ნიუ იორკის ერთ საღამოს, ბრუკლინში მდებარე პატარა მაღაზიაში – „ქართულია“, სადაც ქართული წიგნები, სუვენირები და ბრენდები იყრის თავს, გაიმართა უჩვეულო წიგნის, „თვითმარქვიას“ პრეზენტაცია.
„თვითმარქვია“ უჩვეულო ადამიანის, ქართველი ემიგრანტის, ამბერკი „ბეკო“ ივანეს ძე გიორგიძის (აშშ-ში — დევიდ ჯორჯი) ცხოვრებას ეძღვნება.
ამ კაცის თავგადასავალი, ალბათ, დავიწყებულ ისტორიად დარჩებოდა, რომ არა მისი ძმის, კირილე გიორგიძის შვილთაშვილის მეუღლის, თავადაც ემიგრანტის, მარი ჩიკვაიძის (კვატია) ინტერესი, გაერკვია – ვინ იყო ეს კაცი, რომელიც იმერეთში დაიბადა, ევროპასა და ამერიკაში ისწავლა და დღეს ნიუ იორკში განისვენებს.
„თვითმარქვია“ ოჯახური საგაა, რომელიც სპარსეთიდან, ანატოლიიდან, აღმოსავლეთ ევროპიდან და საქართველოს პატარა სოფლებიდან ადამიანების დიდ ქალაქებში მიგრაციისა და ასიმილაციის შესახებ მოგვითხრობს.
ავტორი წიგნის ბოლო თავს, სახელწოდებით “ბეკო”, ასე იწყებს:
“ამბერკი გიორგიძე, რომელსაც მოფერებით ბეკოს ეძახდნენ, იმერეთის მაღალმთიან სოფელ ხანში დაიბადა, ერთი ჩვეულებრივი, თუმცა შეძლებული გლეხის ოჯახში. მისი ცხოვრებაც ისეთივე ჩვეულებრივი იქნებოდა, როგორიც მისი წინაპრების, რომ არა ერთ გამორჩეულ დიდგვაროვანთან დაახლოება. ამ ორი ადამიანის ერთი შეხედვით შეუსაბამო მეგობრობამ ბეკო არაერთ თავგადასავალში გახვია და საქართველოდან ძალიან შორს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ამოაყოფინა თავი. ყველაფერი კი ასიოდე წლის წინ დაიწყო…“

ამბერკი [ბეკო] გიორგიძე. პირველი ფოტო – არქივიდან, მეორე ფოტო დამუშავებულია AI-ის გამოყენებით
1921 წლის საბჭოთა ოკუპაციამდე ცოტა ხნით ადრე იგი ევროპაში გადასახლდა, სადაც ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის მიწათმოქმედების ფაკულტეტზე (1920-1924) სწავლის დაფინანსება ოჯახური სამკაულების გაყიდვისა და სამთავრობო სტიპენდიების მოპოვებით შეძლო.

საარქივო მასალა

საარქივო მასალა
საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პოლიტიკურ ემიგრაციაში წასვლის გამო გერმანიაში მყოფმა ქართველმა სტუდენტებმა სტიპენდიები დაკარგეს და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ცნობილია, რომ ბეკოს 1922 წელს უშუალოდ პრუსიის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამონაკლისის სახით სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მისცა.
1924 წელს აშშ-ში ჩასვლის შემდეგ ამბერკი გიორგიძე თავდაპირველად ყველანაირ სამუშაოს ჰკიდებდა ხელს, მათ შორის იყო ყასბის თანაშემწე და მთავარი მებაღე. ინგლისური ენის სრულყოფილად დაუფლების შემდეგ კი, 1932 წელს, ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტში რძის ტექნოლოგიების მაგისტრის ხარისხი მიიღო.
წყაროების თანახმად, ბეკომ რვა ენა იცოდა. მტკიცე ანტიკომუნისტი ამბერკი გიორგიძე ამერიკულ პრესასთან ინტერვიუებში ღიად აკრიტიკებდა საბჭოთა რეჟიმს და მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებდა ქართულ ემიგრანტულ საზოგადოებასთან, მათ შორის, ქართულ-ამერიკული დიასპორის ისეთ თვალსაჩინო ფიგურებთან, როგორებიც იყვნენ კირილე გურგენიძე, ივანე კობახიძე, სვიმონ სიდამონ-ერისთავი, ვასილ დუმბაძე და სხვანი.
გერმანიაში დაბრუნებასა და იდუმალებით მოცული ოთხი წლის შემდეგ (1932-1936), გიორგიძემ აშშ-ის მოქალაქეობა მიიღო (1937) და ახალ ცხოვრებას შეუდგა, როგორც რძის ტექნოლოგიების გამოცდილი ექსპერტი.

