ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

„ის თავისუფლად დადის. მე მოსიარულე მკვდარი ვარ“ – ქალებზე ძალადობა, როგორც „ომის გვერდითი მოვლენა“

„ის თავისუფლად დადის. მე მოსიარულე მკვდარი ვარ“ – ქალებზე ძალადობა, როგორც „ომის გვერდითი მოვლენა“

ჯერ კიდევ გვიანი შუა საუკუნეების პერიოდის ევროპა თავის ტრაქტატებსა და და სამხედრო კოდექსებში, კათოლიკური ეკლესიაც თავის ფოლიანტებში ქალთა და ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობას, გაუპატიურებას გმობდა, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ – კრიმინალიზებას ცდილობდა და ომის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ამგვარ ქმედებას მიუღებლად მიიჩნევდა. ბაბილონის ხამურაბისა და ამერიკული ფრანცის ლიბერის კოდებიდან ვიდრე ჟენევის კონვენციამდე და რომის სტატუტამდე ომის წარმოების კანონებში აგრესორის მხრიდან მშვიდობიანი მოსახლეობის რეპრესირებისადმი, გაუპატიურებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების თეორია/ პრაქტიკის პრიორიტეტიზაციის ზრდასთან ერთად მოიხსენიებოდა.

XX საუკუნის სისხლიანი კატაკლიზმების ტრიბუნალების შედეგების საფუძველზე, ომის დროს გაუპატიურება კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად პირველად მხოლოდ 1993 წელს, ყოფილი იუგოსლავიისთვის გამართულმა, გაეროს მიერ დაარსებულმა სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალმა ცნო. ამ წელს ტრიბუნალმა დამნაშავეების დაპატიმრების ორდერი გასცა.

სხვადასხვა მონაცემებით, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, კერძოდ კი, ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში გაჩაღებული სისხლისღვრისას 20 000 – დან 50 000 – მდე ქალი და გოგონა გააუპატიურეს, ამ სექსუალური ძალადობის შედეგად კი დაახლოებით 4 000 ბავშვი დაიბადა.

ბოსნია და ჰერცეგოვინელი სელმა ჰაჯიჰალილოვიჩი ფემინისტია 30 წელზე მეტი ხნის აქტივიზმის გამოცდილებით. 34 წლის წინ, 17 წლის ასაკში, როცა იგი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, სელმა შეუერთდა იმ დროისთვის ერთადერთ ქალთა ორგანიზაციას, რომელიც ბოსნია და ჰერცეგოვინაში ომის დროს გაუპატიურების მსხვერპლ ქალებს ეხმარებოდა. იქ იგი დედამ მიიყვანა, როგორც თავად ამბობს, „იმისთვის, რომ თავის თავს დაბრუნებოდა და სხვებსაც დახმარებოდა“.

სელმა ჰაჯიჰალილოვიჩი ამბობს, რომ განცდილმა ძალადობამ აიძულა საკუთარი ცხოვრება ქალებისა და გოგონების უფლებების დაცვისთვის მიეძღვნა. მის სამოქმედო გეგმაშია: ფემინისტური აქტივიზმი, ადგილობრივ თემებში ქალთა გაძლიერება, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მხარდაჭერა, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა, სამხედრო სამსახურზე სინდისის საფუძველზე უარის თქმის უფლებისა და დეზერტირების დაცვა, ადამიანებით ვაჭრობის პრევენცია, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა, შშმ პირების მშობლებისა და მარტოხელა დედების დაცვა, გენდერულად პასუხისმგებლობიანი ტურიზმის განვითარება და სხვა.

სელმა თავისუფლად საუბრობს ინგლისურად, ფრანგულად და გერმანულად, ამჟამად კომუნიკაციის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხს იღებს და უსაფრთხოების მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხის დაცვასაც აპირებს. დღესდღეობით იგი სარაევოში ბაზირებულ ფემინისტურ ორგანიზაციაში, CURE-ში მუშაობს და ასევე, ორგანიზაციის – BiH Women’s Network-ის ადმინისტრატორია.

