ინტერვიუ გიორგი გოგიასთან, Human Rights Watch-ის ევროპისა და შუა აზიის განყოფილების ასოცირებულ დირექტორთან.
„რა ცვლილებებიც “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში შეიტანა, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმს, სპილბერგის Minority Report–ს [„უმცირესობის ანგარიში“] ჰგავს.
ფუტურისტულ ფილმის სიუჟეტის მიხედვით იქმნება სახელმწიფო, სადაც ქალების ჯგუფი დანაშაულის ჩამდენებს წინასწარმეტყველებს და იმისთვის, რომ „ეჭვმიტანილმა“ დანაშაული არ ჩაიდინოს, მას პრევენციულად იჭერენ.
მაგრამ ეს ხომ კინოა. თუმცა, როგორც ჩანს, იგი საქართველოში რეალობად იქცა.
ადამიანებს არჩადენილი დანაშაულისთვის აკავებენ.
ამ ადმინისტრაციულ კანონში, რომელიც ქართულ კანონმდებლობას სსრკ–ის დროიდან შემორჩა, ცვლილებები გაუთავებლად შედიოდა და განა უმჯობესდებოდა, არა, უარესდებოდა. ორი დღის წინ კი დააკანონეს პრევენციული დაპატიმრება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად კვალიფიცირდა ნიღბის ტარება, სახის ნებისმიერი შენიღბვა და ამისთვის ჯარიმად 2 000 ლარია დაწესებული; პრევენციულად შეიძლება გაგჩხრიკონ და ამის მერე 15 დღით დაგაკავონ თუ ჩათვალეს, რომ შენ სამართალდარღვევას აპირებდი.
აბსურდი იმაშია, რომ სამართალდამცავი განა ელოდება, რომ მე, ვთქვათ, ადმინისტრაციული კანონი დავარღვიო, გავიკეთო პირბადე და აქციაზე წავიდე, არამედ ვიღაცამ თუ ჩათვალა, რომ მე ხვალ აქციაზე წავალ, თან პირბადეს გავიკეთებ, ამ ვიღაცას უფლება აქვს 15 დღით დამაკავოს.
საპროტესტო სტენსილის, პლაკატის დახატვა ქალაქის იერ–სახის დამახინჯებად ჩაითვალა და ადრე თუ ამაზე 50 ლარიანი ჯარიმა არსებობდა, ახლა ჯარიმა 1 000 ლარია. გზის გადაკეტვაზე 5 000 ლარიანი ჯარიმა დაწესდა და თუ ჩათვალეს, რომ გზის გადაკეტვის ორგანიზატორი ხარ, 15 000 ლარიანი ჯარიმაა.
თუ ვერ გადაიხადე, საქმე აღსრულების ბიუროს გადაეცემა და შენს მოძრავ და უძრავ ქონებას დააყადაღებენ. თუ არასრულწლოვანი დააკავეს, მასზე დაკისრებული ჯარიმის გარდა, ჯარიმდება მშობელიც შვილის “არასწორი აღზრდისთვის”.
- როგორც ჩანს, ეს კანონები რუსეთიდან გადმოაქვთ…
იქაც ასე დაიწყეს კანონების აბსურდად ქცევა და ნელ–ნელა თუ სწრაფად სამართლებრივი გარემო მკვეთრად გააუარესეს.
- როგორ შეაფასებდით საქართველოში 26 ოქტომბრის შემდეგ აღმოცენებულ პოლიტიკურ კრიზისს?
26 ოქტომბრის შემდეგ ქვეყანა შევიდა ღრმა პოლიტიკურ და კონსტიტუციურ კრიზისში, რომელიც დროთა განმავლობაში ადამიანის უფლებების ღრმა კრიზისში გადაიზარდა. ეს გამოიხატა აქციების არასათანადო მეთოდებით დაშლაში. შეკრების უფლება არაა აბსოლუტური უფლება, მაგრამ არანაირი გამართლება არ აქვს ადამიანების ცემას, დასახიჩრებას, არაადამიანური მოპყრობას არანაირ ვითარებაში! თუ არსებობს აბსოლუტური უფლება, ესაა წამების აკრძალვისა და წამების დაუშვებლობის უფლება. სამართალდამცავი ადამიანს არ უნდა აწამებდეს!
დიდი პრობლემა ისიცაა, როცა პოლიციამ აქცია დაშალა, ადამიანები დაიჭირა და მერე ისევ გააგრძელა სადამსჯელო ოპერაცია – ცემა, წამება, რაც ყოვლად დაუშვებელია! ამ ძალადობას არანაირი გამართლება აქვს და თან ამ სამართალდარღვევას სჩადის ისეთი ადამიანი, რომელიც სრულად შენიღბულია, რომელსაც არ გააჩნია მაიდენტიფიცირებელი ნიშანი…
დანაშაულის პრევენცია რა მოსატანია, როცა იგი თავად სჩადის დანაშაულს და ამით კიდევ უფრო აღრმავებს იმ კრიზისს, რომელიც ქვეყანაში არსებობს. სახელმწიფო გასცდა სამართლებრივ ჩარჩოს, როცა დაპატიმრებულის ცემა დაიწყო.
- დაპატიმრებულთა „ქეისების“ კატეგორიზაცია როგორ ხდება?
ქართველი ადვოკატები ზეგანაკვეთით მუშაობენ, უკვე იმდენი საქმე დაგროვდა, რომ ვერ აუდიან.
არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით დღეს საპროტესტო აქციების დაახლოებით 500 მონაწილეა დაკავებული, აქედან თითქმის 300 სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობის თაობაზე ჩივის.
