ზეპირი ისტორია (Oral History), როგორც კვლევის მეთოდი, XX საუკუნეში ჩამოყალიბდა, თუმცა მისი ფესვები გაცილებით ძველია — ადამიანებისგან ისტორიული გამოცდილების ჩაწერისა და გადაცემის ტრადიცია მანამდეც არსებობდა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ზეპირი ისტორიის მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა. მკვლევრები ცდილობდნენ დაეფიქსირებინათ ჰოლოკოსტს გადარჩენილთა გამოცდილება, ომის ვეტერანების მოგონებები, მიგრანტებისა და დევნილების ისტორიები, ქალების, მუშების, უმცირესობებისა და სხვა სოციალური ჯგუფების გამოცდილება — ადამიანების, რომელთა ხმებიც ოფიციალურ ისტორიულ ნარატივებში ხშირად ნაკლებად ჩანდა და ახლაც ასეა.
მიგრაციის კვლევებში ზეპირი ისტორია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ემიგრანტების გამოცდილება სტატისტიკასა და ოფიციალურ დოკუმენტებში სრულად ვერ და არ აისახება. სწორედ ამიტომ ამერიკის, კანადისა და ავსტრალიის უნივერსიტეტებში შეიქმნა არაერთი დიდი პროექტი, რომლებიც სხვადასხვა დიასპორის ისტორიებს აგროვებს — როგორ ტოვებდნენ ადამიანები სამშობლოს, როგორ იწყებდნენ ცხოვრებას ახალ ქვეყანაში და როგორ ინარჩუნებდნენ ენას, კულტურასა და იდენტობას.
ჩემთვის ზეპირი ისტორიის მნიშვნელობა პირველად განსაკუთრებით მძაფრად 2003-ში, „ვარდების რევოლუციის“ წელს გახდა ნათელი. „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით ორი ქალის ზეპირი ისტორია ჩავწერე. ერთ-ერთი იყო ქალი, რომელიც ადამიანის უფლებათა დამცველი იყო, მაგრამ მისმა შემდგომმა „ტრანსფორმაციამ“, უნდა ვაღიარო, შოკში ჩამაგდო. მეორის დღევანდელი ცხოვრების შესახებ არაფერი ვიცი, ბოლოს იგი ოჯახთან ერთად თურქეთში გასამგზავრებლად ემზადებოდა. მრავალგზის დევნილი, თინეიჯერობისას ძალით დაოჯახებული და ოჯახში ძალადობის გამოცდილების მქონე მაჰმადიანი მესხი ქალის მონათხრობი ერთ-ერთი უმძიმესი ისტორიაა, რაც კი მსმენია. მისი ცხოვრების შესახებ ჩაწერილი ისტორია გამოქვეყნებულია ინგლისურენოვან კრებულში Georgian Narratives: A Century and Beyond (ქართული ნარატივები: ერთი საუკუნე და შემდგომი პერიოდი).

ადამიანის ცხოვრებაში ერთმანეთზე გადაბმული ასეთი ტრაგედიები – დევნა, იძულებითი გადაადგილება, ძალადობა და იმედგაცრუებების დაუსრულებელი ჯაჭვი – ჩემთვის რთული წარმოსადგენი იყო, განსაკუთრებით კი ის, თუ როგორ შეეძლო ამ ყველაფრის შემდეგ ადამიანს კვლავ ეფიქრა მორიგ ემიგრაციაზე.
ცხადია, პირად ტრაგედიებთან ერთად, ეს მონათხრობი ისტორიული გამოცდილების ცოცხალი დოკუმენტია.
ოფიციალურ არქივებში ხშირად ინახება ომების, კონფლიქტებისა და პოლიტიკური მოვლენების თარიღები, მაგრამ სწორედ ზეპირი ისტორია გვაძლევს საშუალებას დავინახოთ, როგორ აისახა ეს მოვლენები კონკრეტული ადამიანის ცხოვრებაზე — რას ნიშნავდა სახლის დაკარგვა, მუდმივი სტრესი, იძულებით გადაადგილება, ახალი ცხოვრების დაწყება და საკუთარი იდენტობის შენარჩუნება.