  • ომის დროს გაუპატიურებული ქალები და გოგონები ომის გვერდით მოვლენად ითვლებოდნენ. ომები არ წყდება, შესაბამისად – არც ამგვარი ძალადობა. რა შეიძლება გაკეთდეს სექსუალური ძალადობის პრევენციისთვის?

სამწუხაროდ, ნებისმიერი ომის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული „გვერდითი მოვლენა“ მშვიდობიანი მოსახლეობის, განსაკუთრებით, ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობაა. ფართოდ აღიარებული ომის ძალადობის – ინფრასტრუქტურის, კომუნიკაციების, სკოლებისა და საავადმყოფოების, მრეწველობისა და სხვა „ხილული“ ცხოვრების ელემენტების განადგურების გარდა არსებობს ომის „ნაკლებად ხილული“ ან „უხილავი“ გავლენებით გამოწვეული ტკივილი, რომელიც ხშირად საერთოდ არაა აღიარებული, როგორც ტრავმა.

შიმშილი, შიში და ღრმა დისტრესები ძალიან რთულია გასაზომად და, როგორც წესი, საზოგადოება ამ ტანჯვას არ მიიჩნევს ყველაზე დიდ ტკივილად, რომელიც ყურადღებას მყისიერად საჭიროებს. ეს ასევე მოიცავს იმ ქალების ტკივილსა და ტანჯვას, რომლებიც დაქვრივდნენ, დაკარგეს ნათესავები და ომის დროს განიცადეს წამების ზოგიერთი ისეთი ფორმა, როგორიცაა სექსუალური ძალადობა.

მშვიდობიან დროსაც კი რთულია იმის დამტკიცება, რომ გაუპატიურება რეალურად მოხდა, ომის დროს კი – კიდევ უფრო რთული. ბევრ მსხვერპლსა და ქალთა უფლებების დამცველს დიდი ძალა და გამბედაობა დასჭირდათ, რათა თავიანთი მოთხოვნა – ომთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობის მართლმსაჯულების სისტემის მიერ კრიმინალად აღიარება დაეცვათ.

ტრავმა კვლავ არსებობს, ისევე როგორც – სირცხვილი და შიში. დღესაც კი, როდესაც მსხვერპლებს ვესაუბრებით, გვესმის: „მე დავინახე მისი სახე. ის თავისუფლად დადის. მე მოსიარულე მკვდარი ადამიანი ვარ“.

ომში სექსუალური ძალადობის პრევენცია კი ნიშნავს მშვიდობის მშენებლობასა და ზოგადად ომის პრევენციაზე მუშაობას. ეს ნიშნავს სივრცის გახსნას მსხვერპლთათვის, რათა თავისუფლად ისაუბრონ საკუთარ გამოცდილებასა და სამართლიანობის მათეულ გაგებაზე. ჩვენ ბოსნია და ჰერცეგოვინაში აქტიურად ვმონაწილეობთ იმაში, რასაც „ქალთა სასამართლოს“ ვუწოდებთ და რომლის გამოძიებებისა და კვლევების გვჯერა. ჩვენ ვქმნით უსაფრთხო სივრცეს მსხვერპლთათვის, რათა ისინი ერთმანეთს შეხვდნენ, განიხილონ და სამართლიანობის შესახებ საკუთარი გაგება განსაზღვრონ. ჩვენ ვუსმენთ მსხვერპლთა მოსაზრებებს მათი გამოცდილების სრული პატივისცემით. ჩვენ ვაერთიანებთ ძალებს მშვიდობის დასაცავად.

  • თქვენ თქვით, რომ ომი არასდროს მთავრდება…

ომი არ არის მხოლოდ ქალაქების, სახლების, ერთმანეთთან მებრძოლი არმიებისა და ა.შ. განადგურება. ომი არის შიში, შიმშილი, ცხოვრება ისე, თითქოს ხვალინდელი დღე არ არსებობს.

