ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

„მარო! შიში გულში არა გვაქვს!”, „ქალბატონი რესპუბლიკა“ და ამბები გაეროს ქალთა ფორუმიდან

„მარო! შიში გულში არა გვაქვს!”, „ქალბატონი რესპუბლიკა“ და ამბები გაეროს ქალთა ფორუმიდან
  • ისტორია

არსებობს ისტორიული ვერსია, რომ  პირველად მსოფლიოში ქალთა დღე  აშშ-ის სოციალისტურმა პარტიამ ნიუ იორკში,  1909 წლის 28 თებერვალს აღნიშნა. მას მერე ადამიანებმა კაპიტალისტურ თუ სოციალისტურ, დემოკრატიულ თუ არადემოკრატიულ, კოლონიზებულ თუ არაკოლონიზებულ, სტაბილურ თუ არასტაბილურ, სეკულარულ თუ თეოკრატიულ ქვეყნებში ყველა კონტინენტზე ღიად, ცალყბად თუ კონსპირაციულად, ქალთა საარჩევნო უფლებებისთვის მოძრაობის ინიციირებით დაარსებული ქალთა დღის აღნიშვნა დაიწყეს.

ამერიკელი სუფრაჟისტები (1911/1912)

1979 წლის 8 მარტს თეირანში ქალთა ერთკვირიანი მარში გაიმართა, რომელიც ისლამური რევოლუციის შედეგად ქალთა უფლებების შეკვეცას, მათ შორის, ჰიჯაბის სავალდებულო ტარებას, აპროტესტებდა. დღეს ირანში ჰიჯაბის გარეშე სახლიდან გასვლა ქალისთვის “საუკეთესო შემთხვევაში” ციხით (ათი წლით პატიმრობა), საზოგადოებრივი ოსტრაკიზმით,  უარეს შემთხვევაში – დასახიჩრებით, ლინჩის წესით სიკვდილით შეიძლება დასრულდეს.

ავღანეთში 8 მარტის დღესასწაულს ოფიციალურად აღნიშნავენ, თუმცა იქ ნებისმიერი ასაკის, მათ შორის, 80 წლის კაცს 10 წლის გოგონა შეუძლია მერამდენეღაცა ცოლად შეირთოს და ეს არც სამართლებრივად და არც საზოგადოებრივი აზრით დასჯადი/გასაკიცხი არაა, ანუ ნორმაა.

ბოცვანაც აღნიშნავს 8 მარტს, თუმცა იგი იმ აფრიკულ სახელმწიფოთა გრძელ სიაშია, სადაც 140 მილიონზე მეტ გოგონასა და ქალს გენიტალური წინადაცვეთა  ჩაუტარდა. დღეისათვის კი ეს ძალადობრივი პროცედურა დაახლოებით 230 მილიონმა გოგონამ და ქალმა გაიარა.

თითქმის ნახევარი საუკუნეა ყოველწლიურად ქალები მთელი მსოფლიოდან ნიუ იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში იკრიბებიან, რათა არა მარტო CEDAW-ს (“ქალთა ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის კონვენცია” (1979), რატიფიცირებულია 189 სახელმწიფოს მიერ) სესიებზე თავიანთ ქვეყნებში გოგონებისა და ქალების მდგომარეობაზე ისაუბრონ, არამედ ერთმანეთს გამოცდილებაც გაუზიარონ, სოლიდარობა გამოხატონ და  პრობლემების გადაწყვეტის გზები დასახონ.

პირველი ლედი ჰილარი კლინტონი გეროს ქალთა მეოთხე მსოფლიო კონფერენციაზე პეკინში (1995)

1995 წლის სექტემბერში პეკინში ჩატარდა მსოფლიოში ქალთა მდგომარეობისადმი მიძღვნილი ყველაზე მასშტაბური კონფერენცია, რომელზეც 189 ქვეყნის ოფიციალური თუ არაოფიციალური წარმომადგენელი (17 000 ადამიანი) შეთანხმდა, რომ  გადაუდებელ ზომებს მიიღებს ქალებისა და გოგონების უფლებების დასაცავად, შესაძლებლობების გასაფართოებლად და უსაფრთხოების, მთელ მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველსაყოფად; რომ გენდერული თანასწორობა გახდება საყოველთაო მნიშვნელობის თემა, რომელსაც ყველასთვის მოაქვს კეთილდღეობა, სარგებელი და პროგრესი. გაერომ ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა 1975 წელს დაიწყო და ის წელიც ქალთა წლად დაასახელა.

2025 – ში კი ქალთა დღის აღნიშვნა თემაზე – “ყველა ქალისთვის და გოგონასთვის:  უფლებები, თანასწორობა, გაძლიერება” აქცენტით წარიმართა. 

