ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

ცხოვრება გმირი მამის სახელით და საკუთარი მიზნებით – ინტერვიუ ლევან ანწუხელიძესთან

24.08.2026
ცხოვრება გმირი მამის სახელით და საკუთარი მიზნებით – ინტერვიუ ლევან ანწუხელიძესთან

ლევან ანწუხელიძე 27 სექტემბერს 19 წლის გახდება. მისი და – ანა ანწუხელიძე კი 17 წლისაა და თბილისში სწავლობს. ლევანი ამერიკაში ცხოვრობს და სწავლას მარკეტინგის მიმართულებით აპირებს, თუმცა სამსახიობო ხელოვნებაც აინტერესებს.

ლევანი ერთი წლისაც არ იყო, როცა მამამისი, გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს რუსმა ოკუპანტებმა წამებით მოკლეს, ამიტომ ლევანისთვის მამის შესახებ მოგონებები არ არსებობს იმ ჩვეულებრივი ფორმით, რომლითაც ადამიანებს მშობლები ახსოვთ — ხმა, ჩვევა, ფრაზა, სიცილი, ჩახუტება, ერთად გატარებული დღეები. და მაინც, გიორგი ანწუხელიძე მის ცხოვრებაში მუდმივადაა — არა მხოლოდ როგორც მამა, არამედ როგორც სახელი, ისტორია, გმირი და პასუხისმგებლობა.

  • როდის გააცნობიერე, რომ მამაშენი მთელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ადამიანი იყო და არა მხოლოდ შენთვის?

გარდატეხის ასაკში. სანამ პატარა ხარ, უბრალოდ იღებ ყველაფერს, როგორც არის. მერე იწყებ ანალიზს — ცხოვრებისას, საკუთარი გზისას, იმის გააზრებას, თუ ვინ ხარ და საიდან მოდიხარ. მაშინ გავაცნობიერე, რომ მამაჩემი მარტო მამაჩემი არ იყო.

  • მაგრამ მამა არ გახსოვს.

როცა მამა მოკლეს, მე ათი თვის ვიყავი. ფაქტობრივად, არ მახსოვს. დედა ფეხმძიმედ იყო — ჩემს დას ელოდებოდა. ამიტომ რაც მამაზე ვიცი, ვიცი გადმოცემით.

მამასთან, გიორგი ანწუხელიძესთან ერთად

  • რა გახსოვს დედის, ახლობლების მონაყოლიდან ისეთი, რასაც ისტორიის წიგნში ვერ წავიკითხავთ?

ვიცი, რომ მამას ცხოვრებით ტკბობა უყვარდა. ძალიან ხალისიანი ადამიანი იყო, ხუმარა. უბრალოდ, დროის უქმად გატარება არ უყვარდა — უყვარდა, როცა ცხოვრება ხალისით და სიხარულით იყო სავსე.

სახლში PlayStation 2 გვქონდა. როცა მე უკვე თამაშის ასაკში შევედი, ალბათ, უკვე მოძველებული იყო, მაგრამ მაინც ვითამაშე. ვიცი, რომ მამა “შუტერებს” თამაშობდა. სწორედ ასეთი პატარა დეტალებიდან ვიცნობ გიორგი ანწუხელიძეს.

  • შენთვის გიორგი ანწუხელიძე პირველ რიგში გმირია თუ მამა?

უფრო გმირი. ალბათ, მისი სტატუსი დიდ როლს თამაშობს — ჩემს ცნობიერებაში ის სხვების მონაყოლით შემოვიდა. ამიტომ ჩემში იგი უფრო გმირის ხატით დომინირებს.

  • გქონია მომენტი, როცა გინდოდა, უბრალოდ ლევანი ყოფილიყავი და არა გიორგი ანწუხელიძის შვილი?

კი. თავიდან, ალბათ, სრულად ვერც ვაცნობიერებდი, მაგრამ მერე იყო მომენტები, როცა ვფიქრობდი: ეს ტვირთია? შევძლებ კი ამის ტარებას? ახლა კი უფრო ასე ვგრძნობ — ეს არის სიამაყეც, გაკვეთილიც და პასუხისმგებლობაც. როცა იცი, მთელი ცხოვრება რით შეგიძლია იცხოვრო… 

მამის ისტორიიდან გაქცევა არ მინდოდა, უფრო იმის სურვილი მქონდა, რომ საკუთარი თავი ცალკე აღმომეჩინა — უბრალოდ ლევანი ვყოფილიყავი.

