ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

ერთი პიესის გზა – ოთარ პერტახიას „ლიფტში“ ნიუ იორკის Off-Broadway-ის სცენაზე

28.07.2026
ერთი პიესის გზა – ოთარ პერტახიას „ლიფტში“ ნიუ იორკის Off-Broadway-ის სცენაზე

ნიუ იორკის Theatre Row-ის სცენაზე, რომელიც 1977 წელს მანჰეტენის 42-ე ქუჩის თეატრალურ სივრცედ ჩამოყალიბდა და კრიზისული უბნიდან ქალაქის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თეატრალურ კერად იქცა, ხშირად იბადება ისტორიები, რომლებიც სცენაზე რამდენიმე წუთში იწყება, მაგრამ ზოგჯერ ადამიანის მთელ ცხოვრებას ცვლის. „ოფ-ბროდვეის“ (Off-Broadway) ამ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან თეატრში ხშირად იდგმება მონოსპექტაკლები, ახალი დრამატურგების ნამუშევრები და ექსპერიმენტული წარმოდგენები — ისეთი ისტორიები, სადაც მთავარი არა დეკორაცია, არამედ ადამიანის განცდა და გამოცდილებაა.

მულტიკულტურული ნიუ იორკის თეატრალური სცენა მხოლოდ წარმოდგენების სივრცე არ არის. ის ქალაქის ერთგვარი სარკეა, სადაც სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის ადამიანები საკუთარ ისტორიებს ჰყვებიან, სხვების გამოცდილებას უსმენენ და ამ დიალოგში საკუთარ თავსაც აღმოაჩენენ.

ნიუ იორკის „ოფ-ბროდვეის“ სცენა უკვე ათწლეულებია გახდა ადგილი, სადაც ერთი ადამიანის ამბავსაც კი შეუძლია მთელი სამყაროსთვის გასაგები და ახლობელი გახდეს. სწორედ ამ თეატრში გაისმა ქართველი დრამატურგის ოთარ პერტახიას ხმა — ავტორის, რომლის მრავალწლიანი შემოქმედებითი გზა თბილისის სცენიდან ნიუ იორკის თეატრამდე მივიდა.

ოთარ პერტახია

2025 წელს ოთარ პერტახიას მონოპიესამ – „ლიფტში” – მსოფლიო თეატრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფორუმზე „გაერთიანებულ სოლო თეატრალურ ფესტივალზე” (United Solo Theatre Festival) „საუკეთესო დრამის” ჯილდო (Best Drama Award) მოიპოვა, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ერთი ადამიანის ისტორიას ენისა და კულტურული საზღვრების გადალახვა შეუძლია.

ამ წარმატებამ ისტორიული მნიშვნელობაც შეიძინა — ოთარ პერტახია გახდა პირველი ქართველი დრამატურგი, რომელმაც თანამედროვე ქართული პიესა ინგლისურ ენაზე ოფ-ბროდვეის პროფესიულ სცენაზე დამოუკიდებლად წარადგინა.

„ცხოვრების თავიდან დაწყების არ მეშინოდა, რადგან ეს გზა ერთხელ უკვე გავიარე“ — ამბობს ოთარ პერტახია, რომლის ბიოგრაფიაც თავად ჰგავს სცენურ ისტორიას. იგი დაიბადა და გაიზარდა სოხუმში. აფხაზეთის ომმა მისი ცხოვრებაც შეცვალა, მაგრამ ვერ წაართვა ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა: შინაგანი ძალა და საკუთარი თავის რწმენა.

სწორედ ამ რწმენით ჩააბარა მან საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოდრამატურგიის სპეციალობაზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. მისი პედაგოგი მწერალი და სცენარისტი ერლომ ახვლედიანი იყო. პარალელურად ფილოლოგიური განათლებაც მიიღო. პროფესიული გზა 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, როცა პოეტმა შოთა იათაშვილმა გაზეთ „ალტერნატივაში” მისი პიესა „სისხლიანი მერი” გამოაქვეყნა, რასაც კრიტიკოსების დადებითი შეფასება მოჰყვა.

ერლომ ახვლედიანი და ოთარ პერტახია. თბილისი, 2006

„2000 წელს ჩემი მონოპიესა „ლიფტში” პირველად პოეტმა ბორენა ჯაჭვლიანმა „ლიტერატურულ საქართველოში” გამოაქვეყნა,” — მიყვება ოთარ პერტახია, — “გაზეთის ნომერი ჯერ კიდევ გაყიდვაში იყო, როცა ტექსტი რეჟისორმა თემურ ჩხეიძემ წაიკითხა და იმდენად მოეწონა, რომ მისი რეკომენდაციით შედგა შეხვედრა კოტე მახარაძესთან — შეხვედრა, რომელიც მოგვიანებით მეგობრობაში გადაიზარდა.

