ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

ამერიკელი ქართველი რესპუბლიკელები და დემოკრატები არჩევნებსა და ტრამპზე – გამოკითხვა მცირედი ისტორიული მიმოხილვით

ამერიკელი ქართველი რესპუბლიკელები და დემოკრატები არჩევნებსა და ტრამპზე – გამოკითხვა მცირედი ისტორიული მიმოხილვით

 ნიკოლოზ ჩხეიძე, რესპუბლიკელი პარტიის წევრი, ნიუ იორკის სენატორის რესპუბლიკელი კანდიდატის, მარკო კეპის ბრუკლინის საარჩევნო კამპანიის დირექტორი:

ხმის ადრეული მიცემის წესი ხელსაყრელია და უფრო მარტივია, რადგანაც ადამიანებს რიგში დგომა არ უწევთ. წელს ხმის წინასწარი მიცემის უბნებზე მაღალი აქტივობა შეინიშნებოდა და შესაბამისად, არჩევნების დღეს ხალხი რიგში დგომისგან არ დაიღალა. 

რესპუბლიკური პარტიაში იმიტომ გავწევრიანდი, რომ ჩემთვის რესპუბლიკური იდეოლოგია სავსებით მისაღებია.

იმას, რომ ერთხელაც დემოკრატების მაგივრად  ნიუ იორკის მერებად რესპუბლიკელები  გახდნენ, თავისი საფუძვლიანი მიზეზები ჰქონდა.

ნიუ იორკი  ქალაქი – თავშესაფარია  და, ფაქტია, რომ ბევრს ამოუვიდა ყელში ის, რაც  ქალაქ – თავშესაფრებში  დემოკრატების დამანგრეველი პოლიტიკის გამო ხდება. მაგრამ ახლა სენატიც და კონგრესიც რესპუბლიკური იქნება და იმედია, სიტუაცია გამოსწორდება.

ბევრი რამაა შესაცვლელი, მათ შორის, უსაფრთხოების ნორმები დემოკრატების მიერ მართულ ქალაქებში, განსაკუთრებით ნიუ იორკსა და სან-ფრანცისკოში, სადაც კრიმინალის აღზევება და  სანიტარული ნორმების იგნორირებაა. განსაკუთრებით – თავშესაფრებში. პირდაპირი მნიშვნელობით გული  გაგისკდება თუ იქ შეაბიჯებ. ნამდვილი საშინელება!

გამოაცხადეს: ხალხო, ჩამოდით ნიუ იორკშიო, არადა ქალაქი ამისთვის მზად ნამდვილად არ იყო. ქართველები ხიდების ქვეშ და სკვერებში ღია ცის ქვეშ ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ, ეს კი ნამდვილ უბედურებად გადაიქცა. ნაწილი სასტუმროებში გაანაწილეს, იქ არსებული მდგომარეობა კი რეალური კოშმარია. ახლა აცხადებენ, რომ, სასტუმროებში ადგილები არა აქვთ.

დემოკრატებმა მექსიკის საზღვრის კვეთით შემოსულებისთვის არასწორი P.R. კამპანია ჩაატარეს, გახსნეს სამხრეთის საზღვრები და ვინც შემოვიდა, იმის  ნაწილი უკანვე გაადეპორტეს, მათ შორის, ქართველები, ისე, რომ მათთვის ნორმალური სასამართლოს ჩატარების უფლება დაირღვა. 

დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი  შექმნილ რთულ ვითარებას დაარეგულირებს და ქაოსსაც მოეღება ბოლო.

დემოკრატები ტრამპს “ფაშისტს” უწოდებდნენ, მაგრამ განა მათ მიერ გამოგონილი Cancel Culture ბოლშევიზმი არაა? ბოლშევიკებმა იარლიყი  “ხალხის მტერი”  მილიონობით ადამიანს მიაწებეს და დახვრიტეს, გადაასახლეს. აქაც ლამის აქამდე მივიდა საქმე. თუ დემოკრატების ე.წ. პროგრესისტების აზრს არ იზიარებ, მაშინ ფაშისტი, სექსისტი და კრიმინალი ხარ და ამის გამო შეუძლიათ სამსახური დაგატოვებინონ, კარიერა დაგინგრიონ, გაგრიყონ.

