ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

ფსიქოტრონიკა, „ღამე გუდამაყარზე” და ნიუ იორკული მარტოობა – რვა ხელოვანის გამოფენა ჩელსიში

ფსიქოტრონიკა, „ღამე გუდამაყარზე” და ნიუ იორკული მარტოობა – რვა ხელოვანის გამოფენა ჩელსიში

აშშ–ი მოქმედი არტპრომოუშენ კომპანია “მედეთარტის” (MadatArt) ეგიდით ქართველი ხელოვანები აშშ-ში, ხელოვნების მოყვარულების წინაშე ჯგუფური თუ სოლო გამოფენებით არაერთხელ წარდგნენ. კომპანიის ხელმძღვანელმა და არტ-კურატორმა მარიტა დამენიამ 2015 წლიდან დღემდე ნიუ იორკსა და მაიამიში ოცდაათზე მეტი გამოფენა მოაწყო, სადაც სამასზე მეტი ქართველი მხატვრის, სკულპტორის, ფოტოხელოვანისა თუ სამკაულის ოსტატის ნამუშევარი გამოიფინა.

ამჯერად „მედეთარტმა“ ჯგუფურ გამოფენას ჩელსიში მდებარე Landmark Arts Building-ში უმასპინძლა, სადაც ოცდაათამდე პოპულარული გალერეა და სახელოვნებო ორგანიზაციაა განთავსებული. ეს ადგილი ძალიან მოსახერხებელია, რადგანაც, როგორც წესი, ერთი კონკრეტული გალერეის ვიზიტორი სხვა გალერეებსაც სტუმრობს. გამოფენაში რვა ქართველი და ერთი ამერიკელი ხელოვანი მონაწილეობდა.

გამოფენა. ია მერკვილაძის ფოტო

გამოფენა. ია მერკვილაძის ფოტო

„ნიუ იორკში პირველად გამოიფინა ვარლამ ჩარკვიანის, გოჩა აბულაძის, სალომე კაპანაძის, კატრინა ბადურაშვილის, ლალი შიუკაშვილის, მზექალა გოგოჭურის, ბადრი გოგოლაძის, რობერტ სტოუნის, მეორედ – ია მერკვილაძის ნამუშევრები“, – ამბობს მარიტა დამენია.

„ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემ თავს თავადვე შევუქმნა გამოწვევები. კარიერა საქართველოში, ჟურნალისტიკით დავიწყე, გადავედი სარეკლამო საქმიანობაზე – მარკეტინგში; შემდგომ ვიყავი პროექტების მენეჯერი და არაერთი გამოფენის ორგანიზატორი, მათ შორის, საქართველოს მუზეუმებსა და რუსთაველის თეატრშიც.

ამერიკაში საცხოვრებლად გადმოსვლის შემდეგ მთლიანად კურატორული საქმიანობით დავკავდი. კოვიდმა, ცხადია, მეც შემიშალა ხელი, თუმცა დაფიქრების დროც მომცა, ამიტომაც ერთი წლის წინათ მაგისტრატურისთვის დავიწყე მზადება. დიდი შოკი იყო ჩემთვის, როცა ყველა წამყვანმა უნივერსიტეტმა, სადაც კი საბუთები გავაგზავნე, მიმიღო. ძალიან რთული იყო არჩევანის გაკეთება, გადაწყვეტილების მისაღებად ბევრი ფიქრი დამჭირდა და საბოლოოდ არჩევანი შევაჩერე ნიუ ჯერსიში მდებარე Seton Hall University-ზე, რომელიც ამერიკის ერთ-ერთი უძველესი კათოლიკური უნივერსიტეტია (1856) და პირველი ამერიკელი წმინდანის, თან ქალი წმინდანის, ელიზაბეთ სეტონის სახელს ატარებს. იგი ამერიკული საგანმანათლებლო სისტემის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. უნივერსიტეტი საერთაშორისო რეიტინგებშიც მეწინავეა.

მარიტა დამენია და ხათუნა ბადურაშვილისა და ვარლამ ჩარკვიანის ბამუშევრები. ია მერკვილაძის ფოტო

ვისწავლი M.A. Museum Professions-ის ფაკულტეტზე – სამუზეუმო ექსპოზიციების მოწყობისა და განვითარების სპეციალიზაციით, შემეძლება ნებისმიერი მიმართულების მუზეუმების ექსპოზიციების კურატორად მუშაობა. გარდა ამისა, დიდი იმედი მაქვს, რომ ამერიკულ მუზეუმებში მუშაობის დაწყებით ხელსაყრელი საშუალება მომეცემა ამ განსხვავებული პლატფორმიდან ქართული ხელოვნება უფრო ფართო საზოგადოებას წარვუდგინო.

XXI საუკუნეში სახელოვნებო გარემო ძალიან შეიცვალა. თუ ადრე ეს მხოლოდ ერთეულების ფუფუნება იყო, ტექნოლოგიების მოდერნიზაციამ და გლობალიზაციამ ტრანსფორმირებული ბაზარი შექმნა, როგორც გალერისტებისთვის, ისევე – ხელოვანებისთვის.