გარდა იმისა, რომ ადამიანს სცემეს, მას სამედიცინო დახმარების გამოძახებაზე უარი უთხრეს, მიუხედავად იმისა, რომ აშკარა იყო ადამიანის ჯანმრთელობის პრობლემები. 400-ზე მეტის წინააღმდეგ ადმინისტრაციული კოდექსითაა საქმე აღძრული, ხოლო რამდენიმე ათეულის წინააღმდეგ – სისხლის სამართლის კოდექსით.
ცხადია, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია: ზოგან ადამიანის უფლებების შელახვა წამებასთანაა გათანაბრებული, ზოგან – არასათანადო მოპყრობასთან, ზოგან – არაადამიანურ მოპყრობასთან.
- Human Rights Watch-ის ანგარიშისთვის თუ ხერხდება მოძალადეების პერსონიფიცირება?
სახელმწიფოს აქვს მონოპოლია რეპრესიული მექანიზმის გამოყენებაზე. ჩვენ ამიტომაც ვიხდით გადასახადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ სახელმწიფოს ჰქონდეს ძალის გამოყენების უფლება, მაგრამ ეს მისი უფლება იზღუდება პასუხისმგებლობით. ანუ თუ მოხდა ძალის არასათანადო გამოყენება ან გადამეტება, უნდა დადგეს პოლიციელის პასუხისმგებლობის საკითხი.
მაგრამ როგორ დადგება, როცა სამართალდამცავები მაიდენტიფიცირებელი ნიშნების გარეშე არიან?
ევროპული სასამართლოების გადაწყვეტილების მიხედვით სპეცრაზმელები გარკვეული მიზეზების გამო ნიღბებს შეიძლება ატარებდნენ, მაგრამ მათ უნდა ჰქონდეთ სამკერდე ან სხვა ნიშანი. თუ ასე არაა, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება მოძალადეების ამოცნობა და ამით სახელმწიფო ძალის გადამეტებას კარტ–ბლანშს აძლევს.
ცხადია, ეს არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტს.
გარდა შემსრულებლისა, ცხადია, პასუხისმგებლობა ნაწილდება ბრძანების გამცემებზეც [მინისტრი, მინისტრის მოადგილე, დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სხვა].
გარდა ზემდგომის პოლიტიკური პასუხისმგებლობისა, უნდა დადგეს შემსრულებლის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხიც. პოლიციელის მიერ ნებისმიერი ძალის გამოყენებას სათანადო გამოძიება უნდა ახლდეს: ძალა სათანადოდ იყო გამოყენებული თუ – არა.
გარდა ამისა, საპოლიციო ძალის გამოყენების სახელმძღვანელოების/”გაიდლაინების”, წვრთნების ფორმასა და შინაარსს დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ არასათანადო ხარისხისაა იგი, ეს გარემოება ძალის გამოყენების ლიმიტების დადგენას ხელს უშლის და ამაშიც სახელმწიფოს ბრალეულობა იკვეთება.
არ გამიკვირდება, რომ ამ ფონზე სამართალდამცავად შერჩევის სტანდარტმაც დაიწიოს.
- ყველაფერთან ერთად, სახელმწიფომ, ფაქტობრივად, ე.წ. ტიტუშკების წახალისებაც დაიწყო…
ისინი სამართალდამცავთა მფარველობის ქვეშ მოქმედებენ და სადამსჯელო ოპერაციებს ახორციელებენ. ტიტუშკები 26 ოქტომბრის მერე არ გაჩენილან. ტიტუშკები აქტივისტებს ზაფხულის განმავლობაშიც ესხმოდნენ თავს და ჩვენ ამის თაობაზე აგვისტოში გამოქვეყნებულ ანგარიშშიც აღვნიშნეთ. ათზე მეტი შემთხვევა იყო, როცა დღისით, მზისით, უნიღბო ტიტუშკები ადამიანებს თავს ესხმოდნენ. არსებობს ამის დამამტკიცებელი უამრავი ვიდეომასალა და მოწმეების ჩვენებები, მაგრამ არც ერთი ეჭვმიტანილი არ იდენტიფიცირდა.
ახლაც ამ ჯგუფების გამოყენება ხდება, რაც საზოგადოებისთვის მართლაც დიდი გამოწვევად გადაიქცა. ამიტომაც გვაქვს ადამიანის უფლებათა მწვავე კრიზისი, რომელიც დღითიდღე უფრო მძიმდება.
- კვალიფიცირდება თუ არა ამ მარბიელი ჯგუფების თარეშის დროს პოლიციელების გულგრილობა თუ სეირის მაყურებლობა ადამიანის უფლებების შელახვად და დანაშაულად?
პოლიციელის ვალდებულებაა კანონის, სამართალდაცვის აღსრულება და ადამიანის დაცვა. თუ პოლიციელი დანაშაულის ჩადენას უყურებს და არ აღკვეთს, არ რეაგირებს, მაშინ ის თავად სჩადის დანაშაულს.
2025-ის 16 იანვარს გამოიცემა Human Rights Watch-ის მსოფლიო ანგარიში, მათ შორის, საქართველოს შესახებ, სადაც აღინიშნება ადამიანის უფლებების მკვეთრი გაუარესება, რომელსაც საფუძვლად უდევს თუნდაც საქართველოს პარლამენტის მიერ კანონის „უცხო ქვეყნის აგენტების” შესახებ. ამ კანონის მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციების მარგინალიზაცია, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და რეპრესიების განხორციელება. საქართველო არ იქნება გამონაკლისი და ისევე, როგორც სხვა ავტორიტარული ტენდენციების ქვეყნებში, პოლიტიკური და ადამიანის უფლებრივი კრიზისი კიდევ უფრო და უფრო გამწვავდება.