გაეროს მიერ ქალთა დღედ 8 მარტის აღნიშვნიდან ნახევარი საუკუნისა და პეკინის კონფერენციიდან ოცდაათი წლის შემდეგ გაეროში ქალთა თვის აღსანიშნავად ნიუ იორკს ტრადიციულად სტუმრობდნენ გაეროს წევრი ქვეყნების ოფიციოზი და ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები – როგორც “ბედნიერების მაღალი ინდექსის მქონე” ქვეყნების, ასევე კონფლიქტური ზონებისა და არადემოკრატიული სახელმწიფოების მოქალაქეები.

გაეროს ქალთა სტატუსის სესიის რეგიონალური ღონისძიების მონაწილეები – 2025 წლის მარტი

  •  ქართველი ქალი ჩინოვნიკები გაეროს ფორუმზე

 ქალთა სტატუსის კომისიის (CSW) 69 – ე სესიაზე საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შემდეგი განაცხადა:

“შეუძლებელია თანასწორობის მიღწევა, თუ თითოეული ქალი თავს დაცულად არ იგრძნობს. ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ პრობლემად რჩება. საქართველო აქტიურად უმკლავდება ამ გამოწვევას საკანონმდებლო რეფორმების, ინსტიტუტების გაძლიერებისა და  საერთაშორისო თანამშრომლობის გზით”.

“ქართველი ხალხის მსახურს”, ცხადია, არაფერი უთქვამს  არც  პროევროპულ აქციებზე დარბეულ ქალებსა და გოგონებზე; არც “ამოუცნობი პირის” მიერ სასიკვდილოდ გამეტებულ ქალ ჟურნალისტზე;

არც მილიციელის მიერ შეურაცხყოფილ ქალ მედია – მენეჯერზე, რომელმაც თავხედს  საპასუხოდ სილა გააწნა და ამიტომ ქალს ამ კაცის ლოყის აწითლებისთვის შვიდ წლამდე პატიმრობა  ემუქრება;

არც  ანტიპუტინისტურ აქციებზე უკანონოდ დაპატიმრებულ/პოლიტპატიმრების დედებზე, ცოლებზე, შვილებზე;

არც  სახელმწიფოს მიერ სოციალურად დაუცველი ადამიანების დასახმარებლად ქალის მიერ დაფუძნებული ფონდის – “ნანუკას ფონდი” დაყადაღებაზე;

არც საქართველოს კონსტიტუციაში 78 – ე მუხლად გაწერილი პროევროპელობის დამცავ საჯარო მოხელე ქალებზე, რომლებიც სამსახურიდან სწორედ ქვეყნის მთავარი კანონის ამ პუნქტის დაცვის გამო გაათავისუფლეს;

არც გოგონა სტუდენტებზე, რომლებსაც განა მხოლოდ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო, არამედ “ალმა მატერში” საკუთარი პოზიციის ღიად გამოხატვის გამო სტუდენტის სტატუსი შეუჩერეს;

არც საკანონმდებლო ორგანოს მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ რუსულ კანონებზე, რომელიც ქალთა მხარდამჭერ უცხოელ ფონდებს მტრებად, ჯაშუშებად, “ინოაგენტებად” აცხადებს;

არც  ჯერ მექსიკით, ახლა კი – კანადით გადასულ ფეხმძიმე ქალებზე, თავიანთი არასრულწლოვანი გოგონებითურთ;

არც ქალთა პოლიტიკური კვოტირების სისტემის გაუქმებაზე და არც საქართველოს ყველა კანონიდან სიტყვისა და საიტყვათა შეთანხმებების – „გენდერი“, „გენდერული იდენტობისა“ და „გენდერული მრავალფეროვნების“ ამოღებაზე;

არც კორუფციის ჭაობში ჩაფლული ქვეყნის 700 000 – მდე სოციალურად დაუცველ ადამიანზე (აქედან ნახევარზე მეტი ქალია);

არც წინასწარი დაკავების საკნებში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ქალების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ შეურაცხყოფაზე;

არც ემიგრანტ დედაზე, რომელიც მოსამართლემ შვილის სანახავად სასამართლო დარბაზში არ შეუშვა;

არც უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრების ოჯახების მდგომარეობაზე;

არც რუსეთის აგრესიის სამიზნე უკრაინელი ქალების პრობლემებზე;

არც აწ უკვე ყოფილ სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ – სთან დაძაბულ ურთიერთობაზე;

არც მმართველი პარტიის ლიდერების მიერ ქალი ევროპარლამენტარების ლანძღვასა და  არც კორუმპირებულ, დასანქცირებულ  მოსამართლეებზე.

აქედან დასკვნა – მინისტრი კია მდედრობითი სქესის, მაგრამ ქალთა უფლებები ისევე აინტერესებს, როგორც – შარშანდელი თოვლი და ამიტომ ან “ქართული ოცნების” სასარგებლო იდიოტია ან უბრალოდ ურცხვად ტყუის, ოღონდ ინგლისურ ენაზე და თან – სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯზე. 

