ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

„შინ“ – მაკა ქობალიას ქართულ–ამერიკული პროექტი ემიგრანტებისთვის

„შინ“ – მაკა ქობალიას ქართულ–ამერიკული პროექტი ემიგრანტებისთვის

რამდენიმე დღის წინ ბრუკლინში, უილიამსბურგში მოქმედ ქართულ რესტორანში Cheasboat ქართულ–ამერიკული პროექტის – “შინ” – ფარგლებში მეორე ქართული ფილმი აჩვენეს – სალომე ჯაშის “მოთვინიერება”, უფრო ადრე კი – ბესო სოლომონაშვილის “ბოსტანი კონფლიქტის ზონაში”.

ამ და კიდევ სხვა საინტერესო პროექტების ავტორია მაკა ქობალია, რომლის ინიციატივითაც ნიუ ჯერსის ქალაქ ჰაუთორნში ქართული სკოლა გაიხსნა, ბიბლიოთეკაში კი ქართული წიგნების განყოფილება შეიქმნა.

პროექტის პრეზენტაციაზე მწერალი დათო ტურაშვილი სპეციალურად ჩამოვიდა და თავისი წიგნები წარადგინა. ბიბლიოთეკაშივე გაიმართა თუმანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობის, თამარ გეგეჭკორის მონო – სპექტაკლი ,,მე ვხედავ სიზმრებს არა თქვენებურს” (გალაკტიონის მიხედვით). სპექტაკლის ბოლოს დარბაზში გალაკტიონის ლექსები დარიგდა, მაყურებელი კი მგოსნის ლექსებს კითხულობდა.

დათო ტურაშვილი და მაკა ქობალია

მოგვიანებით, ამავე ბიბლიოთეკაში, ფოტოგრაფ დავით ჩხარტიშვილის სოლო გამოფენა–გაყიდვა “ჩრდილები და ანარეკლები” გაიმართა, შეგროვებული თანხით კი ორგანიზატორები საქართველოში ორ ახალგაზრდა ხელოვანს დაეხმარნენ.

„პროფესიით ვარ ფარმაცევტი, საქართველოში ფარმაცევტულ კომპანიაში GPC ვმუშაობდი” – მიყვება მაკა ქობალია, “- 2010 წელს მწვანე ბარათი მოვიგე და ჩემ მეუღლესთან, ლევან ნადირაშვილთან და ოთხ შვილთან ერთად ამერიკაში წამოვედი. ძალიან თბილად მიგვიღეს, მაგრამ მაინც რთული პერიოდი გავიარე. ისე მაწუხებდა ნოსტალგია, დილით თვალის გახელა და აქაური ცის დანახვა არ მინდოდა. მალე ჩემი შვილების წარმატებებმა ცხოვრების ხალისი დამიბრუნა… მეც დავიწყე სწავლა, მეუღლეც ძალიან მეხმარებოდა, ლიცენზია ავიღე და ათი წელი CVS – ში ფარმაცევტის თანაშემწედ ვიმუშავე.

  • ცხადია, ქართული სკოლის გახსნის მიზანი ქართული ენის შენარჩუნება იყო…

ჩემი შვილები დღის უმეტეს ნაწილს ამერიკულ გარემოში ატარებდნენ. ვხედავდი, რომ ქართული ენა ნელ-ნელა მათი ცხოვრებიდან „მიდიოდა“. ქართული სკოლის გახსნის იდეა ჩემ მეუღლესა და რამდენიმე მეგობარს გავუზიარე, მათაც აიტაცეს, დამეხმარნენ და 2012 – ში ეს სკოლა გავხსენი. თავიდან ,,პატარა ქართველები’’ დავარქვი, თუმცა საბოლოოდ ,,მაკას სკოლა’’ ეწოდა.

ჩემთან სკოლაში ბავშვები წერა-კითხვას, ისტორიასა და ქართულ სიმღერებს სწავლობენ. შარშან ათი მოსწავლე იყო. უკვე გვყავს კურსდამთავრებულებიც. ყველა წერს, კითხულობს და ქართულად საუბრობს. შარშან გაზაფხულში სკოლის ინიციატივით უკრაინელი ბავშვებისთვის სოლიდური ტვირთი შეგროვდა, საქართველოში კი, რამდენიმე სკოლასთან თანამშრომლობით, საერთო პროექტები წამოვიწყეთ.

