ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდანრედაქტორის ბლოგი

ქალები ჯიუტად დგანან – სარვამარტო ამბები ნიუ იორკიდან

ქალები ჯიუტად დგანან – სარვამარტო ამბები ნიუ იორკიდან

ამა წლის რვა მარტს ქალთა საერთაშორისო დღეს, გაეროს ტრიბუნიდან სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა:

“ჩემს ქვეყანაში ზოგიერთი ჯგუფის მიერ წარდგენილი კანონპროექტი უკიდურესად საზიანო იქნება ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული ტრანსფორმაციის, გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და, რეალურად, ჩვენი ევროინტეგრაციის გზისათვის”.

ცხადია, მას არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ იგულისხმა ამ ძალიან ზოგად სიტყვათა შეთანხმებაში – “ზოგიერთი ჯგუფი”, არადა იგი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სწორედაც რომ ამ “ზოგიერთი ჯგუფის”, ანუ “ქართული ოცნების” კანდიდატი იყო, რომელიც აგვისტოს ომის დაწყებას მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს აბრალებდა.

უფრო ადრე კი ზურაბიშვილისთვის ზვიად გამსახურდია იყო, ფაქტობრივად, მისივე ტერმინოლოგიით, “ქაჯი”. სალომე ზურაბიშვილი იმთავითვე მოიაზრებოდა საქართველოს ლუკაშენკოიზაციის, გნებავთ, პუტინიზაციის “ვეტომდებელ” პროექტად, რომელიც, როგორც მისი წინამორბედი, კოლაბორაციონისტულ მთავრობას თავისი ბუტაფორიულ, კონტროლირებად “საპირწონედ” სჭირდებოდა, ახალი “ექვთიმე თაყაიშვილი” კი დრო და დრო დასავლურ ტელეარხებზე “გაუშვებდა” პრინციპით – გაფუჭებული საათი დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს.

გაეროს ტრიბუნიდან ზურაბიშვილმა ბრძანა:

“არ შეიძლება დაგვავიწყდეს უკრაინელი ქალები, რომლებიც ტრაგიკულ პირობებში ქვეყნის თავისუფლებასა და სუვერენიტეტს იცავენ”, ასევე ახსენა სვეტლანა ტიხანოვსკაია, რომელსაც “დღეს ჩვენი სოლიდარობის მიუხედავად, ბელარუსის მთავრობამ პატიმრობა მიუსაჯა”. თუმცა, “აგიტპროპის” სლოგანის – “აბა, ომი გინდას” ფორმატში არსად უხსენებია აგრესორი ქვეყანა სახელწოდებით “რუსეთი”, არც მაკო გომური, არც ჩეჩნეთის ომი, არც აგვისტოს ომი და არც თუნდაც გაეროს რეზოლუცია 1325 (ქალთა ჩართულობა კონფლიქტების მოგვარების პროცესში).

მითუმეტეს, ვერაფერს იტყოდა მის “ვიზიტზე უკრაინაში”, ქვეყანაში, რომლის გასათავისუფლებლად ქართველებიც იბრძვიან და იღუპებიან. ალბათ, აქაც არაშესაბამისი ფორმატის ანუ მოსაწვევის უქონლობის გამო. არადა, როგორც საქართველოს კონსტიტუციის გარანტს, ეს ყოველგვარი პროტოკოლური რევერანსების გარეშეც უნდა გაეკეთებინა.

ზურაბიშვილმა არაშესაბამისი ფორმატი მოიმიზეზა ათ მარტსაც, როცა არქიტექტურულ ძეგლად ცნობილ სასტუმროში Lotte New York Palace-ში ( სადაც პრეზიდენტები და ცნობილი ხელოვანები ჩერდებიან ხოლმე), საზეიმო მიღებას მართავდა, ქართველი სტუდენტები და “ქართულ ოცნებასთან” არააფილირებული, საქართველოს “არაწარმატებული” მოქალაქეები კი მაინც მივიდნენ, მაგრამ, ცხადია, ისინი მიღებაზე არ შეუშვეს.