ტყუილები აფრქვია არალეგიტიმური პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ლაშხმა, რომელიც ასევე ბიუჯეტის ხარჯზე “გლობალური ომის პარტიის” (მისი აზრით, მასონების)  მხარდამჭერ  ქვეყანაში ჩამოვიდა და რატომღაც შემდეგ თემაზე ისაუბრა: “ციფრული ტენდენციები: ქალი მეწარმეები მომავალი ეკონომიკის ფორმირების პროცესში” და განაცხადა:

“როდესაც ქალები კოდირებენ, ისინი მხოლოდ აპლიკაციებს არ ქმნიან – ისინი ქმნიან გადაწყვეტილებებს იმ გამოწვევებისთვის, რომლებსაც უნიკალურად აღიქვამენ.“

არადა ერთი აპლიკაცია, რომლის ალგორითმს  არამშობლიურ მიწაზე “არალეგალად” გადაქცეული  ათასობით ქართველი ქალი კარგად ფლობს, არის  CBP One –  აპლიკაცია, რომელიც საზღვრის უკანონო კვეთისას უნდა შეავსო. თუ არ ან ვერ,  მაშინ გამოუვალ მდგომარეობაში ვარდები – აგერ   რამდენიმე ათეულ ქართველ ქალთა შორის 20 წლის სტუდენტი გოგონაცაა, რომელიც ლუიზიანას ციხეში დეპორტაციის მოლოდინში, უკვე თითქმის ერთი წელია ზის… მთელი ოჯახი აშშ-ში ჰყავს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ.

ლაშხმა ეს ცინიზმი არ იკმარა და დაამატა:

“საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს პოლიტიკის განვითარებაზე, რომელიც ქალებს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში მხარდაჭერას გაუწევს”. 

არადა დასავლეთთან რაც კი რამ  საგანმანათლებლო, აკადემიური, ტექნოლოგიური კავშირები იყო, “ქართულმა ოცნებამ” თავისი არადემოკრატიული მოდუსით, დაჩქარებული წესით “ჩახსნა”.

“ქალთა მხარდამჭერი” დეპუტატი ტექნოლოგიებში, ალბათ, თეა წულუკიანისთვის და მისი პუტინისტური კომისიისთვის ბიუჯეტის ხარჯზე  რობოტ-ასისტენტების შეძენას გულისხმობს, რათა ამ ქართული NKVD – ის (სსრკ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი) მუშაობის პროდუქტიულობა გაათმაგდეს ან გაასმაგდეს.

მეტი სიცხადისთვის კი ლაშხმა გაეროს ტრიბუნიდან ფიცის მსგავსიც კი დადო: როგორც პარლამენტარს, რომელიც ერთგულია საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის პროცესის, მჯერა, რომ ქალ მეწარმეთა გაძლიერება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მომავლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორიაო და ამის დასტურად 8 მარტს “ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაციის კლიპი შემოგვთავაზა, რომელიც საბჭოური “ნათელი მომავლის” მოლოდინის სტილისტიკის სრული დაცვითაა გადაღებული და, ცხადია, ესეც ბიუჯეტის ხარჯზე.  

  • გენდერული უკუსვლა – მიზეზები და “ქალბატონი რესპუბლიკა”

ნორვეგიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და “ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ (ხელმძღვანელი ელენე რუსეცკი) ორგანიზებით გაიმართა ე.წ.  პარალელურ ღონისძიება (Side Event), რომელიც, როგორც წესი, რეგიონის პრობლემებს განიხილავს.

სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელი ქალები: უკრაინელები, ქართველები,  მოლდოველები, პოლონელები, დანიელები, ბალტიისპირელები, პოსტსაბჭოთა და არასაბჭოთა ქვეყნებიდან საუბრობდნენ პოლიტიკური კრიზისის გავლენაზე ქვეყნის განვითარების კრიტერიუმებსა და დემოკრატიულ პროცესებზე, რომლის განუყოფელი ნაწილია გაეროს წევრ ქვეყნებში არსებული ქალთა მდგომარეობა, მათ შორის, პოლიტიკური მდგენელი. 

“ქალთა საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელი ელენე რუსეცკი გაეროს ქალთა სტატუსის სესიის რეგიონალურ ღონისძიებაზე – 2025 წლის მარტი. ია მერკვილაძის ფოტო

შეხვედრაზე სახელწოდებით – “ქალთა ბრძოლა თანასწორობისთვის პოლიტიკური კრიზისის დროს: პერსპექტივები ECA (ევროპა და  ცენტრალური აზია) რეგიონი”   ელენე რუსეცკაიამ განაცხადა:

„საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი  და სახელმწიფოს ანტიდემოკრატიული ნაბიჯები ქალთა მდგომარეობის გაუარესებას იწვევს, ამას კი ქალთა უფლებადაცვითი ორგანიზაციების საქმიანობის  შეფერხება და გენდერული უკუსვლა მოსდევს.

ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ქვეყანა, მათ შორის, საქართველო, კონსერვატიული იდეოლოგიებისა და პოლიტიკის პირისპირ აღმოჩნდა, რამაც ვითარება, ქალთა უფლებების კუთხით, მნიშვნელოვნად გააუარესა.

ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკურმა კრიზისმა და მიღებულმა ანტიდემოკრატიულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა გენდერული უკუსვლა, ქალთა უფლებადამცველებისა და ორგანიზაციების საქმიანობის მნიშვნელოვანი შეფერხება გამოიწვია. ანტიგენდერული მოძრაობის გაძლიერება და გენდერული თანასწორობის წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევა კი ქმნის გარემოს, სადაც ქალთა უფლებები კიდევ უფრო დაუცველი ხდება.

წელს, გამოწვევების კვალდაკვალ, საერთაშორისო პლატფორმაზე პოზიციონირებამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. ჩვენ მიერ ორგანიზებული რეგიონული ღონისძიების სახელწოდება ამის ნათელი მაგალითია. განსხვავებით გაეროს წინა წლის 68-ე სესიისგან, რა დროსაც ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის კუთხით საქართველოში არსებულ მიღწევებსა და პროგრესზე ვისაუბრეთ, წელს მთავარი აქცენტი, ის შეცვლილი დღის წესრიგი იყო, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა და რეგიონი აღმოჩნდა.

ტყუილად არ ვახსენე, რომ 2024 წელს მიღწევებზე ვისაუბრეთ, რადგან ამერიკიდან საქართველოში დაბრუნებულებს სრულიად განსხვავებული რეალობა დაგვხვდა.  ჩამოვედით და დღის წესრიგში უცებ  გენდერული კვოტების გაუქმების ინიციატივა დადგა. ამ გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, განულდა ის შედეგი, რომლის მისაღწევადაც ქალთა ორგანიზაციები წლების განმავლობაში ვიბრძოდით, ძალისხმევას არ ვიშურებდით.

მალევე, ძალიან სწრაფი ტემპით, ე.წ. პარლამენტმა მიიღო ის ანტიდემოკრატიული საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც დღეისათვის გვაქვს. ვისაუბრე იმაზე, თუ რამ გამოიწვია გენდერული უკუსვლა, სად ვართ და როგორ უნდა გადავრჩეთ. მაქსიმალურად გამოვიყენე საერთაშორისო პლატფორმა, რადგან ამას დღეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. გავაზიარე, თუ რას და რატომ აპროტესტებს ქართველი ხალხი, როგორ ილახება ადამიანის უფლებები  ანტიგენდერული მოძრაობის გაძლიერების ფონზე, რაც განსაკუთრებით უარყოფითად აისახება ქალებსა და სხვადასხვა უმცირესობის წარმომადგენლებზე. 

ნიუ იორკში ვისაუბრეთ ე.წ. “რუსული კანონისა” და სამოქალაქო ორგანიზაციებზე მისი გავლენის შესახებ, როცა პარლამენტმა მიიღო ე.წ.  FARA, რომელიც “ქართული ოცნების” პარლამენტის მტკიცებით,  აშშ-ის “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის”(FARA) “სიტყვა-სიტყვით თარგმანია”; ამბობენ, რომ თითქოს ეს კანონი საქართველოს მოარგეს და ყველა ორგანიზაციისა თუ ფიზიკური პირის საქმიანობის განსჯა ანტიკორუფციულ ბიუროს მიანდეს.

პარალელურად, საქართველოს კანონმდებლობიდან ქრება სიტყვა  “გენდერი”. ამ ინიციატივების ავტორების მტკიცებით კი ტერმინი უცხოური გავლენითა და ლობირებით ქართულ კანონმდებლობაში ხელოვნურად დაინერგა  და ახლა ის სიტყვებმა – „ქალმა“ და „კაცმა“ უნდა ჩაანაცვლოს.

ფაქტია, რომ 2023 წელს საპროტესტო ტალღა ახალგაზრდებთან ერთად  ქართველმა ქალებმა დაიწყეს და პირველი ბრძოლაც მოიგეს, როცა მმართველმა პარტიამ ე.წ. „რუსული კანონი“ უკან გაიწვია, მაგრამ დღეს  გვაქვს ანტიდემოკრატიული საკანონმდებლო ინიციატივების მთელი პაკეტი.

ცხადია, აქ აღსანიშნავია ე.წ. საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები, სამოქალაქო ორგანიზაციები და საზოგადოების დიდი ნაწილი არალეგიტიმურად ცნობს და სახეზეა დარღვევები, რომელთა შესახებაც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს.

საქართველოში პროტესტს ქალების ხმა აქვს, ქალები იბრძვიან და არ ნებდებიან. თამამად ვიტყვი, რომ მათი ხმა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს გავაგონეთ. 

