ფაშიზმი XX საუკუნის პირველ წლებში ჟენევის მავნებლებით სავსე ბინებში გამართული თავყრილობებით დაიწყო – ღარიბი რუსი რევოლუციონერები იტალიელ თანამებრძოლთან, ოცი წლის ბენიტო მუსოლინისთან (1883 – 1945) ერთად იკრიბებოდნენ, სვამდნენ, კამათობდნენ და ბურჟუაზია – კაპიტალიზმის დამხობაზე ოცნებობდნენ.
მაგ დროს ბენიტო კომუნისტების, ანარქისტებისა და ფაშისტების შთამაგონებელ, ფრანგ ფილოსოფოსს, ჟორჟ სორელს გამალებით კითხულობდა და თავის თავს “ძალადობის მოციქულს”, მერე კი “მისი აღმატებულება ბენიტო მუსლონის” და “დუჩესაც” (იტალიურად “ბელადი”) უწოდებდა. არ შემცდარა – მოგვიანებით იტალიამ მას ამ სახელებით მიმართა.
სალდაფონი მუსოლინი ძალიან წინააღმდეგობრივი ფიგურა იყო – ამბობენ ჯარში გაწვევას შვეიცარიაში გაექცაო, თუმცა უკვე 1922 წელს იგი 60 000 ნაომარი, შავპერანგიანი მამაკაცის წინაშე იდგა, დედაქალაქზე იერიშისკენ მოუწოდებდა და ეს აღტყინებული მასა კიდეც დაიძრა მარშით რომზე… რომის იმპერიის აღსადგენად. ტირანი, რომელიც ხელისუფლებაში არჩევნებით არ მოსულა, მაგრამ უნდოდა, რომ ხალხს ჰყვარებოდა, როგორც იტალიის ამაღორძინებელი, ფაშისტური პროპაგანდითა და კრიტიკული აზრის ჩახშობით “ახალი იტალიელის” შემქმნელი… ცხადია, არა განათლება – ევოლუციით/კულტურული რენესანსით, არამედ “ომით, როგორც მსოფლიოს ჰიგიენით”, ფაშისტური იდეალების მსახური ჭანჭიკების უტყვი მორჩილებითა და ფაშისტური მისალმებით (Roman Salutes).
იდეალისტებს და არა მარტო მათ, ყოფილ სსრკ რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთ ევროპაში საბჭოთა “პერესტროიკის”/ბერლინის კედლის დაცემის დროიდან ვიდრე საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის 1991 წელს გაჩაღებულ სამოქალაქო ომამდე, ჯიუტად სჯეროდათ, რომ ფაშიზმი, დიქტატურა და მისთანანი ისტორიას ჩაბარდა.
თუმცა ფაქტია, რომ ავტორიტარიზმი დროთა განმავლობაში ისეთი ხატით დაბრუნდა, რომელიც ხშირად სწორედაც რომ დემოკრატიულ/ლიბერალურ სისტემებსაც ჰგავდა ხან ფორმით, ხან – შინაარსით. კოლექტიური დასავლეთი კი “პერეგრუზკის” ხათრით ხშირად ამ საჩვენებელ სპექტაკლებს “ვერ ამჩნევდა”.
ამის ყველაზე კარგი მაგალითია მერკელის გერმანიისა და პუტინის რუსეთის მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა ჩეჩნეთის ომისა და გენოციდის, საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის, ყირიმის კრიზისის მიუხედავად.
არადა გერმანიამ ყველაზე კარგად ისწავლა ფაშიზმისა და ჰოლოკოსტის გაკვეთილები, სსრკ-ის სამართალმემკვიდრე რუსეთი კი ფაშიზმზე გამარჯვებული ქვეყანაა, თუმცა დღემდე – სტალინური მოდუსის.
