ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

დენიელ არნოლდის ნიუ იორკი, დათუნია ფრედი და სხვა პერსონაჟები

დენიელ არნოლდის ნიუ იორკი, დათუნია ფრედი და სხვა პერსონაჟები

ასეთი მხიარული გასეირნება დათვთან ერთად არასდროს მქონია. თან ნიუ იორკის მეტროში ისე, რომ ჩემი „თანამგზავრი“ მე თვითონ უნდა მეტარებინა.

2020 წლის 28 თებერვალს, როცა ზამთრის დასასრულს ერთი დღე აკლდა, ბრუკლინიდან მანჰეტენისკენ ფუმფულა, საოცრად მშვიდ და დამყოლ თანამგზავრთან ერთად გავწიე. ჯერ კიდევ ახალი წლისთვის მეგობრის შვილებისთვის ჩაფიქრებული საჩუქარი, პლუშის დიდი დათუნია (Teddy Bear – ასე ჰქვია მას) ავიტატე, მაგრად ჩავიხუტე, ჩემი განუყოფელი ტუჩის საცხი სპეციალურად არ წავისვი, უნებლიედ არ ვაკოცო – მეთქი. ბინის კარი ძლივს დავკეტე და ლიფტისკენ გავწიე.

საჩუქრის მიტანა ორი თვით დავაგვიანე, მაგრამ ზამთარი ხომ ჯერ არ იყო დასრულებული, ასე რომ წელიწადის დრო არ დამიგვიანია.

საჩუქარი სიურპრიზად იყო ჩაფიქრებული. მისი ტრანსპორტირება იმ სქელი ცელოფნით, რომლითაც დათუნია გამოწერით მოვიდა, მოუხერხებელი იქნებოდა, ვერ ჩავიხუტებდი და ისედაც არც ისე მჩატე ბუთხუზას ზიდვა გამიჭირდებოდა, “ამაზონით” ადრესატამდე მიბრძანება კი მოულოდნელი სტუმრობის ეფექტს ვერანაირად გამოიწვევდა.

ეს ის პერიოდია კორონა ჯერ კიდევ ჩინეთის ნიუსების ამბავი რომ გვგონია, თუმცა პატარა “ლაისოლის სპრეი” ჩანთით უკვე დამქონდა. იმ პერიოდში ფაუჩის გამოხატული ანტიპირბადეობის მიუხედავად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღაბი, ჩინელებთან ერთად, მგონი, მხოლოდ მე მეკეთა და ამიტომ აქა–იქ მგზავრების შეშინებულ მზერას ვაწყდებოდი. ორ–სამჯერ დათუნიას, რომელსაც მერე ფრედი მერკურის პატივსაცემად “ფრედი” შევარქვით, სუნამოსავით სადეზინფექციო შევასხურე, ყოველი შემთხვევისთვის.

მხიარულება ჯერ კიდევ ჩემი ბინის მეხუთე სართულის კორიდორში დაიწყო. ღია კარიან ლიფტთან მელოდებოდა მეზობლის კაცი, რომელიც, როგორც ჩვენთან იტყვიან ხოლმე, უცხვირპირობის განსახიერება იყო და ამ ბინაში გადმოსვლისთანავე მასთან შეხვედრას ვერიდებოდი.

ამერიკაში დიდი ხანია მივეჩვიე, როცა ერთ სივრცეში უცნობ ადამიანს ხვდები, ესალმები – ემშვიდობები, კარგ დღეს, მშვიდობიან საღამოს უსურვებ. რამდენჯერაც ეს კაცი შემხვდა, სულ გაბრაზებული თვალწინ იყურებოდა და როცა ორი მისალმება “გამიტარა”, მეც დავიკიდე. იმ დღეს ეს უცნაური მეზობელი ახლა ყურებამდე გაბადრული მელოდებოდა, ლიფტის კარი ეჭირა და ლიფტიდან გამომავალი შუქის წინ კეთილ უფროს ჯუჯას (სიმაღლეს არ ვგულისხმობ) ძალიან ჰგავდა. ამჯერად თავად ხმამაღლა მომესალმა, მე კი პასუხი ძალიან ჩუმად წავიბურდღუნე. სამაგიეროდ იგი ორივეს ძალიან ბედნიერი თვალებით გვიყურებდა. უცებ აღმოვაჩინე, რომ ძალიანაც სიმპათიურია, ცისფერი თვალებით, ხალისიანი ჭორფლით სახეზე და ჩემსავით გაბურძგნილი თმებით.