„მარო! შიში გულში არა გვაქვს!”, „გამარჯვება ხალხშია”, „დევნილი ქალები აქ არიან!”,  „ქალებს ხმა აქვთ, მოუსმინეთ!”,  „ევროპა ჩვენი ისტორიული არჩევანია!” , „ქალების ხმა – ქვეყნის ხმაა!” „ყველგან პოლიცია – არსად სამართალი!”  – ლაპარაკობდნენ პლაკატები საქართველოში, ამ პროტესტის სულისკვეთებას კი ჩვენს უცხოელ მეგობრებსა და კოლეგებს ოკეანის გადაღმა ვუზიარებდით. მოვუყევით, თუ რატომ ისმის ასე მკვეთრად შეძახილი „თავისუფლება მზიას!“  და როგორ გახდა მზია ამაღლობელი სამართლიანობისთვის ბრძოლის სიმბოლო.

სირთულეების მიუხედავად, 2025 წლის 7 მარტს  „ქალთა საინფორმაციო ცენტრმა“ პირველად  საქართველოში ქალთა კონგრესი  ჩაატარა და ამ ფორუმზე 250 მონაწილე მოვიწვიეთ – აქტივისტები, ორგანიზაციების, სათემო და საინიციატივო ჯგუფების, აკადემიური, სახელოვნებო თუ სამეწარმეო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ფორუმზე შეიკრიბა სხვადასხვა სამუშაო ჯგუფი, მათ შორის – “კაცები ზრუნავენ”. 

საქართველოს პირველი ქალთა კონგრესი არის პოლიტიკური კრიზისის დროს დაწერილი ისტორია, რომელიც ძალების აღდგენაში დაგვეხმარება. ამგვარი პლატფორმის შექმნის  ევროპული გამოცდილება პოლონეთიდან ჩვენს ქვეყანაში  გადმოვიტანეთ და, ალბათ, წლების შემდეგ, როცა საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება და ჩვენი ევროპული მომავალი ოფიციალურად გაფორმდება, ქალთა კონგრესი საამაყო ისტორიული მეხსიერება გახდება, როგორც პირველი ყველაზე მასშტაბური პლატფორმა ქალებისთვის, ქალთა ორგანიზაციებისთვის და ქალთა საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის. ინიციატივის მიზანია, რომ ერთმანეთს კიდევ ერთხელ შევახსენოთ თუ ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ.

ქალთა კონგრესი

ქალთა კონგრესის მთავარი სიმბოლო კი გახდა 1918-1921 წლების  დამოუკიდებელი საქართველოს საფოსტო მარკა, რომელზეც, დასავლურ ტრადიციაზე დაყრდნობით, ქალია გამოსახული, თან შეიარაღებული ქალი, როგორც თავისუფლების იდეის მატარებელი.  ჩვენ კი მას “ქალბატონი რესპუბლიკა” დავარქვით და გულსამაგრის სახითაც გამოვუშვით. 

ასი წლის წინ მისი ავტორი, მხატვარი, წიგნების ილუსტრატორი, თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი იოსებ შარლემანი (1880 – 1957) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბის ავტორიცაა. მაშინ ეს მარკა  არ იყო  მხოლოდ საფოსტო მომსახურების გადახდის ნიშანი, არამედ უპირველესად მსოფლიოსთვის საქართველოს პირველი რესპუბლიკის  თანასწორობის, სიძლიერის, ემანსიპაციის ძლიერი გზავნილი; ეს იყო მებრძოლი საქართველოს Სიმბოლო”.

გულსაბნევი ვერცხლსა და მინანქარში – საქართველოს პირველი რესპუბლიკის საფოსტო მარკა. იდეის ავტორი – სალომე ბენიძე. დამზადებულია კომპანია “საქარელის” მიერ. ია მერკვილაძის ფოტო

  • სოლიდარობა მზია ამაღლობელს

შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია მაისურზე  ბათუმში უკანონოდ დაპატიმრებული “ბათუმელების”/”ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის გამოსახულების მაისურით მივიდა და სიტყვით გამოსვლისას მზიასა და 49 პოლიტპატიმრის გათავისუფლების მოთხოვნის პლაკატები ეჭირა. 

“საფარის” ხელმძღვანელი გაეროს ქალთა სტატუსის სესიის რეგიონალურ ღონისძიებაზე – 2025 წლის მარტი. ია მერკვილაძის ფოტო

„საქართველოში ჩვენ გვყავს სინდისის პატიმრები – ადამიანები, რომლებიც უდანაშაულონი არიან და ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად უკანონოდ არიან დაკავებულები, უბრალოდ იმისთვის, რომ ისინი დიქტატურას, გაყალბებულ და მოპარულ არჩევნებს აპროტესტებდნენ. და ეს პროტესტი ას დღეზე მეტია რაც მიმდინარეობს.

მთავარი გასაღები ახლა წინააღმდეგობაა… ვფიქრობ, რაც დღეს გვაკლია, არის წინააღმდეგობა.