ომიდან ოცდაათი წლის შემდეგ შეიძლება იფიქროთ, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინაში მშვიდობაა. დიახ – არსებობს მშვიდობა, რომელიც არ მიღწეულა, არამედ უბრალოდ… დაწესებულია.

1995 წელს დეიტონის მოლაპარაკებებზე/შეთანხმებაზე [სამშვიდობო ჩარჩო – შეთანხმება ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში მშვიდობის დამყარების შესახებ] ქალები წარმოდგენილნი არ იყვნენ. ჩვენს პოლიტიკურ ლიდერებს მხოლოდ დაუყოვნებელი სამხედრო მოქმედებების შეჩერებისა და ძალაუფლების გადანაწილების სურვილი ჰქონდათ. არავინ საუბრობდა საზოგადოების აღდგენაზე და იმაზე, რეალურად ომის შემდგომ მოქალაქეები თუ როგორ წარმართავენ თავიანთ ცხოვრებას.

ჩვენ კვლავ „ვიტანჯებით“ ქალების არყოფნის შედეგებით. ჩვენ არ გვაქვს განათლების ერთი სამინისტრო, არამედ 14 სამინისტრო; ასევე 14 ჯანდაცვის სამინისტრო. ბოსნია და ჰერცეგოვინას ტერიტორიაზე ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ თანაბარი უფლებები, როდესაც საქმე სოციალურ დახმარებას ეხება.

ჩვენი პოლიტიკური ლიდერები ხელშეუხებლები არიან და ამჟამად ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურ გამოსვლებს, რომლებიც სავსეა ფაშისტური და ნაციონალისტური ელემენტებით, საჯაროდ და სანქციების გარეშე. ის ფაქტი, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინას ქალაქები ეკონომიკური სიღარიბის გამო უზარმაზარი ემიგრაციის წინაშე დგანან, რომ ჩვენი მდინარეები დაბინძურებულია, რომ ჩვენ კორუფციის შედეგებს განვიცდით – ეს ჩვენი პოლიტიკური ლიდერების პრიორიტეტი არ არის. ისინი იმალებიან დეიტონის შეთანხმების უკან, რომელიც მამაკაცებმა მოილაპარაკეს და რომელმაც ძალაუფლება მხოლოდ პოლიტიკური ელიტისთვის უზრუნველყო.

მეორე მხრივ, ომი არასდროს გავიწყებს თავს. როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესია დაიწყო, მოსახლეობაში ბოსნიური პოსტტრავმატული სტრესული აშლილობა და ახალი ომის შიში გაჩნდა. საკვებით სავსე მაღაზიები რამდენიმე დღეში დაცარიელდა.

როგორც ყველას, მათ შორის მეც, კარგად მახსოვს შიმშილი და სიცივე. ომიდან ოცდაათი წლის შემდეგაც კი არ გვაქვს მშვიდობის მშენებლობის სამინისტრო. ომიდან ოცდაათი წლის შემდეგაც კი, სკოლებში „ერთი მხარის“ ან ერთი ჭეშმარიტების პოპულარიზაცია ხდება. არავინ საუბრობს გადარჩენილებზე, არავინ საუბრობს მწარე გაკვეთილებზე, არავინ საუბრობს მშვიდობის მშენებლობის შესახებ.

  • ამგვარ სიტუაციაში ქალებს ერთმანეთის დასახმარებლად რა შეუძლიათ?

გენოციდს გადარჩენილების უმრავლესობა ქალები არიან, ხოლო მამაკაცები და ბიჭები – მოკლულები. ბევრი გადარჩენილი ქალისთვის, როგორც ყოველთვის, ამ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანი საყვარელი ადამიანების ძვლების პოვნა, სათანადოდ დაკრძალვის ორგანიზება და ოჯახის წევრების საფლავების მონახულებაა.

