საუკუნეების წინ, იქ, სადაც ახლა ნიუ იორკის შტატია, უზარმაზარი ყინულის გროვები სამხრეთისკენ დაიძრნენ, მიწაში არხები გაკვეთეს და მერე, როცა დათბა, მიწას თერთმეტი მოგრძო ტბა დაუტოვეს. ამიტომაც ამ ადგილს „ფინგერ ლეიქსი“ (Finger Lakes) ეწოდა, რაც, ქართულად, ალბათ, „თითების მსგავს ტბებად” ითარგმნება. იქ თავიდან ინდიელები ცხოვრობდნენ, XVIII საუკუნის ბოლოს ევროპელები დასახლდნენ, 1865 წელს კი რამდენიმე მათგანმა საყოველთაოდ ცნობილი კორნელის უნივერსიტეტი დააარსა (რომელიც 60-ზე მეტ ნობელიანტთანაა ასოცირებული) და არანაკლებ ცნობილი ითაკას კოლეჯიც (1892), სადაც მუსიკას, თეატრალურ ხელოვნებასა და კომუნიკაცია/ჟურნალისტიკას ასწავლიან. ნიუ იორკის შტატის ეს ცენტრალური და დასავლეთის ტერიტორია თავისი ტურისტული მარშრუტებითა და მეღვინეობითაა ცნობილი.
1951 წელს, ორი მსოფლიო ომისა და რუსეთის რევოლუციაგამოვლილი, ოდესაში დაბადებული, ეთნიკურად გერმანელი კონსტანტინ ფრანკი (1899-1985) ოჯახთან ერთად აშშ-ში ავსტრიიდან ჩამოვიდა. ნიუ იორკში, ქვედა მანჰეტენზე ყველაზე ღარიბულ, მწერებით სავსე ბინაში დასახლდა, რესტორნებში ჭურჭელს რეცხავდა და თან “დიდ მეღვინეობაზე” ოცნებობდა. იცოდა ცხრა ენა, მაგრამ არა – ინგლისური.
მანამდე კი, 1939 წელს, როცა კონსტანტინ ფრანკი რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე ყურძნის – Vitis Vinifera (ყურძნის სახეობა, რომლისგანაც, ფაქტობრივად, ყველა ცნობილი ჯიშის ყურძენი წარმოიშვა, იქნება ეს შარდონე თუ საფერავი; მას ღვინის ყურძენს/ ღვინის ვაზსაც უწოდებენ) ჯიშის აღდგენა-განახლებაზე მუშაობდა, ვაზის ჯიშის ყინვაგამძლეობაზე დისერტაციაც დაიცვა და დოქტორის ხარისხიც მიიღო.
მეორე მსოფლიო ომის დროს სტალინის რეპრესიები ეთნიკურ გერმანელებსაც, ანუ ფრანკის ოჯახსაც შეეხო, ამიტომ ცოლ-ქმარი სამი შვილითა და ერთი ჩემოდნით ავსტრიაში გაიქცა. სტალინის ბრძანებით მისი ოჯახი საერთოდ ამოიღეს ყველა არსებული რეესტრიდან, რადგან ისინი „აღარ არსებობდნენ“. რეპრესიებს შეეწირნენ ფრანკის ოჯახის სხვა წევრები.

კონსტანტინ ფრანკი
ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს დაბადებულმა კონტანტინმა 15 წლის ასაკში საკუთარი ღვინო გამოიგონა, უცხო ქვეყანაში კი მხოლოდ თავისი ოცწლიანი გამოცდილებისა და ერთ მშვენიერ დღეს ვაზის გასაშენებლად კარგი ნიადაგის პოვნის იმედად იყო. და ეს დღეც დადგა – ფინგერ ლეიქსში ფრანკმა 76 ჰექტარი მიწა იყიდა. მას მერე მის ღვინოს თეთრ სახლში და მაღალი დონის დიპლომატიურ შეხვედრებზე სვამენ.