დაახლოებით ერთი წლის წინ გამიჩნდა იდეა, რომ ქალაქ ჰოუთორნის საჯარო ბიბლიოთეკაში ქართული წიგნების კუთხე მომეწყო. მივმართე ადმინისტრაციას, რომელმაც ჩემი ინიციატივა განიხილა, შემდეგ კი ქალაქის განათლების დეპარტამენტს, მერიას მიმართა და გადაწყდა, რომ ჩვენი წიგნებისთვის ბავშვებისა და მოზრდილების დარბაზში სივრცეს დაგვითმობდნენ. ეს ამბავი დავაანონსე და ყველამ, ვინც კი გაიგო, წიგნები მომიტანა. ჰოდა, საკმაოდ სოლიდური კოლექციაც შევაგროვეთ. ბიბლიოთეკამ კი ეს წიგნები საბიბლიოთეკო სისტემაში შეიტანა, რაც იმას გულისხმობს, რომ ნიუ ჯერსის ოთხი საგრაფოს 77 ბიბლიოთეკაში 120–ზე მეტი ქართული წიგნი უკვე ხელმისაწვდომია. ქართველი კლასიკოსების გარდა გვაქვს თანამედროვე მწერლების წიგნები: ტურაშვილი, ხარატიშვილი, ქიქოძე, ბაქანიძე, სოლომანაშვილი, არსენიშვილი, ტოგონიძე, ბუღაძე, მორჩილაძე, კეკელიძე… ასევე, საბავშვო ლიტერატურა და მსოფლიო ლიტერატურა ქართულად.

დეკემბერში ბიბლიოთეკაში სტუმრად გვყავდა დათო ტურაშვილი. როგორც მოსალოდნელი იყო, უამრავი ემიგრანტი მოვიდა. დათომ თავისი წიგნები წარადგინა, გაიმართა ძალიან საინტერესო დისკუსია. სწორედ ამ შეხვედრაზე პროექტის – ,,შინ’’ პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტი ,,შინ” სოციალურ– კულტურული პროექტია. მისი მიზანია აშშ-ში ქართული ენის, ლიტერატურის, კინოსა და მხატვრობის პოპულარიზაციის ხელშეწყობა. ასევე, ფოკუსშია სამოქალაქო განათლება.

რაც შეეხება სახელწოდებას – “შინ”. ემიგრანტები მუდამ ვფიქრობთ სახლზე, როგორც ყველაზე მშობლიურზე, ყველაზე მყუდროზე, სადაც ვუყვარვართ და გვიყვარს. თითქოს აქ, ამერიკაში, ყველამ მოვიწყვეთ ჩვენი შინ, მაგრამ თვალი და გული მაინც იქ დატოვებულ „შინზე“ გაგვირბის. მინდა ეს პროექტი იყოს სივრცე, სადაც შინ ვიქნებით.

  • ახლა რა პროექტზე მუშაობთ?

დავიწყეთ თანამშრომლობა ახალგაზრდა მთარგმნელთან, ნინუცა ნადირაშვილთან, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს გამომცემლობებთან, დიდი სურვილი გვაქვს ქართველი მწერლები ამერიკელ მკითხველს გავაცნოთ.

პროექტის ფარგლებში ფუნქციონირებს წიგნის კლუბი. ამჟამად ვკითხულობთ მარიამ გურგენიშვილის “მარგალიტებს”. გარკვეული პერიოდის შემდეგ შევიკრიბებით, ამ წიგნზე ვისაუბრებთ და თან თემატურად მსგავს ფილმს – ,,გრძელი ნათელი დღეები“ – ვნახავთ.

დაგეგმილი გვაქვს დისკუსიების ციკლი თანამედროვე ქართული იდენტობის შესახებ, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც ემიგრანტები, ასევე სტუმრები საქართველოდან. სექტემბერში კი სასწავლო წლის დაწყებას აღვნიშნავთ და გავმართავთ საქველმოქმედო კონცერტს, რომელშიც მონაწილეობას ,,მაკას სკოლის’’ კურსდამთავრებულები მიიღებენ.