რძის ტექნოლოგიების მაგისტრი – ამბერკი გიორგიძე თანაკურსელებთან ერთად (Yearbook, Ohio State University, 1932).
1942 წელს როცა ჰავაიზე, იაპონელების პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ აშშ ოფიციალურად ჩაერთო მეორე მსოფლიო ომში, ბეკო გიორგიძე, უკვე დევიდ ჯორჯი, ათ მილიონ ამერიკელ წვევამდელთა შორის იყო.
საგულისხმოა, რომ სამხედრო ბარათში ბეკოს დაბადების ადგილის გრაფაში გარკვევითაა მითითებული Georgia (საქართველო), რასაც შტატის/ქვეყნის გრაფაში – USS Russia მოსდევს. ეს ფაქტი რუსეთის იმპერიაში ამბერკი გიორგიძის დაბადების გეოპოლიტიკურ რეალობას ასახავს, თუმცა ამავდროულად მის ქართულ იდენტობას ხაზს უსვამს.

მარჯვენა კუთხეში ბეკოს გიორგიძე 1930-იანი წლების ქართული სათვისტომოს თვალსაჩინო წევრებთან ერთად
მიუხედავად იმისა, რომ ბეკოს ომში უშუალო მონაწილეობა არ მიუღია, იგი თავისი მაღალი თანამდებობიდან გამომდინარე, ამერიკული წარმოების რძის პროდუქტებით ფრონტის მომარაგების ჯაჭვში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი იყო.
ამბერკი გიორგიძე 1948 წლის 19 ივლისს ტრაგიკულად გარდაიცვალა. მძიმე სენმა იგი თვითმკვლელობამდე მიიყვანა. მეგობრებმა ბეკო ალბანიდან (ნიუ იორკის შტატის დედაქალაქი) ნიუ იორკში ჩამოასვენეს და სასაფლაო „მაუნტ ოლივეტ სემეტერიზე” (Mount Olivet Cemetery), გიორგი მაჩაბლის მეზობლად დაკრძალეს.
მეგობრებმა ან არ იცოდნენ ბეკოს მამის სახელი, ან საჭიროდ ჩათვალეს საფლავის ქვაზე მისი ამერიკული სახელის პირველი ასოც დაეტანათ. მის საფლავის ქვას ასე აწერია “Amberki D. Georgidze – 1897 -1948). შეცდომა დაბადების თარიღსა და გვარის მართლწერაში ემიგრანტული მარტოობის სევდიანი კვალია.
ამერიკაში მოღვაწე, ნიუ იორკის ვიცე – მერის კონსტანტინე სიდამონ-ერისთავის მამა სვიმონ სიდამონ-ერისთავი თავის მემუარებში დანანებით იხსენებს, რომ ბეკოსგან მრავალი წლის წინ ნასესხები ათი დოლარი დასაბრუნებელი დარჩა…
“25 წლის ასაკში, უკვე ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის პირადი მდივანი ვიყავი. საქართველომ თავისუფლება მხოლოდ სამი ხანმოკლე წლით იგემა. შემდეგ მოვიდა თებერვალი. ცრუ დაპირებებში გახვეული ბოლშევიკები დაგვესხნენ თავს და წითელი არმიის რისხვა დაატეხეს ჩვენს დედაქალაქს. თბილისში დენთისა და სასოწარკვეთის სუნი დატრიალდა. დამოუკიდებლობის ოცნება კვლავ კვდებოდა. ყველა, ვისაც პატივს ვცემდი და ვაღმერთებდი, ერთი და იმავე შეუძლებელ არჩევანის წინაშე დადგა: დარჩენილიყვნენ და საქართველოსთვის მომკვდარიყვნენ, რათა ისტორიის წიგნს მხოლოდ დამარცხებული ქვეყნის შესახებ სქოლიოს ჩანაწერებში შემორჩენოდნენ, თუ დაეტოვებინათ საქართველო და საზღვარგარეთ ეცხოვრათ და ებრძოლათ მისთვის. მე ემიგრაცია ვამჯობინე“ – წერს მარი ჩიკვაიძის მიერ მხატვრულ პერსონაჟად გაცოცხლებული ამბერკი გიორგიძე.
„ჩვენ, 1921 წლის ემიგრანტები, ლაჩრები არ ვყოფილვართ! ჩვენ დიდებული, მყისიერი აღსასრული, გადარჩენის ხანგრძლივ და ჩუმ ტვირთზე გავცვალეთ; საქართველოს ხსოვნას ძარღვებში ვატარებდით, ჯიბეში კი ერთი მუჭა ქართული მიწა გვედო სამარეზე დასაყრელად; იმ შემთხვევისთვის, თუ სულს დავლევდით, ამ ულევი შესაძლებლობების ქვეყანაში, მიწაზე, რომელიც ჩვენი არ იყო.