კონსტანტინ ფრანკი „ამერიკის მეღვინეთა საზოგადოებისა“ და აშშ-ში ვაზის სახეობის Vinifera – ს მამად ითვლება. აღმოსავლეთ ევროპაში მეღვინეობის ცნობილი და აღიარებული პროფესიონალი, იგი ამერიკის „ღვინის რევოლუციის“ პიონერ – ფუძემდებლად აღიარეს – ეს იყო მოძრაობა, რომელმაც ამერიკული მეღვინეობა ტიტულიანი საერთაშორისო ღვინის მწარმოებელთა რიგში ჩააყენა.

“ამერიკის ღვინის საზოგადოება”. წინა რიგში მარცხნიდან მარჯვნივ მესამე – კონსტანტინ ფრანკი.
დღეს ერთ-ერთი ტბის, სახელად კეუკას მიდამოს პატარა დასახლებაში, ჰამონდსპორტში, ფრანკის მიერ გაშენებული რისლინგი, შარდონე, პინო ნუარი, საფერავისა და რქაწითელის ვენახებია, მათ კი უკვე ფრანკის შთამომავლობა უვლის.
2021 წლიდან აქ წელიწადში ერთხელ ქართული ღვინის ფესტივალი „საფერიკა“ ტარდება, რომელიც ღვინის მრავალფეროვნებით ცნობილ ამერიკულ ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის ერთ-ერთი საშუალებაა.
აშშ-ში ღვინის 74 მილიარდ-დოლარიანი სასაქონლო ბრუნვის (2025 წლის მონაცემები) პირობებში, სადაც ქართულის წილი ერთი პროცენტიც არაა, ძალიან რთულია ღვინის ღირსეული დამკვიდრება შეძლო და ამ დროს, ცხადია, მხოლოდ კონსტანტინ ფრანკისეული ენთუზიაზმის ამარა ყოფნა საკმარისი არაა. ამას ემატება ისიც, რომ აშშ-ში თავად არაერთ ქართულ რესტორანშიც კი არა აქვთ ქართული ღვინისა და კულინარიის შეთავსების, რეკომენდაციის უნარ-ჩვევა და არც ყველა ქართველი მომხმარებელია სამამულო წარმოების მეღვინეობის მხარდამჭერი (მერე რა, რომ ქართული მევენახეობა/მეღვინეობა 80 საუკუნისაა) პოპულარული მექსიკური „ტეკილას“ (XVI) ფონზე, რომლის ბრუნვა აშშ-ში 20 მილიარდია.

კონსტანტინ ფრანკის საფერავი
***
ღვინის ცნობილი ბოსტონელი ექსპერტი და სომელიე ერიკა ფრაი ამბობს, რომ მეღვინეობის და ღვინის შესწავლა მაშინ დაიწყო, როცა ნიუ იორკის ფინგერ ლეიქსის რეგიონში კორნელის უნივერსიტეტში სწავლობდა. თუმცა, მისი პირველი სამსახური სამედიცინო პროგრამული უზრუნველყოფის სფერო იყო.
„- 2010 წლიდან კი ღვინის ისტორიითა და ბიზნესით დავინტერესდი და ღვინის შესწავლას უფრო სერიოზულად მივუდექი“ – მიყვება ერიკა ფრაი, „- 2014 წელს, Boston Wine School-ში ის WSET (Wine and Spirit Education Trust – „ღვინისა და სპირტიანი სასმელების საგანმანათლებლო ფონდი“, რომელიც საერთაშორისო კვალიფიკაციებისა და სერტიფიკატ/დიპლომების გამცემი ორგანიზაცია) დიპლომის მიღების შემდეგ ღვინის ინდუსტრიაში სრულ განაკვეთზე მუშაობა გადავწყვიტე.

ერიკა ფრაი
ახლა ჩემი დრო ასე ნაწილდება: ღვინოსთან დაკავშირებული განათლება, ღვინის საცალო ვაჭრობა და ღვინის მარკეტინგი. ამჟამად ვარ Commonwealth Wine School-ში (კემბრიჯი, მასაჩუსეტსი) ერთ-ერთი მთავარი ინსტრუქტორი და WSET-ის განათლების კოორდინატორი. ნაწილობრივ ვმუშაობ ბუტიკის ტიპის ღვინის მაღაზიაში, Winestone-ში, სადაც ქართული ღვინის განყოფილებას ვკურირებ. 2021 წელს კი ლაშა ცატავასთან (იგი პირველი ქართველია, რომელიც WSET-ის ოთხივე დონის დიპლომს ფლობს) ერთად არასამეწარმეო ორგანიზაცია “საფერიკა” (Saperica) დავაარსეთ“.
