ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

დრესკოდი, ვიქტორია როშჩინა, „ბაბი ნოვიხ ნარაჟაიუტ” და 670 მოკლული ბავშვი

დრესკოდი, ვიქტორია როშჩინა, „ბაბი ნოვიხ ნარაჟაიუტ” და 670 მოკლული ბავშვი

აშშ-ის პრეზიდენტების ყოველი ინაუგურაციის შემდეგ პირველი ლედების დრეს კოდები და მათი ფასი დიდი ხნის განმავლობაში საჯაროდ განსახილველ თემად რჩებოდა. ცნობილია, რომ ნენსი რეიგანის საინაუგურაციო (1981) გარდერობი ჯამურად 25 000 დოლარის ღირებულების იყო; მიშელ ობამასი (2009) – $ 5 000, 2025 წლის 20 იანვარს მელანია ტრამპის ერთი დღის ჩაცმულობა კი ნენსისას არ ჩამორჩებოდა (20 000 – ის ფარგლებში).

რონალდ რეიგანის ინაუგურაცია – 1981

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის პირველი ლედის შემოსვაზე ზოგმა დიზაინერმა დემონსტრაციულად უარი განაცხადა. ასე იყო 2025-შიც.

ცოტა მოგვიანებით კი ოვალურ კაბინეტში რუსეთის აგრესიის სამიზნე უკრაინის პრეზიდენტის ტანსაცმელი არადიზაინერი კაცების გუნდმა დაიწუნა, თან თეთრი სახლის შუაგულში, რამაც ჯერ შოკი, მერე ადგილზე თუ შორს ანტიტრამპისტული განცხადებების ტალღა გამოიწვია, მოგვიანებით კი სხვა მიზეზებიც დაემატა და ამა წლის 5 აპრილს აშშ-ის მთელს ტერიტორიაზე 1200 ანტიტრამპ/ანტიმასკ აქცია-მსვლელობა გაიმართა.

ამ დროს აშშ-ის პრეზიდენტი ფლორიდაში, თავის რეზიდენციაში „მარ – ა – ლაგო” გოლფს თამაშობდა. ცნობისთვის, „მარ-ა-ლაგოს“ ისტორიული ძეგლის სტატუსის მიწა და ნაგებობები ადრე ცნობილ ამერიკელ ბიზნესვუმენს, ფილანთროპს, არტ-კოლექციონერს მარჯორი პოსტს (1887-1973) ეკუთვნოდა. ბოროტი ენები ამბობენ, რომ დონალდ ტრამპმა ეს 6 000 კვადრატული მეტრი უძრავი ქონება 1985 წელს რაღაც მანიპულაციების ხარჯზე ძალიან იაფად, 7 მილიონ დოლარად შეიძინაო… 2025-ში პრეზიდენტის მიერ “ქამრების შემოჭერის” პოლიტიკის ფონზე ერთი თვეში უქმე დღეებში აგარაკზე/რეზიდენციაში მისი ყოველკვირეული გადაფრენა-გადმოფრენა ბიუჯეტს 18 მილიონზე მეტი დოლარი უჯდება.

2007 წლის მარტში ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა ქალთა სიმამაცის საერთაშორისო ჯილდო დააწესა. ამ ჯილდოს ნომინანტები ამერიკის საზღვარგარეთ განლაგებულ საელჩოებს უნდა წარედგინათ, ეს ქალები კი გამორჩეულნი უნდა ყოფილიყვნენ გამბედაობითა და ლიდერის უნარ-ჩვევებით, ქალთა უფლებების დაცვითა და ჩაგრულთა მხარდაჭერით. მას მერე მსოფლიოს 90 ქვეყნიდან 200 – მა ქალმა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაწესებული ჯილდო მიიღო. მათ შორის, 2014 წელს საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემაც.

ყველაზე ხშირად ამ ჯილდოს პრიზიორები ავღანელი აქტივისტი ქალები არიან. ეს ჯილდო აქვთ მიღებული უკრაინელებს: რუსლანა ლიჟიჩენკოს და ექიმ იულია პაევსკას. ასევე, ვენესუელელ უფლებადამცველს, ანა როსარიო კონტრერას, რომელიც ციხეებში ნიკოლას მადუროს ოპონენტების უფლებრივ მდგომარეობას სწავლობს და მათი გათავისუფლებისთვის იბრძვის. როგორც ჩანს, ამ ქალს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ვენესუელელების, მათ შორის, აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფრის მთხოვნელების, აწ უკვე გადეპორტირებულების, დაცვაც მოუწევს.