მხოლოდ ნიჭიერება უკვე საკმარისი არაა. ყველა არაა ხელოვნებათმცოდნე და ამიტომაც არ იცის, თუ რის მიხედვით შეიძლება შეფასდეს ხელოვანი: რა არის იაფი და რა – ძვირი, როგორ ხდება ფასთწარმოება, მყიდველზე გასვლა. მხოლოდ ონლაინ პლატფორმები არაფერს იძლევა. კოვიდპანდემიამ კარგად აჩვენა, რომ ხელოვნების ნიმუში მყიდველმა პირადად უნდა ნახოს. ადამიანისთვის ონლიან გამოფენით ხელოვნების სრულად აღქმა რთული ამოცანა აღმოჩნდა, რადგან თვალი ემოციურ თუ ესთეტიკურ პარამეტრებზე ვერ “გავიდა”. არადა სახელოვნებო ინტერნეტპლატფორმების შესაქმნელად მილიონები დაიხარჯა.

არტბაზრისთვის, ცხადია, მთავარი კრიტერიუმი ნიჭი, ტექნიკური მხარე, უნიკალური ხელწერა და ბიოგრაფიაა. არტისტის ბიოგრაფია არის მისი გამოფენები, გამოფენები და გამოფენები. ცხადია, დიდი მნიშვნელობა აქვს ეს გამოფენები სად, რომელი ქვეყნის, რომელი ქალაქის, რომელ გალერეაში იმართება. სწორედ აქ იკვეთება პრომოარტკომპანიების მნიშვნელობა.

ჩემი კომპანიის მიზანია ქართველი და არა მარტო ქართველი ხელოვანების ბიოგრაფიის გამდიდრება და სახელოვნებო სივრცეში მათი აქტიური წარდგენა. ჩვენ მათ კარიერის საძირკველს – ბიოგრაფიას ვუქმნით“ – ამბობს მარიტა დამენია.

ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო

გამოფენის მონაწილეები და სტუმრები. ია მერკვილაძის ფოტო

 

***

გალერეის ერთ–ერთ კედელზე ლალი შიუკაშვილის ყვავილებით მორთული, ფერადი ხის მინიატურული სახლების/ქოხების ინსტალაცია საკუთარი სახლის სიმყუდროვის, მოგონებებისა და ნათელი სევდის კოლექციაა. სახლების ამ კომპოზიციას მან “თოკზე გამოფენილი ამბები” უწოდა.

ლალი შიუკაშვილის ნამუშევარი. ია მერკვილაძის ფოტო

ლალიმ 12 წლის ასაკში ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის თეატრში სპექტაკლში – ,,მე ვხედავ მზეს“ ხატია ითამაშა და მას მერე – არაერთი მხატვრული თუ ცხოვრებისეული როლიც, მათ შორის, ტელევიზიაშიც. 2009 წლიდან კი ემიგრანტია.

„ჩემი ინსტალაციის თითოეული სახლი თავის საკუთარ, ნამდვილ ამბავს გიყვება, შინაარსი კი მნახველის ფანტაზიაზეა დამოკიდებული. ვიღაცას მისი უბანი ახსენდება, ვიღაცას – სახლი და ბავშვობა.

ჩემი ნამუშევრები უსაზღვრო ნოსტალგიიდან და ბავშვობის ნათელი დღეების მონატრებიდან გაჩნდნენ. ეს უბნები და სახლები ჩემი ბავშვობის მოგონებებშია დავანებული და როცა სულიერად ძალიან მიჭირს, ამ მოგონებებში ვიმალები. იქ მუდამ სიკეთე, მზე და სიყვარულია. ალბათ, ამიტომ გამოდის ეს ნამუშევრები ასეთი „სახლური“, თბილი და სევდიანი.

რატომ ხე? ალბათ, იმიტომ, რომ ხე ცოცხალია ჩემთვის და სუნთქავს, სხვაგვარად ისრუტავს ადამიანის ემოციას და ამიტომ ემიგრანტისთვის განსაკუთრებულად საინტერესო მასალაა.

ემიგრაციაში ძალიან გამიმძაფრდა სახლის მონატრება და ამ სიტყვის მნიშვნელობამ სხვა სიმძაფრე და სიღრმე შეიძინა. სახლი ხომ მხოლოდ კედლები არ არის? სახლი შენი საყვარელი ადამიანებია, მოგონებები, რასაც ამ ადამიანებთან ერთად აგროვებ; ამბები, რომელსაც სახლი შენთან ერთად ,,განიცდის” და იმახსოვრებს; ადგილი, სადაც მუდამ გელოდებიან და სადაც შინ დაბრუნების სიმშვიდეა დასადგურებული. ემიგრაციაში ეს ყველაფერი ხომ ასე ძალიან გვაკლია და გვენატრება“ – ამბობს ლალი შიუკაშვილი.