ჩვენ გადარჩენის რეჟიმში ვიმყოფებით.

იმდენად ვიყავით დაკავებული საკუთარი თავისა და გარშემომყოფების დაცვით, რომ ჩემთვის გენდერულ და ქალთა საკითხებზე მუშაობა უკვე ფუფუნებად იქცა. ამისთვის არა გვაქვს დრო, შესაძლებლობა და რესურსები – არაფერი.

რასაკვირველია, ჩვენ ვეხმარებით გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლებს, მაგრამ სხვა აქტივობებისთვის დრო არ გვრჩება. ამიტომ ერთადერთი რაც მუშაობს, არის  წინააღმდეგობა! ქალები კი წინააღმდეგობის გაწევაში ძალიან ძლიერები არიან. ამიტომ გთხოვთ, იყავით ერთად, გააძლიერეთ ერთმანეთი და ამ  ანტიგენდერულ ტალღას წინააღმდეგობა გაუწიეთ“ – განაცხადა ბაია პატარაიამ.

მთავარ ფოტოზე: ია მერკვილაძე მაისურზე მზია ამაღლობელის გამოსახულებით გაეროს შენობასთან

  •  გაეროს კვლევა – 2024

2024 წელს საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის დაკვეთითა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით  ჩატარდა კვლევა, რომელმაც შეისწავლა  მოსახლეობის  გენდერული თანასწორობისადმი დამოკიდებულება.

კვლევის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა ეთანხმება მოსაზრებას, რომ ანაზღაურებადი სამუშაო ქალის დამოუკიდებლობისთვის  საუკეთესო საშუალებაა, თითქმის ყოველი მეორე ადამიანს მიაჩნია, რომ სამუშაო ადგილების სიმწირის შემთხვევაში კაცების დასაქმება უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე – ქალების. 

ყოველი მეორე ფიქრობს, რომ მომსახურების სფერო ქალებს უფრო შეეფერებათ, ვიდრე – კაცებს.  უმრავლესობა ეთანხმება, რომ ქართულ მედიაში კაცები, როგორც წესი, წარმოჩენილნი არიან, როგორც ოჯახის მარჩენლები, ლიდერები და ბიზნესმენები, ქალები კი როგორც ცოლები, დედები, აღმზრდელები ანდა დამხმარეები.

გამოკითხულთა უმრავლესობას სჯერა, რომ პოლიტიკაში ქალების ჩართულობის გაზრდა ქვეყანას სარგებელს მოუტანს; რაც მეტი ქალი იქნება საქართველოს პარლამენტში, მით მეტი გავლენა ექნებათ მათ  პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და საჯარო პოლიტიკაზე.

საქართველოში ყოველი მეორე ადამიანი ფიქრობს, რომ პოლიტიკაში ქალების რაოდენობის ზრდა ქვეყნის განვითარებაზე დადებით გავლენას მოახდენს. ყველაზე დიდ წინაღობად ოჯახური ვალდებულებები და საზოგადოებაში ქალისა და კაცის როლებზე არსებული შეხედულებები აღიქმება.

მიუხედავად უმრავლესობის განცხადებისა, რომ ადამიანის სქესს არ აქვს მნიშვნელობა პრეზიდენტის, პრემიერ – მინისტრის, პარლამენტის წევრის ან მერის თანამდებობაზე მისი კანდიდატის განხილვისას, ისინი ამ თანამდებობაზე კაცს უფრო დაუჭერდნენ მხარს, ვიდრე – ქალს.

ქალები თბილისში გამართული პროევროპული აქციიდან. ფოტო: „ნეტგაზეთი“

იმის საპირწონედ, რომ პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის ყველაზე დიდ დაბრკოლებად ოჯახური ვალდებულებები და ოჯახზე ზრუნვა დასახელდა, საქართველოს მოსახლეობის ნახევარი თვლის, რომ  ოჯახის მხარდაჭერას პოლიტიკაში მეტი ქალის ჩართულობის წახალისება შეუძლია. ოჯახის მხარდაჭერას მოსდევს კარგი ფინანსური რესურსები და საზოგადოების მხარდაჭერაც. კაცებთან შედარებით ქალებს უფრო მეტად სჯერათ, რომ პოლიტიკაში მეტი ქალის ჩართვა ქვეყანას სარგებელს მოუტანს, ხოლო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ეთნიკურ ქართველებზე უფრო ხშირად ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ, ზოგადად, კაცები უკეთესი პოლიტიკური ლიდერები არიან.

კვლევის თანახმად ყოველ მეორე ადამიანს სჯერა, რომ ოჯახში ბოლო სიტყვა კაცს ეკუთვნის და ბავშვზე ზრუნვა  უფრო მეტად დედის პასუხისმგებლობაა, ვიდრე – მამის.

