ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

ვინ – ნაგავი, ვინ – მაიმუნი, ვინ – მოსაკლავი

30.03.2026
ვინ – ნაგავი, ვინ – მაიმუნი, ვინ – მოსაკლავი

არ ვიცი ბრიტანული Radiohead-ის Creep – ს რამდენჯერ მოვუსმინე სხვადასხვა ასაკის, სქესის/ორიენტაციის, კანის ფერის, ეთნოსის, რელიგიის, ფინანსური მდგომარეობის, ჩაცმულობის თუ პოლიტიკური გემოვნების მქონე პროფესიონალების თუ მოყვარულების მიერ შესრულებით სცენაზე, ქუჩაში თუ სახლში, თვლა დავკარგე სადღაც მეორასეზე თუ მესამასეზე.

ვიცი, რომ პირველივე ნოტებიდან ჯადოსური ქიმიური პროცესი მეწყება და არა ისე, რომ ნამღერს პირველწყაროს ვადარებდე. არა, უბრალოდ, ყოველთვის მიკვირს როგორ შეიძლება ერთი და იგივე მელოდია მხოლოდ შენებურად იმღერო და გიტარის პირველივე აკორდმა სუნთქვა შეგიკრას იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც შეგიძლია კი არა, რამდენ ხანსაც მუსიკა გრძელდება, მერე კი შლეიფად დიდი ხნით გაგყვეს მომდევნო მოსმენამდე და ამ დროს კომპოზიცია არ გაპაპსავდეს.

ტომ იორკი, Radiohead-ის მუსიკოსი

ჩემი ფავორიტია “კრიპის” გერმანელი თინეიჯერი დების, მიმი და ჯოზეფინა ვოგლერების ქავერ ვერსიის შესრულება (2019). კი, ცხადია, ვიცი, რომ “რედიოჰედის” ამ კომპოზიციას წინ უსწრებდა ბრიტანული The Hollies-ის კომპოზიცია The Air That I Breath („ჰაერი, რითაც ვსუნთქავ“) (1974).

ერთ წელზე მეტია ამერიკული ტრადიციული თუ სოციალური მედიით აშშ-ის პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის შეუჩერებელი ზიზღის ნაკადი ზედოზირებით იღვრება “სტატუსიანი” თუ “უსტატუსო” ემიგრანტების, ახლო თუ შორეული მეზობლების, “არაარიული” რასის, ქვეყნის წარმომადგენლების და სხვა “ხალხის მტრების” მიმართ. და “აღმოჩნდა”, რომ ამ ეშმაკთან დადებულ გარიგებებს, რიტორიკა/ქმედებას ამერიკელებმა მხოლოდ მომავალი არჩევნები შეიძლება დაუპირისპირონ, ყველაზე იღბლიან შემთხვევაში კი – კარგი ადვოკატი (ცხადია, თუ ამის თანხა აქვთ). ზოგისთვის, სიკვდილის შემდეგ… მოკლულის ახლობლებს ოჯახის წევრის მოკვლის გამო მორალური ზიანის კომპენსაციის მიღება სასამართლოს წესით შეუძლიათ.

ჰოდა, როგორც კი ეს კოპროლალია და სასიკვდილო ძალადობის სცენების დოკუმენტური კადრები იწყება, მაშინვე ავტომატურად მერთვება თავდაცვის მექანიზმი და აუდალური მეხსიერება მომაგონებს (ან “იუტუბზე” მაშინვე ვრთავ) “კრიპის” ინდურ ვარიანტს – ჰიმალაიში დაბადებული და ამერიკაში გაზრდილი მომღერალი აივი შეკი დედასთან, უმასთან ერთად მღერის – ჩურჩულით ნაფიქრი მონოლოგი მისტიკური მედიტაციით და დაკარგული ჰარმონიის შეგრძნებით…

ადრე უსამართლობაზე უკიდურესად აღვშფოთდებოდი, ფეისბუკზე გრძელ სტატუსს ან მედიისთვის ბლოგს დავწერდი, მეგობარს დავურეკავდი, ადამიანის უფლებების ათასნაირ დეკლარაციაში ჩავიხედავდი, მიტინგზე გავვარდებოდი, წაკითხულ წიგნს გავიხსენებდი, ფილმს ვნახავდი, სადაც ბოროტზე სიკეთე იმარჯვებს ან ფინალური ნაწილი ნაწილობრივად მაინც “წაიჰეფიენდებს”.

