2025 წლის 19 მაისს ნინო ქათამაძემ და ბენდმა „ინსაითმა” უკრაინული ტური ქალაქ ჩერკასიდან დაიწყეს. მერე იყო პოლტავა, კიევი, ვინიცა, ლვივი, ჩერნივცი და უჟგოროდი.
ერთი თვით ადრე კი იყო კონცერტი ნიუ იორკში, ცნობილი ამერიკელი ფილანთროპის, ფრედერიკ როუზის სახელობის სახელგანთქმულ დარბაზში (Jazz at Lincoln Center – „ჯაზი ლინკოლნ ცენტრში“), რომელიც სპეციალურად ჯაზმუსიკისთვის აიგო და სადაც დღემდე უკრავს ამ არტსივრცის სამხატვრო ხელმძღვანელი, ლეგენდარული მესაყვირე უინტონ მარსალისი. უფრო ადრე „ლინკოლ ცენტრი“ თავის სცენებს უთმობდა და პატივს მიაგება ჯაზვუმენებს – ბეტი კარტერს, საშა დალტონს, მერიენ მაკპატმენდს.
2025- ში კი „როუზ ჰოლის“ სცენაზე ქართველმა ნინო ქათამაძემ ქართულად იმღერა „ქუჩაში ერთხელ“, „გოგოვ-გოგოვ შავთვალა“, „თოლიები“, „ოფოფა“, „იები“, „ბაიათი“, „წვიმაში“, „ბუბა”, „სულიკო“, „ფოსტალიონი“… უკრაინულად – „ჩერნობრივცი”… და ბისზე “ალუდა”.

ნინო ქათამაძე და ნიკოლოზ რაჭველი Jazz At Lincoln Center -ის სცენაზე, ნიუ იორკი, 2025
ამერიკულ სცენაზე ჯაზის ქართულ ვერსიას ნინო ქათამაძესთან და „ინსაითთან“ ერთად წარადგენდნენ ნიკოლოზ რაჭველი, მანანა მამულაშვილი, პაპუნა შარიქაძე და ხონძი. ამ მუსიკოსებს წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება საქართველოშიც აქვთ.
მუსიკა, სოლიდარობა, პროტესტი საქართველოში, უკრაინა, რუსეთი – ნინო ქათამაძე მესაუბრა, როგორ შეუერთდა მისი ხმა პროტესტს საქართველოში.
- თავისუფალი მუსიკა, რომელსაც ქართველი ქალი მღერის
ოცდაათი წლის წინ მე გავბედე და ჯაზი ვიმღერე იქ, სადაც ყველა რომანსებს მღეროდა. ჯაზი ქართული ჰარმონიის ორგანული ნაწილია, თუმცა მე მაინც ვერ ვიტყვი, რომ ჯაზის შემსრულებელი ვარ. უბრალოდ ჩვენს მუსიკას ჯაზის მსგავსი თავისუფალი ფორმა აქვს. არასდროს ვიცით როგორი იქნება ნაწარმოების დასაწყისი და დასასრული, ამიტომ ეს ძალიან საინტერესო შემოქმედებითი პროცესია.
ჩვენს მუსიკაში იმპროვიზაციისა და ინტერპრეტაციის ადგილი ყოველთვის არის. ამგვარი შესრულება, გნებავთ, განცდა, მსმენელისგან მოდის და ეს განწყობა ჯაზის ატმოსფეროსთან ძალიან ახლოსაა.
2016 წელს ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვიყავით. გზად ნიუ იორკისკენ მე და ნიკოლოზ რაჭველმა გია ტყებუჩავასა და ბაჩა მძინარაშვილთან ერთად ვიმგზავრეთ. მეგობრები „ლინკოლნ ცენტრთან“ შევჩერდით და სწორედ მაშინ ვინატრე, ნეტა ოდესმე ამ საოცარ დარბაზში თუ ვიმღერებ – მეთქი და… მართლაც, საოცრება მოხდა და 2017 წლის აპრილში ჩვენი კონცერტი ჩაინიშნა. არასდროს დამავიწყდება ეს გასაოცარი განცდა.
