მანჰეტენის ყველაზე მითოლოგიზებულ უბანში — გრინვიჩ-ვილიჯში, ბიტნიკების, პოეტების, ჯაზმენებისა და ავანგარდისტების ისტორიულ ტერიტორიაზე, ცხოვრობს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი, პიტერ სკინერი. იგი ოც წელზე მეტია, რაც საქართველოსა და კავკასიაზე დაწერილ ინგლისურენოვან წიგნებს რუდუნებით აგროვებდა. რამდენიმე წლის წინ კი ეს უნიკალური კოლექცია, დაახლოებით 6 500 წიგნი, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა.
პიტერ სკინერი 1938 წელს გაერთიანებულ სამეფოში დაიბადა. მსახურობდა სამეფო ფლოტში, განათლება ოქსფორდის უნივერსიტეტში მიიღო, მოგვიანებით კი საცხოვრებლად აშშ-ში გადმოვიდა, სადაც კერძო სკოლებში ასწავლიდა და გაეროში მუშაობდა. მისი ცხოვრების მთავარმა გატაცებამ, მოგზაურობამ, იგი 2006 წელს საქართველოში ჩაიყვანა. მას შემდეგ პიტერ სკინერმა თავისი დრო, ენერგია, ცოდნა და სიყვარული საქართველოს ისტორიის შესწავლასა და პოპულარიზაციას მიუძღვნა.
თავად ამბობს, რომ მისი პირველი ინტერესი მარკო პოლოს მიერ საქართველოს ხსენებამ გაუჩინა. ამას მოჰყვა მარჯორი უორდროპის მიერ ნათარგმნი ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“, რის შემდეგაც ნიუ იორკის საჯარო ბიბლიოთეკას მიაკითხა და პირველი კითხვა ვისაც დაუსვა, იქ მომუშავე ქართველი აღმოჩნდა. შემდეგ კვლევები ნიუ იორკის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებში განაგრძო, მოგვიანებით ადგილობრივი ქართველებიც გაიცნო და მას მერე ნიუ იორკში ქართული ღონისძიებების მუდმივი და ყველაზე სასურველი სტუმარი გახდა.
საქართველოში მოგზაურობის პარალელურად, პიტერ სკინერმა სხვადასხვა გამოცემებთან ინგლისურენოვან რედაქტორად დაიწყო თანამშრომლობა. ერთ-ერთი პირველი ასეთი პროექტი იყო 2008 და 2009 წლებში თბილისში, „საქართველოს ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის“ მიერ ორგანიზებული, ვახტანგ ბერიძის სახელობის საერთაშორისო სიმპოზიუმების მასალების კრებულები. მას შემდეგ, როგორც ანგლოფონი ისტორიკოსი, იგი საქართველოს თემატიკაზე შექმნილი არაერთი კრებულისა და მონოგრაფიის რედაქტორი გახლდათ.
2014 წელს „გამომცემლობა ნარიყალამ“ გამოსცა პიტერ სკინერის ინგლისურენოვანი წიგნი „საქართველო — მიწა კავკასიონის ქვევით. თხრობითი ისტორია“. ეს ხუთასგვერდიანი ნაშრომი მოიცავს როგორც ქართველებისთვის, ისე უცხოელი სპეციალისტებისთვის მანამდე უცნობ აღმოჩენებს. ტექსტმა საერთაშორისო აღიარება მალევე მოიპოვა.

„საქართველო — მიწა კავკასიონის ქვევით. თხრობითი ისტორია“
მოგვიანებით, ამავე გამომცემლობასთან ერთად, პიტერმა კიდევ ორი მნიშვნელოვანი წიგნი მოამზადა: კარლა სერენას „მოგზაურობები კავკასიაში“, რომელიც მან 2015 წელს ფრანგულიდან ინგლისურად თარგმნა და 2017 წელს ხელახლა გამოცემული არნოლდ ლ. ზისერმანის „ოცდახუთი წელი კავკასიაში“, რომელსაც ვრცელი სარედაქციო შენიშვნები დაურთო.

