ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

„ქართული პური“ და ქართველი რეჟისორის სხვა ფილმები ემიგრაციაზე

„ქართული პური“ და ქართველი რეჟისორის  სხვა ფილმები ემიგრაციაზე

ამას წინათ აშშ–ში პირველმა მუზეუმმა Museum of the Moving Image [მოძრავი გამოსახულების მუზეუმი] (1988), რომელიც მხოლოდ კინოხელოვნებას, მის ისტორიას, კინო–ტელე–ვიდეოტექნოლოგიებს ეძღვნება, ამერიკაში მოღვაწე ქართველი რეჟისორი  ქეთი ორჯონიკიძე – ქეისი ფილმისთვის – „ქართული პური” – საუკეთესო ევროპელი ქალი რეჟისორის პრიზით დააჯილდოვა.  რეჟისორს აცნობეს, რომ ფილმმა კონკურსი წარმატებით გაიარა. შემოქმედებითი ჯგუფი მუზეუმს ესტუმრა, სადაც „ქართული პურის“ ჩვენება  დიდ ეკრანზე გაიმართა.

ქეთი ორჯონიკიძე

ქეთი ორჯონიკიძე – ქეისი

ქეთი ორჯონიკიძე–ქეისი მიყვება, რომ შვიდი წლის იყო, როცა ზაფხულის არდადეგებზე ზემო იმერეთის ულამაზეს სოფელში, ღორეშაში ბებიასთან და ბაბუასთან ისვენებდა. ქალაქში რომ ბრუნდებოდა, ორღობის ბოლომდე  თვალცრემლიანმა ოლია ბებიამ და ლეკვმა სახელად „წარბამ“, გამოაცილეს.

„ეს სურათი მეხსიერებას ფოტოსავით შემორჩა. როგორც კი დავბრუნდი ქალაქში, ჩემი პირველი პატარა მოთხრობა – „ნახვამდის, წარბა“ დავწერე, რომელიც ჯერ ჟურნალ „პიონერში“, შემდეგ კი „საბავშვო მოთხრობათა კრებულში“ დაიბეჭდა. ჩვიდმეტი წლის ვიყავი, როცა პრესაში მუშაობა შტატგარეშე კორესპონდენტად დავიწყე, შემდეგ კი ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი. გაზეთებში პოლიტიკურ კორესპონდენტად ვმუშაობდი და ძალიან ბევრს ვწერდი, ხშირად დღეში ორ სტატიასაც, ამიტომ პროზისთვის ვეღარ ვიცლიდი. საცხოვრებლად ამერიკაში 1990-იანი წლების ბოლოს რომ წამოვედი, წერას დავუბრუნდი და ემიგრანტული ნოველების ციკლის დავიწყე. ჩემი ნოველების პერსონაჟებს დიდ ეკრანზე ყოველთვის ცოცხლად ვხედავდი. ჰოდა, გადავწყვიტე ახალ პროფესიას დავუფლებოდი და CUNY – ში (ნიუ იორკის ქალაქის უნივერსიტეტი), სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩავაბარე. ასე რომ კინოში ჟურნალისტიკიდან და მწერლობიდან მოვედი.

– ცხადია, ოცი წლის წინ „ჯორჯიის” განმარტება ყოველ ჯერზე იყო საჭირო…

–  ამერიკაში რომ ჩამოვედი, საქართველოს არსებობის შესახებ თითქმის არავინ იცოდა. ეს ჩემთვის დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა იყო. რა თქმა უნდა, მიზნად დავისახე, რომ ჩემი წვლილი ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციაში შემეტანა. ეს ფუნქცია ჩვენი თუ უფროსი თაობის ემიგრანტებმა გარკვეულწილად ჩვენს თავზე ავიღეთ და სწორედ ჩვენი დამსახურებაა, რომ საქართველოს შესახებ დღეს მეტ – ნაკლებად უკვე იციან.