„ჯაზი ლინკოლ ცენტრის“ დირექტორატი საკმაოდ მკაცრია თავის არჩევანში. სცენას სპეციფიკური წესები აქვს, ხმის გასწორების შემდეგ კონცერტამდე სცენაზე გასვლა აკრძალულია, დიდი ჯარიმაა, ეს ყველაფერი კი იმისთვის, რომ დაცული იყოს შენ ხმა, შენი „საუნდი“.
2017-ში პირველი კონცერტისთვის გამოუცდელები ვიყავით, ახლა კი ბევრი რამ ვისწავლეთ. ჩემთვის ეს განსაკუთრებული ისტორიაა.

ნინო ქათამაძე Jazz At Lincoln Center -ის სცენაზე. ნიუ იორკი, 2025
მიუხედავად იმ სირთულეებისა და პრობლემებისა, რომელსაც ყოველდღიურობა ჩვენთვის არ იშურებს. როცა სამყაროს ბნელი ნაწილი იმისთვის იბრძვის, რომ წაგართვას ის, რაც შენი სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანია, მიუხედავად დაბრკოლებებისა, ხდება სასწაული… თუ სიკეთისა და სიყვარულის გჯერა. ანგელოზებმა იზრუნეს იმისთვის, რომ ჩვენ ამ დარბაზში, საოცარ და ერთგულ მსმენელს კვლავ შევხვედროდით.
კონცერტისას იმის განცდაც დამეუფლა, რომ ბოროტების არსებობის მიუხედავად საიდანღაც გეძლევა ძალა, რომ გააცნობიერო – ცხოვრება მხოლოდ პროფესია ან საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვა არაა, არამედ გარემოა, რომლის გარეშეც ვერ სუნთქავ.
ეს გაგრძნობინებს, რომ ცუდი ადამიანი არ ხარ, ამიტომ ცხოვრების, მოღვაწეობის გაგრძელების სურვილი გიჩნდება და თან იმასაც აცნობიერებ, რომ ბოროტებას უნდა დაუპირისპირდე. გარემო კი იმდენად დამთრგუნველია, რომ შენი სიხარულის გაზიარებაც კი გერიდება… ორი თვის განმავლობაში სოციალურ ქსელში ნიუ იორკში დაგეგმილი კონცერტის ანონსი მხოლოდ ორჯერ გავაზიარე.
- გავრილოვის ღამე
2019-ის 20 ივნისის მერე მე და ჩემმა ბენდმა რუსეთში გასტროლებზე უარი ვთქვით. „გავრილოვის ღამე“ იყო ის წყალგამყოფი, რამაც დაგვესრულებინა მოღვაწეობა იქ, სადაც ჩვენი ახალგაზრდული ენერგია ჩავდეთ.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში წელიწადში 60-70 კონცერტი გვქონდა, ჩვენ რუსეთში არასდროს გვიცხოვრია, არც სახელმწიფო თუ საახალწლო კარნავალებში/მეჯლისებში, არც დაჯილდოებებში, არსად მიგვიღია მონაწილეობა, რადგან ჩვენ არ ვიყავით მათი კულტურის ნაწილი, ჩვენ ვიყავით მუსიკოსები თანამედროვე, დამოუკიდებელი საქართველოდან და მე ვმღეროდი მხოლოდ ქართულად. მხოლოდ ერთი სიმღერა იყო არაქართული – უკრაინულ ენაზე. ერთხელ ვლადიმირ ვისოცკის იუბილესთვის მთხოვეს მემღერა, მაგრამ უარი ვთქვი.
მე საბჭოთა კავშირში დავიბადე, იმ დროს მუსიკოსის კარიერის შესაქმნელად რუსეთის გარდა, ცივილიზებული სამყაროს კარი დაკეტილი იყო. მითუმეტეს, ჯაზის შემსრულებლისთვის. საქართველოში საბჭოთა კავშირიდან მაშინ მხოლოდ ჩაწყობითა და ნაცნობობით თუ დააღწევდი თავს. 2000-იანების დასაწყისში მეც ვცადე ბედი. საელჩოების დიდი რიგში ვიდექი, დაზეპირებულ ტექსტებს ვიმეორებდი, მაგრამ უარი მივიღე. ასე რომ, მაშინ ჩემნაირებისთვის ღია მხოლოდ „საბჭოთა კავშირის“ კარები იყო.