ფაქტია, რომ ძლიერი, აგრესიული, “რბილი ძალისა” და პროპაგანდისტული ინსტიტუციების (აქ მხოლოდ მედია არ იგულისხმება) ავტოკრატიები უკვე დისკრედიტირებული იდეოლოგია/პრაქტიკის გამოყენებით თავისი თამაშის წესებს მეტ-ნაკლები წარმატებით მაინც ამკვიდრებენ. უფრო სწორედ, მათი თამაშის წესი არის თამაშის წესების არქონა, ერთგვარი – უწესობა. ისტორია გვასწავლის, რომ უსამართლობა მცირე დათმობებით იწყება: ბენიტო მუსოლინის იტალიაში და ადოლფ ჰიტლერის გერმანიაში ფაშიზმი მანამდე ჩანდა ერთ ჩვეულებრივ რეალობად ან ცუდი ბიჭების “ხულიგნობად”, სანამ საძმო საფლავებად, საკონცენტრაციო ბანაკებად, დიდ ტრაგედიად და ისტორიულ არმაგედონად არ გადაიქცა.
მიუხედავად უწყვეტი, უფასო სოცმედიისა, “ფაქტჩეკინგის” ალგორითმისა, ხელოვნური ინტელექტის ინოვაციებისა თუ ინფორმაციის მოპოვების სხვა ოპერატიული საშუალებებისა, ტვინის გამორეცხვა წარმატებით “ხერხდება” ადამიანთა სიფხიზლის მოდუნებისა და კონფორმიზმის ფონზე და არა – უეცრად, სიურპრიზად, ერთ, არც ისე მშვენიერ დღეს. და ეს ყველაფერი – მიუხედავად იმისა, თუ როგორ ხმამაღლა და ენერგიულად არ უნდა ყეფდნენ “მოდარაჯე ძაღლები”, რომლებიც ამით თავიანთ სიცოცხლესა და თავისუფლებას რისკის ქვეშ აყენებენ.
***
2019 წელს ნიუ იორკში, ჩელსიში გაიხსნა გალერეა „პოსტერის სახლი“ (Poster House). იგი წარმოადგენს პლაკატების/პოსტერების თემატური გამოფენებისთვის განკუთვნილ არტსივრცეს და ეძღვნება ისტორიის ამ დოკუმენტების სოციალურ -პოლიტიკური, კულტურული გავლენების აღწერას არა მარტო ისტორიულ, არამედ – აქ და ამჟამად აქტუალობის კონტექსტშიც. გალერეა სწავლობს საზოგადოების აზრის ჩამოყალიბებისთვის ამ ვიზუალური/მასობრივი კომუნიკაციის მნიშვნელობასა და გავლენას ადამიანთა/ამომრჩეველთა განწყობებსა და არჩევანზე.
2025/26 წლებში “პოსტერის სახლმა” აშშ-ის დღევანდელი პოლიტიკური რეალიებისთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოფენა – “მაშინ ეს იყო მომავალი – იტალიური ფაშიზმის ცვალებადი სახე” (ისტორიული არტეფაქტები “მასიმო და სონია ჩირულის ფონდის” კოლექციიდან (2015) წარადგინა.
ამავე დროს, შარშან, ნიუ იორკში, “ებრაული ისტორიის ცენტრში” მიმდინარეობდა გამოფენა “ანა ფრანკი”, რომელიც წარმოადგენდა ფაშისტების მიერ ოკუპირებულ ამსტერდამში ცხოვრებისას ანას სამალავის სრულ რეკონსტრუქციას.
ამ “ბინაში” ნაცისტებს ემალებოდნენ ანა ფრანკის მშობლები, მისი უფროსი და მარგო და კიდევ ოთხი ებრაელი ლტოლვილი.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ასი ავთენტური საგანი მუზეუმიდან “ანა ფრანკის სახლი” (ამსტერდამი).
ანას ეს ნივთები და, ცხადია, მისი დღიური ოჯახის არა მარტო ტრაგიკული ბედის, თავისუფლების, სიცოცხლის მოსპობის მტკიცებულებად, არამედ 15 წლის გოგონას სულიერი სიმტკიცის სიმბოლოდაც გადაიქცა. აქვეა როგორც 1952 წლის გაზეთის The New York Times რეცენზია ამავე წელს გამომცემლობა Doubleday & Company, Inc., – ის მიერ გამოცემულ წიგნზე „ანა ფრანკის დღიური”, ასევე ამერიკული გამომცემლობის Viking Press – ის ოფიციალური უარი, დათარიღებული 1947 წლის 10 დეკემბრით, როცა გამომცემელმა “არანორმალური დრო” მოიმიზეზა.

