გია მარიამიძის ბლოგი

ბოლო ტყვია

ბოლო ტყვია

“შეთქმულების თეორია’’,  როგორც ჟანრი,  ჩვენი მზიური ქვეყნის ჰავას კარგად მოერგო და ქართულ მიწაში ფესვიც  გაიდგა.  მითი რაც უფრო დაუჯერებელია,  ადამიანებს უფრო მეტად სწამთ: მსოფლიოს კულისებს მიღმა ძალები მართავენ;  უხილავი მტრები გვყავს; საქართველოს ებრძვიან და ქართველობას გვართმევენ;

ეს ჟანრი ‘’რელიგიურია’’ და ცოდნას გამორიცხავს. ადამიანებს სწამთ ეს იმიტომ, რომ სწამთ  და ნებისმიერი რწმენა აუხსნელია.  თუმცა, რაკი შეთქმულების თეორიები სისულელეა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეთქმულება, როგორც ასეთი, ბუნებაში არ არსებობს. შეთქმულებები ხორციელდება, ზოგჯერ წარმატებით,  ზოგჯერ, არც ისე. ამასთან, არსებობს მოვლენების განვითარების ლოგიკა, ინერცია, გაუთვალისწინებელი ფაქტორები, შეცდომა, მოვლენების მცდარი გათვლა და ათასი სხვა ასპექტი, რაც ამა თუ იმ პროცესის შეფასებისას უნდა გავითვალისწინოთ და ყველაფერი ფარული ძალების ზემოქმედებით არ ავხსნათ. 

სსრკ-ს დაშლამდე და დაშლიდან დღემდე,  რუსეთის ინტერესი ჩვენ მიმართ ერთია -საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, არ შედგეს! ამისთვის, ცდილობს  საქართველოზე კონტროლი შეინარჩუნოს. ის, ამ ინტერესს  ნებისმიერი, დაშვებული თუ დაუშვებელი ხერხებით აღწევს.  „მიზანი ამართლებს საშუალებას“ – გახარჯა ყველა ‘’ტყვია’’ და არც ერთი არ აგვაცდინა: აფხაზეთი, ცხინვალი, ეკონომიკური ბლოკადა, რუსეთიდან  ქართველების დეპორტაცია, ქართულ საზოგადოებაში გავლენის მქონე ადამიანების სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ ამოქმედება, ტერორისტული აქტები და დივერსიები, საინფორმაციო და კიბერ-შეტევები, სეპარატიზმის ხელშეწყობა, იარაღის კრიმინალურ ჯგუფებზე გაყიდვა-დარიგება. 

ამ ყველაფერს, ჩვენში ღიად არავინ უარყოფს, მაგრამ მტერთან ‘’ურთიერთობის გამოსწორებას’’ ქართველთა ნაწილი მოითხოვს და რაკი მოთხოვნა, მიწოდებაც ჩნდება. რას ითხოვს ჩვენგან რუსეთი? ეს ცნობილია: ჩვენ მიერ ნეიტრალიტეტის გამოცხადებას და დასავლეთთან დაახლოებაზე უარის თქმას. ეს რაში გამოიხატება? ნატოში არ გავწევრიანდეთ, (სადაც, ფაქტობრივად, ვერ ვწევრიანდებით დაკარგული ტერიტორიების გამო და ეს, რუსეთმა ყველაზე კარგად იცის);  ევროკავშირში არგაწევრიანებას, (სადაც ისედაც არ გვიღებენ); აშშ-ს სამხედრო ბაზების აქ არგახსნას ( აშშ-ს რომ ვთხოვოთ კიდეც, ამას არ იზამს); ევროსაბჭოში პროტესტის შეწყვეტას – რუსეთის ოკუპანტობაზე;  შიდა და გარე პოლიტიკის წარმოებაში ყოველი ნაბიჯის რუსეთთან შეთანხმებას;