ჩვენ ვიბრძოდით საქართველოსთვის და ვცდილობდით, რომ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისკენ სწრაფვა, თუნდაც რუსული ოკუპაციის მიერ შეჩერებული, მსოფლიოს არ დავიწყებოდა.” – ეს და სხვა ეპიზოდები არის ავტორის მიერ შექმნილი, ამერიკული პროზის კონკურსში გამარჯვებული, მხატვრულად მოთხრობილი საარქივო ტექსტი, რომელიც არა მხოლოდ ერთი ადამიანის ცხოვრების ამბავს გვიყვება, არამედ მთელი ეპოქის სულისკვეთებასაც აღწერს.
“თვითმარქვიას” ავტორი მარი ჩიკვაიძე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში გერმანიის ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის დოქტორია. საქართველოში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, რის შემდეგაც მან ევროპაში კიდევ ორი მაგისტრატურა დაამთავრა.
პროფესიით STEM-საგნების, კერძოდ, მათემატიკის მასწავლებელია, მუშაობის თორმეტწლიანი სტაჟით ბრიტანეთის და ამერიკის შეერთებული შტატების მოწინავე სასკოლო და საუნივერსიტეტო დაწესებულებებში. იგი უკვე ოცი წელია, რაც საქართველოდან წავიდა და როგორც თავად ამბობს, სამ ევროპულ ქვეყანაში უფასოდ ისწავლა.
მარი ამჟამად ოჯახთან ერთად კალიფორნიის სან-ფრანცისკოს ყურეში მდებარე პატარა საუნივერსიტეტო ქალაქ პალო ალტოში ცხოვრობს და არასამთავრობო ორგანიზაციაში, სახელად – “ნახევარკუნძულის ხიდი” (Peninsula Bridge) მუშაობს. ეს კომპანია, რომელიც კალიფორნიაში 1990-იან წლებში დაარსდა, მოტივირებულ, დაბალშემოსავლიან ახალგაზრდებს საშუალო სკოლიდან კოლეჯის დამთავრებამდე აკადემიურ და მენტორულ მხარდაჭერას უწევს.

მარი ჩიკვაიძე
პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად მარი წიგნებისა და სტატიების ავტორი, დამოუკიდებელი მკვლევარი და მოყვარული გენეალოგია. სულ ცოტა ხნის წინ მან მეგობრებთან ერთად, პროექტის “კავშირი საქართველოსთან” (Geo Link) ფარგლებში ქართულ-ინგლისური შემეცნებითი საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის შექმნა დაიწყო.
- როგორ დაიბადა თქვენში მწერლობის სურვილი?
მწერლობის სურვილი საინტერესო და მნიშვნელოვანი საარქივო მასალების არსებობამ განაპირობა, ჩემი მთავარი ფოკუსი კი იდენტობის, მიგრაციისა და ოჯახური ისტორიის თემებია.
ჩემი პირველი, ნახევრად ბიოგრაფიული წიგნი „თვითმარქვია“ 2025 წლის ოქტომბერში გამოიცა, მამუკა ხანთაძის გამომცემლობა “აზრის” მიერ. ის, თუ რატომ გადავწყვიტე წიგნი მარი კვატიას ავტორობით (ფსევდონიმით) დამებეჭდა, მკითხველისთვის მესამე თავის შემდეგ გაცხადდება.
წიგნი ჩემს მრავალწლიან გენეალოგიურ კვლევას ემყარება და მიუხედავად იმისა, რომ კვლევის ხარისხით კმაყოფილი ვიყავი, სანამ უშუალოდ წერას შევუდგებოდი, გურამ მეგრელიშვილის საავტორო მასტერკლასი გავიარე და გამოცდილ რედაქტორთან და მწერალთან, კახა ჭაბაშვილთან ვითანამშრომლე, რათა წიგნი გამოსაცემ კონდიციამდე მიმეყვანა.
მადლიერი ვარ გარეკანის დიზაინით, რომელიც ნინო ბაკურაძეს ეკუთვნის და წიგნში მოთხრობილ ყველა “თვითმარქვიას” ერთ პორტრეტში ზუსტად ასახავს. წიგნი საქართველოში უკვე სამ ადგილზე წარსდგა, ამერიკაში კი სამი შტატი მოიარა.