გამოფენა. ია მერკვილაძის ფოტო

***

მხატვარ ბადრი გოგოლაძის ნამუშევრები თითქოს ლალი შიუკაშვილის სახლების გადაძახილი იყო. ავლაბრის ძველი სახლები, ე.წ. მეიდნის ფენომენი და დიდი სარკე – შემორკალული ძველი თბილისის ხატებით.

„ამერიკაში თიხა შემიყვარდა და უკვე ოთხი წელია, რაც კერამიკულ ნაკეთობებზე ვმუშაობ. ავლაბარში დავიბადე, ძალიან მენატრება თბილისი და მწვავე ნოსტალგიის მოსაკლავად ამჟამად ძველი თბილისის ხედებზე ვმუშაობ.

დიდი სურვილი მაქვს, რომ იაპონური კერამიკა გადმოვაქართულო. კეთილი ადამიანები კი მასალით მამარაგებენ: თიხა იქნება თუ ლაქი, შუშა თუ ღუმელი, სადაც ნამუშევრები “ცხვება”. ღუმელი 1 100 გრადუსამდე ხურდება და თან – არა ერთხელ.

თიხას ძალიან დიდი შრომა სჭირდება. სახელოსნო, რომელშიც ხშირად დღეში 12 საათს ვატარებ, ჩემი ავლაბრის სახლის მოგონებების ზარდახშა გახდა, ცხადია, ახალი იდეებისა და გამოფენების მოლოდინით” – ამბობს ბადრი გოგოლაძე.

ბადრი გოგოლაძის ნამუშევარი. ია მერკვილაძის ფოტო

***

მზექალა გოგოჭური ხუმრობს, რომ სამდიპლომიანია: განათლებით კინორეჟისორი, ლიტერატორი და ეკონომისტია, თუმცა მთელი ცხოვრება სხვადასხვა ჟანრში ხატავს:

„ვხატავ ყველანაირი მასალით, სხვადასხვა სტილით. მომწონს როგორც ძველი, ისე თანამედროვე მიმართულებები, მაგრამ ვემორჩილები მხოლოდ ჩემს შინაგან ემოციას და ვცდილობ შეძლებისდაგვარად გადმოვცე.

პერსონალური გამოფენა არ მქონია, თუმცა ჯგუფურ, მიზნობრივ, საქველმოქმედო გამოფენებში მონაწილეობა მიმიღია. ამერიკაში სულ ახლახანს ჩამოვედი, ვცხოვრობ სტემფორდში, ჩემს ბიძაშვილებთან, ამიტომაც არა მაქვს ნოსტალგიისა და სამშობლოდან მოწყვეტის მწვავე განცდა, თუმცა ვიცი, რომ დროთა განმავლობაში, გამიჭირდება.

ადრე შიშველი სხეულების, პორტრეტებისა და პეიზაჟების ხატვა მიტაცებდა, ბოლო ნამუშევრებს კი ამერიკასა და ახალ შთაბეჭდილებებს უნდა ვუმადლოდე, კერძოდ კი, “მეტროპოლიტენ მუზეუმს”. უფრო კონკრეტულად – აღმოსავლური არტეფაქტების ფერადოვნებას. ჩემ ერთ–ერთ ნამუშევარს “აღმოსავლური ღამე” მასში გამოყენებული ფერებისა და ფორმების გამო დავარქვი. ხატვისას ვქმნიდი აღმოსავლური ფარდაგის განწყობას, რათა გამეცოცხლებინა საუკუნეებში ჩაკარგული მხატვრულ-პოეტური მეტაფორები.

მეორე ნამუშევარიც ამერიკამ შთამაგონა, კერძოდ, ოკეანის სილამაზემ და ფსკერის იდუმალმა სამყარომ. შესაბამისად, დავხატე უცნაური წყალმცენარეები და დავასკვენი, რომ ოკეანისთვის ეს ყვავილები იგივეა, რაც ადამიანებისთვის – სიყვარული. ამ ნამუშევარს „ზღვის ოცნება” დავარქვი“.

მზექალა გოგოჭურის ნამუშევრები. ია მერკვილაძის ფოტო

 

***

ვარლამ ჩარკვიანის დიდმა ტილომ დანახვისთანავე ინდოეთის ასოციაცია გამიჩინა და არ შევმცდარვარ – ოქროსფერი, სტაფილოსფერი და ცისფერ-მოშავო წინწკლები ახლოდან თითქოს ჩაქარგული მიკროსკოპული გვირისტები – მინიყვავილებია. მხატვარი 26 წელია იოგის პრაქტიკითაა დაკავებული, აქედან 16 წელი – იოგის ინსტრუქტორია. თბილისში სამი პერსონალური გამოფენა ჰქონდა, ერთი ასტანაში და ერთიც – ალმა – ატაში.

