ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან • •

რას გვიყვებიან ილუსტრაციები – კატალოგი ქართული წიგნის დიზაინზე

25.09.2026
რას გვიყვებიან ილუსტრაციები – კატალოგი ქართული წიგნის დიზაინზე

ქართულ ხელოვნებაზე საუბრისას 1920-30-იანი წლების საქართველო ხშირად ავანგარდული ფერწერით, თეატრით, კინოს პირველი ნაბიჯებითა და ლიტერატურით გვახსენდება, თუმცა აშშ-ში მცხოვრები, სან-ფრანცისკოში წიგნის მაღაზიის, Globus Books-ის მფლობელი, წარმოშობით რუსი კოლექციონერის, წიგნების ისტორიკოსისა და ბიბლიოფილის პაველ ჩეპიჟოვის ინგლისურენოვანი გამოცემა „ქართული წიგნის ახალი დიზაინი, 1920-30 წწ.” (New Georgian Book Design, 1920s–1930s) ყურადღებას სხვა, ნაკლებად შესწავლილ სფეროზე ამახვილებს. კერძოდ კი ქართულ წიგნზე, როგორც დამოუკიდებელ მხატვრულ ფენომენზე.

2018 წელს პოლონეთში დასტამბული ეს სქელტანიანი კატალოგი, რომელიც ას გამოცემას მიმოიხილავს, ვიზუალური არქეოლოგიის უნიკალური ნიმუშია, ქართული ავანგარდის ეპოქის ხელახლა აღმოჩენის მცდელობა.

წიგნი გვიყვება არა მარტო იმდროინდელ თბილისზე, საქართველოზე, როგორც რეალურ კულტურულ გზაჯვარედინზე, არამედ როგორც ვიზუალური ენის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრზეც.

ავტორმა არა მხოლოდ წინა საუკუნის 20-30-იანი წლების ქართული გამოცემები შეისწავლა, არამედ დაურთო ანოტაცია, კომენტარი, ბიოგრაფია, ბიბლიოგრაფია და რაც მთავარია – ამ წიგნების ყდების, ფურცლების ფოტოები და ასლები მოიპოვა.

პაველ ჩეპიჟოვის დაახლოებით სამასგვერდიანი უნიკალური წიგნი – კოლექცია იმის მტკიცებულებაა, რომ წიგნები ზოგჯერ საკუთარ ეპოქაზე უფრო მეტს ყვებიან, ვიდრე ისტორიის სახელმძღვანელოები. ყდები, შრიფტები, ფურცლის განლაგება და გრაფიკული გადაწყვეტები იმ დროის ესთეტიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ძვრებს ინახავს და მკითხველს, დამფასებელს ელოდება.

პაველ ჩეპიჟოვი მისი წიგნით “ქართული წიგნის ახალი დიზაინი, 1920-30 წწ.” – ნიუ იორკის ანტიკვარული წიგნების საერთაშორისო ბაზრობაზე.

ჩეპიჟოვის გამოცემა ერთგვარი ვიზუალური არქივია — დაკარგული ეპოქის რეკონსტრუქცია, სადაც ყოველი ყდა, სათაური თუ ილუსტრაცია იმდროინდელი საქართველოს კულტურულ პორტრეტს ქმნის.

მაშინდელი წიგნის დიზაინი ევროპული მოდერნიზმისა და ადგილობრივი კულტურული ტრადიციის შეხვედრის ადგილი იყო. ეს არ იყო მიბაძვა, არამედ ახალი ვიზუალური ენის შექმნის მცდელობა. წიგნის ყდა ხშირად შინაარსს წინ უსწრებდა და მკითხველს ვიზუალურად ეუბნებოდა იმას, რასაც სიტყვა ჯერ კიდევ ვერ ამბობდა.

„ქართული წიგნის ახალი დიზაინი, 1920-30 წწ.“ არის ფოტო და ტექსტი არა მხოლოდ დიზაინზე, არამედ მეხსიერებაზე, იმ შემოქმედებით ენერგიაზე, რომელმაც ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფურცელი დაწერა. გარდა ამისა, ავტორი ცდილობს თითოეული გამოცემის უკან მდგომი ადამიანების იდენტიფიცირებას — ბიოგრაფიული მონაცემების აღდგენას და შესაძლებლობის ფარგლებში მათი ნამუშევრების აღწერასა და დოკუმენტირებას.

წიგნი იწყება შემდგენელის, პაველ ჩეპიჟოვის რუსულ-ინგლისურენოვანი შესავლით – „41 გრადუსით მარცხნივ“ და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, ქეთევან კინწურაშვილის ქართულ – ინგლისურენოვანი წერილით – „წიგნები ძველი ქალაქიდან”.

ორივე ავტორი მიმოიხილავს იმ პოლიტიკურ და კულტურულ კონტექსტს, რომელმაც შვა და აცოცხლა 1920-1930-იანი წლების საქართველოში მხატვრული გაერთიანებები, კაფეები, შემოქმედებითი მუხტი და რომელიც მოდერნიზმის დასავლურ სტანდარტს არაფრით ჩამოუვარდებოდა. ქართველი ხელოვნებათმცოდნე დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ “წიგნები, რომელზეც ვისაუბრებთ, გამოცემულია ტფილისში და არა თბილისში, რადგან ასეთი იყო ამ ქალაქის დასახელება 1936 წლამდე”.

პაველ ჩეპიჟოვი წერს, რომ „ეს წიგნი არის ადრეული საბჭოთა პერიოდის საქართველოს წიგნის ავანგარდის წარდგენის მცდელობა. ამ პერიოდის პრეისტორია ცნობილია. 1918-1921 წლებში ტიფლისი კულტურულ ოაზისად გადაიქცა. რუსეთში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა და არაა გასაკვირი, რომ დამოუკიდებელმა მენშევიკურმა საქართველომ პოეტები და მხატვრები მიიზიდა. ამგვარად რუსული ავანგარდის წარმომადგენლები ტიფლისში უდვრტვინველ “გადასახლებაში” აღმოჩდნენ….

როცა ჩვენ წიგნების კოლექციის შედგენა დავიწყეთ, აღმოვაჩინეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ 1918-1921 წლები ყოველმხრივაა შესწავლილი, 20-30-იანი წლების წიგნის კვლევები, ფაქტობრივად, არ არსებობს.

ამავე დროს ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ქართულ ადრეულსაბჭოური წიგნის დიზაინზე, როგორც დამოუკიდებელ ფენომენზე, მიუხედავად იმისა, რომ თავად ამ „ახალი დიზაინის” შემქმნელები მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე მასზე არაფერს ამბობდნენ.

თავის 1946 წელს გამოცემულ წიგნში – “ქართული გრაფიკა”, ბენო გორდეზიანი არ ახსენებს ქართულ ავანგარდს. ეს კიდევ უფრო გასაკვირია, რადგანაც იგი თავად იყო 1920 – იანი წლების შემოქმედებითი პროცესების ერთ-ერთი ძირითადი მონაწილე და H₂SO₄-ის შემქმნელი.

