ავტორი: თამარ როდონაია
___________________
„ნუკრიანის სახელოსნოები“ და მისი ავტორები ბევრი წლის წინ გავიცანი. სიღნაღის მახლობლად, სოფელ ნუკრიანში დაარსებული ეს სოციალური საწარმო ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი პირველი, ჩემთვის კი ერთგვარი საიმედო მანიშნებელია; ქვეყნისთვის რთულ პერიოდში „ნუკრიანის სახელოსნოები“ თუ კვლავაც აგრძელებს მუშაობას, ესე იგი იმედი კიდევ არის – ამ რთულ დროსაც გავუძლებთ.
ამ იმედს კი, ალბათ, მათი მრავალწლიანი და სირთულეებით სავსე გამოცდილება – ბარიერების გადალახვის გასაოცარი ამბავი მაძლევს. რამდენჯერმე მოუწია ამ საწარმოს მუშაობის თავიდან დაწყება და ყოველ ჯერზე წარმატებით გაართვა თავი ისეთ წინაღობებს, რომელთა წინაშეც ბევრი დანებებას ამჯობინებდა.
ამ სოციალური საწარმოს ერთ-ერთი ავტორი, მაია ბიძინაშვილი, ნუკრიანის სახელოსნოების სულ პირველ წლებზე საუბრისას, უიმედობის აღმნიშვნელ ერთ საერთო უ – ს ამბავს აუცილებლად გაიხსენებს და მოგიყვებათ უშუქობის, უწყლობის, უმუშევრობის ფონზე როგორ ეყრებოდა საფუძველი ჯერ სათემო ორგანიზაცია ნუკრიანს, შემდგომ კი ახალ სოციალურ საწარმოს. ადგილს, რომლის მიზნადაც იმ დროისთვის შეუძლებელი საქმის კეთება განისაზღვრა.
საბედნიეროდ, ამ წამოწყებას „კავკასიური სახლის“ არაერთი სასარგებლო პროექტი უმაგრებდა ზურგს, რომლის დახმარებითაც, სოფელ ნუკრიანში, მნიშვნელოვან შემეცნებით აქტივობებს ჯერ კიდევ 1998 წლიდან ჩაეყარა საფუძველი.
- ქალების გაძლიერებით მოტანილი საერთო სარგებელი
ხშირად, ქალთა გაძლიერების მნიშვნელოვან თემას, სამწუხაროდ, არასათანადო განმარტება, აღქმები მოჰყვება და როგორც გვჩვევია, მთავარი საკითხიც მეასეხარისხოვნად იქცევა ხოლმე.
მთავარი კი არაერთი კვლევით დასტურდება – დასაქმებულ, თვითრეალიზებულ და ახალი ცოდნით, უნარებით აღჭურვილ ქალს ცვლილებების მოტანა შეუძლია მისი ოჯახის საკეთილდღეოდ, გარშემო საზოგადოების სასარგებლოდ.
რამდენიმე ასეთი წარმატებული მაგალითი ქვეყანაში უკვე დაგვიგროვდა და შედეგის ამოცნობაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ადვილად შეგვიძლია. ამ მნიშვნელოვანი ცვლილების მხარდამჭერებად კი, ყველაზე ხშირად, ევროკავშირი და ჩვენი მეგობარი ქვეყნები გვხვდებიან, რადგან იმისთვის, რომ პირველი გადადგმული ნაბიჯები გაბედული და მყარი იყოს, თანამოაზრეების არსებობა გადამწყვეტია. აუცილებელია ვინმემ პერიოდულად გაგამხნეოს, შედეგი შეგიფასოს, ახალი გზები გასწავლოს და რაც მთავარია, სიახლეების დანერგვის დროს გვერდით ამოგიდგეს. სწორედ ეს მისია არაერთხელ იტვირთა ევროკავშირის, სხვა ევროპული ფონდების დაფინანსებულმა ინიციატივებმა და ბევრ სოციალურ საწარმოს მისცა განვითარების შესაძლებლობა.
ნუკრიანის სახელოსნოებიც ამგვარი თანამშრომლობის კარგი მაგალითია. 2007 წელს ჯერ კავკასიური სახლის რეგიონული პროექტების კოორდინატორის და შემდეგ CDC- სათემო განვითარების ცენტრის დამფუძნებლის და სოფლისთვის ბევრი სასარგებლო პროექტის ავტორის, ანა მარგველაშვილის მხარდაჭერით, სოციალური საწარმო, ნუკრიანის სახელოსნოები ჩამოყალიბდა.
წარმოების ფორმად შემოქმედებითი სახელოსნო შეირჩა, რომელიც ეფექტური საშუალება აღმოჩნდა სოფლად მცხოვრები ქალებისა და ახალგაზრდებისთვის, შეესწავლათ ახალი პროფესიები, განევითარებინათ აუცილებელი უნარები და მიღებული ცოდნით დასაქმებულიყვნენ სხვადასხვა სფეროში.
ნუკრიანის სახელოსნოში
საწარმომ თავის სამუშაო მიმართულებად ტრადიციული ხელსაქმის განვითარება, ახლებური მიდგომების დანერგვა და მრავალფეროვანი პროდუქციის შექმნა.
ასე გაჩნდა ნუკრიანის სახელოსნოების გამორჩეული ხაზი, რომელიც აერთიანებს ქვილთის, თექისა და ტექსტილის დეკორატიულ და პრაქტიკული გამოყენების ნივთებს.
მალევე, საწარმოს მუშაობამ აჩვენა, რომ მათი სახელოსნო ცოდნის და გამოცდილების სხვისთვის გადაცემის კარგ საშუალებად ჩამოყალიბდა და საფუძველი ჩაეყარა სასწავლო აქტივობებს. სოციალური საწარმოს სახელოსნოში არაერთი საინტერესო საგანმანათლებლო შეხვედრა ტარდება და შინაურებთან ერთად ტურისტებსაც იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.
სიღნაღისკენ მიმავალ გზას ნუკრიანის სახელოსნოებმა ერთი განსაკუთრებული გაჩერების ადგილი შემატა. აქ ადამიანები რეგიონის თავისებურებებს, კულტურულ მახასიათებლებს ეცნობიან და სამახსოვრო ნივთების შექმნას საკუთარი ხელითაც სწავლობენ.
ნუკრიანის სახელოსნოებში დამზადებული ნივთები
ნუკრიანის სახელოსნოებში დამზადებული ნივთები
- წარმატებული სოციალური საწარმო – სოფლის ძალა
ნუკრიანის სახელოსნოებს, მისი უმთავრესი ფუნქციის გარდა, ერთი მნიშვნელოვანი მისიაც გააჩნია, რომელსაც დაარსების დღიდან არასოდეს ივიწყებს და სოფლის ცხოვრების გაუმჯობესების საქმეს მის აუცილებელ მოვალეობად თვლის.
ამიტომაც, ამ ერთობის სახელით, ხშირად, სოფლის დალაგების აქტივობებს შეხვდებით, სკოლებში სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნების იდეებსაც აღმოაჩენთ, ნუკრიანის სახელოსნოების გუნდის წევრებს სოფლის უნიკალური ისტორიის მაძიებლებად, დამცველებად და შემდეგ სხვებისთვის გადამცემებადაც იხილავთ და უფრო კარგად შეიგრძნობთ, რა ძალა აქვს ერთ წარმატებულ სოციალურ საწარმოს, რომელიც მისი სოფლის განვითარებაზე ზრუნვით საქვეყნო საქმის მნიშვნელოვანი მონაწილეა.
ნუკრიანის სახელოსნოებში დამზადებული ნივთი