მუშაობის პარალელურად, ვცდილობ გავაგრძელო მოხალისეობრივი საქმიანობაც, მაგალითად, ისეთ ორგანიზაციაში როგორიცაა “მოძრაობა ბედნიერებისათვის” (Action for Happiness). ბედნიერების ყოველთვიური ქართული კალენდარი, რომელიც ამ ორგანიზაციის ვებ გვერდზე დევს, სწორედ ჩემი ნათარგმნია. კალენდარში ძალიან საჭირო და მეცნიერულად დასაბუთებული პრაქტიკული რჩევებია ბედნიერების ხარისხის ასამაღლებლად და მენტალური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
ასევე, ამერიკაში ჩამოსვლიდან მალევე შევუერთდი საინიციატივო ჯგუფს – “იზრუნე საქართველოზე”, სადაც ჩემს მეგობრებთან ერთად ქვეყნისთვის საჭირო პროექტებზე ვმუშაობთ. ამჟამად ხევსურეთის საზღვრისპირა სოფელი ხონეში ადგილობრივ მოსახლეობას მზის პანელების დაყენებაში ვეხმარებით და ამას ქართული დიასპორის აქტიური ჩართულობის ხარჯზე ვახერხებთ.
- ამბერკი გიორგიძის ემიგრანტულ ცხოვრებაზე კვლევის დაწყება რატომ იყო მნიშვნელოვანი, რამ გიბიძგათ წიგნი დაგეწერათ?
ჩემი გენეალოგიური და საარქივო კვლევები სწორედ ქართველი ემიგრანტებისა და მათი ოჯახების უცნობ ბიოგრაფიებზეა დაფუძნებული. ამბერკი გიორგიძის ამბავი ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც ის ჩემი მეუღლის დიდი ბაბუის ძმა გახლდათ და მის ამბავს გიორგიძეების ოჯახი საუკუნეზე მეტ ხანს უშედეგოდ იძიებდა.
ჩემი მამამთილის, მერაბი გიორგიძის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე მე და ჩემმა მეუღლემ გიორგიმ კერძო მკვლევრების და ფასიანი მონაცემთა ბაზების საშუალებით ბეკოს ბიოგრაფიულ მასალებს მივაგენით. მოგვიანებით ეს კვლევა თანდათან განვავრცე და აკადემიური სტატიის სახით, რეცენზირებულ სამეცნიერო ჟურნალში გავაგზავნე. მიუხედავად იმისა, რომ ეს კვლევა მკითხველისთვის ხელმისაწვდომია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე (ჟურნალი “ქართული ემიგრაცია” 2025, N12), საჭიროდ ჩავთვალე მკითხველისთვის ამბერკი გიორგიძის ამბავი ნახევრად მხატვრული სახითაც შემომეთავაზებინა.
ვფიქრობ, მხოლოდ აკადემიური სივრცე არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მივიწყებული ქართველი ემიგრანტების ამბავი გავაცოცხლო, ამიტომ ვცდილობ მათი ადამიანური ისტორიები ფართო აუდიტორიებამდე, მათ შორის, ბავშვებამდე მივიტანო.
სწორედ ამან მიბიძგა ნახევრად მხატვრული სახე მიმეცა ჩემი სადებიუტო წიგნისთვის “თვითმარქვია”, რომლის ბოლო თავი, ამბერკი გიორგიძის და მის თანამოაზრეთა: სვიმონ სიდამონ-ერისთავის, გიორგი მაჩაბლისა და სხვათა ცხოვრებაზე მოგვითხრობს.
გარდა ამისა, მეგობრებთან ერთად ვმუშაობ ბიოგრაფიების ადაპტირებულ, ქართულ-ინგლისურ ვერსიებზე; ჩვენი პროექტის ფარგლებში უკვე გამოიცა ნია სიხარულიძის წიგნი მის ბაბუაზე, სანდრო ბარათელზე, რომელიც 1977-1985 წლებში ამერიკაში დაფუძნებული “ქართული ასოციაციის” ხელმძღვანელი იყო; ასევე, ჩემი მოკრძალებული წიგნი ამბერკი გიორგიძეზე.
წლის ბოლომდე სერიაში – “ქართველი მეოცნებეები ამერიკაში” კიდევ რვა წიგნის გამოცემა იგეგმება, მათ შორისაა, სულ ახლახან დასრულებული, დაუშვილისა და ჯანელიძის, ჩემ მიერ ადაპტირებული გიორგი მაჩაბლის საყმაწვილო ბიოგრაფია სახელწოდებით – “სუნამოების პრინცი”. ეს არის მარტივად წასაკითხი, ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული ბიოგრაფიების რიგით მესამე წიგნი, რომელთა მიზანია საქართველოში და ამერიკაში მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის ემიგრანტების ცხოვრების მხატვრულად გაცნობა და მათი შთაგონება, და, ასევე, ორ ენაზე კითხვისა და აზროვნების განვითარება.