– საქართველო და ქართული ღვინო როგორ გაიცანით?
– ღვინის ინდუსტრიაში ერთი-ერთი ჩემი პირველი სამსახური Boston Wine School-ში მასწავლებლისა და განათლების კოორდინატორის პოზიცია იყო. ერთ-ერთ გაკვეთილზე ლაშა ცატავა გავიცანი. ლაშამ მითხრა, რომ საქართველოში დაიბადა და საქართველო არის ქვეყანა, საიდანაც ღვინო/მეღვინეობა წარმოიშვა. ეს ჩემთვის ახალი ინფორმაცია იყო.
მიუხედავად ოთხი წლის ღვინის ინტენსიური შესწავლისა, მე არანაირი წარმოდგენა მქონდა იმაზე, რომ საქართველოს ასე მდიდარი მეღვინეობისა და ღვინის კულტურის ისტორია აქვს.
როგორც პედაგოგს, მინდოდა საქართველოზე უფრო მეტი გამეგო. ლაშა გახდა ქართული ღვინისა და ქართული კულტურის სამყაროში ჩემი გზამკვლევი. მე კი მას მსოფლიოს კლასიკური ღვინის სტილების გაცნობაში ვეხმარებოდი.
– რატომ აირჩიეთ თქვენთვის უცნობი ქვეყნის ღვინის კულტურა?
– პირველი, რითაც ქართულმა ღვინომ დამაინტერესა, იყო ქართული მეღვინეობის ხანგრძლივი და მდიდარი ისტორია, რომელიც დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში მეღვინეობის არსებობის ნებისმიერ მტკიცებულებას უსწრებს. თუმცა, რაც უფრო მეტს ვეცნობოდი ქართული ღვინის კულტურას, ტრადიციებსა და რიტუალებს, მით უფრო მეტი მოტივაცია გამიჩნდა, რომ ქართული ღვინის შესახებ სხვებისთვისაც მომეთხრო.
ჩემი გამოცდილებით, საქართველოს ღვინის კულტურა გაცილებით მდიდარი და ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი სხვა კულტურა, რომელსაც აქამდე გავცნობილვარ.
როგორც ღვინის პედაგოგს, მიმაჩნია, რომ ღვინის სკოლის ნებისმიერმა სტუდენტმა საქართველოს შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეს. ძალიან გამიმართლა, რომ ახლა გიდებად ლაშა და ბევრი სხვა ქართველი მყავს.
და ბოლოს, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ქართული ღვინის შესწავლა და პოპულარიზაცია ავირჩიე არის ის, რომ საქართველო არის ღვინის რეგიონი, რომელიც ხელახლა აღმოაჩენს და ხელახლა განსაზღვრავს საკუთარ თავს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ღვინის ისტორია ძველია, თანამედროვე ქართული ღვინის ინდუსტრია შედარებით ახალია. საინტერესოა სწორედ ამ მომენტში ქართული ღვინის წარმოების ნაწილი გახდე და ჩემი მხრიდან მოუთმენლად ველი მის განვითარებაში თუნდაც მცირე წვლილის შეტანას.

– ფინგერ ლეიქსი საქართველოს რით ჰგავს?
– ეს ადგილი ნიუ იორკის ღვინის მთავარი მწარმოებელი რეგიონია და აქ ყურძნის მოყვანა შესაძლებელია, რადგან კლიმატი შერბილებულია რამდენიმე ღრმა, მყინვარული ტბით, რომლებიც მართლად ჰგავს გრძელ თითებს.
საქართველოს მსგავსად, ფინგერ ლეიქსის რეგიონიც იზრდება და თვითიდენტიფიკაციის პროცესშია. ის, რაც საქართველოსა და ფინგერ ლეიქსს ერთმანეთთან აკავშირებს, არის ის ფაქტი, რომ ამერიკის ამ რეგიონში სამოც წელზე მეტია, რაც ქართული ვაზის ისეთი ჯიშები, როგორიცაა საფერავი და რქაწითელი, მოჰყავთ. ეს არის აშშ-ის ტერიტორია, რომელსაც ყველაზე მეტი ღვინის მწარმოებელი ჰყავს და თან ქართული ვაზის ჯიშებთან მუშაობის ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს.