აღსანიშნავია, რომ ამ ორივე დებულებას უფრო მეტი ქალი ეთანხმება, ვიდრე – კაცი. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ მცირე ნაწილი თანხმდება იმას, რომ არსებობს გარემოებები, როცა ადამიანს შეუძლია დაარტყას ცოლს, ქმარს ან პარტნიორს, თითქმის ყოველ მეოთხე ადამიანს სჯერა, რომ ცოლ-ქმარს შორის ძალადობა მათი პირადი საქმეა და სხვები ამაში არ უნდა ჩაერიონ. ამ მოსაზრებას უფრო მეტი კაცი ეთანხმება, ვიდრე – ქალი.

გამოკითხულთა აღქმით, კაცების უმრავლესობა უფრო მეტად არის დაცული ფიზიკური, გონებრივი  თუ ფსიქოლოგიური ზიანისგან როგორც საკუთარ სახლში, ისე საზოგადოებრივ ადგილებში, ვიდრე ქალების უმრავლესობა. 

გამოკითხვის თანახმად, კაცებთან შედარებით ქალები უფრო ნაკლებად აკონტროლებენ საკუთარ ცხოვრებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მათ  სექსუალურ ავტონომიას ეხება.

მოსახლეობის დაახლოებით 80 პროცენტი ფიქრობს, რომ კაცების უმრავლესობა დაქორწინების გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს, ხოლო ქალების შემთხვევაში, იმავეს 70 პროცენტი ამბობს. 90 პროცენტზე ოდნავ მეტი ეთანხმება იმას, რომ ქალებს ქორწინებასთან დაკავშირებით თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება უნდა ჰქონდეთ.

გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ფიქრობს, რომ კაცისთვის ქორწინებამდე სქესობრივი კავშირის ქონა გამართლებულია, ხოლო ქალების შემთხვევაში ამას მხოლოდ 30 პროცენტი ამბობს.

რაც შეეხება სექსს: ქალების 76 და კაცების 64 პროცენტი თვლის, რომ ქალს უფლება აქვს უარი უთხრას ქმარს/პარტნიორს სექსზე; ქალების 14 და კაცების 19 პროცენტი ნორმად თვლის სამსახურში კაცების მიერ ქალი-კოლეგების გარეგნობის განხილვას.

მოსახლეობის უმრავლესობისთვის შვილის სქესს მნიშვნელობა არა აქვს, მაშინაც კი, თუ ოჯახში მხოლოდ ერთი შვილია. თუმცა, მათ შორის, ვინც შვილის ყოლისას რომელიმე სქესს ანიჭებს უპირატესობას, 13 პროცენტს ბიჭის ყოლა ურჩევნია, მხოლოდ 5 პროცენტს   გოგოსი.

გამოკითხულთა უმრავლესობა (73%) ეთანხმება მოსაზრებას, რომ ქალებისთვის მნიშვნელოვანია ოჯახის დაგეგმვასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე წვდომა. ამ მოსაზრებას კაცები უფრო ნაკლებად ეთანხმებიან (66%), ვიდრე – ქალები (73%). ყოველმა მეოთხე კაცმა არ იცის ოჯახის დაგეგმვის მომსახურებაზე ქალთა წვდომის მნიშვნელობის შესახებ. ქალების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 15 პროცენტია.

გამოკითხულთა უმრავლესობა (88%), არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ბიჭისთვის უფრო მნიშვნელოვანია საუნივერსიტეტო განათლების მიღება, ვიდრე – გოგოსთვის. თუმცა ფიქრობენ, რომ მათი დასახლების მაცხოვრებელთა უმეტესობას ამ საკითხზე უფრო კონსერვატიული შეხედულება აქვს.

ქალები, ახალგაზრდები, დასაქმებული პირები და უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები ემხრობიან გენდერულ თანასწორობას და ქალთა გაძლიერებას მხარს უჭერენ. კაცებს, უფროსი ასაკის ადამიანებს, სოფლად მცხოვრებ და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს უფრო ტრადიციული და კონსერვატიული შეხედულებები აქვთ. კაცებთან შედარებით ქალები ნაკლები ალბათობით უჭერენ მხარს სახელფასო სხვაობას და სამსახურში დისკრიმინაციულ გენდერულ როლებს. ეთნიკურ ქართველებთან შედარებით ეთნიკური უმცირესობები უფრო მაღალი ალბათობით უჭერენ მხარს  დისკრიმინაციულ გენდერულ როლებს.

კვლევის თანახმად, 35 წელს გადაცილებულ ადამიანებს უფრო კონსერვატიული შეხედულებები აქვთ გენდერული როლების, სამუშაო ანაზღაურებისა და ოჯახური პასუხისმგებლობების შესახებ, ვიდრე – ახალგაზრდებს.