ქართველი სტუდენტები Lotte New York Palace-თან, 10 მარტი. ია მერკვილაძის ფოტო

10 მარტი, თაიმს სკვერი, ნიუ იორკი. ია მერკვილაძის ფოტო

ნიუ იორკში მოქმედმა საემიგრაციო ადვოკატის ოფისის მენეჯერმა, იურისტმა გია ხუროშვილმა (სააკაშვილის დროინდელი მთავრობის საპარლამენტო მდივანი), პრეზიდენტ ზურაბიშვილს ფეისბუკზე მისწერა და დაპატიჟებულთა სიაში ამგვარად აღმოჩნდა. ხუროშვილმა სალომე ზურაბიშვილს გარეთ მყოფი ქართველების გზავნილი გადასცა:

“გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული სამართლებრივი ბერკეტები და შეიწყალეთ პოლიტპატიმრები. მიეცით სააკაშვილს სიცოცხლის უფლება და გაათავისუფლეთ ნიკა გვარამია! ნუ შეგეშინდებათ პრორუსულ ძალებთან მარტო დარჩენის! დადექით ისტორიის სწორ მხარეს და ქართველი ხალხი დაგიცავთ! მათ შორის, თქვენს გვერდით ისინიც დავდგებით, ვინც წლების განმავლობაში თქვენი პრეზიდენტობის კატეგორიული წინააღმდეგები ვიყავით. მხოლოდ ამ ნაბიჯებით მიეცემა თქვენს სიტყვას ფასი და მხოლოდ ასე შეუწყობთ ხელს ევროპულ ორბიტაზე საქართველოს დაბრუნებას!”

გია ხუროშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი მას დაჰპირდა, რომ პრეზიდენტი ევროპულ ლიდერად დარჩება და ამ გზას არ გადაუხვევს.

„პასუხისმგებლობას ვიღებ, რომ ჩემს გადაწყვეტილებებში სუბიექტივიზმისა და პირადი შურისძიების ნიშანწყალს ვერ ნახავთ” – განაცხადა ზურაბიშვილმა, “– ამერიკაში კი იმისთვის ვარ, რომ თბილისის აეროპორტში მალე თვითმფრინავები ნიუ იორკიდან ჩამოფრინდნენ და არა – მოსკოვიდან.

რაც შეეხება ორმაგი მოქალაქეობის საკითხებს, ბევრი ქართველის ორმაგ მოქალაქეობას “სუსი” ბლოკავს, ამიტომ პრეზიდენტს არ აქვს იმის ბერკეტი, რომ ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღოს” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორ აპირებს ამ პრობლემების მოგვარებას, ხუროშვილთან საუბარში სალომე ზურაბიშვილს არ დაუკონკრეტებია და, ცხადია, დასძინა, რომ ფორმატი დაუპატიჟებელ ხალხთან ანუ გარეთ მყოფებთან შეხვედრის უფლებას არ აძლევს.

***

საქართველოში კი რვა მარტი ძალიან არასარვამარტოდ გამოიყურებოდა – მშვიდობიან აქციას, ქალებსა და გოგონებს კაცი “სამართალდამცავები” არბევდნენ წყლის ჭავლით, ცრემლსადენი გაზითა და ამ ორის ნაერთით … ქალებსა და გოგონებს კი ხელში დროშები, ვარდები და პლაკატები ეჭირათ.

შვიდ მარტს თაიმს სკვერზე ქართველები რუსული კანონის მიღების გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ, რვა მარტს ნიუ იორკში საქართველოს გენერალური საკონსულო ისვენებდა, მაგრამ შენობის შესასვლელთან ქართველები მაინც მივიდნენ რუსული ყაიდის რეპრესიული კანონის მიღების გასაპროტესტებლად, თბილისსა და სხვა ქალაქებში მიმდინარე აქციების სოლიდარობის გამოსახატად.

აქცია 8 მარტს. ნიუ იორკში, საქართველოს გენერალურ საკონსულოთან. ია მერკვილაძის ფოტო

შეიკრიბნენ ცხრა მარტსაც, ამჯერად ბრაიტონ ბიჩზე, სსრკ-ის “დაცულ ტერიტორიაზე”, სადაც, ალბათ, ყველაზე მეტი ქართველი ცხოვრობს; სადაც ზაფხულში ღია ცის ქვეშ (ზამთარში კი მეტროს ვაგონებში) მექსიკის საზღვრიდან შემოსულ კაცებსა და ბიჭებს ეძინათ… სადაც მანქანის სავალ ხაზზე თუ ტროტუარზე სასწრაფო დახმარების მანქანებთან იაფიანი, თაგვისწამლიანი ნარკოტიკით მომაკვდავი ქართველების გართხმულ სხეულებსაც გადაეყრებოდით…