  • რატომ ჩისბოუტი?

ყველა ღონისძიებაზე მაქვს სამი პატარა დროშა – საქართველოს, ამერიკისა და უკრაინის. “ჩისბოუტში” ეს დროშები არ მჭირდება, იმდენად ღიაა იქ უკრაინის მხარდაჭერა – “რუსკი კარაბლის” სწორი მიმართულებით გაშვება… რესტორნის მფლობელთან, ქეთი გოჩაშვილთან ფასეულობების თანხვედრა გვაკავშირებს – ვებრძვით რასიზმს, ჰომოფობიას, სექსიზმს და ამას ღიად გამოვხატავთ. ამიტომ “ჩისბოუტში” თავს კომფორტულად ვგრძნობ.

  • თავად თქვენ რა მოგცათ ამ პროექტმა?

ამ პროექტმა გამაცნო ძალიან ბევრი თანამედროვე მწერალი, კრიტიკოსი, სცენარისტი. ასევე ძალიან საინტერესო და ნიჭიერი ემიგრანტები. რაც ყველაზე მეტად მიხარია, ამ პროექტით ახალგაზრდა თაობა დაინტერესდა და ყოველი ღონისძიების შემდეგ მათი ჩართულობა იზრდება. ფოტოგამოფენაზე გვესტუმრა საკმაოდ ბევრი ამერიკელი, ვფიქრობ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია.

  • თქვენ თქვით, რომ შვილების წარმატებამ დაგიბრუნათ ხალისი…

ცხადია, ადვილი არ იყო გადაწყვეტილების მიღება – შეგვეცვალა კონტინენტი. თუმცა, რამაც მე და ჩემს მეუღლეს გადაწყვეტილების მიღება გაგვიადვილა, იყო ჩვენი შვილების განათლება.

უფროსმა ნუცამ ბოსტონის კოლეჯი დაამთავრა (საერთაშორისო ურთიერთობები), სწავლა ნიდერლანდებში, უტრეხტის უნივერსიტეტში და ინგლისში იორკის უნივერსიტეტში (გენდერული მეცნიერებები) გააგრძელა. ამჟამად ინგლისში, სადოქტოროზე მუშაობს. მეორემ, გიორგიმ დაამთავრა დელოვერის უნივერსიტეტი (სპორტის მენეჯმენტი) და ახლა ამერიკულ ,,მანჩესტერ სითის” კლუბში მუშაობს. მესამე, ალექსანდრე არის ბრაუნის უნივერსიტეტის სტუდენტი (ინგლისური ლიტერატურა) და თან უნივერსიტეტის გაზეთის რედაქტორიცაა. მეოთხე, 15 წლის კატო საუკეთესო მოსწავლეა, გატაცებულია კალათბურთით და სკოლის გუნდის კაპიტანიცაა. მე ვამაყობ ჩემი შვილებით და ამ განცდის თქვენთვის გაზიარება მინდოდა.

***

„ამერიკაში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი, მაგრამ რამდენჯერად არ უნდა მოვხვდე შტატებში, ჩემთვის ეს ქვეყანა მაინც დარჩება იმ ამოუცნობ სამყაროდ, რომლის შესწავლაც უსასრულო პროცესია. მგონი, არ არსებობს მსოფლიოში სხვა ასეთი კონტრასტული და მრავალფეროვანი სახელმწიფო. ბავშვობიდან კი ყველაზე მეტად სწორედ რთულისა და შეუცნობლის შესწავლა მინდოდა“ – ამბობს დათო ტურაშვილი.

დათო ტურაშვილი

მისივე თქმით, აშშ–ში ბევრი ქართველია და ემიგრანტებსა და ზოგადად, ემიგრაციაზე უფრო მეტი უნდა იწერებოდეს; ემიგრანტების შესახებ უფრო მეტს ფილმსა თუ სიუჟეტს უნდა იღებდნენ და მათი ცხოვრების მიმართ მეტი ინტერესი უნდა გვქონდეს.