23 წლის წინ, როდესაც აშშ-ში პირველად ჩამოვედი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ჩემი პირადი გამოცდილებაც გახდებოდა ზეპირი ისტორიის ნაწილი — ერთი ადამიანის მოგონება უფრო დიდი ისტორიის ფრაგმენტად იქცეოდა და ჰარვარდის უნივერსიტეტის ციფრულ არქივში ორ ენაზე დაიდებდა ბინას.
ეს გამოცდილება კიდევ ერთხელ მაფიქრებინებს, რომ მიგრაციის ისტორია მხოლოდ სტატისტიკა, თარიღები და მიგრაციის ტალღების აღწერა არ არის. ის კონკრეტული ადამიანების ისტორიების ერთობლიობაა.
***
„მეხსიერებაში შემონახული მემკვიდრეობა: ქართული დიასპორის ისტორია ამერიკის შეერთებულ შტატებში“ ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის განსაკუთრებული მნიშვნელობის პროექტია. თუნდაც იმიტომ, რომ როდესაც ადამიანები ქვეყანას ტოვებენ, მათ თან მიაქვთ არა მხოლოდ ნივთები და ნათესავ-მეგობრების ტელეფონის ნომრები, არამედ ისტორიებიც.
ემიგრანტებს თან მიაქვთ ოჯახური ამბები, დაკარგული ადგილების სახელები, ენა და მოგონებები, რომლებიც ახალ გარემოში, ქრონიკული თუ მწვავე ნოსტალგიისას გადარჩენას ცდილობს. სწორედ ამ პირადი ისტორიების შეკრებითა და შენახვით, პროექტი არა მხოლოდ ადამიანთა მეხსიერებას, არამედ ქართული დიასპორის მრავალფეროვან გამოცდილებას ინახავს და მომავალ თაობებს გადასცემს.
პროექტი ამ უხილავი მემკვიდრეობის შენარჩუნებას ემსახურება, იგი ქართული ემიგრაციის მრავალთაობიან გამოცდილებას აგროვებს და ციფრულ არქივად აქცევს.
მაია არავიაშვილი და მალხაზ თორია მეხსიერების კვლევის მიმართულებით მომუშავე ქართველი მეცნიერები არიან, რომელთა ნაშრომებში ზეპირი ისტორიის მეთოდს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.
მაია არავიაშვილის (სოციოლოგიის დოქტორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, რომელიც აშშ-ში ფულბრაიტის კვლევითი სტიპენდიით იმყოფებოდა) კვლევითი ინტერესები მანამდეც უკავშირდებოდა მეორე თაობის ემიგრანტებში იდენტობის ფორმირების საკითხებს. სწორედ ამ ინტერესებმა განაპირობა მისი პროექტში მოწვევა სტივენ ჯონსის მიერ, რომელიც ჰარვარდის დევისის ცენტრთან არსებული საქართველოს შემსწავლელი პროგრამის ერთ-ერთი დამფუძნებელია.

მაია არავიაშვილი
მაია არავიაშვილის მოხალისეობრივი მონაწილეობა პროექტში მალე კვლევით შესაძლებლობად იქცა — შეესწავლა, როგორ ყალიბდება და იცვლება იდენტობა ემიგრაციის პირობებში.
„პროექტის მიზანი იყო აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისა და მათი შთამომავლების ისტორიის დოკუმენტირება XIX საუკუნის ბოლოდან დღემდე“, — ამბობს მაია არავიაშვილი, „- პროექტი მხოლოდ აკადემიური კვლევის რესურსის შექმნას არ ემსახურებოდა, არამედ მისი მიზანი ქართული დიასპორის საზოგადოებრივი მეხსიერების შენარჩუნებაც იყო.
ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ზეპირი ისტორიების დოკუმენტირება აღმოჩნდა, რადგან მათი საშუალებით ფიქსირდება გამოცდილებები, რომლებიც სხვაგვარად შესაძლოა დაიკარგოს“.