– CUNY –ის სარეჟისოროზე თქვენს გარდა  სხვა ქართველი სტუდენტები სწავლობდნენ?

– „სიტი უნივერსიტეტის“ სარეჟისორო ფაკულტეტზეც პირველი ქართველი სტუდენტი მე ვიყავი. რა თქმა უნდა, უცხოეთში თავის დამკვიდრება ადვილი საქმე არ იყო, მით უმეტეს, როცა არავინ გიცნობს. სამწუხაროდ, უნივერსიტეტის პროფესორებმა ქართული კინოს შესახებ  არაფერი იცოდნენ, რაც  ჩემთვის დიდი სტრესი იყო. გადავწყვიტე მათთვის ქართველი რეჟისორები გამეცნო. ინტერნეტით ვეძებდი იმ ქართულ ფილმებს, რომელსაც ინგლისური სუბტიტრები ჰქონდა და ვჩუქნიდი მათ. პედაგოგები თავიანთ კაბინეტებში რომ დამინახავდნენ, უკვე იცოდნენ, რომ მათთვის ახალი საჩუქარი ანუ ქართული ფილმი მზად მქონდა. ნებისმიერ დავალებას სწორედ ქართველებზე ვიღებდი და, ცხადია, ქართველების მონაწილეობით. ყველა სცენარი, ნაშრომი თუ ჩანახატი ქართველებზე მქონდა. ჩემი ორი ფილმები  „ნანა“ (2014) და „ქართული პურიც“ (2016) უნივერსიტეტში სწავლისას შეიქმნა.. ვფიქრობ, რომ ჩემი მისია შევასრულე. „სიტი უნივერსიტეტის“ სარეჟისორო ფაკულტეტზე დღეისათვის რამდენიმე ქართველი უკვე სწავლობს და მიხარია, რომ მათ ჩემ მიერ გაკვალულ გზაზე სიარული გაუადვილდებათ. რამდენადაც ვიცი, ამერიკელი პროფესორები ყოველთვის მახსენებენ და ქართულ თემებზე  ჩემ მიერ გადაღებულ ფილმებსაც აღნიშნავენ.

– თქვენი ფილმოგრაფია, ცხადია, სტუდენტური ფილმებით იწყება…

– სტუდენტობის დროს, ალბათ, ათობით მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ანუ სავარჯიშოები გადავიღე. ძირითადად კი მაყურებელმა ამ სამი ფილმით გამიცნო – „თუთიყუში”, „ნანა” და „ქართული პური”. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩემი მიზანი იყო ამერიკელებისთვის საქართველოსა და ქართველების გაცნობა, ამიტომაც ერთგვარი საკუთარი სტილი შევიმუშავე: ქართველი პერსონაჟი ამერიკულ გარემოში შემომყავს, რაც არაქართველი მაყურებლისთვის უფრო ადვილი გასაგებია, თან ამით ამერიკელს ქართველებისა და საქართველოს შესახებაც გარკვეულ ინფორმაციას ვაწვდი. ვთვლი, რომ ამ „ილეთმა” ძალიან გაამართლა. ჩემ ფილმებს ამერიკელები საოცარი ემოციით უყურებენ – იცინიან, ტირიან და  კომენტარებს ხმამაღლა არ ერიდებიან.

რეჟისორები ჩვენს ფილმებს „შვილებს” ვუწოდებთ. ლამაზია თუ არც ისე, თითოეულ ფილმში იმდენ შრომას ვდებთ, რომ შვილებივით გვიყვარს. „თუთიყუში” ჩემი პირველი შვილია. ეს ფილმი სარეჟისორო ფაკულტეტზე სწავლის დაწყებამდე  გადავიღე. „თუთიყუში“  იყო ჩემი პირველი მცდელობა ემიგრანტული ცხოვრების მწარე რეალობა აღმეწერა და, ვფიქრობ, რომ ამ ამოცანას საკმაოდ კარგად გავართვი თავი.