„მაკა ქობალიას პროექტის – “შინ”- მოწვევით აშშ–ში გახლდით და იმ ბიბლიოთეკაში, სადაც პრეზენტაცია გაიმართა, მართლა შინ ვიგრძენი თავი, რადგან მასპინძლებმა მშობლიური, თბილი და ტკბილი გარემო დამახვედრეს.

ამერიკიდან ბევრი დაუვიწყარი შთაბეჭდილება გამომყვა, მაგრამ მთავარი მაინც ლიტერატურული საღამო იყო, რომელსაც უამრავი ადამიანი დაესწრო. მიხარია, რომ ქართველებს ემიგრაციაში ქართული წიგნებიც ძალიან ენატრებათ.

შემთხვევითი არ არის, რომ ქართველები (და არა მარტო ქართველები), ემიგრანტული ცხოვრებისთვის, ყველაზე ხშირად, სწორედ ამერიკას ირჩევენ – ქვეყანას, სადაც ადამიანის თვითრეალიზაციისთვის მეტი ასპარეზია. მე რომ ემიგრანტი ვიყო (დროებით, რასაკვირველია), საცხოვრებლად ამერიკას ავირჩევდი, ამერიკულ ზღაპრებსა და ამერიკულ ოცნებებზე დასაწერად ჯეკ კერუაკის გზასაც გავივლიდი. თუმცა ჩემი მთავარი ოცნებაა, რომ ქართველებმა ამერიკიდან სამშობლოში სწორედ ის ჩამოიტანონ, რაც ასე გვჭირდება – პროფესიონალიზმი, შრომა და განათლება“ – ამბობს დათო ტურაშვილი.

***

დავით ჩხარტიშვილი სკოლის მოსწავლე იყო, როცა ოჯახთან ერთად, 2011-ში ამერიკაში ჩამოვიდა. როგორც თავად ამბობს, ცხოვრებამ იგი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა, რამაც უმაღლესი განათლების მიღებაში ხელი შეუშალა.

მაკა ქობალია და დავით ჩხარტიშვილი

“სამაგიეროდ, მომიწია სხვადასხვა სფეროში მუშაობა, რამაც მეტი ცხოვრებისეული გამოცდილება და სირთულეებთან გამკლავების უნარი შემძინა” – ამბობს იგი, – “მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩემი ფოტოგრაფიით გატაცება პროფესიონალურ ფოტოგრაფიად რეალიზდა. შთაგონება მივიღე ისეთი ცნობილი ფოტოგრაფებისგან, როგორებიც არიან ჰენრი კარტიე-ბრესონი, ელიოტ ერვიტი, ბრიუს დევიდსონი, ალექს ვები, ბრიუს გილდენი, გურამ წიბახაშვილი, გია ჩხატარაშვილი და მრავალი სხვა.

წლები მივუძღვენი ჩემი ცოდნის გაღრმავებას, მრავალი ფოტოწიგნის შეძენითა და მრავალ გამოფენაზე დასწრებით. ამ გამოცდილებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემი სტილის ჩამოყალიბებაში და არჩევანი ქუჩის ფოტოგრაფიაზე შევაჩერე.

ჩემი მიზანია დავაფიქსირო ჩვეულებრივი ადამიანები არაჩვეულებრივ სიტუაციებში, წარმოვაჩინო ყოველდღიური ცხოვრების სილამაზე და სირთულე.

პერსონალური ფოტოგამოფენა ჩემი ყველაზე შორეული ოცნება იყო – ნამუშევრებს, ძირითადად, ჩემ ოჯახსა და უახლოეს მეგობრებს ვუზიარებდი. თუმცა, სწორედ მაკა ქობალიამ წამახალისა მეთანამშრომლა მის ქართულ-ამერიკულ პროექტთან – “შინ” და ჩემი ფოტოგამოფენა მომეწყო.

“შინ” ქართულ-ამერიკულ საზოგადოებას კეთილი მიზნებისთვის აერთიანებს და უცნობ – ნაცნობების დაახლოებას, დამეგობრებას ხელს უწყობს“.

ფოტო დავით ჩხარტიშვილის გამოფენიდან

ფოტო დათო ჩხარტიშვილის გამოფენიდან

***

კინორეჟისორისა და მწერლის (“საბას” ნომინანტი, ლაურეატი) ბესო სოლომონაშვილის ფილმი – “ბოსტანი კონფლიქტის ზონაში” აგვისტოს ომის ერთ–ერთი ფურცელია.