დასაქმებულები და უმაღლესი განათლების მქონე პირები უფრო მეტად უჭერენ მხარს გენდერულ თანასწორობას სამუშაო ადგილზე და არ ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ ქალებმა ოჯახზე ზრუნვა ანაზღაურებად სამუშაოზე მაღლა უნდა დააყენონ. ამასთან, ისინი ნაკლებად ეთანხმებიან იმას, რომ არსებობს გარემოებები, როცა მეუღლეს ან პარტნიორს შეიძლება დაარტყა, იმათთან შედარებით, ვინც არ მუშაობს ან განათლების უფრო დაბალ საფეხურზე დგას.

ეთნიკურ ქართველებს, ახალგაზრდებსა და თბილისის მაცხოვრებლებს უფრო პროგრესული შეხედულებები აქვთ ქორწინებასა და ოჯახურ პასუხისმგებლობებზე. ამის საპირისპიროდ, 35 წელს გადაცილებულები სხვა ქალაქებსა და სოფლების მაცხოვრებლები და ასევე უმუშევრები უფრო ხშირად ფიქრობენ, რომ ბავშვებზე ზრუნვა დედის უპირველესი პასუხისმგებლობაა.

მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხულთა  უმრავლესობა (79%) ამბობს, რომ მემკვიდრეობა თანაბრად უნდა გაინაწილონ გოგომ და ბიჭმა, ყოველი მეხუთე მიიჩნევს, რომ მემკვიდრეობა მხოლოდ ბიჭმა უნდა მიიღოს. შეინიშნება ტენდენცია, რომ მემკვიდრეობის გენდერულად თანასწორად განაწილებას ქალები, ეთნიკური ქართველები და ქალაქში მცხოვრებნი უფრო მეტად უჭერენ მხარს, ხოლო ტრადიციული შეხედულებები იმაზე, რომ  მემკვიდრეობა კაცს უნდა ერგოს, უფრო გავრცელებულია სხვა ჯგუფებში. მოსახლეობის 46 პროცენტს მიაჩნია, რომ მათ დასახლებაში ხალხი მემკვიდრეობის მეტი წილის ბიჭისთვის გადაცემას უჭერს მხარს. 

გამოკითხულთან თითქმის ნახევარი, კაციც და ქალიც მიიჩნევს, რომ საქართველოში არის გენდერული თანასწორობა. აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება მოსაზრებას, რომ ქვეყნის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობის პოლიტიკის შემუშავება, ბავშვებზე ზრუნვის ხარისხიანი სერვისების განვითარება, თანაბარი ანაზღაურება თანაბარი სამუშაოსთვის და იმის აუცილებლობის დამკვიდრება, რომ ქალებსა და კაცებს თანაბრად მოეპყრონ. როგორც კაცები, ისევე ქალები მხარს უჭერენ ბიზნესში ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნას.

რეგრესიული ანალიზი აჩვენებს, რომ დემოგრაფიული მახასიათებლები, როგორიცაა სქესი, ასაკი და განათლების დონე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩაცმასთან, ძალადობის გამართლებასთან, ოჯახში ძალადობაზე შეხედულებებთან და სოციალური ნორმების აღქმასთან დაკავშირებით.

  •  რეალური და გაცხადებული

საერთაშორისო მონაცემებს თუ შევადარებთ, ერთი შეხედვით, საქართველოში არსებული გენდერული დამოკიდებულებები გარკვეულწილად თანხვედრაშია ევროპის ბევრ სხვა ქვეყანასთან. მაგალითად, საქართველოში რესპონდენტების 95 პროცენტს სჯერა, რომ საზოგადოებისთვის აუცილებელია ქალებსა და კაცებს თანასწორად მოეპყრონ. საფრანგეთსა და ესპანეთში ეს მაჩვენებელი 91 პროცენტია.

გარდა ამისა, გამოკითხული ქართველების 96 პროცენტი მიიჩნევს, რომ კაცებსა და ქალებს ერთი და იგივე სამუშაოსთვის თანაბარი ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ. შვედეთში ასე 89 პროცენტი ფიქრობს.

გამოკითხულ ქართველთა ნახევარი ამბობს, რომ კაცები უკეთესი პოლიტიკური ლიდერები არიან, ვიდრე – ქალები. ავსტრიაში ამდაგვარად, მხოლოდ ყოველი მეხუთე ფიქრობს.

ქართველების დაახლოებით 40 პროცენტს ჰგონია, რომ კაცები უკეთესი ბიზნესმენები არიან, ვიდრე – ქალები. ესპანეთში კი ასე მხოლოდ 10 პროცენტი ფიქრობს, ავსტრიაში – 20.

კვლევა ადასტურებს, რომ ახალგაზრდა თაობაში კაცები და ქალები უფრო არადისკრიმინაციულ და პროგრესულ გენდერულ დამოკიდებულებებს ამჟღავნებენ, ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ  გასული ათწლეულის განმავლობაში ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა  გაძლიერებისა და უფლებების მხარდამჭერ ძალისხმევას დადებითი გავლენა ჰქონდა.

____________