ანა ფრანკის ოთახი
როცა ანა ფრანკი 1929 წელს ფრანკფურტში დაიბადა, აშშ-სა და ევროპაში დიდი დეპრესია მძვინვარებდა, იტალია ღარიბი და დაქუცმაცებული იყო, “კლოუნი” ბენიტო მუსოლინის “ნაციონალური ფაშისტური პარტია” კი ძლიერდებოდა და იტალიის ყველა ინსტიტუციასა და მედიას იმორჩილებდა, ამ დროს კი ადოლფ ჰიტლერი (1889-1945) იტალიის “პროგრესს” ყურადღებით იმისთვის აკვირდებოდა, რომ ტოტალიტარიზმის ეს მოდელი გერმანიაში გადაეღო. ამავე დროს იგი თავისი პროპაგანდისტული ქსელის გაძლიერებას იწყებს… ხალხში “რკინის ხელის/ წინამძღოლის” მოთხოვნილება ჩნდება.
სამი წლის შემდეგ გოეთესა და ბახის სამშობლოში ვერშემდგარი მხატვარი, მაგრამ წარმატებული პოლიტაგიტატორი ადოლფ ჰიტლერი გერმანელი ხალხის ნებით კანცლერი გახდა და ვაიმარის რესპუბლიკა ნაცისტური გერმანიად გადაიქცა.
***
“პოსტერის სახლმა” თავის უნიკალურ პრეზენტაციაზე მუსოლინის რეჟიმის პერიოდის 80-მდე პოსტერის ნიმუში წარადგინა. ექსპონატების შერჩევის პრინციპი გახლდათ არა მარტო პროპაგანდის პრიმიტიული მაგალითები, არამედ ნიმუშები, რომელიც პროპაგანდასა და ხელოვნებას შორის მერყეობს. გამოფენა ავანგარდული ესთეტიკისა და ავტორიტარიზმის შერწყმის ნათელი მაგალითია და დაგვაფიქრებს არა მარტო იმაზე, თუ როგორი იქმნება ხელოვნება ტოტალიტარიზმის სხვადასხვა ფაზებში, არამედ როგორ შეიძლება ხელოვნება ადამიანების გადანდგურების მანქანასა და თავისუფლების ჩაკვლას დაეხმაროს.
ცნობილია, რომ ყველაზე გამოჩენილი იტალიელი ფუტურისტები: ფილიპო ტომაზო მარინეტი (1876-1944), ფორტუნატო დეპერო (1892-1960) და ჯაკომო ბალა (1871-1958) მუსოლინის თაყვანისმცემლები იყვნენ… მათ “ვენტენნიოს” (Ventennio) დროს ანუ ფაშიზმის ოცი წლის განმავლობაში დუჩესგან ჰქონდათ არა მარტო სიტყვიერი, არამედ ფინანსური მხარდაჭერაც. დიქტატორი მათ პოსტერებს, გრაფიკას, არქიტექტურულ ესკიზებს, ლითოგრაფიას, დიზაინს უკვეთდა.
“პოსტერის სახლში” წითელ და შავ-თეთრ კედლებზე ფუტურიზმისა და “დიდი ძმის” გემოვნება შეხმატკბილებულად “ლაპარაკობდა” და, მართალი გითხრათ, ფრიად უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა, ისეთივე, როგორიც წლების წინ ნიუ იორკის Neue Galerie-ში “დეგენარატიული ხელოვნების” ექსპოზიციის ნახვისას.
იტალიაში ფუტურიზმი და პიროვნების კულტი, იგივე ხელოვანისა და სახელმწიფოს თანამშრომლობა ბოლოს გარდაიქმნა შემოქმედების სრულ კონტროლად, რომელიც იტალიის იმპერიული სულის უკვდავსაყოფად იყო “შეკვეთილი”. ეს პოსტერები მაშინდელი საზოგადოების სარკეა და იგივე შეიძლება ითქვას იტალიელებზეც: როგორ მოხდა, რომ XX საუკუნეში რაფაელისა და ვერდის ქვეყანაში ადამიანთა ცხოვრებას იტალიური კაგებე – საიდუმლო პოლიცია მართავდა და აკონტროლებდა…