მეტრომდე მისასვლელ გზამდე ხიდზე უნდა გადავსულიყავი. მანქანებიდან ხალხი ხელს მიქნევდა და მისიგნალებდა. წითელზე გავჩერდი, მაგრამ დავინახე, რომ მძღოლმა დიდი შავი ჯიპი მაინც გააჩერა და საქარე მინის მიღმა გაღიმებულმა ხელის ინტენსიური ქნევით მანიშნა, რომ გზას მითმობდა. მეტროს ბაქანზე გოგონა მომიახლოვდა და ნებართვა მთხოვა – ფოტოს გადაგიღებთო და, როგორც იტყვიან, ფოტოსესიის სეზონიც გაიხსნა.

დანიშნულების ადგილამდე, დაახლოებით მეტროს ათი გაჩერება უნდა გამევლო, მერე კი “თაიმს სკვერის” სადგურზე სხვა ხაზის მატარებელზე გადავმჯდარიყავი. მთელ ვაგონი ტელეფონით გვაფიქსირებდა. ყველა გვიღიმოდა, პატარების მშობლები და ბაბუა–ბებიები თითით მიგვანიშნებდნენ, ბავშვებს სახე ებადრებოდათ, ხმამაღლა კისკისებდნენ, ხელს გვიქნევდნენ, “ფრედის” სახლსა და პიცერიაში ეპატიჟებოდნენ. მეც, როგორც ზრდილობიან “დედას”, ფაქტობრივად, იმ ჩემ “უცინარი” მეზობელივით, საათ-ნახევარი ყურებამდე მქონდა პირი გაღებული და, მართალი გითხრათ, ოდნავ დავიღალე კიდეც. უფრო იმიტომ, რომ ჩემი ფრედი ცოტა დამძიმდასავით. ხუთჯერ მკითხეს, რას ჭამს და როგორ სძინავსო, ორჯერ ადგილი დაგვითმეს.

ესკალატორზე ასვლისას, მეორე მხარეს, ქვევით მიმავალი ხალხი ხელს გვიქნევდა, ჰაეროვან კოცნას გვიგზავნიდა და თითებით გულების ფორმებს გვიჩვენებდნენ. ესკალატორის ბოლოს ლამის სიყვარულის კორიდორი მომიწყვეს – განზე გადგნენ, თან მიძახდნენ, ფრთხილად იყავით, საყვარლებო, ძვირფასებო… კიბეებზე კი ერთი ახალგაზრდა კაცი გამომყვა, ამ კიბეზე როგორ ახვალთ, დაგეხმარებით; ჩექმები, ჩანთა და კაშნე ერთ ფერში როგორ შეარჩიეთო; ნება მომეცით გადასასვლელზეც გადაგიყვანთო. მე კი ფრედი საქმიანი იერით მხარზე გადავიკიდე და ეს ბარირიც დავძლიე.

ია და ფრედი ნიუ იორკში. დენიელ არნოლდის ფოტო

დედამიწის ზედაპირზე ამოვედი თუ არა, სადგურთან პოლიციელების ასე ხუთკაციანი გუნდი იდგა. ყველამ ხელი დაგვიქნია, ფოტოები “ჰაი, ჰაი ტედის” ძახილით გადაგვიღეს. მე – ფრედის თათი თუ ტერფი დავუქნიე და როცა შუქნიშანთან ზებრაზე ქუჩა გადავკვეთე და ტროტუარზე აღმოვჩნდი, მეგონა, რომ მხოლოდ ერთ ადამიანს ჩავუარე, მაგრამ უცებ მეორეც საიდანღაც გამოჩნდა. ამიტომ მე და ფრედი ორს შორის ძლივს გავეტიეთ ანუ გავძვერით, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო დათვისთვის და მისი თანმხლები პირისთვის. ეს იყო ამ ჩემი მოგზაურობიდან ერთადერთი წამი, როცა შეწუხებული სახე მქონდა. ალბათ, ზუსტად ერთი წამი. ან ნაკლები. გავეტიეთ და ისევ დავიბრუნე ჩემი სოციალური, ანუ მომღიმარი სახე.