ტრამპს არაფერი ფაშისტური მექსიკიდან შემოსულებზე არ უთქვამს… როგორც შენ სახლში კარზე მინის ჭუჭრუტანაში გაიხედავ, რომ არასასურველი სტუმარი არ შემოუშვა, ისეა – ტრამპის საღი აზრი მექსიკის საზღვართან დაკავშირებითაც.

რახან სამხრეთ შტატებშიც მოიმატა კრიმინალმა, დანაშაულის რეციდივმა, ტრამპის ის ცნობილი განცხადება  მხოლოდ და მხოლოდ ამ კრიმინალისგან თავის დაცვას ნიშნავდა. მაგალითად, ამას წინათ ლონგ აილენდზე ვენესუელელების შვიდკაციანი ბანდა დააკავეს, რომელიც სახლებს ძარცვავდა და ხალხს აყაჩაღებდა. არსებობს კრიმინალის ჯიუტი სტატისტიკა. ამიტომ მე ტრამპს არ ვამტყუნებ და თუ იტყვი სიმართლეს, რომ ეს საშიშროება სამხრეთ ამერიკიდანაა და არა – კანადიდან, რასისტი რატომ ხარ? ფაქტია, რომ საზღვარი უნდა გაკონტროლდეს.

თუ ტრამპს  ახალგაზრდობაში ოდესმე რაიმე ცუდი ქალებზე უთქვამს, პირადად მე, ამის საფუძველზე არ ვაფასებ პრობლემისადმი მის სახელმწიფოებრივ მიდგომას. არ მაინტერესებს თუ რა მაისური აცვია მას და რა კბილის ჯაგრისს იყენებს. ბილ კლინტონს მშვენივრად ეპატია ის, რასაც იგი ოვალურ კაბინეტში სტაჟიორ ქალთან აკეთებდა და წარმომიდგენია, იგივე ტრამპს რომ გაეკეთებინა, რა ამბავი ატყდებოდა. ცხადია, მისი ბევრი გამონათქვამი არც მე მომწონს, მაგრამ ამიტომაცაა ტრამპი ტრამპი. 

ამჟამად ჩემი ინტერესი ასეთია: იმ წინა პრეზიდენტობის ვადის შედეგად მიღებული გამოცდილებით როგორ წარმართავს დონალდ ტრამპი მსოფლიო ლიდერი ქვეყნის პოლიტიკას; გამოიძიებს თუ არა 2020 – ის არჩევნების გაყალბების შემთხვევებს, რომელიც რეალურად არსებობდა და რა ეკონომიკურ და უსაფრთხოების პოლიტიკას წარმართავს, როგორც აშშ-ში, ისე – მის საზღვრებს გარეთ.                                                             

ნათია გაგუა, დარეგისტრირებული დემოკრატი: ადრეული ხმის მიცემის წესი მართლაც რომ ძალიან ხელსაყრელია, განსაკუთრებით ისეთი დიდი ქალაქებისთვის, როგორიც – ნიუ იორკია.

2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში  თითქმის სამმა მილიონმა ნიუ იორკელმა ხმა წინასწარ მისცა. მე მანჰეტენზე მდებარე  ნიუ იორკის 73-ე უბანს ვეკუთვნი. ხმის მისაცემად ონლაინ დარეგისტრირების პროცედურას ორი წუთი დასჭირდა. დემოკრატების ამომრჩევლად იმ დღესვე დავრეგისტრირდი, როგორც კი აშშ-ის მოქალაქე გავხდი.

რაც შეეხება ტრამპისადმი დემოკრატების დამოკიდებულებას – თუ ტრამპის ინტერვიუებს  თვალს გადაავლებთ ანდა  უბრალოდ მის გამონათქვამებს დაგუგლავთ, ეჭვს აღარ შეიტანთ იმაში, რასაც მას დემოკრატები უწოდებენ. არ ვიცი რატომ და ეს ჩემთვის აუხსნელი ფენომენია, მაგრამ ქართველი ემიგრანტების, ვიტყოდი 70 პროცენტი ტრამპის მომხრეა; ასევე რუსები და  ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების წარმომადგენლები.