„თუთიყუში” ახალგაზრდა ემიგრანტ გოგონაზეა, რომელიც დამლაგებლად მდიდარი ამერიკელების ოჯახში მუშაობს, მაგრამ დღე და ღამე საქართველოში დატოვებულ საქმროზე ფიქრობს. ერთ დღეს მეზობელს თუთიყუში გაუფრინდება და ჯილდოს დააწესებს იმ ადამიანისთვის, ვინც დაკარგულ ფრინველს დაუბრუნებს. მთავარი გმირი თავის სამომავლო გეგმებს სწორედ დაკარგული თუთიყუშის ჯილდოზე აგებას იწყებს. რამდენადაც საოცარი არ უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ „თუთიყუში” ჩემი პირველი ფილმი იყო, იგი რვა საერთაშორისო ფესტივალზე წარადგინეს. ამ პროექტმა დიდი გამოცდილება და ძალიან ბევრი ახალი მეგობარი შემძინა. “თუთიყუშის” გადაღების შემდეგ მყარი გადაწყვეტილება მივიღე, რომ სარეჟისორო ფაკულტეტზე აუცილებლად ჩამებარებინა და პროფესიონალი რეჟისორი გავმხდარიყავი.

„თუთიყუში“

„თუთიყუში“

„თუთიყუში“

„თუთიყუში“

– თქვენი სადიპლომო ნამუშევარიც ემიგრანტების ცხოვრებაზეა…

– „ნანა” (მთავარი გმირის როლს მსახიობი ცუცა კაპანაძე ასრულებს) თავდადებულ ქართველ ქალზეა, რომელმაც თავი არა მარტო თავისი ოჯახისთვის გადადო, არამედ ყოველთვის მზადაა ნებისმიერ ადამიანს დახმარება გაუწიოს. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ფილმი ჩემი სულის ნაწილია, რადგან მასში გავაერთიანე  ყველა ის საოცრად მზრუნველი და თავდადებული ქართველი ქალი, რომელიც ემიგრაციაში გავიცანი. ისინი შორს არიან თავისი ოჯახებიდან, მუშაობენ ახლობლების დასახმარებლად, მაგრამ ამავე დროს უამრავ სიყვარულსა და სითბოს სრულიად უცხო ადამიანებისთვის გასცემენ და ამ მზრუნველობაში მთლიანად იხარჯებიან.

„ნანას” შექმნის ისტორიაც ძალიან საინტერესოა. „“ნანა” ნამდვილი ამბის მიხედვით დავწერე, რომელმაც ჩემზე ძალიან იმოქმედა. ამიტომ ჯერ დოკუმენტური კლასისთვის დოკუმენტური ფილმი „ბრუკლინის სახლის საიდუმლოება“” გადავიღე,  შემდეგ კი ამ თემაზე სადიპლომოც დავწერე. ყველაფერი კი ასე დაიწყო: ჩემმა მეგობარმა გამაცნო ქართველი ქალი, რომელიც ოთხმოცდაჩვიდმეტი წლის მოხუც კაცთან ღამის ცვლაში მომვლელად მუშაობდა. ამ სახლს ერთი უცნაური, „ფენტეზი ჟანრის“ თავისებურება ჰქონდა – იქ პარანორმალური მოვლენები ხდებოდა. ვინც კი იქ იწყებდა მუშაობას,  ამას აღნიშნავდა და სამსახურს მაშინვე ტოვებდა. ამ სახლის „ღირშესანიშნაობის” შესახებ ყველამ იცოდა. მხოლოდ ნანამ გაუძლო „მოჩვენებებს”. ცხადია, ნანას ვკითხე, თუ რატომ იტანდა ამდენს და რატომ არ მიდიოდა ამ სამსახურიდან. მან კი მიპასუხა: „ჩემზე იმდენი ადამიანია დამოკიდებული, სამსახურს თავს ვერ დავანებებო”… ასე გახდა ნანა ჩემი მუზა. ეს ფილმი იმ ქალებს მივუძღვენი, რომლებმაც უცხო მიწაზე, უცხო გარემოში საოცარი თავდადება გამოიჩინეს როგორც საკუთარი ოჯახის, ასევე უცხო ადამიანების მიმართ.