როგორც ვხედავთ, ბოლოს გარდა, ყველა მოთხოვნა ფორმალურია. სინამდვილეში, რუსეთს ერთი რამ უნდა: საქართველო აკონტროლოს,  მისი  ნებართვის გარეშე ნაბიჯი არ გადავდგათ  და ფაქტობრივად, დამოუკიდებლობაზე უარი ვთქვათ.  ეგებ, ეს კარგიც არის და ღირს კიდეც,  რუსეთს დავემორჩილოთ? რას მივიღებთ ამ შემთხვევაში? თუ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, მაშინ, მოსკოვი პირველ რიგში,  სიტყვის საქმედ გადაქცევას მოგვთხოვს – რაც, საქართველოში რუსული სამხედრო ბაზების დაბრუნებას ნიშნავს. მას უკვე ჰყავს ჯარი ჩვენს მიწაზე – აფხაზეთსა და ცხინვალში. ამას კიდევ დაამატებს ახალქალაქს  და ბათუმს. რატომ? იმიტომ, რომ ის ჩვენ არ გვენდობა (არც არასდროს გვენდობოდა და იმპერიაში ერთერთ დაუმორჩილებელ მხარედ გვთვლიდა) . სანაცვლოდ, დაკარგული მიწების ‘’დაბრუნებას’’ გაითამაშებს. ქართველ დევნილებს ცხინვალის რეგიონში ‘’დააბრუნებს’’ ( თითქმის ყველას, რადგან იქ ოსები ქართველებზე მეტნი არიან) და აფხაზეთში იმდენს, რომ ქართველები დღეისათვის იქ მცხოვრებ მოსახლეობაზე მეტი არ გახდნენ. რატომ? იმიტომ რომ კენჭისყრისას, ქართველების ხმებმა არ გადაწონოს. დანარჩენი დევნილების არშეშვებას კი ახსნიან სეპარატისტების  ლოზუნგით – ‘’ვინც ჩვენ წინააღმდეგ იბრძოდა, აქ არ ეცხოვრებაო’’ . მთავარი ის არის, რომ ეს ვითომ მიწების დაბრუნება, სიყალბეა. რუსეთი  საქართელოს მთავრობას იქ ცხვირს არ ჩააყოფინებს და მთლიანად პირად მართვაში დაიტოვებს. ამგვარად, ორ კურდღელს დაიჭერს – აფხაზებს ჩვენს  ‘’ხელში’’ გადმოცემით დააშინებს, ჩვენი ურჩობის შემთხვევაში კი, აფხაზეთსა  და ცხინვალში სეპარატიზმის განახლებით დაგვაშანტაჟებს.  ზეწოლისთვის სხვა ბერკეტებიც ექნება –  ჯავახეთი და ქვემო ქართლი, რომლებზეც თბილისის კონტროლი მინიმუმამდე შემცირდება. იქაურობის განკარგვა რუსეთის კარნახით მოგვიწევს. აჭარაში კი,  დღევანდელი ფორმალური ავტონომია ნამდვილ ერთეულად იქცევა, რომლის თავშიც ასლან აბაშიძის ტიპის მმართველი მოვა. ეს კიდევ არ არის ყველაფერი. იმპერიას ერთგული ხელისუფლება სჭირდება. მას არ აწყობს აქ, ყოველ ოთხ წელიწადში  არჩევნების ჩატარება – ეგებ და ისეთი ხელისუფლება მოვიდეს, ვინც ისევ დასავლურ გზას არჩევს? არჩევნები აღარ იქნება. უფრო მეტიც,  პოლიტიკური ცხოვრება დამთავრდება, ყველა პოლიტიკური პარტია დაასრულებს არსებობას და მხოლოდ ისინი დარჩებიან, ვინც რუსეთს ადიდებს. გაუქმდება ხელისუფლებისგან განსხვავებული აზრი და ამ აზრის გამოხატვის საშუალება: პრესა, რადიო, ტელევიზია და ინტერნეტიც. ვინ სად იჩივლებს სიტყვის თავისუფლების წართმევის თაობაზე? ევროპაში თუ ზოგადად, დასავლეთში?  ქართულ-პრორუსულ ხელისუფლებას დასავლეთის აზრი ადარდებს? რუსეთს კი აწყობს, საქართველოს ხელისუფლება დასავლეთთან რაც შეიძლება მეტად დაპირისპირებული იყოს. რაც მეტად ანტიდემოკრატიული იქნება, მით უფრო დაუახლოვდება რუსეთს და გაირიყება დასავლეთისგან.  რაკი ხელისუფლება შეუცვლელი იქნება, ასევე უცვლელი იქნება მისი დანამატი ელიტები: ხელოვნებიდან, მწერლებიდან, შოუ-ბიზნესიდან, მეცნიერებიდან, სპორტიდან, მასმედიიდან, ოლიგარქებიდან, ინტილიგენციიდან, სამღვდელოებიდან და ამ ყველაფერს ძალოვნები-პოლიცია და უშიშროება დაიცავს. (ჯარი ფაქტიურად არ გვეყოლება, ის რუსეთს არ სჭირდება).