სწორედ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ქართველების ამ ბიოგრაფიებითა და სხვა, ქართულ-ინგლისურ ენოვანი წიგნებით დაკავშირების მიზნით, პროექტს სიმბოლური სახელი – “კავშირი საქართველოსთან” დავარქვით.
მოხარული ვარ, რომ ამ საქმეში ჩემი მეგობრები, გამოცდილი მთარგმნელი და რედაქტორი ლალი აფციაური, მკვლევარი და დებიუტანტი ავტორი ნია სიხარულიძე და ასევე გამოცდილი დიზაინერი და გერმანისტი ნინო დოლიძეც ამყვნენ.
- როგორ შეხვდა თქვენი ოჯახი ამ წამოწყებას?
ჩემი მეუღლე ყოველთვის დიდ მხარდაჭერას მიწევს როგორც პროფესიულ, ისე პირად პროექტებში. ჩვენ სამი შვილი გვყავს და ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა მათთვის წინაპრების ამბების შენარჩუნება.
სამწუხაროდ, საქართველოში ამბერკი გიორგიძეზე ზეპირი მეხსიერების მოძიება ძალიან გამიჭირდა, რადგან საბჭოთა წლებში ემიგრანტ ნათესავებზე საუბარი ტაბუირებული იყო, ამიტომ, ჩემთვის ინფორმაციის ძირითადი წყარო ამერიკული და გერმანული არქივები გახდა.
სხვათა შორის, 2026 წლის ზაფხულშიც, საქართველოში ყოფნის დროს სპეციალიზებულ არქივებსა და ბიბლიოთეკებში მუშაობის მიზნით კვლევითი ვიზიტები დავგეგმე. საარქივო კვლევა არასოდეს სრულდება – რაც მეტს ვეძებ, უფრო მეტს ვპოულობ ამ და სხვა ადამიანების შესახებ, რაც კვლევის ინტერესს კიდევ უფრო მიღვივებს.
- რატომ შეარჩიეთ წიგნისთვის სათაური „თვითმარქვია“?
სათაური ზუსტად ეხმიანება იდენტობისა და მიგრაციის თემებს, ასევე თვითმარქვიას სინდრომს (Imposter Syndrome) – ცნობილ ფსიქოლოგიურ ფენომენს, რომლისთვისაც თვალის გასწორებაში სწორედ შემოქმედებითი წერა დამეხმარა.
„თვითმარქვიას“ სიმბოლური დატვირთვაც აქვს – როცა ადამიანი უცხო, ხშირად მტრულ გარემოში აღმოჩნდება, ის იძულებულია ხელახლა გამოიგონოს საკუთარი თავი, მოირგოს ახალი როლები და, გარკვეულწილად, გაორებული იდენტობით იცხოვროს. ასეთი თვით-მარ-ქვია ვარ პირველ რიგში მე, მერე კი ჩემი წიგნის გმირები, მათ შორის, ამბერკი გიორგიძეც, რომელსაც მრავალჯერ მოუწია იდენტობის, ასაკის (რის გამოც საფლავის ქვაზეც კი არასწორი დაბადების წელია მითითებული), დენომინაციის (გერმანიაში სწავლისას პროტესტანტი გახდა) და პროფესიის შეცვლა, რათა საკუთარი თავი სამშობლოს მიღმა დაემკვიდრებინა და არ გამხდარიყო სტალინური რეპრესიების მსხვერპლი.
სასიხარულოა, რომ ამ ადამიანის ნახევრად ბიოგრაფიულმა ამბავმა, კალიფორნიულ მწერალთა 2025 წლის პროზის კონკურსში “საპატიო აღნიშვნის” (Honorable Mention) მიიღო.

სიგელი
- როგორ ფიქრობთ, რატომ არის თანამედროვე ადამიანისთვის წინაპრების ისტორიის ცოდნა მნიშვნელოვანი?
-ჩვენი ოჯახის ისტორია ჩვენი იდენტობის ფუნდამენტია. ჩემი ინტერესიც ისტორიული ემიგრანტებისა და მათი ოჯახების მიმართ აქედან გამომდინარეობს. ეს გვეხმარება გავიგოთ, რატომ ვართ ისეთები, როგორებიც ვართ.
“თვითმარქვიას” მკითხველმა მინდა დაიმახსოვროს, რომ ადამიანური ისტორიების, მეტადრე ემიგრანტის ისტორიის უკან ხშირად უდიდესი მსხვერპლის გაღება, მიზანსწრაფულობა და თვითდამკვიდრების პრობლემები დგას; რომ ყველა ადამიანს აქვს სურვილი, დატოვოს ღირსეული კვალი იქ, სადაც ბედმა გადაისროლა.
