ნიუ იორკში, მანჰეტენზე, „გრანდ ცენტრალის“ აღმოსავლეთ შესასვლელიდან ნახევარ ბლოკში მდებარე შენობების, მაღაზიების, სასადილოების, ყავახანებისა და ოფისების ერთობლიობას, ალბათ, არასდროს უნახავს სიგანეში მრავალრიგიანი, კილომეტრის სიგრძის „ქამარი“, რომელიც არავინ იცოდა, საიდან იწყებოდა და სად მთავრდებოდა.
უფრო სწორედ, ნიუ იორკელმა და სხვა შტატებიდან ჩამოსულმა ქართველებმა ვიცოდით იმ დღის, 26 ოქტომბრის მთავარი მისამართი, საქართველოს გენერალური საკონსულო – 144 E 44th St.
1960 წელს აშენებულ, შავმარმარილოიანი, შვიდსართულიანი კომერციული ფართისთვის ქართულ ენაზე ამდენი მოსაუბრე, მყვირალი, მოღრიალე, გულწასული, ატირებული, ჭყლეტაში მოხვედრილი, დაღლილობისგან შეწუხებული, მაგრამ მაინც ძალიან მოტივირებული ხალხი ერთგვარი “ოქტომბრის სიურპრიზი” იყო.
თავიდანვე ცხადია იყო, რომ ოთხი მცირეფართიანი უბანი, რომელიც ნიუ იორკში საქართველოს მოქალაქეებს უნდა მომსახურებოდა, რბილად რომ ვთქვათ, აბსოლუტურად შეუსაბამო იყო ამომრჩეველთა იმ რაოდენობასთან, რომელიც, ფაქტობრივად, წინასწარ იყო ცნობილი.
ჩვენი არაერთგზის მცდელობისა, სახელმწიფომ დამატებითი უბნების გახსნაზე არ იზრუნა. არადა, ბრუკლინი, რომელიც, რეალურად, “მეორე საქართველოდ” გადაიქცა, არჩევნების ჩასატარებლად ყველაზე ადეკვატური და მოსახერხებელი ადგილი იქნებოდა.

არჩევნები ნიუ იორკში. ია მერკვილაძის ფოტო

არჩევნები ნიუ იორკში. ია მერკვილაძის ფოტო

არჩევნები ნიუ იორკში. ია მერკვილაძის ფოტო
6 – 8 – 10 საათი რიგში დგომა ამომრჩევლისთვის გამზადებული “ოქტომბრის სიურპრიზი” არ იყო, მაგრამ მაინც, ეს დაუსრულებელი მოლოდინი ადამიანის ფიზიკური და ფსიქოლოგიური რესურსის სერიოზულ გამოცდად გადაიქცა. ჩვენ ვიცოდით, რომ ასე იქნებოდა. უმეტესობამ გაუძლო, ზოგმა – ვერ, რიგიდან გამოვიდა და სახლში წავიდა. ზოგი კი სახლიდან უკან დაბრუნდა და ისევ რიგში დადგა.
აქ შეხვდებოდით 92 წლის ემიგრანტსაც, 21 წლის სტუდენტსაც და ახალგაზრდა წყვილს თვე-ნახევრის ბავშვით.
რიგის მომწესრიგებლებისა და ნიუ იორკის პოლიციის შესაქებად უნდა ითქვას, რომ მცირეწლოვან-ბავშვებიანი და შშმ პირები ურიგოდ შეჰყავდათ, თუმცა მაინც გჭირდებოდა “კუნთიანი შუამავალი” ვინც შენ “გასაჭირს” შესასვლელ კართან მდგომ მცველებს გადასცემდა… მოკლედ, არჩევნები ნიუ იორკ ბრძოლის ველს დაემსგავსა.