კოტე მახარაძეს ძალიან უნდოდა, რომ ჩემი პიესა მის მიერვე დაარსებულ ერთი მსახიობის თეატრში, „ვერიკო” დაედგათ, თუმცა პრემიერას თავად ვერ მოესწრო. იდეა ბოლომდე სოფიკო ჭიაურელმა მიიყვანა. ასე რომ, სოფიკო ჭიაურელი გახდა ჩემი პირველი პროდიუსერი, მფარველი და დიდი გულშემატკივარი. ხშირად ხუმრობით ვამბობ, რომ სამი თეატრალური ნათლია მყავდა: თემურ ჩხეიძე, კოტე მახარაძე და სოფიკო ჭიაურელი“.

სოფიკო ჭიაურელი და ოთარ პერტახია. თბილისი, 2007

  • ერევნიდან კარლოვი-ვარამდე

2013 წელს, ერევანში გამართულ თანამედროვე დრამატურგიის საერთაშორისო ფესტივალზე – „აწმყოს რეაბილიტაცია“ – თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილის რეკომენდაციით საქართველოდან გაგზავნილ ორ ნამუშევარს შორის ოთარ პერტახიას მონოპიესა „ლიფტშიც” მოხვდა. იმ წელს პიესა ფესტივალის აღმოჩენად დასახელდა, კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა და მალევე ცნობილმა სომეხმა დრამატურგმა კარინე ხოდიკიანმა სომხურ ენაზე თარგმნა.

ამავე პერიოდში, აზერბაიჯანელი რეჟისორის მიწვევით, ოთარ პერტახიამ, როგორც თანაავტორმა, მხატვრული ფილმის – „დინების მიმართულებით“ სცენარზე იმუშავა. ფილმი კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის „დასავლეთის აღმოსავლეთი“ (East of the West) კონკურსში მოხვდა და A კლასის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარმოდგენილი პირველი თანამედროვე აზერბაიჯანული ფილმი გახდა.

“დინების მიმართულებით” დაჯილდოვდა აზერბაიჯანის ეროვნული კინოპრემიით საუკეთესო დებიუტისთვის და მოგვიანებით რამდენიმე საერთაშორისო ჯილდოც მოიპოვა, მათ შორის, ლოს-ანჯელესის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ფილმების საერთაშორისო ფესტივალის SEEfest ჯილდო საუკეთესო დებიუტისთვის, ვენის საერთაშორისო კინოფესტივალის „LET’S CEE“ ჯილდო – პერსპექტიული დებიუტისთვის.

  • 2018 — ახალი ცხოვრება ნიუ იორკში

2018 წელს ოთარ პერტახია საცხოვრებლად ნიუ იორკში გადავიდა. მისთვის ეს ნაბიჯი უკეთესი ცხოვრების ძიება არ იყო, არამედ – საკუთარი თავის გამოცდისა და შემოქმედებითი გზის ახალ გარემოში გაგრძელების გადაწყვეტილება.

დღეს იგი მუშაობს ნიუ იორკის საქალაქო უნივერსიტეტის, CUNY-ის კინგსბოროს საზოგადოებრივი კოლეჯის ინგლისური ენის ინსტიტუტის ადმინისტრაციულ ოფისში, სადაც ყოველდღიურად ეხმარება როგორც ემიგრანტ, ისე საერთაშორისო სტუდენტებს, რომლებიც ახალ ქვეყანაში საკუთარი ადგილის პოვნასა და ინტეგრაციას ცდილობენ.

  • პირველი გამარჯვება ნიუ იორკში

“გაერთიანებულ სოლო თეატრალურ ფესტივალზე” ოფიციალური მოწვევის შემდეგ სპექტაკლმა “ლიფტში” მაღალი კონკურენციის პირობებში IndieSpace-ის საგრანტო მხარდაჭერა მოიპოვა. ეს იყო ნიუ იორკის დამოუკიდებელი თეატრალური სამყაროს ნდობისა და აღიარების პირველი ნიშანი.

ამ ქალაქში Off-Broadway-ის სცენაზე წარმატება ნიშნავს ერთდროულად დრამატურგობას, პროდიუსერობასა და საკუთარი ნამუშევრის ყველაზე მკაცრ შეფასებას. ქართველი ავტორის სპექტაკლის მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ პრემიერამდე გამოვლინდა— ბილეთები ექვსი თვით ადრე სრულად გაიყიდა, რის გამოც ფესტივალმა დამატებითი წარმოდგენა დანიშნა, ხოლო „ლიფტში“ ფესტივალის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად სპექტაკლად დაასახელა.