 ნიუ იორკი თავშესაფარი ქალაქია და სტატუსიდან გამომდინარე  მას უამრავი უსახლკარო ადამიანი აფარებს თავს, ამას ემატება მენტალურად დაავადებული ადამიანები, რომლებიც უსახლკაროთა თავშესაფრებში არ ჩერდებიან. ადრე ასეთი ხალხი მეტროებში ან ცენტრალურ სადგურებში იყრიდა თავს, დღეს კი მათ ყველგან ნახავთ. ანტისანიტარიაც თვალში საცემია, აშკარაა რომ ქალაქი ვერ უმკლავდება ამ პრობლემას.

სამწუხაროდ, ვერც წინა და ვერც ახლანდელმა მერმა ამ ქალაქის ყველაზე დიდი პრობლემა ვერ მოაგვარა. აქედან გამომდინარე კრიმინალიც მომატებულია. უკვე ისეთი სიტუაციაა, არ ვიცი, რესპუბლიკელმა მერმა როგორ უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა. თუმცა რესპუბლიკელი მაიკლ ბლუმბერგის დროს სხვა ნიუ იორკი მახსოვს, ბევრად უსაფრთხო და სუფთა; ღამის ორ საათზე მეტროში თავისუფლად ვმგზავრობდით, რაც ახლა სრულიად წარმოუდგენელია. თუმცა მაიკლ ბლუმბერგი ხან დემოკრატი იყო, ხან  რესპუბლიკელი, ხანაც დამოუკიდებელი. 2018 – ის ისევ დემოკრატად დარეგისტრირდა.

ნინო ბორჩხაძე, „რესპუბლიკელების“ მხარდამჭერი: ხმის მიცემის ადრეულ წესს ბევრი დადებითი აქვს, მაგალითად, კონკრეტული ჯგუფებისთვის  არჩევნებზე გამოცხადების მაღალი მაჩვენებლის თვალსაზრისით. ისინი სხვადასხვა მიზეზით, შესაძლოა, ვერ მისულიყვნენ არჩევნებზე. უამრავ ამომრჩეველს რიგში მრავალსაათიანი ლოდინის გამო ჯანმრთელობის პრობლემა ექმნება, ამიტომ ეს წესი ურიგო არ იქნებოდა, რომ ჩვენც დაგვენერგა.  

ჩემი აზრით, დღევანდელი რესპუბლიკური პარტია იქცა უფრო ცენტრისტულ, “საღი აზრის” პარტიად, სადაც ახლა უამრავ, რესპუბლიკელებისთვის ადრე უინტერესო მიმართულებებზე კეთდება აქცენტი. დღეს რესპუბლიკური პარტია უფრო ხალხზე ორიენტირებულ, ნაკლებად ელიტისტურია  და,  ასე ვთქვათ, “რიგითი ამერიკელების” და “ამერიკული ოცნების” ღირებულებების მთავარ აპოლოგეტს წარმოადგენს.

უმნიშვნელოვანესია, რესპუბლიკელების საგადასახადო და ეკონომიკური  პოლიტიკა, ბიზნესის ხელშეწყობა და საგადასახადო და ბიუროკრატიული წნეხისგან მაქსიმალურ გათავისუფლებაზე ორიენტაცია; ასევე, ამერიკაში წამოწყებულ და ამერიკაში წარმოებულ ბიზნესზე მნიშვნელოვანი შეღავათები.

ჩემთვის ყველაზე მისაღები მცირე მთავრობის იდეაა, ხარჯვითი ნაწილის შემცირებით დაწყებული, მოქალაქის და ნებისმიერი ინდივიდისთვის ცხოვრებაში  სახელმწიფოს ნაკლები შემოჭრით დამთავრებული, რაც მეტ თავისუფლებას, მეტი არჩევანის საშუალებას, უკეთესად განვითარების საშუალებას გაძლევს. ასევე მნიშვნელოვანია განათლების სისტემის რეფორმირება და ბიუროკრატიული, უსარგებლო აპარატების შემცირების პერსპექტივა; უზარმაზარი თანხების ბიუროკრატებზე და ამ აპარატის შენახვაზე ფლანგვის შემცირების იდეაც, თანხების მოსწავლეებზე და სტუდენტებზე მეტად მიმართვის პერსპექტივა; თავის მხრივ, ეს ღონისძიებები განათლების დონეს ისევ იქ დააბრუნებს, სადაც ისტორიულად მისი ადგილია. 