„ამ სტილს ჰქვია ფსიქოტრონული ხელოვნება“, – მიყვება მხატვარი, „– ჩავთვალე, რომ ეს ნამუშევრები ახლა იმათთვის იქნებოდა აქტუალური, ვინც ინტეგრალურ ტექნოლოგიებს იცნობს ან გაცნობის პროცესშია: იოგა, ციგუნი, ტაიჩი და ა. შ. ასევე იმათთვისაც, ვინც ამ სფეროს არ იცნობს…

ეს სტილი სიმშვიდესა და ენერგოცვლას ემსახურება. ყველას შეუძლია იგრძნოს ნახატის ენერგეტიკა. ჩემი ნახატები იოგის ვარჯიშების ენერგიით იკვებება. ხანგრძლივი მედიტაცია სიმშვიდის მდგომარეობას იძლევა, ეს კი ენერგოინფორმაციის სახით გადმოდის და საბოლოოდ მნახველის აურაზე დადებითად აისახება. განსაკუთრებით, თუ ის ადამიანი ძალიან მგრძნობიარე ნატურაა.

1997 წელს კიევში ჩავედი და ერთი წლის განმავლობაში იოგას მსოფლიოში ძალიან ცნობილ მასტერთან, ანდრეი სიდერსკისთან ვსწავლობდი. ისიც ხატავს და, სხვათა შორის, ძვირადღირებულ მხატვრადაც ითვლება. ფსიქოტრონული ხელოვნება ფორმებისა და ფერების მეშვეობით ელექტრომაგნიტურ ველზე მოქმედებს; ტვინი კი, როგორც ანტენა, ინფორმაციას ხსნის და შიდა ეკრანზე პროეცირებს. შედეგად კი ვიღებთ მედიტაციურ ძიებას. ამ დროს იწყება პროცესი, რომელიც ადამიანის შიდა სურათს ცვლის“.

***

ქართველი ბარიტონი გოჩა აბულაძე გამოფენაზე ორი ფოტოთი იყო წარმოდგენილი: “ქალი აივანზე” და “ღამე გუდამაყარზე”. პირველი ფოტო ქუთაისშია გადაღებული და კადრში ხელოვანების ოჯახის, ჭიქაბერიძეების სახლის აივანი აღმოჩნდა. ეს „ვერის უბნის მელოდიების“ გადაღების ადგილია.

„ფოტომ საქართველოში გამართულ ფოტოკონკურსზე, რომლის ჟიურის წევრი ჩემი საყვარელი ფოტოხელოვანი ნათელა გრიგალაშვილი იყო, გაიმარჯვა. მოგვიანებით კი ფოტო “მაგთიკომის” ყოველწლიურ ჟურნალშიც დაიბეჭდა“ – მიყვება გოჩა აბულაძე, „– კოვიდპანდემიის დროს საქართველოს თითქმის ყველა კუთხე – კუნჭული მოვიარე და ფოტოების დიდი კოლექციაც მოვაგროვე. ერთხელაც გუდამაყარზე აღმოვჩნდი, მზის ჩასვლას დავესწარი. გარშემო ყველაფერი ჩემთვის ძვირფასი მხატვრის, რემბრანდტის ფერებში იყო…

სხვათა შორის, რემბრანდტის დაბადების დღეზე დავიბადე. 18 წელია აპარატით დავდივარ, ვიღებ და საკმაოდ დიდი არქივიც დამიგროვდა. ფოტოებს გამოფენა, დღის სინათლის ნახვა. აუცილებლად სჭირდება. ასე, ფაილებში ჩამალულები, ისინი ცოდონი არიან…

ჩემი ბაბუა, უშანგი აბულაძე ქვედა სიმონეთში ცხოვრობდა, ცნობილი ფოტოგრაფი იყო და განა მხოლოდ ჩემ სახლში, არამედ ნათესავების სახლების კედლებზე თუ კარადების თაროებზე ბაბუას მიერ გადაღებული ფოტოებია. მას ფოტოლაბორატორიაც ჰქონდა – ფოტოებს თავად ამჟღავნებდა. უშანგი აბულაძეს ცოცხალს არ მოვესწარი, მაგრამ ვიცი – რომ გაიგებდა ნიუ იორკში ჩემი გამოფენის თაობაზე, აუცილებლად იამაყებდა“.

გოჩა აბულაძის ნამუშევარი. ია მერკვილაძის ფოტო

***

სალომე კაპანაძე უნივერსიტეტში სისხლის სამართალს სწავლობდა, მეოთხე კურსზე კი ქართული ტიხრული მინანქრით დაინტერესდა, რომელიც დედამ შეასწავლა, ხატვა კი – ბაბუის მეგობრის სახელოსნოში გატარებულმა დღეებმა.