ადამიანები ნიჭით და შრომისმოყვარეობის ნიშნით კი არა, კლანის წევრობის მიხედვით შეირჩევიან,  სოციალური მდგომარეობა მუდმივი და უცვლელი იქნება – ვინც  დაწინაურებულია და ამ ფსევდოელიტაშია, ის მუდმივად ელიტაში დარჩება. ვინც ქვედა ფენებში  – ის, მუდმივად ელიტის  მსახური ან უმუშევარი. საზოგადოებაში ადგილი მემკვიდრეობითით – მშობლიდან შვილზე, ნათესავიდან ნათესავზე და არა – ორ თანასწორ პირობებში მყოფ ადამიანს შორის,  სამართლიანი კონკურენციით  მიიღწევა. .პოპულარული ჟურნალისტის, მდიდარი ოლიგარქის, გავლენიანი პოლიტიკოსის, ‘’დამსახურებული ინტელიგენტის’’  შვილები იქნებიან: ჟურნალისტები, პოლიტიკური ლიდერები, ოლიგარქები და ის კი, ვინც ელიტას არ ეკუთვნის, მუდმივად დამარცხებული იქნება. პირველ და მეორეხარისხოვან ადამიანებად დაყოფილ საზოგადოებაში წარჩინებულთა ზედა ფენა, ქვედა -‘’მდაბიოთა’’ კლასებს ყველა ხერხებით დააჯერებს, რომ ეს ასეც უნდა იყოს და ეკლესიაც დაუდასტურებს, რომ იერარქია ღვთის დაწესებულია. ამის ნიმუშად კი, მონარქიას ‘’აღადგენს’’ –  მეფეს, რომელიც საკრალური და ვითომდა, ღვთის მოვლენილია.. საზოგადოების ასეთ მოწყობას ერთი რამ, ბატონყმობა ჰქვია,  თუმცა, ეს სიტყვა კონსტიტუციაში არ ეწერება.  ასეთ საქართველოში სად, ვისთან იჩივლებ თუ უსამართლობას არ ეგუები,  ბატონთან ? ის ბატონი  თავად მჩაგვრელია. ბატონის უფროსთან – მოსკოვში? აქ  რაც მეტი უსამართლობა და ადამიანის უფლებების დარღვევა იქნება, მოსკოვისთვის მით უკეთესი –  ადგილობრივი რეჟიმი მეტად დამოკიდებული გახდება რუსულ სამხედრო ძალაზე. გაბატონებული ფენა ვის რას დამართებს, ეს მხოლოდ მოარულ ჭორებად ეცოდინება ხალხს, ვერსად ამას ვერ ნახავ და წაიკითხავ.

სამაგიეროდ, ქართველ ერს მისცემენ : სკოლებში მართლმადიდებლობის სწავლებას და ლოცვებს, მასმედიაში ცენზურას, (აღარ გაჭაჭანდება ეკრანზე ის, რაც ‘’ქართულ მენტალიტეტში არ ჯდება’’) ხელოვნების სფეროში აკრძალვებს,  პასპორტში ეროვნების აღმნიშვნელ რეკვიზიტს. რუსეთთან ვიზების გაუქმებას და  სოფლის მეურნეობის პროდუქციის გატანის საშუალებას. საჯაროდ – მასმედიით, სხვადასხვა ტრიბუნიდან ნებისმიერი ერის, რელიგიის, ქვეყნის მიმართ თავისუფლად ლანძღვის და სიძულვილის გამოხატვის უფლებას. რაც ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან დაპირისპირებას გამოიწვევს და ამით ისევ რუსეთი იხეირებს – დაჰყავი და იბატონე..