ქართველ დრამატურგს დღემდე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან თეატრალები, პროფესიონალები და სტუდენტები ეხმიანებიან – წერენ, რომ „ლიფტში“ და ავტორის Off-Broadway-მდე განვლილი გზა მათთვის შთაგონების წყაროდ იქცა და საკუთარი შემოქმედებითი გზის გაგრძელებისკენ უბიძგა.

როგორც ოთარ პერტახია ამბობს: „როდესაც ასეთი მეგაპოლისის წინაშე სრულიად მარტო დგახარ, ეს ერთდროულად უდიდესი გამოწვევაცაა და აზარტიც. ნიუ იორკი სრულ თავისუფლებას გაძლევს და ამავე დროს სრულ პასუხისმგებლობას გაკისრებს. ამ ქალაქში არავინ გიხსნის კარს და არც გიკეტავს — უბრალოდ გაძლევს შანსს. დანარჩენი შენზეა“.

სცენა სპექტაკლიდან “ლიფტში”. ნიუ იორკი, 2026

  • როცა ქართველმა მსახიობმა Off-Broadway-ის სცენაზე მთავარი როლი ინგლისურად შეასრულა

ეს, ალბათ, ამ ისტორიის ყველაზე კინემატოგრაფიული ეპიზოდია.

ოთარ პერტახია იხსენებს:

„2024 წლის სექტემბერში, ნიუ იორკში, ქართულ-ამერიკული კულტურული პროექტის „შინ“ ერთ-ერთ საღამოზე მწერალმა და დრამატურგმა ლაშა ბუღაძემ მსახიობი ირაკლი გოგოლაძე გამაცნო. მოგვიანებით მას ჩემი იდეა გავუზიარე, რომ პიესის ინგლისურ ენაზე დადგმას ვგეგმავდი. მან მოულოდნელად მითხრა: „მთავარ როლს მე ვითამაშებ“. ირაკლი იმ დროს ინგლისურს მხოლოდ დამწყების დონეზე ფლობდა. თავიდან ვიფიქრე, რომ ხუმრობდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ – არა.

მომდევნო თვეები ტექსტზე, რიტმზე, გამოთქმასა და ინტონაციაზე ინტენსიურად ვმუშაობდით. განსაკუთრებული როლი შეასრულა ჩემმა კოლეგამ, კინგსბოროს საზოგადოებრივი კოლეჯის ინგლისური ენის ინსტრუქტორმა სტეისი ტიტერმა, რომელიც პრემიერამდე ჩვენი გუნდის ერთგული თანამგზავრი გახდა. ამავე პერიოდში კინგსბოროს საზოგადოებრივი კოლეჯის პრეზიდენტმა, სური დუიტჩმა, რეპეტიციებისთვის კოლეჯის სივრცეც დაგვითმო. საბოლოოდ ყველაზე დიდი სიხარული ის იყო, რომ ნიუ იორკელმა მაყურებელმა სცენაზე პერსონაჟი დაინახა და არა მსახიობის სასაუბრო აქცენტი.

სცენა სპექტაკლიდან “ლიფტში”. ნიუ იორკი, 2026

  • რატომ არის ლიფტში” დღესაც აქტუალური?

„პიესა კონკრეტულ ეპოქაზე კი არა, არამედ ადამიანის მდგომარეობაზეა.

ეს არის ამბავი მარტოობაზე, შიშზე, სირცხვილზე, იდენტობის კრიზისსა და იმ მუდმივ სურვილზე, რომ ბოლოს და ბოლოს ვიღაცამ ჩვენი ხმა გაიგოს,” – ამბობს ოთარ პერტახია, – “როდესაც „ლიფტში“ დავწერე, ემიგრანტი არ ვიყავი. დღეს კი ვხვდები, რომ იმ ტექსტში ვპოულობ ისეთ ახალ მნიშვნელობებს, რომელთა არსებობას მაშინ ვერ ვაცნობიერებდი.

დღეს პიესას კიდევ ერთი, სრულიად თანამედროვე განზომილება შეემატა. ეს არის ადამიანის ურთიერთობა ხელოვნურ ინტელექტთან, ტექნოლოგიასთან, რომელიც გვპასუხობს, მაგრამ ვერ თანაგვიგრძნობს. ეს ჩვენი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარადოქსია. ტექნოლოგიების სულ უფრო სწრაფი განვითარების მიუხედავად, ადამიანური მარტოობა უფრო ღრმავდება, ხოლო დიალოგის მოთხოვნილება სულ უფრო ძლიერდება.

სპექტაკლის განმავლობაში გმირი ერთი მთავარი კითხვის წინაშე დგება: სინამდვილეში ლიფტი გაიჭედა თუ – თავად? რატომ ხდება, რომ ხშირად სწორედ ჩვენ თვითონ ვიქცევით იმ უხილავ კედლებად, რომლებიც წინსვლის საშუალებას არ გვაძლევს?”