გენოციდს გადარჩენილ ქალებთან ურთიერთობისას მივხვდი, რომ მნიშვნელოვანია მათ გვერდით რეალურად ყოფნა, როცა დახმარება სჭირდებათ არა პროექტის აქტივობის სახით, არამედ ნამდვილი თანადგომა, მათი ისტორიების მოსმენა, სადილისა და ყავის, სიხარულისა და ცრემლების გაზიარება.

მე ჩემს თავს დავპირდი, რომ სანამ შევძლებ, ყოველთვის შევუერთდები ჩემს მეგობრებს „დაბრუნებული ქალების ასოციაციიდან“ – JADAR, რომელიც მშვიდობის მარშის მონაწილეებს გამაგრილებელ სასმელებს დაურიგებს.

დაბრუნებული ქალები არიან ყოფილი ლტოლვილები, ადამიანები, რომლებიც თავისი სახლიდან გააძევეს და რომლებმაც უკან, სახლში დაბრუნება გადაწყვიტეს.

სრებრენიცას მიმდებარე სოფლების უმეტესობაში ქალები უკან დაბრუნდნენ, რადგან მათი ქმრები და ოჯახის მამრობითი სქესის წევრები იქ დაიღუპნენ. ბევრმა გადაწყვიტა, რომ დაბრუნდებოდა იმ ადგილზე, სადაც დანგრეული სახლის ნარჩენები დგას და ცხოვრების ხელახლა დაწყებას შეეცადა.

მშვიდობის მარში ყოველწლიურად ივლისში იმართება და წარმოადგენს იმ ადამიანების ძალასა და სოლიდარობას, ვინც 1995 წლის ივლისის სიკვდილის მარშს – სრებრენიცაში დატრიალებულ ხოცვა-ჟლეტას, გენოციდს გადაურჩა. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ყოველწლიურად, ჩემს ქალიშვილთან ერთად ვიყავი როგორც ცხედრების ერთობლივ დაკრძალვაზე, ასევე – გამაგრილებელი სასმელების დარიგების დროსაც… და ვუსმენდი გენოციდის მსხვერპლი ქალების ჩუმ კივილს. ბევრი მათგანი ასაკშია და არა მარტო იმ შიშში ცხოვრობს, რომ ახლობელი ადამიანების ძვლებს ვერასდროს იპოვის, არამედ – კიდევ ახალი ომის დაწყებასაც მოესწრება.

სრებრენიცის გენოციდი

ჩვენ, როგორც ქალთა უფლებების დამცველები და მშვიდობის აქტივისტები სიკვდილს გადარჩენილებთან ერთად უნდა ვიდგეთ და უზრუნველვყოთ, რომ ამ ადამიანების ისტორიები და მათი სამშვიდობო გზავნილები დავიწყებას არასდროს მიეცეს.

  • რატომაა მნიშვნელოვანი გაუპატიურების მსხვერპლთათვის დუმილის დარღვევა და რა პრობლემებს წყვეტს ამგვარ თემებზე ღიად საუბარი?

ომისა და ქალთა მიმართ ომთან დაკავშირებული ძალადობის გასაგებად ჩვენ უნდა „შევხვდეთ“ ჩვენი ადამიანობის ძალიან ბნელ მხარეს.

მახსოვს, თუ როგორ გავშეშდი, როდესაც ბერლინთან ახლოს გერმანელი ფაშისტების მიერ აგებული რავენსბრუკის ქალთა საკონცენტრაციო ბანაკის (1938-1945) მემორიალი მოვინახულე. შოკი მქონდა, როცა გავიგე რომ ასეთი ბანაკი არსებობდა. ამავე დროს ვიცოდი, რომ ბოსნიელი ქალებიც წამების მსხვერპლნი იყვნენ. უბრალოდ მხოლოდ შემეძლო მეკითხა – ეს ოდესმე დასრულდება?!