პიტერ სკინერი. ია მერკვილაძის ფოტო
2026 წლის 19 მაისს, რატგერსის უნივერსიტეტის დოქტორანტის, გიორგი პაპაშვილის ინიციატივით, აშშ-ში მცხოვრები ქართველი ინტელექტუალების მიერ დაარსებული „ქართული ასოციაციის“ (1932) წევრები ვაშინგტონიდან ნიუ იორკს ეწვივნენ და პიტერ სკინერი საქართველოს ისტორიის შესწავლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოვეს.
– „ამერიკაში XX საუკუნის 30-იან წლებში “ქართულ ასოციაციას” სათავეში ჩაუდგნენ ის ადამიანები, რომელსაც კარგად ესმოდათ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ქვეყნიდან შორს ქართული ერთობის, კულტურისა და ენის შენარჩუნება; ამერიკული საზოგადოებისთვის საქართველოს ისტორიისა და თანამედროვეობის პრობლემატიკის გაცნობა“, — მიყვება „ქართული ასოციაციის“ ხელმძღვანელი სალომე წერეთელი-სტივენსი, — „მათ შორის იყო პავლე კვარაცხელია, რომელიც დამოუკიდებელმა საქართველომ საზღვარგარეთ სასწავლებლად გააგზავნა, რათა მიღებული დასავლური განათლებით თავის ქვეყანას გამოსდგომოდა. მისი მეუღლე, ზუგდიდში დაბადებული თამარ ჯორჯიკია კი ჩინეთში, ჰარბინის პროვინციის ქართულ სათვისტომოში გაიზარდა და ამგვარი ორგანიზაციის მნიშვნელობა მასაც კარგად ესმოდა.
მათთან ერთად სხვა გამოჩენილმა პატრიოტებმა საფუძველი ჩაუყარეს არაერთ ტრადიციას, რომელმაც ათწლეულებს გაუძლო. მაგალითად, ასეთი იყო ნინოობის საზეიმო აღნიშვნა, საიდანაც შემოსული თანხით ამერიკაში მცხოვრები ქართველები პარიზის ქართულ ეკლესიას 1932 წლიდანვე ეხმარებოდნენ; ასეთივე იყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის რეგულარული აღნიშვნა და 1924 წლის აჯანყების გახსენება.
რამდენიმე წლის წინათ „ქართულმა ასოციაციამ“ სწორედ ამ ტრადიციების აღდგენა დაიწყო. 26 მაისი აშშ-ში ქართველების მიერ ისედაც ყოველთვის საზეიმოდ აღინიშნებოდა, 1998 წლიდან კი ასოციაციამ საქართველოს მხარდამჭერი ამერიკელებისთვის სიმბოლური ჯილდოს გადაცემა დააწესა.
1998 წელს ჯილდო გადაეცა სენატორ მიტჩ მაკკონელს, 2007-ში — სენატორ რიჩარდ ლუგარს, ხოლო 2009-ში — სენატორ ჯონ მაკქეინს. 2024 წელს ეს პატივი წილად ხვდათ “სინეტიკის თეატრის” ხელმძღვანელებს — პაატა და ირინა ციქურიშვილებს და ორგანიზაციის – “საქართველოს ამერიკელი მეგობრების” მაშინდელ ხელმძღვანელს, მარუსია ჭავჭავაძეს.
გარდა ამისა, 2024 წელს ვაშინგტონში ასოციაციამ 1924 წლის აჯანყების ასი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებით საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირები გაიხსენა.
ასოციაციის ისტორიაში წლევანდელი წელი იმით იყო გამორჩეული, რომ აშშ-ის დედაქალაქში 26 მაისის დღესასწაულს ქართული დღეები მივუძღვენით: ჩატარდა ფოლკლორული კონცერტი, ახალგაზრდებისთვის კი — ვიქტორინა. წელს ძველი ტრადიციაც აღვადგინეთ და თანამედროვე სტილში, ციფრულ ფორმატში ლიტერატურული ჟურნალი “ერთობა” გამოვეცით.


თუმცა ჩვენთვის განსაკუთრებული პატივი საქართველოზე შეყვარებული ადამიანის, პიტერ სკინერის დაჯილდოება იყო. პიტერის წვლილი გამორჩეულია, რადგან ის წლების განმავლობაში საქართველოს ისტორიასა და კულტურას სიღრმისეულად იკვლევდა და ამ ყველაფერს ამერიკულ აუდიტორიას ინგლისურ ენაზე აწვდიდა. ამგვარი ადამიანების არსებობა იშვიათობაა არა მხოლოდ ახლა, არამედ სათვისტომოს ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაშიც. ამიტომ განსაკუთრებით დასაფასებელია პიტერ სკინერის შრომა, ერთგულება და იშვიათი გულშემატკივრობა. მისი საქმიანობა დიდი ხანია გასცდა პროფესიულ ჩარჩოებს — ეს არის ადამიანის გულწრფელი სიყვარული საქართველოსა და ქართველების მიმართ“.