არჩევნები ნიუ იორკში. ია მერკვილაძის ფოტო

არჩევნები ნიუ იორკში. ია მერკვილაძის ფოტო

არჩევნები ნიუ იორკში. ია მერკვილაძის ფოტო

არჩევნები ნიუ იორკში. ია მერკვილაძის ფოტო
გია ხუროშვილი („ქართველ პარლამენტართა საზოგადოება“, დამკვირვებელი): „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების საბოტაჟი დაგეგმა და ამისთვის მან გამოიყენა ერთადერთი რესურსი – საკონსულომ და ცესკომაც იცოდა, რომ ნიუ იორკში 12 000 – მდე დარეგისტრირებული ამომრჩეველი იყო. ამიტომ ყველაფერი გააკეთა, რომ ადამიანებისთვის დისკომფორტი შეექმნა. ცხადია, ოთხი მცირე ზომის უბანი არ იყო საკმარისი, ამას დაემატა კომისიის ზოგიერთი წევრის არაპროფესიონალიზმი, წერა–კითხვის უცოდინარობა. მადლობა იმ მოქალაქეებს, რომლებიც რიგში მოთმინებით იდგნენ და საქართველოს მომავლის წინაშე ვალი მოიხადეს.
კობა სუბელიანი (ამომრჩეველი): ნიუ იორკში კონექტიკუტიდან მთელი ოჯახით ჩამოვედით. კონექტიკუტში, ცინცინატში, ჩიკაგოში და სხვაგანაც დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნა მოვითხოვეთ, მაგრამ არ გაგვიხსნეს. ყველაზე უპრიანი იქნებოდა ბრუკლინში გაეხსნათ, მაგრამ ამაზეც უარი მივიღეთ. ესაა ხელისუფლების მხრიდან დესტრუქციული ქმედება და იმედი მაქვს, რომ ამგვარი საბოტაჟი უკანასკნელი იქნება.
მღვდელმონაზონი იერონიმე (ამომრჩეველი): აქ უპირველესად იმიტომ ვიმყოფები, რომ ვარ საქართველოს მოქალაქე და მიმაჩნია, რომ პასპორტი მხოლოდ იმისთვის არაა, რომ ვიმოგზაუროთ, არამედ იგი ჩვენი ვალდებულებაა, რომელიც ადამიანს ქვეყნის წინაშე მნიშვნელოვანი ვალის მოხდას, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას აკისრებს. წარმატებები საქართველოსა და მის ევროპულ მომავალს!
მამა ირინეოსი (ამომრჩეველი): ნიუ იორკის უბნებზე დიდი აქტივობაა. ამგვარი მოქალაქეობრივი თვითშეგნება მახარებს. ადამიანები მოვიდნენ, რომ ქვეყნის წინაშე ვალი მოიხადონ და ხმა სამშობლოს ნათელ მომავალს მისცენ.
ირაკლი გაფრინდაშვილი (ამომრჩეველი): ჩემ მეუღლესთან ერთად ნაშვილიდან (ტენესი) ჩამოვფრინდი. ამომრჩეველთა დიდი რიგია, მაგრამ მიხარია ამ ერთიანობის შეგრძნება. სამწუხაროა, რომ თითქმის ოცდაათი წლის მერე კვლავ გვიწევს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, მაგრამ საქართველოს მომავლისთვის ყველანაირ დისკომფორტს ავიტანთ და გავუძლებთ.
ანა ჯიჯოლავა (ამომრჩეველი): დილის რვა საათიდან, როგორც კი უბანი გაიხსნა, უკვე რიგში ვიდექით. მიუხედავად იმისა, რომ იქ დავდექით, სადაც ჩვენი უბნის ნომრები იყო მითითებული, უცებ მოვიდნენ და გვითხრეს, რომ არასწორად ვიდექით. ანუ გამოდიოდა, რომ სამი საათი ტყუილად ვიდექით. არავინ იცოდა, ჩვენი რიგი სად იყო. ამ დროს მოგვაწვნენ, დაიყო ჭყლეტა, ქალი შეწუხდა, სასწრაფოს გამოუძახეს და მერე უცებ ხალხის ტალღამ იხუვლა და უბანზე აღმოვჩნდით.
ხალხი ყვიროდა, ქალები კიოდნენ, კაცები იგინებოდნენ… უბანზე კორიდორში ჩვენ რიგს სამი საათი ველოდით. გარეთ არავინ იცოდა, ვინ, სად უნდა დამდგარიყო. უბანზე ამდენ ხანს რატომ დაგვაყოვნეს, არც ეს ვიცი.
პოლიცია მხოლოდ 11 საათზე მოვიდა, რკინის ჯებირები ჩადგა, რითაც რიგი, ასე ვთქვათ, შეათხელა, ამით დააგრძელა და ხალხის უკმაყოფილება გამოიწვია. უბანზე ბავშვიანებს ურიგოდ უშვებდნენ, მაგრამ რატომღაც ამ ბავშვს ურიგოდ კიდე ათი ადამიანი მიჰყვებოდა. პოლიციამ ქუჩა მოტოციკლეტებით, ჯებირებით გადაკეტა და ავად თუ კარგად უკონტროლო რიგები მოწესრიგდა. უბანზე შევედით, მაგრამ არა ფანჯარა, არა ჟანგბადი, არა წყალი, არა სკამი. უბანი სოროს ჰგავდა. შეუძლებელი იყო იქ რაიმეს გაკონტროლება ან რაიმეზე დაკვირვება.
ფაქტობრივად, 6 საათი ფეხზე ვიდექი. ამბობენ, გამიმართლა. ზოგი რიგში ათი საათი და მეტი იდგა. ხმა მაინც მივეცი და იმედია, ჩემი ხმა არ დაიკარგება.