ქეთევან კინწურაშვილი წინასიტყვაობაში აღნიშნავს, რომ 1920–30-იანი წლების ქართული წიგნის დიზაინის გაგება შეუძლებელია იმდროინდელი პოლიტიკური და კულტურული გარემოს გარეშე. 1920-იანი წლების დასაწყისში საქართველო უკვე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო, თუმცა კულტურულ სფეროში ჯერ კიდევ არსებობდა შედარებითი თავისუფლება. სწორედ ამ პერიოდში ავანგარდული ხელოვნება, ექსპერიმენტული ტიპოგრაფია, ახალი შრიფტები და რადიკალური ვიზუალური ფორმები სახელმწიფოსთვისაც მისაღები იყო, რადგან ისინი „ახალი სოციალისტური საზოგადოების“ მშენებლობის იდეას ეხმიანებოდა, ამიტომ ქართველ მხატვრებს საშუალება მიეცათ ევროპული ფუტურიზმის, კონსტრუქტივიზმისა და სხვა მოდერნისტული მიმდინარეობების გავლენით ახალი ვიზუალური ენა შეექმნათ.

„1924 წლის იანვარში ლენინი გარდაიცვალა. იმავე წლის მაისში კი, ქართული ფუტურისტული გაერთიანების, H₂SO₄ -ის ერთადერთი ნომერი გამოვიდა. რა უნდა იყოს საერთო წითელი რევოლუციის ბელადის სიკვდილსა და ავანგარდული ჟურნალის გამოცემას შორის? მაგრამ მათ შორის კავშირი ნამდვილად არის.

ვიზუალურად H₂SO₄ ქართული ავანგარდისტული გრაფიკული დიზაინის მნიშვნელოვანი პროდუქტია. ამ გაერთიანების დასახელება გამოხატავს მისი წევრების მისწრაფებას განახლებისკენ, სიახლისკენ. ახალგაზრდა პოეტები და მხატვრები ისწრაფოდნენ გზიდან ჩამოეშორებინათ, გოგირდმჟავას მსგავსად გაენადგურებინათ ყველაფერი, რაც ლიტერატურაში წარსულის საკუთრება იყო და მათ წარმავალად მიაჩნდათ. თუმცა მეორე მხრივ, ეს დასახელება ეხმიანება ტფილისის სახელს, რომელიც, თავის მხრივ, ქალაქში გოგირდის თბილი წყლების არსებობას უკავშირდება. შეიძლება ვიფიქროთ, რომ გასული საუკუნის დასაწყისისას ქართულ პოეზიაში ფრინველის სიმბოლიკის “სიმძლავრე” (საკმარისია გავიხსენოთ პაოლო იაშვილის ლექსი “ფარშავანგები ქალაქში” ან ილია ზდანევიჩის ორი ლექსი სახელწოდებით “ფარშავანგი”) იმ ლეგენდით არის განპირობებული, რომლის მიხედვითაც ხოხობი და შევარდენი ცხელ წყალში ჩაცვივდნენ და დაიხოცნენ.

აქვე გაგვახსენდება, რომ ერთ-ერთ ტფილისურ არტისტულ კაფეს “ფარშავანგის კუდი” ეწოდებოდა და მას პოეტმა სერგეი გოროდეცკიმ ლექსიც კი მიუძღვნა. კირილე ზდანევიჩმა ფარშავანგის ფერწერული გამოსახულება შექმნა, ხოლო გაერთიანება H₂SO₄-ის პირველი მანიფესტის (1922 წ.) დასახელებაში მითოლოგიური ფრინველი – განადგურებისა და აღორძინების სიმბოლო – ფენიქსი ფიგურირებს”…

„პარადოქსია ის, რომ რევოლუციური პათოსის მქონე ეს გამოცემები ხშირ შემთხვევაში, მათი ფუტურისტულ-დადაისტური ჟღერადობის გამო, სოციალისტურ რეალიზმზე სტალინურ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებდნენ და დარჩნენ საბჭოთა კავშირის ცხოვრების იმ მოკლე პერიოდის ამსახველ არტეფაქტებად, რომლებიც წითელმა რევოლუციამ მოიტანა და რევოლუციამვე აღკვეთა.

მეორე პარადოქსი ისაა, რომ წიგნებს, რომლებზეც ვსაუბრობთ, უმეტესად დაეძებენ არა მათი შინაარსის გამო, არა წასაკითხად, არამედ სწორედ მათი ფორმალისტური – არა, ფორმალისტური! – იერსახის, გაფორმებისა და უპირატესად, გარეკანის გამო. ფორმატი, შრიფტი, კონსტრუქცია, ილუსტრაცია, გრაფიკული ჩანართი, ფაქტურა – ყოველივე ეს ქართული ავანგარდული გამოცემების მიმართ სხვადასხვა ქვეყნის კოლექციონერთა ინტერესს იწვევს,” – წერს ქეთევან კინწურაშვილი.

***

* კატალოგის პირველი წიგნი გახლავთ დავით კაკაბაძის (1889-1952) “კონსტრუქტივისტულ სურათზე“. ესაა კაკაბაძის მიერ 1921 წელს პარიზში ფრანგულ ენაზე გამოცემული ერთადერთი გამოცემა. ტექსტში ავტორი ერთმანეთს უპირისპირებს ხელოვნების რეპრეზენტაციის კლასიკურ და რომანტიკულ მეთოდებს, უპირატესობას კი კლასიკურ მოდელს ანიჭებს, რადგან სწორედ მასში ხედავს თანამედროვე ხელოვნების წინაშე მდგომი პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობას.

* 1922 წელს თბილისში დასტამბული „საქართველო – ფენიქსი” არა მხოლოდ ფუტურისტული მანიფესტია, არამედ ქართული ავანგარდის ერთ-ერთი პროგრამული ტექსტიცაა. მასში საქართველო წარმოდგენილია როგორც ფენიქსი — ქვეყანა, რომელიც ისტორიული კატასტროფებისა და კულტურული კრიზისის შემდეგ ახალი ენერგიით უნდა აღდგეს. ტექსტი უარყოფს წარსულის მიბაძვას და ხელოვნების განახლების აუცილებლობას ითხოვს. რუსი და იტალიელი ფუტურისტებისგან შთაგონებული ეს დოკუმენტი ხელმოწერილია ცნობილი ქართველი ფუტურისტების: აკაკი ბელიაშვილის, დავით გაჩეჩილაძის, ბესარიონ ჟღენტის, სიმონ ჩიქოვანის, გრიგოლ ორაგველიძის, პავლე ნოზაძის, ნიკოლოზ თავდგირიძის, ალექსანდრე გაბესკირიასი და მზია ერისთავის მიერ.