- როგორი იყო ინტერვიუების სტრუქტურა?
ინტერვიუები ემიგრაციის მთელ გზას მოიცავდა: გადაწყვეტილებას, დაეტოვებინათ საქართველო, პირველ დღეებს ახალ ქვეყანაში, ადაპტაციის რთულ პროცესს, ყოველდღიურობას, ოჯახურ გამოცდილებებსა და იმ გზებს, რომლითაც ადამიანები ცდილობდნენ კულტურული კავშირის შენარჩუნებას.
კვლევის ინტერესებიდან გამომდინარე, პროექტის საწყის ეტაპზე ყურადღება იმ ქართველ ემიგრანტებზე გამახვილდა, რომლებმაც ამერიკაში ქართული საკვირაო სკოლები შექმნეს ან ამ საგანმანათლებლო სივრცეებში მუშაობდნენ. ჩემთვის საინტერესო იყო გამეგო, როგორ გადაეცემა ქართული ენა, კულტურა და იდენტობა მომდევნო თაობებს, რადგან საკვირაო სკოლები მათთვის მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებები არ არის. ეს ის სივრცეებია, სადაც დიასპორა საკუთარ თავს ხელახლა ქმნის.

მაია არავიაშვილი სტივენ ჯონსთან ერთად ჰარვარდის უნივერსიტეტში, 2025 წელი
- რა არის ასეთი პროექტის მთავარი ღირებულება?
პროექტი, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრთან არსებული საქართველოს შემსწავლელი პროგრამისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში “ქართული ასოციაციის” თანამშრომლობით შეიქმნა, ციფრული ჰუმანიტარული მეცნიერებების ერთ-ერთი მაგალითია — ადგილი, სადაც ისტორია თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით ინახება.
ციფრულ კოლექციებში თავმოყრილია პირადი დოკუმენტები, ფოტოები, პერიოდული გამოცემები, ოჯახური არქივები და ზეპირი ისტორიები.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ყაზბეგი-დადიანების ოჯახის საარქივო მასალებს, რომლებიც ქართული არისტოკრატიული ოჯახების ემიგრაციულ გამოცდილებას ასახავს.
თუმცა პროექტის მთავარი ღირებულება მხოლოდ დოკუმენტების შენახვა არ არის. მისი არსი ადამიანების ხმების შენარჩუნებაშია — იმ ისტორიების, რომლებიც შესაძლოა ერთი თაობის შემდეგ აღარავის მოესმინა.
ზეპირი ისტორიები საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, როგორ იცვლება და ვითარდება ემიგრანტთა იდენტობა, როგორ ინარჩუნებენ ადამიანები კავშირს საკუთარ კულტურასთან და როგორ ქმნიან ახალ სოციალურ და კულტურულ სივრცეებს სხვა ქვეყანაში. ამ თვალსაზრისით, ასეთი პროექტი მხოლოდ ქართული დიასპორის წარსულს არ აგროვებს. ის მომავალსაც ქმნის — არქივს, სადაც მომავალი თაობები საკუთარ ისტორიას იპოვიან.
- რა რჩება ხოლმე საქართველოში მცხოვრები ადამიანის ყურადღების მიღმა?
უმრავლეს შემთხვევაში, საქართველოდან ემიგრაციაში წასული ადამიანების ძირითადად წარმატების ისტორიებს ვიცნობთ. თუმცა, ზეპირი ისტორიების ჩაწერისას ვიაზრებთ, რომ ემიგრაციაში ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება მრავალი გამოწვევითა და ტკივილით არის სავსე – იმ გამოცდილებებით, რომლებიც ხშირად უხილავი რჩება.