არჩევნები ნიუ იორკში. ია მერკვილაძის ფოტო

არჩევნები ნიუ იორკში. ია მერკვილაძის ფოტო

არჩევნები ნიუ იორკში. ია მერკვილაძის ფოტო

არჩევნები ნიუ იორკში. ია მერკვილაძის ფოტო

არჩევნები ნიუ იორკში. ია მერკვილაძის ფოტო

არჩევნები ნიუ იორკში. ია მერკვილაძის ფოტო

არჩევნები ნიუ იორკში. ია მერკვილაძის ფოტო

არჩევნები ნიუ იორკში. ია მერკვილაძის ფოტო
ლევან რევაზიშვილი (ამომრჩეველი): საკონსულოდან მივიღე დასტური ელფოსტით, რომ ვარ ნიუ იორკში საკონსულო აღრიცხვაზე. მოვედი, მაგრამ არც ერთ სიაში არ აღმოვჩნდი. ბრუკლინიდან ჩამოვედი და როგორც ყველა, ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს ბრუკლინში სამი უბანი მაინც უნდა გაეხსნა.
გიორგი კობიძე (ამომრჩეველი): გავიარე საკონსულო რეგისტრაცია, მომივიდა დასტური, მაგრამ როცა ნიუ იორკში უბანზე მოვედი, სიაში არ აღმოვჩნდი. რატომღაც მიწერს, რომ ჩემი საარჩევნო უბანი თბილისშია და რომ ვარ უცხოეთში.
ანი დავითაშვილი (“ქართველ პარლამენტართა საზოგადოება”, რიგის მომწესრიგებელი): ხმის მიცემის პროცესი დიდი შეფერხებით მიმდინარეობს და ამის მიზეზი არის ამ ძალიან გრძელ რიგებში ის ადამიანები, რომლებსაც მაიდენტიფიცირებელი ბეიჯები არა აქვთ, მაგრამ რიგებს შორის მოძრაობენ და იმათ, ვინც სწორ რიგში დგანან, ეუბნებიან, რომ არასწორ რიგში დგანან და სხვაგან აგზავნიან.
იქ საათობით დგანან, მერე აღმოჩნდება, რომ არასწორ რიგში დგანან… ზოგი დანებდა და სახლში წავიდა. გარეთ უკონტროლო რიგი არჩევნებისთვის ერთ–ერთი მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორია. ორი გადაჭედილი შესასვლელია და ოთხი უბანი, რომელიც არაა საკმარისი.
ნინუკა ბორჩხაძე („კოალიცია ცვლილებისთვის”, დამკვირვებელი): გარდა იმისა, რომ ადამიანებმა საკონსულო აღრიცხვის მიუხედავად სიებში საკუთარი თავი ვერ აღმოაჩინეს, დიდი პრობლემაა უბნების განლაგება, სიმცირე, ინვენტარის დეფიციტი, რეგისტრატორების არასაკმარისი რაოდენობა. არ გვქონდა ბეჭდები, მელანი, სკოჩი, ნორმალურად მომუშავე ფარნები, მარკირების სითხე. თუმცა ყველაზე ნორმალურად კიდე ჩვენი, მეექვსე უბანი მუშაობდა. მეშვიდე უბანი ყველაზე პრობლემური იყო, საღამოს რვა საათზე რიგი პარალელურ ქუჩამდე გადაიჭიმა.