ნიუ იორკის – ქალაქი    თავშესაფრის სტატუსს ასე ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურად ადრე არ ვაფასებდი. დღეს კი ვითარება მკვეთრადაა შეცვლილი, ხოლო უსაფრთხოების თვალსაზრისით, მნიშვნელოვნადაა დამძიმებული. სანიტარული ნორმები კი, სამწუხაროდ, ნიუ იორკში  უკვე აღარ გვახსოვს, თუ რას ნიშნავს. 

ზოგადად რესპუბლიკელი თითქმის ყველგან უფრო ეფექტურია, ვიდრე დემოკრატი, თუმცა, არის რიგი საკითხები, მათ შორის, სოციალურიც, სადაც კონსერვატორების და რესპუბლიკელების მიდგომებს არ ვიზიარებ. ნიუ იორკში ყველას შეუძლია ეფექტური და წარმატებული იყოს, მთავარია, მართვის როგორი უნარები აქვს მას, ვინც მართავს.

ტრამპის საშინაო ვექტორებზე დადებით პროგნოზი მაქვს, უკანასკნელი ათწლეულების ისტორიული მაქსიმუმი გამოჩნდა იმ ნდობაში, რომელიც მას ამერიკელმა ხალხმა გამოუცხადა. ამერიკა მზადაა ცვლილებებისთვის, მეც ყველა მიმართულებით პოზიტიურ ცვლას ველოდები.

საგარეო მიმართულებას რაც შეეხება, მისი კაბინეტის იმ წევრებს თუ გადავავლებთ თვალს, ვისაც ჩვენთვის და უკრაინისათვის მნიშვნელოვან პოზიციებზე ვიხილავთ, წესით, შფოთის საფუძველი არ უნდა გვქონდეს ( რუბიო, ვოლცი), ტრამპის მიდგომებს მშვიდობიანი მსოფლიოს, გაეროს უმოქმედობის, ნატოს წევრი ქვეყნების ორმაგი სტანდარტების თაობაზე ყოველთვის ვიზიარებდი; თუმცა, არ ვიზიარებ იზოლაციონისტი რესპუბლიკელების (რამასუამის, გაბარდის, ვენსის) საგარეო მოდგომებს და ვიმედოვნებ, რომ ისინი ან მათი თანამოაზრეები საგარეო პოლიტიკის საკითხებში გადაწყვეტილებების  მიღებისას პრევალირებას ვერ შეძლებენ.

გიორგი ქოიავა, „დემოკრატების“ მხარდამჭერი: წელს მე და ჩემმა ოჯახმა ხმა არჩევნებზე  ფოსტის საშუალებით მივეცით, რაც ხმის ადრეული მიცემის ერთ-ერთი ხელსაყრელი ფორმაა. ეს გაცილებით ადვილი პროცესია. თქვენ უნდა გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია საარჩევნო განყოფილების ვებ-გვერდზე, რისთვისაც საკმარისია ამ შტატის მოქმედი მართვის მოწმობა. მოქალაქეობის სტატუსის მტკიცებულება არ არის საჭირო, თუმცა, რეგისტრაციის დროს, ცხადია, თქვენი აშშ-ის მოქალაქეობის საბუთი საჭიროა.

ეს მეთოდი ხელსაყრელია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს. მოკლედ, თქვენ იღებთ ფორმას ადგილობრივი კლერკის ოფისიდან, ან ჩამოტვირთავთ ონლაინ გვერდიდან. შემდგომ ამ შევსებულ ფორმას აგზავნით ფოსტით არჩევნების დღემდე მინიმუმ შვიდი დღით ადრე; თუ პირადად აბარებთ ბიულეტენს ეს უნდა მოხდეს არჩევნების წინა დღით, 3 საათამდე.

