1636 წელს მასაჩუსეტსის შტატში დაარსებული ჰარვარდის უნივერსიტეტი აშშ-ის ყველაზე ძველ უნივერსიტეტად ითვლება. იგი ჯერ ქრისტიანი მქადაგებლებისა და მღვდელმსახურთა მოსამზადებელ ერთგვარ სასწავლო ცენტრად შეიქმნა, მერე კი თანდათან არა მარტო პრესტიჟულ სამეცნიერო-კვლევით ჰაბად, არამედ გლობალური გავლენის სასწავლო დაწესებულებად, ნობელიანტების ალმა მატერად გადაიქცა. აქ სწავლობდა აშშ -ის რვა პრეზიდენტი და უზენაესი სასამართლოს ექვსი მოსამართლე.
2022 წლიდან ჰარვარდის უნივერსიტეტში “დეივისის ცენტრის რუსული და ევრაზიული კვლევების” ქოლგის ქვეშ ფუნქციონირებს პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი პროგრამა, რომლის ფოკუსშიც საქართველოა. თავად ცენტრი 1948 წელს დაარსდა და ცნობილი ამერიკელი დიპლომატის, ინვესტორისა და ქველმოქმედის, შელბი დეივისისა და მისი მეუღლის, ქეთრინის პატივსაცემად “დეივის ცენტრის” სახელს ატარებს.
გამოფენა “თბილისის ფერები”, რომლის ავტორია ნიკოლოზ თბილელი, განთავსდა Fischer Commons Gallery – ში (Harvard University Center for Government and International Studies North Knafel Building). ამავე მისამართზე, კემბრიჯის ქუჩა 1737 – ის შენობის დარბაზებში კურატორის ქეთევან პაიჭაძის (ორგანიზაცია Art Cross Foundation) თაოსნობითა და სპონსორების მხარდაჭერით გამოიფინა 23 ქართველი თანამედროვე მხატვრის ნამუშევრებიც.
ექსპოზიციაზე სახელწოდებით – “კულტურაში ფესვგადგმული” წარმოდგენილნი იყვნენ: გელა დუმბაძე, ნინო გოგოლაშვილი, გია ჯაფარიძე, თამარ მინაშვილი, თემო თაილური, გოგიტა თოიძე, სერგო თბილელი, ნიკოლოზ თბილელი, ოთარ ვეფხვაძე, ია გიგოშვილი, დათო აფციაური და სხვები.
“თბილისის ფერები” ძველი თბილისის ხელოვნური ინტელექტით გაფერადებული, აღდგენილი და გაცოცხლებული ფოტოებია, რომელიც ამოღებულია ვაშინგტონის, ნიუ იორკის, პარიზის, ლონდონისა და თბილისის არქივებიდან. გალერეის შუაგულში წრეზე განლაგებული ძველი თბილისის გადიდებული ფოტოების ერთ-ერთი პირველწყარო 1862 წლითაა დათარიღებული.
დარბაზის ფანჯრებთან უნივერსიტეტის სტუდენტები ისხდნენ და მეცადინეობდნენ, ჩურჩულებდნენ, ჩუმად იცინოდნენ, მინიდან კი მზის სხივი ამ დიდ, ლამის კინემატოგრაფიულ ფოტოებს ეცემოდა… ეს საკმარისი იყო უცნაური, “არაკოგნიტიური დისონანსისთვის”, როცა 1550 წლის ასაკის, მონატრებული ქალაქის ხედების, აივნების, სავაჭრო უბნების, მოედნების ასეთი ცხადი ხატები თითქოს მეტყველებენ, შენობების სახურავებიდან ჩამოშლილ ჩრდილებზე გადაჰყავხარ და ახლოს ხედავ ხეებს, ქუჩებს, ადამიანებს, რომლებიც არასდროს დაბრუნდებიან; თბილისი როგორც ფერადოვანი, მრავალკულტურული ქალაქი, რომელიც შავ-თეთრ არქივში ინახებოდა, თითქოს სხვადასხვა ფერებით დაბრუნდა.
ამ უნიკალური ფოტოების შემქმნელებმა იცოდნენ, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის გზაჯვარედინზე აშენებული თბილისი არა მარტო საქართველოს, არამედ კავკასიის გული იყო და ეს ფოტოებიც მაშინდელი თბილისის სულსა და ხიბლზე მოგვითხრობს.