  • დღეს რომ მამაშენთან ერთი წუთით საუბრის საშუალება მოგცემოდა, რას ჰკითხავდი?

– ალბათ… ერთი წუთი ხმას ვერ ამოვიღებდი. 

არ ვიცი, რა კითხვას დავუსვამდი. უფრო რაღაცებს მოვუყვებოდი — სკოლის ამბებს, ჩვენს ამბებს, ჩემს გეგმებსა და მიზნებზე, ყოველდღიურ დაბრკოლებებზე. როგორ გავიზარდე, რა გავიარე ამდენი წლის განმავლობაში. ამიტომ უფრო მოვუყვებოდი, ვიდრე ვკითხავდი.

  • როგორი გინდა, რომ მომავალმა თაობამ დაიმახსოვროს გიორგი ანწუხელიძე — გმირად თუ ადამიანად?

ალბათ, ორივედ. მაგრამ მინდა, რომ ადამიანი დაინახონ — გმირის სტატუსი უკვე არსებობს, ხალხმა იცის, ვინ არის გიორგი ანწუხელიძე. მე კი უფრო ის მაინტერესებს, როგორი ადამიანი იყო. როგორ იცინოდა, როგორ ცხოვრობდა, რა უყვარდა.

  • ამერიკაში რატომ ჩამოხვედი?

თავიდან სწავლის გამო არ ჩამოვსულვარ — უფრო ჩემი გამოცდილების შესაქმნელად. ჩემი “ბექგრაუნდის” გამო და იმიტომაც, რომ ამ ყველაფერისგან ცოტა მანძილზე ყოფნა მჭირდებოდა. მინდოდა, საკუთარი თავი გამეცნო, როგორც ლევან ანწუხელიძე და არა როგორც გიორგის შვილი. ამერიკაში ყოფნა ბევრ რამეში დამეხმარა — სხვაგვარად შემეხედა ცხოვრებისთვის, უფრო კარგად შემეცნო საკუთარი თავი.

ლევან ანწუხელიძე. ლოს ანჟელესი, 2024

  • ახლა რას სწავლობ?

მარკეტინგს ვაპირებ. მანამდე სკოლაში ვიყავი, “ჰაი სქულიც” აქ დავამთავრე. ახლა კოლეჯში ვაპირებ სწავლას, ლოს ანჯელესის სანტა მონიკის კოლეჯში, მარკეტინგის მიმართულებით. ორწლიან პროგრამას გავივლი და მერე, ალბათ, ოთხწლიანზე გადავალ. მინდა მარკეტინგის სპეციალისტი გავხდე, მაგრამ სამსახიობოც მაინტერესებს — კოლეჯშივე მინდა სამსახიობო კლასების აღებაც.

  • ამერიკაში ცხოვრებამ როგორ შეცვალა შენი დამოკიდებულება საქართველოსა და მამის ისტორიისადმი?

აქ უფრო მივხვდი, რეალურად რას ვგრძნობ და რა მაწუხებს, ვიდრე იქ. საქართველოში თითქოს სულ გლოვის რეჟიმში ხარ. და ვფიქრობ — როცა გლოვა ნორმალიზდება, აზრი აღარ აქვს ასეთ ცხოვრებას. აქ უფრო დავინახე, რა არის ჩემთვის რეალობა.

  • ამერიკელებს რომ ეუბნები, ვინ იყო შენი მამა, როგორ უყვები მათ საქართველოს გმირის ამბავს?

რამდენიმეს მოვუყევი. საქართველოში ომის თემა მათთვის უცხო არ აღმოჩნდა და ვისაც მოვუყევი, ყველამ გულთან მიიტანა. ხანდახან ვსხედვართ და უბრალოდ ვსაუბრობთ. თემა ოჯახზე, დედ-მამაზე რომ ჩამოვარდება, მეც ვყვები ხოლმე, ვინ იყო მამაჩემი…

  • ნიუ იორკში იყავი ცოტა ხანს. ამ ქალაქმა რა მოგცა? რატომ ვერ გაჩერდი?

ბევრი რამ მომცა ნიუ იორკმა — კარგიც და ცუდიც. მაგრამ ბუნების, გარემოს მხრივ იქ ისეთი სიტუაცია არ არის, სადაც უკეთესად იგრძნობ თავს. იქ ყველა დაძაბული და დანევროზებული დადის. მშვიდი ქალაქი არაა.