1 აპრილს ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტის შენობაში ვენესუელელი ემიგრანტი ქალი დიზაინერის მილი პარკ-ის ლაბადაში (ფასი – 11 000 დოლარი) შემოსილმა მელანია ტრამპმა სახელმწიფო მდივანთან ერთად რვა ქალი დააჯილდოვა. მათ შორის იყო ტერორისტული ორგანიზაციის “ჰამასის” მიერ 55 დღის განმავლობაში დატყვევებული ისრაელელი ადვოკატი ამიტ სოუსანა, რომელმაც ღიად ისაუბრა ტყვედ ყოფნისას ყოველდღიური სექსუალური ძალადობის ტრავმაზე.

„ტყვეობაში მე ვერ ვაკონტროლებდი ჩემს სხეულს, მაგრამ ვაკონტროლებდი ჩემ სიცოცხლეს” – განაცხადა მან, – „მე ვეწინააღმდეგებოდი, როგორც შემეძლო, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო იმისთვის, რომ შემეჩერებინა ის, რაც მე დამემართა. სიბნელე სულის შემხუთავი იყო. მაგრამ სიბნელეშიც კი მე ვერ წამართვეს ერთი რამ: ძალა, რომელიც მე დედამ მომცა; რწმენა იმის, რომ ჩვენ ყოველთვის უნდა დავიცვათ ის, რაც ჭეშმარიტია, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ეს”.

ამავე ღონისძიებაზე აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის მადლენ ოლბრაიტის სახელობის პრემია გადაეცათ ბანგლადეშური სტუდენტური მოძრაობის ლიდერებს, რომლებიც 2024 წლის ზაფხულში მთავრობის რეპრესიებს აპროტესტებდნენ.

2011 წლის მარტი ამერიკის 44-ე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ „ქალთა ისტორიის თვედ“ გამოაცხადა, თუმცა ისედაც, ევროპა-ამერიკაში გაზაფხულის პირველი თვე არაფორმალურად ქალთა თვედ იწოდებოდა.

ქალთა თვე დონალდ ტრამპმაც მოგვილოცა.

„ჩვენი ხელისუფლება არ წაახალისებს რადიკალურ იდეოლოგიებს, რომელიც ქალებს კაცებით ანაცვლებს იმ სივრცეებსა და შესაძლებლობებში, რომელიც ქალებისთვისაა განკუთვნილი ან დაანგრიონ ოჯახები, ჩვენი ვაჟებისთვის და ქალიშვილებისთვის საკუთარ სხეულთან ომის დაწყების შთაგონებით. ამის მაგივრად ჩემი ადმინისტრაცია დაიცავს ოჯახის, სიმართლის, კეთილდღეობისა და თავისუფლების ამერიკულ ტრადიციულ ღირებულებებს. ქალებისა და გოგონების გენდერული ექსტრემიზმისგან დაცვის დაპირებით ჩვენ საზოგადოებას საღი აზრი დავუბრუნეთ” – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მელანია ტრამპმა გამბედაობა კი განსაზღვრა, როგორც “ძალა, რომელიც სიყვარულს ეფუძნება” და დასძინა, რომ იგი “სიყვარულის ძალას იყენებდა, როგორც რთულ დროში ძალის წყაროს. სიყვარულმა შთამაგონა მეპატიებინა, თანაგრძნობა განმევითარებინა და არაპროგნოზირებადი წინააღმდეგობების წინაშე გამბედავი ვყოფილიყავი” – თქვა მან.