სალომე კაპანაძის ნამუშევრები. ია მერკვილაძის ფოტო

„ამ ფაქტმა ჩემი ცხოვრების შემდეგ ეტაპებზე დიდი გავლენა მოახდინა. ათასმა ფერმა, პატარ-პატარა ტიხრებმა და სხვა ნიუანსებმა, რისი კეთებითაც მე სიამოვნებას ვიღებდი, გამაანალიზებინა, რომ სისხლის სამართალი ნამდვილად არ იყო ის სფერო, სადაც თავს კომფორტულად და თავისუფლად ვგრძნობდი”, – მიყვება სალომე კაპანაძე, „–მეორე მხრივ, ქართული ტიხრული მინანქრის შექმნის პროცესის დიდი სიყვარულის მიუხედავად, ბოლომდე მაინც არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ის, რასაც ვაკეთებდი, ნამდვილად ჩემთან ახლოს იყო.

2018 წელს მივედი თედო რეხვიაშვილის სამხატვრო სტუდიაში, სადაც ერთი წელი ვისწავლე. ეს დრო ყველაზე „ნაყოფიერი“ ერთი წელი აღმოჩნდა. ამავე წელს თედოს მოსწავლეებს თბილისში Iart Gallery– ში გამოფენა გვქონდა. 2019 წელს ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, დაზგური გრაფიკის მიმართულებით.

ჩემი ნამუშევრები რეალისტური და თანამედროვეა. ბოლო ნამუშევრებში ყველაფერი ძველი ახლით ჩავანაცვლე და მოძრავ ფიგურებს, რომლებიც ნახატებში გადმოვეცი, მუდმივი მოძრაობის, განვითარებისა და ახლის ძიების ძალა მივეცი”.

***

რობერტ სტოუნი ამერიკელი ფოტოგრაფი, ვიზუალური არტისტი და კოლეჯის პროფესორია – ფოტოგრაფიას ასწავლის.

„მე ვიტყოდი, რომ ჩემი სტილი „პირდაპირი ფოტოგრაფიაა“. მე გამოსახულებას არ ვცვლი, ფოტოშოპს არ ვიყენებ”, – მიყვება რობერტ სტოუნი, „ – მე ვეძებ სილამაზეს და სამყაროს განსაკუთრებულ მომენტებს.

ძალიან მაინტერესებს ადამიანი თავისი ცხოვრების სტილითა და ყოველდღიურობით. ჩემი სამუშაოს დიდი ნაწილი ადამიანების სახლებში ყოფნა და მათი ყოველდღიურობის გადაღებაა: ისეთი რუტინული საქმიანობა, როგორიცაა კბილების გამოხეხვა, ანდა ის, თუ როგორ ალაგებენ ლოგინს, როგორ იქცევიან ადამიანები. ჰოდა, ვცდილობ ვიყო უჩინარი “ბუზი კედელზე”, რამდენადაც ეს შესაძლებელია. როცა ადამიანს ვინმე უყურებს, იგი, ცხადია, „პერფორმატორულ ბუნებას“ ავლენს, თუმცა ძალიან ვცდილობ მივცე უფლება იყვნენ ისეთები, როგორებიც არიან და ეს მომენტები დავაფიქსირო.

მომწონს ცხოვრების ის უნიკალური ჩანაწერები მოვიძიო, რომელშიც მაყურებელი აზრს წაიკითხავს, ამიტომ “ვაქორწინებ” ან ვხლართავ ადამიანებისა და ბუნების ხატებს, რომელიც ამ სამყაროს მიმართ ჩემ ემოციურ მდგომარეობას გამოხატავს. ჩემი მიზანი სწორედ ამ ორის შერწყმის ჩვენებაა.

ადამიანები იმიტომ მაინტერესებს, რომ მათ ვერ ვუგებ. ვერ ვიგებ, რატომ ძალადობენ ადამიანები, რატომ სძულთ ერთმანეთი, სხვა კულტურის თუ რელიგიის წარმომადგენლები. ეს ყოველთვის გულს მწყვეტდა და მაფიქრებდა იმაზე, თუ სად იყო მიუღებლობის ეს წყარო.

ჩემი ფოტოგრაფიით გატაცება ადამიანთა გაგების სურვილით იყო ნაკარნახევი – საიდან მოდის ცრუწარმოდგენები, სტერეოტიპები? მინდოდა დავხმარებოდი ადამიანებს სხვა ადამიანები დაენახათ. შეიძლება ამ მიზანს ვერ მივაღწიე, მაგრამ შევძელი მეპოვა ადამიანთა ცხოვრების მომენტები, რომელიც უნიკალურია, მოწყვლადია და აჩვენებს რაღაცას უფრო სივრცითსა და დიდს, ვიდრე მხოლოდ გამოსახულებაა.

პირველი ქართველი, რომელიც გავიცანი, იყო ჩემი კოლეგის ქართველი მეუღლე, რომლისგანაც საქართველოს შესახებ ბევრი რამ გავიგე და მეორე – მარიტა დამენია. მიხარია, რომ ვმონაწილეობ გამოფენაში, რომელშიც ყველა დანარჩენი ხელოვანი ქართველია.

