ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

„აუცილებელია ჟურნალისტები ფინანსურ დანაშაულს იძიებდნენ“ – უოლ სთრითის გამომძიებელი ჟურნალისტი

20.05.2026
„აუცილებელია ჟურნალისტები ფინანსურ დანაშაულს იძიებდნენ“ – უოლ სთრითის გამომძიებელი ჟურნალისტი

არაერთი პრესტიჟული ჟურნალისტური პრიზის მფლობელი, ცნობილი ამერიკელი საგამოძიებო ჟურნალისტი და მწერალი გერი ვეისი (1964) ოთხი წიგნის ავტორია. მისი პირველი წიგნი – „დაბადებული მოსაპარად“ (2003) ნახევრად დეტექტიური ჟანრის ჟურნალისტური გამოძიებაა, რომელიც მოგვითხრობს, თუ როგორ მუშაობდა უოლ სთრითის ფინანსური დანაშაულის ქსელი, როგორ იყენებდა ერთი თაღლითი ბროკერი ინსაიდერულ ინფორმაციას, აქციებით მანიპულაციასა და მაფიოზურ კავშირებს უზარმაზარი თანხების მოსაპარად და როგორ აზიანებს ერთის სიხარბე ქვეყნის ეკონომიკას.

ავტორის მეორე წიგნი – „უოლსთრითი ამერიკის წინააღმდეგ“ (2006) მოგვითხრობს ინვესტორების საზიანოდ ამ ფინანსური სისტემის არაეთიკურ თამაშებზე და იმაზე, თუ როგორ “ალამაზებს” მედია ფინანსურ ბაზარს.

გერი ვეისის მესამე წიგნი კი – „აინ რენდის ერი” (2012) – აკრიტიკებს რუსეთიდან ემიგრირებული ამერიკელი მწერლისა და ფილოსოფოსის, აინ რენდის “რაციონალურ ეგოიზმს” და აღწერს, თუ როგორი გავლენა იქონია რენდის იდეებმა ამერიკულ პოლიტიკასა და ეკონომიკაზე.

მეოთხე წიგნი – „საცალო ვაჭრობის განგსტერი” (2022) – მოგვითხრობს ამერიკული ელექტრონიკის საცალო ვაჭრობის ქსელის, Crazy Eddy-ის შესახებ, რომელიც 1970–80-იან წლებში ნიუ იორკში ძალიან პოპულარული იყო. არადა რეალური სურათი ასე გამოიყურებოდა – კომპანიის ხელმძღვანელები გაყიდვებისა და მოგების მონაცემებს აყალბებდნენ, ამიტომ საბოლოოდ კომპანია გაკოტრდა, თაღლითები კი საბრალდებო სკამზე აღმოჩნდნენ. Crazy Eddy-ის ქეისი აშშ-ში ფინანსური სკანდალის სიმბოლო გახდა.

გერი ვეისი ნიუ იორკის სითი კოლეჯისა და ნორთვესტის უნივერსიტეტის მედილის ჟურნალისტიკის სკოლის კურსდამთავრებულია. ახლახანს სითი კოლეჯმა იგი დააჯილდოვა XIX საუკუნის ამერიკელი დიპლომატისა და განმანათლებლის, თოუნსენდ ჰარისის სახელობის მედლით, რომელიც ღვაწლმოსილ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ. ასეთები იყვნენ კოლინ პაუელი, ჯონას სალკი, სტენლი კუბრიკი, მარიო პიუზო და არნო პენზიასი.

გერი ვეისი წლების განმავლობაში ჟურნალ Business Week-ისა და სხვა ამერიკული მედიისთვის მუშაობდა, როგორც გამომძიებელი ჟურნალისტი.

  • რატომ აირჩიეთ საგამოძიებო ჟურნალისტიკა და რატომაა მნიშვნელოვანი მთავრობისა და საზოგადოებისთვის ფინანსური თაღლითობის დროული გამოძიება?

მე უბრალოდ ჟურნალისტიკის ამ მიმართულებაში “ჩავეშვი”. ეს ბუნებრივი არჩევანი იყო მაშინ, როცა Business Week-თვის უოლ სთრითის ამბებს ვაშუქებდი, ზუსტად იქ არსებული უკანონო ქმედებების სტატისტიკის გათვალისწინებით. აუცილებელია, ჟურნალისტები ფინანსურ თაღლითობას იძიებდნენ, რადგან მთავრობა სათანადო რეაგირებას ხშირად ვერ ახერხებს.

გარდა ამისა, ახალი ამბების ბიზნესში ფინანსურ, საგამოძიებო ჟურნალისტიკაზე გამოყოფილი რესურსებიც მცირდება, რაც ამ საქმიანობას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის.

  • რომელი ჟურნალისტური გამოძიება იყო თქვენთვის ყველაზე რთული და რატომ?