კორპუსის პირველ სართულზე კარისკაცი გახარებული წამოხტა და ლიფტთან საჭირო ღილაკს დააჭირა. როცა მეგობარმა კარის საჭვრეტში გამოიხედა, ფრედი “ვერ იცნო”, მაგრამ მაინც გააღო… ატყდა ყველაზე ხალისიანი ჟრიამული, რომელიც არასდროს დამავიწყდება… როცა ჟრიამული ჩაცხრა, ისევ გავედი და ამჯერად ფრედის სტუმრობა ვიდეოკამერით დაფიქსირდა და ისტორიას სამუდამოდ შემორჩა.

როცა უკან, სახლში, უდათვოდ ვბრუნდებოდი, უკვე მენატრებოდა ფრედი, გამხიარულებული ნიუ იორკელები და აზრობრივად თვალი გადავავლე მეგობარ–ნაცნობების სიას, კიდე ვის შეიძლება ჰყოლოდა „სატედიბეარო“ ასაკის ბავშვი.

მოკლედ, ახლა ფრედი ძალიან ბედნიერია და სანდო ოჯახშია – პატრონები პერიოდულად მიგზავნიან ხოლმე ფრედის რუტინას: ფრედი ხან ბავშვებთან ერთად კომპიუტერთან ზის, ხან ტახტზეა გადაწოლილი, ხან მუცელზე სძინავს, ხან ბავშვების თამაშს უყურებს, ხან ოცნებობს, ხან ვარჯიშობს, ხან ტელევიზორს უყურებს, ხანაც ფანჯრიდან ქალაქს ათვალიერებს.

ამ ამბიდან ხუთი თვე იყო გასული, როცა ერთხელაც, პანდემიის განავლობაში სტუმრად პირველად ყოფნისას უეცრად ჩემ ტელეფონზე ერთბაშად ასი მესიჯი შემოვარდა. ერთ–ერთი პირველი გაეროს საქართველოს მისიის თანამშრომლების იყო და სანამ გავერკვეოდი რა ხდებოდა, ყოველგვარი ხუმრობის გარეშე, მეგონა, რომ ალბათ, ომი დაიწყო და ამიტომ მწერდა ყველა ერთად.

საქმე კი იმაში იყო, რომ იმ საღამოს ნაცნობ–უცნობებმა მე და ფრედი “ნიუ იორკ თაიმსის” როგორც ბეჭდვით, ასევე “ინსტაგრამ” გვერდზე აღმოგვაჩინეს… ზუსტად ის მომენტი, სადაც მე შეწუხებული სახით “სცილასა და ქარიბდას” შორის “ვლავირებ”. ფოტოგრაფი კი, დენიელ არნოლდი, ზუსტად იმ დროს გამოსულა ახლომდებარე შენობიდან, როცა მე და ფრედი ზებრაზე გადავდიოდით და მისმა ფოტოაპარატმაც, ცხადია, დაგვიჭირა…

ია და ფრედი. დენიელ არნოლდის ფოტო. „ნიუ იორკ თაიმსი“

„აი, ჭკვიანი და არტით შეპყრობილი პროფესიონალი“, – გავიფიქრე, – „იცის, რომ ამ ქალაქში ფოტოაპარატი ყოველთვის მზადყოფნაში უნდა გქონდეთ, თორემ ყველაზე მთავარს, საინტერესოს, ლოგიკურ–ალოგიკურს გამოტოვებ“.

დენიელ არნოლდი, ცხადია, „გუგლში“ ვიპოვე, მივწერე და მაშინვე მისი ფანი გავხდი.

