ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

აშშ-ის კონგრესმენებისადმი მიმართვაზე ხელმოწერებს აგროვებენ – „არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს“

აშშ-ის კონგრესმენებისადმი მიმართვაზე ხელმოწერებს აგროვებენ – „არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს“

17 ნოემბერს, ნიუ იორკში, გაეროს შტაბ–ბინასთან გამართულ სოლიდარობის აქციაზე, რომელზეც შეკრებილმა ქართველებმა და საქართველოს მეგობრებმა საპარლამენტო არჩევნების „ქართული ოცნების“ მიერ გაყალბება და მიტაცება გააპროტესტეს, აშშ–ის კონგრესის წევრებისადმი მიმართვაზე ხელმოწერებიც შეგროვდა.

მიმართვაზე ხელმოწერა შეუძლია ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრებ მოქალაქეს, რომელიც საქართველოს პროდასავლურ მისწრაფებას იზიარებს და კონსტიტუციური უფლების – არჩევნებში მონაწილეობის უფლების ხელყოფას არ ეგუება.

ხელმოწერების შეგროვების ბოლო ვადად 30 ნოემბერი განისაზღვრა.

წერილზე ონლაინ ხელმოწერა ამ ბმულზეა შესაძლებელი.

მიმართვაში ვკითხულობთ:

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები და გულშემატკივრები გწერთ ამ წერილს, რათა მოგაწოდოთ ინფორმაცია საქართველოში არსებულ ბოლოდროინდელ მოვლენებზე და დახმარება გთხოვოთ.

საქართველოში ამა წლის 26 ოქტომბერს ჩატარდა უმნიშვნელოვანესი არჩევნები. მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ მან ხმების დაახლოებით 54% მიიღო. თუმცა, არსებობს ბევრი მტკიცებულება იმისა, რომ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ეს არჩევნები მიიტაცა დაშინების, მოსყიდვისა და გაყალბების გზით.

„ქართულმა ოცნებამ“ ასევე უარყო ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების რეკომენდაცია, რომ ჩატარდეს სრულფასოვანი, დამოუკიდებელი გამოძიება ყველა იმ დარღვევაზე, რომელიც არჩევნების პერიოდში დაფიქსირდა. ამ რეკომენდაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერიც შეუერთდა.

გაყალბებული არჩევნები ათასობით ქართველმა გააპროტესტა და აპროტესტებს. აქციები მიმდინარეობს როგორც საქართველოში, ისე – საქართველოს გარეთ. აღსანიშნავია, რომ “ქართულმა ოცნებამ” აშშ–ში მხოლოდ ხმების დაახლოებით 7 % მიიღო.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არჩევნების ოფიციალური შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს.

თქვენი დახმარება იმისთვის გვჭირდება, რომ საქართველოს მთავრობა ვაიძულოთ დათანხმდეს გამოძიებას.

ჩვენ, ამ წერილზე ხელმომწერნი, სრულად ვეთანხმებით წერილის შინაარსს“.

მიმართვის ხელმომწერი ნიუ იორკში გამართული აქციიდან. ია მერკვილაძის ფოტო

_____________

ფოტოზე: აქცია ნიუ იორკში. ია მერკვილაძის ფოტო