ვიტყოდი, რომ ყველა მათგანს სხვადასხვა დონის სირთულე ახლდა, მაგრამ განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა უოლ სთრითზე ორგანიზებული დანაშაულის შეღწევის გამოძიება. ასევე ძალიან რთული იყო Crazy Eddie-ს ფინანსური თაღლითობის კვლევა წიგნისთვის “საცალო ვაჭრობის განგსტერი”, რადგან ამ დანაშაულების ჩადენიდან საკმაოდ დიდი დრო იყო გასული.

  • აშშ-ში ბოლო ათწლეულში საგამოძიებო ჟურნალისტიკის მთავარი წინააღმდეგობა რა არის?

საგამოძიებო ჟურნალისტიკის მთავარი ბარიერი არის სამართლებრივი — სასამართლო პროცესების/სარჩელების საფრთხე და ფინანსური — ამ მიმართულებაზე გამოყოფილი რესურსების ნაკლებობა.

საზოგადოების მტრული დამოკიდებულება ამ პროცესს არ ეხმარება, თუმცა ამ სფეროში გადამწყვეტი მდგენელი არ არის. ფაქტია, რომ საზოგადოება საგამოძიებო ჟურნალისტიკას იშვიათად აღნიშნავს და აფასებს.

  • როცა აშშ-ში მედიაზე პოლიტიკური ზეწოლა იგრძნობა, ეს რეპორტიორის ყოველდღიურობას როგორ ცვლის?

როცა პოლიტიკური ზეწოლა ჩნდება, ის ხშირად მკითხველების/გამომწერების მხრიდან მოდის, რადგან დღესდღეობით ბევრი მედიაორგანიზაციის ბიზნეს-მოდელი სწორედ მათზეა დაფუძნებული.

ასევე, პოლიტიკური ზეწოლა მოდის მედია ორგანიზაციების შიგნით არსებული აქტივისტებისგანაც. ეს რეპორტიორებისთვის და რედაქტორებისთვის რთულად გასაძლებია და სწორედ ამგვარმა ზეწოლამ, მაგალითად, გამოიწვია ის, რომ ბარი ვეისი (რომელთანაც არანაირი ნათესაური კავშირი არ მაქვს) იძულებული გახდა დაეტოვებინა The New York Times-ი. თუმცა პირადად მე ასეთი წნეხის ქვეშ არასდროს ვყოფილვარ.

ამგვარი ზეწოლის გაძლება მოითხოვს გამბედაობას, რომელიც დღევანდელ მედია მენეჯერებს ხშირად აკლიათ — ისევე როგორც ხშირად აკლდათ მაშინაც, როცა მედიაორგანიზაციები რეკლამებით ფინანსდებოდა.

პირადად მე ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში ჟურნალისტიკის მთავარი პრობლემა არა იმდენად პოლიტიკური ზეწოლაა, არამედ ცუდი ჟურნალისტიკა — დაბალი ხარისხის რეპორტინგი, არასათანადოდ მომზადებული, ნაკლებად მოტივირებული, პოლიტიკურად მიკერძოებული და არაკომპეტენტური ჟურნალისტები, რესურსების ნაკლებობა და საზოგადოების ნდობის დეფიციტი.

  • ტრამპის პრეზიდენტობისას ამჩნევთ თუ არა ცვლილებს იმაში, თუ როგორ არჩევენ ჟურნალისტები გასაშუქებელ თემებს ან როგორ ტრანსლირებენ ახალ ამბებს, თუნდაც წინა ადმინისტრაციის პერიოდთან შედარებით?

კი, მე მართლაც დავაკვირდი „რეზისტანსის“ (წინააღმდეგობის) განწყობას ეროვნულ მედიაში, იმ პოლიტიკური ზეწოლების შედეგად, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდი. ეს აშკარად აყალიბებს გაშუქების მანერას და ასევე ხელს უწყობს იმას, რომ საზოგადოებაში მედიის მიმართ ნდობა მცირდება.

ამერიკელების ნდობა მასმედიის მიმართ ახალ მინიმუმამდე დაეცა, მხოლოდ 28%-მა გამოთქვა „დიდი“ ან „საკმარისი“ ნდობა გაზეთების, ტელევიზიისა და რადიოს მიმართ – მედიის მიერ სიახლეების სრულად, ზუსტად და სამართლიანად გაშუქებაზე. ეს მაჩვენებელი გასული წლის 31%-თან და ხუთი წლის წინანდელ 40%-თან შედარებით ნაკლებია.