***
მერვე უბანზე, სადაც ხმას ვაძლევდი, ნორმალური ფოტოს გადაღების საშუალება, არც თეორიულად და არც პრაქტიკულად არ იყო, რადგანაც ინვენტარი – მაგიდები, საარჩევნო კაბინა თუ ბიულეტენის ჩასაგდები ყუთი ისე მჭიდროდ იყო ერთმანეთზე „მიპრესილი“, ჩემ გადაღებულ ფოტოებზე ან კომისიის წევრის სახის ერთი ნაკვთია აღბეჭდილი ან მხოლოდ დამკვირვებლის თმის ვარცხნილობა… თხელი მუყაოს კაბინა, რომელსაც მხარი გავკარი, წაიქცა და ვიღაცას დაეცა. თუმცა „ვიმარჯვე“ და მანამდე ჩემი კონსტიტუციური ვალი აღვასრულე. ჩემთვის ამოუცნობ ფენომენად რჩება იქ მომუშავე ადამიანები როგორ, რით ან რა სიხშირით სუნთქავდნენ.
მეექვსე უბანზე, სადაც ორგანიზაცია “საქართველოს ევროპული ორბიტის” დამკვირვებელი გახლდით, ამჯერად ე.წ საარჩევნო კაბინა რამდენჯერმე მე დამეცა და, ცხადია, მისი შეკეთება მე ვითავე.

არჩევნები ნიუ იორკში
კაბინას წამდაუწუმ ძვრებოდა წინა „ფანჯარა“, რაც ხმის მიცემის ფარულობის პრინციპს უხეშად არღვევდა და ისედაც, საშუალოზე მაღალი ადამიანი უპრობლემოდ დაინახავდა მოქალაქის არჩევანს.
კომისიაში პარტია „ქართული ოცნების“ წევრი გამოირჩეოდა, რბილად რომ ვთქვათ, არაპროფესიონალიზმით, უბნიდან უკითხავად გადიოდა და მიცემულ შენიშვნებზე არაადეკვატურად რეაგირებდა…
და მაინც, ნიუ იორკი/ამერიკა “ქართულმა ოცნებამ” ტრადიციულად ამჯერადაც ვერ მოიგო. მე–6 უბანზე დაფიქსირდა 1 548 ამომრჩეველი, აქედან მხოლოდ 109-მ ხმა პრორუსულ პარტიას მისცა.
სულ ნიუ იორკში ოთხ უბანზე – 5 891 ამომრჩეველი დაფიქსირდა, აშშ–ში კი მთლიანად ვაშინგტონისა და სან–ფრანცისკოს ჩათვლით, 6951 ადამიანი, ხოლო “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა რაოდენობამ ამ რიცხვის 7 პროცენტი შეადგინა.

არჩევნები ნიუ იორკში. ია მერკვილაძის ფოტო