რუსეთში პირველი სოლო კონცერტი 2005 -ში გავმართეთ. ეს არ იყო არჩევანი, ეს იყო პროფესიის გადარჩენა როგორც საკუთარ თავში, ისე – ხელოვნებაში. მუსიკა არჩევანის გარეშე უფრო ბრძოლას ჰგავდა. სულ უნდა გვეკონტროლებინა სად ვუკრავდით, ვისთან ერთად, რა გადაცემაში. ყველაფერი ზედმიწევნით საყურადღებო იყო, რადგან ჩვენ არ ვიყავით დაცულები დაპატიმრება/რეპრესიისგან. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს სცენა იყო საშუალება გვესაუბრა ქართულ, თანამედროვე საქართველოზე, ტკივილიან ისტორიებზე, რომელსაც რუსული პროპაგანდისტული მედია მიზანმიმართულად ებრძოდა.
რუსეთში მე სცენას ვიყენებდი, როგორც პლატფორმას, ვყვებოდი იმ საქართველოზე, რომელსაც თანამედროვე პროზა/პოეზიით თავისი უნიკალური ჟღერადობა აქვს; საქართველო ცოცხალია, ვითარდება და თუ საქართველოში ჩახვალ, იქ სსრკ, საბჭოური “გრუზია” არ დაგხვდება. მე მხოლოდ ქართულად, ჩემი მუსიკალური ენით ვსაუბრობდი და ეს ნამდვილად არ იყო მარტივი.
სხვათა შორის, უკრაინაში პუტინის სამხედრო ინტერვენციისა და რუსეთში დიდი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ბევრი ის რუსი ჩამოვიდა საქართველოში, ვინც სულაც არ თვლის, რომ აფხაზეთი საქართველოა; რომ 2008-ში სწორედ რუსეთმა დაიწყო ომი. თუმცა, რუსეთის ფედერაციიდან წამოსულებს შორის არიან ისინიც, ვინ პუტინის წინააღმდეგ სიტყვით ბრძოლის პირველ ხაზზეა.
- იური შევჩუკი და დიმიტრი პესკოვი
2008-ის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვსა და სანქტ – პეტერბურგში რუსმა მომღერალმა იური შევჩუკმა და მისმა ჯგუფმა „დდტ“-მ კონცერტი გამართა სახელწოდებით – „ნე სტრელაი“ („არ ისროლო“). სცენაზე ვიდექით რუსები, აფხაზები, ოსები, უკრაინელები და ჩვენ. ეს კონცერტი იმათთვისაც იყო, ვინც არ იცოდა თუ რა ხდებოდა საქართველოში; მათ ეს ეკრანიდან უნდა გაეგოთ, სცენიდან მოესმინათ.
ამ კონცერტის დროს რუს მაღალჩინოსნებს სიტყვით გამოსვლა უნდოდათ, მაგრამ შევჩუკმა უარით გაისტუმრა. ღონისძიებას 38 ათასი ადამიანი ესწრებოდა და, წესისამებრ, ჩვენ. ცხადია, დაცვა გვაყვდა მომაგრებული. იური შევჩუკის პასუხის შემდეგ ჩვენ ორმოცდაათკაციანი დაცვა მოგვიხსნეს.
რუსეთში რამდენჯერმე გადავიკვეთეთ ბორის გრებენშჩიკოვთან, ზემფირასთან, ლია ახიჯაკოვასთან… გრებენშჩიკოვი, სხვათა შორის, ნიუ იორკში, მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზიაში შემხვდა…მაგრამ არასდროს მქონია შეხების წერტილი პროპუტინისტ რუს მომღერლებთან, სოსო პავლიაშვილთან.
როცა 2019-ში გავაუქმე რუსული ტურნე, პუტინის მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ვრცელი განცხადებაც კი მომიძღვნა – ნინო ქათამაძეს პოლიტიკა არ ესმის, მზად ვართ შევხვდეთ და ავუხსნათო…
იქ, სადაც სახელმწიფოს სასტიკი სისტემა მიზნად ისახავს შენ გაქრობას, გაჩუმებას და ამ დროს შენ ცდილობ, რომ ასეთ გარემოში სიმართლის პატარა მარცვალი მაინც ჩააგდო, როცა ასეთ გარემოში ქართულად მღერი და დაცვის გარეშე ხარ, კითხვაზე, თუ სად იყავი 2008 წელს, ჩემი პასუხი გაცემულია…
- უკრაინა
უკრაინაში 2022 წლის თებერვლიდან ვიდრე ამა წლის უკრაინულ ტურამდე 18 კონცერტი ჩავატარეთ. მე და ნიკოლოზ რაჭველი კონცერტს კიევის მეტროშიც ვაწყობდით. „ნინო ქათამაძის ფონდი“ ათასზე მეტ უკრაინელ ბავშვს დაეხმარა.