ჩემი აზრით და არა მარტო ჩემი, იგი ნიუ იორკის ბოლო დროის განსაკუთრებული, უნიკალური ფოტოგრაფია და არა მარტო ქუჩისა და მოდის ფოტოგრაფი, როგორც ეს “ვიკიპედიაშია” აღნიშნული, არამედ, ნიუ იორკის კვანტური ველის, გნებავთ, აურის, გნებავთ ჰიგსის ველის ფოტოგრაფიც…

დაათვალიერეთ მისი ცოცხალი შედევრები და მიხვდებით, რას ვამბობ.

დენიელ არნოლდს მოგვიანებით შევეხმიანე და ჩემი თავგადასავალი მივწერე. ჩემი ავთენტურობის დასამტკიცებლად მეტროს ბაქანსა და ვაგონებში ჩემი ტელეფონით გადაღებული ფოტოებიც გამომადგა. განა მოითხოვა, უბრალოდ, ყოველი შემთხვევისთვის. ძალიან გაუხარდა. მგონი, პირველად შეეხმიანა მისი “მოდელი”… ეს ჩემი და ფრედის თავგადასავალი კი თავის “ინსტაგრამზე” გამოაქვეყნა, სადაც ამ ისტორიამ უფრო მეტი „ლაიქ–დაგულება“ გამოიწვია, ვიდრე – ფოტომ. მე და დათუნია მის ფოტოპროექტში – “მწუხარებისა და გათავისუფლების სეზონი: კოვიდის ხუთი თვე” – მოვხვდით და ამგვარად ისტორიაში კვლავ შევედით.

კომენტარები კი ძალიან სახალისო იყო: ზოგი უკმაყოფილო იყო, პირბადე რომ არ მეკეთა, ზოგს ჩემი ცისფრების შეხამება არ მოსწონდა, თუმცა ერი ფრედის ცხვირ–პირის სიმპათიურობა–ფოტოგენურებისა და ფოტოგრაფის ნიჭიერების თემაში სრულიად სოლიდარული იყო. მოკლედ, აქაც ნამდვილი ნიუ იორკი დამხვდა… ჩემი ამბავი ერთ საათში 13 ათასზე მეტმა ანგარიშმა „დაალაიქ–დაგულა“, მათ შორის, თავად “ნიუ იორკ თაიმსმაც”.

დენიელ არნოლდი ცნობილი ინსტაგრამელია. ყველა დროისა და ერის ყველაზე მთავარი გიჟი ქალაქის არაორდინალური ორდინალურობის თუ პირიქით, ხილული და უხილავი დეტალების, აბსურდთან ჩაძმაკაცების მემატიანე.

დენიელ არნოლდი

მისი ინსტაგრამის დათვალიერებისას გული აგიჩქარდებათ, რადგანაც იგრძნობთ ამ ქალაქის მიმართ კამერის უკან მდგომის კარდიოგრამას, რიტმს, ვნებას, აბსტინენციას, ადრენალინურ სინდრომებსაც და მიხვდებით, რომ იგი ამ ქალაქის ხმებსაც და სუნებსაც იღებს; სიმართლესა და ტყუილებს, ცილისწამებებსა და საიდუმლოებებს, სიზმრებსა და სიფხიზლეს…

ნიუ იორკის მიმართ დენიელ არნოლდის ერთწამიანი ფოტოკლიპები გახსნებს, რომ ნიუ იორკი მართლაც არის პლანეტის One and Only “ხელოვნური თანამგზავრი”, ხოლო ქუჩა – მთავარი ბალაგანი ბალაგანთა შორის.

დენიელს გასაოცარი ნიჭი აქვს ჰაერსა და მიწას მოსტაცოს ამ ქალაქის ორგანული დისჰარმონიულობა – ასიმეტრიულობა, რომელიც მარტოობისგან და ბევრის ნახვისგან დაღლილი თვალის გაკვირვებასაც ახერხებს და მეხსიერებაში აღბეჭდვასაც.

The New York Times -მა მას ინსტაგრამის უილიამ ეგლსტოუნი (მისი დამსახურებაა ფერადი ფოტოგრაფიის ხელოვნების დარგად აღიარება) უწოდა.

დენიელ არნოლდის მელოტი კაცის კეფის გაფარჩხული რამდენიმე ჭაღარა თმის ღერი გიყვება ამ ადამიანის, ალბათ, რთულ ბავშვობაზე და მარტოობაზე საკუთარ ან “მოხუცებულთა სახლში”.