“გელაპის” (Gallup) კვლევა ამ მხრივ ძალიან საყურადღებოა: როდესაც მან 1970-იან წლებში საინფორმაციო საშუალებების მიმართ ნდობის გაზომვა დაიწყო, ამერიკელების 68-დან 72-მდე პროცენტმა რეპორტაჟების მიმართ თავისი ნდობა დააფიქსირა, თუმცა, 1997 წლის შემდეგი მონაცემების მიხედვით, საზოგადოების ნდობა 53%-მდე დაეცა. მედიისადმი ნდობა 50%-ზე ოდნავ მეტი დარჩა, სანამ 2004 წელს 44%-მდე არ დაეცა და მას შემდეგ ვერ გადაკვეთა 50-პროცენტიანი ბარიერი.

ბოლო ათწლეულის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2018 წელს 45% იყო.

Fox-ის მედიას თუ არ ჩავთვლით, რომელიც, ფაქტობრივად, „რეჟიმის“ მედიაა, დღეს მედია აშკარად პოლიტიკურ როლს ასრულებს — რაც XX საუკუნის დასაწყისის შემდეგ ასე ღიად აღარ ყოფილა და ეს ტენდენცია ძალიან შემაშფოთებელია.

ამას თან ერთვის ჟურნალისტიკის ხარისხის ზოგადი გაუარესება ამ ინდუსტრიის შიგნით არსებული ცვლილებების გამო — არაკომპეტენტური და არაზუსტი რეპორტინგი, მკითხველთა შემცირებული რიცხვი, საგამოძიებო ჟურნალისტიკისთვის (განსაკუთრებით ფინანსურ თაღლითობებთან დაკავშირებით) გამოყოფილი რესურსების კლება და საერთოდ, ჟურნალისტიკის, განსაკუთრებით კი ბიზნეს-ჟურნალისტიკის ხარისხის ვარდნა.

ინდუსტრია ხანგრძლივ კლებაშია, რაც ტრამპამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო.

  • თქვენი აზრით, პრესის თავისუფლების დათრგუნვის რომელი მექანიზმებია ყველაზე ეფექტური?

ვფიქრობ, რომ მედიაზე დღეს აშკარად მოქმედებს თვითცენზურა, რაც, ძირითადად, ამ შიდა (სარედაქციო) პოლიტიკური ზეწოლებით არის გამოწვეული, რაზეც ადრე ვისაუბრე.

გვაქვს სიტუაცია, როცა ამერიკული მედიაორგანიზაციების მენეჯერებს ეშინიათ საკუთარი თანამშრომლების, ეშინიათ იმ „ჩატების“ არხების, სადაც მედიის თანამშრომლები ორგანიზდებიან და საკუთარ მოსაზრებებს გამოხატავენ.

ამას სერიოზული გავლენა აქვს პრესის თავისუფლებაზე, თუმცა ეს თვითონ ინდუსტრიის მიერ არის თავსმოხვეული — არა სახელმწიფოს მიერ დაწესებული ზეწოლა, არამედ ინდუსტრიის რედაქტორების შიში და, გარკვეულწილად, სიმხდალე.

  • ნეტგაზეთის/ბათუმელების რედაქტორი მზია ამაღლობელი ციხეშია იმ ბრალდებებით, რომლიც უსამართლო და შეთითხნილია. თბილისის ქუჩებში გამართული საპროტესტო აქციების დროს ქართველი ჟურნალისტები სიკვდილს ძლივს გადაურჩნენ. მთავრობის მოკავშირე მედიასაშუალებებისგან განსხვავებით, დამოუკიდებელი მედია ძალიან რთულ ფინანსურ მდგომარეობაშია. არსებობს ტერმინი „ოპოზიციური მედია“, რომელიც გამოიყენება მედია ორგანიზაციებისთვის, რომლებიც არ ეთანხმებიან მთავრობის მიერ წარმოდგენილ “ჭეშმარიტებას”. რამდენად მიზანშეწონილია ასეთი იარლიყი? ტერმინი “ოპომედია” ისეთივე ნონსენსია, როგორც თვითმფრინავის „ოპოზიციური პილოტი“, მედია – ისევე როგორც მედიცინა – უნდა ხელმძღვანელობდეს პროფესიული სტანდარტებით და არა პოლიტიკური თანხმობით. მაშ, რასთან გვაქვს სინამდვილეში საქმე აქ?

საქართველოში არსებული ვითარება მთავრობის მხრიდან მედიის დევნას ასახავს, მაგრამ აშშ-ში პოლიტიკური ზეწოლა თვითდაწესებულია და ეს სამწუხაროა, როგორც ადრე აღვნიშნე.

აქ არსებული პოლიტიკური განხეთქილების გამო ამჟამად გვყავს პრო-ადმინისტრაციული მედია (Fox და რამდენიმე სხვა საშუალება) და ანტი-ადმინისტრაციული მედია (თითქმის ყველაფერი დანარჩენი).

მედიის პოლიტიზაცია საზოგადოების ნდობის შემცირების მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, რადგან 2025 წლის ოქტომბრის გამოკითხვის თანახმად, რომელიც ზემოთ ვახსენე, საზოგადოების მხოლოდ 28%-ს აქვს ნდობა მედიის მიმართ.