მიხარია, რომ ამდენი ქართველის ნამუშევარი ვნახე და ქართველები გავიცანი, თუნდაც ასე ვთქვათ, ეპიზოდური ნაცნობობით. მინდა ოდესმე საქართველოში ჩავიდე და იქ ჩემი ნამუშევრები წარვადგინო, ქართველებს გავუზიარო ამერიკული ოჯახების ცხოვრების ეპიზოდები. ბევრი მსმენია ქართველების სილამაზეზე, უნიკალურ ბუნებაზე და მჯერა, ერთხელაც ჩასვლას მართლაც შევძლებ”.

რობერტ სტოუნის ნამუშევარი. ია მერკვილაძის ფოტო

***

ხათუნა (კატრინა) ბადურაშვილი სერტიფიცირებული არტ-თერაპევტია, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. ამბობს, რომ 2023 მისთვის არის ახალი ცხოვრების, გამოღვიძების, ტრანსფორმაციული ეტაპის მეშვიდე წელი.

ქართულ-ინგლისური ენის ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლის დასრულებისა და მასწავლებლად მუშაობის შემდეგ იგი ამერიკაში AU PAIR პროგრამით გაემგზავრა და 2000-დან 2018-მდე აშშ–ს ოთხ შტატში ცხოვრობდა. როცა კალიფორნიაში გადასახლდა, იქ ხატვას დაუბრუნდა.

„ამ პერიოდში გავხდი დედა და დავიწყე ცხოვრების ახალი ეტაპი – დავიწყე ხატვა. ხან მტკივნეულად, ხან სიხარულით, ხან – თავდაუჯერებლობის შეგრძნებით”, – ამბობს მხატვარი.

„ვხატავდი ხან მარტო, ხან ჩემს ამერიკელ მეგობრებთან ერთად, ვაწყობდით ხატვის საღამოებს.

2018 წელს საქართველოში დროებით დაბრუნება მოგვიწია. გადავწყვიტე ხატვის აკადემიურ დონეზე შესწავლა. ვეუფლებოდი ხატვის ტექნიკებს, ვხატავდი ყოველდღე, ვეძებდი ჩემს ნახატებში ჩემს თავს და ვერ ვპოულობდი. ახლა კი ვხვდები თუ რას ვეძებდი თურმე…. დაიწყო კიდევ ერთი ახალი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში. ჩნდება კითხვები: ვინ ვარ მე, რატომ დავიბადე აქ, ამ განზომილებაში, რა უნდა ჩემს სულს, რა ნიშნავს სიტყვა “მე”; რას ითხოვს სოციუმი ჩემგან, რატომ ვემსგავსები ყველას და ვშორდები ჩემს თავს; საიდან ჩნდება ფიქრები, ვისია ეს ფიქრები, საიდან ვიცი, რომ ის, რაც მომწონს, მართლა მომწონს და სად ვგრძნობ ამას, რატომ ვხატავ? ვისთვის ვხატავ? ვარ თუ არა გულწრფელი, როდესაც ვხატავ, ჰგავს კი ჩემი ნახატები ჩემს შინაგან სამყაროს? და ამ ყველაფერმა მიმიყვანა პიროვნული განვითარების გზამდე.

2018 წლიდან ჩართული ვარ უამრავ ჯგუფურ გამოფენაში თუ საქართველოში, თუ – მის ფარგლებს გარეთ. ჩემი მოზაიკური ნატვრის ხე გამოფენის აფიშაზეც იყო. ამჯერად ნატვრის ხეების სერიაზე ვმუშაობ“ – ამბობს ხათუნა ბადურაშვილი.

***

ჩემ მეორე ფოტოგამოფენას “ნიუ იორკი და მარტოობა” დავარქვი. პრინციპში იგი პირველის – “ნიუ იორკი და კოვიდი” ლოგიკური გაგრძელება იყო.

ნიუ იორკული ეს მდგომარეობა არ გთხოვს რაფინირებულ პიქსელებსა და ჰიპერეალისტურ ხატებს. კოვიდ პანდემიისგან, კარჩაკეტილობისგან, ქუჩაში მოზღვავებული ძალადობისგან, ბრაიტონზე წამალდამოკიდებული ქართველების გადარჩენის თუ ვერგადარჩენის ვიდეოკადრებისგან, უკრაინის ფრონტის ხაზიდან გულისმომკვლელი ცნობებისგან დამძიმებული თვალისთვის გარემო ზმანებად და ლაქებად გადაფორმატირდა. პრინციპში, ამ ქალაქში არც გჭირდება დიდი ძალისხმევა და ჩასაფრება, რომ სიურეალისტური ან ჰიპერრეალისტური ფიგურები მოძებნო. “ქალაქი – დაკარგული სამოთხეების” მსოფლიო რეიტინგი რომ არსებობდეს, ნიუ იორკი პირველი იქნებოდა თავისი გლამურული და არაგლამურული მატერიალიზმით და ყველაფრით, რაც ამის მიღმაა.