გამოფენა „პოსტერის სახლში“. ია მერკვილაძის ფოტო

გამოფენა „პოსტერის სახლში“. ია მერკვილაძის ფოტო

გამოფენა „პოსტერის სახლში“. ია მერკვილაძის ფოტო

გამოფენა „პოსტერის სახლში“. ია მერკვილაძის ფოტო

გამოფენა „პოსტერის სახლში“. ია მერკვილაძის ფოტო
მეამბოხე ფუტურისტებს არ უყვარდათ წარსული. მეამბოხე ბენიტო მუსოლინი კი არქაულის მეხოტბე იყო, რომელიც იტალიის მომავალს იტალიური “მესამე რაიხის” გაძლიერებაში და მუდმივ ექსპანსიურ ომებში ხედავდა. ორივე დიქტატორმა ცუდად დაამთავრა. ფუტურისტების ნაწილს ფაშისტებთან თანამშრომლობის იარლიყი სამუდამოდ მიეწებათ; მუსოლინი დახვრიტეს და მის გვამზე საჯაროდ შური იძიეს; ჰიტლერმა კი თავი მოიკლა. პუტინსა და მისთანებს ჯერ-ჯერობით საერთაშორისო ტრიბუნალებს უწინასწარმეტყველებენ.

ბ.ა. ვან სისი
გამოფენის – “მაშინ ეს იყო მომავალი – იტალიური ფაშიზმის ცვალებადი სახე” კურატორი ბ.ა. ვან სისი ამბობს, რომ ხუთი წლის წინათ ყველაფერი იმით დაიწყო, რომ პოსტერის სახლის მაშინდელი კურატორი (ახლანდელი დირექტორი) ანჯელინა ლიპერტი ბოლონიაში გაემგზავრა და “მასიმო და სონია ჩირულის ფონდს” იტალიური კერძების პოსტერების შესაკრებად ესტუმრა… თუმცა საკვების მაგივრად მან “ვენტენნიოს” პერიოდის არტეფაქტები იპოვა და კერძების გამოსახულებები დროებით დაივიწყა.
ბ.ა. ვან სისი ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფი, მწერალი და კურატორია. იგი წლების განმავლობაში “პოსტერ ჰაუსის“ გამოფენების კონსულტანტი იყო და ამბობს, რომ იცის თუ რას ნიშნავს იყო ხელოვანი, რომელიც რთულ კულტურულ-პოლიტიკურ გარემოში ქმნის.
„- განსაკუთრებით მაინტერესებდა, თუ როგორ შეიცვალა იტალიაში ხელოვნების სტილი ძალიან სწრაფად, დომინანტური Stile Liberty-დან (ძირითადად, არტ ნუვო) ფუტურიზმამდე და როგორ დანებდა მას მთელი მხატვრული სამყარო“ – მიყვება ბ.ა. ვან სისი. – მხატვრები იმთავითვე თავისუფლად მოაზროვნეები არიან და მნიშვნელოვანია განვიხილოთ, თუ სად შეიძლება გადიოდეს შემოქმედის საზღვრები ან შესაძლო რეალობა“.
- შეგიძლიათ აღნიშნოთ ერთი პოსტერი, რომელიც ყველაზე ნათლად გამოხატავს იმას, თუ როგორ ზემოქმედებდა ფაშისტური პროპაგანდა საზოგადოებრივ აზრზე?
ერთი პოსტერის ნაცვლად, მე ერთ ჟანრს ავირჩევდი.
გამოფენაზე ავიაციის თემაზე ბევრი პოსტერი გვაქვს და ამას თავისი მიზეზი აქვს:
მუსოლინის რეჟიმს ესმოდა „პურისა და სანახაობის“ ღირებულება. პური საკვებით თვითუზრუნველყოფა იყო – იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება და იტალიური საკვებით თვითკმარობის ზრდა, ხოლო სანახაობის, ცირკის ნიშას ავიაცია იკავებდა.