ადამიანის ყველაზე დიდი გამარჯვება ხშირად უხმაუროდ ხდება, სწორედ მაშინ, როდესაც ის შინაგანი სამყაროს ნგრევისა და განახლების გზას გადის, სწავლობს ახალ რეალობასთან შეგუებას და სულიერად იზრდება საკუთარ თავში გამუდმებული და შეუპოვარი ეჭვის მიუხედავად. სწორედ ამ უხილავ ბრძოლაში იბადება სიმტკიცე, რომელიც გარედან ყოველთვის არ ჩანს.
- რა საერთო იპოვეთ საკუთარ თავსა და მეუღლის დიდ ბაბუას შორის?
სიახლოვის განცდა ყველა იმ ადამიანთან მიჩნდება, ვისაც ვიკვლევ, იმის მიუხედავად არის თუ არა ჩვენს შორის ნათესაური კავშირი. ამბერკი გიორგიძის მოკვლევას კი ჩემს აწ გარდაცვლილ მამამთილს დავპირდი და ეს პროცესი ამით იყო კიდევ უფრო გამორჩეული, თითქოს იმ მონატრებას და დანაკლისს ვივსებდი, რაც ჩემი მამამთილის ამ ქვეყნიდან უდროოდ წასვლამ დამიტოვა.
წიგნის დიდი ნაწილი უშუალოდ ჩემს წინაპრებზეა, თუმცა მსგავსება ამბერკი გიორგიძესთანაც არის: მეც გერმანიაში ვისწავლე, მეც სტიპენდიით, ახლა კი ამერიკაში ვცხოვრობ და ვმუშაობ. მიუხედავად იმისა, რომ ეპოქები და მიზეზები განსხვავდება, ჩემ მიერ განცდილი ადაპტაციისა და ასიმილაციის პროცესი, ახალ საზოგადოებაში ინტეგრაციისა და საკუთარი იდენტობის შენარჩუნებისთვის ბრძოლა, ძალიან ჰგავს ბეკოს და მის თანამოაზრეთა განვლილ გზას.
ვფიქრობ, რომ ეს ის გზაა, რომელიც ჩვენს დიასპორულ ერთობას ამყარებს.
- რა როლი ითამაშა ემიგრაციამ ბეკოს ბედში და თქვენი აზრით, რა დაემართებოდა, საქართველოში რომ დარჩენილიყო?
ემიგრაცია იყო გადარჩენის ერთადერთი, მაგრამ ტრაგიკული გზა. ბეკო საქართველოში რომ დარჩენილიყო, დიდი ალბათობით, კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლი გახდებოდა. ემიგრაციამ მას სიცოცხლე შეუნარჩუნა, თუმცა სამუდამო ნოსტალგიისთვის გაწირა.
საგულისხმოა, რომ პირველი რესპუბლიკის სხვა ემიგრანტებთან ერთად, ის ამერიკიდანაც აგრძელებდა ანტიკომუნისტურ პროპაგანდას; გამოდიოდა სიტყვით რეჟიმის წინააღმდეგ და ამერიკულ პრესაში გაბედულ ინტერვიუებს იძლეოდა. მასთან საუბარი იბეჭდებოდა ისეთ ამერიკულ გაზეთებში, როგორიცაა: Charleston Daily Mail, The Lantern – Ohio State University, The Central New Jersey Home News, The National Greenkeeper და სხვა.
ის ასევე უანგაროდ ეხმარებოდა ქართველ თანამოძმეებს, რაზეც მისი მეგობარი, სიდამონ-ერისთავი თავის მემუარებშიც წერს.
ბეკოს ინტელექტმა, შრომის მოყვარეობამ, სიცოცხლის უნარიანობამ და ხელგაშლილობამ ჩვენზეც, მის შთამომავლობაზეც დიდი გავლენა იქონია. ახლა, როცა ჩვენც ამერიკელი ემიგრანტები გვქვია, უფრო კარგად გვესმის მისი.
ასი წლის შემდეგ კი ქართველის ბედისწერა მეორდება – მე და ჩემი მეუღლეც ემიგრაციაში ყოფნამ გაგვზარდა და იმ ეტაპამდე მიგვიყვანა, როცა უკვე შეგვიძლია შეძენილი ცოდნის, რესურსებისა და გამოცდილების სხვებისთვის გაზიარება. გულის ამაჩუყებელია იმაზე ფიქრი, რომ უცხო მიწაზე დაბრკოლებებით სავსე ეს გზა ჩვენამდე ჩვენმა წინაპრებმა განვლეს…
- როგორი იყო ქართველი ემიგრანტი მეცნიერების ჩართულობა აშშ–ის რძის ან სხვა პროდუქტის ინდუსტრიის კვლევებში იმ პერიოდში და რაზე მეტყველებს ეს?