სანამ მელანიამ ლამის „ბიტლზის“ All You Need Is Love წაიმღერა და ქალთა მიმართ ძალადობით გამორჩეული ქვეყნის პაპუა ახალი გვინეის აქტივისტი მეიჯორ ველენა იგა დააჯილდოვა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სიყვარულის ძალის მომხიბვლელობასა და საყოველთაობას არ დაელოდა, ამიტომ თავის მოქალაქეები – ქალები და კაცებიც – გააფრთხილა (განგაშის მესამე დონე) თავი შეიკავონ პაპუა ახალი გვინეაში მოგზაურობისგან კრიმინალის მაღალი მაჩვენებლის, არააფეთქებული ყუმბარების სიმრავლისა და სამედიცინო დახმარების ფაქტობრივი არარსებობის გამო. როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში სიყვარულს ისეთი ყოვლისმომცველი ძალა არ ჰქონია, როგორიც – თეთრ სახლში, „მარ-ა-ლაგოში“, „ტრამპ – თაუერში“ და ამ შენობების მიმდებარე ტერიტორიებზე. რაც შეეხება დრეს კოდს, როგორც მეტყველ ვიზუალურ, სწორედაც რომ პოლიტიკურ მესიჯს. ერთია, როცა „ფორბსის“ ქალთა ფორუმზე ან ანა ვინტორის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სპიკერი თუ სტუმარი ხარ და მეორე – როცა „გატაცებულთა დედების ასოციაციის“ ხელმძღვანელს, იემენელ ამალ ალ-სალამ აბდულა აბდო ალ-ხაჯს (მან 9 000 გატაცებული ადამიანიდან 950 ის დახსნა შეძლო) აჯილდოებ. კონტექსტის განცდა, თანაგრძნობისა და სოლიდარობის ადეკვატურად გამოხატვის უნარი მხოლოდ გემოვნების ამბავი არაა.

ამალ ალ-სალამ აბდულა აბდო ალ-ხაჯის დაჯილდოვება აშშ-ის სახელმწიფო დეპერტამენტში

***

ნიუ იორკში მოქმედმა ორგანიზაციამ CPJ (ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი. 1981) 2024 წელს „პრესის თავისუფლების ჯილდო” (1991) ოთხ ჟურნალისტ ქალს გადასცა. ოთხი ნომინანტიდან ოთხივე ქალია. მათ შორისაა აშშ-რუსეთის მოქალაქე ალსუ კურმაშევა, რომელიც რუსული არმიის დისკრედიტაციის საბაბით 2023 წელს დააპატიმრეს და 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თითქმის იმდენი, რამდენსაც – მზია ამაღლობელს “ქართული ოცნების” ჯიბის სასამართლო სალდაფონა-მილიციელის ლოყის “დატანჯვის” გამო უპირებს. კურმაშევას გაუმართლა. იგი პატიმრობიდან 2024 წელს აშშ-სა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლისას გაათავისუფლეს.

ალსუ კურმაშევა

რუსული პატიმრობიდან ორგანოებამოცლილი, ნაწამებ-დასახიჩრებული „დაბრუნდა“ [ცხედარი ჩამოასვენეს] უკრაინელი ჟურნალისტი ვიქტორია როშჩინა, რომელიც რუსების მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამპყრობელი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულებს აღწერდა… იგი ერთადერთი არაპუტინისტი ჟურნალისტი იყო, რომელიც რუსების მიერ დროებით კონტროლირებად ტერიტორიაზე მუშაობდა.

ომის დაწყების პირველ კვირებში რუსმა ოკუპანტებმა როშჩინა დაატყვევეს და ათი დღის შემდეგ გაუშვეს. ვიქტორიას არ შეეშინდა და ბრძოლის ველს მაინც დაუბრუნდა.

ჟურნალისტის მეორედ დატყვევებიდან თითქმის ორი წლის შემდეგ კრემლმა უკრაინას განა მოკლული ქალის ცხედარი, არამედ პაკეტი ადამიანის ძვალ-ტყავით გაუგზავნა. პაკეტს რუსულად ეწერა “ამოუცნობი მამაკაცი” და კიდევ – „7390 როშჩინა ვ.ვ.“.