* თბილისში 1924 წელს დასტამბული ბროშურა “ H₂SO₄. ნიკო ფიროსმანი” იწყება ცნობილი ქართველი პრიმიტივისტი მხატვრის ნიკო ფიროსმანის (1868 -1918) რეპროდუქციით. აქაა ბენო გორდეზიანის (1894 -1975), ირაკლი გამრეკელისა (1894 -1943) და კირილ ზდანევიჩის (1892-1969) ნამუშევრები.

* ჟურნალი “პროლეტარული მწერლობა” იყო “ქართველი პროლეტარი მწერლების ასოციაციის” ლიტერატურული გამოცემა, რომელიც 1927-დან 1932 წლამდე გამოდიოდა, სადაც იბეჭდებოდნენ ფილიპე მახარაძე, კარლო კალაძე, კონსტანტინე ლორთქიფანიძე, სანდრო ეული და სხვები. ეს გამოცემა ფაქტობრივად, ლიტერატურაში სოციალისტური რეალიზმის წინამორბედი მოვლენა იყო.

* ჟურნალის – “მემარცხენეობა” (1928), ყდის დიზაინერი ირაკლი გამრეკელი იყო. ეს გახლდათ “ხელოვნების მემარცხენე ფრონტის” – საბჭოთა საქართველოს მწერლების, ფოტოგრაფების, დიზაინერებისა და კრიტიკოსების გაერთიანების ჟურნალი. მისი მიზანი იყო „ნამდვილი მემარცხენე ხელოვნების დაარსება, ცენტრისტულ არტთან მებრძოლი, პრინციპული ქართველი ხელოვანების გაერთიანება”. ეს ჟურნალი ავანგარდისტი მხატვრების პლატფორმა გახლდათ. აქ იკრიბებოდნენ ყოფილი ფუტურისტები და  H₂SO₄-ის დამფუძნებლები – სიმონ ჩიქოვანი, ირაკლი გამრეკელი, დემნა შენგელაია, ნიკოლოზ ჩაჩავა, ნიკოლოზ შენგელაია და სხვები.

* ლეო ესაკიას (1899-1969) “მემარცხენეობის” მემარცხენეობა” არის “მემარცხენეობის” ვრცელი კრიტიკული მიმოხილვის ერთადერთი ჟურნალი. ლეო ესაკია გახლდათ კონსტრუქტივიზმის ცნობილი დამცველი და გამრეკელისა და ჩიქოვანის კრიტიკოსი. მთლიანობაში, ეს ნაშრომი შეიძლება მივიჩნიოთ მემარცხენე მხატვრებს შორის წარმოქმნილი საინტერესო დაპირისპირების მნიშვნელოვან მაგალითად.

* „დავით კაკაბაძის სურათების გამოფენა”, პარიზი, 1920-27. ეს არის დავით კაკაბაძის მიერ მოწყობილი გამოფენის კატალოგი, რომელიც 1928 წლის მაისში „ორიენტ“ სასტუმროში (რუსთაველის გამზირი, თბილისი) მისი პარიზიდან დაბრუნების შემდეგ გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ გამოფენამ კრიტიკა დაიმსახურა “უცნაური” კუბებისა და ჭიქების წარმოდგენის გამო, იგი მხატვრის კარიერაში გარდამტეხი მოვლენა აღმოჩნდა.

* სანდრო ეულმა (სანდრო ქურიძის ფსევდონიმი. 1870-1960) საკუთარი ლექსების კრებული “რევოლუციის საყვირი” (1921) მისი ციხიდან გათავისუფლებიდან ერთი წლის შემდეგ გამოსცა. საბჭოთა რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მხარდამჭერი რევოლუციურ საქმიანობას თხუთმეტი წლის ასაკში, სკოლაში სწავლის დროს შეუდგა. ეული ორჯერ დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს: პირველად აზერბაიჯანში 1916 წელს, ხოლო შემდეგ — 1920 წელს საქართველოში, მიზეზი – “უკანონო საქმიანობა”. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამ კი ეული პროფესიული კარიერის შემდეგ ეტაპზე გადაიყვანა. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ახალგაზრდა რევოლუციონერმა 1921 წელს დააარსა “საქართველოს პროლეტარ მწერალთა ქართული ასოციაცია” და მალევე მისი ერთ-ერთი იდეოლოგიური ლიდერი გახდა.

* “გრდემლი: ორკვირეული სურათებიანი ჟურნალი”(1923), რომელსაც საქართველოს კომუნისტური პარტია და საქართველოს სავაჭრო პროფკავშირის საბჭო უშვებდა. იმ წელს გამოცემის მხოლოდ შვიდი ნომერი გამოვიდა და დაიხურა. ეს იყო ხელოვნების მარჯვენა და მარცხენა ფრთების შეხვედრის ადგილი. მისი რედაქტორი გახლდათ მწერალი პავლე საყვარელიძე (1882-1937), პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი, მენშევიკი. აქ წარმოდგენილნი იყვნენ ისეთი საბჭოთა ავტორები, როგორებიცაა, ალიო მაშაშვილი, პეტრე სამსონიძე, იონა ვაკელი, შალვა კარმელი, ნოე ზომლეთელი, სიმონ ჩიქოვანი. ამ ჟურნალში ასევე იბეჭდებოდა ემილ ვარჰარნის, ანრი ბარბიუსის, ჰაინრიხ ჰაენეს, ადა ნეგრისა და სხვათა მოთხრობებისა და პოემების თარგმანები. ჟურნალის მეექვსე და მეშვიდე ნომრების ყდები ირაკლი გამრეკელისა და კირილ ზდანევიჩის გაფორმებით გამოიცა და რაც ასევე მნიშვნელოვანი იყო – ჟურნალების რამდენიმე ნომერში კარიკატურული ნაშრომებიც გაჩნდა.

* 1924 წელს გამოვიდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელოვნებო ჟურნალი „ხელოვნების დროშა” (რედაქტორი სანდრო ეული), რომელიც წარმოადგენდა საქართველოს მხატვრული პროფკავშირის ორთვიურ პერიოდულ გამოცემას. პირველი ნომრის სარედაქციო სტატიაში აღინიშნა, რომ არ არსებობდა გამოცემა, რომელიც სრულყოფილად გააშუქებდა ხელოვნების ყველა დარგს. ამიტომ რედაქციამ გადაწყვიტა შეევსო ეს ხარვეზი და ყურადღება მიექცია თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის ყველა სფეროსთვის: თეატრი, კინო, ოპერა და ა.შ. ავტორთა შორის იყვნენ ცნობილი ქართველი კრიტიკოსები, მწერლები, პუბლიცისტები, მსახიობები, კომპოზიტორები და საზოგადო მოღვაწეები, მათ შორის: ივანე გომართელი, ტიციან ტაბიძე, რაჟდენ კალაძე, სერგო ამაღლობელი, აკაკი ვასაძე, შალვა რადიანი და დიმიტრი არაყიშვილი. მეშვიდე ნომრის შემდეგ ჟურნალის სახელწოდება შეიცვალა და მას „ხელოვნება” დაერქვა. აქ განთავსდა ეგნატე ნინოშვილის, ვანო სარაჯიშვილის, ვალერი ბრიუსოვის, ანატოლი ლუნაჩარსკის, იოსებ გედევანიშვილის ფოტოები და პორტრეტები. ირაკლი გამრეკელმა გრიგოლ რობაქიძისა და ტიციან ტაბიძის პორტრეტები დახატა, ვლადიმირ ლებედევმა – კოტე მარჯანიშვილის; ერთ-ერთ ნომერში კი ირაკლი თოიძის “რევოლუციაც” იყო.