გამოფენა ჰარვარდში. ია მერკვილაძის ფოტო

გამოფენა ჰარვარდში. ია მერკვილაძის ფოტო

გამოფენა ჰარვარდში. ია მერკვილაძის ფოტო
აქაა რუსული იმპერიის დროინდელი თბილისის ადმინისტრაციული შენობები და სამხედრო ყოფა, ქვის ვიწრო გასასვლელები და სავაჭრო რიგები, აბანოთუბანი და გოგირდის აბანოები, ლეღვთახევი და ძველი ქვის ხიდები, სოლოლაკი და კალა. ერთი ხიდი ქუთაისის თეთრ ხიდსაც კი მივამსგავსე – ხიდის პერპენდიკულარულად და რიონის პარალელურად გრძელფანჯრებიანი ტანვარჯიშის დარბაზებსაც, სადაც პატარაობისას დავდიოდი.
დიმიტრი ერმაკოვის, ალექსანდრე როინიშვილის, უცხოელი, უცნობი მოგზაურების ფოტოარქივებმა ხის კიბეების ჭრიალიც გააცოცხლა, ფაეტონის ცხენის ფლოქვებმა კი ოდნავ გაბუნდობანებულ, დიდ “ფოტოქაღალდზე” ძალა და ენერგია არა, მაგრამ ქალაქის მიმქრალი რიტმი და ქვაფენილის სუნი გააღვიძა თავისი რბილი მყუდროებითა და სამუდამოდ დამარხული საიდუმლოებებით…
ოკეანის გადაღმა გადატანილ ამ ნოსტალგიურ კადრებში ისე ვიდექი, თითქოს სტუმარი საკუთარ სახლში. და ვხედავდი როგორ იწყებს ეს ხატები ნისლგადაფარვას/ გაქრობას, როგორც ძალიან შორეული, მაგრამ ნათელი მოგონება და ასე ერთი ფოტოდან მეორემდე. ეს ფოტოები არ ყვირიან, არამედ მშვიდად და ჩურჩულით გეუბნებიან, რომ ეს აურა დიდი ხანია არ არსებობს, დროის სიღრმედ გადაიქცა და მხოლოდ შენს წყვეტილ ზმანებად დარჩა – მოვაჭრეების დროდადრო შეძახილებად, რომელიც “რეკორდერით” ვერავინ ჩაიწერა, ამიტომაც აღარ არსებობს და ვერც გამოიფინება “თბილისის ხმებად”… მტკვარი კი ისევ ისე მშვიდად მიედინება, მაგრამ თითქოს იმ წყალს უკვე სხვა ქალაქი გასდევს.
ამ ძველი ნოსტალგიური აურის გარდა აქაა ჩვენი ტრაგიკული ბედისწერაც – საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების დღე – 1921 წლის 21 თებერვალს გადაღებული ფოტო, ისტორიის დაყოვნების წუთებითა და მძიმეჭაღიან, დიდ, მაღალჭერიან დარბაზში პირველი რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებით – მომენტი, როცა სიტყვები ქაღალდზე გადავიდა, ქაღალდი კი – სახელმწიფოდ. და ხედავ, რომ საქართველო ჯერ კიდევ სუნთქავდა. ყველამ იცოდა იმ დღის დრამატულად ზღვრული სიმყიფე. რუსის ჯარი საქართველოში უკვე შემოიჭრა და დედაქალაქს უახლოვდებოდა, 25 თებერვალს კი თბილისი დაეცა.
აქაა 1919-ში გადაღებული დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის ფოტოც – ერთდროულად იმედი და შფოთი… მარცხნიდან მარჯვნივ: კონსტანტინე ჯაფარიძე, გრიგოლ ნათაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე ლომთათიძე, სვიმონ მდივანი, ქრისტინე შარაშიძე… მაგიდის შინდისფერი სუფრის გარშემო მამაკაცები თეთრ პერანგებში, შავ შარვალ-კოსტიუმში, ქრისტინე კი დიდ თეთრსაყელოიან, ფირუზისფერ გრძელ კაბაში. ნეტა, რაზე საუბრობდნენ, სანამ ფოტოგრაფი დაუძახებდათ და მერე რა განიხილეს, სად წავიდნენ…

