2022 წლის თებერვლის ბოლოს უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა მდინარე დნეპრზე მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგური დაიკავეს და დანაღმეს. 2023 წლის 6 ივნისს კი, უკრაინის სამხედროების კონტრშეტევის დაწყებისას, რუსმა ოკუპანტებმა სადგურის კაშხალი ააფეთქეს, რის შედეგადაც მიმდებარე ტერიტორია — დაახლოებით 80-მდე უკრაინული დასახლებული პუნქტი დაიტბორა. სტიქიურ კატასტროფად ქცეულმა ამ აქტმა ადამიანების სიცოცხლე შეიწირა, ათასობით ადამიანი კი სასმელი წყლის გარეშე დატოვა.
ეკოლოგიური ტერაქტიდან სამ–ოთხ დღეში დაზარალებულ მოსახლეობას სასმელი წყლის ბიდონები უკვე ურიგდებოდა. აშშ-ში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ამერიკელი ქართველები პროგრესისთვის“ (USAGP, 2020), რომლის დამფუძნებელიც დავით ცქიფურიშვილია, ქართველ თანამოაზრეებთან ერთად თანხა შეაგროვა და, უკრაინაში მებრძოლი ჩვენი თანამემამულის დახმარებით, დაზარალებულთა სასმელი წყლით მომარაგებაში მოკრძალებული წვლილი შეიტანა.
მოგვიანებით, ორგანიზაციის მხარდამჭერებმა ამერიკაში სოციალური ქსელებით მადლიერი და აცრემლებული უკრაინელების ვიდეომიმართვებიც მიიღეს. გარდა ამისა, ორგანიზაციის ხელშწყობით უკრაინის ფრონტის ხაზზე გენერატორებიც გაიგზავნა. ერთ-ერთი ასეთი გენერატორი უკრაინის სამხედრო დაზვერვის იმდროინდელი ხელმძღვანელის, კირილო ბუდანოვის ფრონტისპირა აღჭურვილობაში გამოიყენებოდა.
USAGP საქართველოში სოციალურად დაუცველ ოჯახებსაც ეხმარება, მართავს აქციებს ქართველი პოლიტპატიმრებისა და უკრაინის მხარდასაჭერად. 2023 წელს მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ქალაქ ირპინიდან 28 უკრაინელი ბავშვი ახალ წელს საქართველოში შეხვდა. პროექტს „ათი დღე ომის გარეშე“ ეწოდა, ხოლო „ამერიკელი ქართველები პროგრესისთვის“ მისი ერთ-ერთი შემომწირველი იყო.
„USAGP აერთიანებს ქართული წარმოშობის აშშ-ის მოქალაქეებს, აშშ-ში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოს სხვა მეგობრებს,“ — მიყვება დავით ცქიფურიშვილი, — „ორგანიზაცია ხელს უწყობს ქართული სათვისტომოს გაძლიერებას, ამერიკაში მცხოვრები ქართველების დაახლოებას, მათ კულტურულ, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ საქმიანობას.
ჩვენი განხორციელებული და მხარდაჭერილი პროექტების დაფინანსების წყაროა საწევრო შენატანები და საქველმოქმედო შემოწირულობები. „ამერიკელი ქართველები პროგრესისთვის“ ასევე აქვეყნებს ყოველთვიურ ინგლისურენოვან ონლაინ ჟურნალს, რომელიც საერთაშორისო აუდიტორიას აცნობს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს, ადამიანის უფლებების მდგომარეობასა და პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის, საკითხს“.
პენსილვანიის ქალაქ მორისვილში დავით ცქიფურიშვილს მხოლოდ როგორც საქველმოქმედო ორგანიზაციისა და სამშენებლო კომპანიის დამფუძნებელს არ იცნობენ —ადამიანს, რომელიც ქართველებთან ერთად უკრაინელებსაც ასაქმებს (მის კომპანიაში ორი უკრაინული და ერთი ქართული ბრიგადა მუშაობს); არც მხოლოდ იმით, რომ მისი სახლის კარზე ამერიკულთან ერთად საქართველოსა და უკრაინის დროშები ფრიალებს; აქ მას იცნობენ როგორც კაცს, რომელმაც ამერიკის მიწაზე ქართული სოფლის ეზო შექმნა — მარანით, თონით, საწნახელითა და რთველის ტრადიციით.
უკვე ათ წელზე მეტია, სექტემბრის შუა რიცხვებში, ცქიფურიშვილების მეზობლები, ამერიკის სხვადასხვა შტატიდან ჩამოსული ნაცნობები და უცნობები, მეგობრები და მეგობრების მეგობრები მორისვილისკენ იღებენ გეზს. აქ ისინი ხის დიდ საწნახელში ყურძენს წურავენ, ფელამუშს აგემოვნებენ, საკუთარი ხელით თათარაში თოკზე აცმულ თხილ-ნიგოზს ავლებენ და გასაშრობად კიდებენ.
ამბობენ, კარგ ღვინოში ბევრი მზე არისო. ნარინჯისფერ პენსილვანიაში, რთველის დღეს, ქართველების სტუმართმოყვარე დიდ ეზოში მართლაც ბევრი მზის სხივი გროვდება. საქართველოში სავენახე სეზონი სექტემბერში, კახეთში, რქაწითელის კრეფით იწყება. შეიძლება ითქვას, რომ ამერიკაში ქართული რთველი ცქიფურიშვილების ოჯახში კალიფორნიული შარდონეს დაწურვით იღებს სტარტს.