* ლექსების კრებულის – „გუშინ და ხვალ” (1928) ავტორი გახლდათ ქართველი მოდერნისტი მწერალი, ლიტერატურული წრის – “სომნამბულისტების” დამაარსებელი ვანლერ დაისელი (ივანე ბაბუაძის ფსევდონიმი. (1901–1937).

ჯგუფის (1925) მანიფესტში ნათქვამი იყო: „თანამედროვე პოეზიას ჩვენ მოვიაზრებთ, როგორც ქაოსს, რომელიც მოწესრიგებას საჭიროებს და ყოველგვარი მოძველებული ნარჩენებისგან გათავისუფლებას”.

“სომნამბულისტების” წევრები იყვნენ: ვლადიმერ გველესიანი, კლემენტი თევზაძე, გაიოზ იმედაშვილი, შალვა კუჭავა და სხვები. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი საკუთარ აპოლიტიკურობას ხაზს უსვამდა, “სომნამბულისტები” ღრმად იყვნენ შეშფოთებულნი 1924 წლის აჯანყების დამარცხებითა და ბოლშევიკური მმართველობით.

მოდერნისტული ლიტერატურული წრის დაარსებიდან მალევე, 1925 წლის ივნისში, მენშევიკური პარტიის ყოფილი წევრი ვანლერ დაისელი ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის, არალეგალურ მენშევიკურ ორგანიზაციასთან კავშირის გამო დააპატიმრეს. მწერალმა შემდგომი ცხოვრების დიდი ნაწილი ან ციხეში, ან გადასახლებაში გაატარა. 1931 წელს, ხელახლა პატიმრობაში ყოფნისას, დაისელმა მთავრობას შეწყალების თხოვნით მიმართა: „ხუთწლიანი გეგმის ტრიუმფმა შეარყია ჩემი ყოფილი სოციალ-დემოკრატიული რწმენა… გამოვხატავ სურვილს, რომ საბჭოთა პროგრესის აქტიური მონაწილე გავხდე”. 1937 წელს მწერალმა თავი მოიკლა.

* გრიგოლ რობაქიძის “ბაქო და ჰაიასტანი. შთაბეჭდილებანი” (1930) ავტორის ერთადერთი სამოგზაურო თხზულებაა, რომელიც 1920-იანების ბოლოს აზერბაიჯანსა და სომხეთში მოგზაურობის შედეგად დაიწერა. ეს წიგნი, სავარაუდოდ, ემიგრაციაში, გერმანიაში წასვლამდე დასტამბული მისი ბოლოს წიგნია. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციისგან გაქცევის მცდელობისას რობაქიძემ თავშესაფარი თავდაპირველად ბაქოში ჰპოვა, მაგრამ იქ ქუნთრუშის ეპიდემია მძვინვარებდა, რომელმაც მისი ქალიშვილი ალკა შეიწირა.

* რაჟდენ გვეტაძე (1897–1952) რომანის, „ჭიაკოკონას” (1932) ავტორი ქართული სიმბოლიზმის ერთ-ერთი წამყვანი წარმომადგენელი იყო, რომელიც ცხრამეტი წლის ასაკში „ცისფერყანწელების” ჯგუფს შეუერთდა. მისი ადრეული პოეზია ნიჰილიზმითა და ხანდახან სიკვდილის შეფარული მოწოდებით გამოირჩეოდა. გვეტაძის ლიტერატურული კარიერის მეორე პერიოდი საბჭოთა ხელისუფლების დამყარებას დაემთხვა, როცა მწერალმა თავისი შემოქმედებიდან სიმბოლისტური ნიშნები გააქრო და სოციალისტური რეალიზმის მოთხოვნებს დაემორჩილა. მისი, როგორც პროზაიკოსის დებიუტი შედარებით გვიან მოხდა. 1930 წელს გვეტაძის პირველი რომანი „თეო” გამოქვეყნდა, იმავე წელს კი „მნათობში” – „ჭიაკოკონა”. ავტორი ასევე ცნობილი იყო როგორც მთარგმნელი და რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში დადგმული სპექტაკლების რეცენზენტი.

* ბარონ ბიბინეიშვილის (1880-1937) წიგნი „ფოლადის სამეული: სტალინი — ენუქიძე — კეცხოველი” 1929 წელს სტალინის თანხმობით გამოქვეყნდა. ეს წიგნი გვიამბობს ძველი ბოლშევიკების — სტალინის (1878-1953), აველ ენუქიძისა (1877–1937) და ლადო კეცხოველის (1876–1903) შესახებ.

1937 წლიდან 1953 წლამდე თითქმის არცერთი წიგნი არ გამოქვეყნებულა, რომელიც აველ ენუქიძეს დადებითად წარმოაჩენდა. წიგნის „ფოლადის სამეული: სტალინი, ენუქიძე, კეცხოველი” ავტორი სამივეს პირადად იცნობდა, ხოლო პუბლიკაცია მანამ გამოიცა, სანამ ახლო მეგობრებს, სტალინსა და ენუქიძეს შორის ურთიერთდაპირისპირება 1937 წელს ენუქიძის დახვრეტით დასრულდებოდა. ამის შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით დაიწყო ენუქიძის გაშავების კამპანია და იგი სახელმწიფოს მტრად ოფიციალურად გამოცხადდა. ბიბინეიშვილი გამომცემლობა „სახელგამისა” და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი იყო. იგი თავის ნაშრომებში საბჭოთა სახელმწიფოსა და ბოლშევიკების ხელისუფლებას აქებდა-ადიდებდა… მაგრამ ამის მიუხედავად იგი 1937-ში, საბჭოთა ტერორის დაწყებისთანავე დახვრიტეს.

* ფრანგი რომანისტის ანრი ბარბიუსის (1873-1935) „აი, რა უყვეს საქართველოს” (საფრანგეთი. 1929) ქართველი მწერლის, არისტო ჭუმბაძის (1880–1971) მიერ ნათარგმნი პირველი და ერთადერთი ტექსტია, რომელიც ორიგინალის დასტამბვიდან ერთ წელიწადში საქართველოში გამოიცა. წიგნი ქართულ და სამხრეთკავკასიურ პოლიტიკურ და სოციალურ ვითარებას ფრანგი კომუნისტის პერსპექტივიდან განიხილავს.