ნინო ქათამაძე
როცა წლებია რეპერტუარს ასრულებ და იცი დარბაზის უკუკავშირიც, მერე კი ერთ დღესაც უკრაინაში რომ ჩადიხარ, გრძნობ – სიტყვები, მელოდია და სიმღერები ძალიან განსხვავებულ არსს იძენს. ომი შენ ცხოვრებაში ფუნდამენტურად სხვა გამოცდილებით შემოდის. ჩვენ, არტისტები, იქ, სადაც სისხლიანი დაპირისპირებაა, მხოლოდ გასამხნევებლად არ ჩავდივართ…
ერთხელ უკრაინაში კონცერტისას საჰაერო განგაში გაისმა, ჩემი კონცერტის ორგანიზატორს ვუთხარი – განგაშის ხმაა და სიმღერა მეუხერხულება – მეთქი. მან კი ასე მიპასუხა – მე იმისთვის ვიბრძვი, რომ ჩემ ქვეყანაში მუსიკა ისმოდესო.
უკრაინელები კონცერტზე მოდიან იმისთვის, რომ ორი საათით მაინც დაივიწყონ, რომ მათ ქვეყანაში ომია და თან კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, თუ რისთვის იბრძვიან. არსებობს გრძნობები, რომელსაც სიტყვით ვერ გადმოსცემ, სიტყვებს არც საჭიროებს. მუსიკაში, ბგერაში, პროზაში, პოეზიაში, შინაგან სიმძიმეში აისახება ის, რაც გარეთ ხდება… ის, რასაც რუსეთი უკრაინაში სჩადის – არაადამიანურია. ის, როგორადაც უკრაინელები იბრძვიან, გმირობაზე მეტია.

ნინო ქათამაძე და უკრაინელი ბანდურისტი ტარას სტოლიარი ვინიცაში, რუსების მიერ დაბომბილი საკონცერტო დარბაზის ნანგრევებზე, იქ, სადაც ნინო ქათამაძეს 2020 წელს კონცერტი ჰქონდა.

ნინო ქათამაძე და უკრაინელი ბანდურისტი ტარას სტოლიარი
უკრაინაში მოსახვედრად თბილისიდან კიშინიოვში მივფრინავთ, მერე კი კიშინოველ მძღოლს სამარშრუტო ავტობუსით ოდესამდე მივყავართ. უკრაინელს არა აქვს უფლება დატოვოს საზღვარი, ჩამოგაკითხოს და წამოგიყვანოს. ოდესაში რომ შედიხარ, ხედავ, რომ ქუჩებში მამაკაცები არ დადიან, მხოლოდ ქალები, მოხუცები, ბავშვები. ოდესა მაინც ცდილობს, რომ სიცოცხლის ნიშან-წყალი არ გაუქრეს. კონცერტებს შორის მე და ნიკოლოზ რაჭველი მივდივართ კლინიკებში, სადაც ორგანიზაციის – „სუპერადამიანები” (Superhumans) ინიციატივით პროთეზებს ამზადებენ; სადაც ომისგან დაშავებულები მკურნალობასა და რეაბილიტაციას გადიან.
მე ვნახე ადამიანები, რომლებსაც ჩვენ კონცერტზე ტაშის დაკვრა უნდათ, მაგრამ ხელები ომმა წაართვა. წარმოუდგენელია ეს ნახო და არ ამოგიყირავდეს ის სამყარო, რომელშიც ადრე მშვიდობიანად ცხოვრობდი… თუ საქართველოში ამას მშვიდობა შეიძლება ეწოდოს.