აი, “უთავო” კაცი თავისი სახლის კიბეებთან, რომელსაც სააზროვნო ორგანო ყოველდღიურმა რუტინამ “მოაწყვიტა”, მაგრამ ფეხებზე მაინც ჯიუტად დგას, რადგანაც სხვაგან წასასვლელი არ აქვს.

ანდა მეტროსადგურის თეთრი კაფელის ფონზე ბოძს მიყრდნობილი შავი კონტური კოვბოის ქუდიანი კაცისა, რომელიც სიგარეტს ეწევა. ანთებულ, მბჟუტავ ალს, “თეთრ წერტილს”, ეგრევე “იჭერ” და ელოდები – ჩაქრება თუ არა მატარებლის ჩაქროლებისას და თან თითქოს ბორბლების რიტმული გრუხუნიც გესმის..

დენიელ არნოლდის ფოტო

დენიელ არნოლდის ფოტო

დენიელ არნოლდის ფოტო

ოცი წლისა დენიელ არნოლდი ნიუ იორკში მილუოკიდან (ვისკონსინის შტატი) გადმოსახლდა და ბრუკლინელი გახდა. 2012 წელს მან თავისი ფოტონამუშევრები Instagram–ზე გამოაქვეყნა, სადაც 1500 გამომწერი გაუჩნდა; შემდგომ ერთ–ერთ ცნობილ მედიაპლატფორმაზე, Gawker-ზე მას “ინსტაგრამის საუკეთესო ფოტოგრაფი” უწოდეს. 2014 წელს დენიელს უკვე 60 ათასი გამომწერი ჰყავდა, დღეს კი 356 ათასი ჰყავს.

დენიელი, მგონი, პირველი ფოტოგრაფია, რომელმაც თავისი ფოტოები ინსტაგრამის საშუალებით გაყიდა და პირველსავე დღეს 15 ათასი გამოიმუშავა.

MTV- სა და Wired – ის მიერ საუკეთესო პროფესიონალად აღიარების შემდეგ The New Yorker – მა მას ერთი კვირით თავისი ინსტაგრამი დაუთმო, რათა დენიელს ნიუ იორკის მეტროს ცხოვრება გადაეღო და ამ სოცმედიაში გენათავსებინა.

დენიელ არნოლდის ფოტო

დენიელ არნოლდის ფოტო

დენიელ არნოლდის ფოტო

დენიელ არნოლდთან საუბარი წიგნებზე, ფილმებსა და ღვინოზე დავიწყეთ. იგი  ამბობს, რომ საყვარელი წიგნები არა აქვს, უბრალოდ მის ბიბლიოთეკაში ახალშეძენილებიდან წაკითხვას ელოდება: არკადი და ბორის სტრუგაცკების “პიკნიკი გზის პირას”, ელდრიჯ კლივერის “სული ყინულზე”, მიშელ უელბეკის “სეროტონინი”, პოლ ბაულისის “მფარველი ცა” და ბობი სილის “დაიჭირე დრო”.

ფილმებიდან უყვარს: ლანს ოპენჰაიმის “სამოთხისმაგვარი”, ვალენტინ ვასიანოვიჩის “ატლანტიკი”, ვიმ ვენდერის “პინა”, ლი გლობის “ვენერა” და ჰაიაო მიაძაკის “სასახლე ცაში” … ბარემ ღვინოზეც ვისაუბრეთ, პრიორიტეტები არ გამოკვეთა და შევთანხმდით, რომ ქართულს აუცილებლად დააგემოვნებს.

დენიელ არნოლდი: უნივერსიტეტში ინგლისურ ენასა და ლიტერატურას ვსწავლობდი და ათი წელი სხვადასხვა თემაზე ვწერდი, ასე ვთქვათ, მწერლად ვმუშაობდი.