ვიქტორია როშჩინა

ნაწამებ, ძვლებში გადამტვრეულ სხეულს ამოაცალეს ჟურნალისტის პროფესიული „მთავარი ორგანოები“ – ტვინი, თვალები და ხორხი. თავდაპირველად ტყვეთა გაცვლის რუსულ სიაში როშჩინა ფიგურირებდა, მაგრამ მერე მისი გვარ-სახელი გაქრა. რუსეთს შეეძლო საერთოდ განეცხადებინა, რომ ეს პირი ტყვედაყვანილთა სიაში არაა ანდა ჟურნალისტი უგზო-უკვლოდაა დაკარგული. არა. ვიქტორიას უსულო სხეული გახდა პუტინის საჯარო გზავნილი იმპერიიდან (რომლის ერთადერთი არსებობის ფორმა ომი, ნგრევა და ძალადობაა), რომ რუსეთის მთავარი „პაცანი“ აცოცხლებს მხოლოდ იმათ, ვინც იხშობს აზროვნების, დანახვის, ლაპარაკის უნარს ან ამგვარი უნარები არასდროს ჰქონია.

ამგვარი იყო KGB/FSB -ს მიერ მათივე ყოფილი თანამშრომლის, ბრიტანეთის მოქალაქის ალექსანდრე ლიტვინენკოს შეკვეთილი მკვლელობა. არა ერთი სნაიპერული გასროლით, არამედ ჩვეულებრივი ჩაით, “რუსული შაქრით” – მომწამვლელი პოლონიუმით; დემონსტრაციულად, პირდაპირ ეთერში, თვალსა და ხელ შუა ჩამომდნარი, თმადაცვენილი ადამიანის ტანჯვით, ნელი კვდომის თვალსაჩინოებით. მთელი მსოფლიო უნდა შეშინდეს, ყველამ უნდა დაინახოს და გაითავისოს, თუ როგორი სადისტური მეთოდით კლავს რუსული მონსტრი მათ, ვინც წინააღმდეგობის გაწევას გაუბედავს, ვინც მანქურთად გადაქცევას კი არ აირჩევს, არამედ – ადამიანად ყოფნას.

ალექსანდრე ლიტვინენკო

2023 წელს, როცა ქართველი მედია მენეჯერი, “ქართული ოცნების” მიერ დაპატიმრებული და შემდეგ პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ნიკა გვარამია “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა” დააჯილდოვა, მასთან ერთად ჯილდო მიიღო მექსიკელმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა მარია მონტარიო დელგადომ, რომელიც პოლიტიკური ელიტების კორუფციას, გაყალბებულ არჩევნებსა და სახელისუფლებო ძალადობას იძიებდა. ინდოელი ჟურნალისტი შაჰინა კ.კ. (იგი მეოთხე ინდოელი ქალი ჟურნალისტია, რომელმაც “პრესის თავისუფლების ჯილდო” მიიღო) მარგინალიზებული ჯგუფების, ქალთა და უმცირესობათა უფლებების დამცველია. ტოგოელი ჟურნალისტი ფერდინანდ აიტე დიქტატორ ფორე გნასინგბესა და მისი ოჯახის (ხელისუფლებაში 1967 წლიდან არიან) კრიტიკოსია და ასევე იკვლევს ორგანიზებული დანაშაულის სქემებსა და ჩინოვნიკების ჩართულობას. ამ ოთხ, ერთმანეთისაგან განსხვავებულ ქვეყანაში მედიის რეპრესირებულ წარმომადგენლებს ერთი რამ აერთიანებთ – ხელისუფლებისა და “გაურკვეველი” ჯგუფებისგან თვალთვალი, დევნა, ცილისწამება, ზეწოლა, პროფესიული საქმიანობის კრიმინალიზაცია, ციხე, გატაცება, სამიზნესა და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარა თუ სატელეფონო ზარებით თუ სოციალური მედიით.

***

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის პირველივე დღიდან რუს დედებს ცინკის კუბოებთან ერთად პოლიეთილენის შავ პარკებში გახვეული შვილები ჩამოუსვენეს, ზოგს – ვერ, რადგანაც იდენტიფიცირება შეუძლებელი გახდა ანდა უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ… ომის რუტინა…

ხარკოვის დრონებით დაბომბვას უკრაინული ოჯახი შეეწირა

საკომპენსაციოდ კი სახელმწიფომ ზოგ შვილმკვდარ ქალს ბინა გაურემონტა, ზოგს – შინშილას ქურქი გადასცა, ზოგს – ხორცის საკეპი მანქანა; ზოგს იმდენი თანხა, რომ შვილისთვის ქელეხი გადაეხადა. ზოგიერთმა პუტინს ამ “საჩუქრისთვის” მადლობაც გადაუხადა.