გამოფენა „პოსტერის სახლში“. ია მერკვილაძის ფოტო

გამოფენა „პოსტერის სახლში“. ია მერკვილაძის ფოტო

გამოფენა „პოსტერის სახლში“. ია მერკვილაძის ფოტო
იტალიური თვითმფრინავები სულაც არ იყო ყველაზე ფუნქციური, მაგრამ სინამდვილეში ისინი ძალიან ლამაზი იყო და, გულწრფელად რომ ვთქვათ, კარგად ერგებოდა ფუტურისტულ იდეალებს: ბევრი მოძრაობა, ბევრი ხმაური. გამოფენაზე ავიაციისა და ავიაშოუების უამრავ პოსტერს ნახავთ, რადგან ეს იყო ფაშისტური რეჟიმისთვის შესანიშნავი ინსტრუმენტი, რათა ხალხში ამ მოძალადე მთავრობისა და მისი რთული ეპოქის მიმართ სიმყუდროვისა და სიმშვიდის განცდა შეექმნა.
- როგორ უპასუხეს ხელოვანებმა ფაშიზმს? თანამშრომლობდნენ, აკრიტიკებდნენ თუ “შუაშისტური” პოზიცია ეჭირათ?
ამ გამოფენაზე ძალიან ცოტა ხელოვანი იყო ისეთი, ვისაც დღეს რეჟიმის „ნამდვილ მორწმუნეს“ ვუწოდებდით. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობდნენ. მაგალითად, ჯინო ბოკასილი. უსიტყვო, დაუცველი, გვამივით შემზარავი ფიგურა. მაგრამ ძალიან ბევრ ხელოვანს სჯეროდა, რომ თუ მუშაობის გაგრძელება უნდოდა, იმ დროის ძლიერ კულტურულ ძალებს უნდა დამორჩილებოდა ისევე, როგორც ეს ნებისმიერ ეპოქაში ხდებოდა, მანამდე თუ შემდეგ. და იქ დომინანტური კულტურული ძალა იყო ფაშიზმი, ხოლო მისი მხატვრული ფრთა – ფუტურიზმი. არა ოფიციალურად დაკავშირებული, მაგრამ დიდწილად გადამკვეთი.
- ჩვეულებრივი იტალიელი ამ ხატებზე როგორ რეაგირებდა?
ისევე რეაგირებდა, როგორც ყველა რეაგირებს პროპაგანდაზე. ყოველთვის და სამუდამოდ. ადამიანები იყენებენ პროპაგანდას, რადგან პროპაგანდა მუშაობს. ის ისევე მუშაობს, როგორც ბევრი რეკლამა.
მაგალითად, შეხედეთ ხელოვნური ინტელექტის ყველა რეკლამას. ხალხს უბრალოდ სურს უთხრან, რომ რასაც არ უნდა აკეთებდნენ, განსაკუთრებით, თუ გულის სიღრმეში იციან, რომ ეს ცუდი იდეაა, ეს მაინც ნორმად უნდა მიიჩნეოდეს. მხოლოდ ეს სურთ მათ: რასაც აკეთებ, ნორმალურია. იტალიური ფუტურისტულ-ფაშისტური პროპაგანდა ძირითადად ამას ნიშნავდა – რასაც აკეთებ, ნორმალურია.
- რომელი პოსტერი იყო, რომელმაც ნეგატიური უკუკავშირი ან სკანდალი გამოიწვია?
