17 ნოემბერს ნიუ იორკში, გაეროს შტაბ–ბინასთან ქართველმა ემიგრანტებმა საქართველოში მიმდინარე აქციებს, რომლის მიზანია გაყალბებული არჩევნების გაპროტესტება და ქვეყნის ევროპული არჩევანის დაბრუნება, სოლიდარობა გამოუცხადეს.
შეკრებილებმა „გაჟონილი წერტილებითა“ და ანტირუსული ბანერებით ხელში, ამერიკელი კონგრესმენ–სენატორებისადმი გასაგზავნი წერილის ხელმოწერით სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს ოპოზიციის, სტუდენტებისა თუ საქართველოს უცხოელი მეგობრების ძალისხმევას, გადაიხედოს მიტაცებული არჩევნების შედეგები, დაიწყოს გამოძიება, დაინიშნოს რიგგარეშე პლებისციტი და მოქალაქეებს კონსტიტუციური – არჩევანის უფლება დაუბრუნდეთ.
ნინო ბორჩხაძე (აქციის ორგანიზატორი, Unity Fund Georgia) – „ქართველი ემიგრანტები აქ ჩვენი თანამოქალაქეების მხარდასაჭერად შევიკრიბეთ; იმ ადამიანების, რომლებიც ახლა საქართველოში შეუპოვრად იბრძვიან დემოკრატიული მომავლისთვის, რომელსაც ვიმსახურებთ. ჩვენი, ქართველი ემიგრანტების პროტესტი არის მშვიდობიანი, უტეხი და ძლიერი პროტესტი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ცალსახა მანიპულირების წინააღმდეგ. ცხადზე ცხადია, რომ პრორუსულმა „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ფუნდამენტური უფლება თავხედურად მოგვპარა.
მმართველმა პარტიამ ხალხის ნება მიიტაცა, ძირი გამოუთხარა დემოკრატიულ პროცესს და საქართველო დააშორა სწორ, დამსახურებულ გზას, რომელიც თავისუფლებისა და ევროპული მომავლისკენაა მიმართული. მათ გვიღალატეს ყოველი იმ ხმით, რომელიც მოიპარეს ან ჩაახშეს. უღალატეს საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად იმისა, სად ვართ – საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ.
ჩვენ, ქართველმა ემიგრანტებმა 26 ოქტომბერს ხმის მიცემა შევძელით და შემდგომ კი – მისი დაცვაც (მე დამკვირვებელი ვიყავი), მიუხედავად მთავრობის მიერ ორგანიზებული ყველა დაბრკოლებისა. ახლა ჩვენი პირდაპირი მოვალეობა და ერთგვარი პრივილეგიაა, აშშ–ში ვიყოთ იმ ადამიანების ხმაც, რომლებიც ჩვენს სამშობლოში იბრძვიან“.
გურო ყიფშიძე – „აქ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი მყარი არჩევანი: ჩვენ ვართ ქართველები, რომლებსაც ბნელ წარსულში დაბრუნება არ გვინდა. ჩვენ გვინდა საქართველოს განვითარება და ამას მხოლოდ ჩვენი პროდასავლური ორიენტაცია განაპირობებს“.
სალომე პაჭკორია – „მე ვარ ერთ–ერთი იმათგანი, ვინც “ქართული ოცნების” მიერ მიტაცებულ არჩევნებს აპროტესტებს. ჩვენ არ დავიღლებით და რუსეთს საქართველოს საბჭოთა კავშირის ჭაობში ჩაფვლის უფლებას არ მივცემთ!“
ლაშა კილაბერია – „მე და ჩემი მეგობრები მოპარულ, მიტაცებულ არჩევნებს ვაპროტესტებთ. გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. გამარჯვება გაიფორმა ანუ „გაჟონა“, თბილისში კი უწყვეტი საპროტესტო აქციები დაიწყო და დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობას რიგგარეშე არჩევნებს მაინც დავანიშვნინებთ. დასავლეთს ეს საპარლამენტო არჩევნები არ უღიარებია, მხოლოდ – რუსეთმა და მისმა ამფსონებმა. ასე რომ, კარგად ჩანს, თუ ვინაა ნათელ მხარეს“.
მარი ნავრადაშვილი – „ნიუ იორკში მერვე საარჩევნო უბანზე დამკვირვებელი ვიყავი. მაქსიმალური დისკომფორტის მიუხედავად, ამერიკაში ოპოზიციამ არჩევნები დიდი პროცენტით მოიგო, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არჩევნების ზოგად სურათზე არ აისახა. ძალიან იმედგაცრუებული ვარ. აქ მოვედი, რომ გავაპროტესტო “ქართული ოცნების” მიერ ადამიანების ხმების ტოტალური ქურდობა და მოვითხოვო გამოძიება“.
ეზრა ფრიმენი – „მე საქართველოში დავიბადე, მაგრამ ამერიკაში გავიზარდე. ასე რომ, ორი დედა მყავს. აქ მოვედი, რომ დემოკრატიულ საქართველოს მხარი დავუჭირო. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველების საარჩევნო ხმები სამართლიანად დაითვალონ და ქვეყანას ნათელი მომავალი ჰქონდეს. მინდა ჩემი პირველი სამშობლო იყოს თავისუფალი. ეს ის ადგილია, რომელიც მიყვარს და ყოველთვის სიხარულით მივიჩქარი“.
მაკა ქობალია (ორგანიზაცია „შინ“) – „დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოში თვეების განმავლობაში ქუჩაში დგანან, არ იღლებიან და ქვეყნის პროდასავლური მომავლისთვის იბრძვიან. გახსოვდეთ, რომ ჩვენც, ემიგრანტები, თქვენს გვერდით ვართ. იცოდეთ, რომ ერთიანი ძალისხმევით, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!“
ზურაბ კუპრავა – „1989 წლის 9 აპრილს ორი რუსი ჯარისკაცი ნიჩბებით მომდევდა. მე ქაშვეთისკენ გავრბოდი და ისინი მომდევდნენ. ცხადია, მოსაკლავად. რამ გადამარჩინა, არ ვიცი… როგორ გადავრჩი… წლების მერე ჩემთვის ამის გახსენება მძიმე იყო ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც. მაგრამ როგორ წარმოვიდგენდი, რომ ამდენი ხნის მერე ისეც რუსის ნიჩბისგან გავხდებოდით დასაცავი?
35 წლის მერე ასმაგად მძიმეა იმის გააზრება, რომ ის დრო ბრუნდება და ბრუნდება მოღალატე ქართველების ხელით…. ისევ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ჰოდა, სიბერეში ამას როგორ ან რანაირად წარმოვიდგენდი?!“