ფილმის რეჟისორი ამბობს:

„ისე მოხდა, რომ ჩემი ფილმები საქართველოს უახლეს ისტორიას ეხება – სამხედროებს, ომებს. გადავიღე ფილმები: „მე საქართველოს ჯარისკაცი ვარ”, ვმონაწილეობდი „ოცნებების სასაფლაოს“ გადაღებებში – თვე-ნახევარი ომის ზონაში ვიღებდით. მერე იყო ჩემი დოკუმენტური მასალა – სოხუმის დაცემის შემდეგ წელს სამაშველო სამსახურთან „სანთელთან“ ერთად გალში გადავედით და ეთნოწმენდის მეორე ტალღის დევნილების გადმოყვანა გადავიღე.

დოკუმენტური ფილმი – “მამა, მე ალბათ ჯარში დავრჩები” კოსოვოში ქართულ სამშვიდობო ოცეულზე გადავიღე. სხვათა შორის, ერთი ჩემი მეგობარი (რომელიც იქ გავიცანი), შესანიშნავი სამხედრო, პატრიოტი ადამიანი, ახლა ამერიკაში ტაქსის მძღოლობით ირჩენს თავს.

ჩემია მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების სერია „უცხოეთის ცის ქვეშ“, სადაც პირველი რესპუბლიკის პერიოდის პოლიტიკოსებსა და საზოგადო მოღვაწეებზე ვყვებოდით.

„ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ ჩემი ბოლო ფილმია. სულ ვეძებდი ისტორიას 2008 წლის რუსეთის საქართველოში შემოჭრაზე, ჰოდა, ჩემმა მეგობარმა და მწერალმა თამრი ფხაკაძემ მომცა უფლება გადამეღო ფილმი მისი შესანიშნავი მოთხრობის – „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ მიხედვით. კინოცენტრის განაცხადში მეწერა, რომ კინოფესტივალები კარგია, მაგრამ ეს ფილმი მინდა სწორედაც რომ ქართველი მაყურებლისთვის გადავიღო და, მგონი, მართლაც სახალხო ფილმი გამოგვივიდა. ახლა საქართველოში აშშ–ის საელჩო ამ ფილმის თავისი თანამშრომლებისთვის ჩვენებას გეგმავს.

„ბოსტანი კონფლისქტის ზონაში“ – რეჟისორი გადაღებებზე

ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი, თუ რა არის ემიგრაცია და რაა მისი მთავარი პრობლემა. მე არ მიყვარს ის ქართული ტრივიალური ნარატივი, რომ თითქოს ქართველი ერთადერთია, რომელიც სხვაგან ვერ ცხოვრობს, რომ მას დეპრესია და გაუსაძლისი ნოსტალგია ემართება და ა.შ. მთელი მსოფლიო ასე ცხოვრობს, მითუმეტეს ახლა, როდესაც ასე გაადვილებულია საზღვრის გადასვლა-გადმოსვლა.

მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ მოვწყდით ცივილიზებულ სამყაროს, ერთი მხრივ, ოფიციალური დოკუმენტაციით, რადგან უსაბუთოდ არავინ ხარ და მეორე მხრივ, მენტალურად… კვლავ ილუზიაში ვართ, რომ ქართველები განსაკუთრებულები ვართ და გარშემო ყველა ჩვენთან ვალშია. ამ დროს კი გხვდება სამყარო, სადაც საჭიროა შრომა, შრომა და შრომა. არავინ გეფერება, არავინ გეუბნება – რაც კარგები ხართ, ქართველები ხართ… არც შენი ხინკალი იციან, არც შენი სიმღერა და სვეტიცხოველი; არც ხვანჭკარა და თუ იცის, ეს შენთვის პრივილეგია არაა. ეს კი იწვევს შოკს, დეპრესიას….

და რაოდენ მნიშვნელოვანნი არიან ის ადამიანები, რომლებმაც მოახერხეს ამ საბჭოთა გარყვნილი, კორუმპირებული სისტემიდან გასვლა და სხვა გარემოში ადაპტირება და ცივილიზებული ქართველის სახელის შრომით დაცვა. საქართველოში ხომ კორუმპირებული უფრო ახერხებს გადარჩენას.