მკაცრი აკადემიური და საარქივო სტანდარტებს დაცვით, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ამბერკი გიორგიძის გარდა, 1924-1944 წლებში ქართველების სპეციფიკური, ფართომასშტაბიანი სამეცნიერო წვლილი აშშ-ის რძის მრეწველობაში არ დასტურდება.
ეს კვლევა ერთგვარად ამდიდრებს ჩვენს ცოდნას იმხანად ამერიკის კონტინენტზე ქართველების მიერ პარფიუმერულ, საინჟინრო-საავიაციო და სახელოვნებო სფეროებში მოპოვებულ წარმატებაზე. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ქართველი ემიგრანტები დიდი დეპრესიისა და მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი არ კარგავდნენ შრომისუნარიანობას. ისინი ამერიკულ ინდუსტრიულ გარემოში, სადაც პრაქტიკული მეცნიერება და წარმოება მჭიდროდ იყო დაკავშირებული, ახერხებდნენ ცოდნის ეფექტურად გამოყენებას.
პირადად ჩემთვისაც ძალიან საინტერესო იყო იმის დანახვა, თუ როგორ ინტეგრირდებოდნენ ქართველი ემიგრანტები, გიორგიძის ჩათვლით, უცხო ქვეყნის წარმოების განვითარებაში. აღსანიშნავია, რომ პოლიგლოტი ბეკო იყო სამედიცინო, აგრარული, „სამათემატიკო“, სამთო-საინჟინრო და სხვა სპეციალობების სტუდენტი – სტიპენდიატი.
მისი გზა ძალიან ჰგავს ახლანდელი ემიგრანტების გზას – დღესაც, როგორც უწინ, ქართველებს ხშირად ჩვენი წინაპრების მსგავსი, ეკლიანი გზის გავლა გვიწევს მანამ, სანამ უცხო მიწაზე ფეხს მყარად მოვიკიდებთ.
- არის თუ არა წიგნში ისეთი თემები, რომლის კვლევა/დაწერა განსაკუთრებით რთული იყო?
– ყველაზე რთული დასაწერი მაინც იძულებითი მიგრაციის და იდენტობის დაკარგვის ისტორიები იყო, რომელთა ირგვლივაც მე და ჩემი ოჯახი თავადაც ვტრიალებთ. საარქივო დოკუმენტების დამუშავება სისტემური შრომაა, მაგრამ ამ მშრალი ფაქტების უკან მდგარი ადამიანური ტრაგედიის ლიტერატურულად გაცოცხლება – ემოციურად მძიმე და დამქანცველი აღმოჩნდა. ხშირად პირადი განცდებით ვსარგებლობდი, რათა ჩემი პერსონაჟების დახმარებით, საკუთარ თავში უკეთ გავრკვეულიყავი… საბოლოო ჯამში, ჩემთვის წერა ძალიან სასარგებლო და თერაპიული პროცესი აღმოჩნდა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ წიგნმა ძალიან შემცვალა.
- ამ არქივებში, სადაც ამბერკი გიორგიძის კვალი იკითხება, რა უფრო ძლიერად გესმოდათ — ფაქტების სიზუსტე თუ მისი დროის სუნთქვა?
როგორც მკვლევარს და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დოქტორს, ფაქტების სიზუსტე მიზიდავს, მაგრამ როგორც ავტორს – დროის სუნთქვა.
არქივში დაცული თითოეული ფურცელი, ხელმოწერა თუ ფოტო, ზუსტად იმ ეპოქის განწყობასა და შიშებს ასახავს, რომლებშიც ჩემი წიგნის პერსონაჟები ცხოვრობდნენ. საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობას და მათთან დაახლოებულ პირებს, ვისაც საქართველოში აღარ ჩაესვლებოდათ, თავის გატანა მძიმე ემოციურ პირობებში უწევდათ.
მაგალითად, კარლო ჩხეიძემ, რომლის პირადი მდივანიც ამბერკი გიორგიძე გახლდათ, უცხო მიწაზე არაერთი ქართველის მსგავსად სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მისი სიკვდილამდე ქაღალდის ნაგლეჯზე მინაწერმა ფრაზამ: „ჩემს სიკვდილში ბრალი არავის დასდვათ“ იმხელა ემოციური ბიძგი გამოიწვია ჩემში, რომ არ შემეძლო ეს მკითხველამდე არ მიმეტანა.
- ტექსტში თქვენთვის რომელი ნაწყვეტია ყველაზე სევდიანი გამოხატულება სამშობლოსთან განშორებით დაწყებული “ამერიკული ოცნების“?