რთველი მორისვილში.
ამერიკელები უკვე დიდი ხანია შეეჩვივნენ იმას, რომ ქართული ღვინის დაბადება და დაყენება ოჯახურ ეზოში გაშლილი დიდი სუფრით გრძელდება. ამიტომაც კარგად იციან, როგორ გამოიყურება ქართული კერძები, რა გემო აქვს მეგრულ, აჭარულ თუ იმერულ ხაჭაპურს და როგორ განსხვავდება თითოეული კუთხის სამზარეულო.
„ამერიკელებს აინტერესებთ ყურძნის დაწურვისა და ღვინის დაყენების უნიკალური წესი“, – მიყვება დავით ცქიფურიშვილი, – „იგი განსხვავდება აქაური თუ ევროპული წესისგან. ქვევრის ღვინის დასაყენებლად ქვევრს აქ დიდი ხანია ვეძებდი, ვიმოგზაურე კიდეც, მაგრამ ვერსად მივაგენი… ამიტომ დაგავწყვიტე, რომ საქართველოდან ჩამომეტანა.
2008 წელს ქვევრი საქართველოში შევუკვეთე და 2009 წელს გემით ჩამოვიდა. ამ ქვევრმა 10 000 კილომეტრი იმგზავრა და ბოლოს ჩემ ეზოში დაიდო ბინა. მოგვიანებით კიდევ სამი ქვევრი შევუკვეთე… მერე საწნახელისთვის მასალის მოძიება დავიწყე. შესაბამისი მასალა ჩემმა ამერიკელმა მეტყევე მეზობელმა მაპოვნინა – ჭადარი, რომელისგანაც საწნახელი გამოვთალე. მუხის საწნახელი კი ამერიკიდან ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ყვარლის მარანში გავუგზავნე.

საწნახელი მორისვილში, დავით ცქიფურიშვილის სახლის ეზოში.
ჭადრის საწნახელს წელიწადი და რვა თვე სულ მარტო ვაკეთებდი, ასევე – მუხისას. ფაქტობრივად, ორივეს საეთო ჯამში სამი წელზე მეტი მოვანდომე. სახლის ეზოში მოტანილ ჭადარს, მუხას, ტენტები გადავაფარე და დავიწყე… ზამთარ–ზაფხულ, სამსახურის მერე, ყოველ დღე გვიანობამდე ჩემი ეზოდან განუწყვეტელი კაკუნი ისმოდა. არ ვიცი, მეზობლები როგორ მიტანდნენ. ქართულ ღვინოს ვჩუქნიდი და, ალბათ, ამიტომ… მინდოდა ოკრიბულად გამეკეთებინა, ტყიბულელი კაცი ვარ.
ზვიად გამსახურდიას დროს ტყიბულის პრეფექტის მოადგილე ვიყავი… როცა პუტჩი დაიწყო, თბილისში უზენაეს საბჭოს იარაღით ვიცავდი, სამეგრელოში პრეზიდენტის მომხრეებს გავყევი. კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგობის შეწყვეტის შემდეგ სამი წელი აჭარაში ვიმალებოდი, რადგან იქ ასლან აბაშიძემ “მხედრიონი” არ შემოუშვა. ტყიბულში ვერ ვბრუნდებოდი.
1996-ში მე და ჩემი თანაჯგუფელი მერი ჯავახიშვილი დავქორწინდით. ორივემ უნივერსიტეტში ბიზნესის უმაღლესი სკოლა დავამთავრეთ და ქართული ანდაზის “შორს წასული ახლოს მოდის” არ იყოს, ჩემი ფაკულტეტის დეკანს ამერიკაში შევხვდით… იგი საცხოვრებლად აქ ჩამოვიდა და როცა გარდაიცვალა, საქართველოს დაუბრუნდა.