გამოფენის კონცეფციიდან გამომდინარე მე ვერ ვიტყოდი, რომ რაიმემ ნეგატივი ან სკანდალი გამოიწვია. ჩვენ გვქონდა შიდა განხილვები იმაზე, თუ რა გვინდოდა, რომ გამოფენაზე გამოგვეტანა და ვფიქრობ, რომ “პოსტერის სახლის” დიზაინ-გუნდმა, რომელსაც ოლა ბალდიჩი ხელმძღვანელობდა, სწორი გადაწყვეტილებები მიიღო.
გამოფენაზე ნამდვილად იყო ისეთი ნამუშევრები, რომლებიც ადამიანებს უხერხულობას უქმნიდა — მასში ბევრი რასიზმია, ბევრი სისასტიკეა. არის წამება და ჩაგვრა. მაგრამ ამ ისტორიის გამო უხერხულობის განცდა კარგია. თუ არ გრძნობთ უხერხულობას, ვფიქრობ, ეს ნამდვილადაა დიდი შეშფოთების საფუძველი.
- ამ გამოფენაზე პირადად თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი რომელი პოსტერი იყო?
მუზეუმი პერიოდულად მთხოვდა, რომ მე, როგორც კურატორს, ტური გამეკეთებინა და ყოველთვის იყო ერთი პლაკატი, რომელსაც ვაჩვენებდი. ეს ამ გამოფენის საუკეთესო პლაკატი სულაც არ არის — არც ყველაზე კრეატიკულია და არც ყველაზე საინტერესო. ეს არის პოსტერი მოტოციკლეტების რბოლისთვის ერთ პატარა ქალაქში, სახელად – პორტოგრუარო. თავად რბოლა ორგანიზებულია იმ „პური და სანახაობის“ ატმოსფეროს შესაქმნელად, რაზეც ადრე ვისაუბრე. მაგრამ ეს სანახაობა ერთი მიზეზით დაიგეგმა — იგი ყურადღების გადატანას ემსახურებოდა. ერთ იტალიურ ქალაქში ახალი წლის დასაწყისში ცუდად გაკეთებულმა ვაქცინირებამ რამდენიმე ბავშვი იმსხვერპლა. რეჟიმმა კი მოაწყო დიდი, ენერგიული საგზაო რბოლა იმისთვის, რომ ხალხის მორალური სულისკვეთება აემაღლებინა, სინამდვილეში კი – პრობლემიდან ყურადღება გადაეტანა.
რაც ამ გამოფენის მიმდინარეობისას ისევ და ისევ მახსენდებოდა, იყო რეჟიმის მიერ გამოყენებული მანიპულაციური თხრობის სტილი: როცა მათთვის არასასურველი საუბარი ან განხილვა “მარცხენა მხარეს“ მიმდინარეობდა, ისინი “მარჯვენა მხარეს“ აკეთებდნენ რაღაც ისეთ დიდსა და თვალშისაცემს, რასაც საზოგადოების ყურადღების გადაეტანა მოსდევდა.
- ამ გამოფენის კურირებისას ყველაზე მეტად რამ გაგაკვირვათ?
გამაკვირვა თუ რა დოზით შემოვიდა ბენიტო მუსოლინი ჩემს ცხოვრებაში. ორი წელი გავატარე მუსოლინიზე ყველა წიგნის კითხვაში, ვუყურებდი მის საოჯახო ვიდეოებს და მის ციტატებს ვკითხულობდი. იქამდე მივედი, რომ ამ კაცზე ყველაფერი ვიცოდი — გარდა მისი საცვლების ფერისა.