ია მერკვილაძის ფოტოები

ჩემი და ვინ მოთვლის რამდენის ტელეფონის „მათემატიკა“ ციფრულად ინახავს ამ ქალაქის ინფანტილურობაზე, ზრდასრულობაზე, გადახრწნილობაზე, ფერადოვნებაზე, უფერობაზე, სისასტიკეზე, დიდსულოვნებასა და სხვა ათას ინიციაციებზე გადაღებულ კინოკადრებს.

აქაურ პაპანაქება სიცხეში, ასპროცენტიანი ტენის პირობებში, უსახლკაროების ლპობის სუნით მიწისქვეშ მეტროსადგურის ბაქანზე დგომის მერე ცოცხალი გადარჩენილი სახლთან უკვე მისული ზებრაზე რომ გადადიხარ და უცებ, აშკარად დაბოლილი მძღოლი (აბა, სხვა ვინ უნდა იყოს?) მანქანას ააღრიალებს და წითელზე გაჩერებული ავტომობილების რიგს უცებ მოწყდება… ჰოდა, მონუსხული უყურებ შენკენ გამოქანებულ სიკვდილს. და მხოლოდ იმიტომ გადარჩები, რომ ბოლო წამს შენთან მოახლოებული რკალს გააკეთებს და სხვის მოსაკლავად თუ შესაშინებლად ისეთივე ღმუილით გავარდება… მანქანის ჩამოწეული ფანჯრიდან კი მარიხუანას ჭავლი წაგაქცევს და მძღოლის პროფილი სამუდამოდ აღგებეჭდება შინაგანი ციფრულით…. მითუმეტეს, როცა ამ ნივთიერებაზე ალერგია გაქვს და გაიფიქრებ – სიკვდილი ამ ქალაქში ამ სუნისაა. შუა გადასასვლელზე გაშეშებული გვერდით მიმავალი ქალის ყვირილი რომ გამოგარკვევს – „ჯიზას, ფა@კ იუ!“ მაგარი იქნებოდა პოტენციური მკვლელის სახე რომ გადამეღო… ოლივერ სტოუნის “სალვადორის” ეპიზოდის არ იყოს.

უბრალოდ, არის მომენტები, როცა ფოტოგადაღებისთვის ობიექტური თუ სუბიექტური გარემოება ხელს არ გიწყობს. მაგალითად, იმ წამს ჩანთაში ჩაგდებული ტელეფონი, რომლის ამოღება ვერ მოასწარი, როცა სრულიად ცარიელ ქუჩაში ჩადრიანი ქალი სკუტერზე ჩაგიქროლებს და რა უნდა ქნა… გადაღება ვერ მოასწარი. მერე მთელი დღე ამის გამო საკუთარ თავზე გაბრაზებული დადიხარ.

სიკვდილს გადარჩენამდე ერთი დღით ადრე კი მეგობრებთან ერთად მანქანაში მჯდომმა “სხვა ზებრა” გადავიღე, რომელზეც დიდ, ფაშფაშა, თეთრკაბიანი პატარძალი გადადიოდა. ისე, რომ ნეფე არსად ჩანდა… მესამე დღეს იგივე სიუჟეტი დამემართა. სხვა ადგილიდან გადავედი სახლისკენ მიმავალ ქუჩზე და თითქმის იგივე განმეორდა… აჰა, გავიფიქრე, გაწყვილდა. გადავრჩი. კი, ნიუ იორკი ხანდახან ჰეპი ენდიანი და უფრო ხშირად ფატალისტური ქალაქია. თბილისიც.

გამოფენაზე ყველაზე მეტად მომწონდა ახლო–მახლო ვმდგარიყავი და მომესმინა მაყურებლების საუბარი – ფოტო სიუჟეტის განხილვა სხვადასხვა ინტერპრეტაციებით…

შარშან ჰალოუინზე მეტროს გაჩერება “კანალ სთირთზე” მატარებლის დამტვერილი ვაგონის ფანჯრიდან შევნიშნე გოგონა მეწამული ფერის ტანსაცმელში, რქებით, ანგელოზის ფრთებით და როცა ფოტოს დავხედე, რატომღაც მის წინ მოცისფრო ყუთი “ლევიტირებდა”. იმ დღეს ათამდე საინტერესო ფოტო გადავიღე, მაგრამ ეს ყველაზე გამორჩეული იყო. მნახველები მსჯელობდნენ ეს ფოტოშოპით მიმატებული მფრინავი კუბო იყო თუ რა იყო… საიდანღაც გამომხტარი მართკუთხედი ფორმა არანაირი კუბო იყო. ალბათ მინისა და მეტროსადგურის კაფელის კედლიდან გაციფრებული ანარეკლია.

საჯარო ბიბლითეკაში ვირჯინია ვულფის წიგნების გამოფენიდან გამოსულს გარეთ დამხვდა მუსლიმური საქორწილო წყვილის ფოტოსესია, ორი მუსლიმი ფოტოგრაფი ქალით. ლამის ნახევარი საათი ვიღებდი, მაგრამ კადრში ერთად ვერაფრით მოთავსდა გრძელი ბანერი ვულფის სევდიანად მომზირალი პროფილით და ბიბლიოთეკის თაღქვეშ ამ ოთხის უცნაური “ცეკვა”. იძულებული ვიყავი ვირჯინიასთვის თავი დამენებებია.