„ნანა“

„ნანა“

როდესაც „ნანას“ სცენარს ვწერდი, უკვე ვიცოდი, რომ ნანას როლს ცუცა კაპანაძე შეასრულებდა. ფაქტობრივად, სასცენარო ხასიათი მას მოვარგე. ცუცა კაპანაძესთან მუშაობა ნამდვილი სიამოვნება იყო. “ნანა” არის ფილმი, სადაც არაჩვეულებრივმა ინტერნაციონალურმა ჯგუფმა მოიყარა თავი. ფილმისთვის მუსიკა ახალგაზრდა კომპოზიტორმა მიშა მდინარაძემ დაწერა. ამიტომ არ გამკვირვებია, როცა „ნანა” ფესტივალებზე წარმატებებით წარსდგა. „კანადის საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე” საუკეთესო რეჟისურისთვის „როიალ რიალ“ პრიზით დამაჯილდოვეს. საერთაშორისო ორგანიზაციამ – „ქალები ფილმისა და ტელევიზიისთვის” კი საუკეთესო დამწყები ქალი რეჟისორის პრიზით დამაჯილდოვა. აგრეთვე ფილმი ნაჩვენები იყო არაერთ პრესტიჟულ არტსივრცეში, მათ შორის „ბერლინალეზე”. ჩემი ფილმებით საზოგადოების წინაშე წარდგომა ყოველთვის მიხარია, რადგან საშუალება მეძლევა, რომ როგორც კონკურსის თუ ფესტივალის გამარჯვებულმა, სწორედ ჩემი სამშობლო წარვადგინო და ჩემ ქვეყანაზე ვილაპარაკო, რომელიც ასე ძალიან მიყვარს.

– „ქართული პურიც“ ემიგრანტებზეა…

– ვნერვიულობდი, რადგან არ ვიცოდი, თუ როგორ მიიღებდა ამერიკელი მაყურებელი „ქართულ პურს”. ფილმისთვის მუსიკა ნიუ იორკში მოღვაწე  მუსიკოსმა დათო ჭკუასელმა დაწერა. „ქართული პური” ოცწუთიანია, მოქმედება, ფაქტობრივად, ერთ ოთახში ხდება და ქართველ მეპურესა (კახი კავსაძე) და ამერიკელ ბიზნესმენს (მაიკლ ველასტრიგო) შორის დიალოგზეა აგებული. ისინი ერთმანეთის ენაზე არ საუბრობენ. ფილმის ჩვენების დროს ამერიკელების რეაქციას ვაკვირდებოდი. გამოჩნდა თუ არა კახი კავსაძე ეკრანზე, დარბაზი უცებ გაიტრუნა. გულზე მომეშვა, ვიგრძენი რომ ფილმს მაყურებელი კარგად მიიღებდა. და კიდევ: არ ვიცოდი რომ, თურმე მთავარი სიურპრიზი წინ მელოდა. ჟიურიმ გამარჯვებულად გამომაცხადა და საუკეთესო ეროპელი რეჟისორი ქალის პრიზით  (სხვა ორ ევროპელ რეჟისორ ქალთან ერთად) დამაჯილდოვა. როგორც ყოველთვის დაჯილდოების შემდეგ მაყურებელს საშუალება მიეცა, რომ გამარჯვებული რეჟისორებისთვის კითხვები დაესვათ. სიმართლე რომ გითხრათ, უხერხულადაც ვიგრძენი თავი, რადგან თითქმის ყველა კითხვა ჩემი მისამართით იყო. მეკითხებოდნენ საქართველოს შესახებ, კულტურაზე, ტრადიციებზე, ქართულ კერძებზე და კახი კავსაძეზე. ბევრმა ამერიკელმა მადლობაც გადამიხადა,  ფილმმა „ქართული პური”  საკუთარი ფესვები შეგვახსენაო.