რუსული ეკლესიის ერთ-ერთმა დეკანოზმა ქალები ასე ანუგეშა და დამოძღვრა:

“თითოეულ ქალბატონს ღმერთმა იმის საშუალება მისცა, რომ ბევრი შვილი გააჩინოს. და თუ ქალბატონი შეასრულებს მცნებას – “ინაყოფიერეთ და იმრავლეთ”, უარს იტყვის ფეხმძიმობის შეწყვეტის ხელოვნურ მეთოდებზე, მაშინ მას ერთზე მეტი შვილი ეყოლება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის არც ისე მტკივნეული და დამანგრეველი იქნება მასთან განშორება”.

ჰოდა, ალბათ, შემთხვევითი არ იყო, როცა 2025 წლის გაეროს ქალთა ფორუმზე რუსეთის წარმომადგენელმა კაცმა აქცენტი გააკეთა უკრაინელების, უკრაინელი ქალებისა და ბავშვების მკვლელის ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებაზე რუსეთში სამ და მეტ ბავშვიანი ოჯახების გარანტირებულ სოციალურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

“ბოლო ათი წლის განმავლობაში რუსეთში მრავალშვილიანი ოჯახების რაოდენობა ორჯერ გაიზარდა. ეს იმას მოწმობს, რომ ეკონომიკაში ქალთა ჩართულობის მხრივ ჩვენი ქვეყანა ქმნის პირობებს, რათა ქალმა კარიერა და დედობა ერთმანეთს შეუთავსოს” – განაცხადა ამ კაცმა. ცხადია, რუსული ფრთიანი გამონათქვამი “ბაბი ეშჩო/ნოვიხ ნარაჟაიუტ” (დედაკაცები კიდევ გააჩენენ ახლებს) კვლავ ძალაშია, რადგანაც რუსეთში ულევი საზარბაზნე ხორცი, მასზე მოთხოვნა და მოთხოვნის მყისიერი დაკმაყოფილება ყოველთვის იყო, არის და იქნება.

***

გაეროში მარტში მიმდინარე 69-ე სესიისთვის ქალთა და გოგონათა მდგომარეობის შესახებ ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ წარდგენილი სავალდებულო ანგარიშთაგან რუსეთის ფედერაციის ტექსტიდან თემა – “უსაფრთხოება”, ჩვენთვის ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს.

აღმოჩნდა, რომ გაეროს სამშვიდობო მისიებში რუსი ქალი-პოლიციელების 20-პროცენტიან კვოტას რუსეთი 1998 წლიდან პირნათლად ასრულებს. ირკვევა, რომ გაეროს სამშვიდობო მისიებში რუსეთიდან 12 ქალი პოლიციელი მსახურობს. თან დაკონკრეტებულია: 3 – კვიპროსზე, 7 – სამხრეთ სუდანში, 2 – კონგოში. გარდა ამისა, უშუალოდ გაეროს სამშვიდობო ოპერაციებში რუსეთიდან ერთი ქალია ჩართული; დასავლეთ საჰარაში რეფერენდუმის მხარდასაჭერად – 4, ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესს კი, სხვებთან ერთად, ერთი რუსი ქალი პოლიციელიც დარაჯობს.

ცხადია, არც ერთი სიტყვა, ნახევარსიტყვა, ქარაგმა უკრაინაში მიმდინარე “სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე” და რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინაში მოწყობილ სასაკლაოზე… სამაგიეროდ, კითხვაზე – თუ როგორ იცავს რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას N 1325 (“ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება”.2000), ტექსტის შემდგენელმა რუსეთში ხსენებული რეზოლუციის აღსრულება ასე დაახასიათა: „რეზოლუცია … ჩვენი, როგორც უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნის მნიშვნელოვანი ორიენტირია ქალთა დასაცავად შეიარაღებული კონფლიქტების დროს….” .