ყველაზე მეტად ჩემ კარიერაში ვამაყობ იმით, რომ მუსიკალური ჟურნალისტი ვიყავი, თუმცა მე იმის ამბიცია არ მქონდა, რომ პროფესიად ეს სფერო ამერჩია. მე უფრო რთული ამოცანები მაინტერესებდა, ვიდრე ჩემი ისტორიების გამოგონება და ვინმესთვის შეთავაზება. ამ ხნის განმავლობაში ფოტოებს სულ ვიღებდი. ეს იყო ჩემი დამცავი საბანი იმ სივრცეებში, სადაც მე თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი. ეს მე დოკუმენტაციის შექმნის თავის ტკივილისა და წერის მოვალეობის ტანჯვა – წამებისგან მათავისუფლებდა. ერთი ათეული წლის შემდეგ კი ჩემ ცხოვრებაში ამ ორმა პროფესიამ ადგილები გაცვალეს.

  • როდის მიხვდით, რომ სწორედ ფოტოგრაფიაა თქვენი მოწოდება?

ექვსი დედმამიშვილიდან ყველაზე უფროსი ვარ. ადრეული ასაკიდან ჩემ და–ძმას ვუღებდი. თუმცა 2013 წლამდე ფოტოგრაფიას, როგორც მოწოდებას, ისე არ აღვიქვამდი.

  • ნიუ იორკ თაიმსსადავოგშიმუშაობა როდის დაიწყეთ?

“ვოგი” ჩემ ცხოვრებაში 2014 წელს გაჩნდა. შემთხვევით გავიცანი რედაქტორები, როცა ჩემი მეგობრის, ცნობილი ფოტოგრაფის გრანტ კორნეტის ასისტენტად Vogue–ის გადაღებებზე ვმუშაობდი. არასდროს მითხოვია სამსახური. უბრალოდ, რაღაც პერიოდის მერე იგი თავისით გაჩნდა. ედიტორიალისთვის ვიღებდი პარკში გამართულ თმის შეჭრის ღონისძიებას, შემოდგომის “ფეშენ შოუს” ფოტოეკლეკტიკას და აზრზეც ვერ მოვედი, ისე აღმოვჩნდი Met Gala – ზე.

Met gala. დენიელ არნოლდის ფოტო

Met gala. დენიელ არნოლდის ფოტო

ჩემი ურთიერთობა The New York Times-თან 2016 წელს დაიწყო რუფუს უენვრაიტის (ამერიკელი კომპოზიტორი, მომღერალი) პორტრეტის გადაღებით. ის იგვიანებდა, მე კი “კარნეგი ჰოლის” სცენაზე ვიჯექი და პიანინოს კლავიატურაზე თითებით დავხტოდი მანამ, სანამ ის არ მოვიდა. ამის მერე მე ივ ლიონსთან (ნიუ ორკ თაიმსისფოტორედაქტორი), მის ბლოგზე, სახელწოდებით “ხედვა”, ვთანამშრომლობდი. ეს იყო ქუჩის ფოტოგრაფიის ექსპერიმენტი – ბილ კენინგჰემის (ნიუ იორკ თაიმსისმოდის ფოტოგრაფი) სიკვდილის შემდეგ დაცარიელებული უძრავი ქონების ხელახალი გადააზრება.

ჩემი მადა თემების ძიების მიმართ, მას მერე, რაც წერა დავიწყე, არ შეცვლილა. მე ყოველთვის მომწონდა უწესრიგობიდან გამოსავლის პოვნა. იყო გადაგდებული სამყაროში, რომელსაც არ ეკუთვნი და შეისწავლო/დაწერო ამ სამყაროზე მოვლენათა განვითარების პარალელურად, აი, სწორედ ეს მინდა. ივ ლიონს მოსწონს, ჩამაგდოს ბანალურ სამყაროში, უხერხულ ტერიტორიაზე და მიყუროს, როგორ დავაყენებ ამ მოცემულობას თავდაყირა.

Vogue მე ექსცენტრული, კულტურული, პოლიტიკური და მოდის სამყაროს რეპორტაჟებისთვის მიყენებს. მე მოგზაურობა და ისეთ სიტუაციებში მოხვედრა მიყვარს, როცა იმდენად ვარ შეცბუნებული და არაკომფორტულ მდგომარეობაში, რომ კარგად აზროვნება არ შემიძლია. ამიტომ ეს მე ავტომატურ რეჟიმში მუშაობას მაიძულებს, ყოველგვარი მიზნის ანდა ანალიზის გარეშე.