„ქართული პური“

„ქართული პური“

„ქართული პური” ქართველ მეპურე გიორგიზე მოგვითხრობს. იგი ბრუკლინში პურს აცხობს და  იმითაა ბედნიერი, რომ ემიგრანტებს რაღაც მათთვის მშობლიურს სთავაზობს. მაგრამ მისი ბოსი, ახალგაზრდა ამერიკელი ბიზნესმენი მაიკლი, იძულებულია, რომ საცხობი მომგებიანი სუშის რესტორნით ჩაანაცვლოს. გიორგი კი  ქართველი პურს – თავის პროფესიას არ ღალატობს.

ჩემი პროფესორი რობერტ ტუტაკი „პურის” სცენარით მოიხიბლა და განმიცხადა, რომ ეს ფილმი აუცილებლად ხელახლა უნდა გადამეღო. სცენარის მიხედვით მთავარი მოქმედი პირი ასაკოვანი ადამიანი უნდა ყოფილიყო. ასე  დაიბადა კახი კავსაძის მოწვევის იდეაც. გამახსენდა უკრაინელი გოგონა, რომელიც „სიტი უნივერსიტეტში” სარეჟისოროზე სწავლობდა და ბატონი კახი თავის სადიპლომო ფილმში მიიწვია. ამ ფაქტმა გამაბედინა და ნიუ იორკიდან ბატონ კახის თბილისში დავურეკე. მან ჩემ თხოვნას მოუსმინა, მახსოვს ძალიან ვღელავდი, სანამ მიპასუხებდა. პაუზის შემდეგ ომახიანად მითხრა – „უკრაინელს დავეხმარე და შენ როგორ არ დაგეხმარებიო”. ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო. მართლაც, „ქართული პურის” გადაღების დროს არაჩვეულებრივი ჯგუფი შეიკრიბა. ყველა მოხიბლული იყო ქართველი მსახიობით. ახალგაზრდა ამერიკელები კი მადლობასაც კი მიხდიდნენ, რომ მუშაობა ასეთ პროფესიონალთან  მოუხდათ. ენის ბარიერის მიუხედავად, გადასაღებ მოედანზე საოცრად თბილი, მეგობრული და იუმორნარევი ატმოსფერო სუფევდა.

„ქართული პური“

„ქართული პური“

„ქართული პური“

„ქართული პური“

ჩვენს გუნდს აშშ–ის ქალაქებში და მის საზღვრებს გარეთაც ფილმის ჩვენება ხშირად უწევს. ამ ცოტა ხნის წინათ ემიგრანტული ფილმებით ტორონტოში ჩავედით. იქ ქართულ რესტორანში მიგვიწვიეს. რა თქმა უნდა, სუფრაზე ქართული შოთის პურიც იყო. მაიკლ ველოსტრიგო ძალიან დაღლილი და მშიერი იყო, რადგანაც ნიუ იორკიდან იმ დღეს ჩამოფრინდა და პირდაპირ ფილმების ჩვენებაზე მოვიდა. სწორედ ამიტომ ვეღარ მოითმინა, ხელი შოთის პურისკენ წაიღო… „აბა, აბა, ხელი არ ახლო ქართულ პურს“ –  სუფრის წევრმა წამოიძახა. – „გზის იქით სუშის რესტორანია და იქ მიბრძანდითო“. მაიკლს ხელი ჰაერში გაუშეშდა და სიცილის ატეხვამდე დაძაბული სიჩუმე ჩამოვარდა.