დიახ, ზუსტად ასე წერია – “მნიშვნელოვანი ორიენტირი”…

***
ამა წლის 8 მარტს გაეროში უკრაინის ორგანიზაციის “გაერო-ქალები” წარმომადგენელმა საბინ ფრეიზერ გიუნეშმა განაცხადა:

„2024 წელს ყოველი მეოთხე ქვეყანა ქალთა უფლებების გაუარესებას გვამცნობს. დანაპირები, რომელიც პეკინის დეკლარაციასა და 1995 წლის სამოქმედო პლატფორმით გაიცა, ახლა საფრთხის ქვეშაა. მსოფლიოში ყოველ ათ წუთში ქალს მისსავე ოჯახში კლავენ; გენდერული განსხვავება დასაქმებაში კვლავ უცვლელია; ქალები და გოგონები კლიმატის ცვლილებების მავნე გავლენების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან, ხოლო ახალ ტექნოლოგიებს ქალების საწინააღმდეგო იარაღად სულ უფრო მეტად იყენებენ.

ასეთი ტემპებით თანასწორობის ისეთი მნიშვნელოვანი ეტაპები, როგორიცაა პარლამენტში თანასწორი წარმომადგენლობა და უკიდურესი სიღარიბის დასრულება, ხელმისაწვდომი მხოლოდ ათწლეულების შემდეგ იქნება.

ქალთა საერთაშორისო დღე განსაკუთრებული მნიშვნელობას უკრაინაში იძენს, რადგანაც ქვეყანა საკუთარი სუვერენიტეტისთვის, დამოუკიდებლობისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის ფონზე იბრძვის. უკრაინელი ქალები რუსულ იერიშებს ეწინააღმდეგებიან, 67 ათასი ქალი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში იბრძვის, 10 000 ქალი მეწინავე ხაზზე საბრძოლო დავალებებს ასრულებს.

უკრაინელმა ქალებმა ჰუმანიტარული მუშაკების ხელმძღვანელი თანამდებობები დაიკავეს, არიან სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები, თემის მობილიზატორები და მეწარმეები – დღეს ყოველი მეორე საწარმო უკრაინაში ქალის მიერაა დაფუძნებული. ქალებისთვის გაჩნდა შესაძლებლობა დასაქმდნენ ისეთ სექტორებში, სადაც კაცები დომინირებდნენ, როგორებიცაა უსაფრთხოება, ტრანსპორტი და განაღმვა.

მიუხედავად ამისა, უკრაინელი ქალები საკმარისად არ არიან წარმოდგენილნი პოლიტიკასა და ხელმძღვანელ პოსტებზე. უკრაინის მთავრობაში 21 მინისტრს შორის 5 ქალია. პარლამენტის წევრთაგან მხოლოდ 24 პროცენტია ქალი. 2024 წელს იძულებით გადაადგილებულ ქალთაგან მხოლოდ 48 პროცენტი დაასაქმეს, მამაკაცების 71 პროცენტთან შედარებით. აკადემიური კვლევის „რუსეთის თავდასხმის დროს ქალთა ეკონომიკური უფლებებისა და შესაძლებლობების” მიხედვით, 2023 წელს ქალები 41,4 პროცენტით ნაკლებს გამოუმუშავებდნენ, რამაც 2021 წლის შემდეგ ორჯერ გაზარდა ქალისა და მამაკაცის ანაზღაურებას შორის განსხვავება.

***

2022 წლის 12 მარტს კეთილმორწმუნე ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსეთის ჯარის 234-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკი მას მერე, რაც 2014 – ში ყირიმი დაიპყრო; რუსეთის 64-ე მოტომსროლელმა პოლკი, მას მერე, რაც ჩეჩნეთში „ზაჩისტკების“ დროს ათასობით ჩეჩენის ხოცვა-ჟლეტას მორჩა, ერთმორწმუნე უკრაინელი “დებისა და ძმების” სამშობლოს დედაქალაქთან მდებარე პატარა ბუჩას (სულ 37 000 მაცხოვრებელი) შეესია.

