ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

„ემიგრაცია არ ყოფილა ჩემი არჩევანი“ – როგორ აფასებენ ვარდების რევოლუციას აშშ-ში მცხოვრები ემიგრანტები

„ემიგრაცია არ ყოფილა ჩემი არჩევანი“ – როგორ აფასებენ ვარდების რევოლუციას აშშ-ში მცხოვრები ემიგრანტები

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები 2003 წლის ვარდების რევოლუციას 21 წლის შემდეგ აფასებენ.

გია ხუროშვილი: ვარდების რევოლუციას ვაფასებ, როგორც მენტალურ რევოლუციას, რამაც არსებითად შეცვალა საზოგადოების აღქმები და წარმოდგენები: კარგსა და ცუდზე, საამაყოსა და სამარცხვინოზე. ახალი თაობა იზრდებოდა საბჭოთა სტერეოტიპების გარეშე, რაც, ჩემის აზრით, ჩვენი ქვეყნის წინსვლისათვის გადამწყვეტი ფაქტორი იყო.

ემიგრაცია არ ყოფილა ჩემი არჩევანი. ეს იყო იძულებითი ნაბიჯი, როდესაც სახელმწიფო რეპრესიული მანქანა იმდენად საშიში გახდა, რომ საფრთხე მემუქრებოდა არა მხოლოდ მე, არამედ – ოჯახის სხვა წევრებსაც. ოპოზიციური პარტიები იმდენად დასუსტდნენ, რომ პოლიტიკური ცხოვრება თითქოს გაიყინა და ადამიანების ბედს ერთპიროვნულად წყვეტდა ოლიგარქი, რომელიც მორალურად, ფიზიკურად ანადგურებდა პოლიტიკურ ოპონენტებს. მას ჰქონდა და აქვს განუსაზღვრელი ძალაუფლება, იმავდროულად 2023–2024 მდე სუსტი იყო ქართველი ხალხის მიმართ ჩვენი დასავლელი მეგობრების მხარდაჭერა, რაც ივანიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმს ლეგიტიმაციას აძლევდა და კიდევ უფრო მეტად აძლიერებდა.

ივანიშვილმა თავისი მმართველობის პერიოდში სრულად უარყო ვარდების რევოლუციის იდეა და ვარდების რევოლუციით მიღებული ბევრი დადებითი მონაპოვარი ინსტიტუციური მმართველობის დონეზეც კი გაანადგურა.

კონფორმიზმი ქართულ პოლიტიკაში აჩვენებს პოლიტიკოსების დიდი ნაწილის უპასუხისმგებლობასა და მათში ფუნდამენტური ღირებულებების არარსებობას.

როდესაც არ შეიძლება შეეგუო იმ პოლიტიკას, რომელიც რადიკალურად განსხვავდება შენი პოლიტიკური შეხედულებისგან და თუ ამას ეგუები და ხელისუფლების ცვლასთან ერთად იცვლება შენი შეხედულებებიც, ხარ უპასუხიამგებლო, კორუმპირებული და თანამდებობაზე დახამებული ჩინოვნიკი, რომელიც საზოგადოების ნდობას არ იმსახურებს. ასეთი ადამიანები არიან ჩვენი ქვეყნის მტრები და ისინი ახალგაზრდა თაობის მომავალს საფრთხეს უქმნიან. მათი ადგილი პოლიტიკაში არ უნდა იყოს.

რაც შეეხება საზოგადოების კონფორმიზმს, მე ამას ავხსნიდი ძალიან დიდი იმედგაცრუებითა და უიმედობით.

როდესაც საზოგადოება დაყოფილია ბანაკებად, იგი ოლიგარქიული და პოლიტიკური თამაშების მსხვერპლია.

თუ საზოგადოება მუდმივად ასეთ სტაგნაციურ მდგომარეობაში არ დარჩება, ის აუცილებლად გაიღვიძებს და პოლიტიკურ სანაგვეზე ადგილს მოუჩენს ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ქვეყნის ინტერესები პირად კეთილდღეობაში გაცვალა.