– თქვენ საუბრისას არაერთხელ ახსენეთ „საფერავის დიდი ამერიკული მოგზაურობა“…
– ჩვენ ვიცით, რომ საფერავი აშშ-ში ნახევარ საუკუნეზე მეტია მოჰყავთ და მისი პოპულარობა ნელ-ნელა, მაგრამ სტაბილურად იზრდება.
ფინგერ ლეიქსის რეგიონში საფერავს რამდენიმე პიონერი უჭერდა მხარს, რომლებსაც ნამდვილად სჯეროდათ მისი პოტენციალის და სურდათ დაემზადებინათ მაღალი ხარისხისა და დაძველების შესანიშნავი ღვინოები. ამჟამად, ფინგერ ლეიქსის რეგიონში საფერავთან მინიმუმ ოცი მწარმოებელი მუშაობს. საფერავი ასევე მოჰყავთ აშშ-ის მინიმუმ ექვს სხვა შტატში.
ლაშასა და მე გვჯერა, რომ საფერავის ამერიკული მოგზაურობა ახლახან დაიწყო და მას აქვს იმის რეალური პოტენციალი, რომ შორს წავიდეს.
ჩვენი ორგანიზაცია, სახელად – „საფერიკა“, შეიქმნა საფერავის ამერიკული მოგზაურობის დასახმარებლად. ჩვენ ასევე გვჯერა, რომ საფერავს შეუძლია გახდეს საერთაშორისო ვაზის ჯიში და მისი ამერიკული მოგზაურობა ამ მიზნის მისაღწევად გადამწყვეტ როლს შეასრულებს.
„საფერიკას“ მისიაა საფერავის და სხვა ქართული ყურძნის ჯიშების, ქართული გასტრონომიისა და კულტურის პოპულარიზაცია ნიუ იორკის შტატის ქალაქ ფინგერ ლეიქსსა და აშშ-ის მასშტაბით, რეგიონებს შორის ღვინისა და კულინარიული პროფესიონალებისა და მოყვარულებისთვის საგანმანათლებლო სემინარებისა და გაცვლითი პროგრამების ორგანიზება და ხელშეწყობა.
ვინაიდან ფინგერ ლეიქსის რეგიონს აშშ-ში საფერავის ყურძნის ჯიშის მოყვანის ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს, „საფერიკა“ აქცენტს აკეთებს ღვინის მწარმოებლებსა და საფერავის მოყვარულებისთვის ქართული ღვინის ისტორიის, კულტურისა და გასტრონომიის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე.
ჩვენი მთავარი ღონისძიება „საფერავის ფესტივალია“, რომელიც დოქტორ კონსტანტინ ფრანკის ღვინის ქარხანაში იმართება ხოლმე.
ორი წლის წინათ ფინგერ ლეიქსის ღვინისა და კულინარიული საზოგადოების შვიდი წევრი საქართველოში ჩავიყვანეთ, რათა ისინი ქვეყანასა და მის კულტურას პირველად თავად გაცნობოდნენ. ისინი შეხვდნენ რამდენიმე ქართველ მეღვინეს, სომელიესა და შეფ-მზარეულს. მათ საქართველომ დიდი შთაგონება და მოტივაცია აჩუქა, რაც სამშობლოში წამოიღეს. რამდენიმე მათგანმა უკვე უმასპინძლა საკუთარ, ქართული თემატიკის ღონისძიებებს და ისინი ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში “საფერიკას” ძალისხმევას კვლავაც დაუჭერენ მხარს.
ვიმედოვნებთ, რომ ფინგერ ლეიქსის რეგიონსა და საქართველოს შორის გაცვლით პროექტებს აუცილებლად გავაგრძელებთ, რათა აშშ-სა და საქართველოს შორის კავშირი ღვინისა და კულინარიის მეშვეობით გაძლიერდეს.