ახლა ორგანიზმის ფიზიკა-ფსიქიკა ვერ უძლებს ვერც იმ ატმოსფეროს, სადაც შესაძლებელია არსებობდეს ფრაზა “ვიღაცის პიარისთვის გაწირული გიორგი ანწუხელიძე” (მინისტრ თ. წულუკიანის განცხადება);

ვერც საქართველოს საპატრიარქოში ნახევარ მილიონიანი ჯიპებიდან ჩამომსხდარი, ოქრო-ბრილიანტ ასხმული “სასულიერო პირების” მასპინძლობას “კანალიზაციის სუნიანების” დასაპურებლად და ვერც ექვთიმე თაყაიშვილს შედარებული ოლიგარქის ნასუფრალიდან გადაგდებული “საქველმოქმედო ძვლების” სიმყრალეს და ამისგან აღფრთოვანებული ხალხის სენტიმენტებს;

ვერც ნობელიანტების რაოდენობით ჩემპიონ, ემიგრანტების ქვეყანაში ემიგრანტების შვილ-შვილიშვილის, პირველი პირის მიერ სომალელი ხალხისთვის “ნაგვის” წოდებას, აფრო-ამერიკელი პრეზიდენტისა და მისი მეუღლის ხელოვნური ინტელექტის საშუალებით მაიმუნებად “დახატვას”, ვერც არასასურველი ოპონენტების მოკვლის დაპირებას…

ინდოელი მეგობარი მყავს, რომელიც ხშირად ნიუ იორკში გამართულ ინდურ ღონისძიებებზე მეპატიჟება. ერთხელაც ასე აღმოვჩნდი ნიუ იორკში ინდოეთის საელჩოში ხანუქას აღნიშვნაზე და ვუსმენდი, თუ როგორ კითხულობდნენ ინდოელი დიპლომატები რელიგიურ ტექსტს ივრითზე წამღერებით, მერე – “კარნეგი ჰოლში” ტაბლას ინდოელი ვირტუოზის, ზაკირ ჰუსეინის გასახსენებელ კონცერტზე, რომელმაც, როგორც იტყვიან, ტრანსში წამიღო – ჯაზის, კლასიკური მუსიკისა და რაგას ნაერთი.

წინ კი მეჯდა მსოფლიო მუსიკის ნათლიის რავი შანკარის შვილი ანუშკა, რომელიც მოგვიანებით, ოღონდ “თაუნ ჰოლის” სცენაზე ინდურ ორნამენტებიან ხალიჩაზე მოკალათებული, ანსამბლის წევრების ეთნიკური ინსტრუმენტებით, სიტარას ჰიპნოზით მამამისს და ჯორჯ ჰარისონს იხსენებდა… ამას არც მაიკლ ჯექსონისა და ლაიონელ რიჩის We Are the World -ის და არც ჯონ ლენონის Imagine – ის სტილისტიკით თუ ინტონაციით ვამბობ. ამის ნახვა, მოსმენა, უბრალოდ იმის ცოდნა, რომ ამგვარი რამ არსებობს, ერთგვარი, არა მხოლოდ კულტურული, არამედ ეგზისტენციური გადარჩენა და შვებაა. თუნდაც, დროებითი.