2024 წლის არჩევნები იყო ღია დაპირისპირება პროდასავლურ, პროგრესულ და პრორუსულ, ბნელ ძალებს შორის. ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ინტერესები მოითხოვს ბრძოლას უკეთესი მომავლისათვის და როდესაც მოწინააღმდეგე არ აღიარებს ბრძოლის დემოკრატიულ მეთოდებს, მაშინ მას უნდა ებრძოლო იმ მეთოდებით, რომლითაც დაამარცხებ, თუ საჭირო იქნება ეს შეიძლება იყოს რევოლუციაც.

საქართველოში ახალგაზრდა თაობამ უკვე დაამტკიცა, რომ ის არ დაბრუნდება საბჭოთა წარსულში. მეც მისი იმედი მაქვს.

თეა ხელაია: ვარდების რევოლუციამ რუკაზე ჩვენი ქვეყანა მუქი ხაზით ისევ შემოხაზა და გააფერადა. მსოფლიოს გაახსენდა, რომ ასეთი ქვეყანა არა თუ არსებობს, მეტიც, თანატოლიც კია. თავად ქართველებს მოგვცა საშუალება არა მხოლოდ წარსულით, არამედ აწმყოთი გვეამაყა და თავი მსოფლიოს სრულუფლებიან მოქალაქედ გვეგრძნო. ამიტომ არის ვარდების რევოლუცია შეუფასებლად დიდი ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა. მან იმდენად მყარი ძრავა ჩაუყენა ქვეყანას, რომ ბოლო 12 წელია ქვეყანა სწორედ ვარდების რევოლუციის დამსახურებებით მიგორავს.

ამერიკაში 1998 წელს ჩამოვედი, შევარდნაძის ეპოქა, ეს ნაბიჯი უსამართლობის ასპროცენტიანმა განცდამ გადამადგმევინა. ვთვლი, რომ ემიგრაცია ნორმალურია, არ არის ცუდი, თუ მისი მასშტაბები დამაზიანებელი არაა.

ვარდების რევოლუციის შემდეგ არ შემიმჩნევია ემიგრაციის ზრდა, პირიქით. რასაც ვერ ვიტყვით ბოლო 8-9 წელზე. მასშტაბები გაზრდილია იმდენად, რომ ცუნამს შემიძლია შევადარო.

განსხვავება კი იმ დროის ემიგრაციასა და დღევანდელთან ისაა, რომ მაშინ ყველა ფიქრობდა, რომ სამშობლოს დროებით ტოვებდა. ახლა კი ბევრს უკან გაბრუნება და გახედვაც არ უნდა. სრული ნიჰილიზმია.

არ მინდა კონფორმიზმი ქართველებისათვის გენეტიკურ თვისებად მივიჩნიო. საუკუნის მანძილზე ერი იმდენად მიეჩვია ხელში მიწოდებული გეგმის კოლექტიურ პასუხისმგებლობას, რომელიც კრძალავდა ინდივიდის აქტივობას, რომ ქართველმა ვერ გაითავისა თუ რას ნიშნავს იყო მოქალაქე, გქონდეს ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და იაზროვნო სახელმწიფოებრივად, თუნდაც ეს შენს პირადს დისკომფორტს უქმნიდეს.

ჰოდა, ამიტომაც გვაქვს გახლეჩილი საზოგადოება. სრული ქაოსი, ვეძებთ ბელადს, არ გვაქვს დიდი რეაქცია კერძო პრობლემებზე.

მაგალითად, ერთ ქუჩაზე ექიმები საავადმყოფოში არსებულ უსამართლობას, კორუფციას აპროტესტებდნენ; მეორე ქუჩაზე თბილისში ჩამოსული რომელიმე სოფლის მოსახლეობა ცდილობს გზა გადაკეტოს იმიტომ, რომ ერთი ადამიანის სამშენებლო გეგმებმა მათ სოფლის გზა გაუუქმა. ქართველი კი ერთ დემონსტრაციასაც ჩაუვლის, მეორესაც და თუ გაიგებს, რომ იქ მისი მხარის ხალხი არაა, დიდად არ შეწუხდება. თავად ეს ორი ჯგუფი ვერაფრით მოიფიქრებს, რომ გაერთიანდეს. ყველა, ასე ვთქვათ, დამოუკიდებლად იბრძვის და შედეგიც სახეზეა. მტრის ვერგარჩევასაც ხომ ჩვენი დიდი პრობლემაა. ჩვენთან ხომ მიჩვეული ჭირი ურჩევნიათ.

