგანმანათლებლო სივრცეებში სათანადო მუშაობა, ინფრასტრუქტურული გაუმჯობესება და სხვა მრავალ საკითხზე ზრუნვა, ყოველდღიურ ამოცანას უნდა წარმოადგენდეს. მხოლოდ ასეთი მიდგომა მოგვცემს საშუალებას დავძლიოთ ფართოდ გავრცელებული და დამაზიანებელი დამოკიდებულება რაც, ძირითადად, ორი სახით გვხვდება; შშმ ადამიანების მიუღებლობა ან მათდამი ზედმეტი და ხელოვნური ემპათია.
„ბაბალე“
წინ ნელა, მაგრამ მაინც მივიწევთ.
ცვლილებების უკან კი ერთეული ადამიანების შრომა და მონდომება დგას. მათი, ვინც წარმოუდგენელი ძალისხმევის შედეგად ახერხებს ამ მნიშვნელოვანი საკითხის ირგვლივ ადამიანების ყურადღების მიპყრობას, ცოდნის გაზიარებას და წინ წაწევას თითოეული ჩვენგანის, მთელი ქვეყნის სასიკეთოდ.
- „ბაბალე“ – მზრუნველი საჩუქრების საამქრო
შშმ ადამიანების საკითხებზე მომუშავე ერთ-ერთი პირველი და ხელშესახები ცვლილების მომტანი სოციალური საწარმო „ბაბალეა“, თბილისის ძველ უბანში, ალექსანდრე დიუმას 2 ნომერში დაბინავებული მზრუნველი საჩუქრების საამქრო.
მისი შემქმნელები დაუნის სინდრომის მქონე შვილების დედები არიან. ის ქალები, ვინც წარმოუდგენელ სირთულეებთან მარტო აღმოჩენილები მიხვდნენ, რომ შვილების კეთილდღეობისთვის ბრძოლა მათი დასაწყები და სხვა ასობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანის სასარგებლოდ, მათივე მოსაგებია.
სწორედ ამიტომ შეიქმნა წარმოების ისეთი მოდელი რომელიც სწავლას, უნარების განვითარებას, პროფესიის დაუფლების შესაძლებლობას ერთ სივრცეში აერთიანებს და ყველას ნათლად აჩვენებს, რომ ამგვარი მიდგომით შესაძლებელია შშმ ადამიანებმა შექმნან მაღალი ხარისხის საწარმო განსაკუთრებული მისიით.
„ბაბალეს“ მისია კი თავიდანვე მკაფიოდ განისაზღვრა; ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, სადაც დაუნის სინდრომის მქონე თითოეული ადამიანის ნიჭი, გაწეული ძალისხმევა დაფასეული იქნება და დამოუკიდებელ ცხოვრებას, განვითარებას შეძლებენ.
„ბაბალეში“ დამზადებული ნივთები
საწარმო რამდენიმე მიმართულებით მუშაობს; ხელნაკეთი ნივთების ხაზი, ტექსტილის ნაწარმი და სასწავლო სივრცე, სადაც სკოლის მოსწავლეებს და სხვა დაინტერესებულ ადამიანებს „ბაბალე“ თავის საქმეს ასწავლის. საწარმოს შემოსავლის დიდი ნაწილი კი ახალი პროგრამების შექმნას, დაუნის სინდრომის მქონე მეტი ადამიანის სწავლებას და მათი უნარების განვითარებას ხმარდება.
- ევროკავშირის გამოცდილების ძალა
„ბაბალეს“ საქმეში ევროპული გამოცდილება მნიშვნელოვანი დამხმარე აღმოჩნდა.
ხშირად ყურადღების მიღმა გვრჩება, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნების გვერდში დგომა, ბევრ სიკეთესთან ერთად, ერთ მნიშვნელოვან უპირატესობას გვანიჭებს; ის რაც მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა მრავალწლიანი სწავლით, მუშაობით, შეცდომებზე დაკვირვებით, მუდმივი გაუმჯობესებით დანერგეს და განავითარეს, დღეს, ჩვენთვის, კარგი შესაძლებლობა და გზამკვლევია, სასარგებლო ცვლილებებს სწრაფად მივაღწიოთ.
„ბაბალეს“ წარმატებაში კი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების გვერდში დგომა ფასდაუდებელია. საწარმოს, ბოლო, მნიშვნელოვანი პროექტიც ევროკავშირის დახმარებით გაკეთდა, რომლის ფარგლებშიც სახელოსნო გაფართოვდა, საფუძველი ჩაეყარა ოთხსაფეხურიან ინოვაციურ პროგრამას, რომელშიც, ამჟამად, ოცი დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდა არის ჩართული. პროგრამამ საერთაშორისო აღიარება თავისი უნიკალური მიდგომით უკვე მოიპოვა.
- თანაშექმნის პრინციპზე აგებული საამქრო
„ბაბალეს“ ერთი განსაკუთრებული ნიშანი გამოარჩევს. აქ ერთის იდეა, წამოწყება თანაგუნდელების ხელში განსაკუთრებულად იქცევა და „ბაბალეს“ გარეთ მნიშვნელოვან გზავნილებად ვრცელდება, ადამიანებს მათ თანამოაზრეებად აქცევს. „ბაბალეს“ ხშირად ცნობილი ხელოვანებიც უმეგობრდებიან და ახალ ხაზს ბაბალელებთან ერთად ქმნიან.
„ბაბალეში“ დამზადებული ნივთები
საწარმომ არაერთი ჯილდო და აღიარება უკვე მოიპოვა, ბევრი ბიზნესმეგობარიც გაიჩინა და წარმოებაშიც სიახლეები შეიტანა. ამგვარი მიდგომის შედეგად, მცირე თანხებით დაწყებული საწარმოს ბრუნვამ უკვე მნიშვნელოვან ნიშნულს მიაღწია და „ბაბალე“ ახლა უკვე სხვებს უზიარებს თავის ამბავს; თანმიმდევრული, მიზნისკენ მიმართული მუშაობით როგორ იქმნება ძლიერი სოციალური საწარმო.
- ორმაგი საჩუქარი
ბაბალელების შექმნილი ნივთები თუ აქამდე თქვენამდე არ მოსულან, გეტყვით, რომ წინ დიდი სიამოვნება გელოდებათ, რადგან ამ საამქროში შექმნილი ნებისმიერი საგნის შეძენით, გამორჩეული ნივთის მფლობელი, მჩუქებელი და სასარგებლო საქმის თანამონაწილე ხდებით. თქვენი წვლილი შეგაქვთ ინკლუზიური, თანასწორი საზოგადოების ჩამოყალიბებაში.
„ბაბალეში“ დამზადებული ნივთები
„ბაბალეს“ კერამიკულ ნივთებს, წინდების გამორჩეულ სერიას, სხვადასხვა ტექსტილის ნაწარმს, ღია ბარათებს, ხის აქსესუარებს კი ერთი საერთო და უნიკალური თვისება გამოარჩევს; მათი ავტორების ახლოს გაცნობის ნიშნად, თქვენს სიახლოვეს დიდი ხნით იმკვიდრებენ თავის კუთვნილ ადგილს!