განსაკუთრებით ემოციური იყო იმ პირველი პერიოდების შესახებ ემიგრანტების მონათხრობი. ისინი იხსენებდნენ ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილებას, თითქოს საკუთარ თავსაც კი ვერ უტყდებიან, რომ სამშობლოში დაბრუნებას დიდხანს ვერ შეძლებენ. ტოვებენ ოჯახს, მათთვის ახლობელ და ძვირფას ადამიანებს და უცხო ქვეყანაში პირველ ნაბიჯებს დგამენ.
***
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და მეხსიერების კვლევის ცენტრის დირექტორი, ფულბრაიტის ორგზის სტიპენდიანტი მალხაზ თორია ამბობს, რომ „ზეპირი ისტორია ეპოქის იმ განზომილებას და ნიუანსებს გვაჩვენებს, რომელსაც ზოგადად ოფიციალური არქივი ვერ ინახავს“.

მალხაზ თორია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეხსიერების კვლევების ცენტრის, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამისა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის (“სოვლაბი”) თანამშრომლობით შემუშავებული კვლევითი პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს უახლესი ისტორიის შესახებ უნიკალური ზეპირი ისტორიის არქივის შექმნას.
აღნიშნული პროექტი მომზადდა აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების (DemCom) ფარგლებში, პროფესორ სტივენ ჯონსთან თანამშრომლობით.
მთლიანობაში, ვიდეოფორმატით ჩაწერილია 25 ზეპირი ისტორია. მათი მთავარი თემა 1985–1995 წლების გარდამტეხი მოვლენებია: საბჭოთა კავშირის დაშლა, ეროვნული მოძრაობა, 1991–1992 წლების თბილისის ომი, სამხედრო გადატრიალება, ქართულ-აფხაზური და ცხინვალის კონფლიქტები, სამეგრელოს მოვლენები, სახელმწიფოს ფორმირების პროცესი, კონსტიტუციის მიღება და იმ ეპოქის სხვა უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძვრები.
ჩაწერილი ვიდეოინტერვიუები, ინგლისური სუბტიტრებით, სამეცნიერო კომენტარებითა და გზამკვლევით, ჰარვარდის ბიბლიოთეკის ციფრულ არქივში განთავსდება, სადაც ეს კოლექცია თავისუფალ წვდომაში იქნება.
„ეს არ არის მხოლოდ ინტერვიუების კოლექცია. ეს არის მეხსიერების ადგილი. ჰარვარდის ბიბლიოთეკა მზად არის მიიღოს არა მხოლოდ უკვე შექმნილი მასალა, არამედ შესაძლო მომდევნო ეტაპებზე თანამშრომლობისთვისაც ღიაა“ – ამბობს მალხაზ თორია, „ზოგადად, შემდეგი ეტაპების განხორციელების შემთხვევაში განზრახულია თანამშრომლობა უკრაინელ, პოლონელ და სხვა აღმოსავლეთევროპელ მკვლევრებთან, რათა შეიქმნას პარალელური ზეპირი ისტორიების არქივი, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცისა და აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა საზოგადოების გამოცდილებას გააერთიანებს“.
- ვინ იყვნენ თქვენი რესპონდენტები?
ინტერვიუებში მონაწილეობენ ისტორიკოსები, მეცნიერები, პოლიტიკოსები, სასულიერო პირები, ხელოვანები. ერთი და იმავე მოვლენების შესახებ ერთმანეთისგან განსხვავებული გამოცდილებისა და ხედვის მქონე ადამიანები საუბრობენ, რაც არქივს განსაკუთრებულ კვლევით მნიშვნელობას ანიჭებს.
მათ შორის არიან: ნემო ბურჭულაძე, აკია ბარბაქაძე, გურამ ოდიშარია, კახა ლომაია, გიორგი მაისურაძე, ნანა ჯანელიძე, გოგი ხოშტარია, თამარ ხვედელიძე, ვახტანგ ყოლბაია, ბეჟან ჯავახია, ანზორ სიჭინავა, თემურ შაშიაშვილი და სხვა რესპონდენტები, რომელთა პირადი გამოცდილება საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვან ფურცლებს ასახავს.