არსებობს საქველმოქმედო ორგანიზაცია „გაუტეხელი“ (Unbroken), რომლის ელჩები არიან მეთიუ ბრაიზა, U2 -ის სოლისტი ბონო, ევროპის ქალაქების მერები და მეც. ჩვენი მოვალეობაა თანხების მობილიზაცია, კლინიკებისა და სარეაბილიტაციო ცენტრების დახმარება. ასეთი კლინიკა არის ლვივში, რომლის მერიც ამ სოციალურ და სამედიცინო პროცესში აქტიურადაა ჩართული.
ერთხელ, როცა კონცერტებს შორის შუალედი გვქონდა, მე და ნიკამ საავადმყოფოს სახურავზე მოვაწყვეთ კონცერტი სიმებიან კვარტეტთან ერთად. „დარბაზში“ დამსწრეთა თვალები ანათებდნენ, ბევრი ეტლში იჯდა… დიდი თაიგულებით მოვიდნენ. ადამიანები ცდილობენ როგორადაც შეუძლიათ ამ გაუსაძლისი ტკივილის, ჯოჯოხეთის მიუხედავად სილამაზის აღქმა შეინარჩუნონ – ყველას გაცნობიერებული აქვს პირადი პასუხისმგებლობა სამშობლოს წინაშე, არ ივიწყებენ გმირებს, დაღუპულებს, დაჭრილებს.
უკრაინაში კონცერტის ჩატარება ნიშნავს იმასაც, რომ დავდივართ ბავშვთა სახლებში, დაჭრილებს ვინახულებთ… ლვივის ბავშვთა სახლში ვიკითხე, თუა შესაძლებელი ბავშვების დროებითი შვილობილობა. აღმოჩნდა, რომ კატეგორიულად აკრძალულია, რადგანაც ბავშვები ნათესავებმა შეიძლება რუსეთში გადაიყვანონ, ზოგიერთის მშობლების საბრძოლო ადგილმდებარეობა კი არაა ცნობილი… და როცა ისინი ფრონტიდან დაბრუნდებიან, მათ შვილები აუცილებლად უნდა დახვდნენ…

ნინო ქათამაძის კონცერტის აფიშა უკრაინაში
შეუძლებელია ეს გულისმომკვლელი ისტორიები ისე გაატარო, თითქოს არაფერი ხდება, არ გედარდება და ეს ტრაგედია სხვისი პრობლემაა მხოლოდ იმიტომ, რომ შენ უკრაინის მოქალაქე არ ხარ.
- მუსიკა ომის დროს
მუსიკა ხალხს, ადამიანებს ეკუთვნის და მას, ასე ვთქვათ, არამატერიალური, სულიერი სიმდიდრის წონა აქვს, რომელსაც სცენიდან უხვად გასცემ. ნიკოლოზ რაჭველი ჩუმად ძალიან ბევრ სიკეთეს აკეთებს. ჩვენ ძალიან ხშირად მცირედი მატერიალური შემოსავლითაც ვცდილობთ სხვა ადამიანი გადავარჩინოთ, მითუმეტეს, როცა იცი, რომ ამ ადამიანის სიცოცხლე, სწორედ შენს გაღებულ სულიერ თუ მატერიალურ რესურსზეა დამოკიდებული.
ხელოვანი ენერგიის გამცემია და ამაშია მისი ძალა. შეგეძლოს გააზიარო სიკეთე, შეგეძლოს თანადგომა – ესაა ჩვენი დანიშნულებაც. შეუძლებელია შენ სახლში ფანჯარა იყოს ჩამტვრეული, ოთახში ქარი ყველაფერს ატრიალებდეს და შენ ამ დროს თავს მშვენივრად გრძნობდე.

ნინო ქათამაძე
- ტურბულენტობა
ხელოვანის ცხოვრებაში გარეგნულად თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ჩვენც ისეთივე ტურბულენტობას განვიცდით, როგორსაც – სხვები. დღეისათვის კი ჩვენი ცხოვრების ფორმაც და შინაარსიც ბრძოლა გახდა. ჩემთვის ესაა როცა მტრის ქვეყანაში ხარ და იცი, რასაც აკეთებ; საქართველოში კი შენი პოზიციის გამო მიუღებელი ხდები და ამიტომ კონცერტისთვის არც დარბაზებს გაძლევენ და არც ღონისძიებებზე გეპატიჟებიან, არ გაძლევენ იმის საშუალებას, რომ შენი პროფესიით იცხოვრო. ამიტომაც ჩემთვის უკრაინაში კონცერტებსა და „ლინკოლნ ცენტრის“ სცენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
ჩემ ცხოვრებაში არც ერთი არჩევნების მომღერალი არ ვყოფილვარ. თუ პოლიტიკოსის პროგრამას კარგად იცნობ, მისთვის აგიტირებ, მაშინ შენ იმ პასუხისმგებლობასაც უნდა იზიარებდე, რასაც იმ პოლიტიკოსის ქმედება გამოიღებს, მაგრამ არასდროს უნდა დაგავიწყდეს, რომ თავისუფალი ხარ სიტყვისა და აზრის გამოხატვაში.