აი, რა მომწონს დემოკრატებში: დემოკრატები ხშირად პრიორიტეტს იმ პოლიტიკას ანიჭებენ, რომელიც ხელს უწყობს სამოქალაქო უფლებებს, გენდერულ თანასწორობას, ასევე, უმცირესობათა საკითხებს. ისინი, როგორც წესი, მხარს უჭერენ ხელმისაწვდომ ჯანდაცვას, საჯარო განათლებასა და სოციალური დაცვის პროგრამებს. აღსანიშნავია მათი მტკიცე ერთგულება კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლასა და განახლებადი ენერგიის ინვესტირებაში.

დემოკრატებში ყოველთვის არის აქცენტი მინიმალური ხელფასის გაზრდაზე, შემოსავლის უთანასწორობის შემცირებასა და მუშათა უფლებების მხარდაჭერაზე. ასევე მომწონს მათი ეკლიპტური პოლიტიკა, ლიდერობის მრავალფეროვნების წახალისება, რომელიც ემიგრანტი თემების, დიასპორების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

უნდა აღინიშნოს ჯანდაცვის სერვისებიც, მათ შორის, ქალთა რეპროდუქციულ უფლებებზე. დემოკრატები ყოველთვის ემხრობიან მეცნიერებაზე დაფუძნებულ პოლიტიკას; ანუ მათი გადაწყვეტილებები ჯანდაცვის, განათლებისა ან გარემოსდაცვის შესახებ ყოველთვის ამ პოლიტიკით ისაზღვრება.

ნიუ-იორკი ისტორიულად დემოკრატიული შტატია, თუ არ ჩავთვლით 1984 წელს რეიგანის გამარჯვებას; აღსანიშნავია ისიც, რომ წელს ამ შტატის არჩევნებში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა რესპუბლიკური პარტიის სასარგებლოდ. ტრამპის მხარდაჭერა ნიუ-იორკის თითქმის ყველა ოლქში გაიზარდა, განსაკუთრებით ბრონქსა და ქუინსში. ეს ცვლილება აშკარად ასახავს ამომრჩეველთა მზარდ უკმაყოფილებას დემოკრატების მიმართ. თუმცა კამალა ჰარისმა დამაჯერებლად მოიგო ნიუ იორკი, რის შედეგადაც მიიღო შტატის 28 საარჩევნო ხმა.

წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატებმა შეძლეს თავიანთი ადგილები 16-დან 19-მდე გაეზარდათ, რესპუბლიკელებმა კი პირიქით, შეამცირეს – 10-დან 7-მდე.

რაც შეეხება  რესპუბლიკელ რუდი ჯულიანს, რომელიც  ხშირად მოიხსენიება როგორც ნიუ-იორკის წარმატებული მერი. ჯულიანის მერობის პერიოდში (1994–2001) დანაშაულის დონემ მნიშვნელოვნად იკლო. მან დანერგა ე.წ „დამსხვრეული ფანჯრების“ პოლიტიკა. ეს მიდგომა მიმართული იყო მცირე დარღვევებზე, გაცილებით მსხვილი დანაშაულების პრევენციისთვის. ამ დროისთვის დანაშაულის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა, ხოლო მკვლელობების რაოდენობა განახევრდა. 

აღსანიშნავია, ასევე, 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების დროს ჯულიანის ლიდერობის შეფასებაც; მას ხშირად მოიხსენიებდნენ როგორც „ამერიკის მერს“ მისი სიმშვიდის, თანაგრძნობისა და გადამწყვეტი ქმედებების გამო კრიზისის დროს. მისი პოლიტიკა ხელს უწყობდა ეკონომიკურ ზრდას, უმუშევრობის შემცირებას და ნიუ იორკის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით პრივატიზაციისა და სოციალური დაცვის რეფორმების შედეგად.

მაგრამ მიუხედავად დანაშაულის შემცირებისა, ბევრი აკრიტიკებდა მის აგრესიულ მიდგომებს, როგორიცაა – „შეაჩერე და გაჩხრიკე“, ეს მიდგომა ხშირად მიზანმიმართული იყო უმცირესობების წინააღმდეგ და ხშირად ფართო საზოგადოებრივ შეშფოთებასაც იწვევდა. ზოგიერთი კრიტიკოსი მიუთითებს, რომ ქალაქის საგანგებო რეაგირების სისტემა, მათ შორის, მსოფლიო სავაჭრო ცენტრში განთავსებული საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი თავდასხმების დროს ქაოსის ყველაზე დიდი მიზეზი აღმოჩნდა… ზოგიერთისთვის ჯულიანის ლიდერობის სტილი ავტორიტარულად მიიჩნეოდა, რაც დაძაბულობას ქმნიდა როგორც პროფკავშირებთან, ასევე ჟურნალისტებთან და პოლიტიკურ ოპონენტებთან.

ტრამპთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება გამოცდილ პოლიტიკოსებსაც გაუჭირდებოდათ. იგი ხომ არატრადიციული პოლიტიკოსია, ამას თავადაც აღიარებს. დონალდ ტრამპი ყოველთვის არ გახლდათ რესპუბლიკელი. მან რამდენჯერმე შეიცვალა პოლიტიკური პარტია.

დიდი ხნის განმავლობაში იყო რეგისტრირებული როგორც დემოკრატი და ხშირად უჭერდა მხარს დემოკრატ კანდიდატებს. რესპუბლიკურ პარტიას 1987 წელს შეუერთდა. თუმცა 1999 წელს რეფორმის პარტიაში გადავიდა. 2001 წელს ტრამპი დაუბრუნდა დემოკრატიებს. 2009 – ში კი კვლავ რესპუბლიკურ პარტიას შეუერთდა და თანდათანობით კონსერვატიულ პოლიტიკას მიუახლოვდა. 2011 წელს ორივე პარტიით უკმაყოფილო დარეგისტრირდა როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. 2012 წელს კი კვლავ დაბრუნდა რესპუბლიკურ პარტიაში და მას შემდეგ მისი წევრია. ეს ქრონოლოგია ასახავს, თუ როგორ იცვლებოდა მისი პარტიული ორიენტაცია, რაც, ძირითადად, ტრამპის პოლიტიკურ ამბიციებთან იყო დაკავშირებული.

ლიბერალურ სამყაროში მრავლად იყვნენ ადამიანები იმ მოლოდინით, რომ ტრამპი  მაინც მოასწრებდა ისეთ შლეგურ განცხადებების გაკეთებას, რაც საბოლოოდ  წააგებინებდა არჩევნებს. თუმცა თუ თქვენ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე წახვიდოდით, ვთქვათ, ჩრდილოეთ ფილადელფიაში, მერყევ ოლქში მერყევ შტატში, დასხდებოდით სადმე სასადილოში  და უბრალოდ ყურს მიუგდებდით ირგვლივ მყოფთ, საუბრები არ იქნებოდა გენდერულ თანასწორობაზე ან აბორტზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა დემოკრატებისთვის. ჰარისმა სწორედ ამაზე ააგო თავისი კამპანიის სტრატეგია. ვფიქრობ, უფრო ხშირად ტრამპზე საუბრებს მოისმენდით.

დონალდი ყოველთვის განხილვისა და დებატების ცენტრშია. ტრამპზე საუბრობდნენ ყველგან; თუ როგორ გამოჩნდა იგი McDonald’s-ში, ან როგორ გადაურჩა მკვლელობის მცდელობას… ის აშკარად  ამ არჩევნების მთავარი ფიგურა იყო,  ჰარისმა კი ვერ შეძლო საჭირო იმპულსის მოპოვება. ეს არჩევნები ძალიან, ძალიან დაძაბული იყო. შტატები, რომლებზეც არ ვფიქრობდით, რომ რესპუბლიკელებს მხარს დაუჭერდნენ, მოულოდნელად საკამათო ზონებად გადაიქცნენ. 

დონალდ ტრამპის აღქმა საკმაოდ განსხვავებულია და დამოკიდებულია მის პოლიტიკურ, კულტურულ და პირად შეხედულებებზე. კრიტიკოსები ( მათ შორის, ცხადია, ბევრი დემოკრატია) მას ისე ახასიათებენ, როგორც ავტორიტარულ, სექსისტ და პოლარიზაციის გამომწვევ ლიდერს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ დღეს უამრავი პრობლემის ფონზე მისი ამომრჩევისთვის მთავარია პრეზიდენტის, როგორც ლიდერის ეფექტიანობა და ხელმძღვანელობის სტილიდან გამომდინარე – ამერიკული ოცნების ახდენის შესაძლებლობა.