ზეპირი ისტორია დამოუკიდებელი სამეცნიერო დისციპლინაა და ინტერვიუს ჩაწერა გაცილებით მეტს მოითხოვს, ვიდრე მხოლოდ კითხვების დასმას. მკვლევარი ღრმად უნდა იცნობდეს ეპოქას, რესპონდენტის ბიოგრაფიასა და ისტორიულ კონტექსტს. ყოველი ინტერვიუ წინასწარ მომზადებულ, ინფორმირებულ კითხვარს ეფუძნება, რომელიც კონკრეტული ადამიანის გამოცდილებასა და კვლევის მიზნებზეა მორგებული.
პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილია ინტერვიუების ტრანსკრიპტების ინგლისურად თარგმნა და ვიდეოინტერვიუებზე სუბტიტრირების დართვა, რათა მასალა საერთაშორისო მკვლევრებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდეს.
როგორც აღვნიშნე, იგეგმება ვიდეოარქივის გზამკვლევის მომზადება. ასევე, ვაპირებთ სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნებას, რომელიც სწორედ ამ ზეპირი ისტორიების არქივზე რეფლექსიის პირველი მცდელობა იქნება.

მალხაზ თორია და სტივენ ჯონსი ჰარვარდის უნივერსიტეტში, 2025 წელი. ტრიბუნასთან: მალხაზ თორია, დევისის ცენტრის ქართული პროგრამების დირექტორი ნათია ჭანკვეტაძე, პროფესორი სტივენ ჯონსი, აშშ- ში საქართველოს ყოფილი ელჩი კელი დეგნანი და სვეტლანა რუხელმანი, ჰარვარდის უნივერსიტეტის თანამშრომელი.
- პირადად თქვენთვის რომელი ისტორიები იყო ყველაზე მეტად საინტერესო და ემოციური?
ყველა ინტერვიუ თავისებურად საინტერესო და ემოციურად დატვირთული აღმოჩნდა. რესპონდენტები საუბრობდნენ ყველასთვის ცნობილი მოვლენების პერსონალურ გამოცდილებასა და განცდებზე.
მაგალითად, შთამბეჭდავი იყო რეჟისორ ნანა ჯანელიძის მონათხრობი ფილმ „მონანიების“ გადაღების, საბჭოთა რეჟიმისა და ცენზურის დაძლევის პერიპეტიებზე, ეს ყოველივე კი – უშუალოდ ყოველდღიური ისტორიის ჭრილში.
ასევე, ძალიან საინტერესო იყო 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებზე სხვადასხვა რესპონდენტის ისტორიების მოსმენა. მაგალითად, ბეჟან ჯავახია ძალიან ნიუანსურად და უშუალოდ აღწერს განცდილს, რაც მკითხველსა თუ მსმენელს შიგნიდან დაანახებს, თუ რა ხდებოდა იმ ღამეს.
აღსანიშნავია ნემო ბურჭულაძის მოგონებებიც სოხუმის დაცემის შემდეგ ზუგდიდში შექმნილ მძიმე ვითარებაზე. მაშინ დევნილთა უზარმაზარმა ნაკადმა მძიმე სოციალური კრიზისი გამოიწვია. იგი ყვებოდა, თუ როგორ ცდილობდა ზვიად გამსახურდიას მთავრობა ამ პრობლემასთან გამკლავებას „სამთავრობო ჯარებთან“ დაპირისპირების პარალელურად. იმ პერიოდში მეც, როგორც აფხაზეთიდან დევნილი, ჯერ კიდევ სკოლის ასაკის, ზუგდიდში ვიმყოფებოდი. შესაბამისად, ზეპირი ისტორიის ამ ნიუანსებმა ჩემს პირად მოგონებებს ახალი შტრიხები შემატა.
მთლიანობაში, თითოეული ინტერვიუ ძალზე ღირებულია, რადგან ისინი უშუალო მონაწილეებისა თუ თვითმხილველების მდიდარ მეხსიერებასა და მოგონებებს ასახავს.