დავიწყე იმით, რაც თავიდან რაღაც „ზედა პოზიციას“ ჰგავდა: ბევრ მუზეუმში დავდივარ და ჩემზე ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას ის გამოფენები ახდენს, სადაც კურატორი საუბარს თავიდანვე ბოლოთი იწყებს ხოლმე და ამბობს „აი, რა მოხდა…“ კურატორმა უკვე იცის, როგორ მთავრდება ამბავი… შეიძლება თქვენც იცით…
მუსოლინისთან დაკავშირებით დასასრული მარტივია: კაცს კლავენ, ხოლო მის იდეას – თითქოს ჩამოახრჩობენ, საჯაროდ ანადგურებენ. მაგრამ როგორ ჯანდაბამდე მივედით აქამდე? საქმე იქამდე მივიდა, რომ მუსოლინის სიზმრებშიც კი ვხედავდი: მაგრამ ამაზე მეტად, ის სულ უფრო და უფრო რთულ არსებად წარმომიდგა: ყოფილი მასწავლებელი, რომელიც სიყალბესა და აბსურდს ქადაგებდა; ქალების მოყვარული, რომელსაც სინამდვილეში ქალები სძულდა; კაცი, რომელიც XX საუკუნის ყველაზე სასტიკ დიქტატორს დაუკავშირდა, მაგრამ პირად ცხოვრებაში თითქოს რაღაცნაირად მხიარული და სახალისო ადამიანიც კი იყო.
მუსოლინი არც ერთ წამს მომწონებია. ძალიან მიხარია, რომ ის აღარ არსებობს და რომ იტალიამ, სადაც ჩემი ოჯახის დიდი ნაწილი ცხოვრობს და სადაც წელიწადის ნახევარს ვატარებ, შეძლო გამხდარიყო ახალი და უკეთესი ქვეყანა. მაგრამ გარკვეულ მომენტში, თითქოს თავისთავად, ოსმოზის მსგავსად, მუსოლინის აჩრდილი ისე იქცეოდა, თითქოს გამოფენაში თანასწორ მონაწილედ ყოფნა უნდოდა. ჩემი სამუშაოს ნაწილად კი იქცა ამ მოჩვენების თავის ადგილზე დაყენება და მისი კონტროლი.
- თქვენ ხედავთ რაიმე პარალელს ახლანდელ პოლიტიკურ სიტუაციასა და მუსოლინის ეპოქას შორის?
მუზეუმი იმთავითვე წარსულის შემცველია, მაგრამ ცხოვრობს აწმყოში და მუდმივად აწყდება მას. ყველაზე დიდი მითი, რომელიც მუზეუმმა შეიძლება საკუთარ თავზე შექმნას, არის შეუვალობის, შეუცვლელობის, ინტრანსიგენტობის მითი.
ჩვენ ამ გამოფენის დაგეგმვა ხუთი წლის წინ დავიწყეთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის 50, 500 ან 5000 წლის წინაც რომ გაგვეკეთებინა, პარალელები მაინც იარსებებდა.
ყოველთვის არსებობდნენ ადამიანები, რომლებსაც ძალაუფლება აგიჟებდათ; და ყოველთვის არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც მზად იყვნენ ასეთებსთვის გზა დაუთმოთ და წინსვლის საშუალება მიეცათ.

გამოფენა „პოსტერის სახლში“. ია მერკვილაძის ფოტო

გამოფენა „პოსტერის სახლში“. ია მერკვილაძის ფოტო

გამოფენა „პოსტერის სახლში“. ია მერკვილაძის ფოტო