ბარბიუსი იყო ერთადერთი ევროპელი ინტელექტუალი, რომელიც სტალინს ოთხჯერ შეხვდა. სწორედ ეს წიგნი გახდა ბარბიუსისა და სტალინის პირველი შეხვედრის მიზეზი.

1920-იანი წლების შუა პერიოდში დასავლეთ ევროპა საქართველოს სტალინის რეპრესიული პოლიტიკის მსხვერპლად აღიქვამდა. ეს გავრცელებული შეხედულება უბიძგებდა ბარბიუსს, რომელმაც მთელი კარიერა ანტისაბჭოთა იდეოლოგიის წინააღმდეგ ბრძოლას მოახმარა, დაეწყო ახალი პროექტი საქართველოსთან დაკავშირებით… ამავე დროს სომხეთსა და აზერბაიჯანზე ფოკუსირებით, თუმცა საბოლოოდ წამყვანი თემა მაინც საქართველო იყო. საინტერესოა, რომ დოკუმენტაცია ამ წიგნისთვის ბარბიუსს სწორედ სტალინმა მიაწოდა.

1927 წელს, რუსეთში პირველი ვიზიტისას ფრანგი მწერალი სტალინს შეხვდა და კითხვაც დაუსვა: როგორ გაამართლებს იგი საბჭოთა კავშირის პოლიტიკას საქართველოს მიმართ?

სტალინმა უპასუხა: „დასავლეთში ბურჟუაზიული გამოცემები, განსაკუთრებით სოციალ-დემოკრატები, ჩვენს ქმედებებს საქართველოში ჩაგვრად განმარტავენ. ეს არ არის სიმართლე. რასაკვირველია, უკმაყოფილო ჯგუფები კვლავ არსებობენ, მაგრამ ეს იმიტომ ხდება, რომ კომუნიზმი სახალხო ძალაუფლებას მხოლოდ მშრომელ კლასს სთავაზობს”. სტალინთან საუბარი ამ წიგნის ძირითად მტკიცებულებად გადაიქცა.

იმავე წელს ბარბიუსმა სამხრეთ კავკასიაში იმოგზაურა და ერთი წლის შემდეგ გამოსცა წიგნი „აი, რა უყვეს საქართველოს”. ნაშრომი ცდილობდა კომუნისტური პარტიის უზენაესობის ხაზგასმას იმ მოვლენების განხილვით, რომელიც მენშევიკების მთავრობის დამხობას მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ბარბიუსის ნაშრომი შეიძლება განვიხილოთ როგორც სოციალისტური რეალიზმის ცხადი მაგალითი, წიგნის ყდა სხვა ისტორიას გვიყვება. გრაფიკოსი ო. ბურის მიერ შესრულებული ყდის კონსტრუქტივისტული სტილი ცხადყოფს, რომ იმ პერიოდში ხელოვნება გარდამავალ პერიოდში იმყოფებოდა – დასუსტებულ კონსტრუქტივიზმსა და აღმავალ სოცრეალიზმს შორის და ამიტომ ორივეს ელემენტებს აერთიანებს.

* არკადი ხუნდაძის (1897–1969) წიგნი “რექტორ ჩუდეცკის მკვლელი იოსებ ლაღიაშვილი” (1932) ეხება ქართულ ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საკამათო და საფუძვლიანად შესწავლილ მოვლენას – სტუდენტ იოსებ ლაღიაშვილის (1866–1913) მიერ თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორის მკვლელობას. მკვლელის პორტრეტი წიგნის ყდაზეა გამოსახული. ლაღიაშვილი სახალინზე მძიმე შრომა-გასწორებით სამუშაოებზე ოცი წლით გადაასახლეს, მისი გამოსახულება კი საბჭოთა ხელისუფლებამ ცარიზმის მიმართ ხალხის ბრაზის განსასახიერებლად გამოიყენა.

ქართული ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა – თბილისის სასულიერო სემინარია სულ უფრო მეტ ზეწოლას განიცდიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა, 1870-იან წლებში, სასწავლებლის რუსულენოვან, რუსეთის იმპერიისადმი ერთგული სამღვდელოების მოსამზადებელ დაწესებულებად გადაქცევა გადაწყვიტა. მკაცრი სასჯელებისა და ქართული ენის აკრძალვის შემდეგ, სასულიერო სასწავლებელი სულ უფრო მეტად რუსული ბატონობის საწინააღმდეგო ეროვნული პროტესტის ცენტრად იქცა.

1886 წელს სემინარიაში მომხდარი მკვლელობა დედაქალაქის ყურადღების ცენტრში მოექცა. ლაღიაშვილი სემინარიიდან ეროვნული განწყობების გამო გაირიცხა. რექტორი ჩუდეცკი (1844–1886) კი იყო ფანატიკოსი რუსი, რომელმაც ქართულ ენას „ძაღლების ენა” უწოდა. ხელისუფლებაში დიდი აღშფოთების გამომწვევ ამ ინციდენტს საქართველოს რუსი ეგზარქოსის, პავლეს მიერ ქართველი ერის ანათემას გადაცემა მოჰყვა. იოსებ ლაღიაშვილი მწერლის კარიერაზე ოცნებობდა, თუმცა, ფაქტობრივად, ამის ნაცვლად მკვლელის სახელი სამუდამოდ დაიმკვიდრა.

ჩუდეცკის მკვლელობის საქმე იდეალურად ერგებოდა საბჭოთა ინტერესებს, რადგან ის ამცირებდა მეფის რეჟიმისა და მისი მოხელეების, მათ შორის, რელიგიური ხელისუფლების, ავტორიტეტს. 1933 წელს გამოცემული ეს წიგნი, სავარაუდოდ, პირველი ბეჭდური პუბლიკაცია იყო, რომელიც მკვლელს დადებითი კუთხით წარმოაჩენდა და დამნაშავის ნაცვლად მსხვერპლის პოზიციაში აყენებდა. ავტორმა დეტალური და აქამდე უცნობი ინფორმაციის მოწოდებით, თქვა: „რექტორი მოკლა უიღბლო, მაგრამ თავდადებულმა გმირმა, იოსებ ლაღიაშვილმა”.

* „წითელი სხივი” იყო ყოველთვიური საბავშვო ჟურნალი, რომელსაც განათლების სახალხო კომისარიატი 1924 წლიდან უშვებდა. დროთა განმავლობაში პერიოდიკის სახელწოდება რამდენჯერმე შეიცვალა: 1924–1926 წლებში მას „წითელი სხივი” ეწოდებოდა, 1926-დან – 1990 წლამდე — „პიონერი”, ხოლო 1990-დან 2007 წლამდე გამოდიოდა სახელწოდებით „ნაკადული”. ჟურნალი მხოლოდ 1941-1945 წლებში არ იბეჭდებოდა.