გამოფენა ჰარვარდში. ია მერკვილაძის ფოტო

გამოფენა ჰარვარდში. ია მერკვილაძის ფოტო

საქართველოს რუკა და დამოუკიდებლობის აქტი “დეივისი ცენტრში”, ჰარვარდის უნივერსიტეტში. ია მერკვილაძის ფოტო
***
კურატორი ქეთევან პაიჭაძე ამბობს, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტში გამოფენის გახსნის დღეს მხატვარმა სერგო თბილელმა ქართველ მხატვრებზე ლექცია წაიკითხა, ნიკო თბილელმა კი დედაქალაქის არქიტექტურასა და ხელოვნური ინტელექტის მიერ გაცოცხლებული ფოტომატიანის ისტორიაზე ისაუბრა.
„- ჩვენმა პრეზენტაციამ ჰარვარდის პროფესორ-სტუდენტების, გალერეის ხელმძღვანელობის დიდი ინტერესი გამოიწვია და ეს საკმაოდ ინტენსიურ უკუკავშირშიც აისახა“, – მიყვება ქეთევან პაიჭაძე, – „მასპინძლებმა სურვილი გამოთქვეს, რომ სამომავლოდაც გავაგრძელოთ ქართული ხელოვნების წარდგინება, კურატორებისა და მკვლევრების მოტივაციით კვლევები ჩატარდეს და ეს დიალოგი აქტუალურ ეტაპზე გადავიდეს, ცხადია, ფინანსური მხრის უზრუნველყოფით. სერგო თბილელმა კი ადგილზე დახატა და ეს გარშემომყოფთათვის იმდენად ემოციური იყო, რომ ზოგმა სტუმარმა იტირა, ზოგმა იცეკვა… ზოგს “ბორჯომი” მივაწოდეთ და მოვუყევით ჩევნს მინერალურ წყლებზე, ზოგს – ღვინო და ქართული ღვინის ისტორიაც მოვუთხრეთ. ბევრი გავიცანით, დავმეგობრდით, ბევრმა საქართველოში სტუმრობის სურვილი გამოთქვა.
– ზოგადად საქართველოს შესახებ ცოდნა ლამის ღვინოსა და ხაჭაპურზე საუბრით შემოიფარგლება..
– ამერიკელებმა საქართველოზე, ფაქტობრივად, არაფერი იციან და ეს ეხება განა მარტო მხატვრობას, არამედ მითოლოგიასაც, დამწერლობას, ლიტერატურას, ისტორიას. აუცილებელია საქართველოზე კომპლექსური ხედვა გაჩნდეს.
როცა გამოფენა დავგეგმეთ, ცხადად დავინახეთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი კულტურის წარდგინება მცირე დროში შეგვეძლოს. ჩვენი გამოფენა ერთი თვე უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ დაინტერესება დიდი იყო, ამიტომ რამდენიმე თვე კიდევ დაემატა. არ გვინდოდა გამოფენის შინაარსი ვიწრო ეროვნული მოტივებით შემოფარგლულიყო, გვინდოდა საზღვრებს გასცდენოდა და ამ აკადემიურ სივრცეში ჩვენი სათქმელი უფრო მკაფიოდ გაგვეჟღერებინა.
ქართველი ხელოვანების გამოფენა კონგრესის ბიბლიოთეკაში განსაკუთრებულად ლამაზი და ჰარმონიული იყო. მაგრამ რეალობა ასეთია – დიდი ვაკუუმია ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ცოდნასთან დაკავშირებით. ჩვენ უფრო პოლიტიკური კატაკლიზმებით გვიცნობენ, ვიდრე -კულტურული იდენტობის პრიზმით. თუმცა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობითა და თანამედროვე ხელოვნებით ჰარვარდის უნივერსიტეტის დაინტერესება იმის ძალას გვაძლევს, რომ ეს ვაკუუმი ამოვავსოთ. და არა იმიტომ, რომ მე ქართველი ვარ და მიყვარს ქართული კულტურა, არამედ ვთვლი, რომ XXI საუკუნეში საქართველო თავისი მდიდარი კულტურით ჩრდილშია მოქცეული. მე ჩემი აზრი მაქვს ამასთან დაკავშირებით – საქართველო ზღვის ფსკერზე ჩაძირული მარგალიტია, რომელიც მსოფლიომ უნდა აღმოაჩინოს“.

გამოფენა ჰარვარდში. ია მერკვილაძის ფოტო

გამოფენა ჰარვარდში. ია მერკვილაძის ფოტო

გამოფენა ჰარვარდში. ია მერკვილაძის ფოტო

გამოფენა ჰარვარდში. ია მერკვილაძის ფოტო

გამოფენა ჰარვარდში. ია მერკვილაძის ფოტო

გამოფენა ჰარვარდში. ია მერკვილაძის ფოტო

გამოფენა ჰარვარდში. ია მერკვილაძის ფოტო