  • გასაგებია, რომ თქვენი მუზა ნიუ იორკია. ამ ქალაქის ცხოვრების გადაღება პოეტური მუზაა თუ ხელობა?

მე ამას ხელობას არ დავარქმევდი. დიდი ხნის განმავლობაში ფოტოგრაფიით ვიყავი დაკავებული მანამ, სანამ კამერის გამოყენებას კარგად დავეუფლებოდი.

რასაკვირველია, ეს ქალაქი მუზაა, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, ფოტოაპარატის ტარება მაიძულებს ჩემი ცხოვრება უფრო მეტად მიყვარდეს. ეს მე უფრო გამბედავსა და ამბიციურს მხდის. მე უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევ ქალაქს და თითქმის არასდროს ვარ მოწყენილი. ეს ჩემ ცხოვრებას იმ თამაშად აქცევს, რომელიც მე ყოველთვის შემიძლია ვითამაშო.

  • მაგრამ დიდი ქალაქი დიდი მარტოობაა. არის ამაში ფოტოგრაფიის ხელოვნებისთვის სარგებელი?

რასაკვირველია. ვფიქრობ, რომ მარტოობა სასარგებლოა. სამყარო სხვაგვარად გამოიყურება, როცა მარტო ხარ. მაგრამ ის ასევე სხვაგვარად გამოიყურება, როცა შენ ჰიპერაქტიური ხარ, ან გაბრაზებული ან მაგარ მუსიკას უსმენ.

ვფიქრობ, ენერგია და ემოციების სიმკვრივე აკეთებს უფრო მეტს, ვიდრე – მარტოობა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ არსებობს შემჭიდროებული, პროაქტიულ ქმედებათა სამყარო, რომელიც შენს განწყობას ესადაგება, იმისდა მიუხედავად, თუ როგორია იგი სინამდვილეში.

დენიელ არნოლდის ფოტო

  • როგორ აღწერდით მომენტის დაჭერის ჯადოსნურობას? რას გაძლევთ იგი?

– ადრენალინს! თუმცა იგი გარანტირებული არაა. არის რაღაც, რასაც მე შეიძლება დავეყრდნო. მაგრამ როცა შესაძლებლობა ჩნდება, მეხმარება ის, რაზეც მე ჩემი დროისა და ენერგიის დიდი ნაწილი დავხარჯე, როცა ამ მომენტისთვის მზადყოფნისთვის ვვარჯიშობდი.

  • სმარტფონების ხანაში, როცა ადამიანს მოკლემეტრაჟიანი ფილმიტელეფონის კამერით გადაიღება შეუძლია, როგორ ხედავთ პროფესიონალი ფოტოგრაფიის მომავალს?

ვფიქრობ, რომ ფოტოგრაფიას სმარტფონმა საკმარისი ზიანი უკვე მიაყენა. იერარქიის ინფრასტრუქტურა დაირღვა, სამყარო კი ასე თუ ისე დაუბრუნდა თავის თავს. რაც შეეხება მომავალს… არ ვიცი.

მე ძნელად მჯერა, რომ სამყაროს ფოტოგრაფიის მიმართ ასეთი დონის ინტერესის შენარჩუნება შეუძლია. არ გეჩვენებათ, რომ ეს ბუშტი უნდა გასკდეს? ვის სჭირდება ამდენი სურათი? მაგრამ არა მგონია, რომ უახლოეს მომავალში ფოტოგრაფები მადას დაკარგავენ. ეს ღრმა კავშირია და ცხოვრების უდიდესი მასწავლებელი.

  • რა იყო პანდემიის პერიოდის ფოტოგრაფია, კერძოდ კი, ნიუ იორკში?

ამ ფოტოებს ყველა სხვადასხვაგვარად აღიქვამდა. ზოგისთვის ეს სიახლეები იყო, ანდა სახლში გადაღებული ფოტოები, ცარიელი ვიტრინები, უსახლკაროები, უპატრონო ბავშვები.