“წითელი სხივი” შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საბავშვო პერიოდულ გამოცემად საქართველოში — 83-წლიანი ისტორით იგი ქართული ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივად მოქმედი გამოცემაა. ამ ჟურნალთან თანამშრომლობა ბევრმა გამოჩენილმა ქართველმა მწერალმა დაიწყო: 1920-იან წლებში მათ შორის იყვნენ: კარლო კალაძე, კონსტანტინე ლორთქიფანიძე, სანდრო ეული, ალიო მაშაშვილი და გრიგოლ აბაშიძე. ჟურნალის დიზაინი იმ დროისთვის საკმაოდ “მოდერნისტული” იყო. ფოტომონტაჟი გარკვეული პერიოდულობით გამოიყენებოდა. 1926 წელს ირაკლი გამრეკელმა ჟურნალის ოთხი ყდა შექმნა. 1924–25 წლებში მას ჰქონდა იდენტური კონსტრუქტივისტული ყდები, რომელთა ავტორიც უცნობი მხატვარი იყო, ინიციალებით „ს.ბ.” (უცნობი).

* * “ჩვენი გზა” (1923-1926) ყოველთვიური პერიოდული გამოცემა იყო, რომელსაც 1923 წლიდან 1926 წლამდე კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი ბეჭდავდა და საქართველოში ქალთა პირველ ჟურნალს წარმოადგენდა. იგი პროლეტარი ქალებისათვის საინტერესო თემებს აშუქებდა: სამუშაოდან და პოლიტიკიდან დაწყებული, ეკონომიკაში მათი როლითა და გავლენით დამთავრებული.

მოგვიანებით მას „მშრომელი ქალი” (1926-1939) დაერქვა. პირველი ორი წლის განმავლობაში ყდებს ან კირილ ზდანევიჩი ან დავით ქუთათელაძე ქმნიდა. ჟურნალის სახელწოდების შეცვლასთან ერთად მისი კონცეფციაც შეიცვალა. 1926–27 წლებში ყდებს რევაზ მირზაშვილი (1901–1988), ს. სოგომონიანი და ა. სუჩიანი ხატავდნენ. პირველი აგიტპროპ-კონსტრუქტივიზმისკენ იხრებოდა, ბოლო ორი კი ფოტოგრაფიასა და ფოტომონტაჟს იყენებდა. სტილების ამ შეხამებამ მხატვრულადაც გაამართლა და მიღწეული შედეგი 1925–26 წლების „ჩვენი გზის“ წარმატებას შეიძლება შევადაროთ.

1931 წელს ვასილი კროტკოვმა სულ მცირე ერთი ყდა შექმნა. 1930-იანი წლებიდან ყდების უმეტესობა ხელმოუწერელია, ამავე დროს რედაქციამ ფოტოპროპაგანდის გამოყენების ტრადიცია გააგრძელა. ჟურნალისთვის ილუსტრაციების შექმნაში ქალი მხატვრებიც მონაწილეობდნენ, მათ შორის: თამარ აბაკელია, ელენე ახვლედიანი, ირინა შტენბერგი და სხვა.

* “ხანუმა. ქეთო და კოტე” (1926) არის ლიბრეტოს პატარა ბროშურა თანდართული ტექსტით, რომელიც ქართულ მუნჯ ფილმს „ხანუმას“ აღწერს. ფილმი ავქსენტი ცაგარელის (1857–1902) კომედიის, „ხანუმას“ (1882) საფუძველზე რეჟისორმა ალექსანდრე წუწუნავამ გადაიღო. პრემიერა 1926 წელს შედგა, ბროშურა კი, რომლის ყდაზე წუწუნავას ფოტოპორტრეტია, ქართულ და რუსულ ენებზეა და ფილმიდან რამდენიმე კადრს შეიცავს. იგი მუნჯი კინოს სტილს ირეკლავს, რომელშიც მრავალი ტექსტური კადრი გამოიყენებოდა.

* „საბჭოთა საქართველოს მშენებლობათა ალბომის” (1929) წინასიტყვაობა და წარწერები ქართულ და რუსულ ენებზეა. ალბომში ასზე მეტი გამოსახულებაა: ქართული ქალაქისა და სოფლის შენობები, ქარხნები, ბაზრები, ელექტრო და ჰიდროსადგურები, საბურღი კოშკები, არხები, ასევე სამი ფოტო თეატრალური დადგმებიდან და ორი ფოტო – ზოოპარკიდან.

ალბომი 1920-იან წლებში საბჭოთა საქართველოში მზარდ სამშენებლო ინდუსტრიას ასახავს და ფოტოგრაფიულად იმდროინდელი შენობების მოცულობასა და არქიტექტურული სტილების მრავალფეროვნებას ადასტურებს. ქალაქის ზოგი შენობა და ქარხანა კლასიკურ კონსტრუქტივისტულ არქიტექტურას წააგავს, ამავე დროს ტრადიციული მოტივები, მაგალითად აღმოსავლური სტილის სარკმლის თაღები, უპირატესია.

* ჰ. ლონგფელოს “ჰაიავათას სიმღერა” (1938) ცნობილი ქართველი მხატვრისა და თეატრის დეკორატორის, ელენე ახვლედიანის (1901–1975) ათამდე შესანიშნავი ილუსტრაციით გამორჩეული ეს წიგნი ქართულ ენაზე პირველი ცალკე გამოცემაა. ლონგფელოს შედევრი ორმა ლიტერატორმა გივი გაჩეჩილაძემ (1914–1974) და მიხეილ პატარიძემ (1895–1959) თარგმნა, რომელიც პირველად 1934 წელს ყოველთვიურ სალიტერატურო-სამეცნიერო ჟურნალ „მნათობში“ გამოქვეყნდა. იმავე წელს ცოლისადმი მიწერილ წერილში პატარიძე წყრომით წერდა: „უკვე დიდი ხანია, რაც „ჰაიავათა“ „სახელგამს“ გადავეცი, მაგრამ ფული ჯერ არ მომიღია. ჩვეულებრივ, დაპირებებს იძლევიან. ყველაფერი ძველებურად არის. ძალიან მაწუხებს ეს“.

***

წიგნს “ქართული წიგნის ახალი დიზაინი, 1920-30 წწ.” ცნობილმა ბრიტანელმა ხელოვნებათმცოდნემ და რუსული ავანგარდის ავტორიტეტულმა მცოდნემ ჯონ ელის ბოულტმა „ქართული მოდერნიზმის ენციკლოპედია“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ნაშრომი მნიშვნელოვანი წვლილის შემტანია საერთაშორისო ავანგარდის ისტორიაში; რომ ამ წიგნის ყველაზე დიდი დამსახურება ისაა, რომ იგი ქართული წიგნის დიზაინს ევროპული ავანგარდის ისტორიის ნაწილად აყენებს, ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ „საბჭოთა ქართული წიგნის“ ვიწრო კატეგორიაში მოაქციოს.