31 მარტს უკრაინულმა ჯარმა ბუჩა რუსი ზომბებისგან გაათავისუფლა და სახლებში, ეზოებში, ქუჩაში, გათბობის ქვაბების სარდაფებსა და ჭებში უკან ხელშეკრული, კეფაში დახვრეტილი, ნაწამები, დასახიჩრებული, დამწვარი თანამემამულეების ცხედრები იპოვა. 501 ადამიანი. მათ შორის, ცხრა 18 წლამდე ბავშვი… მათ შორის, 14 წლის გაუპატიურებული გოგონა…

ბუჩა

ბუჩაში მასობრივი მკვლელობის ამსახველი ფოტო სატელიტიდან – 19 მარტი, 2022

ამერიკული ორგანიზაციის CSIS (სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრი. 1962) მონაცემებით უკრაინაში რუსეთის არმიის იერიშების შედეგად 660 უკრაინული ეკლესია და რელიგიური სტრუქტურის შენობა დაინგრა და დაზიანდა. 2024 წლის 8 ივლისს უკრაინის ქალაქ ნოვოეკონომიჩნეში (დროებით ოკუპირებული დონეცკის ტერიტორია) რუსმა ერთმორწმუნეებმა დაბომბეს მათივე, ანუ მოსკოვის საპატრიარქოს კონტროლის ქვეშ მყოფი უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესია.

მართლმადიდებელი ეკლესია, ქალაქი ნოვოეკონომიჩნე, უკრაინა, 8 ივლისი, 2024

2022 წლის 9 მარტს რუსმა სამხედროებმა მარიუპოლის სამშობიარო სახლი და ბავშვთა საავადმყოფო დაბომბეს.

2022 წლის 23 ნოემბერს რუსმა სამხედროებმა ვილნიანსკის სამშობიარო სახლი დაბომბეს. 2023 წლის 13 დეკემბერს რუსმა სამხედროებმა კიევის ბავშვთა საავადმყოფო დაბომბეს.

2024 წლის 8 ივლისს რუსმა სამხედროებმა კიევში ბავშვთა საავადმყოფო დაბომბეს.

სტატისტიკა კი ასეთია: 2022 წლის 24 თებერვლიდან რუსებმა 1700-ჯერ დაბომბეს უკრაინული სკოლები, 786 ჯერ-საავადმყოფოები, 30-ჯერ – ენერგოსტრუქტურა… მოკლულია 13 000 ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე…

სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული, უკრაინაში 2 520-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა და დაშავდა, მათ შორის, 670 (მიახლოებითი რიცხვი) დაიღუპა. UNISEF – ის (გაეროს ბავშვთა ფონდი. 1946) მონაცემებით 2024 წელს ბავშვთა მსხვერპლი 2023 წელთან შედარებით 57 პროცენტით გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ საშუალოდ, კვირაში, სულ მცირე, 16 უკრაინელი ბავშვი იღუპება და ზიანდება.

ყოველი მეხუთე უკრაინელმა ბავშვმა ოჯახის წევრი ან მეგობარი დაკარგა. გარდა ამისა, ყველა სამი წლის უკრაინელ ბავშვს ომის გარდა არაფერი გამოუცდია, რაც შესაძლოა მთელ მათ მომავალ ცხოვრებაზე ნეგატიურად აისახოს. ხუთ მილიონზე მეტმა ბავშვმა საკუთარი სახლი დატოვა.

სკოლამდელი ასაკის ბავშვების დაახლოებით 40 პროცენტი სკოლამდელ განათლებას ვერ იღებს. ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე სკოლების უმეტესობა დახურულია. გაეროს მონაცემებით გამოკითხული მოზარდების თითქმის ერთი მესამედი აცხადებს, რომ თავს იმდენად სევდიანად ან უიმედოდ გრძნობს, რომ ვერ ახერხებს ჩვეული აქტივობების შესრულებას, მაგალითად, თამაშს, სწავლას… ეს გრძნობები გაცილებით უფრო ხშირია გოგონებში.

ბრიტანული ორგანიზაცია Save the Children (გადავარჩინოთ ბავშვები. 1919) კი აკონკრეტებს: „ომი უკრაინელი ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე სულ უფრო მძიმე კვალს ტოვებს. 1,5 მილიონი ბავშვი PTSD – ის (პოსტტრავმული სტრესული აშლილობისა) და დეპრესიის რისკის ქვეშაა; ზოგიერთ ბავშვს მეტყველების დეფექტები და უკონტროლო კანკალი უვითარდება, ზოგს კი საშინელი კოშმარები ესიზმრება და ძილშიც კივის” …

ეს კი 15 წლის უკრაინელი დევიდია, რომელიც ამ ფოტოზე თავის დანგრეულ სკოლას უყურებს… და ჩვენც გვიყურებს.

ფოტო UNISEF -ის ვებგვერდიდან