  • როგორ უნდა მოიქცეს ნაწილობრივ ოკუპირებული, კონსტიტუციის დამრღვევი მთავრობის ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ამავდროულად აფხაზეთიდანაა დევნილი და თან როცა მედიაზე გადის ცხელი და ცივი ომიც, რა უნდა ქნას ამ პირობებში ჟურნალისტიკამ?

მე ვფიქრობ, რომ ასეთ სიტუაციებში ჟურნალისტები უნდა ეცადონ იყვნენ ობიექტურები და სამართლიანები, რათა შეინარჩუნონ თავიანთი სანდოობა, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

თუ მათ ეს არ შეუძლიათ, ე.ი. მათ არ შეუძლიათ სანდო ჟურნალისტიკის შექმნა.

ცხადია, ასეთ სიტუაციებში, რაც თქვენ აღწერეთ, მათ შეიძლება არ შეეძლოთ ამის გაკეთება. პირადი გადარჩენა ყველაფერზე მაღლა დგას.

  • ამერიკული მედია დიდი ხანია ითვლებოდა საორიენტაციო მოდელად – თუნდაც ყოფილი სსრკ-ის რესპუბლიკებისთვის, სადაც ხალხი დასმენა/დაპატიმრების რისკის ქვეშ ფარულად უსმენდა რადიო „ამერიკის ხმას“. დღეს კრისტიან ამანპური შეშფოთებულია CNN-ის მომავლით, CBS News-ის „იდეოლოგიური გადაჯგუფების“ გამო, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ის ამჟამად აშშ-ის პრეზიდენტთან დაკავშირებული ბიზნეს ფიგურის მფლობელობის გავლენის ქვეშაა. თქვენი აზრით, ამერიკული მედიის უფრო ფართო სურათის გათვალისწინებით, რა მნიშვნელოვან ცვლილებებს ხედავთ? განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ერთი წლის წინ გადაცემის „60 წუთი“ ხელმძღვანელი ზეწოლის გამო გადადგა.

ვფიქრობ, რომ ამ საკითხის განხილვისას უნდა გავიხსენოთ მედია, როდესაც ის თავისი პრესტიჟისა და ნდობის პიკზე იყო.

Gallup-ის კვლევის თანახმად (რომელიც ზემოთ იყო მითითებული), ეს 1976 წელს მოხდა. იმ დროს ჟურნალისტიკა მკაცრად იცავდა სამართლიანობისა და ობიექტურობის პრინციპებს, იქნებოდა ეს გაზეთები თუ სამაუწყებლო მედია.

მას შემდეგ ეს სტანდარტები თითქმის ყველა მსხვილმა საინფორმაციო საშუალებამ მიატოვა, გამონაკლისის გარეშე. არსებული ბიზნეს მოდელის განზრახ ცვლილების შედეგად, სამართლიანი და სანდო საინფორმაციო გადაცემები დიდწილად, მაგრამ არა მთლიანად, ჩანაცვლდა პანელური დისკუსიებით, სადაც მონაწილეები იდეოლოგიური ნიშნით შეირჩნენ. ბუნებრივია, ამ ცვლილებას საზოგადოების ნდობის მკვეთრი კლება მოჰყვა.

ამიტომაც, მე სკეპტიკურად ვუყურებ ამანპურის მსგავსი ადამიანების პრეტენზიებს, რომლებიც ამჟამინდელი სისტემის პროდუქტები არიან და რომელთა საქმიანობა სავსეა პოლიტიკური მიკერძოებით, უზუსტობებით და რომელთა საქმე ნაკლებად არის ახალი ამბების გაშუქება, არამედ პირადი მოსაზრებების გამოხატვა. ისინი პრობლემის ნაწილი არიან და არა გადაწყვეტის.

ანალოგიურად, CBS News-ის შესახებ მოსმენილი პრეტენზიები არადამაჯერებელია. არის ახალი მფლობელი, რომელსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვს, ვიდრე პერსონალის უმრავლესობას. ეს არის იდეოლოგიური წინააღმდეგობა, რომელიც არ არის დაფუძნებული საინფორმაციო თუ ჟურნალისტურ ღირებულებებზე.

  • როგორ ხედავთ ჟურნალისტების მუშაობას ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში — გაამარტივებს თუ, პირიქით, გაართულებს ეს მათ საქმეს?

მე ვიტყოდი, რომ ხელოვნური ინტელექტი საქმეს ორ ასპექტში ართულებს: პირველი, რადგან ის დაბალი ხარისხის საინფორმაციო აგრეგატორია და არასანდო ინფორმაციას გვაწვდის და მეორე, იგი საავტორო უფლებების დამრღვევია.