დავით ცქიფურიშვილი მეუღლესთან, მერი ჯავახიშვილთან ერთად.
1999 წელს აშშ–ში ჩამოვედი, 2002 წლიდან კი მორისვილში ვცხოვრობ. მაგრამ საქართველო ერთი წამითაც არ დამვიწყებია. მწარედ მახსოვს 2008 წლის აგვისტო, გათენებული ღამეები. ჯოჯოხეთი გამოვიარე – საქართველოში არ ვიყავი. ეს ჩემი ცხოვრების მძიმე დღეები და ღამეები იყო.
- პირველად რომელი ღვინო დაწურეთ?
2008-ში პირველი იყო “პინო გრიჟიო”, მერე – “შარდონე” და მერე – “კაბარნე სავინიონი”. შარშან ხუთასი ლიტრი დავწურე. საფერავის ნერგები კი “ფინგერ ლეიქ ვაინერიში” ვიყიდე. იქ საფერავის, ქინძმარაულისა და რქაწითელის ჯიშის ყურძენია გაშენებული.
აქ, მორისვილში კი მეზობლებთან გამყოფ ღობედ მაქვს გურული ადესა, რქაწითელი; თონეს თავზე, ტალავერზე კი – მუხრანის თითა.
- თქვენი “ლაზიკას ჭაჭა” განთქმული ამბავია და არა მარტო პენსილვანიაში…
2019 წელს “ლაზიკას ჭაჭის” ქარხანას ჩავუყარე საფუძველი. მიხეილ სააკაშვილს კიევში დავურეკე და ვკითხე, თუ შეიძლება ჭაჭისთვის “ლაზიკა” დამერქვია და ისიც დამთანხმდა. 2020-ში იგი კიევიდან ქარხნის გახსნაზე ჩამოვიდა; 2021-ში კი პენსილვანიის შტატის მაღაზიების ქსელში “ლაზიკას ჭაჭა” გასაყიდად გავიტანეთ.
- მგონი, ერთადერთი ქართველი ხართ, ვისაც ქართული თონე სახლში აქვს…
ორი თონე მაქვს. ერთი თონე მარანშია და დენზე მუშაობს. ზამთარში იგი მარანს კარგად ათბობს, გემრიელ შოთის პურებს ვაცხობთ. მეორე თონე კი ეზოშია და შეშით ცხელდება. ამერიკელებს მოსწონთ ჩვენებური პურიც, ყველიც, ხაჭაპურიც და ხშირად მსტუმრობენ.
- რას ინახავთ გულში ისე, რომ სიტყვებით იოლად არ გადმოიცემა?
მენატრება ჩემი ტყიბული და ჩემი სახლის აივანი, ტბა საწირე და ცუცხვათის მთები. ცუცხვათი ჩემი დედულეთია. მე ასე წარმომიდგენია სამოთხე დედამიწაზე – მამულში ვზივარ და დედულეთს გავყურებ…
ვბრაზობ და გული მწყდება, რომ საქართველოს მოქალაქეებს, ადამიანებს, ვისაც საქართველოს პასპორტი გვაქვს, “ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლების არჩევაში მონაწილეობის უფლება ჩამოგვართვა. ეს ჩემთვის სადიზმის, წამების ტოლფასი გადაწყვეტილებაა.
მე მგონია, რომ ქართველები საქართველოში აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ, ჩვენ გვიჭირს სამშობლოდან შორს ყოფნა… შევარდნაძის დროს უსამართლობას, კრიმინალს გამოვექცი, ვარდების რევოლუციის მერე იმედი მომეცა, რომ სამშობლოში ყველანი დავბრუნდებოდით… მაგრამ ამასაობაში შევარდნაძის დრო დაბრუნდა, ოღონდ უფრო მეტი ძალადობითა და კორუფციით.

დავით ცქიფურიშვილი კახა თილიძესთან ერთად.
უკრაინაში დაღუპულ გმირს, ჩემს მეგობარს კახა თილიძეს ვეხვეწებოდი – ომში წავეყვანე, ძმაო… ის კი მეუბნებოდა – რომ დაგჭრან და ვერ გამოგიყვანოთ… შენს გადარჩენას სხვები შეეწირებიანო…
შარშანწინ კი კახამ დაბადების დღეს ასე მომილოცა – ერთ-ერთ რაკეტაზე წააწერა “დათო ცქიფურიშვილისგან”, ამის ვიდეო ჩაწერა და გამომიგზავნა. ვიდეოში კახა მომმართავს – ამაზე უკეთ, ძმაო, შენი დაბადების დღე როგორ მომელოცაო…

დავით ცქიფურიშვილი ნიუ იორკში, ანტისაოკუპაციო აქციაზე, 2025 წელი.