გიორგი ანწუხელიძე

  • ახლა რას ნიშნავს შენთვის სამშობლო, როცა მისგან შორს ცხოვრობ?

ახლა ბევრ რამეს უფრო მკაცრად ვაფასებ. მაგრამ სამშობლო სამშობლოა. ჩემი აზრით, თუ რაღაც არ მუშაობს სახელმწიფოში, უნდა შეგეძლოს ხალხთან გულახდილი იყო, თვალებში ჩახედო, არ მოატყუო. ლიდერს ბრმად არ უნდა ენდობოდე — უნდა შეგეძლოს იფიქრო, არის თუ არა ის ლიდერობის ღირსი. ქართველებისთვის კი ლიდერი ხშირად რაღაც კულტად იქცევა ხოლმე.

პოლიტიკაზე ღიად უნდა ვსაუბრობდეთ, ერთმანეთი არ უნდა მოვატყუოთ. ქართველი გადასახადების გადამხდელი რა ფულსა და ენერგიასაც ხარჯავს, ადეკვატური ფორმით მას ეს უკან უნდა დაუბრუნდეს. სახელმწიფო ხალხისთვის უნდა არსებობდეს.

  • რას ეტყოდი იმათ, ვინც ამბობს, რომ გიორგი ანწუხელიძე ვიღაცის პიარს შეეწირა?

ყველამ იცის, ცნობილი ფაქტია, რომ პიარს შენი ნებით ვერ შეეწირები… მამამ საქართველოსთვის სიცოცხლე გაიღო და ვინც სხვანაირად ფიქრობს ან გაუნათლებელია, ან თავისი მიზანი აქვს. როგორც ჩანს, ღირსებას პოლიტიკის ან ფულის გამო შეიძლება გადააბიჯო.

  • რა არის შენთვის ახლა ყველაზე მტკივნეული?

მტკივა, რომ საქართველოში არ ვარ.

  • და რა გახარებს ყველაზე მეტად?

მიხარია, რომ საქართველოში არ ვარ. კი, ცოტა წინააღმდეგობრივია, მაგრამ ასეა. საქართველოდან შორს ცხოვრებასაც აქვს თავისი დანიშნულება. ასე უფრო ბევრ რამეს აცნობიერებ და სხვანაირად უყურებ საკუთარ ქვეყანას, მსოფლიოს, ადამიანებს, საკუთარ თავს.

  • ყველაზე მეტად რისი გეშინია?

მასშტაბურად — დედამიწაზე რაც ხდება, ის მაშინებს. ხელოვნური ინტელექტი, მაგალითად. მგონია, ძალიან ბევრი რამ შეიცვლება — ორმოცდაათ წელიწადში შეიძლება დედამიწა სულ სხვანაირი იყოს. წყლის პრობლემებზეც ბევრს ლაპარაკობენ — რამდენ წყალს მოიხმარს ეს ყველაფერი, დიდი კორპორაციები როგორ იზრდება. 

  • რა გინდა, ადამიანებმა შენში დაინახონ — სახელის მიღმა?

ალბათ, პირველ რიგში, მიზანდასახულობა. ეს თვისება ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან მეხმარება, განსაკუთრებით აქ, ამერიკაში, სადაც ბევრი რამის თავიდან დაწყება გიწევს. ოპტიმისტიც ვარ — ჩემი დის მსგავსად — თუმცა არ მინდა, საკუთარი თავი ერთი კონკრეტული თვისებით განვსაზღვრო.

  • და დღეს, ამ ყველაფრის მიღმა, რა გაინტერესებს?

ბოლო დროს კულინარია. სულ უფრო ხშირად მიჩნდება სურვილი ახალი კერძები ვისწავლო, რაღაცები თავად მოვამზადო, მაგალითად, ხინკლის გაკეთებაც მინდა — ოღონდ ჩემი ხელით, თავიდან ბოლომდე.

  • ანუ სახელის მიღმა იყო ადამიანი, რომელსაც მიზნების მიღწევაც შეუძლია და ხინკლის მოხვევაც?

[იცინის] დაახლოებით ასე.

________

მთავარ ფოტოზე: ლევან ანწუხელიძე „ფორმულას“ გადაცემაში | ლევან ანწუხელიძე მამასთან, გიორგი ანწუხელიძესთან ერთად – ფოტოკოლაჟი.