საქმე იმაში სულაც არაა, რომ გარშემო არსებული ლოკალური თუ საერთაშორისო პოლიტიკური კონტექსტი და ტოქსიკურ, ძალადობრივ/კორუფციულ ქსოვილში ყოველდღიური ცხოვრება და “თარგმანში დაკარგვა” პალატა N6-ს სულ უფრო მეტად ემსგავსება, სადაც პუტინისეული “მოჩიწ ვ სორწირე” მარტო ლუციფერის ეფექტით არაა განპირობებული;

როცა ფიქრობ, რომ სამყაროს უკურნებელი ტურეტის სინდრომი შეეყარა და არქაულს, ობსკურანტულს ნერვული ტიკივით ისევ და ისევ იმეორებს, ამიტომ ხანდახან, ადრენალინისგან დაცლილს, გაგიელვებს მკრეხელური აზრი – ხომ არ ჩავარდა/წარუმატებლად დასრულდა პროექტი სახელად “ადამიანი” იმ პირვანდელი მნიშვნელობით, როგორითაც იყო ჩაფიქრებული…

როგორც ჩანს აქ და ამჟამად უკვე ვეღარც “მხოლოდ შეყვარებულები გადარჩებიან” ჯიმ ჯარმუშისეულად. ანდა დასაბამიდან ამ პროექტში სულაც ღირებული არაფერი იყო ჩაფიქრებული.

უბრალოდ, როცა უფაილო თუ დაფაილებული “სამეფო ტახტის თამაშებში” ფეოდალურ-ფარისევლურ სივრცეში პრივატიზირებული “ოჯახური სიწმინდეების” დაცვაში ღვაწლმოსილ – გამარჯვებულ ტრიქსტერში ხიხო, ჯაყო, ჯიგარ-მუტრუკი, ცისფერსისხლიანი მაჩო, “ალფა-სამეცი” ხალხის “დემოკრატიული” ლეგიტიმაციით ერთიანდება, მერე სრული უსუსურობა და გაწბილება გემართება, თუნდაც მკაფიოდ არჩევდე, ვინაა ორეგონის ფსიქიატრიულში მედდა რეტჩიდი და ვინ – რენდალ მაკმერფი. უკვე არამეტაფორულად ხედავ, თუ როგორ კლავს, ნაწილებად ფლითავს ჩრდილოეთელი მეზობლის “სიკეთეების” ძველი მატარებელი ამნეზირებულ-დაბრბმავებულ-დაყრუებულ – უკრიტიკო ხალხს მოსკოვ-პეტერბურგის ხაზის სადგურზე ანა კარენინასავით ან რუსი ვლადიმირ პოპოვივით, რომელიც ეგვიპტეში წითელ ზღვაში მშობლის თვალწინ სამმეტრიანმა ზვიგენმა ჯერ აბურთავა და მერე – დაანაწევრა-შესანსლა. იგი ნაპირზე უმწეოდ მდგარ მამას ამაოდ ეძახდა…

როცა “კრიპის” ბოლოს სევდიანი სიტყვები – “რა ჯანდაბას ვაკეთებ აქ/ აქაურობას არ ვეკუთვნი” ისმის, შემეშინდება თითქოს სრულიად უადგილო ალუზიით – რომანის – “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” ვითომ ყრუ-მუნჯმა გმირმა, დესპოტურ ციხე-სიმაგრეს გამოქცეულმა ინდიელმა ჩიფ ბრომდენმა თავისუფლებაზე ტოტალური ქაოსისა და ბუნდოვანების პირობებში მუდმივ უსამართლობასთან, კონფორმიზმთან ომებით სასოწარკვეთილმა, გამოფიტულმა და დანებებულმა, ბოლოს “სიმართლის სამინისტროს” თანამშრომლის უინსთონ სმითის (“1984”) სიტყვები არ წამოიძახოს – “მე მიყვარს უფროსი ძმა”…

და მაინც, მბჟუტავი იმედი მაქვს, რომ ამ ჯოჯოხეთური უჰაერობისგან მყისვე გამეღვიძება.

________

მთავარ ფოტოზე: ნიუ იორკი. ფოტო: Pixels