აქცია 9 მარტს, ნიუ იორკში, ბრაიტონ ბიჩზე. ია მერკვილაძის ფოტო

ალბათ, ბრაიტონზე ოთახი უკვე იქირავა ანდა მოსავლელ პაციენტთან, რუს ან არარუს “ბაბუშკა და ძედუშკასთან” ცხოვრობს უნივერსიტეტის პროფესორი, 45 წლის ქეთინო, რომელიც ერთი წლის წინ, სანამ მექსიკის საზღვარსა და აშშ–ს შორის აღმართულ კედლამდე მიაღწევდა კი არა, როგორც თავად ამბობს, მიფორთხდებოდა, უცებ ჩავარდა ჭაობიან ღრმულში, ვერ დაიკივლა და რომ არა მის წინ მიმავალი მამაკაცი, რომელმაც იმ უკუნ სიბნელეში, უჩვეულო ხმაურის გამო, მოიხედა და თმაში სწვდა – ამოათრია, ამ ამბავს თქვენამდე ვერ მივიტანდი.

– „რატომ ვერ დაიყვირე – მეთქი“, ვკითხე.

– „კიდევ კარგი, რომ სიმაღლეში მეტრი და ორმოცდაათი, თან გამხდარი ვარ, სხვაგვარად ვერაფრით ვერ ამომათრევდა… მგონი, წამით გულიც წამივიდა. ჩემი პრობლემის გამო (ხერხემლის სიმსივნე) ნელა გადავაადგილდებოდი და ამიტომ “ადამიანების ხაზის” ყველაზე ბოლოს დამაყენეს. გადამყვანებისგან სასტიკად ვიყავით გაფრთხილებული, რომ მცირედი ხმაური, ჩურჩულიც კი ოპერაციას ჩაშლიდა და მთელი პარტია (30-მდე ადამიანი) გამოვაშკარავდებოდით.

“პამპერსის” ჩაცმა გვირჩიეს, რომ ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება უადგილო ალაგს არ მოგვნდომებოდა. თან მოულოდნელისგან შოკი მქონდა. როცა წყლიდან ამომათრია, არანორმალური ტკივილისგან მაშინაც ხმა–კრინტი ვერ დავძარი, ენა ლამის მოვიკვნიტე, ვერ დავიკვნესე, ვაითუ, სასაზღვრო პოლიციას აღმოვეჩინეთ.

ბათუმში ოროთახიანი ბინა და ბებია – დედის სამკაულები კაპიკებად გავყიდე, რომ გადამყვანისთვის გადამეხადა… მიყვარს ჩემი სტუდენტები, მაგრამ ჩემ ოჯახს მშიერ–მწყურვალს ვერ დავტოვებ… ჩემი დაავადებითაც საქართველოში სიცოცხლის შანსი არ მქონდა. ამიტომ გავრისკე ასე. ძალიან გავრისკე. არ ვჭირდები მე საქართველოს. სიკვდილი კი არ მინდა. იმ კაცმაც, ოსი იყო ეროვნებით, ჩემმა გადამრჩენმა მითხრა – “მე და შენნაირები ჩვენმა ქვეყანამ მოგვიძულაო” – მითხრა ქეთინომ.

ანდა სამ შვილიშვლიანი, პროფესიით ბაღის პედაგოგი, 56 წლის ლეილა, რომელსაც საზღვარზე გამანაწილებელი ციხიდან სხვა შტატში თვითმფრინავით გადაფრენისას 48 საათი ფეხებსა და ხელებზე ბორკილები ედო და რკინის მარწუხები ისე უჭერდა, რომ ოთხი საათის განმავლობაში წყლის ბოთლის პირთან მიტანაც ვერ შეძლო, რაც შეეხება ტუალეტში გასვლის ამბავს, ატირდა და საუბარი ვერ გავაგრძელე … როცა მის მაჯებს დავხედე და წითელი ხაზები შევნიშნე, მწარე ღიმილით მითხრა – ეგ ღარიბაშვილის კოლექციის მაჯის საათის კვალი არ გეგონოს, ბორკილების რგოლებიაო.