ყველას თავის გადარჩენის თავისი გზა აქვს. ჩემთვის ეს არ იყო მიზანმიმართული მცდელობა. საქმე რიტუალს ეხებოდა. ჩემი მიზანი იმაში მდგომარეობდა, რომ მრავალჯერადი წვრთნით მეტი გამოცდილება მიმეღო. ჩემით შემეგრძნო ეს ყოველდღიურობა – ყოველ დღე ვატარო ფოტოაპარატი, რომ როცა ყველაფერი დამთავრდება, მქონდეს გამოსახულებების ის აბსტრაქტული ჯაჭვი, რომლითაც უცნაური განცდებში დაბრუნების საშუალება მომეცემა.

სანამ მე ვერ ვხედავ, მე ვერ ვამბობ თუ რაა ეს. და არც არაფერი მაქვს გასაზიარებელი. მუდმივი მოძრაობა მე გამოცდილების მიღებისთვის მზადყოფნაში მაყენებს. ამ ყველაფერს მაშინ გავიგებ, როცა მოვიხედავ და სამყარო განსხვავებული დამხვდება.

  • კოვიდპანდემიის დროს დეპრესიულ გარემოს როგორ უმკლავდებოდით?

ჩემი თერაპია ჩემი სამსახურია. დეპრესიისთვის მე დრო არ მქონდა. სულ დავდიოდი და ვმუშაობდი. როცა გარეთ ყინავს, მე ნაკლები საქმე მაქვს და არაა ეს მარტივი ამბავი. მერე კი ვცდილობ გამოტოვებულის კომპენსირებას. მე არ ვარ ისტორიკოსი და ისტორიებს არ ვდებ. ჩემი დრო უკეთესად დაიხარჯა უფრო მიწიერზე და პირადზე. ის, რაც ჩემ ტვინსა და სხეულს სეირნობის საშუალებას აძლევდა. ფოტოგრაფია უფრო ემოციური ფენომენია, ვიდრე – ინფორმაციული ხეტიალი.

ჩემთვის საიდუმლოა, ვინ, როგორ მოიხმარს ჩემ მიერ გაკეთებულ ჩანაწერებს. ეს ჩემთვის ყოველთვის საინტერესო და საკვირველი სანახაობაა.

  • თქვენ და ინსტაგრამი — უპირატესობები და თავისუფლება.

ინსტრაგრამისგან დავიღალე და თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ, როცა მას ძველებურად ვიყენებ. ცხადია, მან დიდი როლი შეასრულა ჩემი ცხოვრების შეცვლაში და იმაშიც, ვინც ახლა ვარ. მაგრამ ამის გარდა მე მასზე კარგს ვერაფერს ვიტყვი. ეს არის ინსტაგრამზე დამოკიდებულება და სიგიჟე, რომლითაც იმდენადაა ყველაფერი გადავსებული, რომ დაკარგა თავისი მიზანი და ძალა.

თუ მაინც და მაინც მის განსაკუთრებულ უპირატესობაზე უნდა ვთქვა, ვიტყოდი, რომ ამ ერთგვაროვანი, კონფორმისტული ავატარ – ხმების ზღვის უკან უფრო ადვილი ხდება ნამდვილი გულისა და ორიგინალურობის აღმოჩენა.

  • თქვენი საოცნებო ფოტოსერია

გამიგია, რომ “ვოგის” რედაქტორი ანა ვინტური ყოველდღე მარტო ზის ჟურნალის დაცარიელებულ ოფისში. სიამოვნებით შემოვიპარებოდი და გადავიღებდი მას რამდენიმე კვირის განმავლობაში იმ სიურრეალისტურ გარემოში. იმ სართულზე ცარიელი საოფისე ფართი ქალაქის ერთი კვარტლის ზომისაა.

  • ახლა რას გეგმავთ?

რთულია ამ სამყაროში რაიმე დაგეგმო. ყველაფერი ხომ ისეთი არაპროგნოზირებადია. ჩემი მიზნები კი მარტივია – გავიდე სახლიდან და მიმოვიხედო; დავდგა ერთი ფეხი მეორის წინ, გადავდგა ნაბიჯი, ვიყო კარგი მოქალაქე და ვიყო ჩემ ოჯახთან ახლოს.