- ბრძოლა და სოლიდარობა
ალბათ, 6 -7 წლის წინ სოლიდარობის აუცილებლობის თემა ასე მწვავედ არ იდგა. 2022-ის თებერვლის შემდეგ კი იგი განსაკუთრებულად აქტუალური გახდა.
სიტუაცია იმდენად გამწვავდა, რომ ხელოვანი საპროტესტო აქციის ლიდერიც შეიძლება გახდეს და მისგან მხოლოდ სიყვარულზე საუბარი არ ეგების.
ინტერვიუებითა და ეთერებით ცდილობ პროპაგანდაზე გაიმარჯვო, მაგრამ ეს არაა საკმარისი. აგერ რეჟისორი დავით დოიაშვილი მის მიერვე შექმნილი თეატრიდან გაუშვეს. უსამართლობა იმდენად ხილული გახდა, იმდენად ნათელია თუ საითკენ მიდის სიტუაცია და რა შედეგებით სრულდება მტერთან კოლაბორაცია, რომ ქმედება, საპროტესტო აქციები აუცილებელი გახდა. რამდენადაც დიდია ღალატი, იმდენად დიდია მისი ფასიც.

ნინო ქათამაძე აქციაზე
ჩვენი სამშობლოდან სიმართლის ხმა თუ კიდევ ისმის, ეს ჩვენი პროტესტის ხმაა. რთულია ყველაფერი მიატოვო, სამსახურის შემდეგ დაღლილი რუსთაველზე გახვიდე, ბრუტალურ ძალას დაუპირისპირდე და 24-საათიან უწყვეტ პროტესტს შეუერთდე. მე ამ ანტიპუტინისტური პროტესტის ნაწილი ვარ.
ნიუ იორკში წამოსვლის წინა ღამეს მოპროტესტე ახალგაზრდებთან ვიდექი. ღამის სამ საათზე, როცა პოლიციამ თსუ-ს სტუდენტები გაიტაცა, ნაცნობ-უცნობებმა ორგანიზებულად დაიარეს კლინიკები, პოლიციის განყოფილებები, სახალხო დამცველთან დარეკეს, იურისტებს შეატყობინეს… მათ იციან, თუ როგორ დაიცვან საკუთარი თავი და სხვებიც. ადრე ეს არ იყო საჭირო, მაგრამ ახლა სხვა გამოწვევების წინაშე დავდექით.
გამოწვევა არაა მარტო, როცა სახელმწიფო საკუთარ შვილებს ფიზიკურად ებრძვის, არამედ გამოწვევაა საქართველოში ამდენი მშიერი ადამიანი, სოციალურად დაუცველი, ამდენი ემიგრანტი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასევე გვყავს დევნილები აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან. ამიტომ პროტესტს აქვს უმნიშვნელოვანესი ძალა, რომლის მთავარი გზავნილია – უნდა დარჩე ადამიანად და სინდისიერ მოქალაქედ.
„ლინკოლნ ცენტრის“ სცენაზე როცა ვმღეროდი, ყოველი მუსიკალური ფრაზა მიემართებოდა არა მხოლოდ დარბაზში მყოფთ, არამედ იმათაც, ვინც ახლა საქართველოში პოლიტპატიმარია და ვინც ახლა საპროტესტო აქციაზე დგას.
საქართველო რუკაზე პატარაა, მაგრამ ჩემი ქვეყნიდან ძალიან მძლავრი ხმა ისმის და ამ ჟღერადობაში ერთ-ერთი ჩემი ხმაცაა.
____________
მთავარ ფოტოზე: ნინო ქათამაძე/facebook