ძნელია ილუზია მოიცილო, ძნელია ადაპტირდე სხვისი ოჯახის, მასპინძელი გარემოს ცხოვრების წესში და თან თუ შენ ახერხებ, რომ შენი იდენტობა არ დაკარგო, ეს ძალიან, ძალიან დასაფასებელია. ძირითადად სწორედ ამ იდენტობის შენარჩუნებისთვის იხარჯება დიდი ენერგია და მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის… მე ეს საკუთარი თვალით ვნახე საბერძნეთშიც და ამერიკაშიც. რა თქმა უნდა, განსხვავებული ფენის ადამიანები ამას სხვადასხვანაირად აკეთებენ, მაგრამ ეს ძალიან შესამჩნევი და მნიშვნელოვანია.

რა თქმა უნდა, თავის გადასარჩენად და უკეთესი ცხოვრების საძებნად ბევრი უღირსი ადამიანიც წავიდა, მაგრამ ის თუ ვერ ადაპტირდა იმ გარემოში, ზუსტად ისე დაიღუპა, როგორც დაიღუპებოდა ყველგან და ამის უამრავი მაგალითი არსებობს.

იმ დღეს, როცა “ჩისბოუტში” ფილმი “ბოსტანი კონფლიქტის ზონაში” ვაჩვენეთ, რესტორნის მფლობელმა, ქეთი გოჩიაშვილმა პირველად თქვა, რომ ისიც დევნილია… პირველი თაობის, 1990-იანებში, ცხინვალიდან და ფილმი ძალიან განიცადა…

„ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ – გადაღებები

ეს ფილმი ჩემთვის ერთი უწყვეტი ქართული ტრაგედიის ნაწილია, რომელიც 250 წელია საქართველოს თავს ტრიალებს, მაგრამ ყველაზე სამწუხაროა ისაა, რომ ზოგიერთ ქართველს ეს არ აწუხებს, ვერ გაუგიათ, ვინ არის ნამდვილი მტერი, ისინი „სტოკჰოლმის სინდრომში“ ცხოვრობენ და სწორედ ამან გადამაწყვეტინა ამგვარი ფილმის გადაღება. თან მინდოდა, რომ პირველი ფილმი, რომელსაც სახელმწიფო დააფინანსებდა, ამ თემაზე გადამეღო.

სხვათა შორის, მეორე ფილმი, საშუალება თუ მომეცა, ემიგრაციაზე მინდა გადავიღო. თუ რატომ მიდიან ქართველები საქართველოდან. საბერძნეთში ქართულმა დიასპორამ გადაწყვიტა, რომ ამ პროექტში თავისი სახსრები ჩადოს და მიმიწვიეს. ვნახოთ, რა გამოვა….

  • რატომა მნიშვნელოვანი “შინის” მსგავსი პროექტები?

მაკა ქობალიას „შინ“ არის პროექტი, რომელიც ქართულ იდენტობას გვინარჩუნებს.

ადამიანები, რომლებიც ცხოვრებას ცივილურ სამყაროში მიეჩვივნენ, ადრე თუ გვიან საქართველოს წაადგებიან, რადგან ასეთი პროექტების მეშვეობით მათ ეცოდინებათ თავისი ფესვები, იდენტობა, რომელიც, ჩემი ღრმა რწმენით, ადამიანს მოსვენებას არასდროს მისცემს. მსგავსი პროექტი საბერძნეთშიცაა.

არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე მეც ვგეგმავ საქართველოდან წასვლას (ხანდახან ვნანობ, ეს ადრე რატომ არ გავაკეთე) იმ მიზნით, რომ შევქმნა ნაწარმოებები, რომელიც მოგითხრობთ ემიგრაციაზე; იმაზე, თუ რატომ გადარჩნენ ან პირიქით, რატომ დაიღუპნენ; რა არის ის, რაც არ გაკარგვინებს ეროვნულ იდენტობას და როგორ ამდიდრებ ისედაც არსებულ მრავალფეროვნებას.

______________

მთავარ ფოტოზე: მაკა ქობალია