ბრუკლინის კონი აილენდის ჰოსპიტალი წლებია ქართველების გადარჩენის, სამშობიარო თუ სიკვდილის ადგილია. ყველაზე მეტი ქართველი აქაური მორგს “ახსოვს”. ბრაიტონიდან გზად ამ ჰოსპიტლისკენ დგას ქართული დროშის ფერებში შეფერილი “ჰიდრანტი”, უპატრონო, მარტოსული პაციენტივით, რომლის ავადმყოფობის შესახებ საქართველოში მისიანებმა არაფერი იციან… ეს ადგილი წელიწადის ყველა დროს გადავიღე: თოვლ და ფოთოლმიყრილი, წვიმაში, მზეში, სიბნელეში და ქართველი კაცების გარემოცვაში საუბარში “ტყ”–ების სტოკატოებით. საგამოფენოდ ავარჩიე ისეთი, რომელზეც, არ ვიცი რანაირად, ქართულ დროშის წითელი ჯვრები ასფალტზე ირეკლებოდა.

24 თებერვალს უკრაინელები აქციაზე „365 დღე – ომის კალენდარი“ (ოკუპანტების მხეცობის 365 ფოტოდოკუმენტი) ბავშვი უკრაინის დროშის ფერებში ნაქსოვი მოსასხამით სპიკერების ფეხებთან გაუნძრევლად იჯდა, ტელეფონში რაღაცას კითხულობდა. მიტინგი დამთავრების მერე კი ყველა ის 365 დარიგებული პლაკატი თვლით ჩაიბარა და ამ ასაკისთვის არაბუნებრივად კაცური ხმით მათი დაბრუნების აუცილებლობას გვახსენებდა.

ვალენტინობის დღეს ყვავილებიანი ბედნიერი წყვილების გადაღების მერე იუნიონ სქვერზე, გამხდარ, კახექსიურ მაჰათმა განდის ჩავუარე, რომელსაც ხელში მოწყენილი ყვავილების თხელი შეკვრა ეჭირა; ოდნავ დამჭკნარი ყვავილები ფეხებთანაც… ალბათ, ვიღაცამ სიყვარული აუხსნა. ანდა არ დაელოდა „სიყვარულის დღეს“ და უფრო ადრე მიუტანა. გამოფენაზე კი იგი თითქოსდა გასცქეროდა თაიმსქვერზე მოსეირნე სქელსაჯდომიან ტიტველ ქალებს. ნუდებს ანფასში და პროფილშიც გადავუღე. უკანა “ხედი” კი იმიტომ ავარჩიე, რომ მხოლოდ დუნდულებზე ეწერათ “I Love New York”, წითელ – თეთრად. ეს ფოტო კი მაშინ გადავიღე, როცა წმინდა ლუკას ლუთერანული ეკლესიიდან “ბასიანის” იქ გამართული კონცერტიდან გამოვედი.

ია მერკვილაძის ფოტოები

ოდითგანვე ამ ქალაქის უსახლკაროები ტერიტორიის ორგანული “დიზაინია”. 2018-ის უკანასკნელი დღის ბოლო საათები ნიუ იორკში საშინელმა წვიმამ დასცხო. გადავიღე ისინი “ბალანსიაგას”, “დოლჩე და გაბანას” ვიტრინებთან, ტაძრებთან და მეტროსადგურებთან – თუ როგორ ხვდებოდნენ “ჰოუმლესები” დიდი ბროლის ბურთის მიწაზე დაშვებას. მაგრამ, აი, ბრიატონზე წაქცეული მორის პარალელურად, ნაგვის მთასთან დაგდებული მთვრალი მექსიკელი სიურეალიზმის განცდას ეგრევე გიქრობს და “აქეთობას” ეგრევე გაბრუნებს; ისევე როგორც ერთი კაცის კისერზე “აღმართული” მეორე კაცის ნიღბიანი სახე– მოჩვენება, გვერდით კი შუქნიშნის კაცუნა მთელი თავისი “სიმაღლით” – სამი ერთში; ან ქუჩაში კვირაობით მიგდებული პიანინო და მისი თანდათან დაშლის პროცესი; ანდა ჩემ წინ მიმავალი ხელჯოხიანი კაცი, უკან მოგდებული ძეწკვითა და მასზე კულონად – ჯვარზე ციცქნა ქრისტე.

ეს ყველაფერი დაჭრილი ქალაქის კომპოზიციის მთავარიცაა, პერიფერიაც, გადღაბვნაც, დეტალიზირებაც, რუტინაც, მეტაფორაც და უწყვეტი ტექსტიც.

___________________

მთავარ ფოტოზე: ია მერკვილაძის ფოტოები გამოფენიდან