ცხადია, ასი წიგნის მიმოხილვა არ ნიშნავს, რომ სათაურის მიუხედავად იგი იმ მშფოთვარე ეპოქის ყველა გამოცემის სრულ კატალოგიზაციის მომცველია. მაგრამ წიგნი ერთგვარი სტიმულია მთელ მსოფლიო საბიბლიოთეკო თუ კერძო კოლექციებში არსებული უნიკალური ქართული გამოცემების მოძიებისთვის – ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ შემდეგენელმა პაველ ჩეპიჟოვმა, ერთი შეხედვით, კოლექციონერული ინტერესები სერიოზულ კულტურულ-ისტორიულ კვლევად გარდაქმნა, გამოცემები ქრონოლოგიურად განალაგა და აჩვენა, რომ 1920-იან წლებში ქართული ავანგარდი ჯერ კიდევ ძალიან ცოცხალი და ექსპერიმენტული იყო, ხოლო 1930-იანებში პოლიტიკური კონტროლის გაძლიერებასთან ერთად ეს მრავალფეროვნება სოციალისტური რეალიზმის ერთიან ჩარჩოში მოექცა.

კატალოგი, ფაქტობრივად, აფიქსირებს არა მხოლოდ ქართველი ხელოვანების ესთეტიკურ ევოლუციას, არამედ მთლიანი თაობის ფიზიკურ განადგურებასაც და აი, ამის მაგალითი:

1921–1924: შედარებითი თავისუფლების ფანჯარა (კაკაბაძე,  H₂SO₄, „საქართველო-ფენიქსი”), როცა რადიკალური ფორმა თავად სახელმწიფოსთვისაც მისაღები იყო, რადგან იგი „ახალი საზოგადოების” პათოსს ეხმიანებოდა;

1924–28: აჯანყების დამარცხების შემდეგი ტრავმა და პირველი პირადი ტრაგედიები (დაისელის დაპატიმრება);

1931: რობაქიძის „ბაქო და ჰაიასტანი. შთაბეჭდილებანი” უკვე ემიგრაციისკენ (თავის გადარჩენა, გაქცევა, ნოსტალგია) მიმავალი გზა.

1929-1932: თვითცენზურის ინსტიტუციონალიზაცია (გვეტაძის „გაწმენდილი” შემოქმედება, ბიბინეიშვილის სუფთა პროპაგანდა, ბარბიუსის ვერსია იმისა, თუ რა დაემართა საქართველოს).

და მოსალოდნელი ფინალი, რომელიც პაველ ჩეპიჟოვის წიგნშივეა ჩადებული, თუმცა პირდაპირ, ალბათ, შეგნებულად არ არის ხაზგასმული: თითქმის ყველა ამ ეპოქის მთავარი მოქმედი პირი -გომართელი, ტაბიძე, ამაღლობელი, დაისელი, ბიბინეიშვილი – 1937-38 წლებში დაიღუპა.

კატალოგი, ფაქტობრივად, ნებსით თუ უნებლიედ აფიქსირებს ერთი თაობის ტრაგედიას, ფიზიკურ და მორალურ განადგურებას, როცა ტექსტიდან ტექსტამდე, ყდიდან ყდამდე თავისუფალი სივრცის რეპრესირების პარალელურად სახეზეა შემოქმედებითი ჟანგბადის, როგორც დღეს იტყოდნენ, „დაქენსელება“.

***

„რამ მიგიყვანათ ქართული წიგნის დიზაინის კვლევამდე?“ – ვკითხე პაველ ჩეპიჟოვს.

პაველ ჩეპიჟოვი ქართული წიგნით “მხიარული მოგზაურები” – ნიუ იორკის ანტიკვარული წიგნების საერთაშორისო ბაზრობაზე – 2026

2010 -იან წლებში თბილისში წიგნის მაღაზია სახელად “ბუკვიცა” (Bookvica) გავხსენით. ვვაჭრობდით თითქმის ყველაფრით, რაც ქართულ წიგნთან იყო დაკავშირებული – ძველი ხელნაწერებით, XIX საუკუნის ლიტერატურული გამოცემებით, ძველი გრამატიკებითა და ლექსიკონებით. მაგრამ ყველაზე მეტად თვითონ ქართული ასოების დამწერლობამ დამაინტერესა. მათი ფორმა იმდენად ვიზუალური იყო, რომ მალე დავიწყე ფიქრი, რომ ქართულ გრაფიკას, როგორც დიზაინის ენას, გაცილებით მეტი შეუძლია, ვიდრე აქამდე გვეგონა.

  • საკვლევად 1920–30-იანი წლები რატომ აირჩიეთ?

წიგნის ბაზრისა და ბიბლიოთეკების კოლექციების თვალიერებისას 1920-იანი წლების გამოცემებმა თანდათან, ასე ვთქვათ, საკუთარი თავი თავად გამოარჩიეს.

ისინი სხვა საბჭოთა ქართულ წიგნებს არ ჰგავდნენ. ქაღალდი იაფი იყო, გამოცემები — მყიფე, ტირაჟები — მცირე. მაგრამ ამ მოკრძალებულ მატერიალურ პირობებს უცნაური შედეგი ჰქონდა: დიზაინერები უფრო თამამები ხდებოდნენ. წიგნებში ჩნდებოდა არაორდინარული ტიპოგრაფია, ფოტოგრაფია, კონსტრუქტივისტული ხელოვნების ელემენტები. ეს იყო პერიოდი, როდესაც წიგნი ჯერ კიდევ შეიძლებოდა ყოფილიყო არა მხოლოდ ტექსტის ჭურჭელი, არამედ ვიზუალური ექსპერიმენტიც.

  • რა იყო ყველაზე მოულოდნელი აღმოჩენა „ქართული წიგნის ახალი დიზაინი, 1920-30 წწ“ -ზე მუშაობის პროცესში?

არ ვიცი ერთი აღმოჩენის გამოყოფა რამდენად შემიძლია. თვითონ ძიების პროცესი იყო მოულოდნელობებით სავსე.

როდესაც ირაკლი გამრეკელის, ბენო გორდეზიანისა და დავით ქუთათელაძის ადრეულ წიგნის დიზაინს გავეცანი, მათი ნამუშევრების დიდი გულშემატკივარი გავხდი. იმ პერიოდის სხვა საბჭოთა გამოცემებთან მუშაობის ფონზე მათი წიგნების აღმოჩენა სუფთა ჰაერის ჩასუნთქვას ჰგავდა. რაღაცას პოულობ, რაც აშკარად მნიშვნელოვანია, მაგრამ ჯერ არავის აქვს სათანადოდ შესწავლილი. ასეთ დროს გიჩნდება განცდა, რომ შემთხვევით რაღაცას კი არ მიაგენი, არამედ თითქოს დროისგან დამალული ოთახის კარი გააღე.

  • როგორ მოაგროვეთ წიგნში წარმოდგენილი მასალა და რამდენად რთული იყო მისი მოძიება?