ჩვენ ბავშვობაში ომების შესახებ ვერაფერს ვსწავლობთ… ჩვენ ვსწავლობთ მხოლოდ ჩვენს ეროვნულ გმირებს, ძირითადად მამაკაცებს და მათ სამხედრო წარმატებებს. ჩვენ ვერ ვსწავლობთ ომების მეორე მხარეს – ძალადობასა და შიმშილს, რომელიც ყველამ გადავიტანეთ. ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ თუ რაა შიმშილი და შიში მანამ, სანამ უშუალოდ შიმშილი და შიში არ დაგვიმორჩილებს. ასევე ვერ ვისწავლეთ თუ რაა ქალების წინააღმდეგობა, ქალთა სოლიდარობა და ქალთა სიმამაცე.

ქალებმა ვიცით, რომ ომი არასდროსაა გამოსავალი. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ქალები სამშვიდობო მოლაპარაკებების ყველა დონეზე უნდა იყვნენ ჩართულნი. ჩვენ მეტი ძალისხმევა უნდა გავწიოთ, რათა მოვისმინოთ როგორც ომის, ასევე მშვიდობის ეს მხარე, რათა გავიგოთ თუ რა არის სინამდვილეში ძალადობა, შევწყვიტოთ სხვადასხვა თეორიებზე გაუთავებელი ბჭობა, არამედ ვიმოქმედოთ და ვიმოქმედოთ დაუყოვნებლივ!

ბოსნია და ჰერცეგოვინა, 1992 წ.

  • შეიარაღებულ კონფლიქტს კიდევ ერთი “გვერდითი მოვლენა” აქვს –ომის ბავშვები”, უფრო კონკრეტულად – “ომის შედეგად დაბადებული ბავშვები”. ეს რა ფენომენია?

სამხედრო კონფლიქტების დროს და მათ შემდეგ, ტერიტორიების მილიტარიზაციის პარალელურად აღმოცენდა მოვლენა სახელად – „ომის შედეგად დაბადებული ბავშვები”. ეს არიან ბავშვები, რომლებსაც, ასე ვთქვათ, ნაკლები შანსი ექნებოდათ გაჩენილიყვნენ, თუ კონკრეტულ რეგიონში ომი არ გაჩაღდებოდა და მათი მამები რეგიონში ოფიციალური ან სამხედრო მოვალეობების შესრულების მიზნით არ ჩავიდოდნენ.

ბოსნიისა და ჰერცეგოვინას კონტექსტში ამ კატეგორიაში შედიან ბავშვები, რომელთა მამები არიან:

  1. ერთმანეთთან მებრძოლი ჯარის სამხედროები;
  2. დედის წარმომავლობიდან განსხვავებული ეთნონაციონალური ჯგუფების წარმომადგენლები;
  3. სამშვიდობო მისიების წარმომადგენლები (UNPROFOR, IFOR, SFOR და სხვა);
  4. უცხოური ჰუმანიტარული მისიების წარმომადგენლები.

ცნობილმა აქტივისტმა აჯნა ჯუზიჩმა, რომელიც თავადაა ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში ომის დროს ათიათასობით გაუპატიურებულ ქალთა შორის ერთ-ერთის შვილი, დააარსა ორგანიზაცია, “ომის დავიწყებული ბავშვები” (2015), რომელიც ამგვარი ადამიანების უფლებებს იცავს.

ფოტოს ცენტრში – აჯნა ჯუზიჩი

ეს ფენომენი მართლაც ძალიან ვრცელი და ძნელად აღსაქმელი თემაა. თუმცა, მე ვამაყობ იმით, რომ ომის შედეგად დაბადებულმა ჩვენმა შვილებმა მასშტაბური საერთაშორისო მოძრაობა წამოიწყეს, რაც არა მხოლოდ “ომის ბავშვების” ვინაობის დადგენასა და მათთვის რეპარაციების გადახდას გამოიწვევს, არამედ ომის არსისა და მისი ფატალური შედეგების უკეთ გააზრებასაც შეუწყობს ხელს.~

___________

მთავარ ფოტოზე: სელმა ჰაჯიჰალილოვიჩი გაეროს ფორუმზე. ია მერკვილაძის ფოტო