ანდა 28 წლის ფეხმძიმე ნანა, დიზაინერი, ორი მცირეწლოვანი ბავშვით, რომელმაც მექსიკის საზღვრამდე “როგორღაც” მიაღწია… მე არ ვიცი, როგორ აღვწერო ეს წყეული თუ დალოცვილი “როგორღაც”. იცოდა ნანამ, რომ ბავშვიანებსა და ფეხმძიმეებს უფრო ლმობიერად ეპყრობიან და პრიორიტეტულთა სიაში ხვდებიან… საკვებს, საწმენდ საშუალებებს, პირველად მოხმარების საგნებს არ მოაკლებენ. მთავარია, ამ საზღვარს მიაღწიო, მთავარია გადმოკვეთო, გადმობობღდე და მხოლოდ აქ გეშველება…

აქცია საქართველოს საკონსულოსთან, ნიუ იორკში. ია მერკვილაძის ფოტო

***

არაერთხელ დავსწრებივარ გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის სხდომებს, სადაც ჩინეთის, ტაჯიკეთის, შვედეთის თუ საფრანგეთის წარმომადგენლების “პრეამბულები” თავისი ტერმინოლოგიით დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან. ცხადია, თუ არ ჩავთვლით რეალობას – დემოკრატიულ არჩევნებს, ქვეყნის ჰუმანური განვითარების ინდექსებსა და ცივილიზებულობის/პროგრესულობის სხვა კრიტერიუმებს.

აი, ტერმინოლოგიის ჩამონათვალიც: “გენდერული თანასწორობა”, “მდგრადი განვითარება”, “მისაწვდომობა სერვისებზე”, “ანტიკორუფციული ღონისძიებები”, “კარგი განათლება”, “ქალთა გაძლიერება”, “ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერა”, “ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებში” და ა.შ. განსხვავება კი “მხოლოდ” ქვეყნების მიხედვით რეალურ საქმეებსა და ადამიანის უფლებების მდგომარეობაშია.

ჩემი ყური დიდი ხანია მიჩვეულია ტერმილოგიათა ამ კორიანტელს, საქართველო კი მიეჩვია, რომ აყვავებული კორუფციის, უფასო ფულის მოლოდინში მოტყუებულების, პოლიტპატიმრების, წასულ–გაქცეულების, ვალებში დამხრჩვალების, სასოწარკვეთისა და ძალიან მოუხელთებელი, ოდნავად მბჟუტავი იმედის ქვეყანაა…

ამჯერად ამ 67 სესიაზეც საქართველოს პრეზიდენტს ბრტყელ–ბრტყელი სიტყვების გამოთქმა არ შეშლია. უბრალოდ, მის “სფიჩში” არაფერი ესაქმებოდათ ქეთინოსნაირებს. “ბალასტი” რა სახსენებელია, როცა მიზანი უფრო მეტია, ვიდრე ლეილა ანდა ნანა.

ვირჯინია ვულფი ამბობდა, რომ ფემინისტია ქალი, რომელიც თავისი ცხოვრების შესახებ სიმართლეს ამბობს.

საქართველო, მსოფლიო სავსეა ქართველი, არატიტულოვანი ფემინისტებით, რომლებიც თავიანთ ცხოვრებაზე ჰყვებიან, ყვირიან, ჩუმად და ხმამაღლა ტირიან, გამოიგლოვებენ, “კეისარს კეისრისას” აძლევენ და მოქმედებენ ოჯახისა და ქვეყნის გადასარჩენად.

მათ კარგად იციან, რომ საქართველო ჯერ კიდევ ცოცხალთა სიაში ემიგრანტების გამოგზავნილი ფულითაა. ისიც იციან, რომ “ხალხთან, მაგრამ მაინც ზევით” მყოფი ქალები თუ კაცები ვერასდროს გაიგონებენ და გაიგებენ ვერც მათ ენას, ვერც მათ ამბავს, ვერც მათ “ჭაობიან ღრმულში” ჩავარდნის ხმას … და მაინც:

როცა მოძალადე სისტემა ქალისავე ხმით გაშინებს – “მოქალაქეებო, გთხოვთ, დაიშალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში… ქალები, მოხუცები და ბავშვები გაიყვანეთ”, ქალები ჯიუტად დგანან დროშით თუ რუსთაველზე წყლის ჭავლის წინ; თუ ოკეანის გადაღმა, თაიმს სკვერზე, წვიმა–ქარში “ორქალიან” აქციაზე თინეიჯერ ქალიშვილთან ერთად.