“მეგობრებს ბეკოს თავთით წაბლის ხე დაურგავთ, რომელიც ასი წლის შემდეგაც დაძარღვული, დაკლაკნილი და ოდნავ მარჯვნივ გადაზნექილი, დიდებულ ჩრდილს ჰფენს სასაფლაოს და რომლის ქვეშაც, ბეკოს საფლავზე, ყოველ აღდგომა დღეს მისი შთამომავლების მიტანილი წითელი კვერცხი გორავს” – მე ჩემ წიგნს ამ სიტყვებით ვასრულებ.
დამეთანხმებით ალბათ, რომ ემიგრაციაში ხშირად სწორედ მეგობრები გვიწევენ ოჯახის მაგივრობას. გვიხარია, რომ მეგობრები ჩემი შვილების დიდ ბაბუასაც ასე აფასებდნენ.
მას შემდეგ რაც ბეკოს საფლავი ვიპოვეთ, წელიწადში ერთხელ ჩვენ ნიუ იორკში ჩავდივართ. შარშან საფლავიდან ერთი მუჭა მიწაც კი წამოვიღეთ და საქართველოში, გიორგიძეების საგვარეულო სასაფლაოზე, სიმბოლურად მიმოვფანტეთ.

ამბერკი გიორგიძის საფლავი
- ჩემთვის კი ეს ნაწყვეტია ძალიან ნაღვლიანი … “მესაფლავეებთან გასაუბრებით და ასი წლის წინანდელი სასაფლაოს ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ ბეკოს თავად უყიდია გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე მიწა ორი ადამიანისთვის და თავად დაუფარავს, შეუზღუდავი დროით, საფლავის მოვლის ხარჯები“…
– დიახ, ამ პატარა დეტალში მთელი ცხოვრებისეული ტრაგედია იკითხება. თუმცა სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მოპოვებული ინფორმაციით, ვუშვებ, რომ შესაძლოა ბეკოს დასამარხი მიწა მისი სამუდამო განსასვენებლისთვის სწორედ მეგობრებს შეეძინათ.
მისი ტრაგიკულ გარემოებაში გარდაცვალებაც ეჭვს იწვევს; ხომ არ შეიძლება იგი გერმანიასთან კავშირის შენარჩუნების ან ხმამაღალი ანტიკომუნისტური მოღვაწეობის გამო დაესაჯათ?
როცა ფაქტები ბუნდოვანია, მწერლის ფანტაზია ირთვება. წიგნში ჩემ მიერ გამოძერწილი ამბერკი გიორგიძის პორტრეტიდან გამომდინარე, მისი წინასწარ, ზუსტად დაგეგმილი სიკვდილი სრულიად ბუნებრივად დასაშვები იყო. როდესაც უცხო მიწაზე ცხოვრობ და ყველაფრის დაგეგმვა მარტოს გიწევს, ეს არის პასუხისმგებლობისა და უსაზღვრო მარტოობის ყველაზე მძაფრი გამოხატულება. მე კი გულს იმაზე ფიქრი მიმძიმებს, რომ სიკვდილის წინაშე მდგომმა, ავადმყოფმა ადამიანმა ზუსტად იცოდა, რომ უკან, სამშობლოში დასაბრუნებელი გზა აღარ არსებობდა და რომ უცხო მიწაზე საკუთარი უკანასკნელი წუთებისთვისაც თავად უნდა მოემზადებინა თავი.
- რას დაკარგავს თქვენი შთამომავალი, თუ ამბერკი გიორგიძის ისტორიას არ გაეცნობა?
თუ ჩემი შვილები და მათი შვილები ამ ისტორიებს არ წაიკითხავენ, ისინი ნელ-ნელა დაკარგავენ კავშირს იმ გამძლეობასთან, რწმენასა და სიცოცხლის ძალასთან, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა ყველაზე მძიმე განსაცდელშიც კი შეინარჩუნეს.
სწორედ ამიტომ ვცდილობ, ჩემი საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობა ისე წარვმართო, რომ ეს გამოცდილება მხოლოდ წარსულის მოგონებად არ დარჩეს, არამედ მომავალ თაობებს სულიერ მემკვიდრეობად გადაეცეს.
მსურს, სერიის – „ქართველი მეოცნებეები ამერიკაში“ ფარგლებში მოთხრობილი ემიგრანტული ისტორიები მხოლოდ ტკივილისა და დანაკარგის მატიანე არ იყოს. მინდა, ეს წიგნები შემსუბუქებულ ტრაგიზმის ფონზე, ცხოვრებისეული გამოწვევების გადალახვის, ადამიანური ღირსების, შეუპოვრობისა და იმედის ამბებად იქცეს. ისეთ ამბებად, რომლებიც ბავშვებსა და ახალგაზრდებს საკუთარ ფესვებთან დააკავშირებს, საკუთარი შესაძლებლობების რწმენას გაუღვივებს და მათთვის შთაგონების წყაროდ გადაიქცევა.