წაგებული არჩევნები ჩვენ ჩამორჩენას ნიშნავს. ახალი მთავრობის შემთხვევაში წინსვლის შანსები გეოპოლიტიკური მდგომარეობისა და დასავლეთის მხარდაჭერის გამოც გაზრდილი იქნებოდა… ამის ხელიდან გაშვება ყველაფრის ღალატია: ქვეყნის, შვილების, საკუთარი თავისა და მშობლების. სამწუხაროდ, ახლა ასეთ გადამწყვეტ მომენტში ვართ.

მაია დიასამიძე: ვარდების რევოლუციას ვაფასებ, როგორც საქართველოს ისტორიაში უაღრესად დადებით მოვლენას. ვარდების რევოლუციამ მოიტანა უმნიშვნელოვანესი რეფორმები. ქვეყანამ აიღო ევროპული კურსი, გაჩნდა ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა. დამარცხდა კორუფცია და განხორციელდა განათლებისა და პოლიციის რეფორმა. სწორი ნაბიჯები გადაიდგა მრავალი მიმართულებით. 2008 წლის ომამდე მიმდინარეობდა დიდი აღმშენებლობა. მოსახლეობას საკუთარი ღირსების შეგრძნება დაუბრუნდა და მომავლის დიდი იმედი ჩაესახა.

ემიგრაციაში 2014 წელს გადავწყვიტე წამოსვლა. სასწავლო დაწესებულებამ, სადაც მე ვმუშაობდი, დამოუკიდებლად არსებობა შეწყვიტა და სხვა უნივერსიტეტს შეუერთდა. ჩემი ხელფასი საგრძნობლად შემცირდა და 550 ლარი გახდა. არასასწავლო პერიოდში ხელფასი არ მერიცხებოდა. ვეღარ ვახერხებდი ვერც საკუთარი თავის რჩენას და ვერც საზღვარგარეთ სასწავლებლად წასული შვილის დახმარებას. იძულებული გავხდი, რომ ეს ნაბიჯი გადამედგა.

ქართული კონფორმიზმის მიზეზად მიმაჩნია მოსახლეობის სამოქალაქო განათლების დაბალი დონე, რასაც საქართველოს მთავრობა მოხერხებულად იყენებს.

სასულიერო პირების საშუალებით, რელიგიური გრძნობების მანიპულირებით ხდება ტვინების გამორეცხვა და ხალხში რუსული ნარატივების გავრცელება. საზოგადოებაში არსებული შიშების გამოყენებით ადვილად ხერხდება ანტიევროპული და რეტროგრადული იდეების ქადაგება, ასევე ეროვნულ გრძნობებზე თამაში. საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ნიჰილიზმი იპყრობს და ადამიანი არსებულ მდგომარეობას ეგუება.

2024 წლის არჩევნების დღესაც და მანამდეც პესიმისტი ვიყავი. ვიცოდი, რომ ძალიან რთული იქნება დაპირისპირება სახელმწიფო მანქანასთან, რომელიც ხმების მოსასყიდად დიდ ფულსა და ადმინისტრაციულ რესურსს ფლობს. ყველაფრის მიუხედავად, საარჩევნო პროცესში აქტიურად ჩავერთე… არადა ვიცოდი, რომ ივანიშვილის მიერ ჩატარებული არჩევნები იქნებოდა უსამართლო და ასეც მოხდა.

_________________

ფოტოზე: ქართველი ემიგრანტების აქცია ნიუ იორკში. ია მერკვილაძის ფოტო.