ზემოთ აღწერილი ‘’რუსული’’ მანკიერებებიდან, ზოგი რამ, სხვადასხვა დოზით,  ჩვენში დღესაც არსებობს. არ გვაქვს სრულფასოვანი და თავისუფალი სასამართლო, არ გვაქვს სამოქალაქო საზოგადოების ზრდისთვის ხელსაყრელი გარემო, არც ორივე მხრიდან დამოუკიდებელი მასმედია, არც ხელისუფლების დაყოფა და არსებობს კანონზე მაღლა მდგომი ადამიანების წრეც გვყვავს,  მაგრამ  სანამ საქართველო დასავლეთისკენ მიილტვის, თუნდაც ხშირად მოჩვენებითად და არა არსობრივად – არსებობს განვითარების პერსპექტივაც.  ეს პერსპექტივა გაქრება, თუ საქართველომ დასავლური მიმართულება რუსულით შეცვალა.  რუსეთმა მჭიდში, ჩვენკენ ნასროლი თითქმის ყველა ტყვია გახარჯა: საქართველოს ორ მხარეში სეპარატიზმი გააღვივა, რასაც ჩვენგან დაუფიქრებელი ნაბიჯები და შეცდომები მოჰყვა. ამის შედეგად, ტერიტორიები შემოგვეცალა და ეს პროცესი 2008 წლის ომით დასრულდა. ეკონომიკური კავშირები შეწყვიტა და ჩვენი ეკონომიკა აზარალა. ჩვენსავე შიგნით, სამოქალაქო ომის პოვოცირება მოახდინა, ორივე მხარეს იარაღი დაურიგა, რასაც თბილისის ცენტრში ომი მოჰყვა. 

მას,  ჩვენ საწინააღმდეგოდ  მხოლოდ ერთი, ‘’ბოლო ტყვია’’ დარჩა – ჯავახეთში დაძაბულობის შექმნა. პოლიტიკურ ბრძოლაში ‘’სომხობის’’ თემის წინ წამოწევა    ხელისუფლების მოპოვების საშუალებაა.   სააკაშვილთან,  როგორც ‘’ სომეხთან’’ ბრძოლა უფრო იოლ გზად ეჩვენებათ  ხელისუფლებაში მოსვლით კარგ ცხოვრებაზე მეოცნებე პოლიტიკოსებს. ის, რომ ეს ეთნიკურ დაძაბულობას გამოიწვევს და ქვეყანას აზარალებს, ამაზე, ეს ადამიანები არ ფიქრობენ. ალბათ, იმდენად დიდია პრეზიდენტის ადგილის და პრივილეგიების  „დათრევის“  და ‘’მიშად’’ გახდომის წყურვილი, რომ ჯავახეთში დაძაბულობად (რასაც რუსეთი აუცილებლად გამოიყენებს) და შესაძლებელ ეთნოკონფლიქტად უღირთ. ვინც სომხობის  თემას წინ წევს, ის  ცეცხლს აჩაღებს ‘’სახლში’’ და, რა თქმა უნდა, ამას შეგნებულად სჩადის. ეს შეგნებული შეტქმულებაა სახელმწიფო დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და არა შეთქმულების თეორია.

სამწუხაროდ, პოლიტიკური ბრძოლა არ მიმდინარეობს სოციალური, სამართლებრივი ან ეკონომიკური უფლებების ეგიდით. არადა, აქ, დღევანდელ ხელისუფლებასთან  უამრავი რამის შედავება შეიძლება. იმდენად, ბევრი, რომ  ჩამოვთვალო, ტექსტი გაორმაგდება. საუბედუროდ,  ხელისუფლებამ 7 წელი ფუჭად გაიფლანგა, საზოგადოების ჩამოყალიბებას ხელი არ შეუწყო და სამოქალაქო საზოგადოება ისევ მაკიაჟის სიფრიფანა  ფენაა  – სრულიად ერის  სახეზე. სწორედ სამოქალაქო საზოგადოებაა იმუნიტეტი – ზემოთ ნახსენები ‘’ბოლო ტყვიისგან’’  თავის დასაცავად.