“ქართული ასოციაციის ” ხელმძღვანელი სალომე წერეთელი-სტივენსი, პიტერ სკინერი და ქართველოლოგი, პროფესორი სტივენ ჯონსი. ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო
***
გიორგი პაპაშვილი, რატგერსის უნივერსიტეტის დოქტორანტი: „2026 წელს პიტერ სკინერის მიერ საქართველოთი დაინტერსებიდან 20 წლის იუბილე აღინიშნება. მას დიდი ხანია ამოძრავებს იმის რწმენა, რომ საქართველო გაცილებით მეტ ყურადღებას იმსახურებს როგორც ისტორიკოსებისგან, ისე ფართო საზოგადოებისგან. მისი სქელტანიანი წიგნი -„საქართველო — მიწა კავკასიონის ქვევით. თხრობითი ისტორია” ფართო მკითხველისთვის დაიწერა და ამ ტექსტმა, ფაქტობრივად, ქვეყნის შესახებ ხელმისაწვდომი ისტორიული ნარატივების ნაკლებობის პრობლემა გადაჭრა.
წიგნი მოიცავს მრავალ პირველწყაროს, მათ შორის, ისეთ მასალებს, რომლებიც ადრე უგულებელყოფილი იყო როგორც ქართველი, ისე ინგლისურენოვანი მეცნიერების მიერ. ეს კი ამ ნაშრომის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის.
ამ წიგნის მომზადებისა და წერის პროცესში პიტერ სკინერმა შექმნა ყოვლისმომცველი კერძო ბიბლიოთეკა, რომელიც ქართველოლოგიის უნიკალურ კოლექციას წარმოადგენს და იგი ქართველ ხალხს სრულიად უსასყიდლოდ გადასცა. ამ მასალების უმეტესობა თბილისის ბიბლიოთეკების თაროებზე არ მოიპოვებოდა და მსოფლიოში სხვაგან არსად იყო ხელმისაწვდომი.
როგორც საქართველოს ნამდვილმა მეგობარმა, პიტერ სკინერმა ჩვენი სამშობლო მხოლოდ რუკაზე კი არ აღმოაჩინა, არამედ საკუთარ გულში დაიტია“.
სტივენ ჯონსი, პროფესორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის დეივისის ცენტრის ქართული პროგრამების დამფუძნებელი და ყოფილი ხელმძღვანელი: „თუ სწორად მახსოვს წელი, პირველად პიტერ სკინერს 2015 წლის ზაფხულში, თბილისში სასტუმრო „რუმსის“ ბარში შევხვდი. ეს მართლაც შემთხვევითი შეხვედრა იყო, რომელმაც ჩვენი დიდი და სასარგებლო მეგობრობა განაპირობა და, ამას, ცხადია, ქართული თემების განხილვა მოჰყვა.
შევიტყვე პიტერის თავგადასავლების შესახებ საქართველოში, როდესაც ის ცდილობდა XIX საუკუნის საქართველოში მოგზაურების – არნოლდ ზისერმანისა და კარლა სერენას შესახებ მეტი გაეგო. ამ პროცესში მან შეაგროვა ინფორმაცია თავისი შესანიშნავად საკითხავი წიგნისთვის – „საქართველო: მიწა კავკასიონის ქვევით: თხრობითი ისტორია“, რომელიც საქართველოს ისტორიის მდიდარ ტილოს ხატავს დაწყებული საქართველების ბერძნებთან და რომაელებთან შეხვედრებიდან ვიდრე ჯალალედინამდე და ბოლოს, 1801 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიამდე.
პიტერის კავშირი საქართველოსთან დიდი ხნის და ნაყოფიერი იყო ყველა ჩვენგანისთვის, ვინც საქართველოსა და მისი ისტორიული ქარტეხილების მკვლევრები ვართ. მეც ვისარგებლე პიტერის არაჩვეულებრივი კოლექციით, რომელიც საქართველოსა და კავკასიაში დასავლელი მოგზაურების ნაშრომებს მოიცავს და მალევე გავუზიარეთ ერთმანეთს შთაბეჭდილებები ოდეტ კიუნის, კეტლინ ო’დელის, ჯონ ბედელის, ჯეიმს ბრაისისა და სხვა მწერლების შესახებ, რომლებიც ასევე მოხიბლულნი იყვნენ კავკასიის რეგიონით, საქართველოთი.
პიტერმა თავისი წიგნების შესანიშნავი კოლექცია საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას გაუგზავნა, რათა იგი საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იყოს. ჩემთვის უდიდესი სიამოვნება იყო ნიუ იორკში პიტერ სკინერის დაჯილდოების ღონისძიებაში მონაწილეობა. მოუთმენლად ველი, რომ მომავალშიც ქართული კულტურასა და ისტორიისადმი მიძღვნილ კიდევ მრავალ დღესასწაულს პიტერთან ერთად აღვნიშნავთ“.

პიტერ სკანერი და სტივენ ჯონსი. ია მერკვილაძის ფოტო