ამ დროს Bookvica თბილისში ერთ-ერთი იშვიათი, სპეციალიზებული, ანტიკვარული წიგნის მაღაზია იყო, ამიტომ ადგილობრივ კოლექციონერებსა და წიგნით მოვაჭრეებს კარგად ვიცნობდით. კოლექციის პირველი ნაწილი სწორედ მათი მეშვეობით შევიძინეთ. შემდეგ უკვე ვიცოდი, ვინ უნდა მომეძებნა — რომელი მხატვრები, რომელი ავტორები, რომელი გამოცემები. ეს ცოდნა ნიუ იორკსა და მოსკოვში წავიღე და კოლექციის მეორე ნახევარიც იქ შევიძინე.

შერჩევის კრიტერიუმი ძირითადად ვიზუალური იყო. ლიტერატურული მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, საინტერესო იყო, მაგრამ თუ მხატვარი კონსტრუქტივისტულ ან მოდერნისტულ დიზაინთან ექსპერიმენტს ატარებდა, წიგნი უკვე ჩვენთვის საინტერესო ხდებოდა.

  • რა როლი ითამაშეს ძმებმა ზდანევიჩებმა ქართული და ევროპული ავანგარდის დაახლოვებაში?

ილია ზდანევიჩი იყო ის ძალა, რომელიც ჩვენს წიგნში მოხსენიებულ არაერთ მნიშვნელოვან პიროვნებას შთააგონებდა. იმ დროისთვის, როდესაც ახალი დიზაინის წიგნები დაიბეჭდა, ილია უკვე საქართველოდან წასული იყო, თუმცა მისი ძმა კირილი საქართველოში დარჩა და აქტიურად მონაწილეობდა  H₂SO₄-ისა და „მემარცხენეობის“ საქმიანობაში.

როგორც 1910–1920-იანი წლების წიგნის ავანგარდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, კირილი 1920-იანი წლების ქართული წიგნის დიზაინში იდეების ერთგვარი გამტარიც გახდა. იგი მხოლოდ მხატვარი ან მხატვრული ავტორიტეტი არ ყოფილა. კირილი თავადაც მნიშვნელოვანი ფიგურა იყო 1910–20-იანი წლების წიგნის ავანგარდში. ამიტომ ევროპული ავანგარდის იდეები საქართველოში მის გავლითაც აგრძელებდა მოძრაობას — ერთი გარემოდან მეორეში, ერთი თაობიდან მეორეში.

  • ამ ეპოქის შედევრად რომელი წიგნის ყდა ან გამოცემა მიგაჩნიათ?

უდაოდ,  H₂SO₄. ამ ჟურნალის თითქმის ყოველი გვერდი ცალკე აღნიშვნის ღირსია. დიზაინი აქ ტექსტს უბრალოდ არ ემსახურება – ტექსტთან ერთად მოქმედებს. ჩემთვის ეს ქართული წიგნის დიზაინის მწვერვალია.

  • არის თუ არა ისეთი ნამუშევარი, რომელმაც თქვენი წარმოდგენა ქართულ დიზაინზე მთლიანად შეცვალა?

კი. ისევ  H₂SO₄-თან დაკავშირებული ერთი გამოცემაა – 1924 წლის „ნიკო ფიროსმანი“. ჯგუფის თითოეულმა მხატვარმა ამ გამოცემისთვის ერთი საკუთარი ნამუშევარი შექმნა და ისინი ფიროსმანის ნამუშევრების გვერდით განათავსეს. თითქოს ამბობდნენ: ჩვენ აქედან მოვდივართ და აქედან ვაგრძელებთ.

ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ამ გამოცემაზე მანამდე თითქმის ვერაფერი ვიპოვე, რადგან სულ ას ეგზემპლარად დაბეჭდა და თან ძალიან მყიფე ქაღალდზე. სტამბამ “კრასნი ვოინ” („წითელი მეომარი“) რეპროდუქციებისთვის იისფერი გამოიყენა — საკმაოდ მოულოდნელი ფერი იმ პერიოდისთვის. წიგნს ეს ფერი კიდევ უფრო უცნაურ და დასამახსოვრებელ სახეს აძლევდა. თბილისში, ერთ-ერთი ქართული ხელოვანის ოჯახის ბიბლიოთეკაში მის ძებნას დაახლოებით ხუთი საათი მოვანდომე. როდესაც ბოლოს ვიპოვე, ოჯახის წევრებიც ისეთივე გაკვირვებულები იყვნენ, როგორც მე. სწორედ ასეთი აღმოჩენებით დაიბადა “ქართული წიგნის ახალი დიზაინის, 1920-30 წწ.” შექმნის იდეა.

  • როდესაც 1920–30-იანი წლების ქართულ წიგნებს უყურებთ, ხედავთ ევროპული ავანგარდის ქართულ ვერსიას თუ სრულიად უნიკალურ, დამოუკიდებელ კულტურულ მოვლენას?

მე მას უნიკალურ ფენომენად ვუყურებ. საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო მხოლოდ მცირე ხნით იყო, 1910-იანი წლების ბოლოსა და 1920-იანი წლების დასაწყისში, მაგრამ ამ ხანმოკლე დამოუკიდებლობის გამოცდილებამ კულტურულ ცხოვრებაში თავისი კვალი მაინც დატოვა. 1920-იან წლებში საქართველო უკვე საბჭოთა სახელმწიფოს ნაწილია და წიგნის სისტემაც საბჭოთა სისტემის ანარეკლია. თუმცა იმ წლებში ხელოვანებისა და მწერლებისთვის გარკვეული თავისუფლება ჯერ კიდევ არსებობდა — განსაკუთრებით მათთვის, ვინც რევოლუციას ღიად არ უპირისპირდებოდა. ამიტომ ამ წიგნებში საინტერესო წინააღმდეგობა ჩანს: ისინი უკვე საბჭოთა სამყაროშია შექმნილი, მაგრამ ჯერ კიდევ არ ჰგავს იმას, რასაც მოგვიანებით საბჭოთა წიგნად ვიცნობთ.

  • ასი ნიმუშიდან მხოლოდ სამი რომ დაგეტოვებინათ, რომელ წიგნებს აირჩევდით და რატომ?

დავიტოვებდი გრიგოლ რობაქიძის „ლონდას“ (1926). ეს ის წიგნია, რომელმაც თავად კოლექციის შექმნა დამაწყებინა. შემდეგ კარლო კალაძის „ქურდს“ (1927). ირაკლი გამრეკელის ყდა, ჩემი აზრით, ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წიგნის ყდაა. და „პოლიგრაფიას“ (1931).

თუმცა, თუ წესებს დავარღვევ და სამზე მეტის დატოვების უფლებას მივცემ საკუთარ თავს, კონსტანტინე ბორ-რამენსკის მიერ გაფორმებულ „წითელი არმიელის სახელმძღვანელოს“ (1924) ნამდვილად ვერ შეველეოდი. ბორ-რამენსკი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მხატვარია იმ ადამიანებს შორის, რომლებიც 1920-იან წლებში საქართველოში მუშაობდნენ.