– ამჟამად რა თემაზე მუშაობთ?

– ამჟამად ვმუშაობ ფილმზე „დაბრუნება, რომელიც გადავწყვიტე, „ნანასა“ და „ქართული პურის“ მესამე ნაწილი გახდეს და ტრილოგიად შევკრა. როგორც წინა ფილმების დროს, ახლაც ინტერნაციოალური ჯგუფი შეიკრიბა. მიხარია, რომ ამ ფილმში მონაწილეობენ აშშ–ში მოღვაწე ქართველი მსახიობებიც, რომლებიც თავის საქმეს უანგაროდ ემსახურებიან. „დაბრუნების” სცენარი ჩემი ამავე სახელწოდების ნოველის (2005) მიხედვით დავწერე. იგი არაერთ ჟურნალსა და პერიოდულ გამოცემაში დაიბეჭდა. „დაბრუნების” სიუჟეტი წლების მანძილზე დაშორებულ ახალგაზრდა ოჯახის წევრებს ეხება. ეს ძალიან მტკივნეული თემაა, რადგან დღესდღეობით, ფაქტობრივად, საქართველოში აღარავინ ბრუნდება… პირიქით, როგორც ამბობენ, მთელი საქართველო გაქცევაზეა. ამ მხრივ, მართლაც საგანგაშო სიტუაციაა. რამდენიმე ადამიანმა ისიც კი მიმითითა, რომ „დაბრუნება“ კი არა, „გაქცევა”  გადამეღო. ვფიქრობ, რომ ქვეყნიდან სამუდამოდ წასვლის თემა აქტუალიზირებული უნდა იყოს სწორედ ხელოვანი ადამიანების მიერ.

– ფესტივალებზე საქართველოს ოფიციალურად წარადგენთ?

– ჩემი ფილმების პროდიუსერი თავად ვარ. ჯერ არ მყავს არც სპონსორი და არც პროდიუსერი, ამიტომ არავისზე ვარ დამოკიდებული. მე ვწყვეტ პროდუქციას რომელ ქვეყნას დავაწერ, ჰოდა, ყოველთვის საქართვლოს სახელით გავდივარ. სამწუხაროდ, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები ჩემი პროექტების მიმართ იტერესს არ იჩენენ. თუმცა მაინც პერიოდულად მივამართავ ხოლმე შესაბამის ორგანოებს. ამჟამადაც „დაბრუნების“ გადაღებისთვის დასახმარებლად კულტურის, დიასპორისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს მივმართე, მაგრამ როგორც ყოველთვის, უბრალოდ პასუხიც კი არ გამცეს.

მეხმარებიან რიგითი ემიგრანტები და მეგობრები, რისთვისაც მათ მიმართ უდიდესი მადლიერების გრძნობა მინდა გამოვხატო. ისიც მესმის, რომ ამგვარ პროექტებში ფულს არც ამერიკული მხარე  ჩადებს, რადგანაც თემა, ფაქტობრივად, მხოლოდ საქართველოს ეხება. თუმცა ამერიკელი მეგობრები და რიგითი ამერიკელები ყოველთვის გვერდში მიდგანან.

იმედს არ ვკარგავ, რომ ერთ დღეს მეც გამომიჩნდება პროდიუსერი და საშუალება მომეცემა, რომ სრულმეტრაჟიანი ფილმი გადავიღო, ჩემი სათქმელი სრულად ვთქვა. დღესდღეობით კი მიუხედავად სირთულეებისა, პროფესიულ საქმიანობას მაინც ვაგრძელებ, რადგან ვიცი, რომ მაყურებელი ჩემ ფილმებში სიმართლეს ხედავს. ეს სიმართლე მას ხან ღიმილს, ხანაც ცრემლს ჰგვრის და მთავარია, გულგრილს არასოდეს ტოვებს.

ფილმზე მუშაობისას

ფილმზე მუშაობისას